ვაჟა-ფშაველა – სცენა მთაში
(პიესა ხევსურთა ცხოვრებიდამ)
განთიადია. აქა-იქ როჭუებმა დაიწყეს კაკანი. შორიდამ, მთის პირიდამ, მოდის შურთხის სტვენა. ნამი უხვად დაღყრია ბალახს; დაანმულს ბალახზედ საამურად ისმის სტვენა ცელისა გაღმა-გამოღმიდამ. მოთიბულის, დაჭკნარის ბალახის სუნი საამოდ მოსდებია იმ არემარეს. ჯერ მთიბლების „გრგვინვა”, სიმღერა არ გახშირებულა, ძვლები არ გამთბარა, ოფლი არ დაძრულა გულ-მკერდზედ. აბიკამ და მამასწვერამაც გაიღვიძეს, წამოსხდენ; ეზარებოდათ კი ადგომა, მაგრამ სხვა მთიბლების ცელის „წივილი” აღარ აძინებდათ. შეაცქერდენ ერთმანეთს. გაიჩმუჩნენ მხრებში.
ა ბ ი კ ა. რა ხელ გეძინა, მამასწვერავ?
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. ქვე რა მეძინა, სიზმართ ქვე გადამლახეს.
ა ბ ი კ ა. რა ღნახე, ქვე რა იყვა აგეთაი?
მ ა მ ა ს წ ვ რ ა. ვერ დავსდექით კაის ადგილს, მონა ალაგ ყოფილა ამაჩი, მოსადევრიანი. წინ-წინ რო ჩემეძინ, განაე, ჯერ ერთხან მამედინ ხევჩიით ძახილი: „მამასწვერავ, ჰა, მამასწვერაო!” საჩქაროზე ქვე წამავდეგ, დავიყურე, მივიხენ-მავიხენე, მივადუჟე: რაი, ხარ, რა მეძახ? რა გი ჩემთანით? მეძინებისავ, დამაძინევ, ღმერთ იწამევ, დაგწყიას ხახმატის ჯვარმავ, კარატის ჯვარმავ, გუდანის ჯვარმავ. ღვთიშვილთ ქვე შავეხვეწე. კვლა-კვლა ჩამეძინა. ახლა მეორედ მამედინა იმაჩიითავ ძახილ: „წამეედ ჩემთან, ჩემო მამასწვერავ, მარტუაი ვარევ, პურა ვერ მიჭამავ მარტუასა, ერთად ვივახშმოთევ, ბეღელათ-ბეღელაი ვორეევ!” დავშინდ, კინაღართ დავიხელთე, მაუსვი იმაჩიავ სატევარს ხელი, სათავითურჩი არცად იყვა, მემრ მავხელე, დავიდევ თავით, მუქარა დავსთხოვე, ცეცხლან ავაგზენ, მავიხიბლე სრუ. შენაც გიძახინე, გონად ქვე ვერ მაგიყვანე. შენაც არ გეძინ მასვენებითა, ჰბრუნევდი რასამ, ხარს რო დაჰკლვენ განაე, ისრ ჰხრინევდი.
ა ბ ი კ ა. გუდანის ჯვრის გამარჯვებამ, მამასწვერავ, მაგას კი არ სტყუი; მეაც დავიწვ-დავიდაგე წუხრ, ღონობაჩი ვიყავ, უფერ ადგილ ყოფილა ამაჩი. საითაც შენდ არ უძახნავ, აიმაჩიით გამაჩნდენ ორნ ქალნი შავნი, მქისენი, უფერნი; მავიდეს ახლუაჩი ჩემთან ზედაოდ, გაშალნეს ხელნი ჩემს გასატაცებლად. სხვამ რამამ დაუწყვ ძახილი: „ხელ არ ჰკადრათავ, თორო მიგიკლავთ ჯორ-ულაყთა აი, მიმკვდართავ!” იმათ არა გაიგონეს: ერთიან ხელ მტაცეს, გამიტაცეს, ირბოლეს თავა, მარბოლეს მეაცა, მიწითად ფეხ არ მამაკრეინეს, წიოკობიდიან რასამ, ჟღავ-ჟღუვობდიან: „ჩვენ ხარევ, ხარევ ახლა კი, ვეღარსა გაგიტევთავ, აბიკაო”, იძახდიან. მემრ დამიწყეს ჭირებაი ყელჩი, მარჩობდენ, ის იყვ, ალნ იყვნენ. ვახსენე ჩემ სალოცავები, ღვთიშვილნი, ვიტაცე სატევარს ხელი, უქნიე ერთას – გახტ გვერდზე, უქნიე მეორეს – გახტ ისიც. ზედაც გამამეღვიძ, ვეღაროდ ვეღარ დავიძინ, თენებაიც ქვე მაჯარებულიყვ. მართალს უნბობ, მონა ალაგ ყოფილა ამაჩი. ცეცხ არ უნდა გაგვექრა წუხრ, სრუ უნდა გვნთებიყვა. ეშმა-ქაჯ ცეცხს ერიდების. ჩვენ აქ დადგომაი აღარ იქნების, დავიხელთებით სრუ ერთიან.
