იაკობ გოგებაშვილი – რა დავკარგეთ
ამ უკანასკნელს ორის წლის განმავლობაში, როცა განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ იშვიათი სიძლიერით დაუბერა, ბევრი რამ კარგი მოიპოვეს ფაქტიურად ჩვენმა მეზობელმა სომხებმა და თვით თათრებმაც, თუმცა მათ ამ მხრივ ძლიერ ხელს უშლიდა შინაური ომი, ბნელი ძალების მიერ გამოწვეული. ჩვენ ქართველები, არა ხალხს არა ვევეომებოდით, მივისწრაფოდით მხოლოდ განმათავისუფლებელიო რეფორმებისაკენ, და ამიტომ ბევრი რამ სასურველი უნდა გვეგდო ხელში ჩვენის არსებობის გასაუმჯობესებლად. მაგრამ აი საოცრებავ! ამ მოძრაობის დროს ჩვენ, ქართველებმა, ფაქტიურად დავკარგეთ იმისთანა უფლებანიც, რომლითაც თავისუფლად ვსარგებლობდით რეაქციის მძვინვარების დროსა, პლევეს თვითმპყრობელობის წლებშიაც კი.
მოხდა ეს სავალალო საოცრება იმის გამო, რომ ცენტრალიზმის დამღუპველმა ჰიპნოზმა მთლად და სავსებით შეიპყრო მთელი ჩვენი ქვეყანა. გაშტერებულები თვალს არ აშორებდნენ დუმას, პეტერბურგსა და მოსკოვსა, და სცოცხლობდნენ იმ იმედით, რომ იქიდგან ერთს მშვენიერს დღეს მოერთმევოდათ სანატრელი უფლება ყოველგვარის თავისუფლებისა და სიკეთისა. ჩვენი რეალური არსებობა, ჩვენი კონკრეტული მოთხოვნილებანი ყველას დაავიწყდა, ყველა წვრილმანად სთვლიდა, აბუჩად იგდებდა, ხელს არ ანძრევდა. ამ ჩვენმა უმოქმედობამ ის შედეგი მოიტანა, რომ ყველას სიცოცხლე მოაკლდა, რაღაც სიდამბლავე დაემართა. სავალალოდ ეს სენი ჩვენებურს პრესასაც გადაედო და იგიც გახდა მსხვერპლი ცენტრალური ჰიპნოზისა. დავიწყებას მიეცა მთელი ჩვენი ქვეყანა, მისი ჭირ-ვარამი, მისი რეალური მოთხოვნილებანი, მისი კონკრეტიულნი გაჭირვებანი. ასეთი ჩვენი მდგომარეობით ისარგებლეს ადგილობრივმა ბნელმა ძალებმა და არამც თუ ახალი უფლება არ მოგვანიჭეს, ხელიდან გამოგვაცალეს ის მცირეოდენი სიკეთეც, რომლის წართმევას ვერ ბედავდა წინა წლებში უსირცხო რეაქციაც კი…
ჩვენ ამ ჟამად გვწადიან მკითხველს განვუზიაროთ ის, თუ რა დაგვაკლდა და რა დავკარგეთ განმათავისუფლებელის მოძრაობის დრო განათლების სფეროში…
ნამესტნიკის სასახლის უკან, ათიოდე ნაბიჯის მანძილზე, არსებობს ქალთა საშუალო სასწავლებელი, რომელსაც ჰქვიან: “ამიერკავკასიის ქალწულთა ინსტიტუტი”. ამ სასწავლებელში ბევრი ქართველი ქალწული სწავლობდა და სწავლობს, ამის გამო აქ საღვთო სჯულის მასწავლებლად თითქმის ყოველთვის ყოფილან განათლებულნი ქართველები. აქ მსახურობდნენ: გერასიმე ქიქოძე, შემდეგ ნეტარხსენებული გაბრიელი, ეპისკოპოზი იმერეთისა, ცისკარიშვილი, ღამბარაშვილი, პეტრე კონჭარელი, აწ ეპისკოპოზი ალავარდისა. ესენი ხშირად ესაუბრებოდნენ ქართველს ქალწულებს დედა-ენაზე, ურჩევნდნენ დედა-ენაზე წიგნების კითხვასა, აღსარებას ათქმევინებდნენ ამავე ენაზე, და საზოგადოდ მეტ-ნაკლებობით ამცირებდნენ ვნებას იმ უფსკრულისას, რომელიც არსებობს კარჩაკეტილს ინსტიტუტების და ოჯახურის ატმოსფეროს შორის. ეს ქართველი მოძღვარი წარმოადგენდა პაწია ხიდს, რომელიც აერთებდა ქალწულთა ინსტიტუტს ქართველ ოჯახთანა. მაგრამ ეს ხიდი ჩატყდა, და ჩატყდა სწორედ განმათავისუფლებელი მოძრაობის დროსა, პეტრე კონჭარელის ეპისკოპოზად კურთხევის შემდეგ აქ გაამწესეს არა ქართველი, არამედ რუსი, და ისიც იმისთანა, რომელსაც არაფერი გაეგება არც ქართული ენისა და არც ქართველი ერისა. ორმა ქართველმა აკადემიელმა ითხოვა ეს ადგილი, ერთი მათგანი დეკანოზის ხარისხითა იყო დაჯილდოვებული; მაგრამ ორივეს უარი უთხრეს, თუმცა ქართველის გამწესებას საჭიროდ რაცხდა თვით დირექტორი ინსტიტუტის ბ-ნი მელლერი. თუ მკითხველი დააბრალებს ამას აწინდელს ეგზარქოსს, დიდად შესცდება. ეს მოხდება წინანდელის ნიკოლოზ ეგზარქოსის დროს, რომელსაც თვით ქართველმა სამღვდელოებამ დაარქვა სახელი: “კეთილშობილი” და რომელიც უსათუოდ სთვლიდა საჭიროდ ქართველის გამწესებასა. მაგრამ ბნელმა ძალებმა გაიმარჯვეს და საქმე უკუღმა დაატრიალეს, და გაიმარჯვეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველი მშობლები, ქართველი საზოგადოება და პრესა ამისთანა უფლების დაკარგვას უმნიშვნელოდ სთვლის.
ამ დანაკარგს მეორეც მოჰყვა. წინად ინსტიტუტის მასწავლებელთა შორის ქართველებიც ერივნენ (მაგალითად ბ-ნი ნ. ცხვედაძე), დირექტორის თანამდებობაც ეჭირათ, მაგალითად: ბესარიონ ღოღობერიძეს, ეხლა კი ქალთა ინსტიტუტსი ჭაჭანებაც აღარ არის ქართველისა. მესამე დანაკარგიც არა ნაკლებ მძიმეა. წინად ქართულს ენას დათმობილი ჰქონდა კვირაში ორი გაკვეთილი, ახლა კი მხოლოდ ერთიღა გაკვეთილი შეუნარჩუნებიათ მისთვის. ამავე დროს მაჰმადიანთა ქალწულთათვის ცალკე გააკეთეს ინსტიტუტის სადგურში მეჩეთი, როგორც სომეხთათვის ჰქონოდათ და აქვთ ცალკე ეკლესია. ამ სახით სხვა ეროვნების მოწაფეთა ჰყავთ საკუთარი სჯულის მასწავლებელი, თავისს სჯულს დედა-ენაზე სწავლობენ და საკუთარს ეკლესიაში დადიან. ქართველნი ქალწულნი კი ყველა ამას მოკლებულნი არიან, თითქოს უკანონო შვილნი იყვნენ.