ლიტერატურამოთხრობა

რიუნოსკე აკუტაგავა – ჯადოქარი

ეგებ არც დამიჯეროთ, ან ჩემი გამოგონილი გეგონებოთ ყოველივე. რადგან ის, რასაც მოგითხრობთ, გარდასულ საუკუნეებში კი არ მომხდარა, არამედ ახლა, ტაის წლებში. უფრო მეტიც, ჩვენს თანამედროვე ტოკიოში, სადაც ქუჩებს ტრამვაი და ავტობუსები სერავენ, ბინებში შეუწყვეტლივ რეკს ტელეფონი, გაზეთებში გაფიცვებსა და ქალთა მოძრაობებზე წერენ. და რამდენიც უნდა გიმტკიცოთ, რომ ჰოფმანისა და ედგარ პოს კალმის შესაფერისი ეს ამბავი მართლაც მოხდა ამ უზარმაზარი ქალაქის ერთ-ერთ რაიონში, მაინც ეჭვის თვალით შემომხედავთ. მერე რა, თუ ტოკიოს ქუჩები ფარნებით არის გაჩირაღდნებული, განა შესაძლებელია მზის ჩასვლის შემდეგ ჩამოწოლილი წყვდიადის გაფანტვა და ნათლის მობრუნება? რამდენიც უნდა გვიმტკიცონ მეცნიერებმა, რომ რადიომ და თვითმფრინავებამ ბუნების ყველა საიდუმლოს ფარდა ახადეს, მაინც არავის ძალუძს მისი იდუმალებით მოცული წიაღის რუკის მოხაზვა. და თუ ამაში მეთანხმებით, რატომღა მიგაჩნიათ შეუძლებლად ცივილიზაციის შუქით გაბრდღვიალებულ ტოკიოში იდუმალ სულთა არსებობა, რომელნიც ღამ-ღამობით უფრო მძლავრობენ; რატომ არ შეიძლება ხანდახან მაინც ჩაიდინონ ხოლმე თუნდაც ისეთივე სასწაული, აუერბახის ღვინის სარდაფში რომ მოხდა?.. თუმცა ხანდახან რატომ? თუ ნებას დამრთავთ, გეტყვიით: ალბათ ხანდახან რატომ? თუ ნებას დამრთავთ, გეტყვით: ალბათ არაერთხელ შეგინიშნავთ, ჩვენს ირგვლივ, ღამეული ყვავილებით როგორ ბუდობენ ზებუნებრივი ძალები. ალბათ ნანახი გექნებათ გინძას ქუჩაზე, ზამთრის გვიან ღამით ქარში დაბზრიალებული ქაღალდები. თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო, აბა, ერთხელ სცადეთ და დათვალეთ, რამდენ ადგილას ხდება ამგვარი სასწაული? სიმბასიდან მიაკობასიმდე მხოლოდ ერთგან, და ისიც აუცილებლად გზაჯვარედინზე. არა, ჰაერის ნაკადით ამ მოვლენას ვერ ახსნით. ხოლო თუ უფრო გულმოდგინედ დააკვირდებით, ქაღალდის ამ აბზრიალებულ გროვაში აუცილებლად შენიშნავთ წითელ ნაგლეჯს _ ან ჩამოხეული კინოაფიშა იქნება, ან ტიოგამის ნაკუწი, ან ასანთის ეტიკეტი _ სულ ერთია, წითელი ნაგლეჯი პირველი აიჭრება ჰაერში, თითქოს თან სურს გაიყოლოს ქუჩაში დახვავებული ნაგავი. უმსუბუქესი ქვიშაც რაღაცას ეჩურჩულება აქა-იქ მიმობნეულ თეთრი ქაღალდის ნაკუწებს და ისინიც წამის უსწრაფესად მიჰყვებიან ქარს. ჯერ თავაწყვეტილი ბზრიალებენ ჰაერში, შემდეგ ნარნარით შემოუვლიან წრეს. და როცა ქარი ჩაცხრება, წითელი ნაგლეჯი სხვებზე ადრე უბრუნდება მიწას. შეუძლებელია, ეს მოვლენა თქვენც კი საოცრებად არ გეჩვენოთ. მე გულახდილად რომ გითხრათ, გასაოცარ ამბად მიმაჩნია, არაერთხელ შემინელებია ნაბიჯი და დავკვირვებივარ ვიტრინების ჭახჭახა შუქზე აბზრიალებულ ქაღალდის ნაკუწებს. იმასაც მივხვდი, რომ თუ დაჟინებულად დააკვირდები კაცი, აუცილებლად დაინახავ ადამიაის თვალისათვის უხილავ საგნებს, ისევე, როგორც ღამით ვხედავთ ხოლმე ღამურებს.

თუმცა ტოკიოში მარტო ეს მოვლენა როდია გასაოცარი. უჩვეულოზე-უჩვეულო ამბები ხდება ღამღამობით, ტრამვაით მგზავრობისას. მაგალითად, წითელი და მწვანე ტრამვაი სრულიად უკაცრიელ ქუჩაზეც ჩერდება, თუმცა გაჩერებაზე არავინ დგას. თუ არც ეს გჯერათ, როგორც ქაღალდების ამბავი არ დამიჯერეთ, მაშინ თქვენ თვითOნუ შეამოწმეთ ამაღამვე. განსაკუთრებით დოსაკას და სუგამოს ხაზზე ხდება ხოლმე ასეთი უჩვეულო რამ, თუმცა იქაური ტრამვაი არაფრით განსხვავდება სხვებისაგან. ამას წინათ საოცარი რამ შემნემთხვა. ხუთიოდე დღის წინ დოსაკას ხაზზე წითელ ტრამვაიში ჩავჯექი ღამით. დანგო საკასიტეს გაჩერებასთან სულიერი არ ჭაჭანებდა, მაგრამ ტრამვაი მაინც გაჩერდა. კონდუქტორმა ზარის ზონარი მოქაჩა, ვაგონიდან თავი გაყო და, როგორც ყოველთვის, დაიძახა: “ამოდიხართ?” მე იქვე ვიჯექი და ფანჯარაში გავიხედე. ჰოი, საოცრებავ, არც გაჩერებაზე, ბოძთან, არც ფართო, ღამეულ ქუჩაში, სადაც ყველა სახლის კარი გამკეტილი იყო, სულიერი არ ჭაჭანებდა. მხოლოდ ჩამოწოლილ ნისლს მიღმა მქრქალად ანათებდა მთვარე. “რა უცნაურია”, _ გავიფიქრე. კონდუქტორმა ისევ ჩამოქაჩა ზონარი და ტრამვაი დაიძრა. მე ისევ ქუჩას გავცქეროდი და თანდათანობით მთვარის მაცდურ და მქრქალ შუქში უთვალავ ადამიანთა ჩრდილები გავარჩიე. ეგებ ჩემს ავადმყოფულ წარმოსახვას დააბრალოთ ეს ყოველივე, დაე ასეც იყო, მაგრამ ვატმანმა რატომღა გააჩერა ტრამვაი? მსგავსი უცნაური ამბავი ჩემს გარდა სხვებსაც გადახდენიათ თავს, ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა ისიც მითხრა, რომ გაოცებულმა სახელოზეც კი მოქაჩა ვატმანს და უთხრა: “რატომ აჩერებ, ხომ ხედავ, არავინ დგას!” ვატმანმა კი უპასუხა: “მე ხალხი დავინახე”.

ასეთი საოცრებანი მრავლად არსებობს ტოკიოში: არსენალიდან ამობოლქვილი ბოლი ქარს კი არ მიაქვს, პირიქით, მის საწინააღმდეგოდ მიიკლაკნება; ანაზდად, შუაღამისას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ზარები აგუგუნდებიან ხოლმე; ერთი და იგივე ნომერი ტრამვაი ერთმანეთს მიჰყვება ნიჰანბასის ქუჩაზე ჩამოწოლილ ბინდბუნდში; კოკუგიკანის ცარიელ დარბაზში კი ყოველ ღამე გაისმის ტაშის გრიალი _ ერთი სიტყვით, თანამედროვე ტოკიოს ქუჩებში წარმტაცი ფარვანასავით ხან აქ და ხან იქ გაკრთება ხოლმე “ღამეული ბუნების მიღმიერი ძალა”, ამიტომაც ის ამბავი, რომელიც უნდა მოგითხროთ, სულაც არ მიმაჩნია წარმოუდგენლად. უფრო მეტიც, ახლა როცა ტოკიოს ზოგიერთი საიდუმლო შეიტყვეთ, ალბათ ურწმუნო ღიმილით აღარ მოისმენთ ჩემს მონათხრობს. და თუ მაინც შეიგრძნობთ ცურუი ნამბოკუს დროინდელ საკმეველთა სურნელს, მერწმუნეთ, თავად ამბავი არაფერ შუაშია, უბრალოდ მე ვერ შევძელი ისე დამაჯერებლად გადმომეცა, როგორც ამას პო ან ჰოფმანი ახერხებდნენ. როცა ამ ოციოდე წლის წინ, ზაფხულის ერთ გვიან ღამეს პირველად მოვისმინე ეს გასაოცარი ამბავი, მომეჩვენა, თითქოს რაღაც საშინელი ბურუსი ჩამოწვა ჩემს ირგვლივ და დღემდე ვერ დამიღწევია თავი ამ შეგრძნებისაგან.

ის ყმაწვილი ნიხონბასის რაიონში პატარა სტამბის მეპატრონე იყო. ხშირად გადაიარებოდა ხოლმე ჩემთან და საქმიანი საუბრის დამთავრებისთანავე მიდიოდა, იმ დღეს კი გვიანობამდე დარჩა. ჯერ იყო და, მზის ჩასვლისთანავე თქეში დაიწყო, მანაც ალბათ გადაწყვიტა, წვიმის გადაღებამდე შეეცადა, შემდეგ კი საუბარში გაერთო. ქაღალდის ფარნით განათებული ვერანდის კუთხეში იჯდა ეს სახედატეტკილი, კაფანდარა, წარბშეჭმუხნილი ყმაწვილი და ამ მთისას თU იმ მთისას მიყვებოდა. სწორედ მაშინ მოვისმინე მისგან ეს შემზარავი ამბავი და მინდა თქვენც მოგითხროთ. “ძალზე მინდოდა ოდესმე მეამბნა თქვენთვის, სენსეი!” _ სიტყვა გაწელა აღელვებულმა ყმაწვილმა. ახლაც ცხადლივ მახსოვს ეს ახალგაზრდა კაცი, ძვირფასი, რუხი საზაფხულო ხაორი რომ ეცვა; თითქოს საკუთარი ნათქვამის ეშინიაო, დამფრთხალი ჩურჩულით განაგრძობდა თხრობას. და კიდევ, დღემდე შემორჩა ცხოვნას გადაკარებული ცის ჰორიზონტზე დაგრაგნილი შავი ღრუბლები და ჩემი მოსაუბრის უზარმაზარ სხეულზე არეკლილი ქაღალდის ფარნის, გამხმარი ბალაზის ჩრდილი.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სინძო (ასე ვუწოდოთ იმ ახალგაზრდა კაცს, კვლავ ახალი უსიამოვნებანი რომ არ შევამთხვიოთ) ოცდასამი წლისა იყო, როცა მისთვის ერთ ფრიად საინტერესო საკითხზე ხონსიო-ხიტოცუმეს რაიონში მცხოვრებ ვიღაც მკითხავთან მისვლა დააპირა, მანამდე კი თავისი მეგობარი დაპატიჟა “სუსი იოხეეს” სარდაფში და იქ, საკეს ჭიქასთან მოუთხრო თავისი გასაჭირო. მისი მეგოარი ტაი კომერციულ სკოლაში სწავლობდა. ტაიმ ყურადღებით მოუსმინა და მერე უთხრა: “იქნებ მოხუც ო-სიმანასთან მისულიყავი?” სინძომ გამოჰკითხა, ვინ იყო ეს ო-სიმა და შეიტყო, რომ ასაკუსიდან ჩამოსულიყო ორი-სამი წლის წინ, მკითხაობდა და მისნობდა (ამბობდნენ, ჯადოს გაკეთებაც შეუძლიაო). “ალბათ გაიგებდი, ამ ცოტა ხნის წინ თევზით მოვაჭრის საყვარელმა თავი დაიხრჩო. ვერაფრით მიაგნეს მის გვამს. დედაბერმა რაღაც ქაღალდი მისცა, იტიბასის ხიდიდან წყალში ჩააგდეო. მერე იცი, რა მოხდა? იმავე დღეს ამოტივტივდა გვამი. სწორედ იმ ადგილას, სადაც ის ქაღალდი ჩააგდეს. საღამოს მოქცევა იყო და, საბედნიეროდ, გვამი ქვისმტვირთავი კატარღის კაპიტანმა შენიშნა. ერთი აურზაური ატყდა. ოჰო! სტუმარი გვეწვია. ტოსაემონი!” დამხრჩვალი გვამი სასწრაფოდ მიიტანეს იქვე, ხიდის სიახლოვეს მდებარე პოლიციის საგუშაგოში. იმ დღეს შემთხვევით ჩავიარე ხიდთან, პოლიციელი უკვე გვამთან იდგა. გავხედე ჭილოფგადაფარებულ გვამს და გაშეშებულ, დასიებულ ფეხზე… როგორ გგონია, რა დავინახე? ქაღალდის ის ნაგლეჯი ჰქონდა წვივზე მიკრული. ჟრუანტელმა დამიარა”. სინძოსაც გააჟრჟოლა, თითქოს ჭიანჭველები აუფუთფუთდნენ ტანზე, თვალწინ დაუდგა საღამოს მოქცევა და ხიდის თაღებქვეშ ატივტივებული ქალის გვამი. მაგრამ უკვე კარგა გვარიანად იყო შეზარხოშებული და თამამად თქვა: “საინტერესოა! ახლავე წავალ იმ დედაბერთან!” _ “მეც მიგყვები, _ უთხრა მეგობარმა, _ კაგად ვიცნობ, ერთი ხანობა ფულის საკითხებზე დავიარებოდი მასთან”. _ “კი ბატონო, ერთად წავიდეთ”, _ დაეთანხმა სინძო. “სუსი იოხეს” სარდაფიდან გამოვიდნენ. ორივეს საზაფხულო პალტო ეცვათ, კბილის საჩიჩქნი პირში ჰქონდა გაჩრილი, ჭილის ქუდი დაიხურეს ჩამავალი მზისაგან თავის დასაცავად და აუჩქარებლად გასწიეს მოხუცი მკითხავისაკენ.