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. ამაჩი დადგომაი ნიადე არ იქნების.
ა ბ ი კ ა. რა ხელ იქნების… ცელებ დავღლესათ, მამასწვერაო, დროი ას ახლა კი
(დაუწყებენ ორივენი ცელებს ლესვას).
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. (ცელს) გაფხავდი, გაფხავდი, დევის ფერცხალო, აისხი ეკალი!
ა ბ ი კ ა. (ცელს) გაფხავდი, ტიალო, მამუკაის ნაქნარო! (ისმის ზარბაზნის ხმა თიანეთის მხრივ). დახკარით, დახკარით დურდურათა, ა ბეჩავ, უსის შვილებო!
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. ტიალო დურდურაო[1], რარიგს ბოლთ გამაჰყუდებს, ნისლ გეგონების, მიწან იძვრიან. ცხენ-სატიალენი საკვირვლა ჰყოლიათ გაწურთნილნი. დასჭეხნებს დურდურაი-დ არ იქმენ ჩუჩუნს. იმას გააბრუნებენ, დაუკვრვენ დარურურუასა[2], ახლა სხვას მაარბოლებენ, ერთიან ამლათად, როგორც ქარმ ფოთოლ გაიტაცას, აისრ გაიტაცებენ. იქნებიან ტყრეშნი, იმას სხვა მაჰყვების, ახლა კიდევაც სხვაი. ნისლთავით ბოლნ გამეეყუდებიანა-დ, დადგების გუგუნი, მიწათ მაჰზინებს სატიალეი. ეხლა მზადებაჩი არიან უსნი, ხემწიფის მალოდინ აქვისთ. თიანეთჩი არ ვიყავითა დაბარებულნი კოკროჭინაის სუდჩი გამახელაის ძაღლის თაობაზე, იქ უნბობდენ ხემწიფის მასვლასა, ღურბლით მავალისავ, რკინის ყუთჩი იჯდებისავ, თიანეთჩი ფშაველ-ხევსურთ დაიბარებსავ, გარს შამაირტყამსავ-დ ისრ გამაუცხადებსავ წყალობასავ.
ა ბ ი კ ა. რა რიგ, რა კაც იქნების, ნეტარ?
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. დიდკაც ასავ, ოთხის კაცის სიდიდოივ, ტანზედ ოქროს ტალავარ სცვავისავ, წელთ ნეფე-ერეკლის ხმალ რტყავისავ.
ა ბ ი კ ა. მანამ უსნ დაიჭერდენ საქართველოს, ფშავ-ხევსურეთჩი დევებ ქვე არ ყოფილა. ფშავჩი კოპალას დაულევიანა-დ ხევსურეთჩი – პირქუშს. უსნ რომ მასულან განა, დაუწყავ სრევა დურდურაისა, შიშით დახეთქილ დევები ბარჩიით დამფთხვარანა-დ ქვე სრუ ხევსურეთჩი შამახვეტილან: სიმაგრიან ალაგ ასავ, ხევსურეთივ, იქ უსნ ვეღარას დაგვაკლებენავ. ერთა დევა კიდეოც დარჩენილიყვ ქალაქის პირჩი, ქალაქით მანავალს მინდიას შაჰყრივ წინა, ავჭალის შამაღმითით: „ცეცხნ ვღნახენავ, შუა გზაჩი აენთნენავ, აიმაჩი ჩემს წინ გადმეეყუდავ შავნაბადით, დაგწყიოს გუდანის ჯვარმავ, ხახმატის ჯვარმავ, ჭიჭახის ჯვარმავ, ეთქვ, ყველა ღვთიშვილ ეხსენ; შამამიღრიჭინისავ, შამამიკრიჭინისავ, მემრ პირ-ცეცხლ[3] ქვე ვახსენე, გაქრ იმავ-მაშინისავ”.
