ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – ბავშვობის უბანი

სად გასწვდება ბავშვის თვალი დიდ სოფელს. ქვემო-უბნით, ჩვენი და პაპაანთ პატარა უბნით, თავდებოდა ჩემი თვალსაწიერი.

ჩვენი უბანი ნახევრად მაინც სხვადასხვა მხრიდან მოსული ქართველებით იყო დასახლებული. ჩვენს სახლს უკან ედგა რაჭველი ბერიძის სახლი; იქიდან ოც ნაბიჯზე ცხოვრობდა სენაკელი მეგრელი სიგუა; სიგუას მერე, ბაღს იქით, იმერელი ქველაძე; მერე – ისევ ბერიძე, ბერიძეების ქვემოთ – ქარუმიძეები. ეს იყო, ალბათ, მთავარი მიზეზი, რომ პარტიკულარიზმმა ვერასოდეს მოიკიდა ფეხი ჩემს გულში, კიდევ ის, რომ შედარებით ნაკლებად ვუქცევდით კახურად. მახსოვს, როგორ მისწორებდა ხოლმე ბებია, – „ბიჯო“ კი არა „ბიჭოო“, „შაჭამა“ კი არა, „შეჭამაო“ და სხვა.

სახლებს შორის ღობეები არ იყო, ვის ეზოშიც მოგვესურვილებოდა, იქ გავაჩაღებდით თამაშს. ვთმაშობდით: ლახტს, წრებურთს, თონეობას, გრძელვირს, ქერიჭამიობას, ჩილიკაობას, ხუჭალაობას, სალაობას, კაკლაობას, კოჭაობას, ჭურჭლაობას… ახლა მეღიმება: იმ თამაშებში ძალიან ვგავდით პატარა ცხოველებისა და ფრინველების გუნდებს. ვჭაჭყანებდით და ვჟივჟივებდით. ისევე გუნდად გადავდიოდით ერთი ადგილიდან მეორეზე. ყველას თვალწინ ვიყავით და ჩვენ თვალწინვე ხდებოდა ყველაფერი. ერთი კოჭლი გვყავდა, კოჭლი და ხელტაკვია, ვაჭარი. ჩასცეცხლავდა ცოტას და გასძახებდა უბანს: – მშივრებო! ღატლაკუნებო! ქალი თუ იტყოდა, ისიც თავისთვის: – აი, მიწა დავაყარე შენს ფულს და ცხოვრებასაცო. კაცებს ეღიმებოდათ. ვაჭარი ყველაზე მონჯღრეულ სახლში ცხოვრობდა.

ძალიან მნიშვნელოვნად, თავმოწონებით გაივლიდა ურემი. მიდიოდა და მიარბილებდა სახრეს მეურმე. ისეთი ხმით დაგვიყვირებდა პატარებს, – გაეცათო, ბიჭოო! – წამს გაცქაფულნი გავდგებოდით აქეთ-იქითა. ავტომობილი ხომ… უმთავრესად მამაჩემთან მოდიოდნენ ავტომობილებით, მისი ღმუილით შემოსვლა უბანში ხომ მთელი ზეიმი იყო, მოვდევდით ყიჟინით უკან. დიდებს ვითომ მოწყინების ღიმილით ეღიმებოდათ, მაგრამ მაინც მისკენ გაურბოდათ თვალი. მახსოვს, რა ამბავი ატეხა მეზობელთან სტუმრად მყოფმა ხევსურმა დედაბერმა კრიალა „ფორდის“ დანახვისას. წიოკობით შევარდა კარში, მერე აკანკალებულმა გამოაღო ცოტაზე და იქიდან სწყევლიდა „ახტანობილის“ გამომგონებელ-გამკეთებელს.

მოიტანდნენ რომელიმე ეზოში შეშას ან ჭიგოს. ჩვენ, პატარები, საპატიო ყარაულად ვიდექით და ვუყურებდით მათ ჩამოცლას. შეშის თითოეულ ნაჭერს ტყის იდუმალებაც მოჰყვებოდა თან. მთელი ნეტარება იყო მორზე გადაჯდომა და თითების ჩაყოფა ხავსში.

