ზღაპარისაბავშვო

ბრძენი ბირბალი – ინდური ზღაპარი

ალბათ, ყველას გაგიგონიათ ფადიშაჰ აქბარისა და იმისი ბრძენი მრჩევლის ბირბალის ამბავი. სხვადასხვა ენაზე მრავალი ზღაპარი შეთხზულა მათზე.

ამბობენ ბირბალი ერთი ღარიბი ბრაჰმანის ოჯახში დაიბადაო. რომ წამოზრდილა, ძალიან ჭკვიანი და ბეჯითი ჭაბუკი დამდგარა. თავისი მშობლიური კერა დაუტოვებია, ბედის საძებნელად წასულა და ქალაქ აგრაში დასახლებულა. იქ შაჰის სასახლის ახლოს პატარა დუქანი გაუხსნია და ბეტელით* (* ბეტელი — სამხრეთ აზიაში გავრცელებული მცენარეა წიწაკოვანთა ოჯახიდან. მის ფოთლებში ახვევენ ფუფულას თესლს მცირეოდენ კირთან და სხვადასხვა სუნელთან ერთად და ღეჭავენ. ინდოეთში ძალიან გავრცელებულია ეს საჭმელი.) ვაჭრობა დაუწყია.

ერთხელ ბირბალი, ჩვეულებრივად, თავის დუქანში იჯდა. მოულოდნელად მასთან ძალზე შეწუხებული სასახლის მსახური შევარდა და უთხრა:

— ბატონო, ძალიან გთხოვ, გირვანქის მეოთხედი კირი ამიწონო. კირი თვითონ ფადიშაჰს უნდა; ძალიან გაჯავრებულიაო.

ბირბალი მაშინვე მიხვდა საქმის ვითარებას და ჰკითხა:

— მითხარი, ფადიშაჰმა ბეტელი ხომ არ ჭამაო.

— როგორ არა, ახლა მე თვითონ მივართვიო, — უპასუხა ქარიმმა.

— მაშ, ყველაფერი გასაგებია, საკუთარი თავი შენ თვითონვე დაგიღუპავსო.

— რატომა და როგორაო? — შეეშინდა ქარიმს.

— ალბათ, ბეტელს ძალიან ბევრი კირი უყავი და ფადიშაჰს ენა დაეწვა. ახლა მთელი ამ კირის შეჭმას შენ გიბრძანებს და საშინელი ტანჯვით სიკვდილი გელისო.

— არ შემცდარხარ, ბრძენო პანდიტო! უკვე ათი წელია, რაც ფადიშაჰს მთელი გულითა და სულით ვემსახურები და მხოლოდ დღეს, ბეტელს რომ ვამზადებდი, ფიქრებში გავერთე. ქალიშვილს ვათხოვებ და იმის ქორწილზე ვფიქრობდი. ამიტომ დამემართა ეს ამბავი. ბრძენო პანდიტო, მასწავლე, როგორ მოვიქცე, რომ ფადიშაჰს გადავურჩეო!

ბირბალი მუდამ შველოდა გაჭირვებულებს. ახლაც ცოტა დაფიქრდა და მსახურს უთხრა:

— აი, რა გითხრა, ქარიმ! ერთი ბოთლი ერბო დალიე და კირი ვერაფერს დაგაკლებსო.

ქარიმმა დალია ერთი ბოთლი ერბო და აცახცახებულმა ფადიშაჰს კირი მიუტანა. ფადიშჰმა უბრძანა:

— ეს კირი ახლავე ჩემ თვალწინ შეჭამეო!

მეორე დღეს, ჩვეულებისამებრ, ქარიმი ფადიშაჰს ეახლა და სინით ბეტელი მიართვა. გაკვირვებულმა ფადიშაჰმა ჰკითხა:

— იმდენი კირი შეჭამე და ცოცხალი როგორღა გადარჩიო?

ქარიმმა მორჩილად დაიკრიფა ხელები და ყველაფერი ისე უამბო, როგორც იყო.

მეორე დღეს ფადიშაჰმა ბირბალი დაიბარა.

