ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა

დეკემბერი იყო. ქარიანი დღე. ქარს ჯერ მუქი ღრუბლები და ცივი წვიმა მოჰქონდა, მერე სველი თოვლი წამოუშინა. ხანდახან ერთმანეთში არეულ იმდენ ფანტელს მოიტანდა ერთად, ბნელდებოდა, სახლები ძლივსღა ჩანდა. ფანტელები ძირსდაცემისთანავე დნებოდა და მოასფალტებული ქუჩებიც შავი იყო, ბნელი. მარტო ბაღებისა და სკვერების გადამხმარი მდელოები გამოიყურებოდნენ თეთრად. გამვლელ-გამომვლელთ პალტოების საყელოები წამოეწიათ, სახე შიგ ჩაერგოთ და წელში წახრილნი მიიჩქაროდნენ შინისაკენ, ზოგი გარბოდა კიდეც. მხოლოდ ერთი პატარა გოგონა იდგა უძრავად ჩვენი ქუჩის დასაწყისში, სკვერთან. ჯიბეში ჩაყოფილ მარჯვენა ხელზე წითელი ჩანთა ეკიდა, შიგ ორი პური ედო, ოდნავ ჩახრილიყო და გაფაციცებული იყურებოდა სკვერში. ნეტავ რას უყურებს-მეთქი, ნაბიჯი შევანელე. გავჩერდი, მუხლებშიაც ჩავიხარე. ვერცხლისფერი ნაძვის ქვეშ, სველ მიწაზე, ლამაზი ჭრელი სკვინჩა იჯდა და პურის ნატეხს ძიძგნიდა. გოგონამ შემამჩნია, მეც რომ სკვინჩას ვუყურებდი, და მითხრა:

– ცალფეხაა.

– როგორ, ცალფეხა?!

– ცალი ფეხი არა აქვს.

მე გამეღიმა.

– არა, პატარავ, სკვინჩას სცივა, ფეხები აძრება და ხან ერთი ფეხით დგება მიწაზე, ხან მეორით.

გოგონამ ნაღვლიანად მომხედა.

– ეს სკვინჩა ცალფეხაა.

დაუბერა ქარმა, მოყარა უამრავი ფანტელი, სკვინჩა წაქანავდა, გაშლილი ფრთებით წაიფართხა პურის ნატეხზე. ქარმა რომ ცოტა შეისუნთქა, წამოიწია, გასწორდა და კვლავ პურს დაუწყო ძიძგნა, კვლავაც ცალ ფეხზე იდგა, მარცხენა ფეხზე. მე გოგონასი შემრცხვა.

– მართალი ყოფილხარ, საწყალი! ბოდიშს გიხდი.

გოგონამ გაკვირვებით აჭიმა წარბები.

– რაზე?

– რომ არ დაგიჯერე.

ოდნავ ჩაიღიმა და ისევ სკვინჩას მიაჩერდა. მთლად გადაუთეთრდა მხრები და მარჯვენა წარბისკენ დაწეული მერცხლისფერი ბერეტი.

მაინც ფეხს არ იცვლიდა. ვიდექი მეც. სკვინჩა კიდევ წააბარგანა ქარმა, კიდევ გაიფართხა ფრთებით. გოგონამ და მე ერთდროულად მივხედეთ ერთმანეთს.

– რა ვქნათ? – ვიკითხე მე. – რომ დაგვეჭერინოს, შეიძლებოდა ასანთის ღერის პროთეზის გაკეთება.

გოგონამ უფრო ნაღვლიანად შემომხედა.

– ფეხი მაღლიდანვე არა აქვს.

– უჰ!

სკვინჩამ პურის ნატეხს თავი მიანება, პაწაწინა ნისკარტი მხარზე გაისვ-გამოისვა, ცოტა ხანს დაფიქრებული იდგა, მერე ჩვენ მოგვაჩერდა. ხან პირდაპირ გვიყურებდა, ხან თავს გვერდზე ხრიდა. – სკვინჩ! სკვინჩო! – მიბრუნდა და ცალ ფეხზე სკუპ-სკუპით წავიდა სკვერის ბორდიურის ძირ-ძირ. ისე ყოჩაღად მისკუპსკუპებდა, თითქოს ჩვენ გვაჩვენებდა, აი, მე რა შემიძლიაო. მივყვებოდით ჩვენც, უკვე ღიმილით, მაგრამ გვერდიდან ბიჭი და დაფეთებული ძაღლი გამოცვივდნენ. სკვინჩა აფრინდა, აიწია მაღლა, ყოჩაღად უძალიანდებოდა ქარს, ბოლოს თოვლის ფანტელებს შეერია, გაუჩინარდა.

მე და გოგონას აღარაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის, უხმოდ გავუყევით სველ ტროტუარს. მალე გოგონა ხუთსართულიანი სახლის სადარბაზოსთან შედგა და მორცხვად თქვა:

– ნახვამდის!

– აქ ცხოვრობ? – ვკითხე მე.

– დიახ, თქვენ?

– მე ზემოთ, სამოცდარვაში, რა გქვია?

– მზია.

– სხვა ჩიტებსაც თუ სცნობ, მზია!

მხრები აიჩეჩა და ოდნავ გაეღიმა.

– ნახვამდის!

– ნახვამდის, მზია! ნუ გადარდებს, ჩვენი სკვინჩა ყოჩაღი სკვინჩაა, თოვლი და ზამთარი ვერაფერს დააკლებს.

– მეც ასე მგონია.

სუსტი, გრძელთითებიანი ხელი მაღლა ასწია.

– კარგად ბრძანდებოდეთ!

– კარგად, მზია!

გოგონა სადარბაზოს სიბნელეში შევიდა.

ქუჩაში მეღა მივდიოდი.

თოვდა, ძალიან მომინდა წყნარი, კეთილი მუსიკა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button