ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – მშობლიურ ენაზე სწავლების საუბრები

ამ დღეებში ჩვენი მკითხველების ყურადღება მივაქციეთ იმ გარემოებას, თუ რა დიდ ინტერესს იწვევს ქართველ საზოგადოებაში სამღვდელოების ახლანდელი ყრილობა, რომელიც შეიკრიბა სემინარიის მართვა-გამგებლობის და ქ. თბილისში ქალთა პირველდაწყებით სასწავლებლის დაარსების საკითხების გასარჩევად. ქალთა სასწავლებელს ხსნის მაღალყოვლადსამღვდელო იოანიკოსი ამიერკავკასიის მხარის მღვდელმსახურთა ქალიშვილებისათვის. ჩვენ დავინახეთ, თუ რამდენად აცდა სასულიერო აღზრდის ამჟამად მოქმედი სისტემა თავის პირდაპირ მიზანს – ჩვენს მხარეში ჭეშმარიტი და სარწმუნოებრივი გრძნობებისა და მართლმადიდებელი ქრისტიანობის წესების დანერგვა-განმტკიცებას.

დღეს ჩვენ მოვიყვანთ რამდენიმე ფაქტს, უკვე გამოქვეყნებულს ადგილობრივ პრესაში, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ იმაზე, თუ რა არასასურველი მიმართულებით მიდის ქრისტიანული ქადაგება მხარეში. საქმე ის არის, რომ ბოლო დროს ქართველ მოსახლეობაში შემჩნეულია განსაკუთრებული წარმატება არა მარტო კათოლიკური სარწმუნოებისა, არამედ ევანგელიკური ეკლესიის პროპაგანდისაც კი. იქ სიამოვნებით იკრიბება უბრალო ხალხი, რადგანაც იქ ესმის მას ნუგეშისა და მშვიდობის მღაღადებელი საქმიანი სიტყვა, რომელიც მისთვის გასაგები და ძვირფასია. და ხალხი ეჩვევა ამ ეკლესიას. “ტფილისკი ვესტნიკის” ერთ-ერთ შარშანდელ ნომერში მოყვანილი იყო 1876 წლის ისტორიული სამისიონერო ჟურნალიდან ამოწერილი ცნობა კონსტანტინეპოლში კათოლიკეთა ბავშვებისათვის ქართული სკოლის დაარსების შესახებ; იქ, როგორც ცნობილია, სწავლა წარმოებს ქართულ ენაზე, სკოლის ეკლესიაში წირვა-ლოცვა ქართულად სრულდება. სკოლას და მონასტერს განაგებენ წარმოშობით ქართველი კათოლიკე მისიონერები, რომელთა სახელი და ავტორიტეტი დღითიდღე იზრდება ქართველ ხალხში. საქართველოდან მათ სკოლებში, კონსტანტინეპოლში გახშირდა გაგზავნა არა მარტო კათოლიკური სარწმუნოების ბავშვების, არამედ მართლმადიდებელი ბავშვებისაც. არანაკლებ სათნოებრივ გავლენას ახდენენ ქართველობაზე კათოლიკური და ევანგელიკური ეკლესიების მსახურთა ქადაგებანი ქართულ ენაზე. მათი წარმატება მომავალში უეჭველია, ვინაიდან ისინი დგანან მყარ ნიადაგზე – ქადაგებენ ღვთის სიტყვას და ასრულებენ საეკლესიო წესებს ქართველებისათვის გასაგებ ენაზე. რატომ არის, რომ ადგილობრივი მართლმადიდებელი სამღვდელოება სულ უფრო და უფრო სცილდება სარწმუნოებრივი განათლების ელემენტარულ წესებს, რომლებიც ჯერ კიდევ ქრისტემ გადასცა თავის მოწაფეთა და მოციქულთ, როდესაც ისინი ემზადებოდნენ დედამიწაზე სარწმუნოების თესლის სათესად. სულიწმინდის მადლი მოეფინა მაშინ მოციქულთა გონებას და აალაპარაკა ისინი იმ ხალხთა ენებზე, რომელთა შორის მათ უხდებოდათ ღვთისმეტყველების ქადაგება. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ის აზრი, რომ ადგილობრივ სამღვდელოებას დაავიწყდა ეს დიადი ფაქტი მოციქულთა მოღვაწეობიდან! და მართლაც, სინამდვილეში მას, რასაკვირველია, არ დავიწყნია, მაგრამ აღნიშნული ფაქტი თვით მღვდელმსახურთა ნება-სურვილის გარეშე საბედისწეროდ გამომდინარეობს თბილისის სასულიერო სემინარიისა და ამიერკავკასიის მხარის სასულიერო სასწავლებლების არსებული სასწავლო პროგრამებიდან. ამიტომ სასურველად მიგვაჩნდა, რომ ქართველი სამღვდელოების წარმომადგენელთა კრებას, მართლმადიდებელი სარწმუნოების ინტერესებისათვის და თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად, უმთავრესი ყურადღება მიექცია მხარის სასულიერო სკოლების რეორგანიზაციის საკითხისათვის და გადაეწყვიტა იგი მოსახლეობის სრულყოფილი მოთხოვნილებისა და მართლმადიდებლობის საჭიროების შესაბამისად. მაგრამ მართლმადიდებელი სამღვდელოების ახლანდელმა ყრილობამ, რომელმაც უკვე დაასრულა თავისი მუშაობა, სრულიად უყურადღებოდ დასტოვა ეს მნიშვნელოვანი საკითხი კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა, ბ-ნმა ნევეროვმა ამ დღეებში წერილობით უბრძანა ალექსანდროვის პედაგოგიური ინსტიტუტის მმართველს შემოიღოს ქართული ენის სწავლება ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო ორკლასიან სასწავლებელში. ასეთი ბრძანების გაცემა ჩვენ ორგვარად გვაოცებს: ჯერ-ერთი, მისი გაცემის დროის გამო, მეორე, იმ მოტივით, რომლითაც მას განმარტავენ. თუ საქალაქო სასწავლებლის დირექტორის მუშაობაში ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და თავის პირდაპირ მოვალეობათა დაუდევრად შესრულებას და ამიტომ ეს განკარგულება აუცილებლად საჭირო იყო, მაშინ ის უნდა გამოსულიყო რამდენიმე წლის წინათ, საქალაქო სასწავლებლის დაარსებისთანავე, ვინაიდან კავკასიის საქალაქო სასწავლებლების საერთო წესების ძალით ნებადართულია მათში ადგილობრივი ენების სწავლება. ბრძანება კი გამოვიდა ახლა, მას შემდეგ, რაც ოთხი წლის განმავლობაში, კანონის საწინააღმდეგოდ დაუკმაყოფილებელი რჩებოდა ადგილობრივი ცხოვრების ერთ-ერთი არსებითი საჭიროება. ამის გარდა, ასეთი განკარგულებების გაცემა შეიძლება და უნდა ხდებოდეს სასწავლო წლის დასაწყისისათვის, ამ შემთხვევაში კი განკარგულება გაიცრა რაღაც უცნაური აჩქარებით, მაგრამ სასწავლო წლის მიწურულს, როდესაც სასწავლო საგნების ცხრილში რაიმე ცვლილების შეტანა ძალიან უხერხულია. ასეთი უდროო და მეტად დაგვიანებული განკარგულებების გაცემას ჩვეულებრივ რაიმე მიზეზით ამართლებენ ხოლმე. ამ შემთხვევაშიაც მიზეზი ნაჩვენებია, მაგრამ იგი პირწმინდად ფიქციურია. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ვიდრე საქალაქო სასწავლებელი ალექსანდროვის სამასწავლებლო სკოლასთან ერთად ნავთლუღში იმყოფებოდა, ადგილობრივ მკვიდრ მოსწავლეთა მცირე რიცხვის გამო უხერხული იყო ქართული ენის სწავლება, ხოლო მას შემდეგ, რაც ორივე ეს სასწავლებელი თვით ქალაქში გადმოიტანეს, ასეთ მოსწავლეთა პროცენტი გადიდდა და სწორედ ამიტომ საჭირო შეიქმნა ქართველმა ყმაწვილებმა ისწავლონ მშობლიური ენაო. მაგრამ, ჯერ-ერთი, სკოლების ეს გადატანა არ მომხდარა არც გუშინ და არც გუშინწინ, იგი მოხდა 1874 წლის ივლისში, და, მაშასადამე, ამ განკარგულებამ დაიგვიანა ორნახევარ წელიწადზე მეტი ხნით; მეორე, ნავთლუღშიც პირველდაწყებით სკოლაში საკმარისი რაოდენობით იყვნენ ადგილობრივი ბავშვები, რომლებსაც უნდა ესწავლათ მშობლიური ენა. ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს ვამტკიცოთ, რომ ეს განზრახი დაუდევრობა იყო და წარმოსდგებოდა სულ სხვა მიზეზისაგან, რომელიც პატივს არ სდებს საქალაქო სასწავლებლის უშუალო ხელმძღვანელს. თუ რა სავალალო შედეგებს იწვევდა ეს დაუდევრობა, ჩანს ერთი ჩვენი ნაცნობის ნაამბობიდან. “ჩვენს ეზოში, გვიამბო მან, ცხოვრობს ორი ღარიბი ქართველი ოჯახი, თერძისა და ხარაზისა. თერძის ქალიშვილი, თორმეტი წლის გოგონა, ქალთა გიმნაზიის მოწაფეა. იგი ყოველ კვირაუქმე დღეებში გარს შემოიკრებს ხოლმე მთელ ოჯახს და ხმამაღლა უკითხავს ლონდონის ბიბლიური საზოგადოების წევრის მიერ ქართულ ენაზე გამოცემულ სახარებას. ვისაც თავისი თვალით არ უნახავს ეს სურათი, ის ვერ წარმოიდგენს, რა აღფრთოვანებით და რა ღრმა სიხარულით ისმენს მთელი ოჯახი ღვთისმეტყველების სიტყვებს თავის პატარა გოგონას პირიდან. თავისი დედაენის კარგი და აზრიანი ცოდნა პატარა გოგონას საშუალებას აძლევს გახდეს მქადაგებელი და გამავრცელებეი ევანგელიკური სარწმუნოების შუქისა სიბნელეში მყოფ თავის ოჯახის წევრთა შორის, რომლებსაც სინათლე სწყურიათ. აქ აშკარად ხედავ, თუ რა სერიოზული სიკეთეა ეს ცოდნა და რა მნიშვნლობა აქვს მას არა მარტო ადგილობრივი მოსწავლე ახალგაზრდობისათვის, არამედ თვით ოჯახებისთვისაც, ხარაზის ოჯახი კი, რომელიც Gთერძის მეზობლად ცხოვრობს, მოკლებულია ამ სიკეთეს, ამ სიხარულს იმიტომ, რომ მათი ვაჟი, აგრეთვე თორმეტი წლის ყმაწვილი, საქალაქო სასწავლებელშია, სადაც ქართულ ენას სულაც არ ასწავლიან. ეს ყმაწვილი ყოველთვის დარცხვენილი გარბის ხოლმე სახლიდან, როგორც კი თერძის ოჯახი მოიკალათებს ეზოში, სახლის წინ და მოემზადება, რათა მოისმინოს თავისი ქალიშვილის მეტყველი კითხვა ქრისტიანობის დამაარსებლის ცხოვრებასა, მოღვაწეობასა და სწავლებაზე. ხარაზი სიამოვნებით აუყვანდა თავის ვაჟს ქართული ენის მასწავლებელს, მაგრამ ძალიან ღარიბია, ხოლო ვაჟმა არა ერთხელ მიჰყო ხელი ქართული ანბანისა და დედაენის სწავლას, მაგრამ მარტო, უხელმძღვანელოდ, ვერაფერს გახდა”. ადვილი წარმოსადგენია, თუ რასა გრძნობს ამ ხარაზის ოჯახი სასწავლებლის უფროსის მიმართ, რომელმაც სრულიად თვითნებურად და უკანონოდ დააკლო მათ ვაჟს ცხოვრებაში საჭირო და ნაყოფიერი ცოდნა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის ახალი, თუმცა ძალიან დაგვიანებული, განკარგულება ქართული ენის სწავლების შემოღების შესახებ, არ იქნება ჩვეულებისამებრ მხოლოდ ფორმალურად გატარებული, არამედ გატარებული იქნება სავსებით კეთილსინდისიერად და ამის შემდეგ შეუძლებლად იქნება მიჩნეული, რომ საქალაქო სასწავლებლის ადგილობრივმა მოსწავლემ არ შეისწავლოს ხეირიანად ქართული ანბანი და ქართული ენა. მაგრამ საქალაქო სასწავლებელში ადგილი აქვს სხვა ანომალიასაც, რომლის მოსპობა უფრო დიდ საჭიროებას წარმოადგენს.

საქმე იმაშია, რომ ამ სასწავლებელში ადგილობრივ ბავშვებს პირველი დღიდანვე ასწავლიან საგნებს მათთვის სრულიად უცხო და გაუგებარ ენაზე. ეს არის ანტიპედაგოგიური ჩვეულება; პრიველდაწყებითი სწავლების პირპდაპირი დანიშნულება მდგომარეობს იმაში, რომ განუვითაროს ბავშვს გონება, ეს ჩვეულება კი, პირიქით, უხშობს ადგილობრივ ბავშვს გონებას. და ეს ჩვეულება გარდაუვალი ხდება იმის გამო, რომ საქალაქო სასწავლებლის ორი მასწავლებელი დანიშნულია ისეთ პირთაგან, რომლებიც ადგილობრივ ენას სრულიად არ იცნობენ. ამ სავალალო ანომალიას მივაქცევთ იმ პირთა ყურადრებას, ვინც ვალდებულია ეს იცოდეს და გამოასწოროს.

