ზღაპარისაბავშვო

ერთგული სიტა – ინდური ზღაპარი

(* სიტა — სიტყვასიტყვით ნიშნავს «კვალს». «რამაიანას» მიხედვით, სიტა რავანისაგან დაბრუნების შემდეგ თავისი სიწმიდის დასამტკიცებლად კოცონზე ავიდა, მაგრამ, როგორც უმწიკვლოს, ცეცხლი არ მოედო.)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი გულქვა ხელმწიფე, სახელად რავანი.* (* რავანი — დემონ-რაკშასების მეფე, ცეილონის მბრძანებელი, გვხვდება «რამაიანაში».) ერთხელ ხელმწიფემ თავის პანდიტ-ვარსკვლავთმრიცხველებს ჰკითხა:

— ზეციდან დედამიწაზე უფალი როდის ჩამოვაო?

— როდის და, როცა რომელიმე ბოროტი კაცი ძალიან შესცოდებს, ან როცა რომელიმე ალალი კაცი საგმირო საქმეს ჩაიდენსო! — უპასუხა ერთ-ერთმა პანდიტმა.

რავანმა იფიქრა: მას შემდეგ, რაც ხელმწიფედ დამსვეს, კიდევ უფრო მეტ სიამოვნებაში ვარ და უფრო მეტსაც ვცოდავ. ჩემი ლოცვითა და სიკეთით უფალს დედამიწაზე ვერ ჩამოვიყვან. ისა სჯობს, ბოროტება ჩავიდინო, ჩემი ცოდვების ფიალა პირამდე ავავსო და, როცა დედამიწა ჩემი ბოროტებისაგან კვნესას დაიწყებს, ვეღარ მოითმენს უფალი, მიწაზე ჩამოვა, ხალხს გაანთავისუფლებს, მათთან ერთად მეც მიხსნის და ცოდვებისაგან განწმენდილი ჩემი სული საუკუნო ნეტარებას მიეცემაო.

როგორც გადაწყვიტა, ისეც მოიქცა. რავანმა თავის სამეფოში კეთილ ხალხს დევნა დაუწყო. ყველა მართალი კაცი დააჭერინა და ციხეებში ჩააყრევინა, მერე ბრძანა: ასკეტებს დიდი ფულადი გადასახადი შეაწერეთო, მაგრამ რაც არა ჰქონდათ, რას გადაახდევინებდნენ. მაშინ რავანმა ბრძანა, ასკეტებს ფულადი გადასახადი სისხლით აანაზღაურებინეთო. მართლაც, რავანის მსახურები ასკეტების სხეულებს ისრებით ჩხვლეტდნენ და სამეფო გეჯას წამებულთა სისხლით ავსებდნენ. ამ წმინდა სისხლს თვით ბრაჰმას სასწაულმოქმედი ძალა ჰქონდა. რავანმა ეს გეჯა თავისი ცოლის — მანდოდარის — სამლოცველოში დაადგმევინა და ქალს სასტიკად აუკრძალა ახლოს მისვლა. შიგ შხამი ასხიაო, უთხრა.

მანდოდარი ღვთისმოშიში ქალი იყო. ქმრის უღირსი საქციელი ძალიან აწუხებდა და ბევრჯერ გააფრთხილა კიდეც:

— გონს მოდი! რატომ სცოდავ დედამიწასაც და ზეცასაც? ნუ უჯერი პანდიტებს! ისინი პირფერები არიან, საკუთარი გამორჩენის გულისათვის შეიძლება უარეს ბოროტებაზე წაგაქეზონ. ნუ სცდი დედამიწის მოთმინებას, ისედაც მძიმე ტვირთი აწევსო.

მაგრამ რავანი ცოლის ნათქვამს აინუნშიაც არ აგდებდა.

სასოწარკვეთილმა ქალმა ბოლოს იფიქრა: ასეთი ცოდვიანი მეფის ცოლობას, სიკვდილი მირჩევნიაო. გაბრაზებულ გულზე გეჯას მივარდა და რამდენიმე ყლუპი სისხლი მოსვა. ცოტა ხნის შემდეგ ქალმა იგრძნო, რომ მის სხეულში რაღაც შეირხა:

— დედა! მომეხმარე, გარეთ გამოვიდე. ჩემი ტარება მხოლოდ დედამიწას შეუძლიაო! — მოესმა უეცრად ბავშვის ხმა.