ახლა ისიც უნდა გაუწყოთ, რა აწუხებდა სინძოს. მათ სახლში ერთი ქალიშვილი მსახურობდა, სახელად ო-ტოსი. წელზე მეტი იყო სინძოსა და ო-ტოსის ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ გასული წლის ბოლოს ო-ტოსი ავადმყოფი დედის მოსანახულებლად წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა _ უკვალოდ გაქრა. ქალიშვილის დაკარგვამ სინძოს დედაც დაამწუხრა. დიდხანს ეძებდნენ ნაცნობ-მეგობრები, მაგრამ მის კვალსაც ვერსად მიაგნეს. ათასგვარი ჭორი დაირხა. ერთნი ამბობდნენ, ვიღაცას ხასად დაუდგაო, მეორენი _ მომვლელადო, მაგრამ დანამდვილებით არავინ არაფერი იცოდა. სინძო ჯერ ღელავდა, მერე აღშფოთებამ დარია ხელი, ბოლოს კი სასო წარეკვეთა. დედამისი თავიდანვე ხვდებოდა ქალ-ვაჟის სიყვარულს, ახლა კი, დამწუხრებულ შვილს რომ უქცერდა, აღარ იცოდა, რა ეღონა. ათასნაირად ცდილობდა ნაღველი გაექარვებინა შვისიათვის _ თეატრში დაატარებდა, ცხელ წყლებზე გამგზავრებას სთავაზობდა, მამის ნაცვლად გზავნიდა საქმიან ბანკეტებზე. იმ დღეს სთხოვა, საწვრილმანო დუქნები შემოევლო, საყიდლების ფულიც მისცა, თითქოს ამით გართობის ნება დართო. სინძომაც თავისი ბავშვობის მეგობარი ტაი დაპატიჟა საკეზე. აი, რა სერიოზული მიზეზი ჰქონდა სინძოს მოხუცი ო-სიმას მოსანახულებლად. ხიტოცუმეს ხიდთან მარცხნივ გაუხვიეს, მდინარე ტეტეკავას უკაცრიელ სანაპიროზე დაახლოებით ერთი ტიო გაიარეს ფატაცუმეს ხიდის მიმართულებით და მებათქაშის სახლსა და რკინა-კავეულობის დუქანს შუა, ფანჯრებზე ლერწმის რიკულებიანი ძველი სახლი დაინახეს _ აქ ცხოვრობდა მკითხავი. სინძოს ნაღველი შემოაწვა, საშინელი წინათგრძნობა მოეძალა, თითქოს ო-ტოსისა და მისი ბედი ამ დედაბრის სიტყვაზე იყო დამოკიდებული, და წამისად გამოფხიზლდა. მართლაც, ეს ერთსართულიანი, დაბალი, კრამიტჩამოფხავებული სახლი გასაოცარ ნაღველს იწვევდა. მებათქაშისა და ო-სიმას სახლს შორის უზარმაზარი ტირიფი იდგა, ტოტები დედაბრის ფანჯრებსა და კედლებზე ჩამოეშვა და შემაზრზენი, იდუმალებით მოცული უსიერი ტყე იწყებაო.

ტაი-სანი მოურიდებლად შედგა ფანჯრის წინ, სინძოს მოხედა და, თითქოს აშინებსო, უთხრა: “შევიდეთ, ვნახოთ ჯადოქარი. მაგრამ შემპირდი რომ არაფერი გაგიკვირდება!” _ “პატარა ბავშვი ხომ არა ვარ, _ ჩაიცინა სინძომ, _ ვიღაც დედაბერმა როგორ უნდა შემაშინოს?” ტაი-სანმა ნაღვლიანად შეხედა მეგობარს და უთხრა: “ცხადია, დედაბერი ვერ გაგაოცებს, მაგრამ ამ სახლში ისეთი მზეთუნახავი ცხოვრობს, სიზმრადაც რომ არ მოგლანდებია. ამიტომ გაფრთხილებ”. ტაი-სანმა ფანჯრის რიკულებს ხელი მოჰკიდა და დაიძახა: _ “მაპატიეთ, შეიძლება შემოვიდეთ?” _ “მობრძანდით”, _ გაისმა ოთახიდან და ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის ქალიშვილმა სიოძი გადასწია. ტყუილად როდი აფრთხილებდა ტაი-სანი სინძოს. ქალიშვილს თეთრი სახე ჰქონდა, ლამაზი შუბლი და ნათელი, გამჭვირვალე, მომხიბვლელი თვალები, მაგრამ რაღაც ავადმყოფური, ქანცგაწყვეტილი იერი დაჰკრავდა. შალის მუსლინის ქამარიც, გაშლილი მიხაკები რომ ეხატა ზედ, ძალზე ვიწროდ ედგა მუქი ლურჯი კასურით შემოტმასნულ მკერდზე.

ტაი-სანმა ქალიშვილს შეხედა, ჭილის ქუდი მოიხადა და თავაზიანად ჰკითხა: “დედათქვენი შინ ბრძანდება?” ქალიშვილმა დაზეპირებულივით უპასუხა: “სამწუხაროდ, შინ არ გახლავთ”, და გაწითლდა, თითქოს რაღაცის შერცხვაო. შემდეგ მოულოდნელად კარისკენ გაექცა მზერა, სახე ეცვალა, ჩუმად შეჰკივლა და ფეხზე წამოდგომა დააპირა. ტაი-სანს გაახსენდა სადაც იყო, იფიქრა, ნეტა ბოროტმა სულმა ხომ არ ჩამოიქროლაო, თავადაც უკან მიიხედა და გაოცდა: სინძო, აქამდე გარკვევით რომ ჩანდა ჩამავალი მზის სხივებში, სადღაც გამქრალიყო. გაოცებაც ვერ მოასწრო, რადგან მოხუცი მკითხავის ქალიშვილმა კალთას უტაცა ხელი და სლუკუნით უთხრა: “თქვენს მეგობარს გადაეცით, აქ აღარ გაბედოს მოსვლა, თორემ სიკვდილი არ ასცდება”. ტაი-სანი გაოგნებული იდგა და ვერაფერს მიმხვდარიყო. მერე დაბნეულმა უპასუხა: “კარგი, გადავცემ”. ქუდი არც დაუხურია, ისე გაიჭრა ქუჩაში და სინძოს დაუწყო ძებნა. დაახლოებით ნახევარი ტიო გაირბინა; ბოლოს, მდინარე ტეტეკავას უკაცრიელ ნაპირზე, ცამავალი მზის შუქში შავად ჩამუქებულ სატელეგრაფო ბოზებთან დაინახა. სინძო გულხელდაკრეფილი, დამწუხრებული ჩასჩერებოდა წყალს. “სად დაიკარგე? _ ეცა ტაო-სანი, _ აკი გაგაფრთხილე, არ შეშინდე-მეთქი, მაინც დაფრთხი. რაო, იმ მზეთუნახავს ხომ არ იცნობ?” _ “ვიცნობ, ო-ტოსი იყო”. _ უთხრა აღელვებულმა სინძომ და ხიტოციმეს ხიდისკენ წავიდა. უკვე მესამედ გაოცდა ტაი-სანი, ანკი როგორ არ გაოცებულიყო: ის ქალიშვილი, ვისი გულისთვისაც მიდიოდნენ მკითხავთან, მკითხავის შვილი აღმოჩნდა. ახლა ისიც გაახსენდა, რა სთქვა ო-ტოსიმ. ტაი-სანმა ქუდი ჩამოიფხატა, მეგობარს დაეწია და ო-ტოსის თხოვნა გადასცა. სინძო უსიტყვოდ უსმენდა. შემდეგ შუბლი შეიკრა, გაოცებულმა შეხედა ტაისანს და უთხრა: “ცხადია, აღარასოდეს იქ აღარ მივალ, მაგრამ რატომ მემუქრება სიკვდილი, აი ეს მაოცებს, კი არ მაოცებს, მაბრაზებს”. ტაი-სანი წეღან ისე გამოიჭრა დედაბრის სახლიდან, ო-ტოსის ვერაფერი ჰკითხა, ამიტომ ვერც სინძოს აუხსნა რამე… აღარც სინძოს ამოუღია ხმა და გზა უსიტყვოდ განაგრძეს. ცოტა ხნის შემდეგ ისევ “სუსი იოხეეს” სარდაფს მიადგნენ. სინძომ ნაღვლიანად უთხრა: “მაინც კარგია, ო-ტოსის რომ შევხვდი”. ტაი-სანმა, ვითომ არაფერი მომხდარიყოს, მხიარულად უპასუხა: “თუ გინდა, ერთხელაც მივიდეთ”. მერეღა მიხვდა, რომ ცეცხლზე ნავთი დაუსხა _ სინძოს ერთი სული ჰქონდა, კიდევ ენახა ო-ტოსი. მალე სინძო მეგობარს გამოემშვიდობა, იქვე, “მებრძოლ მამალში” შევიდა და შებინდებამდე რამდენიმე ბოთლი საკე გამოსცალა. კარგა ჩამობნელებული იყო, გარეთ რომ გამოვიდა, სასმელით შეთამამებული მიაფართხუნებდა მხრებზე წამოსხმული პალტოს სახელოებს და გულდაჯერებული მიაბიჯებდა დედაბრის სახლისაკენ.

უკუნი ჩამოწოლილიყო, ვარსკვლავიც არ კიაფობდა ცაზე. საწვიმრად ემზადებოდა ბუნება _ მიწას მქისე ოხშივარი უდიოდა, ჟამიჟამს ცივი ქარიც წამოუბერავდა. სინძო იმ გადაწყვეტილებით მიდიოდა, რომ სრული სიმართლე შეეტყო ო-სოსისაგან. მაღალი ტირიფის ხესთან მიყუჟული, ჩაშავებული, ავბედითი სახლის კარი შეაღო, წინკარში შევიდა და ხმამაღლა თქვა: “საღამო მშვიდობისა!” გასაგები იყო, ვინც მოვიდა და რატომ, და ალბათ თრთოდა მის საპასუხოდ გახმიანებული ხმაც. ფრთხილად გადაიწია სიოძი და მეორე ოთახიდან შემოჭრილ შუქში ო-ტოსი გამოჩნდა _ ნაღვლიანი, თვალცრემლიანი ჩასჭიდებოდა კარის წირთხლს. სინძომ გულგრილად შეხედა ქალიშვილს, ქუდი მოიშვლიპა და აგდებულად ჰკითხა: “დედათქვენი შინ ბრძანდება? საქმე მაქვს მასთან. ჰკითხეთ, ხომ არ შეუძლია მიმიღოს?” ო, როგორ გაუჭირდა ოპტოტის ამ გულგრილი ხმის მოსმენა! კარის წირთხლისათვის ხელი არ მოუშორებია, თავს დატეხილმა უბედურებამ ერთიანად ჩაღველფა და ძლივს აამოძრავა ტუჩები. “ახლავე!” _ უთხრა ჩუმად. ალბათ ცრემლიც გადაყლაპა. სინძოსგან მონადენი ღვინის ოხშივარი ცისარტყელასავით გაიკლაკნა წინკარში და ის იყო მოსულს ერთხელ კიდევ უნდა გაემეორებინა თხოვნა, რომ ანაზდად ფუსუმიდან ბოხი, ბებრული, ხიხინა ხმა მაოესმა, თითქოს გომბეშო ახროტინდა: “რომელი ხარ? მობრძანდით, ნუ გერიდებათ”. _ “უსინდისო, _ გაიფიქრა სინძომ, _ ჯერ ამას გავუსწორდები!” სინძომ პალტო გაიხადა, ათრთოლებულ ო-ტოსის ჭილის ქუდი მიაწოდა და უბოდიშოდ შეალაჯა დედაბრის ოთახში. გახევებული ო-ტოსი უღონოდ მიეყრდნო ფუსუმას, აცრემლებული თვალები ჭერს მიაპყრო. გულხელი დაიკრიფა და ჩურჩულით დაიწყო ლოცვა.