* * *

ჩვენმა საგაზეთო შენიშვნამ ალექსანდრეს სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო ორკლასიან სასწავლებელში ქართული ენის სწავლების უდროო დროს და დაგვიანებით შემოღების შესახებ, გამოიწვია ამ ინსტიტუტის დირექტორის, ბ-ნ ზახაროვის პასუხი, რომელიც დაბეჭდილია გაზეთ “კავკაზის” 43-ე ნომერში. ბ-ნი ზახაროვი თავის წერილში სრულებით არ ეხება ჩვენი შენიშვნის არსებით მხარეს და არ გვიპასუხებს არსებითად. მას არც შეეძლო ამის გაკეთება, ძალიანაც რომ მოენდომებინა, იმიტომაც, რომ ჩვენი მტკიცება უდავო და სამართლიანი იყო, როდესაც შენიშვნაში ვამბობდით, რომ განკარგულება ქართული ენის სწავლების შემოღების შესახებ გადაუდებლად გაცემული უნდა ყოფილიყო 1873 წლის სექტემბრისათვის მაინც, და რომ ფაქტიურად იგი გაიცა მიმდინარე წლის მარტში, მაშასადამე, დააგვიანა მთელი სამნახევარი წლით, რაც მოსწავლეთათვის აშკარად საზიანო და სავალალო იყო. ახლა კი, სასწავლო წლის დასასრულის თითქმის წინადღეებში, იგი ტარდება ცხოვრებაში რაღაც უცნაური აჩქარებითა და ფუსფუსით. ჩვენ კი ვიცით, თუ რა დიდ უხერხულობას იწვევს ამ დროს სასწავლო საგნების და საათების ცხრილსი რაიმე ცვლილების შეტანა. წერილის ავტორის მიზანი სხვაა, მას უნდა დაამტკიცოს, რომ ამ მნიშვნელოვან და ხანგრძლივ დაუდევრობაში ბრალი მას კი არ მიუძღვის, არამედ სხვას, აი მისი სიტყვები: “საქალაქო სასწავლებელში ადგილობრივი ენების სწავლების შემოღების საკითხი ახალი არ არის; ეს საკითხი ინსტიტუტის ნავთლუღიდან ქალაქში გადმოტანასთანავე აღიძრა. მაგრამ მაშინ შეუძლებლად სცნეს ჩემ მიერ წარდგენილი საკითხისათვის ოფიციალური მსვლელობის მიცემა, ვინაიდან ინსტიტუტის დებულება უმაღლეს ხელისუფლებას ახალი დამტკიცებული ჰქონდა. ხოლო ამჟამად (სასწავლო წლის დასასრულის წინ) კავკასიის სასწავლო ოლქის ბ-მა მზრუნველმა ინება თავისი დასტურის გამოცხადება ჩემ მიერ ადგილობრივი ენების შემოღების საკითხის ხელახალ წარდგინებაზე”. თუმცა ჩვენ ერთხელ უკვე კატეგორიულად განვაცხადეთ, რომ ჩვენს მიერ პედაგოგიური ანომალიების გამომჟღავნება მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ ხელი შეუწყოს ახალი თაობის აღზრდა-განათლების საქმეს, სწორ გზაზე დააყენოს და უფრო ნაყოფიერი გახადოს ეს დიდმნიშვნელოვანი საქმე, და არა იმას, რომ გაანაწილოს პასუხისმგებლობა ამ ანომალიებში დამნაშავეთა შორის, მაგრამ ახლა ჩვენ იძულებული ვართ ამ საკითხსაც შევეხოთ ჩვენი სურვილის წინააღმდეგ. დაე, ამჯერად აღსრულდეს ნება ჩვენი მხცოვანი პედაგოგისა! ბ-ნი ხაზაროვი აშკარად ცდება, თუ ფიქრობს, რომ ზემოთ მოყვანილი სიტყვებით მან მთელი დანაშაული გადააბრალა სხვას და თვითონ სუფთად გამოვიდა საქმიდან. სავსებით საკმარისია ბ-ნ ზახაროვს მივცეთ რამდენიმე შეკითხვა, რომელნიც გამომდინარეობენ მისი სიტყვებიდან, რათა დავარწმუნოთ მკითხველი წინააღმდეგში, ხოლო თვით ავტორი – იმაში, რომ მისი განზრახვა გამომჟღავნებულია. ბ-ნმა ხაზაროვმა გვიპასუხოს, რატომ აიღო მან ხელი საბოლოოდ და ესოდენ ხალისიანად თავის მოსაზრებებზე მისი განხორციელების პირველივე გაუბედავი, მოკრძალებული ცდის შემდეგ? რატომ არ გაიმეორა თავისი წარდგინება ერთი წლის შემდეგ, მაშინ ინსტიტუტის დებულება ხომ ახალი დამტკიცებული არ იყო და არ შეეძლო ამ წარდგინების მიღებისათვის ხელი შეეშალა? რატომ არ გაიმეორა თავისი შუამდგომლობა ორი წლის შემდეგ? ეს კიდევ არაფერი. რატომ სდუმდა ბ-ნი ზახაროვი ამის შესახებ მეოთხე წლის დაწყების დროსაც? ერთი სიტყვით, რატომ მისცა დავიწყებას თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ადგილობრივი ენების სწავლების შემოღების საქმე და, დაივიწყა რა თვითონ, სხვებიც აიძულა დაევიწყებინათ იგი?.. ასე არ მოიქცეოდა სასწავლებლის ისეთი დირექტორი, რომელიც ფაქიზად და თანაბარი გულისყურით ეპყრობა თავისი ყველა მოწაფის ინტერესებს განურჩევლად მათი სხვა ეროვნული წარმოშობისა. მეორე მხრივ, თუ ადგილობრივი ენები საქალაქო სასწავლებლებელში არ ისწავლებოდა ბ-ნი ხაზაროვის ნება-სურვილის წინააღმდეგ, მაშინ რატომღა ამართლებს იგი ასეთ გულმოდგილებით ამ დაუდევრობას იმით, რომ ამისათვის საჭირო თანხები თითქოს არ იყო გამოყოფილი, ან კიდევ ისეთი სასაცილო მოსაზრებით, რომ ადგილობრივმა ბავშვებმა მშობლიური ენა ისედაც უნდა იცოდნენო… ბ-ნი ზახაროვი შეეცადა მხოლოდ ყოველი შემთხვევისათვის თავი დაეზღვია და ასეთ მნიშვნელოვან საქმეში ფორმალურად ბრალი სხივსთვის დაეკისრებინა, და ცხადია, რომ ამ დაუდევრობის გამოსასწორებლად თვითონ არსებითად თითი არ გაუნძრევია და, ამრიგად, ბ-ნი ზახაროვისადმი რწმუნებული საქალაქო სასწავლებელი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ისეთი სასწავლებელი იყო, რომელშიც მკვიდრ მცხოვრებთა მოსწავლე ბავშვები სრულიად მოკლებული იყვნენ საშუალებას მიეღოთ დედაენის საჭირო და სასარგებლო ცოდნა. ასეთია ფაქტი, ხოლო ადამიანი ყველგან და ყოველთვის ფასდება მისი საქმით და არა სიტყვით… მაღალყოვლადსამღვდელო ტალეირანის ცნობილი სიტყვები: “ადამიანს ენა იმისთვის აქვს, რომ უკეთ დაფაროს თავისი აზრებიო”, ზოგიერთი ადამიანს ესმის და ის მათ ახორციელებს შემდეგი მნიშვნელობით: საკანცელარიო ენა არსებობს იმისათვის, რომ უფრო მოხერხებულად დაფაროს დიამეტრალურად საწინააღმდეგო ვითარება საქმისა. სიცრუის რაინდის სიტყვათა ასეთი კომენტარის საფუძველზე ზოგნი მეტად მარჯვედ იხვეჭენ კაპიტალს ისე, რომ გარეგნულად უბიწოების სახე ხელშეუხებელი რჩებათ, ზოგნი კი კარგა ხნის მანძილზე ვერ ამჩნევენ დაუდევრობას, რომელიც ფარულად ესალბუნება მათ სულსა და გულს, და ამას აკეთებენ ისე მოხერხებულად, რომ გამოდის, თითქოს ყოველივე მომხდარიყოს მათი ნება-სურვილის წინააღმდეგ. ასეთი მოხერხებულობა ჩვენ მოგვაგონებს მშვენიერი სქესის გარკვეული ყოფა-ქცევის წარმომადგენელთა საქციელს, რომლებიც არიან რა დანებების სურვილით ალმოდებულნი და ეძებენ ისეთ გაუფრთხილებელ მაცდუნებელს, რომელიც გარეგნულად, ფორმით მაინც იხმარს ძალადობას და, ამრიგად, იკისრებს ჩადენილი ცოდვის პასუხისმგებლობას. ბ-ნი ზახაროვი, რასაკვირველია, იტყვის, რომ მეორე, პარალელური მხარეც ასევე ულამაზოდ და არაგულწრფელად იქცეოდაო. სავსებით სამართლიანი და საბუთიანი თქმაა… კავკასიის საქალაქო სასწავლებლების ოფიციალურად დამტკიცებული საერთო დებულებით, ადგილობრივი ენების სწავლება მათი კურსის აუცილებელი ნაწილია. ამიტომ არ იყო საჭირო საგანგებო წარდგინება იმისათვის, რომ სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში შემოეღოთ ეს საგანი; მაგარა, ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთ წარდგინებას არა თუ აუცილებელს ხდიან, – მას ოფიციალურს მსვლელობასაც არ აძლევენ, და მერე რა საფუძვლით? არ შეიძლება, ვინაიდან ინსტიტუტის დებულებისათვის; მესამე, ეს ღონისძიება ეხებოდა არა ინსტიტუტს, არამედ საქალაქო სასწავლებელს, ეს ორი საგანი კი სულ სხვადასხვაა; და, მეოთხე, თუ ის გარემოება, რომ ინსტიტუტის დებულება ახალი დამტკიცებული იყო, მართლაც უბრალო საბაბად კი არ მიაჩნდათ, არამედ იგი ნამდვილად უშლიდა ხელს საქალაქო სასწავლებელში ადგილობრივი ენების სწავლების შემოღებას და შესაბამისი წარდგინებისათვის ოფიციალური მსვლელობის მიცემას, მაშინ უნდა დადგენილიყო დაახლოებით ვადა წარდგინების განმეორებიათვის. იმისათვის რომ უფრო მეტყველი და გამოკვეთილი გავხადოთ ის კლასიკური პედაგოგიური მოსაზრება, რომლის ძალითაც ადგილობრივი ენების სწავლების შემოღების წარდგინებამ სრულიად არ მიიღო არავითარი მსვლელობა, ჩვენ მივმართავთ სილოგიზმის ფორმას: საქალაქო სასწავლებელში ადგილობრივი ენების სწავლება კანონიერი და აუცილებელია, მაგრამ სამასწავლებლო ინსტიტუტის დებულება ჯერ კიდევ ახალი დამტკიცებულია; მაშასადამე, საქალაქო სასწავლებელში ადგილობრივი ენების სწავლების შემოღება შეუძლებელია. როგორ მოგწონთ, მკითხველო, ასეთი არგუმენტაცია? ხომ არ მოგაგონებთ იგი თავისი სანიმუშო თანმიმდევრობით შემდეგ სილოგიზმს: მზე დგას, დედამიწა მოძრაობს, მაშასადამე, საქმის მწარმოებელი პირუტყვია…

ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მთელი ეს, უკაცრავად პასუხია, არგუმენტაცია საფუძვლიან არგუმენტაციად ითვლებოდა არა ოცდაოთხი საათის განმავლობაში და არა თუნდაც ერთი წლის განმავლობაში. ინსტიტუტის დებულება ახალ დამტკიცებულად ითვლებოდა და ადგილობრივი ენების შემოღებას ხელს უშლიდა 1873, 1874, 1875, 1876 წლების განმავლობაში და მხოლოდ ამა წლის მარტში დაძველდა, როგორც იქნა. და ის, რისი განხორციელებაც ესოდენ ძნელად, თითქმის შეუძლებლად ითვლებოდა თითქმის ოთხი წლის მანძილზე, ერთბაშად გაადვილდა ისე, რომ მისი განხორციელება შესაძლებელი გახდა რამდენიმე დღეში. წარჩინებული სტუმრის მიბრძანება საქალაქო სასწავლებელში, მისი გაოცება იმ ფაქტის გამო, რომ სასწავლებელში არ არის არც ქართული ენის გაკვეთილები, არც წიგნები, არც ამ საგნის მასწავლებლებ, დარბაზობა ზევითა სართულში, ავადმყოფი დირექტორის სანახავად, დასტური ბედუკუღმართ წარდგინების განხილვაზე, საჭირო ქაღალდის თავპირისმტვრევით შედგენა და გაგზავნა წარჩინებული სტუმრისათვის, მისი დაუყოვნებლივი თანხმობა, მკვიდრი მოსწავლეების სიების შედგენა, მოსწავლეების მიმართ წიგნების შეძენის ბრძანების გამოცემა, მასწავლებლის მოძებნა, სასწავლო საგნებისა და საათების ცხრილში ასე უდროოდროს საჭირო ცვლილებების შეტანა ქართული ენის სწავლების შემოღებასთან დაკავშირებით სასწავლო წლის მიწურულს და, ბოლოს, მეცადინეობის დაწყება ამ საგანში, – ყველა ეს ზომა გასაოცარი სისწრაფითა და სამაგალითო თანამიმდევრობით ტარდება ცხოვრებაში სულ რამდენიმე დღის განმავლობაში. ამრიგად, ის ხანგრძლივი დაუდევრობა, რომელიც მესამე ფაზისის ფაქტიურ პრეცენდენტად უნდა ქცეულიყო ადგილობრივი ენების სწავლების საქმეში (პირველი ფრაზის -საბუთიანობა, მეორე – უსაბოთობა, მესამე – სრული არარაობა), მოისპო მოსწავლეთა საკეთილდღეოდ და მასწავლებელთა რეპუტაციისათვის აშკარად სასარგებლოდ…

და ახლა ვერვინ გაბედავს ოთხ კედელშუაც კი ბრალი დასდოს ბ-ნ ზახაროვს იმაში, რომ მისდამი რწმუნებულ საქალაქო სასწავლებელში ადგილი აქვს უკანონობას ადგილობრივი ცხოვრების ერთ-ერთი საარსებო მოთხოვნილების დაკმაყოფილების დარგში. და ასეთი კარგი სამსახური გაუწია საზოგადოებას, მოზარდ თაობას და თვით ბ-ნ ზახაროვის რეპუტაციასაც ერთმა პატარა, მაგრამ შიგ მიზანი მოხვედრილმა კენჭმა, ანაზდად გასროლილმა ადგილობრივი პრესის ერთ-ერთი ორგანოს მიერ. გამოდის, რომ ბეჭდვითი სიტყვის წარმომადგენლები იმსახურებენ არა შენიღბულ, გაიძვერულ თავდასხმებს კოლექტიური მიმართვების სახით, არამედ, სულ ცოტა რომ ვთქვათ, მადლობას მაინც თავიანთი სამართლიანი და სასარგებლო მამხილებლობისათვის. მართალია, ის საშუალებანი, რომლებსაც ისინი გვთავაზობენ საზოგადოებრივი და ინდივიდუალური სენის წინააღმდეგ, უმრავლეს შემთხვევებში საშინლად მწარეა და არასასიამოვნო, მაგრამ, რას იზამ, თუ კი ყველაზე საუკეთესო საშუალებანი იმავე დროს ყველაზე უმწარესნიც არიან. ვინ მოუწყობს შეთქმულებას ექიმს იმისათვის, რომ ჭაობის დამპალი ციებით დაავადებულს მან სამკურნალოდ გამოუწეროს მწარე ხინის უზარმაზარი დოზა?