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. ჰა, ბეჩავ, ამირანო, ჰა, ბეჩავ, ძმანო! დევთა სალევლად იმათთანა ხო ტყუილია. ორნ ძმან სხვან ჰყოლივ ამირანსა: უსიპი-დ ბადრი. ჰა, ბეჩავ-ობოლნო! რა დღესაც დევ არ მაკლიან, იმ დღეს პურ ქვე არ ჭამიანო. დედაიც კა ჰყოლივა იმათ.
ბადრი, უსიპი, ამირან
ობლები მავიყარენით;
ყველფ არ გვინახავ, კერაი, –
სიჩალეს მავიზარდენით;
გავიგეთ კაის მაქმედი,
მუშაჩი დავეტანენით;
ვინაც ავ გვიყვა ობოლთა,
ახლა შინ შავეტანენით.
დედამ დარეჯანმ გვაბარა:
დევებს ნუ შაეყარნიდით,
თუ შაგეყარნასთ დევები,
მარჯვე ნუ გაეყარნიდით.
სამნი ჩვენ, ცხრანი დევები
ბაზარზე შავიყარენით,
თავს მოვხვდით ბალხის კარავსა,
ბოლოჩი გავიყარენით.
ომისა ვერა გავიგეთ,
ფარს ქვედა მავიმალენით.
დავსხედით ღვინის სმაზედა,
ზოგნ დევნი დავიტანენით.
ვინაც სვა ღვინო ჩვენთანა,
ძმებურას გავიყარენით;
ვინაც არა სვა ღვინოი,
დაღვკარით, არ ვიწყალენით.
დევებ კი არა ყოფილან,
ხმალს ქვედა გავატარენით.
ა ბ ი კ ა. (ზარბაზნის ხმა ისმის) დახკარით, უსნო, დურდურათა დახკარით! ჩვენაც დახვკრათ სათიბს, მამასწვერავ! შენ რო ჰკვეხდი, აბიკას თიბაჩი ქვე ვაჯობინებავ, ეხლა გამოჩნდების. (ცელს) მატუსენ ბალახნი, მამუკაის ნაქნარო, ნუღარას გასწირავ! (გვრინავს).
სასტუმრიელოდ მზეს ღგევხარ,
სამასპინძლოდა მთვარესა;
კაცისა საპირდაპიროდ
ქვას ღგევხარ მგორიალესა;
ამლათა გასაგერშავად
მგელს ღგევხარ მარიალესა…
აბალე მამასწვერავ!
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. (ცელს) მალოკენ ბალახნი, მააწითენ მიწანი. ემაგას დაღგკრავს, მთაო, მამასწვერას მეძახან მეა, ჩაგაჭრი კალთათა, მამგლოვიარებ, ტიალო!
ა ბ ი კ ა. აბალე, მამასწვერაო, აბალე, მეედი! ქვენ დარჩი, მამასწვერუავ, გაგიცვდების ღულელ აბიკასთანამდი.
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. სა მიხვალ, სა, აბიკურავ?! მალედავ წამოგეწევის ყრუაის გაზდილი (გვრინავს).
კა ვაჟი, მგელი, არწივი,
არცერთ არ გაიწურთნება:
მგელი არ მაჰშლის მგლობასა,
კა ვაჟი მამაცობასა,
ბერი არ მაჰშლის არწივი
მთის ყურეთ ნადირობასა.
(თავისთვის) ნაწლევებჩი ქვე ჩავწდი, რაი ყოფილა ეგი, ვერ წამოვეწევი მკვდარ-ვარიანსა. ცელ მითამ კაად სჭრის, ქვე რა მემართების?!
ა ბ ი კ ა. ქვე ტყუილა რასამ სცოდვილობ, ქვენ დარჩი, მამასწვერაო. ვერ მახვალ აბიკასთანა. კაც არ ხარა, დაჰკვლიე ემა თავის ნამხრევთა, თაგვის სოროს ღგავის, დიდ ნამხრევ მაინც წამაიტანე, სირცხვილი არ; ხოყანა ღნახავს, ბეჩავ კაცი ყოფილაო, იტყვიან შენთ ნამხრევთ რო ჰღნახვენ. (ცელს) ჰა, ბეჩავ, აბიკაო! კა გაუსდიხარ დედას, სატიალეო!