დაიწყებდნენ ჭიგოების გასუფთავება-გაჩეკვას და ჩვენც გავყავდით საქმეში – თითო-თითო ჭიგოს ვაწვდიდით მჩეკავებს. თან გვეკითხებოდნენ, – აბა ეგ რა ხე არისო. ბევრი ვიცოდით: რცხილა, იფნი, ქორაფი, შვინდი, შვინდანწლა. ბევრი არა: ჭანჭყატა, ხეჭრელა, თრიმლი, უთხოვარი. ძალიან კარგად მახსოვს მექვაბიანთ სანდროს – მაღალი, დინჯი კაცის მუშაობა. თითქმის ათეთრებდა ყველა ჭიგოს, მერე ჩეკავდა ზემოდან, გრძლად, სუფთად. წალდი ჰქონდა – ალმასი. მან იცოდა ხოლმე, სანდრო ძიამ, ჩვენი გამოკითხვა, რომელი ჭიგო რა ხეაო, და, თუ არ ვიცოდით – კარნახიც, ეს არის და დაიხსომეთო.

კარგი იყო თივების მოტანაც. თივაში ერთხელ მაინც მოგვიწევდა გადაკოტრიალება. იქაც გვასწავლიდნენ: ეს პრასა ბალახია, ეს თაგვისყანა, ეს შავთავა, ეს სოსანიო და სხვა. დიდებული სანახავი იყო კარგად დადგმული დიდი ბულული. დიდ ბულულსაც სანდრო ძია დგამდა ხოლმე. სხვები აქეთ-იქით აწვდიდნენ თივას, სანდრო ძია ადრევე დასობილი მაღალი ჭოკის ირგვლივ ანაწილებდა თანაბრად. წვერზე რომ ავიდოდა, იქ თოკით იყო მიბმული ჭოკზე, მორჩებოდა, მოამრგვალებდა წვერს, დაორპირებული თოკით ჩამოვიდოდა ურემზე.

სოფელში პირველი კამეჩები ჰყავდა მეგრელ სიგუას. ურემიც მაგარი ჰქონდა გამართული და, თუ ის მოიტანდა თივას, სხვისი ორი ურემი გამოვიდოდა. ლამაზი იყო ხორბლების გაფენაც ეზოში. იმ ხორბლებთან, ჩრდილში, უეჭველად იჯდა ვინმე; თან ხელსაქმეს აკეთებდა, თან გრძელი ჯოხით ბეღურებს, ქათმებს, იხვებს და ბატებს აფრთხობდა. დიდი გაკვირვებით სწევდნენ ხოლმე ბატები თავებს მაღლა, თითქოს სულ ვერ მიმხვდარიყვნენ, რატომ არ უშვებდნენ ხორბალთან. ამგვარი რამეებიდან თუ მოდის თქმა, – „ბატისტვინაო“.

მარნებშიც ჩაბუდებული იყო იდუმალებანი. თვით ჩვენი მარანი – ბნელი თახჩებით, ქილებით, საწნახლით, ძველი ქვევრებით – ყოველთვის ფეხს შემანელებინებდა კართან. თუ კარი მოხურული იყო და მაინც უნდა გამეღო, ვაღებდი უცებ და ყურთამდე.

პაპაანთ მარანში მაკრთობდა დედაბოძის თავხეზე დაკიდებული თევზისსუნიანი გრძელი სხეულები, ბოლოებზე რომ გამჭვირვალე ქაღალდები ჰქონდათ შემოხვეული და ის ქაღალდები სანახევროდ ქონით იყო სავსე. თურმე, ზუთხის ზურგიელები მაკრთობდა, კიდევ – საწნახელის ბაქანზე გაბებღვილი თუშური ყველის მუდამ სველი გუდები. კიდევ – დიდი მუქი ქვამარილები მათ გვერდით.

რა თქმა უნდა, იყო გაჭირვებებიც, მაგრამ ის გაჭირვებები ისეთ ადგილებში იყო მიყუნჭულები, ბავშვური თვალი ძნელად რომ ჩასწვდებოდა იქამდე.