სულ სხვა ხერხს მიმართავს ბ-ნი ზახაროვი თავის გასამართლებლად იმ ფაქტის გამო, რომ სამასწავლებლო სკოლასთან არსებულ ნავთლუღის პირველდაწყებითს სასწავლებელში სრულებით არ იყო შემოღებული ადგილობრივი ენების სწავლება. რამდენადაც ამ შემთხვვაში ბ-ნი ზახაროვი დადნაშაულს ვერავის ვერ გადააბრალებს, იგი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ამ სასწავლებელში მშობლიური ენების სწავლება სრულიად ზედმეტი იყო. რატომ? იმიტომ, გვიპასუხებს ბ. ზახაროვი, რომ ადგილობრივი ბავშვები ძალიან ცოტანი იყვნენო. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, საბუთი არ არის. რაც უნდა ცოტანი იყვნენ ასეთი ბავშვები, მშობლიური ენის სწავლება მაინც აუცილებელია. მშობლიური ენის შესწავლა თუ აუცილებელია ყველა ადგილობრივი სასწავლებლის მოსწავლეთათვის, მით უმეტეს აუცილებელი იყო ნავთლურღის სასწავლებლის მოსწავლეთათვის, ვინაიდან ისინი ემზადებიან სამასწავლებლო სკოლაში შესასვლელად, ე.ი. მომავალში უნდა გამოვიდნენ მასწავლებლები, ხოლო ცნობილია, რომ არავის ისე არ სჭირდება ხალხის ენის საფუძლვიანი ცოდნა, როგორც სოფლის მასწავლებელს. ამ უბედურების გამოსწორება კიდევ შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, თუ სამასწავლებლო სკოლაში მოხვედრილ დაწყებითი სკოლის მოსწავლეს მიეცემოდა საშუალება აენაზღაურებინა დანაკლისი და შეესწავლა თავისი ენა, მაგრამ საუბედუროდ, რაღაც გაურკვეველი მიზეზის გამო, ადგილობრივი ენების სწავლება სრულებით ამოღებული იყო ალექსანდრეს სახელობის სკოლის კურსიდან, ე.ი. ისეთი სასწავლებლის კურსიდან, რომელიც, სპეციალური დანიშნულების გამო, ყველა სასწავლებელზე უფრო საჭიროებს ამ საგნების სწორ და სისტემატურ სწავლებას. ეს კიდევ ცოტაა, ამ სკოლაში აკრძალული იყო მშობლიურ ენაზე დაწერილი წიგნების კითხვაც კი მეცადინეობისაგან თავისუფალ დროს. და თუ სკოლაში ათასში ერთხელ გაჩნდებოდა ასეთი წიგნი, გაჩნდებოდა როგორც კონტრაბანდი, რომლის გამოც მაშინვე სასტიკად ხვდებოდათ კონტრაბადისტებს. ადგილობრივი ენებისადმი ასეთი უცნაური დამოკიდებულების შედეგი ის იყო, რომ ალექსანდრეს სახელობის სკოლის მოსწავლენი, კურსის დამთავრების შემდეგ, სრულ უვიცობას იჩენდნენ მშობლიურ ენაში, ძლივს ერკვეოდნენ ანა-ბანაში და ამის გამო ძალიან უჭირდათ მკვიდრ მოსახლეობაში სასკოლო სწავლების სწორ ნიადაგზე დაყენება.

შემდეგ, რაკი გრძნობს, რომ ყოველ მკითხველს უნებურად დაებადა გონებაში კითხვა: როგორ მოხდა ის უცნაურობა, რომ თბილისის, ე.ი. იმ ქალაქის ერთ-ერთ პირველდაწყებით სასწავლებელში, რომელიც წარმოადგენს მკვიდრი მოსახლეობის ცენტრს, ასე ცოტანი აღმოჩნდნენ ადგილობრივი ბავშვები, – ბ-ნი ზახაროვი წინასწარვე გვიპასუხებს ამ კითხვაზე და გვიხსნის, რომ ნავთლუღის ქართველებით დასახლებული ნაწილი შორს არის იმავე ნავთლუღის რუსებით დასახლებული ნაწილისაგან, სადაც მოთავსებული იყო ალექსანდრეს სახელობის სკოლა პირველდაწყებითი სასწავლებლითურთო. ყოვლად უბადრუკი ახსნა-განმარტებაა. იგი გააცინებს ბავშვებსაც კი, რომლებმაც იცის, თუ რას წარმოადგენს სივრცის მხრივ ნავთლუღი მთლიანად. სამჯერ მეტი მანძილი აშორებს ავლაბარს, სოლოლაკს, ვერას და ხარფუხს იმ ადგილებიდან, სადაც მოთავსებულია ქალთა გიმნაზიები და პროგიმნაზიები. მაგრამ ეს ხელს არ უშლის ადგილობრივ გოგონებს შევიდნენ ამ სასწავლებლებში და იარონ იქ ყოველდღიურად. თვითონ საქალაქო სასწავლებლებშიც და იარონ იქ ყოველდღიურად. თვით საქალაქო სასწავლებელშიაც, რომელიც ინსტიტუტთან ერთად გადაიტანეს ჩვენი ქალაქის ყველაზე შორეულ, განაპირა უბანში – მუშტაიდის ბაღთან, დადიან ბავშვები “კალიუჩი ბალკიდან”, ვერიდან, მთაწმინდიდან; ისინი დღეში რამდენიმე ვერსს გადიან იქით-აქეთ. წინათ კი სასწავლებლის ქალაქში გადატანის პირველ წლებში იქ დადიოდნენ მოსწავლეები ნავთლუღიდანაც, რომელიც დაცილებული იყო სკოლას სამი ვერსით. იბადება კითხვა: როგორ შეიძლება, რომ იმ 300-400 საჟენს, რომლითაც ნავთლუღის ქართული ნაწილი დაშორებულია სასწავლებლიდან, ხელი შეეშალა ათი და თორმეტი წლის ყმაწვილებისათვის ევლოთ სასწავლებელში? აშკარაა, რომ მანძილი აქ არაფერ შუაშია. ადგილობრივ ბავშვთათვის ამ სასწავლებელს ნაკლებ მისაწვდომად ხდიდა სულ სხვა მიზეზები, სხვა დაბრკოლებანი, არ იფიქროთ, რომ ამ მიზეზებს რაიმე საერთო ჰქონდეთ ბ-ნი დირქტორის რასიულ განკერძოებულობასთან! ამ დაბრკოლებათა შორის პირველი ადგილი უჭირავს იმ მნიშვნელოვან და ამასთანავე უცნაურ გარემოებას, რომ ამ სასწავლებლიდან განდევნილი იყო ყოველივე მკვიდრი, ადგილობრივი, ყოველივე მშობლიური არარუს ბავშვთათვის, ასე რომ, ადგილობრივი ბავშვი თავისი ოჯახიდან პირდაპირ ხვდებოდა მისთვის სრულებით უცხო წრეში, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო მის ცხოვრებასთან, წრეში, სადაც ის ვერ გაიგონებდა ვერც ერთ ნაცნობ სიტყვას, სადაც ის იძულებული იყო მხოლოდ უაზროდ დაეჭყიტა თვალები. რომელი ჭკუათმყოფელი მშობელი გაგზავნის თავის ბავშვს ასეთი, სულ ცოტა რომ ვთქვათ, უცნაურ წესების მქონე სასწავლებელში, სადაც მისი ბავშვი ერთი-ორი წლის განმავლობაში სრულებით გამოთაყვანდება და გარეგვენდება? ამრიგად, თუ ახლო გავეცნობით და დავუკვირდებით საქმეს, გამოდის, რომ არარუსი ბავშვების მცირერიცხოვნობა კი არ იყო მიზეზი ნავთლუღის პირველდაწყებით სასწავლებელში ადგილობრივი ენების არსწავლებისა, არმედ, პირიქით – ადგილობრივი ენების განდევნა აძნელებდა სასწავლებელში ადგილობრივი ბავშვთა შესვლას. ამიტომ ის, რასაც ბ-ნი ზახაროვი ასახელებს მიზეზად, სინამდვილეში არის შედეგი, ხოლო ის, რაც მას გამოყავს შედეგად, არის ნამდვილი მიზეზი. ბ-ნი ზახარაოვი სავსებით მტყუანი აღმოჩნდბა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სრულ სიმართლედ და სისწორედ მივიჩნევთ მის შემდეც ჩვენებას: “ნავთლუღში სამასწავლებლო სკოლის არსებობის მთელი ხნის განმავლობაში მასთან გახსნილ პირველდაწყებით სასწავლებელში ირიცხებოდა მკვიდრთა ტომის მოსწავლე სულ 4 ქართველი, 2 აფხაზი, 1 ოსი”. მაგრამ ეს ცნობა, როგორც მოსალოდნელი იყო, ბ-ნი ზახაროვის საუბედუროდ, აღმაშფოთებელ სიყალბეს შეიცავს. აი რას გვწერენ, სხვათა შორის, ის პირნი, რომლებიც ახლო იცნობენ ნავთლუღის პირველდაწყებითი სასწავლებლის ცხოვრებისა და საქმიანობის სარჩულს: “ჩვენ ვიცით ყოვლად სარწმუნო წყაროებიდან, რომ მიუხედავად სერიოზული ხელოვნური დაბრკოლებებისა, რომლებიც ხელს უშლიდნენ ადგილობრივ ბავშვებს ნავთლუღის პირველდაწყებით სასწავლებელში შესულიყვნენ, იქ ყოველწლიურად მაინც სწავლობდა ოცამდე ადგილობრივი ბავშვი, რაც შეადგენს მოწაფეთა საერთო რიცხვის თითქმის ნახევარს, ვინაიდან მათი საერთო რიცხვი არასოდეს არ აღემატებოდა ორმოცდაათს, ხოლო სასწავლებლის არსებობის შვიდი წლის მანძილზე იქ გაიარა 140 ადგილობრივმა ბავშვმა, თითქმის მხოლოდ ქართველებმა”. ჩვენ არ შეგვიძლია ვუწოდოთ ბ-ნ ზახაროვის ამ საქციელს წესიერი სახელი და მკითხველს ვანდობთ მოუნახოს მას შესაფერი და საკადრისი სახელწოდება. ჩვენ მივადექით ბ-ნ ზახაროვის საპასუხო წერილის იმ ადგილს, სადაც მან ნება მისცა თავს და საკადრისად სცნო მიემართა საზიზღარი ინსინუაციისათვის. ის წერს, ვითომ ჩვენ საგაზეთო შენიშვნაში გამოვთქვით საყვედური იმის გამო, რომ მისდამი რწმუნებული ორკლასიანი სასწავლებლის ორივე მასწავლებელი რუსია. სიტყვა “რუსი” ბ-ნ ზახაროვს ხაზგასმულიც კი აქვს. ჩვენს შენიშვნაში კი არაფერი ამის მსგავსი ნათქვამი არ იყო. აი რა ეწერა იქ: “სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორმა აიყვანა ქალაქის სასწავლებელში ორი ისეთი მასწავლებელი, რომლებმაც სრულებით არ იციან ადგილობრივი ენები, ამის გამო შეუძლებელია ახლადმიღებულ ადგილობრივ ბავშვთა სწავლება მშობლიურ ენაზე, რის გარეშეც ბავშვები ვერ შეითვისებენ შეგნებულად საგნებს და ვერ განვითარდებიან გონებრივად”. ბ-ნ ზახაროვს ძალიან კარგად ესმის, რომ ამ სიტყვებს არა აქვთ ის მნიშვნელობა, რომელიც მან ბოროტგანზრახვით მიაწერა მათ. მას კარგად მოეხსენება, რომ აქაურ რუსებში ბევრმა იცის ადგილობრივ ენებში ყველაზე უფრო გავრცელებული ქართული ენა და, მაშასადამე, როდესაც ჩვენ გამოვთქვამდით სინანულს იმის გამო, რომ ბ-ნი ზახაროვი რატომღაც სავალალოდ უგულებელყოფს ადგილობრივი ენების მცოდნე პირებს-თქო, – მხედველოებაში გვყავდა ასეთი რუსებიც მკვიდრ მცხოვრებლებთან ერთად. მას ისიც ძალიან კარგად მოეხსენებოდ, ვიდრე სხვა ვისმეს, რომ საქართველოში სოფლის მასწავლებლებშიაც კი არის არა ერთი რუსი (მაგალითად, ალვანის სოფლის სკოლაში, ახალციხის ერთ-ერთ სახალხო სკოლაში), მაგრამ ამით ყველა გახარებულია, ვინაიდან მათ ჩინებულად იციან ქართული და ისევე წარმატებით მოღვაწეობენ, როგორც მკვიდრი მოსახლეობიდან გამოსული მასწავლებლები. მაშ რატომ გადაასხვაფერა ბ-ნმა ზახაროვმა ჩვენი სიტყევბი? იმიტომ, რომ ყოველი პირველყოფილი ადამიანი, განვითარების უმდაბლეს საფეხურზე მდგომი, ყველას თავისი თავის მიხედვით ზომავს და, თუ, მაგალითად, თვითონ არის დაავადებული რასიული განკერძოებულობის თვისებით, სხვაშიც ამ ულამაზო თვისებას ხედავს. ბ-ნ ზახაროვს, როგორც ჩანს, ძალიან ესიამოვნება ჩვენი გათანაბრება საზოგადოების თვალში იმ გადაყრუებულ პედაგოგთან, რომელიც ყოველ მარჯვე შემთხვევაში მეცადინეობაში წახალისების მიზნით მიმართავს თავის მოწაფე სომეხს, მაგალითად, ასეთი თავაზიანი გამამხნევებელი სიტყვებით: “სწავლა რა შენი საქმეა, არშინი და მოტყუილება – აი შენი მოწოდებაო”, ხოლო ქართველს ხშირად შემდეგნაირად გაუკეთებს გულს სწავლაში: “აბა, რათ გინდა სწავლა, შენი საქმეა დუქნებში წანწალი და წითელი კახური ღვინის ყლაპვა, ან ტახტზე გორაობა და გამაყრუებელი ზურნის მოსმენაო”. ისეთ ადამიანს, რომელიც ნამდვილ ველურობას იჩენს უცხო ტომის ბავშვთა მიმართ, ვერ წარმოუდგენია, რომ სხვას შეუძლია ავიდეს დრომოჭმულ ტომობრივ ცრურწმენაზე მაღლა, ყველა ადამიანს უყურებდეს განურჩევლად წარმოშობისა და ეროვნებისა, როგორც თანასწორ ძმებს, და უღირსად თვლიდეს და ზიზღით ეპყრობოდეს მდაბალი ინსტიქტებით შეპყრობილ იმ ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ ადამიანთა ეროვნული განსხვავებით და შუღლსა და მტრობას თესენ მათ შორის…

არის კიდევ მეორე მიზეზი, რომელმაც წააქეზა ბ-ნი ზახაროვი ინსინუაციისათვის. ის ფიქრობს, რომ ამ გზით შეასუსტებს იმ, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არასრული, მხილების ძალას, რომელიც “ტფილისკი ვესტნიკმა” გამოაქვეყნა ბ-ნი ზახაროვის მოღვაწოების შესახებ.

მაგრამ ეს იარაღი უკვე გაცვეთილი, ნათრევი და დაჩლუნგებულია, ამიტომ ფარად არავის გამოადგება, მას მიმარტავენ მხოლოდ სუსტნი, ცოდვილნი, უბადრუკნი, რომლებიც ვერავითარ ძალასა და ღირსებას ვერ ხედავენ თავიანთ თავში და თავის წარმოშობას ებღაუჭებიან, როგორც წყალწაღებული – ნაფოტს. წარმოშობას ან სახელოვანი ერისადმი კუთვნილებას ვერც ერთი ფილისტერი-პარაზიტი, უნიჭო სალახანა ვერ ამოაფარებს თავს. ადამიანის ღირსება განიზომება მხოლოდ გონებრივი სიმაღლით, ზნეობრივი სისპეტაკით და იმ სიკეთით, რომელსაც თესავს იგი თავისი მოღვაწეობით. ამიტომ ის ვაჟბატონები, რომელთაც ახასიათებთ გონებრივი და სულიერი არარაობა, რომლებიც თავიანთ გარშემო თესენ მხოლოდ ბოროტებას, სწამლავენ და შხამავენ ყველას, ვისაც კი შეეხებიან, რომლებიც მოწოდებულნი არიან ამ ქვეყნად იმისათვის, რომ გაამრავლონ ადამიანის ისედაც წრეგადასული უბედურება და ტანჯვა-წამება, – ასეთი ვაჟბატონები ვერ დააღწევენ თავს საზოგადოების ზიზღსა და კიცხვას, რამდენიც არ უნდა იყვირონ მათ თავიანთ წარმოშობაზე. მხილებას, თუ იგი სწორი და სამართლიანია, აქვს ერთნაირი ძალა, განურჩევლად იმისა, მამხილებელი თვისტომია თუ უცხო ტომის ადამიანი. მხილების ძალასა და მის შედეგებს ვერ გაექცევა კაცი მარტოოდენ შეძახილით: “მისი თვისტომიაო” ისევე, როგორც არისტოკრატი ავაზაკ-მძარცველი ვერ გაექცევა ციმბირს იმ საბუთით, რომ ის კეთილშობილი წოდების წარმომადგენლად თვლის თავის თავს.