მანდოდარი შიშმა აიტანა: ეს რომ რავანმა გაიგოს, ჭკუას მთლად დაკარგავსო. ქალმა სწრაფად აიყვანა ბავშვი, ქოთანში ჩასვა და მსახურს გაატანა:

— ეს ქოთანი წაიღე და სადმე შორს, ზღვის იქითა ქვეყანაში, მიწაში ჩაფალიო.

მაშინ ქალაქ ჯანაკპურს მეფე ჯანაკი მართავდა, ერთ წელიწადს მის სახელმწიფოში დიდი გვალვა დაიჭირა. ხელმწიფემ დიდძალი მსხვერპლი შეწირა ღმერთებს, მაგრამ ზეცა წვიმას მაინც არ გზავნიდა. ბოლოს ზეციდან ხმა გაისმა: წვიმა მხოლოდ მაშინ მოვა, თუ ხელმწიფე მიწას თვითონ მოხნავსო.

ხელმწიფემ აიღო ოქროს გუთანი და მინდორში გავიდა. ბრაჰმანები ლოცულობდნენ, მიწას ხოტბას ასხამდნენ. ახალგაზრდა ქალებს ნაკურთხი წყალი თავზე შედგმული სურებით მოჰქონდათ და მიწას აპკურებდნენ. ხელმწიფემ ქალიშვილები რომ დაინახა, გაიფიქრა: რა იქნებოდა, ერთი ასული მეცა მყოლოდაო.

უფალი თითქოს ამ სიტყვებს ელოდა, ძლივს მოასწრო ხელმწიფემ ერთი კვალის გავლება, რომ გუთანი რაღაც მაგარს მოედო. ეს თიხის ქოთანი იყო. ახადა ხელმწიფემ თავი ქოთანს და რას ხედავს, შიგ უმშვენიერესი გოგონა არა ზის! ჯანაკას შვილი არ ჰყავდა. მიხვდა, რომ ეს სიკეთით სავსე დედამიწის საჩუქარი იყო და გოგონა შინ წაიყვანა. იმ დღიდან მთელი ქვეყანა წვიმებმა გამოაცოცხლა.

ხელმწიფემ გოგონას სიტა დაარქვა. სიტა კი მანდოდარის ასული იყო, ბრაჰმას სასწაულმოქმედი ძალის მქონე სისხლისაგან რომ გაჩნდა.

გოგონა მთვარესავით ივსებოდა. ერთ დღეს სიტა თავისი სამლოცველოს კედლებს თიხით ლესავდა. იქვე, კუთხეში, შივას* (* შივა — ინდუიზმის ერთ-ერთი მთავარი ღმერთი. იგი ბრაჰმასა და ვიშნუსთან ერთად ქმნის უზენაეს სამებას. შივა ნგრევის ღმერთია. შესახედავად საშინელია. აქვს რამდენიმე სახე. ოთხი ან რვა ხელი. შუბლზე

— მესამე თვალი. კისერზე გველებისაგან დაწნული ყელსაბამი და ადამიანის მოკვეთილი თავების გულქანდი ჰკიდია. ყელი შავი აქვს, რადგან სხვა ღმერთების თხოვნით, სამყაროს გადასარჩენად საშინელი შხამი შესვა. ეს შხამი ოკეანის ფსკერიდან ამოტივტივდა, როცა ღმერთები ოკეანიდან განძის თოთხმეტი სახეობის ამოღებას ცდილობდნენ, მათ შორის უკვდავების წყლის ამოღებასაც.) უმძიმესი მშვილდი ეგდო. სიტამ მშვილდი აიღო და სხვა ადგილას გადადო. როცა ჯანაკამ ეს ამბავი შეიტყო, წამოიძახა:

— ჩემს ასულს ცოლად მხოლოდ იმას გავატან, ვინც ამ მშვილდს მოზიდავს. სახით კი ის კაცი თვითონ შივას უნდა ჰგავდესო.

ხელმწიფის გადაწყვეტილებამ ძალიან დაადარდიანა დედოფალი — სიტას დედობილი.

— აბა, დაფიქრდი, რა ჰქენი! მშვილდი რომელიმე ღონიერმა ავსულმა რომ მოზიდოს, ხომ იძულებული გავხდებით, ქალი მივცეთო!