დედაბრის ოთახში შესვლისთანავე სინძომ ძაბუტონი ამოიდო მუხლებქვეშ და თამამად მიმოიხედა. დაახლოებით რვა ტატამის სიდიდის ოთახი იყო, ჭუჭყიანი, უსახური, შებოლილჭერიანი, ბოძებგაჭვარტლული. პირდაპირ, კედელზე მომცრო ზომის ნიშა და ექვსი სიაკუ დაინახა, ნიშაში კაკემონო მიემაგრებინათ, “დიადი სული ბასარა” _ ეწერა ზედ იეროგლიფით. მის ქვემოთ სარკე ეკიდა, ფაიფურის ორი ბოთლი იდგა და რამდენიმე პატარა ტოტი იყო მიმაგრებული სალოცავი ქაღალდებით. მარცხნივ, ვერანდის გასწვრივ, ალბათ მდინარე ტეტეკავა დიოდა. ვინ იცის, ეგებ მოეჩვენა, მაგრამ სინძოს თითქოს ჩაესმა კიდეც წყლის ჩუმი ტლაშუნი. ნიშის მარჯვნივ კარადასთან, სადაც ძღვნად მორთმეული ნუგბარით სავსე ყუთი, ბურახი, შაქარი და ვერცხლით გავსებული კალათი ეწყო, ალქაჯისდარი, სახედატეტკილი, დასიებული დედაბერი იჯდა, ყელმოღეღილი შავი კიმონო ეცვა, თმა მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი. უწამწამო თვალები დაეხუჭა, დასიებული თითები გადაეჯვარედინებინა. მარტო ხმით კი არა, გარეგნულადაც გომბეშოს ჰგავდა. სინძოს ჟრუანტელმა დაუარა, მოეჩვენა, რომ საცაა ეს გომბეშო პირს დაღებდა და შხამს შეაფრქვევდა; თითქოს შუქიც მიილია, მაგრამ ამანც გაიმაგრა გული და მტკიცედ უთხრა დედაბერს: “სამკითხაოდ გეახელით, ჩემი ქორწინების ამბავი მაინტერესებს”. _ “რა? _ ჩაეკითხა დედაბერი, თვალი გაახილა და ყურზე მიიდო ხელი, შემდეგ ხიხინით ჩაიქირქილა, _ “ქალი მოგინდა?” _ “ჰო, მომინდა! ამიტომაც მოვედი აქ, აბა, სხვაგვარად რა…” _ უთხრა სინძომ და უხეშად ჩაიცინა, მანაც დედაბერს მიბაძა. დედაბერმა ყურზე მიდებული ხელი ღამურას ფრთასავით აიქნია და ქირქილით შეაწყვეტინა სიტყვა: “ნუ ბრაზობთ! უხეშობა ვერაფერი ვაჟკაცობაა”. და უკვე სხვა ხმით ჰკითხა: _ “რამდენი წლისაა?” _ “მამაკაცი ოცდასამის, ქათმის წელს დაიბადა” _ “ქალი?” _ “ჩვიდმეტის” _ მაშასადმე, კურდღლის წელს დაბადებულა, არა? _ “თვე…” _ “არ მინდა, წელიც მეყოფა”, _ უთხრა დედაბერმა და მუხლებზე დაწყობილი თითები ჩაკეცა, ალბათ ბედის ვარსკვლავს ანგარიშობდა. შემდეგ შეშუპებული ქუთუთოები გაახილა, სინძოს მიაშტერდა და მრისხანედ შესძახა: “შეუძლებელია! შეუძლებელი! შენი ბედი არ არის! _ და ჩუმად ჩაიბუტბუტა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო, _ თუ ეს ქორწინება მოხდება, ქალი ან კაცი სიცოცხლეს უნდა გამოესალმოს”. უეცრად სინძოს გონება გაუნათდა. მაშასადამე, ო-ტოსიც დედაბრის ნათქვამს იმეორებდა! ძლივს შეიკავა თავი, გაღიზიანებულმა დედაბრისაკენ მიიჩოჩა, ღვინის ოხშივარი შეაფრქვია და ამაყად უთხრა: “დაე, ბედი არ მეწეროს იმ ქალთან! შეყვარებულისათვის სიკვდილი ყველაზე იოლია! არ გაგიგიათ, უბედურების ჟამს უფრო ძლიერ უყვართ?”. დედაბერმა თვალი დახუჭა და სქელი ტუჩები აამოძრავა: “რაღა უჭირს კაცის დამკარგავ ქალს! კაცი კი, ქალს რომ დაჰკარგავს, მოთქმა-გოდებას მიეცემა”. _ “მე შენ ო-ტოსის არ დაგანებებ, გველო!” გაიფიქრა სინძომ, დედაბერს ბოროტად შეხედა და მიახალა: _ “ქალს კაცი ჰყავს”. _ “კაცს?” _ ტუჩები დაბრიცა დედაბერმა და გულხელი დაიკრიფა. სინძოს გააჟრჟოლა, თავზარი დაეცა, მოეჩვენა, რომ დედაბერმა ორთაბრძოლაში გამოიწვია. დედაბერმაც შენიშნა, სინძოს ფერი-ფურმა რომ გადაუარა, კისერი წაიგრძელა და წამოიკნავლა: “რამდენიც უნდა იფიქრო და იმკითხაო, ადამიანის ძალას საზღვარი უდევს. სჯობს დამორჩილდე ბედს!” უეცრად ფართოდ გახელილი თვალები დააკვესა, ორივე ხელი ქურებქვეშ ამოიდო და ბოროტად ცაიჩურჩულა: “აი, მტკიცებაც! გესმის სუნთქვა?” მოულოდნელობისაგან სინძო გახევდა და დაძაბულმა მიაყურადა. მაგრამ ვერაფერი გაიგონა, ფუსუმაზე აკრული ო-ტოსის სუნთქვის გარდა. “როგორ არ გესმის ერთი შენნაირი ყმაწვილის სუნთქვა, რომელიც ახლა ისიგასის ქვებში ღაფავს სულს? _ დედაბერი თვალებიდან ცრემლებს აფრქვევდა, მუხლისჩოქვით მიუახლოვდა, ანაზდად გასივდა მისი ჩრდილი, უკანა კედელს აეკრა, მყრალი, მომჟავო სუნი ეცა სინძოს და უეცრად ყველაფერს _ თვით სინძოს, ფუსუმას, საკეს ბოთლს, სარკეს, კარადას და ზაბუტონსაც _ ყველაფერს ერთად ავბედითი იერი დაედო. “ის ყმაწვილიც ვნებათაღელვამ აიტაცა, შენსავით წინ აღუდგა ბასარას დიად სულს, ჩემში რომ არის ცასახლებული, აკი ეწია კიდეც ბედისწერის მახვილი, საცაა სიცოცხლეს გამოესალმება. კარგი გაკვეთილია სემთვის. აბა, ყური მიუგდე!” დედაბრის სისინი, უთვალავი ბუზის ფრთების შრიალივით, ყოველი მხრიდან ეკვროდა სინძოს, ყურებში უძვრებოდა. იმავ წამს სიოძის მიღმიდან ღამის წყვდიადი გამოარღვია და გარკვევით გაისმა წყალში ცავარდნილი სხეულის ხმა. შიშით გონწართმეული სინძო ფეხზე წამოვარდა, აღარც ატირებულ ო-ტოსის გამომშვიდობებია, ისე გამოიჭრა დედაბრის სახლიდან.

მეორე დილას ნიხონბასიზე, საკუთარ სახლში გაეღვიძა, გაზეთი გაშალა და თვალი მოჰკრა ცნობას, სადაც იტყობინებოდნენ, რომ წუხელ მდინარე ტეტეკავაში გამხრჩვალიყო კამეძავას ქუჩაზე მცხოვრები მდიდარი ყმაწვილი. თვითმკვლელობის მიზეზი უბედური სიყვარული ყოფილა. თვითმკვლელობის ადგილი _ იტინობასსა და ნინობასს შორის მდებარე ისიგასის სანაპირო. ისევ ჟრუანტელმა დაუარა სინძოს, მერე შეახურა და სამ დღეს ლოგინიდან აღარ წამომდგარა, გულს უგლეჯდა საყვარელ ქალზე დარდი. უკვე იმასაც მიხვდა, რომ ო-ტოსის გული კი არ გასცივებია, მისი სახლიდან წასვლა და გადაკარგვა იმ ჯადოქარი დედაბრის ხრიკები იყო მხოლოდ. სინდისი ქენჯნიდა, რომ ო-ტოსის სიყვარულში შეეპარა ეჭვი, ან რას ერჩოდა ეს ბოროტი დედაბერი, რად სჭირდებოდა ო-ტოსი? რა საშინელებაა, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდე იმ ადამიანთან, ვინც მდინარეში აღრჩობს ხალხს? განა შეიძლებოდა ო-ტოსის მიტოვება, რომ ბასარას დიადი სულით განმტკიცებულ დედაბოძთან იტრიალოს ფარვანასავით? სინძოს ძილი და მოსვენება დაეკარგა. მეოთხე დღეს შეძლო ლოგინიდან წამოდგომა და ის იყო თავის მეგობართან, ტაი-სანთან აპირებდა წასვლას, რომ მან თავად დაურეკა. წინა საღამოს ო-ტოსი მისულიყო მასთან, ეთქვა, რომ ახალგაზრდა ბატონის ნახვა ეწადა, მაგრამ ვერც იმ სახლში დარეკვა გაებედა, სადაც ადრე მსახურობდა. ამიტომაც ტაი-სანს სთხოვდა, როგორმე შეეხვედრებინა სინძოსთან. ცხადია, სინძოსაც გულით ეწადა, მაგრამ ვერც იმ სახლში დარეკვა გაებედა, სადაც ადრე მსახურობდა. ამიტომაც ტაი-სანს სთხოვდა, როგორმე შეეხვედრებინა სინძოსთან. ცხადია, სინძოსაც გულით ეწადა ო-ტოსისთან შეხვედრა, ათრთოლებული თითები მოუჭირა ყურმილს და მოუთმენლად ჰკითხა მეგოარს: “სად შეიძლება ვნახო?” მაგრამ წინდახედულმა ტაი-სანმა შორიდან დაიწყო: “დამიჯერე, თუკი ასეთი მორცხვი ქალიშვილი გაბედავს შენს მეგობართან მისვლას, ცხადია, ძალზე უჭირს. მე როგორღაც უხერხულად ვიგრძენი თავი და ჩაის სახლი შევთავაზე შენთან შესახვედრად, მაგრამ მან არჩია, დედაბრის თვალის ასახვევად აბანოში წასულიყო, შემდეგ კი მდინარესთან შეგხვდებოდა. სანაპირო მიიჩნია საიმედო ადგილად… მე ჩემი ბინაც შევთავაზე, მაგრამ ო-ტოსიმ არ ისურვა ჩემი შეწუხება და უარი მითხრა.ბოლოს ვთხოვე, თვითონ დაეთქვა შეხვედრის ადგილი. ო-ტოსი გაწითლდა და შემევედრა, იქნებ ახალგაზრდა ბატონმა ინებოს დაისიგასის სანაპიროზე მოვიდესო, _ შემდეგ ღიმილი შეიკავა და დასძინა: _ ჭორიკნებსაც არ ექნებათ სალაპარაკო”. “სინძოს ხუმრობისთვის არ ეცალა, მოუთმენლად შეაწყვეტინა მეგობარს: “მაშასადამე, ისიგასის სანაპიროზე დამელოდება?” “ასე გადაწყვიტა ო-ტოსიმ, _ გაისმა პასუხად, _ გთხოვა, ექვსიდან შვიდ საათამდე მიხვიდე, შემდეგ კი, როცა განთავისუფლდები, აუცილებლად ჩემთან შემოიარე”. სინძომ მადლობა გადაუხადა და მისვლას შეპირდა. ყურმილი დადო. საღამოს მოლოდინში საანგარიშოზე ანგარიშობდა, ბალანსი დააჯამა, ო-ბონის დღესასწაულისათვის საჩუქრების შესაძენად გასცა განკარგულება, თან საათის ისრებს არ აშორებდა თვალს.