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. ბევრ არაი ჰყოფილხარ, თავ ქვე ნურას გედიდების, აბიკურავ, შენ ფერეებს ხუთსაც უბეჩი ჩავისხამ ნიადე, სტუმარშინშაუყვანელო!
ა ბ ი კ ა. შახენეთ, შახენეთ მაგას, მამასწვერუას. შენ გღნახას კაცმა, შე ტილიანო, აბიკას შენ უნდა ეუბნებოდია მაგას, მეკანტალეო, წიწან-გაუპოხელო! შეგნით ქვე შაწუხებულ ას თემი, სოფელი. შენ არ ხარა, ქალაქჩი რო ტყავებ დაგეპარ, დაგიჭირესა და საბნელოჩი ჩაგაგდეს. დავწყვიტენ ჯორ-ულაყთ წელები შენის გულისად ქალაქჩი ერბოების ზიდვინებითა. მაშინის კა აბიკა ვიყავა განაე. ახლა კი უბეჩიაც მიპირობ ჩასმას? თავს ნუ აფერებ ღულელ აბიკას. მე ნაჩალიკიც ქვე მიცნობსა, სუდიაიც, ღურბელნატარიც.
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. ვინა ას მეკანტალეი, შენ უნბობა მაგას? შინ ჯალაფნ არას გკითხვენ, გარეთ – სოფელი, მკვდარ-ვირიანო!
ა ბ ი კ ა. მიგიკლავ ჯორ-ულაყთ აი, მიმკვდართა. ჯღან-გაუპოხელო, მექალრძლეო, დიაცის ქუქუმო-ამოუზინებელო, ტრუკ-ტრუკაო!.. თუ ტრელ არ ხარა, აქ მეედი, გამაჩნდების, ვინ ვის ჩაისომს უბეჩი!
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. აქ მეედ, აქ, ძაღლო! (აბიკა აგდებს ცელს და გაექანება მამასწვერასკენ. ორივენი საცერულებს სცემენ ერთმანეთს, სისხლი ჩამოსდით).
ა ბ ი კ ა. (დაუქნევს საცერულს) ე მაგას დაღკრავს, აბიკას მეძახან მეა, გაგაწითებინებს.
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. (ჩაარტყამს საცერულს აბიკას) სხვადასხვისას არ გაგიფერებს, მამასწვერას ეძახიან ემაგას.
(ამ დროს გამოჩნდება ფშაველი მამუკა, რომელსაც დღიურ მუშადა ჰყავ დაჭერილები აბიკა და მამასწვერა. მამუკა ცხენიდამ გადმოხტება, შუაში ჩაუდგება ქუდმოხდილი მოჩხუბრებს და დაუწყებს შველებას).
მ ა მ უ კ ა. სუთ, თქვენი ჭირიმე, რა გაქვთ, კაცნო, გასაყოფი, რაღა ამ ჩემის მთის თიბაში მოგინდათ ჩხუბი და დავიდარაბა! (დაიჭერს აბიკას და გაიყვანს ცალკე).
ა ბ ი კ ა. გამიტიე, მამუკაის ჭირიმე (იზიდება).
მ ა მ უ კ ა. სად გაგიტიო, ხევსურო, ვაჟოთ თქვენ ჭკვიანადა, თორო მე ვიცი, როგორც გაგიტევთ. სირცხვილი არ არია თქვენთვინ, იმისა მაინც აღარ გცხვენიანთა, ფასს გაძლევთ და თქვენ ერთმანერთის ქელვაში და ცემა-ტყეპაში ჩამოგილევიათ დღე-ჟამნი! ეს დღე, ეს არი, დაღამდა, ჩემო ძმაო, ღმერთი აღარ გწამთ?!
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. (მამუკას) გამაუტიე ე მკვდარ-ვირიანი, გამაუტიე, მამუკაის ჭირიმე!
მ ა მ უ კ ა. (აბიკას) წამოდი, წამოდი, აქ წამოდი! (გაჰყავს ცალკე, მამასწვერა თავისთვის მიდის მუქარითა და ლანძღვით) რა არი, რაზე ჰხოცთ ერთმანერთს, რამ ეშმაკმა ჩამოგიარათ!