— ეგ შეუძლებელია! ჩემი სიტა — თვით ქალღმერთი ლაკშმია* (* ლაკშმანი — «რამაიანას» ერთ-ერთი გმირი. რამას უმცროსი ძმა. მან თავი ისახელა ავსულებთან, რაკშასებთან ბრძოლაში.) და იმის სათხოვნელად უთუოდ რომელიმე ღმერთი მოვაო,

— უპასუხა ხელმწიფემ.

სიტა თექვსმეტი წლის რომ გახდა,  ხელმწიფე ჯანაკამ სასიძოების გამოცდა

მოაწყო. სიტას თვითონ უნდა ამოერჩია საქმრო. შეჯიბრზე სულ სახელგანთქმული ვაჟკაცები მოვიდნენ, მაგრამ შივას მშვილდი ადგილიდანაც კი ვერავინ დაძრა. მოულოდნელად, თავისი მასწავლებლის ლოცვა-კურთხევით, წინ წარსდგა მამაცი რამა — აიოდჰიას მეფის, დიდი დაშარათჰას ვაჟიშვილი. მან მსუბუქად ასწია მშვილდი და გადატეხა. სიტამ რამას კისერზე ყვავილების გვირგვინი ჩამოჰკიდა.

დიდი ზეიმით გადაიხადეს სიტასა და რამას ქორწილი.

გადიოდა წლები. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბედნიერად ცხოვრობდა. მაგრამ ერთხელ, ხელმწიფე დაშარათჰამ თავისი ერთ-ერთი ცოლის მოთხოვნით რამა თხუთმეტი წლით ტყეში გააძევა.

რამამ თავისი უმცროსი ძმა ლაკშმანი და სიტა თან წაიყვანა და ტყეში გაიხიზნა. ერთხელ რამა და სიტა თავიანთი ქოხის ზღურბლზე ისხდნენ. უცებ, სად იყო, სად

არა, მათ წინ ოქროს ანტილოპამ ჩაიქროლა.

— რა მშვენიერი ოქროს ბეწვი აქვს! ჩემო ძვირფასო, ძალიან მინდა ეგ ტყავი მაჩუქოო! — შეეხვეწა სიტა რამას.

— აქ რაღაცა ამბავია, ვიღაცას ჩვენი მახეში გაბმა უნდაო, — არწმუნებდა სიტას რამა, მაგრამ ქალმა არ დაუჯერა. რაღას იზამდა რამა, ადგა და ანტილოპას გამოუდგა. სიტა კი მარტო დარჩა. უეცრად ქოხში ბოროტი რავანი გაჩნდა და ქალი გაიტაცა. რავანმა სიტა თავის სამეფოში — ლანკუში — მიიყვანა და ჰარამხანაში შეაგდო.

მანდოდარი მაშინვე მიხვდა, სიტა სწორედ ის გოგონაა, ბრაჰმას სასწაულმოქმედი სისხლის დალევის შემდეგ რომ გამიჩნდაო, მაგრამ ამ ამბავს რავანს როგორ ეტყოდა. ისღა დარჩენოდა, სიტა რავანის თავდასხმებისა და მუქარისაგან ეხსნა. მართლაც, მანდოდარი ისე იცავდა გოგონას, როგორც ნამდვილ დედას შეეფერება, თან ცდილობდა რავანისათვის ჩაეგონებინა: თავი დაანებე სიტას, მასზე ფიქრიც კი არ გაბედო, შვილად შეგფერისო.

მაგრამ რავანი ყურადღებასაც არ აქცევდა მანდოდარის სიტყვებს. მას უკვე ისე ავსებოდა ცოდვების ფიალა, რომ სულის გადარჩენაზე ოცნებაც კი აღარ შეეძლო.

რამამ მაიმუნ ჰანუმასაგან შეიტყო სიტას ადგილსამყოფელი, შეკრიბა მაიმუნებისა და დათვების ჯარი და ლანკუს თავს დაესხა. რამამ მოკლა რავანი, სიტა გაანთავისუფლა და ზუსტად თოთხმეტი წლის შემდეგ თავის ქალაქში — აიოდჰიაპურში — დაბრუნდა.