ხუთი ხდებოდა, როცა ლოდინით დაღლილი გამოვიდა სტამბიდან, მზე ჯერ არ წასულიყო. ხელზე მოსამსახურე ბიჭის მიერ მომზადებულ გეტებში წაყო ფეხები, ახალდაბეჭდილ სარეკლამო პლაკატს ანადენი საღებავის სუნით გაჟღენთილი სტამბიდან მოასფალტებულ ქუჩაში გავიდა და მაშინვე რაღაც უცნაურობა შენიშნა. ასფალტზე ფეხის დადგმაც ვერ მოასწრო, რომ ცხვირწინ ორი პეპელა აუფრინდა. ლამის ფრთებით შეეხნენ ჭილის ქუდს. მგონი, ამ პეპლებს “კავალერ კსუტს” ეძახიან, მომწვანო შავი ფრთები აქვთ. სინძომ თვალი გააყოლა ცაში აჭრილ პეპლებს და უენოსაკენ მიმავალ ტრამვაის შეახტა. სუდზე მეორე ტრამვაიში გადაჯდა, და კაკუგიკანზე ჩამოვიდა. და კვლავ ცხვირწინ აუფრინდა ორი შავი პეპელა. ცხადია, პეპლები ნიხონბასიდან ვერ გამოყვებოდნენ, მაგრამ არც ამჯერად მიუქცევია ყურადღება. პაემნამდე კარგა დიდი დრო რჩებოდა და გადაწყვიტა ხიტოცუმეს შესახვევში ერთ კოპწია დუქანში შეევლო, რომელსაც ფირნიშზე ლერწმის ფიალა ჰქონდა გამოსახული. იმ დღეს წვეთი საკეც არ დაელია და წყუროდა. წიწიბურას ცივი ფაფა შეჭამა და ბინბუნდში ქურდივით გამოიპარა დუქნიდან. ქუჩაში ასვლისთანავე კვლავ ცხვირწინ აუფრინდა ორი შავი პეპელა, ახლა უკვე გარკვევით მოჩანდა ფრთების შავ ხავერდზე მიმობნეული ლურჯმწვანე მტვერი. სინძოს მოეჩვენა, პეპლებმა შუბლზე შეახეს ფრთები და ამ ცივად გამჭვირვალე საღამოს ბინდში უზარმაზარ ჩიტებად იქცნენ. დამფრთხალი შედგა, პეპლები ისევ დაპატარავდნენ და დაწალიკებულნი, ფრთების ფარფატით გალღვნენ ჰაერში. მოგვიანებით სინძო იხსენებდა, რომ სწორედ პეპლების ფარფატმა დააეჭვა, ღირდა კი ისიგასის სანაპიროზე მისვლა, მასაც ხომ არ დაეუფლებოდა წყალში თავის დახრჩობის სურვილი? მაგრამ იმ სანაპიროზე ხომ ო-ტოსი უცდიდა და ეგებ მასაც საფრთხე ელოდა. სინძო მაშინვე გონს მოეგო და დანიშნული ადგილისკენ გაეშურა, დოკიონის ტაძართან ბინდში ღამურებივით გამკრთალ ადამიანთა ლანდებს გასცდა და იქ, სადაც მარმარილოს ძაღლები დარაჯობდნენ ტაძარში შესასვლელს, კვლავ ცხვირწინ აუფრინდა შავ ფრთებზე ლურჯმწვანე მტვერწაყრილი პეპლები, ერთ ხანს იფარფატეს და ნათურებით განათებულ სატელეგრაფო ბოძთან გაილიენ ჰაერში.

სინძო სანაპიროზე ბოლთას სცემდა და ო-ტოსის მოლოდინში გული ამოვარდნაზე ჰქონდა. ხან ქუდს მოიხდიდა, ხან ისევ იხურავდა, ხან საათს დასცქეროდა. ლოდინმა ქანცი გაულია. ო-ტოსი კი არა და არ ჩანდა. შეუმჩნევლად დაუყვა სანაპიროს, ნახევარი ტიო გაიარა, ხელმარჯვნივ ფასიანი აბანო დაინახა, ფირნიშზე უზარმაზარი ატამი და იეროგლიფები იყო ამოკვეთილი: “აბანო “ატმის ყვავილები” _ ყველა სურნელების სამკურნალო”. “ნეტა ეს ის აბანო ხომ არ არის, ო-ტისომ რო ახსენა?” _ გაიფიქრა სინძომ. იმავ წამს ქალთა განყოფილების კარზე ნორენი გადაიწია და ო-ტოსი გამოვიდა. იგივე მუქლურჯი, იაფფასიანი კასურის თეთრკოპლებიანი კიმონო ეცვა და მიხაკებით მოჩითული სალის მუსლინის ობით ჰქონდა შემოლასტული. ნაბანავებს სახე წამოჭარხლებოდა, ჯერ ისევ სველი კულულები ულაპლაპებდა. ყუთი, სველი პირსახოცი და საპონი რომ ეწყო შიგ, სანუკვარი ნივთივით ჩაეკრა მკერდში და დამფრთხალი უცქეროდა სანაპიროს. აბანოდან გამოსვლისთანავე დაინახა სინძო, შეშინებული თვალები შეანათა, გაუღიმა, მორჩილად მოუახლოვდა და უთხრა: “მაპატიეთ, თუ გალოდინეთ”. “დიდი ხანი არ არის რაც გელი. გმადლობთ, რომ მოხვედი”. _ უპასუხა სინძომ და ორივე აუჩქარებლად გაუყვა ისიგასის სანაპიროს. ო-ტოსი ისევ შეშინებული ათვალიერებდა გარემოს და სინძომ ხუმრობით ჰკითხა: “რა შეშინებული ჩანხარ, მოგდევდა ვინმე?” “ოჰ, მაპატიეთ, დამავიწყდა, მადლობა მეთქვა მობრძანებისთვის”, _ უთხრა ო-ტოსიმ. ხმა უკანკალებდა. სინძოსაც შეეპარა გულში თრთოლვა და სატრფოს სთხოვა აეხსნა, რა ხდებოდა. მაგრამ ო-ტოსი ერთი და იგივეს იმეორებდა: “თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რა წინდაუხედავად მოიქეცით, როცა ჯადოქართან მოხვედით და მკითხაობა თხოვეთ”. ამასობაში ისიგასის სანაპიროს მიუახლოვდნენ, მარმარილოს მოდარაჯე ძაღლებიც გამოჩნდა და ო-ტოსიმ თითქოს თავისუფლად ამოისუნთქა. სინძო კი მუხლის კანკალით მიუყვებოდა სანაპიროს. დაცვარულ ქვაზე ჩამოსხდნენ მოდარაჯე ძაღლების ჩრდილში და სინძო ისევ დაეკითხა: “რატომ მელის სიკვდილი? ან რატომ მოვიქეცი წინდაუხედავად?” ო-ტოსის ხმა არ ამოუღია, ჩუმად დასცქეროდა ქვის მოაჯირზე ატყლაშინებულ ტალღებს, გეგონებოდა, ლოცულობსო. შემდეგ სინძოსაკენ მიაბრუნა სახე, მხიარულად გაუღიმა და უჩურჩულა: “აქ უკვე აღარაფერი გვემუქრება”. სინძო გაოგნებული მიაჩერდა ქალიშვილს. ო-ტოსი გვერდით მიუჯდა, წვრილად მოუყვა თავს გადახდენილს, სინძოც ბოლოს და ბოლოს მიხვდა რა საშინელი მტერი გადაიკიდა.

თუმცა ხალხი ფიქრობდა, რომ მოხუცი ო-სიმა ო-ტოსის დედა იყო, სინამდვილეში შორეულ ნათესავად ერგებოდა. ვიდრე ქალიშვილს მშობლები ცოცხლები ჰყავდა, ო-სიმას ახლოსაც არ იკარებდნენ. ო-ტოსის მამა ქვის მთლელი იყო, უამრავი ტაძარი ჰქონდა აგებული, იმან იცოდა ხოლმე თქმა: “ეგ ო-სიმა ადამიანებში არ წერია; თუ არ გჯერათ, გვერდიდან შეხედეთ, თევზის ქერცლი აქვს ტანზე”. შემთხვევით ქუჩაში რომ შეხვედროდა, მაშინვე კაჟს გაკრავდა და მიწაზე მარილს მოაბნევდა. აქამდე მიდიოდა საქმე. ერთხანს ო-სიმამ ო-ტოსის დედის ნათესავი გოგონა შეიფარა აღსაზრდელად. ეს გოგონა ბავშვობიდან ო-ტისისთან ერთად იზრდებოდა, და ძალაუნებურად, ო-სიმასაც გაუღეს სახლის კარი. ასე გაგრძელდა ორიოდ წელს. მალე ო-ტოსის მშობლები გარდაიცვალნენ, გოგონას უფროსი და-ძმა არ ჰყავდა, მასზე რომ ეზრუნათ და ასი დღეც არ იყო გასული, სინძოს დედასთან, ნიხონბასიზე დაიწყო სამსახური.

ო-ტოსიმ არაფერი იცოდა დედაბრის წარსულის შესახებ, მხოლოდ დედისაგან და კიდევ ვიღაცისაგან ჰქონდა გაგონილი, რომ ადრე ო-სიმა ქურუმი ყოფილიყო და მიცვალებულთა სულების გამოხმობა სეეძლო. იმხანად კი, როცა ო-ტოსიმ გაიცნო, უკვე ბასარას დიადი სულის მეშვეობით მკითხაობდა. რას არ ამბობდნენ ბასარას სულზე: ზოგი ამბობდა ტენგუ არისო, ზოგიც _ მელაო. ო-ტოსი კი წყალქვეშა სამყაროს მფლობელად თვლიდა, რადგან ღამის ორი საათი შესრულდებოდა თუ არა, დედაბერი სახლის უკანა კიბით დაეშვებოდა სანაპიროზე, კისრამდე ჩაჯდებოდა მდინარე ტეტეკავას წყალში და ნახევარ საათს მაინც იჯდა გაუნძრევლად. გაუსაძლისი ხვატი იდგა, ყინვ-ძანძახი თუ თოვლ-წვიმა ცრიდა, შიშველი დედაბერი თეძოზე შემოხვეული ნაჭრის ამარა, ადამიანის სახიანი წავივით დგაფუნობდა წყალში. ერთხელ დამფრთხალმა ო-ტოსიმ ფარანი აიღო, კუტიკარი გამოაღო და მალულად გახედა მდინარეს. სანაპიროს გასწვრივ ჩამწკრივებული სახლების სახურავებზე თეთრი თოვლი იდო. შავად ჩამუქებული მდინარის შუაგულში კი ჩიტის მოტივტივე ბუდესავით მოჩანდა დედაბრის თმაშეკრეჭილი თავი. ჯადოქრობა სარფიანი საქმე იყო, დედაბერი ფულზე მკითხაობდა და მისნობდა, მრავალთა მშობლებს, ქმრებს თუ ძმებს მოუვლინა სიკვდილი და კარგა გვარიანი გასამრჯელოც აიღო. აკი ამ ცოტა ხნის წინ გულშეუძვრელად გაიმეტა ის ყმაწვილიც, ერთი მდიდარი ვაჭრისათვის რომ ეამებინა, რომელსაც იმ ყმაწვილის საყვარელი შეყვარებოდა. თუმცა ერთი კი იყო: ვინ იცის, რა იდუმალ მიზეზთა გამო, მაგრამ იმ ადგილას, სადაც ადრე მოაკვდინა ადამიანი, ჯადოქრის ნუსხა ვეღარ ჭრიდა. უფრო მეტიც, მისი მზერაც ვეღარ აღწევდა იქამდე. ამიტომ მოიწვია ო-ტოსიმ თავისი სატრფო ისიგანის სანაპიროზე.

რა ჰქონდა გულში, რატომ წინააღმდეგებოდა ესოდენი გააფთრებით სინძოსა და ო-ტოსის სიყვარულს? გაზაფხულს აქეთ აქციების კურსის გასარკვევად ერთი ბირჟის მაკლერი დაიარებოდა დედაბერთან, მას შეყვარებოდა ო-ტოსი და დიდი საზღაურის ფასად შეეპარებინა, რომ ო-ტოსის ცოლად გაატანდა. ამას გარდა, ერთი მიზეზიც არსებობდა _ ო-ტოსის გარეშე დედაბერი ვერ იმკითხავებდა და ვერც მონუსხავდა ვერავის. ის ხომ ო-ტოსიში ასახლებდა ბასარას სულს და მისი მეშვეობით იღებდა ბრძანებებს. თავად სულთან დაკავშირება არ შეეძლო. ის, ვისაც სული უსახლდებოდა სხეულში, ძილბურანში იმყოფებოდა და გამოფხიზლებულს აღარ ახსოვდა, ცხადი იყო თუ სიზმარეული. ამიტომ ასახლებდა ო-ტოსის სხეულში ბასარას სულს და თავად ბრძანებებს ისმენდა. ამიტომ არ სურდა ქალიშვილის მოშორება. თუმცა, ის ბირჟის მაკლერიც შორს იქცირებოდა: ქალიშვილის ხელში ჩაგდებასაც აპირებდა და მასთან ერთად ჯადოქარსაც აიძულებდა უფასოდ ეწინასწარმეტყველა ბირჟის კურსი. აი, რა დღეში იყო ო-ტოსი. თუმცა თავად არაფერ შუაში იყო, მაინც წილი ედო ამდენ ცოდვაში. ხვდებოდა ო-ტოსი, რომ ბოროტი ზრახვებისათვის იყენებდა დედაბერი და სინდისი ქენჯნიდა. ასევე აწამებდა გოგონას, ო-ტოსიმდე რომ აიყვანა აღსაზრდელად. სუსტი გოგონა დასნეულდა და ბოლოს, სინდისის ქენჯნით გატანჯულმა, თავი ჩამოიღრჩო. ო-ტოსისაც მაშინ შეუთვალა დედაბერმა, რომ მისი გარდაცვლილი ნათესავის წერილი უნდა გადეცა, შინ მიიტყუა და დაშინებითა და მუქარით დატოვა თავისთან. ო-ტოსიმ ბევრჯერ სცადა გაპარვა, მაგრამ ჯადოქარი ფხიზლობდა. პირველსავე საღამოს კართან დაგროვილი გველები დაუტოვა და საბრალო ქალიშვილმა ნაბიჯის გადადგმაც ვერ შეძლო, შემდეგაც რაღაც ჯადოსნური ძალები ეწინააღმდეგებოდნენ და ვერა და ვერ მოახერხა წამოსვლა. თანდათანობით იმედი გადაუწყდა და ნებით თუ უნებლიეთ დამორჩილდა დედაბერს.

