ლიტერატურასაკითხავი

მერაბ ღაღანიძე “ხულიო კორტასარის უხმაურო მშფოთვარება”

თავისი რომანის “ჯილდოების” ბოლოთქმაში ხულიო კორტასარი წერდა: “წიგნი ძველებურად რჩება ჩვენი სახლის იმ ერთადერთ თავშესაფრად, სადაც თავი უშფოთველად შეგვიძლია ვიგრძნოთ”. ეს სიტყვები 1960 წელსაა დაწერილი და დღეს ბევრად უფრო მეტი მშფოთვარება შემოჭრილა ჩვენს სახლებში, თავშესაფარიც ბევრად უფრო ძნელი მოსაპოვებელი გამხდარა და წიგნსაც სულ უფრო ნაკლებად მოაქვს უშფოთველობის ის მშვიდი განცდა, რასაც ბოლო ხანებამდე კიდევ მოელოდნენ მისგან… მაგრამ, საფიქრებელია, “ჯილდოების” ავტორი ახლაც, ამჟამინდელ გარემოშიც ამასვე იტყოდა, რადგან მას – მკითხველსა და მწერალს – წიგნი და წიგნში ჩაწერილი სიტყვა ყოველთვის სანდო საყრდენად მიაჩნდა თავისთვისაც და სხვისთვისაც. მას, ალბათ, სჯეროდა, – და, ალბათ, ასეც იყო, – რომ მისი საკუთარი წიგნებიც თავშესაფარი აღმოჩნდა არა მარტო მწერლისათვის, რომელიც მათ სუნთქვაშეკრული დაჟინებით წერდა, არამედ იმ არაერთი მკითხველისათვისაც, რომლებიც მათ გატაცებითა და მადლიერებით კითხულობდნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.

მაგრამ ის, რაც კორტასარის წიგნებში ეწერა, თავად იყო მშფოთვარების გამოძახილი და თავად იწვევდა მშფოთვარებას, თუნდაც ეს გრძნობა თითქოსდა უხმაურო, თითქოსდა მიჩუმათებული, თითქოსდა შეუმჩნეველი ყოფილიყო. მაგრამ კორტასარის პროზის ფურცლებზე გამჟღავნებული სწორედ ამგვარი უხმაურო მშფოთვარება, მოცული დაძაბული უთქმელობითა თუ იდუმალებით, კიდევ უფრო ამძაფრდება დაუცველობის, უნიადაგობისა და მიუსაფრობის ძნელად გასაძლებ განცდას.

* * *

ხულიო ფლორენსიო კორტასარი მაშინ დაიბადა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, 1914 წლის 26 აგვისტოს, როცა გერმანული ჯარი ამ მომცრო ევროპულ სამეფოს უტევდა. ჩვილი ხულიოს მამა ბრიუსელში არგენტინის საელჩოში მსახურობდა, მაგრამ მთელ ოჯახს მალე მოუხდა დაპყრობილი ქვეყნის დატოვება. სანამ სამწლინახევრის ყრმა ბოლოს და ბოლოს სამშობლოში მოხვდებოდა და თავის სახლში, ბუენოს აირესის გარეუბანში, ბანფილდში, დაემკვიდრებოდა (შემდგომში ეს სახლიც, მისი ბაღიცა და მისი გარშემო უბანიც არაერთგზის აისახება მწერლის შემოქმედებაში), მანამდე მას, ოჯახთან ერთად ბელგიიდან ლტოლვილს, შვეიცარიასა და ესპანეთში მოუხდება ცხოვრება. ძნელად სავარაუდოა, რომ ეს წლები ცხადად აღბეჭდილიყოს მომავალი მწერლის უმწიფარ ცნობიერებაში, მაგრამ შესაძლოა, ამ გაუცნობიერებელმა მეხსიერებამაც, – ბასკი, ფრანგი და გერმანელი წინაპრების სისხლთან ერთად, – უბიძგა მას, ზრდასრულობის ხანაში არა მარტო სულიერი, არამედ ფიზიკური სამყოფელიც ევროპაში ეძებნა, რომლის შუაგულში, პარიზში, არგენტინელმა მწერალმა თავისი ცხოვრების ბოლო 33 წელი გაატარა.