მეფე დაშარათჰამ დიდი ზეიმით დასვა რამა სამეფო ტახტზე. სიტა გადედოფლდა. ეს ამბავი ერთი ქალის — სიტას მულის — გარდა, ყველას უხაროდა.

ერთხელ ამ ქალმა რამას უთხრა:

— ძმაო, გუშინ ვბანაობდი და ერთი დჰობის* (* დჰობი — მრეცხავი. ინდოეთში მრეცხავები მხოლოდ მამაკაცები არიან.) ლაპარაკი შემომესმა, თავის ცოლს ეუბნებოდა: თავი დამანებე, აქედან მომშორდი, ჩვენი მეფე რამა კი არ გეგონო, თავის ცოლს, სიტას, თოთხმეტი წელი რავანთან ყოფნა რომ აპატია და ისევ მიიღო. სადაც წუხელის იყავი, ისევ იქ წადი, ჩემს სახლში ფეხი აღარ შემოდგაო! ხედავ, ხალხი რას ამბობს? სიტამ თავსლაფი დაგვასხა, ამის მოთმენა აღარ შეიძლებაო.

იმ ხანებში სიტა ბავშვის მოლოდინში იყო. ერთხელ რამას უთხრა:

— თავს რაღაც ცუდად ვგრძნობ. განდეგილთა სავანეში წასვლა მინდა, რომ ბრძენებსა და წმიდა მამებს თაყვანი ვცეო.

დის სიტყვები რამას მოსვენებას არ აძლევდა. რამამ ისარგებლა ამ შემთხვევით და ლაკშმანს უბრძანა: წაიყვანეთ სიტა ტყეში განდეგილებთან და იქ დატოვეთო.

ლაკშმანმაც ჩასვა სიტა ეტლში და განდეგილთა სავანისაკენ მიმავალი გზით კი არ წაიყვანა, ჯუნგლებისაკენ მიმავალ გზას გაუყენა. როცა ლაკშმანმა სიტას სიმართლე უთხრა, ქალი ატირდა და მული დაწყევლა: ჩემი გაუბედურებისათვის, ღმერთსა ვთხოვ, ციყვად ქცეულიყავი! დღე და ღამე წყურვილისაგან პირი გიშრებოდეს! გუბეები, ტბები და ტბორები, საიდანაც წყლის დალევა შეგეძლება, დამშრალიყოს, წყლის ძებნაში ტოტიდან ტოტზე გეხტუნოს და გეტანჯოსო!

როგორც კი ალალმართალმა სიტამ ეს სიტყვები წარმოთქვა, მისი მული ციყვად იქცა.

ქვეყნად დიდი მტრობა და შუღლი რძალ-მულს შორის იმ დღიდან ჩამოვარდა. ლაკშმანმა სიტა ტყეში დატოვა და თვითონ უკან გამობრუნდა. სიტა იქ ერთი

უსინათლო განდეგილის ქოხს მიადგა. განდეგილმა ქალი შეიფარა და რამდენიმე თვის შემდეგ სიტამ მასთან მოილოგინა კიდეც. ძალიან ლამაზი ბიჭი გაუჩნდა. ლავა დაარქვა. როცა სიტა მდინარეზე საბანაოდ წავიდოდა, ბიჭს დააძინებდა და საწოლს განდეგილს გვედით დაუდგამდა. ერთხელ სიტამ ლავა თან წაიყვანა და განდეგილს კი არაფერი უთხრა. უსინათლო მოხუცმა ბავშვის ლოგინში ხელი მოაფათურა, უნდოდა გაეგო, ბიჭს ეძინა თუ არა. საწოლი ცარიელი რომ დახვდა, ძალიან შეწუხდა:

— ნუთუ ბავშვი მხეცებმა მომტაცეს? ღმერთო ჩემო, რა დღეში ჩავარდება სიტა, ამ ამბავს რომ გაიგებს! ნამდვილად თავს აღარ იცოცხლებსო.

განდეგილმა სასწრაფოდ დაკრიფა სასწაულმოქმედი ბალახი კუშა, შეაწება ისე, რომ ბავშვის სახე მიეცა და ზეციური ძალების დახმარებით სული ჩაჰბერა. ამასობაში სიტაც დაბრუნდა და საწოლში მძინარე ბავშვი რომ დაინახა, გაკვირვებულმა წამოიძახა:

— ეს ბიჭი ვისია, ჩემი ხომ თან წავიყვანეო?