ა ბ ი კ ა. (დაფიქრებით, თითქოს ნანობსო) არც კი უმისობაი, გუდანის ჯვრის გამარჯვებამ, მამუკაო! წუხრ დევ დაგვეხედვა, აღარ გვაძინეს ეშმა-ქაჯთ, მაგვხიბლნეს, საშუღლარ ქვე არ იყვ. მამას ჩემისაგან გაგონილ მაქვის, დევის მაჩვენებამ შუღლ იცისავ.
მ ა მ უ კ ა. რატუ არ ადგილის დედას შაეხვეწენით, ჩემო ძმო?!
ა ბ ი კ ა. ქვე რა რიგა არ ვეხვეწენით, ვეხვეწენით ნიადე. მასადევრიან ალაგ ყოფილა, უნდა გეთქვ წინავ, თუ მასადევრიან ალაგ იყვა.
მ ა მ უ კ ა. ექა ვბერდები კაცი, მე დევ არ მამჩვენებია, რა ვიცი…
ა ბ ი კ ა. (იღებს ბარგს და სხვა ადგილს გადააქვს) აქ დადგომა არად არ იქნების (დაანთებს ცეცხლს. მამუკა და აბიკა ცეცხლს მოუსხდებიან).
მ ა მ უ კ ა. უნდა შაგარიგნეთ, აბიკავ! სირცხვილი, ერთად ყოფნა გინდათ, ამხანაგები ხართ, უმძრახნი ხო არ იქნებით?!
ა ბ ი კ ა. აუ, შარიგება რა ხელ იქნების, უხევსურეთოდ ჩვენ ქვე ვერ შავრიგდებით, ვერ გავშველდებით.
მ ა მ უ კ ა. პურა მაინც შავჭამოთ.
ა ბ ი კ ა. კა იქნების (სჭამენ პურს ორივენი).
მ ა მ უ კ ა. (ვახშმის გათავების შემდეგ) აბა ეხლა ძილის დროც არი (იგებს მოთიბულს ბალახს და ზედ ნაბადს იხურავს). ფიქრი ნურაის გაქვს, აბიკავ, დევი აღარ მოგვეჩვენება. ღმერთო და ემ ადგილის დედაო, შენ დაგწერე ჯვარი!
ა ბ ი კ ა. (წვება) ღმერთო-დ ემ ადგილის დედაო, დიდო ხახმატის ჯვარო, შამოგხვეწნია შენს საყმოჩიით ღულელ აბიკაი, შაიხვეწიე, აშორე ეშმა-ქაჯი, მონა სული, შენის მადლისა და ძალის გამარჯვებასა (იძინებს).
მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. (მარტოკა ზის დაფიქრებული, დაღონებული და დიდი ცეცხლი უნთია) ქვე რა გვქონდ დღეს საშუღლარი! დასწყიოს ღმერთმა, დევ-ეშმაკთ გადაგვლახეს, იმათ ქვე გვაქნიეს შუღლი. არაი ჭირდ საიმისოდ, ღმერთის მა. ღმერთ დასწყიოს მონა სული, რახელ მოგვხიბლა ვაჟებო (ეხვეწება ადგილის დედას, ღვთიშვილებს ქუდმოხდილი, რომ გადაარჩინონ დევ-ეშმაკებსა, და იძინებს).
მყუდროება სდგას გარეშემო, მხოლოდ ხევი მოსქჩეფს, კლდეზედ გადამდინარი, ჰყვირის, ჰშფოთავს, ათასგვარს გამოხმობასა ჰბადებს. მთის პირიდამ მთვარემ ამოყო ყური და ბადესავით გადააფინა მთის წვერებს თავისი სხივები. მთვარის სხივი დაადგა მამასწვერასა და აბიკას და თითქოს ყურებში ჩასჩურჩულებდა, თითქოს ნანას ეუბნებოდა: ნუ გეშინიანთ, ნუ ჰკრთით, დევებს მე მოგაშორებთ, დამაშვრალნი ხართ, ტკბილად დაიძინეთ, მე ვარ თქვენი დარაჯი, თქვენი პატრონიო.
შენიშვნები:
[1] ზარბაზანი.
[2] დალაბანდი.
[3] დევების მტერი ხატია.
წყარო: tagiweb.com