მწერლად აღიარება მეტად გვიან მოვიდა, რადგან არც თავად იგი, – ჯერ გიმნაზიის მასწავლებელი და შემდგომ უნივერსიტეტის ახალგაზრდა პროფესორი, – ჩქარობდა თავისი ნაწერების გამოქვეყნებას, ხოლო გამოქვეყნების შემდგომ კი – მათს საზოგადოებრივ გავრცელებაზე ზრუნვას. როცა ხულიო კორტასარის სახელი არგენტინის ლიტერატურულ წრეებში გახდა ცნობილი, იგი უკვე პარიზში მცხოვრები ემიგრანტი იყო, რომელიც დღიურ საზრდოს იუნესკოში თარჯიმნად სამსახურით მოიპოვებდა. თუმცა დიდი დრო არ აღმოჩნდა საჭირო, ჯერ კიდევ მწერლის სიცოცხლეში, მეოცე საუკუნის ლიტერატურაში კლასიკოსად შესაბიჯებლად…

სიმართლე რომ ითქვას, მეტი არც არაფერი მომხდარა მის ცხოვრებაში განსაკუთრებული და საყურადღებო, თუ არ ჩავთვლით სამჯერ ქორწინებასა და მის ხშირ მოგზაურობებს, რომლებიც – არცთუ საკუთარი ნებით – უწევდა მას ჯერ როგორც დაქირავებულ თარჯიმანს, შემდგომ – უფრო საკუთარი ნებით – როგორც მიწვეულ პროფესორს, საქვეყნოდ ცნობილ მწერალს, ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში.

მისი ვნებიანი გატაცებანი კი არც ისე ახლოს იყო ლიტერატურასთან: კრივი და ჯაზი (თუმცა ჯაზი მაინც აისახა მის ნაწერებში, – არამარტო თემატურად, – რომლის ფარული კვალიც შეიძლება შეინიშნოს მისი ზოგიერთი ნაწარმოების აგებულებაში).

და კიდევ: იგი ყოველთვის უჭერდა მხარს ლათინური ამერიკის მემარცხენე-მოკომუნისტურო დიქტატურებს, – ბევრი მისი მკითხველისა და თაყვანისმცემლის გულდასაწყვეტად და საწყენად…

მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მის ცხოვრებაში მისი წიგნები იყო: რომანები და ნოველების კრებულები, რომელთაგან ზოგიერთი მხოლოდ ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, და, ასევე, ლექსები და პოემები, რომლებიც მხოლოდ მას შემდეგ გამოიცა, რაც ლეიკიმიით დაავადებული არგენტინელი მწერალი მისთვის უკვე გამშობლიურებულ პარიზში სამოცდაცხრა წლისა გარდაიცვალა.

* * *

ლათინური ამერიკის ლიტერატურათა მძლავრი დაქუხება (თუ “აფეთქება”), რაც ასე თვალსაჩინო გახდა მეოცე საუკუნის ბოლო მესამედის მსოფლიო სალიტერატურულო ცხოვრებაში, ერთმა შეფარულმა მიზეზმაც განაპირობა: არგენტინელი, კოლუმბიელი თუ კუბელი მწერლები – ნებსით თუ უნებლიეთ, გაცხადებულად თუ გაუცხადებლად – ხელახლა მიუბრუნდნენ რომანტიზმის იმ მივიწყებულ მემკვიდრეობას, რაც რეალიზმსა და ნატურალიზმს განედევნა ლიტერატურული თუ კულტურული სივრციდან საუკუნენახევრის განმავლობაში. ლათინური ამერიკის მწერალთა ნაწერებში რომანტიკული ტრადიციების გაცოცხლებამ დააცხრო მკითხველის ხანგრძლივი წყურვილი ფანტასტიკურის, იდუმალის, გაორებულის მიმართ, რაც ლიტერატურას, დამყარებულს ოდენ ემპირიულ ფაქტზე, კარგა ხნის განმავლობაში უგულებელყოფილი ჰქონდა. ყოფით ამბავში მიმალული უწყების შემჩნევა, ნათქვამის მიღმა უთქმელის აღმოჩენა, თვალსაჩინოში იმის დანახვა, რაც ხილულად არ მჟავნდება, ხელშესახებში იმის გამოვლინება, რაც ზედაპირზე არ შეიგრძნობა, – თუკი სამყაროს ამგვარი ხედვა, მოვლენათა და საგანთა მიმართ ამგვარი დამოკიდებულება ახალი არ იყო, ზოგადად, მწერლობისათვის, ყოველ შემთხვევაში, უჩვეულო იყო ავტომანქანებისა და ტელეფონების გარემოში, სადაც თანამედროვე ლიტერატურის მოქმედება ვითარდებოდა.