— რა უშავს, შვილო, ესეც შენს შვილად ჩათვალე. ამას კუშა ჰქვია და ლავას ძმა არისო, — უპასუხა განდეგილმა.

სიტა უკვე ორ ბავშვს ზრდიდა. ბიჭები ძალიან ნიჭიერები გამოვიდნენ და წერა-კითხვაც მალე ისწავლეს.

ერთხელ ლავა და კუშა ტყეში დარბოდნენ და მხიარულ სიმღერებს მღეროდნენ. შემთხვევით იქვე ახლოს რამა ნადირობდა. ბავშვების წკრიალა ხმები რომ შემოესმა, მივიდა მათთან და ჰკითხა:

— ახლომახლო სასმელი წყალი ხომ არსად გეგულებათო?

— აქვე, ახლოს, ჩვენი სახლია. მობრძანდით და დაგალევინებთო, — უპასუხეს ბიჭებმა.

— რომელ კასტიდანა ხართ, ან თქვენი მშობლები ვინ არიანო? — ჰკითხა რამამ ბავშვებს.

— ჩვენ მეომართა კასტიდან ვართ — რაჯპუტები. ჩვენს დედას სიტა ჰქვია, მამის სახელს კი არ გეტყვით. უსინდისოდ მოიქცა, დედა სახლიდან გამოაგდოო, — უთხრეს ბიჭებმა.

რამა მაშინვე მიხვდა, რომ თავის შვილებს ელაპარაკებოდა და ძალიან შეწუხდა. ბიჭები და რამა ერთად მივიდნენ ქოხთან, მაგრამ სიტას არც კარი გაუღია და არც

გამოჩენილა, მხოლოდ მისი ხმა გაისმა: ჩემი ქმრის თვალით დანახვაც არ მინდა, უსინდისოდ სახლიდან გამომაგდო, ამდენი წელი მარტო ვიცხოვრე და დარჩენილ წლებსაც როგორმე გავატარებო.

გაწბილებული რამა უკან გაბრუნდა.

წმიდა ბრძენი ქოხში რომ დაბრუნდა და ეს ამბავი შეიტყო, სიტას უთხრა:

— შვილო ჩემო, სწორად არ მოქცეულხარ. იცოდე, მიტოვებული ქალი ძალიან უბედურია. შენი შვილების ხათრით აპატიე დანაშაული. წამოდი, რამასთან მე წაგიყვანო.

განდეგილი დიდხანს არწმუნებდა სიტას, ასე სჯობს, ასე მოიქეციო. ბოლოს, როგორც იქნა, დაიყოლია და წაიყვანა.

კარავში რომ მივიდნენ, რამამ სიტას უთხრა:

— თუ მართლა ჩემი ერთგული იყავი, დამიმტკიცეო!

ამ სიტყვების გაგონებაზე ქალს სულ კანკალი დააწყებინა.

— ეს რა დღეში ჩავვარდი, მე უბედური! არ გეყო, ცეცხლზე რომ გამომცადე, როცა რავანისაგან წამომიყვანე? ახლა რაღა გინდა? ეტყობა დედამიწაზე ჩემთვის — მიწის კვლის შვილისათვის — ადგილი არ არისო, — ამოიკვნესა სიტამ, ხელები სალოცავად გულზე დაიწყო და დედამიწას შესთხოვა:

— ო, დედაო მიწავ! მე თუ ჩემი ქმრის ერთგული ვიყავი, შენს კალთას მიმაბარეო! მოულოდნელად მიწა გაიპო და იქიდან ტახტზე მჯდარი დედამიწის ქალღმერთი

ამოვიდა, უმანკო სიტა გულში ჩაიკრა და თვალს მიეფარა.

ახლა კი მიხვდა რამა, რა ერთგული ცოლიც ჰყავდა და დასაჭერად გაექანა, უნდოდა თმებში ხელი ეტაცნა, მაგრამ გვიანღა იყო. სიტა დედამიწამ ჩაიტანა. რამას კი მისი თმის რამდენიმე ღერიღა შერჩა ხელში.

ამბობენ, ადამიანებს ამ ამბის შემდეგ გაუჩნდათ ხელისგულზე ხაზები და ეს ხაზები სიტას თმის ნაკვალევიაო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button