— რა იცოდი, ქარიმისთვის კირი რომ უნდა შემეჭმევინებინაო.

— თქვენო უდიდებულესობავ! ჩემმა მიხვედრილობამ მიშველაო!

— გონიერი კაცი რომ უნდა იყო, გეტყობა, მაგრამ დასარწმუნებლად რამდენიმე კითხვას კიდევ მოგცემ. აბა, მითხარი, ერთი და ერთი რამდენიაო?

— თქვენო უდიდებულესობავ! თუ მეფე და იმისი ვეზირი ერთმანეთს ეხმარებიან, ერთი და ერთი თერთმეტია ხოლმე, თუ არ ეხმარებიან, მაშინ — ერთი და ერთი ორია, ესე იგი, მხოლოდ განხეთქილება და უთანხმოება იქნებაო.

— აი, გონიერი პასუხი ამას ჰქვია, გაიგეთო? — მიმართა ფადიშაჰმა თავის მრჩევლებს. — გუშინ კი ვერც ერთმა თქვენგანმა ამ კითხვაზე საზრიანი პასუხი ვერ გამცაო. — მერე ისევ ბირბალს მიუბრუნდა და უთხრა:

— დღეიდან ჩემი მთავარი მრჩეველი შენ იქნებიო.

ბირბალმა მდაბლად დაუკრა თავი და განზე გადგა.

თავისი სიბრძნითა და გონებამახვილობით ბირბალმა მალე მოიგო ფადიშაჰის გული. აქბარი დიდად აფასებდა თავის ახალ მრჩეველს. უიმისოდ სასახლე თითქოს ბრწყინვალებას კარგავდა. ყოველი მისი პასუხი ფადიშაჰს სიხარულს ჰგვრიდა.

ზამთრის ერთ ცივ, ქარიან დღეს საბნებში გახვეული ფადიშაჰი და ბირბალი სასახლის ზედა დარბაზში ისხდნენ და საუბრობდნენ. უეცრად აქბარმა ბირბალს ჰკითხა:

— როგორ გგონია, ჩემს სახელმწიფოში ისეთი კაცი მოიძებნება, ასეთ სიცივეში მთელი ღამე ყელამდე წყალში რომ ჩადგესო?

— დიდო მბრძანებელო! ლუკმა-პურისთვის რას არ იზამს ადამიანი! თუკი კარგ გასამრჯელოს მისცემ, ასეთ კაცს მე თვითონ მოგიძებნიო.

აქბარს არა გაეგებოდა რა ღატაკების გასაჭირისა და ბირბალს არ დაუჯერა, მაგრამ მისი ნიჭის ერთხელ კიდევ გამოსაცდელად უთხრა:

— კარგი, მომიძებნე და ვინც ამ გამოცდას გაუძლებს, ას ოქროს მივცემო. შეპირებით კი შეპირდა ბირბალი, მაგრამ როცა აქბარმა გასამრჯელოს გაღებაზე

თანხმობა განაცხადა, შეფიქრიანდა, — ასეთი კაცი ასე უცებ სად ვიშოვოო. ბირბალი ისეთი შეწუხებული დაბრუნდა შინ, რომ არც კი უვახშმია.

ბირბალს ერთი თავისავით გონიერი ასული ჰყავდა. ქალი მიხვდა, მამა რაღაცაზე ისეა შეწუხებული, ვახშმობის თავიც აღარ აქვსო, და ჰკითხა:

— მამაჩემო, რა დაგემართა, სასახლეში ხომ არავის წაჩხუბებიხარო?

ბირბალი ჯერ სიტყვას ბანზე უგდებდა შვილს, მაგრამ მერე იძულებული გახდა, სიმართლე ეთქვა. ქალმა ყურადღებით მოუსმინა მამას და უთხრა:

— მერედა, მაგან შეგაწუხა? შენ ამაღამ მშვიდად დაიძინე, ხვალ საღამოსთვის საჭირო კაცს მე გიშოვიო.

მეორე საღამოს, სასახლეში წასვლის დრო რომ დადგა, ბირბალმა შვილს დაუძახა.