ცხადი და მეტყველი იყო კორტასარის გადაძახილიც იმ რომანტიკოსებთან, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნეში ოკეანის ორივე ნაპირას ამკვიდრებდნენ რწმენას, რომ არა მარტო ლიტერატურულ ტექსტში, არამედ თავად ამბავშიც ყოველთვის მრავალშრიანობა ივარაუდება. რომანტიზმის ტრადიციათა გასაცოცხლებლად არგენტინელ მწერალს საგანგებო – არა მხოლოდ მხატვრული, არამედ, ამავე დროს, თეორიული – წვლილი მიუძღვის, რადგან მან არა მარტო თავისი ტექსტები გაჟღინთა რომანტიკოსთათვის ჩვეული იდუმალი ორაზროვნების განცდით, არამედ – ჯერ კიდევ ადრე, რომანტიკული საწყისებისაკენ ნაყოფიერ შემოქმედებით მიბრუნებამდე – წლები დაუთმო ედგარ პოსა თუ კიტსის მეცნიერულ შესწავლასა და ესპანურად თარგმნას.

ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ კორტასარის თითქმის ყველა ტექსტი დამუხტულია ამოუცნობისა და მიუწვდომელის იმ მაცდუნებელი ხიბლით, რომელიც, საფრთხის მიუხედავად, მაინც იზიდავს ადამიანს, რომელიც არ კმაყოფილდება ოდენ ემპირიული და პოზიტივისტური ხედვით, რომელსაც არ სურს, სამყაროში მხოლოდ ერთი განზომილება დაინახოს და განჭვრიტოს.

და მაინც, კორტასარის სამყარო უსიხარულო, დანისლული, მრუმე სამყაროა, სადაც ადამიანი მარტოობისა და უცაბედი, განუჭვრეტელი განსაცდელის პირისპირ დგას. ხორხე ლუის ბორხესი, რომლის მადლიერ მოწაფედ მიაჩნდა თავი კორტასარს, თავისი უმცროსი კოლეგის ნოველათა წინასიტყვაობაში წერდა: “მთხრობელი ოსტატურად ჩაგვითრევს ხოლმე შემზარავ სამყაროში, სადაც ადგილი არა აქვს სიხარულს”. ძნელია ითქვას, რომ თავად ბორხესის სამყარო სიხარულით იყოს აღსავსე, მაგრამ ის, რაც მან შენიშნა კორტასარის პროზაში, იყო ხილული სურათი იმისა, თუ როგორი გაუსაძლისი ხდება ყოფნა გარემოში, სადაც გაუჩინარებულა ვერტიკალური განზომილება, და დროში, როცა ადამიანს აღარ სურს (ან უნარი დაუკარგავს!), ყური დაუგდოს მეტაფიზიკურ ძახილს, მეტაფიზიკურ მოხმობას…

მიუხედავად იმისა, რომ “ჯილდოებში”, – რომანში, რომელშიც არა მარტო საზოგადოების სხვადასხვა ფენაა ასახული, არამედ ტრფობის განსხვავებული სახეობანიც გაიელვებს, – მოქმედება არგენტინის ხმელეთსა და ზღვაზე, ბუენოს აირესის კაფესა და ხმელეთიდან არცთუ დაშორებულ გემზე ვითარდება, რომანი მაინც შეიძლება მიეკუთვნოს დისტოპიურ თხზულებათა რიგს, სადაც კაფკას მსგავს გარემოში, ადამიანს უცნობი, ანონიმური ძალა მართავს და გასაქანს არ აძლევს მის თავისუფლებასა და ნებას. პიროვნული ვაჟკაცობა თითქოსდა გაარღვევს ამ მოჯადოებულ წრეს, რომელსაც ერთი გმირის, მორელის, სიცოცხლეც ეწირება, მაგრამ რომანის ბოლოსათვის ბუნდოვანი რჩება, ღირდა კი, საერთოდ, თავგანწირვა და რა შედეგი მოუტანა მან გემის იმ დამფრთხალ ან გულგრილ მგზავრებს, რომლებიც გემის უსახური მმართველობის მიერ დაწესებულ განაწესს უმალ დაემორჩილნენ, ამბოხება საკუთარი კეთილდღეობის საფრთხედ მიიჩნიეს და ახლა კი, კვანძის მეტ-ნაკლებად გახსნის შემდეგ, მზად არიან იმ თვალხილულ სიყალბესაც დაეთანხმონ, რასაც მათ პოლიციის ინსპექტორი – მომხდარის ოფიციალურ ვერსიად – სთავაზობს.