მაგრამ დავუბრუნდეთ ბ-ნი ზახაროვის სტატიას, რომელსაც ჩვენ დაგვაშორა ჩვენს წინააღმდეგ მიმართულმა მისმა ინსინუაციამ.

ჩვენ გამოვთქვამდით სინანულს იმის გამო, რომ ბ-ნი ზახაროვისადმი დაქვემდედბარებული საქალაქო სასწავლებლის ორი მასწავლებლიდან არც ერთს არ ესმის ადგილობრივი ენები და ამიტომ არ შეუძლიათ რამდენადმე გასაგები ენით ელაპარაკონ და ასწავლონ ახალშესულ ადგილობრივ ბავშვებს. ბ-ნი ზახაროვი ცდილობს დაარღვიოს ამ სინანულის საფუძვლიანობა ორი ერთნაირად უსუსური მოსაზრებით. პირველი მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ ალექსანდრეს სახელობის სასწავლებლის ორივე კლასში ადგილობრივი ბავშვები შეადგენენო, ბრძანებს იგი, მოსწავლეთა საერთო რიცხვის ერთ მესამედზე ცოტა მეტს. მაგრამ, ჯერ-ერთი, ადგილობრივი ელემენტის ასეთი არაპროპორციულობა, რაც ვერ აიხსნება ბუნებრივი მიზეზებით, უნებლიედ ბადებს აზრს იმ ხელოვნურ დაბრკოლებათა შექმნის შესახებ, რომლებიც ხელს უშლიან ადგილობრივი ბავშვების შესვლას სასწავლებელში იმ რაოდენობით, რაც შეესაბამება ქალაქის მკვიდრ მცხოვრებთა საერთო რაოდენობასა და მათ მოთხოვნილებას სწავლა-განათლების მხრივ, მეორეც, ამ შემთხვევაში ბ-ნი ზახაროვი ამყარებს ფაქტების პირუკუ მიზეზობრივ თანმიმდევრულობას იმის მაგივრად, რომ არარუს ბავშვთა სიმცირე ახსნას დედაენის სრული უგულებელყოფით, იგი უკანასკნელს ამართლებს პირველით; მესამეც, თითქმის ოთხი ათეული მკვიდრი მოწაფე – ვფიქრობთ, იმდენად მნიშვნელოვანი ციფრია, რომ მათი გონებრივი ინტერესებიც მიიღონ მხედველობაში და ეცადონ, რომ სწავლებამ კი არ გამოაყეყეჩოს ისინი, არამედ განავითაროს. მეორე საბუთი არა ნაკლებ უბადრუკია. “საქალაქო სასწავლებლების დაწყებითს განყოფილებებში მოსწავლეთა კონტინგენტს – ამბობს ბ-ნი ზახაროვი – უმეტესად შეადგენენ იმ მკვიდრ მოხელეთა ბავშვები, რომელთა ოჯახებშიც რუსულ ენას უკანასკნელი ადგილი როდი უჭირავს”. მაგრამ, ჯერ-ერთი, ბ-მა ზახაროვმა დაფარა ის გარემოება, რომ საქალაქო სასწავლებლის მკვიდრ მოწაფეთა თითქმის ერთი მესამედი სოფლელი ბიჭებია; მეორეც, ქალაქის არარუსთა შემადგენლობაშიც ცოტანი როდი შედიან ხალხის დაბალი ფენებიდან, სადაც რუსულ ენას სრულიად არ იცნობენ და მესამე, მოხელეთ ბავშვების მხრივ რუსული ენის ცოდნა განისაზღვრება, ფრიად იშვიათი გამონაკლისით, მცირე რაოდენობის ჩვეულებრივი ფრაზების ცოდნით. ნათელია, ბავშვს, რომელსაც შემთხვევით დაუმახსოვრებია რამდენიმე რუსული გამოთქმა, ისევე ძნელად ძალუძს გადაბმული რუსული ლაპარაკის გაგება სკოლაში, როგორც რუსული ენის სრულიად უცოდინარს. თუ რამდენად აფერხებს სწავლების დროს დედაენის უგულებელყოფა ბავშვის განვითარებას, ამის აშკარა დამამტკიცებელია ის ფაქტი, რომ ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში ყველა მკვიდრი ბავშვი სწავლობ ან მთლად სუსტად, ანდა საშუალოდ და წარმატებათა მიხედვით უკანასკნელი ადგილი უჭირავთ. ჩვენ საშუალება გვქონდა საქმით დავრწმუნებულიყავით, რომ ეს სამწუხარო გარემოება სხვა სავალალო შედეგთა გარდა, იწვევს იმასაც, რომ ავითარებს შურს მკვიდრ ბავშვთა შორის და ხელს უშლის სასურველი ძმური ურთიერთობის დამყარებას მათსა და რუს ბავშვთა შორის. ჩვენ პირადად ვიცნობთ საქალაქო სასწავლებლის რამდენიმე აღზრდილს, რომელნიც იქ სწავლობდნენ მთელი ორნახევარი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ საკმაოდ დიდხანს დაჰყვეს ამ სკოლაში, ახლაც ისე სუსტად იციან რუსული ენა, რომ მხოლოდ სანახევროდ თუ გაიგებენ რუსულ, სასკოლო მეტყევლებას.

უკუღმართობას მხოლოდ ერთი რამით ვუშველით: პირველი სამი წლის განმავლობაში დაწყებითი კურსისი საგნების დედაენაზე სწალების დაწესებით, დაკანონებით. მხოლოდ მეოთხე წელს, როცა ბავშვები საკმაოდ განვითარდებიან, გონებრივად გამაგრდებიან და შეგნებულად დაეუფლებიან რუსულ ენას, შეიძლება და კიდეც უნდა შევუერთოთ ისინი რუს ბავშვებს ერთ სასკოლო კალაპოტში და მათი სწავლების საერთო ენად გავხადოთ სახელმწიფო ენა. ასეთია ჩვენი სურვილი ელემენტარული სწავლების დაყენებისა არა მარტო ალექსანდრეს სახელობის სასწავლებელში, არამედ ყველა ჩვენს დაწყებითს საქალაქო სასწავლებელშიც. ეს სურვილი, როგორც მკითხველი ხედავს, სულ მცირედია, სავსებით პედაგოგიურია, სრულებით კანონიერია, შეფარდებულია საზოგადოებრივი აზრის მოთხოვნებთან და ეთვისება ოჯახისა და სახელმწიფოს ინტერსებს, – ამიტომაც, ჩვენ კანონიერ მოვალეობად მიგვაჩნია დაბეჯითებით ვურჩიოთ მისი შესრულება, მისი სრული განხორციელება.

*

* *

სახალხო მასწავლებელი მეტყველი არსება უნდა იყოს, თუ მუნჯი? “რა სულელური, რა უაზრო, როგორი დაუშვებელი კითხვაა”, – იტყვის მკითხველი. მაგრამ სწორედ ეს წარმოუდგენელი, ეს მიუტევებელი კითხვა პირდაპირ არის დასმული გაზეთ “კავკაზის” ერთ-ერთ უკანასკნელ ნომერში დაბეჭდილ წერილში. წერილის ავტორი, – როგორც ჩანს, პედაგოგი, – კითხულობს: აუცილებელია თუ არა სახალხო მასწავლებელმა იცოდეს ის ერთადერთი ენა, რომელზედაც ლაპარაკობენ პირველდაწყებით სკოლის მოსწავლეები, თუ ეს აუცილებელი არ არის? სხვა სიტყვებით: საჭიროა თუ არა, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეებს გაეგებოდეთ ერთმანეთისა, თუ ეს საჭირო არ არის? ან კიდვ, სხვანაირად რომ ვთქვათ: შეიძლება თუ არა, რომ სახალხო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელი მუნჯები იყვნენ ერთმანეთის მიმართ? თქვენ ისევ იტყვით, რომ ასეთი კითხვები დაებადება მხოლოდ ისეთ ადამიანს, რომელიც მოკლებულია არათუ სულ უბრალო, ელემენტარულ პედაგოგიკურ მოსაზრებას, არამედ საღი აზროვნების ნიშანწყალსაც; იტყვით, რომ ასეთ ადამიანს არ ესმის, რომ დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, თუ მან არ იცის ბავშვებისათვის გასაგები ერთადერთი ენა, გაუგებარი, წარმოუდგენელი მოვლენაა. მაგრამ ის, რაც შეუძლებელია საზოგადოდ, ხანდახან შესაძლებელი ხდება ჩვენში. შენიშნავს ავტორი არათუ სვამს ასეთ კითხვას, იგი აშკარად იხრება საკითხის ისეთი გადაწყვეტისაკენ, რომ არ არის დიდი ბედენა, თუ მასწავლებელსა და მოსწავლეებს ერთმანეთის არაფერი გაეგებათო. საკითხის ასეთი გადაწყვეტა მას აუცილებლად მიაჩნია, იმის გამო, რომ ჩვენში მრავალი სხვადასხვა ენის ხალხი ცხოვრობს. კავკასიის მხარეშიო, ამბობს იგი, ბევრი ენაა; განა შესაძლებელია მოსთხოვო სახალხო მასწავლებელს “ენების მთელი მთის” ცოდნა? ამისათვის ხომ უნდა დაარსდეს მთელი აღმოსავლური ენების ფაკულტეტი, რომელიც გამოუშვებს პროფესორებს სახალხო სკოლებისათვის და ამ პროფესორებმა მერე უნდა იმსახურონ სახალხო სკოლებში თვეში ოც მანეთადო! რა არის ეს? უმარტივესი რამის გაგების უნარის დაკარგვის შედეგი თუ უძლიერესი სურვილის შედეგი – დააბნელო, გაუგებრობის ბურუსში გაახვიო უმარტივესი საკითხები. დღესავით ნათელია, რომ ყოველმა სახალხო მასწავლებელმა უნდა იცოდეს მხოლოდ ერთი ადგილობრივი ენა, სახელდობრ, იმ ადგილის მკვიდრი მოსახლეობის ენა, სადაც გახსნილია სკოლა; დანარჩენი კავკასიური ენების ცოდნას მას არავინ სთხოვს, ეს მას არც ესაჭიროება. მაგრამ შენიშვნის ავტორი აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ბაქოს გუბერნიის თათრების ზოგიერთ სოფელში მრავლად ცხოვრობენ სომხებიც. “რა ვუყოთ ასეთ შემთხვევაში მასწავლებელს?” აშკარაა, რომ აქ მასწავლებელმა ან უნდა იცოდეს ორივე ენა, თათრულიც და სომხურიც, ან მოწვეული უნდა იქნას ორი მასწავლებელი, – ერთმა უნდა იცოდეს თათრული, ხოლო მეორემ – სომხური. სხვა გამოსავალი აქ არ შეიძლება იყოს. მაგრამ შენიშვნის ავტორმა ნახა სხვა, მესამე გამოსავალი: მისი აზრით, გამოდის, რომ მასწავლებლად შეიძლება დაინიშნოს ისეთი პიროვნება, რომელმაც არც ერთი და არც მეორე ენა არ იცის.

ყველა ევროპულ პედაგოგთა შორის ყველაზე უფრო დიდი ახირებულობით გამოირჩეოდნენ ავსტრიელი პედაგოგები. მაგრამ ისინიც კი არ მისულან არასოდეს, ყოვლად აშლილ დროშიც კი, ისეთ უაზრობამდე, რომ სახალხო მასწავლებელმა შეიძლება არ იცოდეს იმ მოსახლეობის ენა, რომელსაც ეკუთვნის სკოლა. თურქი პედაგოგებიც კი, საჭიროდ თვლიან სახალხო სკოლებში აუცილებლად ისეთი მასწავლებელი ჰყავდეთ, რომლებმაც კარგად იციან ბავშვების მშობლიური ენა.

ჩვენი გაზეთის მიმდინარე წლის პირველ ნომერში დაბეჭდილი წერილის შესახებ – “მუნჯ მასწავლებელთა პროექტის გამო” – ალექსანდრეს სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორმა, ბ-მა ზახაროვმა გამოგვიგზავნა ამონაწერი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების 1869 წლის ანგარიშიდან, რომელიც, როგორც თვითონ იწერება, ცნობად უნდა მივიღოთ, და ყურადვიღოთ ზემოხსენებულ წერილში მოყვანილი მოსაზრებებისა და ფაქტების შედარების დროს იმ სინამდვილესთან, რომელსაც იძლევა ანგარიში. თუმცა ბ-ნი ზახაროვი ძალიან ცდება, როცა ფიქრობს, რომ ჩვენ სინამდვილეზე უნდა ვიმსჯელოთ იმ ცნობების მიხედვით, რაც მის შესახებ იბეჭდბა ოფიციალურ ანგარიშებში, მაშინ, როდესაც სრული შესაძლებლობა გვაქვს ამ სინამდვილის სრულიად შიშველი, ჭეშმარიტი, შეულამაზებელი სახით ძალიან კარგად ვხედავდეთ და მის შესახებ ვმსჯელობდეთ იმის მიხედვით, რაც ნამდვილად ხდებოდა და ხდება, მიუხედავად იმისა, ძალიან მოხარული ვართ, რომ ბ-ნმა ზახაროვმა ეს ანგარიში გამოგვიგზავნა. მან ჩვენ მოგვცა ხელში, თავისდა უნებლიედ, რასაკვირველია, შესანიშნავი საბუთი იმისა, თუ უმაღლესი ხელისუფლების პირთა ბრძნული წინასწარგანზრახულებანი როგორ გადაიქცევა ხოლმე ზოგ შემთხვევაში ბეც და უღირს აღმასრულებელთა ხელში ბოროტ, მავნე ღონისძიებად.