— ახლავე, მოვალო, — უპასუხა ქალმა და მეზობელთან გაიქცა. რომ დაბრუნდა მათი მეზობელი დჰობი მოჰყვებოდა უკან. ბირბალმა დჰობის ჰკითხა:

— ძმობილო, შეძლებ კი, ამ სიცივეში მთელი ღამე ყელამდე წყალში იდგეო?

— ჩვენო მარჩენალო, მთელი დღე, სხვა რას ვაკეთებ — ცივ წყალში ვდგავარ და სარეცხს ვავლებ, თუ მართლა ამდენ ფულს მომცემენ, წყალში ერთ ღამესაც როგორ ვერ გავძლებო, — უპასუხა დჰობიმ.

ბირბალმა დჰობი სასახლეში წაიყვანა და ფადიშაჰს მოახსენა:

— თქვენო უდიდებულესობავ, აი ეს კაცი თანახმაა, თქვენი სურვილი შეასარულოსო.

როგორც კი მზე ჩავიდა, დჰობი ყელამდე წყალში ჩააყენეს და მეთვალყურეები მიუჩინეს. საცოდავმა დჰობიმ მთელი ღამე იქ გაათია და დილას, სიცივისაგან მთლად გალურჯებული ამოვიდა წყლიდან. ბირბალმა დჰობი თავის სახლში წაიყვანა, გაათბო, ცხელი რძე დაალევინა, საღამოთი კი ისევ ფადიშაჰს მიუყვანა. გაოცებულმა ფადიშაჰმა დჰობის ჰკითხა:

— ერთი მითხარი, მთელი ღამე ცივ წყალში როგორ გასძელიო?

დჰობიმ ხელები მორჩილად დაიწყო გულზე და მიუგო:

— ქვეყნიერების მფარველო! სადღაც, მეორე ნაპირზე ფარანი ენთო, მთელი ღამე იმას გავყურებდი და ისე გავძელიო.

ასეთი პასუხი რომ მიიღო, აქბარმა გადაწყვიტა, პირობა დაერღვია და ბირბალს უთხრა:

— ბირბალ, ამ კაცს დაპირებულ ფულს ვერ მივცემ! თურმე, მთელი ღამე ფარნის შუქისთვის თვალი არ მოუშორებია. ალბათ, ის შუქი ათბობდა და იმიტომ არ გაიყინაო.

აქბარის ეს ვერაგული განზრახვა არ მოეწონა ბირბალს და გადაწყვიტა, მისთვის ჭკუა ესწავლებინა. მეორე დღეს ბირბალმა ოთხი ბამბუკის ჯოხი ერთმანეთზე გადააბა და გრძელი ჭოკი გააკეთა. ჭოკის ერთი ბოლო მიწაში ჩაასო, მეორეზე კი წყლით სავსე ქოთანი დაჰკიდა და ქოთანში ბურღული ჩაყარა. ასე ცაში გამოკიდებული ქოთნის გასწვრივ კი მიწაზე ცეცხლი გააჩაღა და გვერდით მიუჯდა. შუადღისას ბირბალი სასახლეში რომ არ გამოცხადდა, შაჰის ვეზირმა კაცი გაუგზავნა. ბირბალმა კარისკაცს დააბარა:

— ფაფას მოვხარშავ, ვჭამ და მოვალო.

ერთი საათის შემდეგ სასახლიდან კიდევ გაგზავნეს კაცი, ბირბალმა იმასაც იგივე დააბარა. საღამოს კი, რაკი ბირბალი არსად გამოჩნდა, თვითონ აქბარი და მისი ვეზირი მობრძანდნენ მასთან: აბა, ერთი ვნახოთ, ისეთს რა ფაფასა ხარშავს, რომ მთელი დღე მოანდომაო.

ბირბალმა დაინახა თუ არა სტუმრები, მაშინვე ცეცხლს ეცა, შეუკეთა და გულმოდგინედ დაუწყო ბერვა. აქბარმა გრძელ ჭოკზე ჩამოკიდებულ ქვაბს რომ შეხედა, გაეცინა და ბირბალს უთხრა:

— ხომ არ გაგიჟდი? ქვაბამდე ცეცხლი კი არა, კვამლიც ვერ აღწევს, ფაფა როგორ უნდა მოხარშოო?