იმ დღეს, როცა სინძო ჯადოქართან მივიდა, დედაბერმა შეიტყო მათი სიყვარულის შესახებ და ისედაც ავი ქალი მთლად გაბოროტდა. უსაშველოდ ტანჯავდა ო-ტოსის, სცემდა, თმას აგლეჯდა, ღამღამობით ხელებით ჰკიდებდა ჰაერში, კისერზე გველებს ახვევდა _ ერთი სიტყვით, ისე აწამებდა, რომ სინძოს თმა ყალყზე დაუდგა. თან ერთთავად აფრთხილებდა, რომ თუკი სინძოზე ფიქრს თავს არ დაანებებდა, სინძოსაც მოკლავდა და არც მას დაინდობდა. ო-ტოსის კარგა ხანია თავის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ რადგანაც სინძოსაც საფრთხე ემუქრებოდა, გადაწყვიტა, ჯერ ყოველივე გულახდილად მოეთხრო მისთვის. თან ისიც აწუხებდა, რომ სინძო შეიტყობდა, რომ ო-ტოსი ნებით თუ უნებლიეთ სჩადიოდა საშინელ ბოროტებას, ეგებ ზიზღით გამსჭვალულიყო და სულაც გასციებოდა გული. ამიტომ მივიდა ტაი-სანთან. ნაამბობიდან ჩანდა, როგორ ჰქონდა სული აფორიაქებული.

თხრობა რომ დაასრულა, გაფითრებულმა ო-ტოსიმ სინძოს თვალებში შეხედა და უთხრა: “ასეთი ყოფილა ჩემი ბედი, როგორც უნდა გაგვიჭირდეს, უნდა დავშორდეთ…”. სასოწარკვეთილი ქალი მუხლებზე შემოეჭდო სინძოს და აქვითინდა. სინძომ აღარ იცოდა, რა ეღონა. მხრებზე ეფერებოდა, ამშვიდებდა, ამხნევებდა, მაგრამ თვითონაც არ იცოდა, როგორ ეხსნა სატრფო ამ ჯადოქრის კლანჭებიდან. არც ის უნდოდა, ო-ტოსის შეეტყო მისი უიმედობა, ამიტომ მხიარულად უთხრა: “ასე ნუ ღელავ, რაღაცას მოვიფიქრებთ, დრო ჯერ გვაქვს”. ო-ტოსიმ ტირილი შეწყვიტა,ს ახეში შეაცქერდა და ურწმუნოდ გააქნია თავი: “დრო კი გვაქვს, მაგრამ არა მგონია რაიმე შევძლოთ. ზეგ დედაბერი კვლავ ჩამისახლებს ბასარას სულს და ვინ იცის, რა წამომცდება…” სინძოს გააჟრჟოლა. ზეგამდე უნდა მოენახა გამოსავალი. თუ არა და, ორივეს უბედურება დაატყდებოდა თავს. ოღონდ რა უნდა ეღონა ამ მოკლე დროში? პოლიციისათვის მიემართა? მაგრამ მიღმიერში ჩადენილი დანაშაული ხომ ამქვეყნიური კანონებით არ ისჯება? ხალხი შეეყარა და ჯადოქარი ო-სიმას ბოროტებაზე მოეთხრო? ყურადღებასაც არავინ მიაქცევდა, სასაცილოდ არ ეყოფოდათ. სინძოს ისღა რჩებოდა, ასე ხმაამოუღებლად, გულხელდაკრეფილი მდგარიყო. ო-ტოსიმ ცრემლიანი თვალები მოავლო ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ჩაიჩურჩულა: “ნეტა მოვკვდე მაინც!” შემდეგ, თითქოს რაღაცის შეეშინდაო, მიმოიხედა: “წასვლის დროა, თუ დავიგვიანე, დედაბერი ისევ მაწამებს”. მართლაც, ნახევარ საათზე მეტი იქნებოდა, რაც სანაპიროზე ისხდნენ. მოქცევის სურნელით გაჟიებულ უკუნს დაეფარა ყოველი, მოპირდაპირე ნაპირზე ახოხოლავებული შეშის ზვინი და მთაზე მიმაგრებული ტომაბუნე ერთ ჩალურჯებულ მასად ქცეულიყო; მხოლოდ ტეტეკავას ტალრათა ქაფი მოჩანდა თეთრად, უზარმაზარი თევზის თეთრი მუცელივით. სინძომ მხარზე მოხვია ხელი ო-ტოსის, ნაზად დაუკოცნა სახე და გამხნევება სცადა: “ხვალ საღამოს აქვე გელოდები. მანამდე ვეცდები რაღაც მოვიფიქრო”. ო-ტოსიმ სველი პირსახოცით შეიმშრალა თვალები და უსიტყვოდ, ნაღვლიანად დაუქნია თავი. მძიმედ წამოდგა ქვის მოაჯირიდან, წასვლა დააპირა, მაგრამ ისევ წაიჩურჩულა: “ნეტა მოვკვდებოდე”. წამისად იმ ბოძთან, სადაც ოტოსის მოსვლამდე ჰაერში გალღვნენ შავი პეპლები, ადამიანის უზარმაზარი თვალი გამოკვეითა. ეს უწამწამო, ამღვრეული, ცისფრად ლიბრგადაკრული თვალი ჰაერში ეკიდა და წყვდიადს გამოსცქეროდა დაჟინებით. თვალი, წყალზე მოგდებული ქაფივით, ანაზდად გამოჩნდა ცისიერში, შემდეგ ოდნავ მოშორებით გადაინაცვლა და ადგილზე გახევდა. მერე ტალახისფერი, მოყვითალო კაკალი თავლის კუთხეში მიელმდა. ძლივს მოჩანდა წყვდიადში და მაინც ბოროტ შუქს აფრქვევდა. სინძო მთელი სხეულით აეფარა ო-ტოსის, დაძაგრული იდგა და თვალს ვერ აშორებდა საზარელ მოჩვენებას. თითქოს ყინულიანმა ქარმა წამოუბერაო, ზურგი გაეთოშა, სუნთქვა შეეკრა. დაყვირება მოუნდა, მაგრამ ხმა ვერ ამოაცდინა ხორხს. ასე, ზიზღით და გაბოროტებით უცქეროდნენ ერთმანეთს სინძო და თვალი, ანაზდად მოჩვენება მიმქრალდა, უზარმაზარი ნიჟარისდარი ქუთუთო დაიხუჭა და გაქრა. მხოლოდ ის იყო (თუ ესეც მოეჩვენათ), შავი პეპლის მსგავსმა რაღაც ფრინველმა ააქნია ფრთები და უშუქარისკენ გაფრინდა. ეგებ ღამურა შეეხო მიწას ფრთით? სინძო და ო-ტოსი თითქოს საზარელი სიზმრიდან გამოერკვნენ, გაფითრებულებმა გადახედეს ერთმანეთს, ანაზდად გამოერკვნენ, გაფითრებულებმა გადახედეს ერთმანეთს, ანაზდად მაგრად ჩაჭიდეს ერთმანეთს ხელი და ვერხვის ფოთლებივით აცახცახდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ სინძო უკვე ტაი-სანის გრილ, უკანა სასტუმრო ოთახში იჯდა და თვალის ცეცებით, ჩურჩულით უყვებოდა ამ საღამოინდელ სასწაულებს, უყვებოდა შავ პეპლებზე, ჯადოქარ ო-სიმას საიდუმლოებაზე, წყვდიადში ამოცურებულ უზარმაზარ შავ თვალზე _ ეს ყოველივე თანამედროვე ახალგაზრდებს სრულ სისულელედ მოეჩვენებათ, მაგრამ ტაი-სანმა უკვე იცოდა ო-სიმას ჯადოქრობის ამბები და არაფერი გაკვირვებია. სუნთქვაშეკრული უსმენდა სტუმარს და ხანდახან თუ შესთავაზებდა ნაყინს.

“ეს ყველაფერი მოწმობს, განაგრძო სინძომ, _ რომ დედაბერმა ხელჩართულ ბრძოლაში გამომიწვია. აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, შეიტყო თუ არა ჩვენი დღევანდელი შეხვედრის შესახებ. უარესი ის მგონია, რომ ხვალისთვის ო-ტოსის შეხვედრა დავუთქვი და თუ დღეს შენიშნა მისი გაპარვა, ხვალ ალბათ აღარ გამოუშვებს. ამ ორ დღეში რაიმე გეგმა რომც მოვიფიქროთ, ხვალ თუ ო-ტოსი ვერ ვნახე, ვეღარ შევატყობინებთ. ღმერთებმა და ბუდამაც ზურგი მაქციეს. ისე ვიყავი შეძრწუნებული, აღარც კი მახსოვს, როგორ მოვედი შენთან”. ტაი-სანი ხმაამოუღებლად უცქეროდა, როგორ ბზრიალებდა ნიავის წამოქროლებაზე სახურავიდან დაშვებული გვიმრა, შემდეგ სინძოს შეხედა და წარბგაუხსნელად უთხრა: “მაშასადამე, მიზნის მისაღწევად სამი პირობაა შესასრულებელი. უპირველესად, დედაბერს უვნებლად უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან ო-ტოსი, ეს ყველაფერი ზეგ უნდა აღსრულდეს, რისთვისაც ხვალ აუცილებლად უნდა შეხვდე ო-ტოსის, ხოლო თუ პირველი და მეორე შესრულდა, მესამე პირობა აღარ დაგვჭირდება”. _ “როგორ?” _ ჰკითხა ქანცგაწყვეტილმა სინძომ. ტაი-სანმა მშვიდად უპასუხა: “დამშვიდდი… შენ მაგივრად მე… _ მაგრამ სიტყვა გაწყვიტა, მიმოიხედა, მხიარულმა გაიღიმად აუთხრა: _ “მგონი აჯობებს საიდუმლოდ შევინახო, რაც მოვიფიქრე. ამ ჯადოქრისაგან არაფერი იქნება გასაკვირი. ამიტომ ჯობია ენას კბილი დავაჭიროთ. იმედი მაქვს, ორივე ამოცანას გავუმკლავდებით. მე გაძლევ პირობას, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც გვსურს. ახლა კი ლუდი დალიე და იმხიარულე”. სინძო დაღვრემილი იჯდა, მეგობრის ნათქვამმა უარესად გააღიზიანა. ტაი-სანმა შენიშნა, რომ სინძოს ჯერ ერთი წვეთიც არ დაელია, წინ ქაფგაცლილი ლუდის ჭიქა ედგა, ამიტომ თვითონ ასწია ბოთლი და უთხრა: “მოდი, თითო ჭიქა დავლიოთ”. სინძომ ის იყო ტუჩებთან მიიტანა კათხა _ ლუდის მოსარკულ ზედაპირზე ჭერზე დაკიდული ნათურა და იოსიდო აირეკლა და წამიერად ადამიანის სახეც გაკრთა. ცხადლივ ვერც გაარკვია, ადამიანი იყო თუ ქვეწარმავალი, არც ფრინველს ჰგავდა, არც ცხოველს. სახის მხოლოდ ზედა ნაწილი მოუჩანდა, ვალები და ცხვირი, თითქოს სინძოს ზურგს უკნიდან ვიღაცამ ჭიქაში ჩაიხედაო, კედელსაც კი გარკვევით აეკრა ჩრდილი. ეს ყოველივე სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. მუქ ლუდში გამკრთალმა ამ უცნაურმა არსებამ დაჟინებით შეხედა სინძოს თვალებში და მაშინვე გაქრა. სინძომ ისევ მაგიდაზე დადგა ლუდით სავსე კათხა და შეშინებულმა მიმოიხედა. უწინდებურად ანათებდა ნათურა, ნიავი აქანავებდა ჭერიდან დაშვებული გვიმრის კონას, ოთახში არავინ იყო მათ გარდა. “რა მოხდა? ბუზი ხომ არ ჩაგივარდა?” _ ჰკითხა ტაი-სანმა. სინძომ ცივი ოფლი მოიწმინდა შუბლიდან და უწადილოდ უთხრა: “რაღაც საოცრება მომეჩვენა ჭიქაში”. _ “საოცრება? _ ჩაეკითხა ტაი-სანი და სინძოს ჭიქაში ჩაიხედა. _ იქნებ მოგეჩვენა, რა ნათელმხილველიც უნდა იყოს ის დედაბერი, ამსიშორეზე არა მგონია მოგწვდეს”. _ “ამ წუთას შენ არ მითხარი, მისგან გასაკვირი არაფერიაო?” _ ეგ კი მართალია, მაგრამ… ლუდი რა შუაშია, დალიე მაინც”. ტაი-სანი ყოველნაირად ცდილობდა მეგობრის გამხნევებას, მაგრამ სინძოს უფრო და უფრო ეშხამებოდა გუნება. ხელიც არ უხლია ჭიქისთვის. ბოლოს წამოდგა. ტაი-სანმაც აღარ გააჩერა. ალერსიანად დაემშვიდობა, სთხოვა, მხნეობა მოეკრიბა და შინ წასულიყო.