კორტასარის “კლასობანაში”, რომელიც ბევრ შემფასებელს მწერლის მთავარ ქმნილებად – და მეოცე საუკუნის ერთ-ერთ განსაკუთრებულად ღირებულ რომანად – მიაჩნია, გაკრთება სხვის მიმართ, სხვისი ტანჯვის მიმართ პასუხისმგებლობის მოტივი, რომელიც, დოსტოევსკის კვალობაზე, ბავშვის ტანჯვითაა გამოხატული. პატარა როკამადური მძიმედაა ავად, მაგრამ მემარცხენე იდეოლოგიებითა და სამყაროს გადარჩენის ფუჭი იდეებით შეპყრობილი პერსონაჟები, – მათ შორის, რომანის მთავარი გმირი, პარიზში მცხოვრები არგენტინელი მეოცნებე, ორასიო ოლივეირა, – რომლებიც “გველის კლუბში” არიან გაერთიანებული და მთელ დროს სნობურ-ზედაპირულ საუბრებში ატარებენ, ემოციურად გულგრილნი რჩებიან მოახლოებული განსაცდელის – ბიჭის სასიკვდილო საფრთხის – წინაშე. მაინც, ოლივეირას, ამ გატანჯული ყმაწვილის სიკვდილის შემდეგ, რომელიც მისი სატრფოს, მორჩილი და მოკრძალებული მაგას, ვაჟი იყო, მძაფრი მორალური განცდა ელის საკუთარი უგულობის გამო, რაც, შესაძლოა, ბიძგიც აღმოჩნდეს სულიერად მის გადასარჩენად… რომანი მთავრდება სამშობლოში იძულებით დაბრუნებული ოლივეირას თვითმკვლელობის მცდელობით, მაგრამ ტექსტის დასასრული მაინც ღია რჩება, რადგან მკითხველისათვის ბუნდოვანია, გმირის შინ დაბრუნება სინამდვილეს ასახავს თუ ეს მისი სიკვდილისწინა ან სულაც სიკვდილისშემდგომი ხილვაა.

შეიძლება ითქვას, რომ, მიუხედავად ქრონოლოგიური სიახლოვისა, “ჯილდოები” (1960) და “კლასობანა” (1963) კორტასარის შემოქმედებაში ორი მწვერვალიცაა და ორი ეტაპიც, მაგრამ ისინი, – არა მხოლოდ ფორმალურად, რაც ისეც თვალშისაცემია, – მწერლის ორ განსხვავებულ კულტურულ ორიენტაციასაც განასახიერებს: პირველი უფრო მეტად წინამორბედ ლიტერატურულ ტრადიციას ემყარება და მისითაა ნასაზრდოები, თუმცა აგრძელებს, ავითარებს, განაახლებს იმას, რაც რომანისტს ან მონათესავედ, ან საჭიროდ და გამოსაყენებლად მიუჩნევია, მეორე კი – ნოვატურულია, ახლად იწყებს, საფუძველს უყრის იმას, რაც მას ლიტერატურულად ჩამოსაყალიბებლად მიაჩნია, და თუნდაც ტექსტის თავისი და თავისებური კონსტრუქციით ანგრევს წრფივი თუ სწორხაზოვანი თხრობის დამკვიდრებულ, მიღებულ, აღიარებულ წესებს. თუმცა ლიტერატურაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ბევრი არაფერია ახალი და ის გამორჩეული და გავლენიანი მწერალიც, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს სიახლეს ამკვიდრებს, სინამდვილეში – უმეტესწილად – სიცოცხლეს აძლევს იმას, რაც შესაძლოა, უკვე მიგნებული, აღმოჩენილი, ნაპოვნი ჰქონდა რომელიმე უღიმღამო, მივიწყებულ ან არაფრით გამორჩეულ ლიტერატორს. ლიტერატურული მიგნებანი, სხვათა შორის, ყოველთვის პერიფერიაზე ჩნდებიან, მაგრამ ლიტერატურის ცენტრალური ფიგურები ანიჭებენ მათ ან საყოველთაოობას, ან გავრცელების უნარს, ან, – უფრო იშვიათად, – სრულყოფილებას, რაც ამ მიგნებას საბოლოოდ გაუკვალავს გზას ლიტერატურულ სივრცეში.