საზრიანი ბირბალიც სწორედ ამ კითხვას ელოდა. მორჩილად დაუკრა თავი ფადიშაჰს და უთხრა:

— ჩემს ქოთანსა და ცეცხლს შორის ხუთჯერ უფრო მცირე მანძილია, ვიდრე იმ ფარანსა და გუბურას შორის იყო. ამას გარდა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემი დანთებული ცეცხლის ალი ფარნის ალზე ასჯერ უფრო ძლიერია. თუკი დჰობი ფარნის ალით თბებოდა, ჩემი ფაფა უფრო არ უნდა მოიხარშოს? თქვენო უდიდებულესობავ! მაპატიეთ, რომ დავიგვიანე, როგორც კი ფაფა მოიხარშება, შევჭამ და სასახლეში გეახლებითო.

ბირბალმა ასე ასწავლა ჭკუა ფადიშაჰს. აქბარს უჭირდა მთელი საღამო უბირბალოდ ჯდომა და როგორც კი სასახლეში დაბრუნდა, ბრძანა, დჰობის ასი ოქროს მაგივრად ორასი მიეცითო.

დჰობი ბედნიერი და მხიარული წამოვიდა სასახლიდან და თან გზაში სულ ბირბალს ლოცავდა. ბირბალი ამაყად თავაწეული, კმაყოფილი და ბედნიერი გამოცხადდა სასახლეში.

აქბარი და ბირბალი ასე ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მოსაზრებულობასა და მიხვედრილობაში. ბირბალი ყოველთვის ისეთ პასუხებს მოიფიქრებდა, რომ აქბარი ვეღარაფერს ეუბნებოდა და მხოლოდ ეთანხმებოდა ხოლმე.

ერთხელ ფადიშაჰმა ბირბალს ჰკითხა:

— ბირბალ, როცა საქმე სულელთან გაქვს, როგორ უნდა მოიქცეო? ბირბალი ცოტა დაფიქრდა და უპასუხა:

— დიდო ხელმწიფევ, ამ კითხვაზე ხვალ გიპასუხებო.

თავისი გონიერებისა და მოსაზრებულობის გამო ბირბალი ხშირად ღებულობდა ფადიშაჰის უხვ საჩუქრებს, მაგრამ ბირბალი არც იმ შემთხვევას გაუშვებდა ხოლმე ხელიდან, როცა შეეძლო ფადიშაჰის წყალობით ღატაკები გაეხარებინა. იმ დღეს, შინ რომ ბრუნდებოდა, ჭიშკართან ერთ მწყემსს შეხვდა. ბირბალი გამოელაპარაკა მწყემსს და გაიგო რომ ძალიან ღარიბი კაცი იყო.

— კარგი, ხვალ სასახლეში წამომყევი და პირდაპირ ფადიშაჰთან მიგიყვან, ოღონდ ერთი პირობით, ფადიშაჰმა რაც არ უნდა გითხრას, კრინტიც არ დასძრა, ჩუმად იდექიო, — უთხრა მას ბირბალმა.

მეორე დღეს ბირბალმა მწყემსი მართლაც წაიყვანა სასახლეში. ფადიშაჰმა ბირბალი დაინახა თუ არა, უთხრა:

— აბა, ბირბალ, გუშინდელ შეკითხვაზე მიპასუხეო.

— ქვეყნის მფარველო! შეკითხვაზე ჩემი მეგობარი მწყემსი გიპასუხებთო. ფადიშაჰს გაუკვირდა, მაგრამ მაინც გაუმეორა თავისი შეკითხვა მწყემსს. მწყემსი

გაჩუმებული იდგა. ფადიშაჰმა რამდენჯერმე კიდევ გაუმეორა შეკითხვა, მწყემსი მაინც არ იღებდა ხმას. როცა ბირბალმა შეატყო, ფადიშაჰი მოთმინებას ჰკარგავსო, უთხრა:

— თქვენო უდიდებულესობავ! პასუხი უკვე მიიღეო.