ჩვენთვის გამოგზავნილი ანგარიში აშკარად მოწმობს, თუ კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოების საბჭომ, თავისი ნაყოფიერი მოწოდების სიმაღლეზე მდგომმა, როგორ განსაზღვრა და დასახა თავისი სკოლებისათვის სწავლების სისტემა, რომელიც გონივრულობის, მიზანშეწონილობისა თუ ჰუმანურობის ნიმუშია. ეს სისტემა არა თუ უგულებელყოფდა მშობლიურ ენას, როგორც სწავლების ენას და სასწავლო საგანს, არამედ ყველგან და ყველასათვის აკანონებდა მის იმ უფლებას, რასაც ბავშვთა მშობლიური ენის მიმართ ყველგან აღირებენ. ამ სისტემით მშობლიური ენის შესწავლა შეტანილია სკოლის საერთო კურსში, როგორც აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. გარდა ამისა, პირველდაწყებითი სწავლის წარმოება ამ სისტემით გათვალისწინებულია პირველ წლებში ბავშვთა მშობლიურ ენაზე. იქ დადგენილია შემდეგი: “სწავლის პირველ წელიწადს, ბავშვის გონების განუვითარებლობის გამო, წერა-კითხვა საჭორი არ არის; მშობლიურ ენაზე საღვთო რჯულის სწავლებამ და არითმეტიკის თვალსაჩინო სწავლებამ, – ყოველივე ამან უნდა განუვითაროს ბავშვს გონება წლის განმავლობაში და გაუადვილოს მშობიურ ენაზე წერა-კითხვის შესწავლა”. მხოლოდ მშობლიურ ენაზე წერა-კითხვის შესწავლის შემდეგ უნდა გადასულიყვნენ ბავშვები რუსულ წერა-კითხვაზე. იმისათვის, რომ “მოსწავლეები მიეჩვიონ სწორ აზროვნებას, მეცადინეობა მშობლიურ ენაზე უნდა წარმოებდეს არა მარტო თვალსაჩინო სწავლებისას, არამედ ელემენტარული კურსის ყველა საგანში, მანამდე, სანამ მშობლიური ენის ცოდნა არ განვითარდება და რუსული ენა არ იქნება შესწავლილი ბავშვების მიერ იმ ზომამდე, რომ საგნების სწავლება გადაყვანილ იქნას რუსულ ენაზე”. ამრიგად, სასკოლო მეცადინეობაში დადგენილი იყო მკაცრი და სავსებით პედაგოგიური თანმიმდევრობა. პირველ წელიწადს ელემენტარული კურსის საგნების ზეპირი სწავლების შემდეგ, მეორე წლის პირველი ნახევრიდან უნდა დაწყებულიყო მშობლიურ ენაზე წერა-კითხვის შესწავლა; შემდეგ ამავე წლის მეორე ნახევრიდან უნდა დაწყებულიყო რუსული წერა-კითხვის შესწავლა, ხოლო საგნების სწავლება უნდა გაგრძელებულიყო ბავშვთა მშობლიურ ენაზე და, ბოლოს, დაახლოებით მეოთხე სასწავლო წლის დაწყებისას შეიძლებოდა და საჭიროც იყო გადასვლა რუსული ენის გამოყენებაზე სწავლების დროს. ყოველივე ეს განზრახული და გათვალისწინებული იყო იმ მოსაზრებით, “რომ საზოგადოების სკოლები უმთავრესად ყოფილიყვნენ ისეთი სკოლები, სადაც სარწმუნოებრივ-ზნეობრივი და გონებრივი განვითარება პირველ რიგში დგას”. და, აგრეთვე, ისინი “ყოფილიყვნენ ერთიანი დიდი სახელმწიფოს სარწმუნოებრივად ზნეობრივი და გონებრივად მომწიფებული მოქალაქეების აღმზრდელი კერა”. სკოლის ეს მიზანი, როგორც თვით მკითხველი ხედავს, მეტად საპატიო და ამაღლებულია, ხოლო გზა, დასახული ამ მიზნის მისაღწევად, – პირდაპირ გვაოცებს თავისი სრული მიზანშეწონილობით.

საზოგადოების საბჭომ, დასახა რა მიზანი და განსაზღვრა რა მიზნისაკენ მიმავალი გზები, ისეთი პირობებიც შეუქმნა თავის სკოლებს, რომლებიც ყოველგვარი გადამეტების გარეშე, შეიძლება ბრწყინვალე პირობებად ჩაითვალოს. სკოლები მოთავსებულ იქნა თვით საზოგადოების ხარჯზე აშენებულ მშვენიერ ქვითკირის შენობებში, მომარაგებულ იქნა საუკეთესო სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ხელსაწყოებით, მოწვეული იყვნენ სპეციალური პედაგოგიური განათლებით აღჭურვილი მასწავლებლები; მასწავლებლებს ისეთი ჯამაგიერები დაენიშნათ, რომელზედაც ევროპის ყველაზე მოწინავე ქვეყნების სოფლის მასწავლებლები ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებობენ ; სკოლებში დადგენილი იყო სულ ცოტა ოთხწლიანი კურსი, რაც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ბავშვებმა მიიღონ სრული, დამთავრებული ელემენტარული განათლება და, გარდა ამისა, ზოგიერთ სკოლასთან გახსნილი იყო პანსიონები ყველა მოსწავლეთათვის, რაც წარმოადგენს მეტად სასარგებლო, მაგრამ, სამწუხაროდ მეტად იშვიათ მოვლენას. ერთი სიტყვით, ყოველივე ეს მოცემული იყო მთელი სისრულით და სიუხვით. ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვერც გერმანიის, ვერც შვეიცარიისა და ვერც ამერიკის საუკეთესო სკოლები ვერ გაუწევდნენ მეტოქეობას საზოგადოების სკოლებს.

რის გაკეთება არ შეიძლებოდა ასეთი სანიმუშოდ მოწყობილი სკოლების საშუალებით? ასეთი სკოლების გამო ერთმა გამჭრიახი ჭკუის პატრონმა ადამიანმა, რომელსაც კარგად ესმოდა, თუ რა უძლიერეს იარაღს წარმოადგენს სწორედ დაყენებული და გონივრულად წარმართული სახალხო სკოლა, გამოთქვა აზრი, რომ ამგვარი სკოლების საშუალებით შეიძლება ოთხი ათეული წლის განმავლობაში რადიკალურად გარდაიქმნას ყოველი ხალხიო. სრული საფუძველი გვქონდა გვეფიქრა, რომ საზოგადოების სკოლები ასეთ მნიშვნელოვან როლს ითამაშEბდნენ მკვიდრი მოსახლოების ცხოვრებაში. შეუძლებელი იყო შერყეულიყო ჩვენი იმედი, რომ ეს სკოლები მოჰფენენ ხალხს სრული პირველდაწყებითი სწავლა-განათლების ნათელს, გაავრცელებენ მშობლიურ წერა-კითხის საფუძველიან და ნაყოფიერ ცოდნას ამ სკოლების მოსწავლე ახალგაზრდობაში, შესძენენ ამ ახალგაზრდობას სახელმწიფო ენის მტკიცე და საფუძვლიან ცოდნას და გახდებიან, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმ სულიერ ქურად, რომელშიც გლეხობის ნიჭიერი მოზარდი თაობა გონებრივად და ზნეობრივად გამოიწრთობა და ცხოვრების საღ და ნათელ გზაზე გამოვა. შეუძლებელი იყო ეჭვი დაგვბადებოდა, რომ ეს სკოლები, რომლებშიც აღსაზრდელნი დღითიდღე უნდა ამაღლებულიყვნენ გონებრივად და განსპეტაკებულიყვნენ ზნეობრივად, – გახდებოდნენ ხალხის საყვარელ და ძვირფას დაწესებულებებად. შეუძლებელი იყო ეჭვი შეგვპაროდა, რომ ისინი ხალხთან უშუალო და მჭიდრო კავშირში მყოფნი, უსლარის მშვენიერი გამოთქმისა არ იყოს, “მარტო ცალკეულ მოღვაწეებს კი არ მოამზადებენ, არამედ გავლენას მოახდენენ ხალხზე”, რამდენადაც ბავშვების მიერ საფუძვლიანად შეძენილი პირველდაწყებითი ცოდნა ამ ბავშვების გზითა და საშუალებით გავლენა უნდა მოეხდინათ გლეხთა მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, ნათლად დაენახვებინათ მათთვის სკოლის

მჭიდრო კავშირი ხალხის მატერიალურ ყოფასთან, დიდად დაეინტერესებინათ ისინი სკოლების არსებობით და აღეძრათ მათთვის სურვილი დახმარებოდნენ სკოლებს საკუთარი სახსრებით იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება, რომელმაც დაარსა და ინახვს სკოლებს, რაიმე მიზეზით შეამცირებდა მათ შესანახად გამოყოფილ თანხებს, ანდა სრულებით მოუსპობდა სკოლებს ამ თანხებს; ერთი სიტყვით, სრული საფუძველი გვქონდა გვეფიქრა, რომ საზოგადოების სკოლები უდიდეს წყალობად მოევლინებოდა ადგილობრივ მოსახლეობას. საზოგადოების მიერ ასე საუცხოვოდ მოწყობილი სკოლების მოღვაწეობას რომ ასეთი შედეგების მოტანა შეეძლო, ეს უდავოა. ეს გადაჭარბებული არ არის, ეს ისევე ბუნებრივია, როგორც ის, რომ მშრალი საწვავი მასალის ცეცხლთან შეხების შედეგად ბუნებრივად გამოიყოფა სითბო და სინათლე.

გამართლდა თუ არა ეს სამართლიანი მოლოდინი? შეასრულეს თუ არა საზოგადოების სკოლებმა თავიანთი ნაყოფიერი მოწოდება? მოახდინეს თუ არა სკოლებში რაიმე ცვლილება იმ მოსახლეობაში, სადაც მისიონერულმა საზოგადოებამ ისინი დაარსა და რაზედაც ესოდენ დიდ იმედებს ამყარებდა? გახდნენ თუ არა ეს სკოლები ერთიანი დიდი სახელმწიფოს სარწმუნოებრივ-ზნეობრივად და გონებრივად მომწიფებულ მოქალაქეთა აღმზრდელ კერად?

სინამდვილის უშუალო გაცნობა და სარწმუნო წყაროებიდან მოკრებილი ცნობები გვაიძულებენ ამ კითხვებზე უარყოფითი პასუხი გავცეთ. მშობლიური ენის სუსტი ცოდნა, რაც გამოიხატება გაჭირვებული, დამარცვლილი კითხვით და რაც მალე სულაც ავიწყდება ბავშვს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ამ ანბანის სრული უცოდინორბა, პირველდაწყებითი ცნობები უბადრუკი ნაგლეჯები, ისიც ვერაგაგებული და შეუთვისებელი, რუსული ენის ზერელე, მოჩვენებითი ცოდნა, რაც სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვებს ექცევათ რაღაც ჟარგონად, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ სულაც ავიწყდებათ, – აი ცოდნის მთელი ის მარაგი, რომელიც ბავშვებს გამოქონდათ და გამოაქვთ სკოლიდან. ბავშვებს არათუ ემჩნევათ გონების გახსნა და ნიჭის სწორი განვითარება, პირიქით, მათ აშკარად ემჩნევათ სკოლაში გონების დაჩლუნგება. და თქვენთვის სავსებით გასაგები ხდება ის სამწუხარო ფაქტი, რომ ის აფხაზი და სამურზაყანოელი ბავშვები, რომლებიც სახლახო სკოლების დამთავრების შემდეგ გადავიდნენ საქალაქო სასწავლებელში აფხაზეთ-სამურზაყანოს სახალხო სკოლებიდან, სწავლისათვის გამოუსადეგარი, თითქმის ყველანი გარიცხულ იქნენ საქალაქო სასწავლებლიდან, იმიტომ, რომ, უფროსების სამწუხაროდ, გონებადახშული აღმოჩდნენ. რაც შეეხება სკოლის მორალურ გავლენას, ის ფაქტი, რომ სკოლებში მოსწავლეთა შორის ფეხი მოიდგა ქურდობამ, ფაქტი, რომელიც ყველასათვის ცნობილია, ვისაც კი ახლო ჰქონდა საქმე ამ სკოლებთნა, ფაქტი, რომელმაც ბევრჯერ გაუშრო სისხლი სახალხო სკოლის მასწავლებელს, – დამაჯერებლად მოწმობს, რომ სკოლის გავლენა ამ მხრივ ნულს უდრის. ბავშვები ოდნავადაც არ განიცდიან სიყვარულსა და ერთგულებას სკოლისადმი, სწავლისადმი, მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო გასართობებითა და საგალობლებით მათ უხვად უმასპინძლდებიან. პირიქით, ჩვენ ვიცით, თუ რა ცუდი თვალით, როგორი უნდობლობით უყურებენ ბავშვები სკოლას; აი მრავალმეტველი მაგალითი: გასული წლის შემოდგომაზე, ერთ მშვენიერ დილას პანსიონიდან გაიპარა ერთ-ერთი საუკეთესო აფხაზური სკოლის ყველა მოსწავლე. ამრიგად, ნაცვლად იმისა, რომ სკოლებმა ხელი შეუწყონ ქვეყნის მწარმოებელ ძალთა გაძლიერებას, ისინი პირიქით, ხელს უშლიან და აკნინებენ მათ, ვინაიდან ახალგაზრდა გლეხობის საუკეთესო ნაწილს აბანდებენ სრულიად ფუჭ და უშედეგო საქმეში, სწყვეტენ მას ნაყოფიერ და სასარგებლო მუშაობას. მოსახლეობაში სკოლის გავლენაზე ლაპარაკი ზედმეტია. შეუგნებლად, მექანიკურად დაზეპირებულ კანტი-კუნტ ცნობებს ბავშვები ნათესავ-ნაცნობთ ვერ უზიარებენ მათთვის გასაგები ენით, რადგანაც დედაენა მათთვის არ უსწავლებიათ და არც იციან მისი მოხმარება. ამის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ გლეხები არ აფასებენ სკოლას, სრულიად გულგრილად უყურებენ მას, არავითარი სურვილი არა აქვთ ხელი შეუწყონ, დაეხმარონ მას საკუთარი სახსრებით; გლეხები უარს ამბობენ შენობის შეკეთების აუცილებელ სამუშაოებზე, ზამთრის თვეებში უშეშოდ სტოვებენ სკოლას. მასწავლებლები კი იძულებულნი არიან თავისი ფულით იყიდონ შეშა, და საერთოდ ცდილობენ თავიანთი მტრობა და უნდობლობა გამოუცხადონ მასწავლებლებს ყოვლად შეურაცხმყოფელი ფორმებით. ამიტომ, მისიონერულმა საზოგადოებამ რომ ერთ მშვენიერ დღეს რაიმე მიზეზით მოუსპოს სკოლებს სახსრები, ყველა სკოლა დაიხურება და მოსახლეობა არც ინებებს.

რას უნდა მივაწეროთ ასეთი მკვეთრი, ასეთი მოულოდნელი და უზომოდ სამწუხარო წინააღმდეგობა წამოწყებასა და შედეგებს შორის? სად იმალება იმ დამაღონებელი ფაქტის მიზეზი, რომ სანიმუშოდ კეთილმოწყობილი სკოლები იძლევიან ისეთსავე შედეგებს, როგორსაც სოფლის უმწეო, სამათხოვროდ ხელგაწვდილი სკოლები, რომლებსაც არც არავითარი სახსარი და არც არავითარი კეთილმოწყობის პირობები არ გააჩნიათ?..

მიზეზი მხოლოდ ერთია, სახელდობრ, იმ პირთა მოქმედება, რომელთაც მინდობილი ჰქონდათ სკოლების ზედამხედველობა და ხელმძღვანელობა.

განიზრახა რა სანიმუშოდ მოწყობილი სკოლების დაარსება, საზოგადოების საბჭომ 1869 წ. ამ სკოლების ხელმძღვანელობა ჩააბარა ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო სკოლის დირექციას, მაშინ ერთადერთ პედაგოგიურ დაწესებულებას ჩვენში, იმ მიზნით, რომ უზრუნველყო სკოლების სწავლების ნამდვილი და მკაცრი პედაგოგიური სისტემით. აბა ვინ იფიქრებდა, რომ, ყოველგვარი ლოგიკისა და ყოველგვარი მოლოდინის წინააღმდეგ, სწორედ ეს გარემოება ითამაშებდა სრულიად საწინააღმდეგო როლს, გადაუღობავდა გზას საზოგადოების სკოლებში სწავლების გონივრულ-პედაგოგიური სისტემის განხორციელბას და დაღუპავდა საქმეს. სინამდვილეში კი, სწორედ ასე მოხდა.