მამაჩემის ოჯახს ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისისათვის აღარ ჰქონდა ხოლმე ღვინო. მომცემდნენ ხელადას; დამიფურთხებდნენ მიწაზე, აბა, სანამ ეს დაფურთხებული გაშრება, აქ უნდა იყოო, და გამაგზავნიდნენ პაპაანთა. გზა იქნება დიდი, დიდი ექვსასი მეტრი. შუაგზაზე, წყაროსთან, ყოველთვის იყვნენ კაცები. დამინახავდნენ სავსე ხელადით მომავალს და ასტეხდნენ ძახილს, – ბიჭო, ბიჭო! გასდის, შვილო, ხელადას გასდის ძირშიო! უნდოდათ, გავბრიყვებულიყავი და ხელადა ამომებრუნებინა, მაგრამ არ ვბრიყვდებოდი, გამეღიმებოდა და ფეხს ავაჩქარებდი. – აი, ნახავ, რასაც მიიტან შინაო, – დამადევნებდნენ, მაგრამ შინ სავსე მიმქონდა.

ჩვენი უბანი იორთან ყველაზე ახლომყოფი უბანი იყო. ბებია მიყვებოდა ხოლმე: აი, აქვეო, ჩვენ დაბლაო, ვენახები რომ არის ახლა, უწინ დიდი ჭაობიანი ჭალები იყოო. რომ თენდებოდა, ერთი ამბავი გაჰქონდათ ხოხბებს, წივწივებდნენ იმათი წიწილებიც. ერთხელ ღორი დავკარგეთ, გვეგონა, მგლებმა შეჭამეს, მაგრამ თვის თავზე გამოჩნდა შვიდი დამუხლუკებული გოჭითა. ეტყობოდა, ის ხანი სულ იმ ჭალებში ჰქონდა გატარებული, თორემ ერთი ადამიანი მაინც როგორ არ დაინახავდა ან თავად ღორსა, ან გოჭებსა.

არ უნდოდათ ეღიარებინათ, მაგრამ ზემოთ, ჯერაც ისევ ხელუხლებლად დარჩენილი ჭაობიანი ჭალიდან, ჩემს პატარაობასაც ამოდიოდა ერთი ალი ღამ-ღამობით ჩვენთან. ადიოდა მექვაბიანთ თუთაზე და იქიდან ეძახდა ჩვენს კარის მეზობელს: – ბიძინ! ბიძინ! გაუვარდებოდა ბიძინა გინებითა და ცულის ტრიალით, დაემალებოდა ალი, მეორე ღამეს კი ისევ ეძახდა… წითელიაო, წითელთმაგაშლილიო, – სასოწარკვეთილი ამბობდა ბიძინა. და ვინ იცის, რით დამთავრდებოდა ეს ამბავი, მამაჩემს რომ რუსული შაშხანა არ ეთხოვებინა ბიძინასათვის. იმ შაშხანის სამი ტყვია ზედიზედ უქუხა ბიძინამ ალს. ალმა იწივლა თურმე, დაიგრიხა, გაქრა. მოკვლით არ ვიცი, მაგრამ მძიმედ რომ დავჭერი, ნაღდიაო, – ამბობდა ბიძინა.

საშინლად კი გადაუხადა ეს ალმა. პატარა, სამი წლის გოგონა წაუქცია ეზოში, საფეთქელი დაახლევინა ქვაზე და ვეღარ უშველეს ვერაფერი.

ბიძინა გაქვავებული იჯდა.

რა მახსოვს კიდევ იმ ხანებისა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი… მთლიანი კოლექტივიზაციის დასაწყისი, ჯანყი ანუ „კეტაობა“ ჩვენს სოფელში. შემაზრზენი ხმები ზემოდან; სოფლის ცენტრიდან, რომელზედაც კრთებოდა, მოუსვენრობდა საქონელიც კი. ბებიას და დედას ეშინოდათ, არ ამოგვწყვიტონო (მამა ერთ-ერთი მოთავე იყო კოლექტივიზაციისა). დაგვავლეს ხელი ბავშვებს და წაგვიყვანეს პაპაანთა. სასოფლო ქვაფენილს რომ გადავდიოდით, წყაროსთან ჟატელი ფშაველი მოდიოდა ზემოდან, ბოხოხი ეხურა, საფქვავებგადაკიდებულ ცხენს მოუძღვებოდა, მოაკანკურებდა გრძელ ხანჯალს და იძახდა:

– ოჰ-ოჰ-ოჰ, სისხლი დაიღვრება, სისხლიო.

მართლაც დაიღვარა სისხლი, ერთი კაცი მოკლეს. დაბეგვეს და თავები დაუმტვრიეს მრავალს.

მამა მეგობარმა გადაარჩინა. რომ მისწვდნენ, იმ მეგობარმა ტაბურეტი ჩამოადგა თავზე…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button