— როგორ მივიღე პასუხი, როცა ეს კაცი ისეა გაჩუმებული, თაითქოს პირი წყლითა აქვს სავსეო, — გაუკვირდა აქბარს.

— ქვეყნიერების მფარველო! პასუხიც სწორედ ეს არის, როცა საქმე სულელთან გაქვს, უნდა გაჩუმდეო.

აქბარი დაიბნა, მაგრამ არა შეიმჩნია რა და გუნებაში გადაწყვიტა: რაკი ბირბალი მუდამ ასე მასულელებს, მარჯვე შემთხვევას დაველოდები, ერთხელაც იქნება, შეცდომაში დავიჭერ და ჭკუას ვასწავლიო.

ბირბალს სასახლეში მტრებიც ჰყავდა. ისინი მარტო იმას ცდილობდნენ, ბირბალი ფადიშაჰის თვალში როგორმე დაემცირებინათ. ერთხელაც ერთ-ერთმა იმათგანმა აქბარს მიმართა. — ქვეყნის მფარველო! თქვენს მრჩეველ ბირბალს ყოველთვის მიუდგომლად როდი გამოაქვს გადაწყვეტილება. გუშინ ოთხი ბოროტმოქმედი დააკავეს. ოთხივეს ერთნაირი დანაშაული ჰქონდა, მაგრამ ბირბალმა სხვადასხვანაირად დასაჯა. თუ ჩემი არა გჯერათ, შეამოწმეთ და თქვენ თვითონ დარწმუნდებითო.

როცა ბირბალი სასახლეში მივიდა, ფადიშაჰმა ჰკითხა:

— გავიგე, გუშინდელ სასამართლოზე ერთნაირი დამნაშავეებისათვის სხვადასხვანაირი სასჯელი მიგიცია. მითხარი, მართალია თუ არა: თუ მართალია, ეს რას ნიშნავსო?

— თქვენო უდიდებულესობავ! ყველაფერი მართალია, მაგრამ მე უსამართლობა არ ჩამიდენია, მართლმსაჯულების ერთგული დავრჩი. ოქრო მსუბუქი დარტყმითაც იჭყლიტება, რკინას კი მძიმე ურო სჭირდება. წესიერ კაცს უბრალო შერცხვენაც ეყოფა, უსინდისოს კი — მძიმე სასჯელიც არ გამოასწორებს. დასჯის მიზანი დამნაშავის გამოსწორებაა. როცა განაჩენი გამომაქვს, მუდამ იმასა ვფიქრობ, დამნაშავე რა კაცია, და რა სასჯელით შეიძლება მისი გზაზე დაყენება.

— მაშინ დამიმტკიცე, რომ გუშინდელი შენი გადაწყვეტილება სამართლიანი იყოო.

— თქვენო უდიდებულესობავ! ოთხი დამნაშავიდან ერთს ვუთხარი, შენნაირ კაცს დანაშაულის ჩადენისა უნდა რცხვენოდეს მეთქი და გავუშვი. ის კაცი შინ რომ მისულა, შხამი დაულევია და თავი მოუკლავს. მეორეს გავუჯავრდი და გავათავისუფლე. მან ღრმად შეიგნო თავისი დანაშაული და ამ ქალაქიდან სულ გადაიხვეწა. მესამე გავაჯოხინე. ის ახლა შინ ზის და თვალით არავის ენახვება. ყველაზე მკაცრი სასჯელი კი მეოთხეს დავადე: ცხვირი და ყურები მოაჭრეს, სახეზე მური წაუსვეს, ვირზე შესვეს და მთელი დღე ქალაქში ატარეს. ეს უსირცხვილო მაინც იცინოდა, ამ სიარულში, თურმე, თავის შვილს მოჰკრა თვალი და დაუძახა: დედაშენს გადაეცი, დასაბანი წყალი მომიმზადოს და ვახშამიც არ დაავიწყდეს, ცოტასაც ვისეირნებ ქალაქში და მალე მოვალო.

ვინც კი ბირბალის ასეთი პასუხი მოისმინა, ყველა მისი მართლმსაჯულების ქებას მოჰყვა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button