დირექციამ სრულიად უყურადღებოდ დასტოვა საზოგადოების საბჭოს მიერ დასახული მაღალი მიზანი, სახელდობრ: მოუმზადოს სახელმწიფოს სარწმუნოებრივ-ზნეობრივად და გონებრივად განვითარებული და განათლებული მოქალაქენი. ამ მიზნის ნაცვლად დირექციამ თავიდანვე დაისახა სხვა მიზანი, რომ ბავშვთა მშობლიურ ენას არ დაეჭირა სკოლაში შესაფერისი ადგილი. საზოგადოების სკოლების დირექციას არ უნდოდა გაეგო ის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ ბავშვთა დედაენის უგულებელყოფას მეტად სავალალო შედეგები მოყვება, რომ ეს შედეგები გავლენას იქონიებენ სწავლების მთელ მსვლელობაზე, რომ დედაენის უგულებელყოფის გამო შეუძლებელი გახდება ბავშვების მიერ უბრალო პირველდაწყებითი ცოდნის შეთვისება და რუსული ენის მათი ცოდნაც მექანიკური და მოჩვენებითი იქნება. დირექციამ, მთლიანად დაამახინჯა რა საზოგადოების საბჭოს მიერ მითითებული სწავლების სისტემა, იმდენი გამბედაობა ვერ გამოიჩინა, რომ პასუხისმგებლობა თავის თავზე აეღო და ყველაფერი გადააბრალა სამასწავლებლო სკოლის უფროსი კლასის აღსაზრდელებს. აი რას ვკითხულობთ ჩვენთვის გამოგზავნილ ანგარიშში: “სამასწავლებლო სკოლის უფროსი კლასის აღსაზრდელებმა პედაგოგიური საუბრბის დროს განაცხადეს, რომ ადგილობრივ ენაზე სწავლებისათვის დანიშნული ორი წელიწადი ძალიან ბევრია, ოსებმა ისიც კი თქვეს, რომ მეორე წელიწადს მათ მოუხდებათ რუსული სიტყვების დამტვრევა და იქიდან ოსური სიტყვების შედგენა იმისათვის, რომ რამენაირად მოახერხონ და აწარმოონ ოსურ ენაზე სწავლება, ხ ო ლ ო ა ფ ხ ა ზ ი ს რ უ ლ გ ა უ გ ე ბ რ ო ბ ა შ ი ა, მ ა ს ვ ე რ წ ა რ მ ო უ დ გ ე ნ ი ა, თ უ რ ო გ ო რ უ ნ დ ა ა ს წ ა ვ ლ ო ს ა ფ ხ ა ზ უ რ ე ნ ა ზ ე”.

მკითხველს ვთხოვთ ყურადღება მიაქციოს ჩვენს მიერ ხაზგასმულ უკანასკნელ ფრაზას. იგი შეიცავს ზუსტად შემდეგ აზრს: პირველდაწყებითი, ელემენტარული სწავლების წარმოება აფხაზურ ენაზე შეუძლებელიაო. იმის თქმა, რომ ეს აზრი აბსოლუტურად შეუსაბამოა, მართალი არ იქნებოდა. არა, თუ საგანს თავის სახელს ვუწოდებთ, მაშინ მოვალე ვართ ვთქვათ, რომ ეს აზრი უაღრესად არაკეთილსინდისიერია, ვინაიდან არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს ისეთი ადამიანური ენა, რომელზედაც არ მოხერხდება პირველდაწყებითი სწავლების მოგვარება ისევე, როგორც არ შეიძლება წარმოვიდგინოთ ისეთი ადამიანური ენა, რომელზედაც უბრალო, ჩვეულებრივი აზრების გამოთქმა არ შეიძლებოდეს. ის გარემოება, რომ დირექტორმა ვერ გაბედა თავისი პირით გამოეთქვა ეს აზრი და გადააბრალა ვიღაც ვითომც, უფროსკლასელ აფხაზს, საკუთარი ფანტაზიით შეთხზულს, რომელიც სამასწავლებლო სკოლის სინამდვილეში არ არსებობდა, მოწმობს, რომ ბ-ნ დირექტორს თვითონ ძალიან კარგად ესმოდა ამ აზრის შეუსაბამობა. მაგრამ ამის შეგნებამ მას მაინც ვერ შეუშალა ხელი სავსებით გაეტარებინა ცხოვრებაში ეს უბადრუკი აზრი და გადაექცია ის განგრენად, რომელმაც გახრწნა მთიელთა სკოლების ორგანიზმი. ჩვენ ვამბობთ “მთიელთა სკოლების”, და არა “აფხაზური სკოლებისა”, ვინაიდან დირექცია ანგარიშში ამ მოსაზრებას გამოთქვამს მხოლოდ აფხაზური სკოლებისა და აფხაზური ენის შესახებ, მაგრამ ნამდვილად კი ცდილობდა მის განმარტებას ყველა მთიელთა სკოლაში. დირექციის საქმიანობაში ეს გარემოება სრულ თანმიმდევრობას წარმოადგენს, – უბედურება და უაზრობა შეიძლება თანმიმდევრული იყოს. თუ კი აფხაზური ენა არ გამოდგება პირველდაწყებითი სწავლების იარაღად, მაშინ არც ოსური გამოდგება; ხოლო თუ კი ორივეს ეს ენა განდევნილი იქნება სახალხო სკოლებიდან, მაშინ რაღა უფლების ძალით შეიძლება სხვა დანარჩენი მთიელთა და თვით არამთიელთა ენების დატოვება სასკოლო დასაყრდენ პუნქტად, სადაც ფეხი უნდა მოეკიდა და უნდა განმტკიცებულიყო სწავლების ეს ყველაზე უბადრუკი სისტმა და საიდანაც ის შემდეგ უნდა გავრცელებულიყო ყველა დანარჩენ მთიელთა სკოლაში… მშობლიურ ენაზე, როგორც სწავლების ერთადერთ იარაღზე, ლაპარაკიც ზედმეტი იყო. დაწყებითი ცნობების გადაცემა ბავშვებისათვის ცხადია, თითქმის შეუძლებელი შეიქმნა საზოგადოების მიერ გამოცემული და სკოლებში უფასოდ დაგზავნილი აფაზური ანბანი და საკითხავი წიგნები დაუჭრელი რჩებოდა და დღესაც ისევე ისე დაუჭრელი აწყვია. ეს გარემოება დიდად აოცებდა თვით სახალხო მასაწვლებელს, მათ ვერ გაუთიათ, რისთვის ხარჯავს საზოგადოება ფულს ისეთ გამოცემაზე, რომელთა გამოყენებაც მათთვის აკრძალულია. რუსული ენის სწავლებაში დამკვიდრდა ყოვლად საშინელი წესი, გამოწვეული აბსოლუტურად შეუძლებელ ურთიერთ გაგებაზე მასწავლებელთა და მოსწავლეთა შორის. სწავლების თითქმის ასეთსავე სისტემას ადგილი ჰქონდა და აქვს ოსურ სკოლებში. რაც შეეხება ქართულ სკოლებს, აქ სწავლებას მშობლიურ ენაზე დიდი გაჭირვებით ითმენენ მხოლოდ პირველი ოთხი თვის განმავლობაში; ხოლო, როგორც სასწავლო საგანი, ქართული ენა სრულიად ამოღებულია კურსიდან, სკოლების სასწავლოს საგნებისა და საათების ცხრილში მას არა აქვს დათმობილი არც ერთი გაკვეთილი. ასე რომ მასწავლებლებს, ისიც მხოლოდ განსაკუთრებით კეთილსინდისიერ მასწავლებლებს, რომლებზედაც მოქმედებს მოსწავლეთა და მათი მშობლების დაჟინებითი სურვილი, უხდებათ ქართული ენის გაკვეთილების ჩატარება, ასე ვთქვათ, კონტრაბანდად. ქართულ სკოლებში საგანების რუსულად სწავლება იწყება მაშინ, როდესაც ბავშვს დააზეპირებინებენ რამდენიმე ათეულ სიტყვასა და ფრაზას. ერთი სიტყვით, საზოგადოების საბჭოს მიერ ასე გონივრულად და ასეთი მიზანშეწონილობით დასახული სწავლების მთელი სისტემა თავდაყირა დააყენეს და უმოწყალოდ დაამახინჯეს.

ყოველივე ამის შემდეგ რაღა გასაკვირია, რომ სანიმუშოდ კეთილმოწყობილი სკოლები უაღრესად არადამაკმაყოფილებელ შედეგებს იძლევიან? გასაკვირი, პირიქით, ის იქნებოდა, რომ აფხაზური სკოლების მოსწავლეები, მაგალითად, ოთხი წლის განმავლობაში სწავლების ასეთი ველური სისტემით განაწამებნი და დამახინჯებულნი, – ყველანი უკლებლივ არ გამოსულყვნენ ამ ოთხკლასიანი სასწავლებლიდან იმ ზომამდე გონებადაჩლუნგებულნი და გამოთაყვანებულნი, რომ საქალაქო სასწავლებლებში სწავლის განგრძობის უნარი ჰქონდათ. კიდევ უფრო გასაკვირი ის იქნებოდა, რომ ასეთი შედეგების მომსწრე მოსახლეობა არ აეთვალისწუნებია ეს სკოლები და მტრულად განწყობილიც კი არ ყოფილიყო მათ მიმართ.

საზოგადოების სამაგალითოდ მოწყობილი სკოლების (რომლებიც მკვიდრი მოსახლეობის დიდ სიკეთედ უნდა ქცეულიყვნენ) ათწლიანმა არსებობამ რომ ასეთი უკიდურესად სავალალო და მეტად სამწუხარო ნაყოფი გამოიღო, ამის სრული პასუხისმგებლობა სკოლების დირექციას ეკისრება. მან ჩაიდინა ისეთი შეცდომა, რომელიც თავის მავნე შედეგებით ბოროტმოქმედებას უდრის. ბ-ნ ზახაროვს შეუძლია თქვას, რომ მარტო ის ვერ იტვირთებს ყველა იმ ცოდვას, რომლებსაც მსხვერპლად შეეწირა საზოგადოების სკოლები, რომ ეს პასუხისმგებლობა მასთან ერთად უნდა გაიზიაროს მისმა ყოფილმა მონაცვლემ, რომელიც მასზე ნაკლებ გულმოდგინებას როდი იჩენდა დამღუპველ საქმეში. მაგრამ, ნება გვიბოძეთ ვიკითხოთ, ვის ბუდეში გამოიჩეკა და წამოიჩიტა ეს პედაგოგიური ბარტყი, თუ არა ბ-ნ ზახაროვის ბუდეში? ვინ შეუქმნა მას, უჩვეულო სისწრაფით და ყოველგვარი დამსახურების უქონლად, გავლენიანი მდგომარეობა პედაგოგიურ წრეში, თუ არა იმავე ზახაროვმა? ბოლოს, ვისი სულისკვეთებითა და მიმართულებით მოქმედებდა იგი თავის საქმიანობაში, თუ არა ბ-ნ ზახაროვისა? თუმცა ამ უკანასკნელის ყოფილ მონაცვლეს შეუძლია იკისროს პასუხისმგებლობის იმედენი ნაწილი, რამდენის ნებასაც მას მისი პატრონისადმი გულმოდგინება და ერთგულება აძლევს; მათ შორის პედაგოგიური ცოდვების განაწილება ჩვენ ვერ შევუდგებით.

საზოგადოების სკოლების დირექციის ყოფაქცევა კავკასიის პედაგოგიკის პრაქტიკაში გამონაკლისს რომ შეადგენდეს, მაშინ ჩვენ საქმე გვექნებოდა ლოკალიზებულ, განსაზღვრულ ვიწრო ფარგლებში მოქცეულ ბოროტებასთან. მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოვლენასთან, რომელიც ახასიათებს საერთო პათოლოგიურ მიმართულებას პირველდაწყებითი სწავლების ორგანიზაციის საქმეში კავკასიის ხალხთა შორის. ასე რომ ბ-ნ ზახაროვს სრული საფუძველი აქვს თქვას, რომ ის არის მხოლოდ ერთ-ერთი მომღერალი-მონაწილე კავკასიის პედაგოგიური კონცერტისა, რომელზედაც შეხმატკბილებულად სრულდება ერთი და იგივე სიმღერა.

ამის გამო პირველხარისხოვანი და უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმ საკითხს, თუ სად უნდა ვეძიოთ მიზეზი, რომელიც იწვევს ჩვენს სახალხო სკოლებში ახლანდელი სისტემის არსებობას?

ეს მიზეზი არ შეიძლება ვეძიოთ პედაგოგიური ხასიათის მოსაზრებაში, ვინაიდან უკანასკნელი უვიცისათვისაც კი ცხადი უნდა იყოს, რომ ისეთი სისტემა, რომელიც შეუძლებელს ხდის პედაგოგიკის ძირითადი წესის შესრულებას: “ასწავლე ისე, რომ სავსებით გასაგები იყოს” – უარყოფს და ძირს უთხრის ყოველგვარ პედაგოგიკას. მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ. იგი მდგომარეობს ჩვენი კავკასიური სკოლის მიზნების ვიწრო გაგებაში. ჩვენი პედაგოგების აზრით, ეს მიზანი წმინდა ფორმალური ხასიათისაა და გამოიხატება ადგილობრივ მცხოვრებთა შორის სახალხო სკოლის მეშვეობით მხოლოდ სახელმწიფო ენის გავრცელებაში. მაგრამ, ვთქვათ, რომ იმ გზით, რომელსაც დასდგომიან ჩვენი პედაგოგები – ზოგიერთ სკოლაში მშობლიური ენის დაშვება ორიოდე თვის განმავლობაში, ზოგიერთში კი მისი სრული განდევნა და სწავლების პირდაპირ რუსულ ენაზე დაწყება მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს არაფერი არ გაეგებათ რუსულიდან, – დავუშვათ, რომ ამ გზით ჩვენი პედაგოგები აღწევენ დასახულ მიზანს, თუმცა გამოცდილება და სინამდვილე წინააღმდეგს გვიჩვენებს; მაგრამ იმ შემთხვევაშიაც თუ კი ისინი აღწევენ თავიანთ მიზანს, შეიძლება დავსვათ საკითხი: აქვს თუ არა ესოდენ დიდი მნიშვნელობა ამ მიზანს, რომ მისი გულისათვის უნარი ვთქვათ სახალხო სკოლის პირდაპირ და ნამდვილ დანიშნულებაზე და მას შევწიროთ ხალხის სწორი გონებრივი და ზნეობრივი განვითარება? რასაკვირველია, არა! საზოგადოებისა და სახელმწიფოებისათვის მრავლნაირად და ზნეობრივად განვითარებული და საქმისათვის სასარგებლოდ მომზადებული წევრები, რამდენიმე ენის მცოდნენი, ვიდრე გონებადაჩლუნგებული, ერთ ენაზე მოლაპარაკე მონა-მორჩილნი, რომლებიც უსარგებლონი და ზიანის მომტანიც კი არიან თავის თავისაც, საზოგადოებისთვისაც და, მაშასადამე, სახელმწიფოსთვისაც. ჩვენი პედაგოგები თუ ფიქრობენ, რომ ენას თავისთავადი მნიშვნელობა აქვს ერთისა და იმავე სახელმწიფოს სხვა-და-სხვა ნაწილის მტკიცედ შეკავშირებაში, – ისინი ღრმად ცდებიან. ისტორია და თანამედროვეობა იძლევა მაგალითებს, რომლებიც ნათლად მეტყველებენ ენის ასეთი მნიშვნელობის წინააღმდეგ.