იმ ღამეს სინძოს ეძინა, მაგრამ რაღაც უცნაურ სიზმრებს ხედავდა. გათენდა თუ არა, მაშინვე ტაი-სანს დაურეკა, უნდოდა თანაგრძნობისათვის მადლობა გადაეხადა, მაგრამ ყურმილში უპასუხეს, რომ ტაი-სანი დილიდანვე სადღაც წასულიყო. სინძომ რატომღაც გაიფიქრა, რომ მისი მეგობარი ალბათ ჯადოქართან იყო წასული, მაგრამ არაფერი უკითხავს, მაინც არ ეცოდინებოდათ, ამიტომ სთხოვა, გადაეცით, როგორც კი დაბრუნდება, დამირეკოსო. შუაღამისას დაურეკა ტაი-სანმა, მართლაც წასულიყო ჯადოქართან, ვითომდა იმისთვის, რომ ბინის განლაგების შესახებ გამოეკითხა. “საბედნიეროდ, ო-ტოსი ვნახე და ჩუმად გადავეცი წერილი, რომელშიც ჩვენი გეგმები ეწერა. ხვალ პასუხს მივიღებთ. ჩემის აზრით, ო-ტოსი დაგვთანხმდება, სხვა გზა არ ჩანს, დრო აღარ ითმენს”. “მაინც რა მოიფიქრე?” _ ჰკითხა სინძომ, მაგრამ ტაი-სანმა კვლავ ჩაიცინა. “ორი-სამი დღეც მოითმინე. ჩვენ ხომ ჯადოქართან გვაქვს საქმე, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ისევ დაგირეკავ. კარგად იყავი!” სინძო, ჩვეულებისამებრ, სტამბაში ჩავიდა სამუშაოდ. ხვდებოდა, რომ ამ დღეებში მისი ბედი უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ ვერც სიხარულს და ვერც სასოწარკვეთას ვეღარ გრძნობდა. უცნაურად აღგზნებული იყო მხოლოდ, აღარ შეეძლო ქაღალდისა და საანგარიშოს დანახვა. ერთხანს იბორიალა და ისევ მეორე სართულზე ავიდა დასაძინებლად. ერთთავად ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა და ეძინა თუ ეღვიძა, ეს ფიქრი მაინც თან დაჰყვებოდა. დღის სამ საათზე მოეჩვენა, რომ ვიღაც კიბეზე იყო ჩაცუცქული და იქიდან უცქერდა. ფეხზე წამოხტა, კარი გამოაღო, მაგრამ კიბის ბაქანი ცარიელი იყო, გაპრიალებულ, კარგად მორეცხილ იატაკზე მხოლოდ სარკმლიდან შემოჭრილი ცის ნიავი ირეკლებოდა.

მეორე დილასაც ასევე აწრიალებულმა გაიღვიძა, დიდხანს, მოუთმენლად, ელოდა ზარს, ბოლოს დაუძახეს, ტაი-სანმა მხიარულად აუწყა: “ო-ტოსისაგან პასუხი მივიღე. ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც ვუთხარი. თვითონ მივედი დედაბერთან ო-ტოსი შემეგება და პასუხი გადმომცა. ხირაგანათი დაუწერია: “თანახმა ვარ”. უეცრად რაღაც ახრიალდა ხურმილში, სიტყვებს ვერ გაარჩევდი, მაგრამ ვიღაც დამცინავად, ქლოშინით ჩურჩუებდა თითქოს. სინძომ იფიქრა, რომ ხაზი დაზიანდა და ისევ საუბარს განაგრძობდა, ერთი სული ჰქონდა კიდევ შეეტყო რაიმე თავისი სატრფოს შესახებ. მაგრამ ეს ხმა, როგორც ჩანს ტაი-სანსაც შემოესმა და ჰკითხა: “მანდ რა ხმაურია?” _ “მე მარტო ვარ, ალბათ ჩაერთო ვიღაც”, _ უპასუხა სინძომ. ტაი-სანმა უსიამოდ გააწკაპუნა ენა: “დადე ყურმილი, დაგირეკავ”. სამჯერ მაინც დარეკა, ტელეფონისტ ქალს ელაპარაკა, მაგრამ ყურმილში მაინც გაისმოდა ის რაღაც უცნაური, ქვეწარმავლის ხროტინის მაგვარი ხმა. ლაპარაკი განაგრძეს. “ალბათ სადღაც დაზიანდა ხაზი, _ უთხრა ტაი-სანმა, _ მე მგონია, რადგან ო-ტოსი დაგვთანხმდა, ჩვენ გეგმას წინ ვერაფერი დაუდგება. მშვიდად იყავი, როგორც კი რამეს გავრაკვევ, დაგირეკავ”. სინძოს მაინც არ უთმენდა სული და გუშინდელივით ჩაეკითხა: “მაინც რას აპირებ?” მაგრამ ტაი-სანმა ამჯერადაც ბანზე აუგდო სიტყვა: “ერთი დღეც მოიცადე, მე მგონი, ხვალ ამდროისთვის უკვე მეცოდინება ყველაფერი. ნუ ჩქარობ. წარმოიდგინე რომ გემით მიცურავ სადღაც. აკი ამბობენ, სასიხარულო ამბავს ლოგინში ელოდეო”. სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ ვიღაცამ ყურმილში ჩაიქირქილა: თავს ნუ იგდებთ!” “გაიგე?” _ ერთხმად წამოიყვირა ორივემ, მაგრამ უკვე აღარაფერი ისმოდა. “ცუდადაა საქმე, ნამდვილად ის დედაბერი იყო! შეიძლება ისე მოხდეს რომ ჩვენი გეგმა… თუმცა ხვალამდე მოვიცადოთ. კარგად იყავი”. _ ტაი-სანს შეშფოთებული ხმა ჰქონდა. თუ ჯადოქარმა მათი საუბარი მოისმინა, მაშასადამე, ტაი-სანისა და ო-ტოსის ფარული მიმოწერაც შენიშნა. ტყუილად არ ფრთხილობდა ტაი-სანი. თუკი ჯადოქარმა მისი გეგმა შეიტყო, ყველაფერი დაიღუპებოდა. სინძომ ყურმილი დადო, აცახცახებული ავიდა მეორე სართულზე და მზის ცასვლამდე ცას გასცქეროდა. ცაში კი _ იქნებ ეჩვენებოდა კიდეც უგუნებობის გამო _ ავისმომასწავებელი, შავი პეპლები დარიალებდნენ, რაღაც ჯადოსნურს ქარგავდნენ. მაგრამ სულით და ხორცით გატანჯულ სინძოს აღარც ამისთვის მიუქცევია ყურადღება.

იმ ღამესაც ავი ზრახვები ტანჯავდა და გამოძინება ვერ შეძლო. თუმცა რიჟრაჟისპირზე ოდნავ მოეშვა გულზე, ნაჩქარევად ისაუზმა და ტაი-სანს დაურეკა. “ამ დილაუთენია რამ გაგაღვიძა? მე მაინც შეგცოდებოდი, ხომ იცი, როგორ მიყვარს დილის ძილი”, _ აბუზღუნდა ტაი-სანი, მაგრამ სინძოს არაფერი ესმოდა, ჭირვეული ბავშვივით დაიჟინა: “გუშინდელმა ხმამ მოსვენება დამიკარგა. შინ ვეღარ ვჩერდები. ახლავე შენთან მოვალ, გესმის ჩემი? ახლავე მოვალ”. ტაი-სანმა მთქნარებით უთხრა: “კარგი, გელოდები”. სინძო ისე გაიჭრა სტამბიდან, დედისათვის არც უთქვამს, სად მიდიოდა.

შავი ღრუბლები იბოლქვებოდა, აღმოსავლეთით რვალისფრად ვარვარებდა ცის კიდური. გაუსაძლისი ხვატი იდგა. სინძო ცარიელ ტრამვაის შეახტა და დაჯდა. უეცრად საშინელი დაღლილობა იგრძნო, ისევ მოეშხამა გუნება, ძალზე ასტკივდა თავი _ თიტქოს ჭილის ქუდიც მარწუხივით უჭერდა: გადაწყვიტა, სხვა რამეზე გადაეტანა ფიქრი და მომოიხედა. ვაგონის ორივე მხარეს დაკიდებული ტყავის სახელურები ირწეოდნენ და მხოლოდ მის თავს ზემოთ ჩამოკონწიალებული რამდენიმე სახელური გაუნძრევლად მიტყუპებოდა ერთმანეთს. “რა უცნაურია!” _ გაიფიქრა სინძომ, მაგრამ არაფრად ჩააგდო ეს. თანდათან ისევ იგრძნო ვიღაცის დაჟინებული მზერა. წამოდგა, უნდოდა ამ გახევებულ, ერთმანეთზე მიტყუპულ სახელურებს გარიდებოდა და მეორე მხარეს, კუთხეში მიიყუჟა. შემთხვევით აიხედა მაღლა _ მის თავს ზევით კვლავ ერთმანეთს ჩახუტებოდა და გახევებულიყო რამდენიმე სახელური, ისინი კი, ადრე რომ მის მაღლა ეკიდა, თავისუფლად აქანავდნენ. თავზარდაცემულმა შიშმა დაუარა სხეულში. თავის ტკივილიც გადაავიწყდა, თითქოს ხსნას ელისო, თანამგზავრებს მოავლო თვალი. უეცრად მის პირდაპირ მჯდარმა დედაბერმა კისერი მოიღერა და მწვანეჩარჩოიანი შავი სათვალიდან დაჟინებით შეაცქერდა. ეს მოხუცი სულაც არ ჰგავდა ჯადოქარს, მაგრამ სინძოს მაშივე ო-სიმას გატეტკილი, შეშუპებული სახე გაახსენდა და ადგილზე ვეღარ გაჩერდა. სასწრაფოდ ბილეთი მიაწოდა კონდუქტორს და ქურდობაზე წასწრებული ბაცაცასავით კუდამოძუებული ჩახტა ტრამვაიდან. ტრამვაი დიდი სიჩქარით მიქროდა, ამიტომ ჩამოხტომისას შლაპა გადაუვარდა. გეტის ღვედები გაუწყდა და პირქვე დაეცა მიწაზე. იმავ წამს საიდანღაც მანქანა გამოჩნდა, სინძომ ძლივს მოასწრო ფეხზე წამოხტომა, აღრიალებულ მანქანას გაერიდა, თვალი გააყოლა საკუთარ სიკვდილს და უეცრად, უკანა, ყვითელ ფრთაზე შავი პეპელა _ სავაჭრო ფირმის ნიშანი დაინახა. მაშინღა მიხვდა, რომ ღმერთმა სიკვდილისაგან იხსნა.

ეს კურაკაკებასის გაჩერების სიახლოვეს მოხდა, ბედად, თავისუფალი რიქშა გამოჩნდა, რის ვაი-ვაგლახით აორთხდა სკამზე და თუმცა ჯერ ხეირიანად ვერც იყო გონს მოსული, ხიგასიროიგოკუსკენ წასვლა უბრძანა. გული ამოვარდნაზე ჰქონდა, გადაქლეთილი მუხლები ეწვოდა, თან გადატანილი შიშით დაზაფრული იმაზე ფიქრობდა, საზიდარი არ გადაბრუნებულიყო. ცოცხალ-მკვდარმა მიაღწია საწადელ რაიონს. კოკუგიკანის თავზე მღვრიევერცხლისფრად შემოქობილი შავი ღრუბლები მოცურავდნენ, მდინარეზე კი პეპლის ფრთებივით ლურჯ-მწვანე იალქნები რიალებდა. სინძოს გული დაუმძიმდა, გაიფიქრა, რომ ალბათ ეს ყოველივე ო-ტოსის სამუდამოდ განშორების მოახლოვებას მოასწავებდა და ცრემლით აევსო თვალი. ბოლო და ბოლოს რიქშამ ხიდი გადაირბინა, ხელნა ტაი-სანის სახლის წინ დაუშვა მიწაზე და გულჩაწყვეტილი, გაქვავებული სინძო ძირს ჩამოვიდა: აღარ იცოდა, გახარებოდა თუ წყენოდა გადარჩენა, გაოგნებულ რიქშას ერთი მუჭა ხურდა ფული ჩაუყარა კალთაში და ტაი-სანის ბინაში შეიჭრა.

სინძოს დანახვამ ტაი-სანიც შეაშინა, ძალით შეათრია უკანა სასტუმრო ოთახში, გადაყვლეფილ ხელ-ფეხზე დააკვირდა და ჰკითხა: “რას გევხარ? რა დაგემართა?” _ “ტრამვაიდან ჩამოვხტი და ფეხი დამიცდა, დავეცი”. _ “ჭკუა როდის უნდა ისწავლო? სოფლიდან ჩამოსული ხომ არა ხარ, როგორ შეიძლება ტრამვაიდან გადმოხტომა?” სინძომ დაწვრილებით უამბო, რაც ტრამვაიში გადახდა. მეგობარმა ხმაამოუღებლად მოუსმინა, უჩვეულოდ მოიღუშა და ჩაიბურდღუნა: “ცუდადაა ჩვენი საქმე. ნეტა ო-ტოსის ხომ არაფერი შეეშალა?” სინძო უცებ აღელდა და მკაცრად ჰკითხა: “რას ნიშნავს შეეშალა? ასეთი რა დაავალე?” მაგრამ ტაი-სანმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ შეშფოთებული ბურდღუნებდა: _ “შეიძლება ჩემი ბრალიც იყოს, შენთან ტელეფონით რომ არ მელაპარაკა, როგორ გადავეცი ბარათი, ჯადოქარი ვერ მიხვდებოდა განზრახულს”. ტაი-სანმა სიმწრით ამოიოხრა. სინძოს მოთმინების ფიალა გაუწყდა და განრისხებულმა, აკანკალებული ხმით იყვირა: “ახლავე მითხარი, რა მოიფიქრე, შენს გამო ორმაგად ვიტანჯები!” _ “ცხადია, იტანჯები, კარგად მესმის შენი, მაგრამ უნდა გაუძლო, სხვა გზა არა გვაქვს. ჩვენ ხომ ჯადოქარი მოგვეკიდა მტრად. მე მართლა მეშინია. ო-ტოსისათვის გადაცემულ წერილზე ხმა რომ არ ამომეღო, ჩვენი საქმე უკეთ წარიმართებოდა. ვერ ხვდები, დედაბერი ყველგან გითვალთვალებს, ხოლო იმდღევანდელი საუბრის შემდეგ, არც მე მაშორებს თვალს? და რადგან მე ჯერ ასეთი სასწაულები არ გადამხდენია, სჯობს ისევ არაფერი გითხრა, ვიდრე საბოლოოდ არ დავრწმუნდები, რომ გეგმა გამოაშკარავებულია”. ტაი-სანი არწმუნებდა და ამშვიდებდა სინძოს, მას კი წარბები შეეყარა და აღელვებული იმეორებდა: “ნეტა რაიმე უბედურება ხომ არ შეემთხვა ო-ტოსის?” ტაი-სანი ხმას აღარ იღებდა, ერთხანს ფიქრობდა, შემდეგ უთხრა: “ადგილს ვეღარ ვპოულობ, მოდი, ჯადოქრის სახლთან მივიდეთ და გავიარ-გამოვიაროთ. იქნებ რაიმე შევნიშნოთ”. აღარც სინძოს შეეძლო გულხელდაკრეფილი ჯდომა, მაშინვე დათანხმდა და ხუთიოდე წუთის შემდეგ ორივემ დატოვა ტაი-სანის სახლი.

რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა ძლივს მოასწრეს, რომ ზურგიდან ფეხის ხმა შემოესმათ. ორივე სწრაფად შებრუნდა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შენიშნეს, ტაი-სანის მოსამსახურე ბიჭი პატრონს მოსდევდა და მხარზე გადებულ ქოლგას მოარბენინებდა. “ქოლგა მომიტანე?” _ “დიახ, წვიმას აპირებს, ბატონო”, _ “შეგეძლო სტუმრისთვისაც წამოგეღო”, _ ნაძალადევად გაიღიმა ტაი-სანმა. ბიჭმა კეფა მოიქექა, უგერგილოდ დაუკრა თავი და უკან გაიქცა. მართლაც თავს ზემოთ შავი, საწვიმარი ღრუბლები დაჯანღულიყო, აქა-იქ გამომკრთალ ცას კი ბზვინვარე ფოლადივით ავად ცივი ფერი დასდებოდა. სინძომ ცას ახედა, ისევ რეჩხი იყო გულმა და ფეხს აუჩქარა. ტაი-სანიც აჩქარებული მიჰყვებოდა უკან, შეწუხებული იწმენდდა შუბლიდან ოფლს, მაგრამ მალე მობეზრდა ეს სირბილი, ქოლგა გაშალა და აუჩქარებლად განაგრძო სვლა, ხანდახან სიბრალულით თუ შეხედავდა წინმიმავალი მეგობრის ზურგს. იტინობასისთან მარცხნივ გაუხვიეს, ისგასის სანაპიროს მიუახლოვდნენ და იმ ადგილას, სადაც სინძომ და ო-ტოსიმ ცაში ცაში დაკიდული თვალი იხილეს, რიქშა წამოეწიათ. როგორც კი ტაი-სანმა საზიდში მჯდარ კაცს მოჰკრა თვალი, წარბი შეიკრა და მეგობარს გასძახა: “დამიცადე!” სინძო შედგა, უწადინოდ მოხედა მეგობარს და უკმაყოფილოდ ჰკითხა: “რა მოხდა?” ტაი-სანი სწრაფად მიუახლოვდა. “ის კაცი თუ დაინახე, ახლა რიქშაში რომ იჯდა?” _ “დავინახე. შავსათვალიანი, გამხდარი კაცი იყო”. _ უპასუხა სინძომ და ისვ განაგრძო გზა. ტაი-სანიც გვერდით გაჰყვა და უცებ უთხრა: “იცი, ეს კაცი ჩემი მუდმივი კლიენტია, ბირჟაზე თამაშობს, სახელად კაგისო ჰქვია. ნეტა ეს ხომ არ არის ო-ტოსის მთხოვნელი? დარწმუნებული კი არ ვარ, მაგრამ რატომღაც ასე მომეჩვენა”. _ “ალბათ მოგეჩვენა”, _ აუღელვებლად უთხრა სინძომ. იმ აბანოს ჩაუარეს, “ატმის ყვავილი” რომ ერქვა, მაგრამ იქით არც გაუხედავთ. ტაი-სანმა ქალგით ანიშნა, საით უნდა წასულიყვნენ და უცებ ისევ უთხრა: “არა, არ მომჩვენებია. ხედავ, რიქშა დედაბრის სახლის წინ დგას”. მართლაც, ის რიქშა ახლა ტოტებდაშვებული ტირიფის ქვეშ, მიწაზე იჯდა.

სინძო თითქოს გამოცოცხლდა, მაგრამ მაინც ურწმუნოდ უთხრა: “დედაბერთან მარტო კაგისო რომ არ დაიარება. სხვებიც მოდიან სამკითხაოდ”. ამასობაში მებთქაშის სახლს გაუსწორდნენ. ტაი-სანი მაინც თავის ნათქვამზე იდგა, გარემოს ათვალიერებდა. ჯარისკაცებივით მწყობრი ნაბიჯით ჩაუარეს ჯადოქრის სახლს, თავის მოუბრუნებლად, ცერად გახედეს ფანჯრებს, უცნაური ვერაფერი შენიშნეს, მხოლოდ ფეხმორთხმული რიქშა იჯდა. ყურში სიგარეტის ნამწვი გაეჩარა, სწორედ მებათქაშის სახლიდან მონადენი წყლის ნაკადის პირდაპირ, რეზინის ბორბლების ფართო ნაკვალევში ჩამჯდარიყო და გაზეთს კითხულობდა. დანარჩენი _ ლერწმის თეჯირიანი ფანჯარა, ჭუჭყიანი კარი და კედლები ისეთივე იყო, როგორიც ამ რამდენიმე დღის წინ, ისევ უსიერი ტყის დუმილი სუფევდა სახლში, არც ო-ტოსის მუქ-ლურჯი კიმონო გამკრთალა სადმე. ჯადოქრის სახლს ჩაუარეს და მეწვრილმანის დუქანს მიუახლოვდნენ. იმედი გაუცრუვდათ.

ქუჩაში გამოფენილ “ასაკუსას” ტუალეტის ქაღალდით, კუს ბაკნისმაგვარი ჯაგრისებით, დასაბანი ფხვნილებით სავსე დახლებს გასცდნენ, უზარმაზარი წითელი ფარნებით განათებულ დუქანთან მივიდნენ და უცებ… ო-ტოსი დაინახეს. ქალიშვილი იდგა და პატრონის ასულს ესაუბრებოდა. დაუფიქრებლად შევიდნენ დუქანში. შემოსულმა ხმა რომ შემოესმა, ო-ტოსი მობრუნდა, ფერმკრთალი სახე წამოენთო, მაგრამ მღელვარება დაიოკა, ძლივს შეიკავა სიხარული და გაოცებულმა ჰკითხა: “აჰ, თქვენ ბრძანდებით?” ტაი-სანმაც სცადა მშვიდად მოეჩვენებინა თავი, ჭილის ქუდს შეეხო ხელით და თითქოს სხვათა შორის ჰკითხა: “დედათქვენი შინ ბრძანდება?” _ დიახ”, უპასუხა ო-ტოსიმ. “თქვენ რატომღა ხართ აქ?” _ “საწერი ქაღალდის საყიდლად გამოვედი, სტუმარმა მოითხოვა…” _ ჩაიჩურჩულა ო-ტოსიმ. სიტყვა არც ჰქონდა დასრულებული, ტირიფის ტოტებით დაბურულ დუქანში უეცრად ჩამობნელდა და უზარმაზარ, წითელ ფარნებს ტკაპუნით დაეცა წვიმის წვეთები. თრთოლვამ დაუარა ტირიფის ფოთლებს და იქუხა კიდეც. ტაი-სანი დუქნიდან გამვიდა და უთხრა: “დედათქვენს გადაეცით, რომ სამკითხაოდ მოვედი, დიდხანს ვუკაკუნე, მაგრამ ხმა არავინ გამცა, ალბაY სტუმართან საუბარში იყო გართული… ცხადია, მედუქნის ქალიშვილმა არაფერი იცოდა და ვერც მიხვდა, რა მოხერხებულად გაიტამაშეს ეს სცენა. _ “აჩქარდი, ო-ტოსი”. _ უთხრა მეგობარს და წითელი ფარნები წამოკრიბა. ო-ტოსი დაემშვიდობა, ტაი-სანთან და სინძოსთან ერთად გამოვიდა დუქნიდან. ჯადოქრის სახლთან არც შეჩერებულან, სწრაფად გაუყვნენ სიტოცუმასაკენ მიმავალ გზას და, წვიმის მსხვილ-მსხვილი წვეთებისგან თავის დასაცავად, ქოლგის ქვეშ იყუჟებოდნენ. არა მარტო შეყვარებულებს, ტაი-სანსაც მოეჩვენა, რომ დადგა გადამწყვეტი წუთი, როცა ბედის სასწორი ან აქეთ უნდა გადმოიწონოს, ან იქით. შეთანხმებულივით ხმა არ ამოუღიათ ისიგასის სანაპირომდე, სამივე თავჩაღუნული მიაბიჯებდა, არად დაგიდევდნენ ღვარად წამოსულ წვიმას.

მოდარაჯე ძაღლებს რომ მიუახლოვდნენ, ტაი-სანმა თავი ასწია და შეყვარებულებს მიუბრუნდა: “როგორც ამბობენ, ეს ყველაზე საიმედო ადგილი ყოფილა, აქ დაველოდოთ გამოდარებას”. ახოხოლავებული ქვები განვლეს და სანაპიროს კუთხეში, ფანჩატურს შეაფარეს თავი. წვიმა მატულობდა, თეთრ, გაუვალ ფარდად ეკიდა ჰაერში, ტეტეკავას მოპირდაპირე ნაპირიც კი აღარ ჩანდა. წვიმის წვეთები გაჟიებული მიწის სურნელთან ერთად იპარებოდა ფანჩატურში. ქოლგა არ გაუკეციათ, გვერდიგვერდ დასხდნენ გაუთლელ ქვაზე და სინძომ მაშინვე თავისი სატრფოსაკენ იბრუნა პირი: “მეგონა, ვეღარასოდეს გნახავდი, ო-ტოსი”. ანაზდად, წვიმის გაუვალ ფარდაში ოკრობოკროდ გაიკლაკნა მკრთალი ელვა და თითქოს ცა განიხვნაო _ იქუხა. ო-ტოსიმ თავი მუხლებში ჩამალა, ერთხანს გაუნძრევლად იჯდა. შემდეგ დატეტკილი სახე ასწია, უსიცოცხლო თვალები მიაშტერა ფანჩატურის ირგვლივ თეთრ ფარდად ჩამოღვენთილ წვიმას და ჩუმად თქვა: “მე უკვე ყველაფერი გადავწყვიტე”. _ თავის მოკვლას აპირებს!” _ გაუელვა სინძოს. ტაი-სანი მათ შორის იჯდა ქოლგით ხელში, ხან ერთს შეხედავდა, ხან მეორეს, მერე ნაძალადევი მხიარულებით წამოიძახა: “რა ყურები ჩამოგიყრიათ! იმედი არასოდეს არ უნდა დაკარგოს კაცმა. აბა, შეხედეთ! ასეთ ამინდში სულთა მეუფეც უგზო-უკვლოდ დაბორიალებს და ვინ იცის, ვის გადააწყდება. ჯადოქართან ბირჟის მაკლერია სტუმრად. ყური მოვკარი, ეს ის მაკლერი უნდა იყოს, შენს შერთვას რომ აპირებს, ო-ტოსი, ასეა?” ტაი-სანმა შეგნებულად წარმართა აქეთ საუბარი. ო-ტოსიმაც, თითქოს ძილბურანიდან გამოერკვაო, ტაი-სანს შეხედა და ნაღვლიანად უპასუხა: “ჰო, ის არის!” _ მაშასადამე, არ შევმცდარვარ”. _ თქვა ტაი-სანმა და ამაყად გადახედა სინძოს. მერე ისევ ო-ტოსის მიუბრუნდა და სერიოზულად უთხრა: “ასეთ ამინდში კაგისო ალბათ ერთხანს იჯდება დედაბერთან. იქნებ მანამდე მომითხრო, შეძელი თუ არა ჩვენი გეგმის განხორციელება. თუ ვერ შეძელი, სხვა გზას დავადგებით. პირდაპირ მივალ ჯადოქართან და ვეცდები მოველაპარაკო”. ისევ იქუხა, წარამარა კრთებოდა ელვის ენები ციდან ჩანჩქერივით დაშვებულ წვიმაში. ო-ტოსიმ ათრთოლებული ტუჩებით ძლივს ჩაილაპარაკა: “დედაბერმა ყველაფერი დამაცდენინა…” და ოხვრით, სლუკუნ-სლუკუნით მოუთხრო ყველაფერი, რაც თავს გადახდა. ამ ნაამბობით მიხვდნენ, რომ ტაი-სანის გეგმა, რომლის შესახებაც სინძომ არაფერი იცოდა, წინა ღამეს ჩაფუშულიყო.