ღირსშესანიშნავია, რომ როგორც თემატურად, ისე პოეტიკურად კორტასარის შემოქმედება არასოდეს ტრიალებდა ერთი, აკვიატებული ღერძის ირგვლივ და მწერალი თითქმის ყოველთვის ახერხებდა, ზედმეტად არ ესარგებლა მის მიერ აღმოჩენილი თუ ყურადღებამიპყრობილი თემით ან ხერხით. მისი ნაწერების განსხვავებულობასაც და სიახლესაც ყოველთვის განაპირობებდა სწრაფვა ახალ-ახალი შემოქმედებითი მიზნების ხორცშესასხმელად, განსახორციელებად, განსასახოვნებლად.

და კიდევ, ხულიო კორტასარი ერთი იმ მცირეთაგანია, რომელმაც მეოცე საუკუნის ლიტერატურა ღირებული და ნაყოფიერი ექსპერიმენტებით გაამდიდრა: “ჯილდოებში” ამგვარი მცდელობაა პროზაულ თხრობაში ჩართული პოეტურ-ლირიკული შინაგანი მონოლოგები, რომელიც რომანის პერსონაჟს, პოეტ პერსიოს, ეკუთვნის და რომელსაც მკითხველი გაჰყავს მოქმედების შემზარავი, შემაძრწუნებელი გარემოს მიღმა; “კლასობანაში” მწერალი უჩვეულო, შემდგომ ფართოდ გახმაურებულ მეთოდს იყენებს: მკითხველს შესთავაზებს და მიანდობს რომანის თავებად დალაგებას, თუმცა თავადაც წარმოადგენს თავების თანმიმდევრობის ავტორისეულ ვერსიას თუ ვერსიებს; “62. ასაწყობი მოდელი” (1968) იმგვარადაა გადმოცემული, რომ თხრობისას მოულოდნელად, მკითხველის “გაუფრთხილებლად” იცვლება მთხრობელის პირი: პირველი პირი უცებ მესამეში გადადის, მესამეს მეორე ენაცვლება, მეორეს – ისევ პირველი და ასე შემდეგ (პირთა ამგვარ მონაცვლეობას მანამდე მიმართა ვლადიმირ ნაბოკოვმა რომანში “ძღვენი”)…

* * *

ხულიო კორტასარს წიგნი უსაფრთხო თავშესაფრად მიაჩნდა, თუმცა მან ისიც იცოდა, რომ წიგნი არა მხოლოდ უშფოთველობის სავანე შეიძლებოდა ყოფილიყო, არამედ საფრთხის წყაროც და ის, ცხოვრებაში შემოჭრილი, ხშირად სასიკვდილო ხიფათითაც ემუქრებოდა ადამიანს. კორტასარის ნოველისტიკის ერთ-ერთ შედევრში “ბაღების უწყვეტობა” ნოველის გმირი, დიდი სახლ-კარის პატრონი, მწვანე სავარძელში ჩამჯდარი, გატაცებით კითხულობს წიგნს, როცა მოულოდნელად აღმოჩნდება, თუ როგორ შემოჭრილა წიგნის სამყაროდან რეალურ სამყაროში ის მკვლელი, რომელიც სატრფოს მეუღლის მკვლელობისათვის ემზადება და როგორ უახლოვდება, ხანჯლით ხელში, მწვანე სავარძელს, რათა წიგნის მკითხველი მამაკაცი სიცოცხლეს გამოასალმოს…

კორტასარის რომანებისა და ნოველების გაცნობა ნამდვილად ადრე ჯობს, – რაც შეიძლება ადრე, – რათა დაგვიანება გულდაწყვეტად არ იქცეს: საქმე ისაა, რომ კორტასარის წიგნების წაკითხვის შემდეგ უფრო ადვილი ხდება სამყაროს კითხვების წინაშე დგომა, და აღარც იმდენად სახიფათო მუქარას ატარებს უხმაურო მშფოთვარება.

2004

პირველად გამოქვეყნდა წიგნში: მერაბ ღაღანიძე, მწერლის ცხოვრება დროში და სიტყვაში: 99 მცირე და ვრცელი ჩანაწერი უცხოელ მწერალთა შესახებ, თბ.: მემკვიდრეობა, 2011, გვ. 356-363.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button