ძველი საბერძნეთის ხალხებს ენა ერთი ჰქონდათ, მაგრამ ისინი მუდამ დაყოფილნი იყვნენ, ვერასოდეს ვერ შეჰქმნეს მთლიანი სახელმწიფო ერთეული, მუდამ ერთმანეთს მტრობდნენ და კიდეც დაღუპეს ერთმანეთი დაუსრულებელი ჩხუბსა და დავაში. ინგილესელებსა და ჩრდილოამერიკელებსაც ერთი ენა ჰქონდათ და აქვთ, მაგრამ ენამ ვერ უშველა საქმეს – წარსულ საუკუნეში მათ შორის ძლიერი ანტაგონიზმი განვითარდა და საქმე იმით გათავდა, რომ ამერიკა გამოეყო ინგლისს. მეორე მხრივ, შეიძლება მოვიყვანოთ შვეიცარიელების მაგალითი, რომლების სამ სხვა-და-სხვა ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ერთ ხალხს წარმოადგენენ, შემჭიდროებულნი არიან ერთ მთელად, ერთ სახელმწიფოში და ეს სახელმწიფო ბევრად უფრო მყარი და განუყოფელია, ვიდრე ცენტრალიზებული სახელმწიფოები, რომლებსაც თავი მოაქვთ ენისა და ეროვნების ერთიანობით. ჩრდილო ამერიკელი ხალხის სხვა-და-სხვა ნაწილი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან ენით, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ მთლიანობის შეგნებაში და ოდნავადაც არ ასუსტებს სახელმწიფოებრივი ორგანიზმის სიმკვიდრეს.

მაგრამ ყველაზე გასაოცარ და პირდაპირ ამაღელვებელ მაგალითს ამ მხრივ წარმოადგენს ელზას-ლოტარინგიელები. ისინი ენითა და ეროვნებით გერმანელები არიან, თანაც მათ მეზობლად არის გერმანიის დიდი სახელმწიფო, რომელსაც სახელოვანი წარსული აქვს და კიდევ უფრო სახელოვანი მომავლისაკენ მიდის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი სულისკვეთებითა და მიმართულებით მეტად მხურვალე და თავდადებულ ფრანგ პატრიოტებად რჩებიან; ამიტომაც ისინი მთელი არსებით პროტესტს აცხადებდნენ და აცხადებენ იმის გამო, რომ ისინი უხეშად და ძალად მოგლიჯეს მათთვის საყვარელ საფრანგეთს და ძალადვე შეუერთეს მათთვის საძულველ გერმანიას, რომელიც მათ უნდა ყვარებოდათ, ენის ერთიანობა რომ სულიერი ერთიანობის პირობას წარმოადგენდეს. დიდი ჰუმანური იდეებით გამსჭვალულმა საფრანგეთმა, რომელსაც დიდ ღირსებას მატებს ელზას-ლოტარინგიელების ასეთი ღრმა და ამაღელვებელი სიყვარული, სწორედ იმით მიიჯაჭვა გერმანელი ხალხის ერთ-ერთი განშტოება და ის თავის ორგანიზმის განუყოფელ ნაწილად აქცია, რომ არასოდეს არ მიუნიჭებია რაიმე მნიშვნელობა ენისა და ფორმის ერთიანობისათვის და მუდამ წრფელი პატივისცემით ეპყრობოდა თავის გერმანელ შვილთა ეროვნულ თავისებურებებს. საფრანგეთს რომ სიბეცე გამოეჩინა და სხვაგვარად მოქცეოდა გერმენელი ხალხის შემოერთებულ ნაწილს, იგი რომ ცდილიყო ამ ნაწილის ეროვნულ თავისებურებათა ჩახშობას, რომ მოენდომებინა მათი გადაგვარება, ფრანგებად გადაქცევა – მაშინ ელზა-ლოტარინგია აღშფოთEბითა და წუხილ-გოდებით კი არ შეხვდებოდა საფრანგეთთან გათიშვას, არამედ მიესალმებოდა ამას, როგორც მისთვის სასურველ განთავისუფლებას. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ის ხალხებიც კი, რომელნიც სავსებით გულგრილნი არიან თავიანთ ეროვნულ თავისებურებათა მიმართ, მყისვე საშინლად დააფასებენ ხოლმე მათ და იწყებენ თავგანწირვითა და უმტკიცესი შეუპოვრებით თავდაცვას, თუ შეამჩნიეს, რომ ვიღაც ცდილობს წაართვას მათ ეს თავისებურებანი. ეს ფაქტია, რომელიც მტკიცდება დიდძალი მაგალითებით და სავსებით გასაგებია ისტორიული თვალსაზრისით. კავკასიის ხალხები მრავალ სხვა კეთილ, დადებით თვისებასთან ერთად, გამოირჩევიან იმითაც, რომ მათ რაიმე ეროვნული განკერძოებულობის გრძნობა სრულებით არ გააჩნიათ. ქართველი, მაგალითად, რომელსაც შეიძლება არც კი ესმოდეს არც ერთი რუსული სიტყვა და, რომელსაც უყვარს თავისი ეროვნება და თავისი დედაენა, რომლებიც მან ათასწლოვან ბრძოლებში გადაარჩინა და დაიცვა მილიონობით მტრებისაგან, დიდი ხანია რუსეთს თვლის თავის სამშობლოდ და რუსი ერის თავისებურებათა და თვისებათა პატივისცემასა და სიყვარულში ნამდვილ მოსკოველს არ ჩამორჩება. ეს არის უმთავრესად ნაყოფი მხარის უმაღლესი მმართველების მეტად გონივრული მართვა-გამგეობისა, განსაკუთრებით კი დაუვიწყარ თავად ვორონცოვის მოქმედებისა, რომელიც, სხვათა შორის დიდად თანაუგრძნობდა კავკასიის ხალხთა შორის წერა-კითხვის გავრცელბას და გულწრფელ პატივსა სცემდა ამ ხალხთა კარგ ეროვნულ თავისებურებებს. ხოლო ეს ნაყოფი შეიძლება წახდეს, თუ რაიმე მკაცრი და ენერგიული ღონისძიების საშუალებით ბოლო არ მოეღო კავკასიელ პედაგოგთა მოქმედებას, რომლებიც თითქოს განზრახ ერთმანეთს ეჯიბრებიან უტაქტობაში, სიბეცეში და რასიული განკერძოებულობის გრძნობაში. მათ ავიწყდებათ ერთი უმარტივესი დებულება, სახელდობრ: პატივისცემას იწვევს ისევ პატივისცემა, ხოლო მტრობა და სიძულვილი მოპირდაპირე მხარეში ბადებს იმავე გრძნობებს. ჩვენი პედაგოგები მეტად უხეშად ეხებიან ჩვენი ხალხის უმგრძნობიარეს მხარეებს. ერთი მათგანი, მაგალითად, იმისათვის, რომ თავი იმართლოს მისდამი რწმუნებული სასწავლებლიდან ადგილობრივ მოსწავლეთა მასობრივ დათხოვნაში, რაც გამოიწვია მისმა უაღრესად ანტიპედაგოგიურმა სისტემამ პირველდაწყებითი სწავლების საქმეში, – საქვეყნოდ აცხადებს, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს თავის ქალა იდიოტური აგებულებისა აქვთო, – არც მეტი, არც ნაკლები; მეორე, ადგილობრივ ენებს ჰოტენტოტურ ენაზე უფრო დაბლა აყენებს, აღიარებს მათი უვარგისობას პირველდაწყებითი სწავლებისათვის და ასწავლის ბავშვებს მათთვის გაუგებარ ენაზე; მესამე ფაქტიურად სპობს, კრძალავს მისთვის უშუალოდ დაქვემდებარებულ სასწავლებლებში ადგილობრივი ენების სწავლებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საგანი გათვალისწინებულია სასკოლო დებულებით და ყოვლად აუცილებელია მოსწავლეთათვის, და გულახდილ საუბარში ცინიკურად აცხადებს, რომ ადგილობრივი ენების ბგერები ცუდად მოქმედებს მის ნერვებზე; მეოთხე, ერთ-ერთი ადგილობრივი ენის ექვსი გაკვეთილისთვის თავსი სასწავლებელში კვირაში ნიშნავს ხელფასს ასორმოცდაათ მანეთს წელიწადში და, ვინაიდან ამ ჯამაგირზე ხეირიანი მასწავლებელი არ წამოვა, ამიტომ იწვევს ისეთ პიროვნებას, რომელიც თვითონ ძლივს ერკვევა ანა-ბანაში და ღმერთმა უწყის, რას და რანაირად ასწავლის ბავშვებს; მეხუთე, ქართული ენის მასწავლებლად იწვევს სრულიად უვიცსა და თანაც სავსებით გამოთაყვანებულ მოხუცს, რომლის ადგილი დავრდომილთა თავშესაფარში უფროა, ვიდრე სკოლაში; მეექვსე, შემოაქვს წინადადება სასწავლებელში ადგილობრივ ბავშვთა მიღების შეღავათიანი წესების გაუქმების შესახებ, ამნაირად ის სასწავლებლის კარებს უხშობს მათ და სტოვებს სიბნელეში; მეშვიდე… მაგრამ განა შეიძლება ყველა იმ შემთხვევის ჩამოთვლა, რომლებითაც თავს იჩენს ჩვენი პედაგოგების უკიდურესი უტაქტობა?! და ყოველივე ეს ხდება, თურმე, ადგილობრივი მოსახლეობის რუსეთთან დაახლოების მიზნით!

ამგვარად, ჩვენში არ უნდათ შეიგნონ, თუ არ შეუძლიათ შეიგნონ, რომ თუ კი რაიმე უშლის ხელს მკვიდრი მოსახლეობის საბოლოოდ დაახლოებასა და ორგანულ შედუღებას რუსებთან, ეს არის სწორედ უმეცრება და უსწავლელობა. მხოლოდ და მხოლოდ ეს გარემოება წარმოადგენს ნამდვილ დამაბრკოლებელ მიზეზს, რომლის გამო აქამდე ვერ განხორციელდა ეს ყველასათვის სასურველი და სანატრელი მიზანი, ვინაიდან მკვიდრი მოსახლეობა თავისი უსწავლელობის გამო ვერ ხედავს, რომ დიდ რუს ხალხთან მჭიდრო დაახლოება აზიარებს მას სხვა, უკეთეს, უფრო ფართო და უფრო ნათელ ცხოვრებას და გადაუშლის დიად მომავალს. ყველასათვის ცნობილია და ყველას თვალში ეცემა ის ფაქტი, რომ რაც უფრო განათლებულია ესა თუ ის კავკასიელი ხალხი, მით უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან და პირიქით, რაც უფრო უმეცარი და უსწავლელია, მით უფრო დაშორებულია მისგან. ამიტომ ერთადერთი ნამდვილი საშუალება იმისათვის, რომ კავკასიელი ხალხები სულიერად დაუკავშირდნენ რუსებს, ისაა, რომ ჭეშმარითმა განათლებამ მოიდგას აქ ფეხი, რომ ისინი მიეჩვნიონ განათლებულ აზროვნებას, და არა მათში რუსული ენის ნაჩქარევად, ზერელედ და ნაძალადევად გავრცელებას. მათი გონებრივი განვითარების სწორი და ბუნებრივი გზით წარმართვას შედეგად მოყვება მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მაშინ ისინი დააფასებენ მადლს და დალოცავენ ბედს, რომელმაც ისინი შეაერთა რუსეთთან. ხოლო როგორ შეიძლება ამის მიღწევა? ამის მიღწევა შეიძლება პირველდაწყებითი სახალხო განათლების მკაცრი, ჭეშმარიტად პედაგოგიური ორგანიზაციის საშუალებით. პირველდაწყებით სკოლებში მშობლიური ენა, ეს ბავშვთთვის გასაგები ერთადერთი ენა, უნდა დაედვას საფუძვლად მთელ სწავლებას, თანაც რუსული ენა სავალდებულო უნდა იყოს და უნდა ისწავლებოდეს სრული კურსით. ერთი სიტყვით შემოღებული უნდა იქნას სწავლების ისეთი სისტემა, რომელსაც ნამდვილად აქვს საგანმანათლებლო მნიშვნელობა და შეუძლია მადლიანი გავლენა მოახდინოს.

ყოველივე ეს დიდიხანია ცნობილია ჩვენი ვრცელი სამშობლოს სხვა განაპირა მხარეებში. ბალტიისპირა გუბერნიებში აზრადაც არავის მოსვლია დაწყებითი სწავლების ისეთი მიზანშეუწონელი სისტემის შემოღება, რომლის დამკვიდრებაც უნდათ ჩვენში. იქ დიდი ხანია ყველა პირველდაწყებითი სკოლაში სწავლება წარმოებს მშობლიურ ენაზე და არავის აზრად არ მოსდის შეცვალოს ის ბავშვისათვის გაუგებარი ენით. ვოლგისპირა გუბერნიებში, თათრებისა და ჩაუვაშების სკოლებში დამკვიდრებულია ილმინსკის განთქმული სისტემა; მან შეადგინა პირველდაწყებითი სახელმძღვანელოები თათრულ და ჩუვაშურ ენებზე, სახალხო სკოლებში მთელი დაწყებითი სწავლება ამ ენებზე მოაწყო და ისეთი ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია, რომ მისი მაგალითი მისაბაძი გახდა რუსეთის ფარგლებს გარეთაც კი. მეორე მხრივ, იმან, ვინც გზადაგზა მაინც თვალყურს ადევნებს რუსულ პედაგოგიურ გამოცემებს, პერიოდულსა და არაპერიოდულს, არ შეიძლება არ იცოდეს, რომ სატახტო ქალაქის პედაგოგიკამ უკვე დიდი ხანია გადაჭრით დაგმო სწავლების ის სისტემა, რომელიც ჩვენშია შემოღებული. სხვათა შორის, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო საგნის სასწავლო სახელმძღვანელოში, რომელიც შედგენილია თითქმის ყველა საუკეთესო პედაგოგიური ძალების მონაწილეობით, ევროპის უმთავრეს ქვეყნებში სახალხო განათლების განვითარების ისტორიის მიმოხილვის ავტორები, ზუსტი ისტორიული კვლევის ნიადაგზე მიდიან იმ დასკვნამდე, რომ სახალხო განათლების ის სისტემა, რომელიც უგულებელყოფს მშობლიურ ენას და არ გამოიყენებს მას განათლების პირველი სხივების გამტარებლად, – ასეთი სისტემა არა თუ უაზროა, არამედ უეჭველ საფრთხესაც წარმოადგენს. მაგრამ ყველაზე სასიხარულო და მანუგეშებელი ისაა, რომ ჩვენს უმაღლეს ადმინისტრატორთა შორის არიან ისეთი პირებიც, რომლებიც გონების ბრწყინვალე განათლებასა და მაღალი ჰუმანური გრძნობების გამო, დიდი ხანია მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა ჩვენი კავკასიური სახალხო სკოლა მოეწყოს ნამდვილ პედაგოგიურ საფუძველზე. ამის სარწმუნო დამამტკიცებელ საბუთს წარმოადგენს კავკასიის სასწავლო ოლქის ბ-ნი მზურნველის შემდეგი სიტყვები, რომლებიც მოყვანილია მის წერილში მკვიდრთა სწავლა-განათლების საკითხის შესახებ: კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების საბჭოში, რომლის წევრადაც მე პატივი მაქვს ვიმყოფებოდე, არიან ილმინსკის სისტემისაგან განსხვავებული სისტემის მომხრე პირნი, მაგრამ მე პირადად ყოველთვის წინააღმდეგი აზრისა ვიყავიო.