როცა ტაი-სანმა სინძოსაგან შეიტყო, რომ ჯადოქარი ო-ტოსის უსახლებდა ბასარას სულს და მისგან ისმენდა ბრძანებებს, მაშინვე ასეთმა აზრმა გაუელვა: ეგებ ო-ტოსის მოეხერხებინა დედაბრის მოტყუება და ბასარას სულის ნაცვლად თვითონ ებრძანებინა დედაბრისათვის, ხელი არ შეეშალა სინძოსა და ო-ტოსის ქორწინებისათვის. ეს ყველაზე მარჯვე ხერხი იყო და, როგორც ადრე მოგახსენეთ, დილაუთენია გადასცა ქალიშვილს წერილი. ო-ტოსი მიხვდა, ბეწვის ხიდზე რომ მოუწევდა სიარული, მაგრამ რადგანაც მოსალოდნელი უბედურებისაგან თავის დასაღწევად სხვა გზა არ არსებობდა, ამ გეგმის შესრულებაზე თანხმობა განაცხადა. ჩვეულებისამებრ, დედაბერმა ღამის თორმეტ საათზე ტეტეკავაში განიბანა სხეული და ო-ტოსის ჩხიბვას მიჰყო ხელი. მოულოდნელად წინააღმდეგობას წააწყდა. მაგრამ ვიდრე თხრობას განვაგრძობდე, ისც უნდა გაუწყოთ, როგორ ჩხიბავდა ო-ტოსის და ბასარას სულს უსახლებდა. დედაბერი აშიშვლებდა ქალიშვილს, ხელებს თავს ზევით უკრავდა, თმას უშლიდა და ჩრდილოეთისაკენ პირშექცევით სვამდა ჩაბნელებულ ოთახში. შემდეგ თვითონაც შიშვლდებოდა, მარცხენა ხელში სანთელს იჭერდა, მარჯვენაში _ სარკეს და ო-ტოსის წინ დგებოდა, რათა იდუმალი ხმისათვის ესმინა. სარკეს თვალწინ უტრიალებდა და ბუბუნით იწყებდა ლოცვას, მერე თანდათან ხმას უწევდა, სარკეში არეკლილ სანთლის ალს უნათებდა თვალებში, ვიდრე გონწართმეული ქალიშვილი გულაღმა არ დაეცემოდა ნოხზე. მერე დედაბერი ქვეწარმავალივით მისრიალდებოდა, ისევ სარკის ათინათს დაუტრიალებდა თვალწინ და სწორედ ამ დროს ჭაობის ორთქლივით ამოდიოდა წყლიდან ბასარას სული, უჩუმრად გამოარღვევდა სიბნელეს და ო-ტოსის სხეულში ჩასახლდებოდა. ქალიშვილი თვალს ვეღარ აცილებდა დედაბერს, მთელი ტანით თრთოდა და დედაბრის შეკითხვებზე, თავადაც რომ არ უწყოდა, ისეთ პასუხს აძლევდა. იმ ღამეს, როცა დედაბერმა ბასარას სულის ჩასახვება დაუპირა, ო-ტოსიმ გადაწყვიტა, გულწასულად მოეჩვენებინა თავი და თუ შემთხვევა მიეცემოდა, ბასარას ნაცვლად თავად გაეცა პასუხი, შემდეგ კი, თითქოს სულმა აღარ ინება მასთან ლაპარაკი, დადუმებულიყო. მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა სარკისათვის თვალის არიდება. დედაბერი ერთთავად თავზე ედგა, დაჟინებით უმეორებდა კითხვებს, სახეში აცქერდებოდა. ბედისწერის იდუმალი ნათებასავით სახეში ეშუქებოდა სარკის ციაგი და ყველგან იჭერდა მის მზერას. გასიებული დედაბრის მონოტონური ხმა, კითხვებს რომ ჩასჩურჩულებდა, მოულოდნელად თვალითუხილავი ობობას ქსელივით ყოველმხრივ შემოებლანდა ო-ტოსის სულს და თანდათანობით აღმოჩნდა ძილ-ღვიძილის ზღვარზე. რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ძილ-ღვიძილი, ო-ტოსი მიახლოვებითაც ვერ იხსენებდა. მას მოეჩვენა, რომ წამება მთელ ღამეს გაგრძელდა. ცდის მიუხედავად, ბოლოს და ბოლოს მაინც გაება დედაბრის მიერ დაგებულ იდუმალ მახეში. სანთლის მოციმციმე ალზე თავბრუდამხვევად ბზრიალებდნენ დიდი და პატარა შავი პეპლები, ჭერს და კედლებს ასკდებოდნენ, სარკეც სადღაც ქრებოდა და ღონემიხდილი ო-ტოსი, როგორც ყოველთვის, ღრმა ძილმა გათანგა.

ამ ამბავს წვიმის თქრიალსა და ელვა-ქუხილში ყვებოდა ო-ტოსი. ტაი-სანსა და სინძოს ხმა არ დაუძრიათ, სახეგაცრეცილები უსმენდნენ. თხრობა რომ დასრულდა, ორივემ შეთანხმებულივით ღრმად ამოიოხრა და ერთმანეთს გადახედა. ერთხანს ხმა არავის ამოუღია, დაბნეულები იდგნენ და ციდან ჩამოღვენთილი წვიმის ღრიალს უსმენდნენ. ბოლოს ტაი-სანმა მოიკრიბა ძალა და თბილად ჰკითხა ო-ტოსის, თითქოს ამხნევებდა: “სრულიად არ გახსოვს, რა ილაპარაკე იმ ღამეს?” _ არაფერი მახსოვს, _ უპასუხა ქალიშვილმა, შემდეგ დამფრთხალი, მავედრებელი თვალები მიაპყრო ტაი-სანს: “დილას მოვეგე გონს”, _ დასძინა და მწარედ აქვითინდა. ცა გამოდარებას არ აპირებდა, Qექა-ქუხილი აზანზარებდა ჰაერს. სინძო უეცრად ფეხზე წამოხტა; ქვისმთლელების მიერ დატოვებულ ჩაქუჩს წამოავლო ხელი და ის იყო, გარეთ გაჭრას აპირებდა, ტაი-სანი სწვდა მხრებში. “გაგიჟდი?” _ უყვირა ტაი-სანმა. სინძოს უცნაური, მყივანი ხმა აღმოხდა ხორხიდან: “გამიშვი! ან მოვკვდები, ან იმ დედაბერს მოვკლავ. სხვა გზა აღარ დამრჩენია!” _ “სისულელეს ნუ ამბობ. ხომ იცი, ახლა ის კაცი ზის დედაბერთან. ჯობს, ისევ მე მივიდე”. _ სიტყვასაც არ გათქმევინებს. ო-ტოსის ცოლად შერთვა აქვს გადაწყვეტილი და შეირთავს კიდეც. გამიშვი!” _ “ო-ტოსის რაღა ეშველება, მართლა რომ მოკლა ის ბინძური დედაბერი?” უეცრად სინძოს ორი ალერსიანი, ნაზი ხელი შემოეჭდო კისერზე, ცრემლებით სავსე ნაღვლიანი თვალები დაინახა და ჩურჩულიც ჩაესმა: “ნება მომეცით, მეც თქვენთან ერთად მოვკვდე”. ანაზდად გაყრუვდა გარემო, ცა განიხვნა თითქოს, ჭექა-ქუხილთან ერთად ფანჩატური იისფერმა ნაპერწკლებმა გაანათა და სინძო გულწასული დაეცა.

რამდენიმე დღე გავიდა. სინძო ძილისმაგვარი ხანგრძლივი უკუნიდან გამოერკვა. ნიხონბასიზე, საკუთარი სახლის მეორე სართულზე იწვა და შუბლზე ყინული ედო. თავთით წამლის ფიალები, სიცხის საზომი და ახალდაკრეფილი, ლაჟვარდისფერი ხვიარებით სავსე ქოთანი ედგა. ერთბაშად ბუნდოვნად გაახსენდა იმდღევანდელი დელგმა, ჭექა-ქუხილი, ჯადოქარი ო-სიმა, თვალი მოავლო ოთახს და ლერწმის კართან მიმჯდარი სახედანაღვლიანებული, ფემიხდილი ო-ტოსი დაინახა. ო-ტოსიმაც შენიშნა, სინძომ თვალი რომ გაახილა, ღაწვები შეეფაკლა და თქვა: “ახლგაზრდა ბატონი გონს მოეგო”. “ო-ტოსი!” _ გრძნობით ჩაიჩურჩულა სინძომ. და უეცრად ტაი-სანის მხიარული ხმა შემოესმა: “მადლომა ღემრთს! იწექი, იწექი, რაც შეიძლება მშვიდად უნდა იწვე!” _ “შენც აქა ხარ?” _ “მეც აქა ვარ, დედაშენიც, ექიმი კი ახლახანს წავიდა”, სინძომ ო-ტოსის მიწყვიტა მზერა, საწოლის თავთით გაიხედა, რაღაცას დააკვირდა. თავთით ტაი-სანიი და დედა ესხდნენ. სინძო ვერა და ვერ მიმხვდარიყო, იმ საშინელი დელგმის შემდეგ როგორ აღმოჩნდა საკუთარ სახლში და გაოგნებული უცქერდა ახლობლებს. “ახლა აღარაფერი გვიჭირს. მხოლოდ კარგად უნდა ჭამო, რომ დროზე მოიკეთო”, _ უთხრა დედამ. “შენი ო-ტოსის ლოცვა ღმერთმა ისმინა, დედაბრის ქოხს იმ ღამეს მეხი დაეცა”, _ უფრო მხიარულად უთხრა ტაი-სანმა. სინძოს სიხარული თუ ნაღველი შემოაწვა გულზე, ცრემლი გადმოდინდა ლოყაზე და თვალი დახუჭა. ოთახში მყოფნი აწრიალდნენ, მაგრამ სინძომ ისევ გაახილა თვალი. “ნუ გვაშინებ, _ უთხრა ტაი-სანმა, _ გული დაიმშვიდე!” სინძო უცებ მიხვდა, რომ ამქვეყნად აღარ არსებობდა ბოროტი ჯადოქარი და უნებლიეთ გაეღიმა. მან ბედნიერი ღიმილი შეანათა ტაი-სანს და ჰკითხა: “კაგისოს რაღა დაემართა?” _ “არაფერი, გრძნობა დაკარგა მხოლოდ, _ სიცილით უთხრა ტაი-სანმა და ბრძიკით განაგრძო: _ გუშინ ვესტუმრე და მან მითხრა, რომ როცა დედაბერი ბასარას სულს უსახლებდა, ო-ტოსი ერთთავად იმეორებდა, ხელი არ შეეშალა თქვენი სიყვარულისთვის, თორემ სიკვდილი არ ასცდებოდა. ჯადოქარმა კი გადაწყვიტა, რომ ბასარას სული კი არა, ო-ტოსი ამბობდა ამას და განრისხებული უმტკიცებდა კაგისოს, ორივეს მოკვლა რომ დამჭირდეს, მაინც დავაცილებო. მოკლედ, ჩემმა გეგმამ მაინც გასჭრა. დედაბერმა იფიქრა, რომ ო-ტოსი თვალთმაქცობდა და ამან დაღუპა. ასე იყო თუ ისე, ყველაფერი ძალზე მოულოდნელად მოხდა და მე ვეღარ ვხვდები, ბოროტი სულია ის ბასარა თუ კეთილი”. სინძო უსმენდა და გაოცებული ფიქრობდა მიღმიერ ძალებზე, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ასე ბედითად რომ ეპყრათ ხელთ მისი და ო-ტოსის სიცოცხლე. “მე? მე რაღა დამემართა?” ო-ტოსიმ უპასუხა: “ისიგასის სანაპიროდან რიქშით მოგიყვანეთ უახლოეს ექიმთან. წვიმისა და ნერვიულობის გამო მაღალი სიცხე მოგცათ და მზის ჩასვლის ჟამს უგონოდ მოგიყვანეთ შინ”. “დედაშენისა და ო-ტოსის წყალობით სიცხემ გიკლო, _ უთხრა ტაი-სანმა, _ სამი დღეა თვალი არ მოუხუჭავთ, შენს საწოლთან ისხდნენ. დედაბერი ო-სიმა მე დავასაფლავებინე, ამაზეც დედაშენმა იზრუნა”. “გმადლობ დედა!” _ ჩუმად ჩაიჩურჩულა სინძომ. “ჯობს ტაი-სანს გადაუხადო მადლობა, მე არაფერ შუაში ვარ!” _ უპასუხა დედამ. თვალცრემლიანნი შესცქეროდნენ ერთმანეთს. ტაი-სანი პირველი მოეგო გონს და მხიარულად შესძახა: “უჰ, სამი საათი გამხდარა! წასვლის დროა!” _ სამი?” განა ახლა დილა არ არის?” გაოცებულმა ტაი-სინმა ქამრიდან საათი ამოიღო, გახსნა, უნდოდა სინძოსათვის ეჩვენებინა, მაგრამ შენიშნა, რომ სინძო თავთით დაწყობილ ყვავილებს უცქერდა, მხიარულად ჩაიცინა და უთხრა: “ეს ყვავილები იყო ო-ტოსის ნუგეში დედაბრის სახლში. იმ წვიმიან დღეს ყვავილი აყვავდა და დღემდე არ დამჭკნარა. ო-ტოსი ხშირად იმეორებდა, რადგან ყვავილი აყვავილდა, სინძოც გამომჯობინდებაო. შენც მოიხედე. ესეც სასწაულია, მაგრამ სასიამოვნო სასწაული, არ მეთანხმები?”.

სექტემბერ-ოქტომბერი, 1919წ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button