მაშ რა მიზეზია რომ ჩვენი პედაგოგები, რომლებსაც თითქოს მხედველობაში უნდა მიეღოთ ეს მოსაზრება, შეუპოვრად ცდილობენ ამ მხრივ სამწუხარო გამონაკლისს შადგენენ?

* * *

დავუბრუნდეთ წინა ორი საუბრის საგანს, როგორც კი მამხილებელი წერილები მოხვდებათ ხოლმე ჩვენს პედაგოგებს მათი მოღვაწეობის განსაკუთრებით მტკივნეულ ადგილში, ისინი მოურიდებლად ასახელებენ “სატახტო ქალაქის ოფიციალურ მითითებებს”, რაც ასეთ შემთხვევაში მათთვის ნამდვილი განტევების ვაცია. მაგრამ ასეთი გადაბრალების ხერხი უკბილო ხერხია. და, რამდენადაც ამ ტყუილის გამოაშკარავებამ ჩვენს პედაგოგებს თავისმართლების უკანასკნელი საშუალება უნდა მოუსპოს და მეტად კეთილი გავლენა იქონიოს სახალხო განათლების მიზანშეწონილად წარმართვაზე, ჩვენ ვისარგებლებთ სახალხო განათლების სამინოსტროს ჟურნალით და მისი საშუალებით ზედმიწევნით დავამტკიცებთ, რომ კავკასიის სახალხო განათლების სისტემა ძირფესვიანად ეწინააღმდეგება სახალხო განათლების სამინისტროს შეხედულებას ამ საგანზე და არაფერი საერთო მასთან არა აქვს.

სახალხო განათლების სამინისტროს ჟურნალის 1869 წლის დეკემბრის წიგნში მოთავსებულია ვესელის შესანიშნავი სტატია სათაურით: “პირველდაწყებითი სახალხო განათლება”. ეს სტატია ნამდვილი სასიკვდილო განაჩენია სწავლების ისეთი სისტემისათვის, როგორიც ჩვენში, კავკასიაშია, ამავე დროს კი რედაქცია შენიშნავს, რომ სახალხო განათლების სამინისტროც საქმეს ისევე უყურებს, როგორც სტატიის ავტორიო, ჩვენ გვინდა მოვიყვანოთ რამდენიმე ფრიად მნიშვნელოვანი ადგილი ამ სტატიიდან, რადგან ის მეტად სერიოზული ყურადღების ღირსია ყოველი ისეთი მკითხველის მხრივ, ვინც ასე თუ ისე დაინტერესებულია სახალხო განათლების ბედით.

სტატიის ავტორი თავდაპირველად განიხილავს საკითხს, საერთო სახალხო განათლებისა და ეროვნული უმცირესობათა კერძო განათლების ურთიერთობის შესახებ და მას სწყვეტს იმ აზრით, რომ მათ შორის განსხვავება არ უნდა იყოს არც პროგრამის მხრივ, არც სასკოლო კურსის მოცულობის და არც მიმართულებისა და სულისკვეთების მხრივ, მაშასადამე, მიდის იმ ჩვენებური პედაგოგების შეხედულებათა პირდაპირ საწინააღმდეგო დასკვნამდე, რომლებსაც პირველდაწყებითი სკოლის მთელი კურსი პრაქტიკაში დაყვანილი აქვთ მხოლოდ რუსული ენის მექანიკურ დაძლევამდე. ამის შემდეგ ავტორი სვამს შემდეგ საკითხს: ყველა სახალხო სკოლისათვის საერთო ეს განათლება სხვა ერის ბავშვებს უნდა მივაწოდოთ მათ მშობლიურ ენაზე, თუ საერთო-სახელმწიფოებრივ ენაზე, და ამ საკითხსაც სწყვეტს მეტად რაციონალურად. მისი აზრით, პიველდაწყებითი სწავლების დარგში მშობლიური ენის უგულებელყოფა და მისი უფლებების შეკვეცა არა თუ პედაგოგიური არ არის, არამედ პირდაპირ სახიფათოა და ძალიან ვნებს არარუს ხალხთა დაახლოებას და შეკავშირებას სახელმწიფოს მთავარ ხალხთან, ბრძენი სახელმწიფო მოღვაწისათვის შესაფერ ამ აზრს იგი საკვირფველი სიცხადით ადასტურებს ორი სახელმწიფოს – ავსტრიისა და პრუსიის მაგალითით. ეს სახელმწიფოები წინათ სხვა ერებისათვის დაწყებითი განათლების საქმეში მისდევდნენ ორ სხვა-და-სხვა მოპირდაპირე სისტემას, თუმცა ახლა მართალია დაგვიანებით, ავსტრიაც გონს მოვიდა. ავსტრია ძალიან ხშირად პირველდაწყებით სკოლებში მშობლირი ენის ხანგრძლივი გამოყენების წინააღმდეგი იყო და სავალდებულოდ ხდიდა პირველდაწყებით სწავლებას გერმენულ ენაზე. პრუსია კი, პირიქით, სრულ უფლებებს აძლევდა მშობლიურ ენას და მოითხოვდა, რომ ზოგადი განათლებისა და სახალხო განათლების გამტარებელი ყველგან ყოფილიყო მშობლიური ენა.

და მერე რა მოხდა? ავსტრიამ თვისი ასეთი მოქმედებით ხალხში გააღვივა ცენტრიდანული მისწრაფებანი, პრუსიამ კი უმჭიდროესი ორგანული კავშირით შეიკავშირა თავისი მეორეხარისხოვანი ხალხები. მაგრამ სიტყვა მივცეთ თვით სტატიის ავტორს:

“პრუსია შემოერთებულ პროვინციებს უყურებდა როგორც თავის ძველთაძველ საკუთრებას, ხოლო ამ პროვინციების მოსახლეობას, როგორც თავის ერთგულ შვილებს – პრუსიელებს, და იმთავითვე აძლევდა მათ ყველა იმ უფლებას, რითაც სარგებლობდნენ თვით პრუსიელები. მიმართავდა რა მეტად ენერგიულ ზომებს თავისი ხალხის განათლებისათვის, პრუსია ასევე ზრუნავდა შემოერთებული პროვინციების მოსახლეობის განათლებისათვის, თავდაპირველად უფრო მეტსაც კი ზრუნავდა მათთვის. ამ პროვინციებს სრულებით არ გააჩნდათ პირველდაწყებითი სკოლები თავისი მდაბიო ხალხისათვის, რომელიც თანაც უკიდურეს სიღარიბეში იყო ჩავარდნილი, პრუსიამ გაიღო საკუთარი, საკმაოდ დიდი თანხები იმ პროვინციებში სახალხო სკოლების დასაარსებლად და ისინი ისევე მოაწყო, როგორც თავისი, პრუსიული სკოლები. ამასთან სასწავლო საგნების სწავლება დატოვა ადგილობრივი მოსახლეობის მშობლიურ ენაზე, მხოლოდ სავადებულოდ შემოიღო გერმანული ენის სწავლებაც, ამიტომ პრუსიამ თავის თავზე აიღო ყოველგვარი მზრუნველობა და ხარჯები შემოერთებული პროვინციებისათვის პიველი დამწყები მასწავლებლის მოსამზადებლად, რაც მეტად ჰუმანური და კეთილმყოფელი ღონისძიებაა”. “პრუსიის მთავრობა უპირველეს ყოვლისა ცდილობდა გავლენა მოეხდინა გაუნათლებელი ხალხის მასაზე, დაუღალავად ზრუნავდა მისი ზნეობრივი და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და თავის ღონისძიებებში არასოდეს არ იჩენდა წვრილმანობასა და შარიანობას”. სახალხო სკოლა, როგორც ამას პრუსიის მაგალითი მოწმობს. წარმოადგენს ერთ-ერთ საიმედო და ნამდვილ იარაღს უცხო სახელმწიფოს შემადგენლობაში შესული ტომების ერვნული განკერძოებულობათა მშვიდობიანი გზით მოსპობისათვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სახელმწიფო ამასთანავე არ აუძლურებს და არ ახშობს მკვიდრ ტომებს, არამედ, პირიქით, ამაღლებს მათს სულიერ, ზნეობრივ დონეს, განათლება შეაქვს და ავითარებს მათ შეგნებას, სარწმუნოებასა და მიჰყავს ისინი მატერიალური ყოფის გაუმჯობესებისაკენ. “მაგრამ ასე მოქცევა არ შეეძლო ავსტრიას, რომელიც თავის ხელქვეით ხალხებში ხედავდა საფრთხეს, მტრულად განწყობილ ელემნტებს. ავსტრიის მთავრობა ხსნიდა დაწყებით სკოლებს თავის ხელქვეით სლავ, მადიარ და სხვა არაგერმანელ ხალხთა შორის იმ განზრახვით, რომ სრულიად გაეგერმანელებინა, დაესუსტებინა და ჩაეხშო ეს ხალხები და არა იმისთვის, რომ განევითარებინა მათი ზნეობრივი და მატერიალური კეთილდღეობა. ავსტრიის სახალხო სკოლაში სწავლების ენა ჯერ კიდევ არაჩვეულებრივ დაბრკოლებას წარმოადგენს. 1774 წლის პირველი სასკოლო დებულებით სწავლების ენად დადგენილი იყო მოსახლეობის მშობლიური ენა, თუმცა ამავე დროს დადგენილი იყო გერმანული ენის სავალდებულო სწავლებაც. ამიტომ სახალხო სკოლების მასაწვლებლები უნდა შეერჩიათ ისეთ პირთაგან, რომლებმაც ორივე ენა იცოდნენ. მაგრამ, რადგან ეს ღონისძიება სრულიად საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ არაგერმანელ ხალხებს კარგად შეესწავლათ გერმანული ენა, 1805 წლის საიმპერატორო სამეფო პატენტით მოსახლეობის მშობლიურ ენაზე სწავლება ნებადართულ იქნა მხოლოდ სწავლების პირველ წლის განმავლობაში, შემდეგ კი მთელი სწავლება ნაბრძანები იყო გერმანულ ენაზე. ცხადია, რომ ასეთი განკარგულების შესრულება შეუძლებელი იყო, მაგრამ იგი მაინც ძალაში დარჩა 1848 წლამდე. ფეიხსტლებენი თავის სასკოლო დებულების პროექტში მოითხოვდა სწავლების მშობლიურ ენაზე აღდგენას, თუმცა სავალდბულოდ თვლიდა აგრეთვე გერმანული ენის, როგორც საერთო-სახელმწიფოებრივი ენის, სწავლებას ყველა სკოლაში, ფეიხსტლებენის სამინისტროდა დათხოვნის შემდეგ ეს საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად: საერთო სწავლების ენად რჩებოდა მშობლიური ენა; გერმანული ენის სწავლება კი, თუმცა ყველა სახალხო სკოლაში რჩებოდა, მაგრამ სავალდებულოდ ითვლებოდა მხოლოდ ქალაქის დაწყებით სკოლებში. მაგრამ 1855 წლის შემდეგ მთავრობა ამ მხრივ კვლავ დაუბრუნდა 1805 წლის პატენტს და განკარგულება გასცა, რათა ყველა სკოლაში სწავლება ეწარმოებინათ გერმანულ ენაზე. მოსახლეობის მშობლიურ ენაზე სწავლება ნებადართული იყო მხოლოდ პირველი წლის პირველ ნახევარში. ამ ღონისძიების გატარებამ, განსაკუთრებით 1848 წლის ლებერალური დადგენილების შემდეგ, საყველთაო აღშფოთება გამოიწვია სლავთა, მადიართა და იტალიელთა შორის. საბოლოოდ, 1866 წელს არსებითად კვლავ აღდგენილ იქნა 1848 წლის კანონი”. – “ამ ღონისძიებებით – განაგრძობს შემდეგ ავტორი, – ავსტრიის მთავრობამ არათუ ვერ დაიმსახურა თავის ქვეშევრდომ ხალხთა თანაგრძნობა, არამედ მათ შორის სრული უკმაყოფილება გამოიწვია”.

“სკოლამ არათუ არ მისცა ავსტრიას მისთვის სასურველი პოლიტიკური შედეგები, არათუ ხელი არ შეუწყო სხვადასხვა ეროვნების სახელმწიფოებრივ გაერთიანებას, არამედ, პირიქით, – მან გააღიზიანა ისინი და წარმოშვა ავსტრიის სრულიად საწინააღმდეგოდ მიმართული მისწრაფებანი. ერთადერთი, რასაც ავსტრიის მთავრობამ თავისი სახალხო სკოლის მეშვეობით მიაღწია, ეს იყო გერმანული ენის ერთგვარი გავრცელება თავის არაგერმანულ ეროვნებათა შორის”.

მაგრამ სწორედ ამ მხრივ “ავსტრიის მაგალითი მეტად მკვეთრი და მეტად ჭკუის სასწავლოა. ის გვიმტკიცებს, რომ სახელმწიფოებრიობის მარტოოდენ ძალით გავრცელება, რასაც თან არ ახლავს არავითარი კეთილისმყოფელი გავლენა ხალხის ზნეობრივი დონის ამაღლებასა და არც მატერიალური დონის გაუმჯობესებისათვის, და რაც მიმართულია მხოლოდ იქითკენ, რომ ჩაახშოს ხალში ყოველივე ხალხური, აღვიძებს ხალხში მძაფრ ეროვნულ გრძნობას, რომელიც ხანგრძლივი ძალადობისაგან უფრო და უფრო ძლიერდბა, ცხოველმყოფელი ხდება, ეროვნებანი სრული ეროვნული თვითშეგნებამდე მიჰყავს და აიძულებს მათ მთელი თავიანთი ძალები და საშუალებები საკუთარი ეროვნული სახის შენარჩუნებისაკენ წარმართონ”.

რამდენიმე სიტყვით შევაჯამოთ ყოველივე ზემოთქმული, დაწყებითი განათლების სისტემა, რომელსაც სასწავლო უწყება ადგილობრივ სახალხო სკოლებში იყენებს, მაგრამ, საბედნიეროდ, რაიმე ოფიციალური დადგენილებით დაკანონებული არ არის, თავისი საფუძვლებით ანტიპედაგოგიურია, ხალხის გონებრივი და ზნეობრივი განვითარებისათვის საზიანო და მისი მატერიალური ყოფის გაუმჯობესებისათვის გამოუსადეგარია. ერთი სიტყვით, იგი იწვევს შედეგებს, რომლებიც სავსებით ეწინააღმდეგება იმას, რასაც საზოგადოება და მთავრობა სახალხო სკოლისაგან მოელის. მეორე მხრივ, მას არა აქვს არავითარი გამართლება იმ სხვა განაპირა მხარეების მაგალითით, რომლებიც სახალხო განათლების სხვანაირ სისტემას ადგანან, ის უპირისპირდება პედაგოგიკის ასპარეზის საუკეთესო რუს მოღვაწეთა რწმენასა და შეხედულებებს და ეწინააღმდეგება სახალხო განათლების სამინისტროს განათლებისა და კეთილგონივრულ შეხედულებებს…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button