ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – სამწუხარო მოვლენა პედაგოგიაში

(პასუხი უ. ნათიევს)

ამას წინეთ “ივერიაში” დაბეჭდილს წერილის შესახებ ქართული ენის სწავლებისა გორის საოსტატო სემინარიაში სათაურით: “ვიცნოთ, თუ ვიტიროთ” ახირებულად გაუცხადებია უფ. ნათიევი, გორის ქართული პროსემინარიის მასწავლებელი, რომელსაც ეს წერილი, სხვათა შორის, შეეხებოდა. გაუცხადებია იმ გვარათ, რომ მოსჩვენებია გინებათ, როდესაც რომ მთელ წერილში არ არის ნახმარი მის შესახებ არცერთი შეურაცხყოფითი სიტყვა. ჰაზრები მართალია მწარეა, მაგრამ დამწერმა რა ქნას, თუ ფაქტები, რომელსაც შეესაბამებიან, ცუდი თვისებანი არიან. თუ კაცს მახინჯი სახე აქვს, სარკეს ბევრიც რომ დაემდუროს, მით ის პირის სახეს ვერ გაილამაზებს. აგრეთვე ფონს ვერ გავა მრუდეთ და უკუღმართად მომქმედი პირი, რც უნდა ბევრი იტლიკინოს და იყვიროს მლანძღამენო, როდესაც მის უკუღმართს მოქმედებას ამხილებენ.

უფ. ნათიევი ძალიან ცდილობს დაამტკიცოს, რომ სარკე, რომელიც მას წინ მიუტანეს და მის მოქმედების სახე შიგ დაანახვეს, სტყუის, რომ ფაქტები, რომლებიც “ივერიის” წერილში იყვნენ მოხსენებულნი, მის სწავლის სისტემის შესახებ, არ არიან მართალნი. მაგრამ ფუჭი გასჯილობაა!

“ივერიის” წერილში პირველად ის ჰაზრი იყო გამოთქმული, რომ გორის სამასწავლებლო სემინარიაში, სადაც ორი მესამედი მოწაფეთა შესდგება ქართველებისაგან, რომლებიც კურსის დასრულების შემდეგ უნდა გავიდნენ ქართველ ხალხში ქართულ სასოფლო შკოლების მასწავლებლად, სრულიად არ ასწავლიან ქართულ ენასა, რომელიც შეადგენს უსაჭიროეს საგანს მეტადრე ამისთანა მიზნის სასწავლებლებისათვის.

მართალია ეს, უ. ნათიევო, თუ არა? ამაზედ არაფერს ამბობთ თქვენს გაცხარებულ პასუხში. რატომ? იმიტომ, რომ მართლის თქმა არ გინდათ და საქმისათვის ხელის წარმართვა. თქვენგან არავინ არ მოელოდა იმდენს თავგანწირულებას, რომ ეს ფაქტი შესაფერისად გაგეკიცხათ. მაგრამ თქვენ ვალდებულნი იყავით გეთქვათ, რომ სემინარიაში ქართული სახსენებელიც არსად არის, რომ იმ საგნისათვის არცერთი საათი არ არის დანიშნული კვირაში.

ეს საჭირო იყო, იმიტომ რომ თუმცა ორსავე ქართულ გაზეთში იყო ნაუწყები ეს ფაქტი, მაგრამ არიან იმისთანა პირნი, რომელთაც ეს ამბავი აქამდისინ არა სჯერათ. “შეუძლებელი საქმეა, ამბობენ ეს პირნი, რომ სასწავლებელში, რომელმაც უნდა გამოზარდოს ქართული სახალხო შკოლის მასწავლებელნი, ქართულის სწავლება არ იყოს დაწესებული; – ჩვენში ბევრგვარი უმსგავსოება არსებობს, მაგრამ ეს უმსგავსოება მეტად უკიდურესია, ასე რომ მისი დაჯერება შეუძლებელიაო”. აი ამ გვარი პირებისათვის იყო საჭირო, რომ თქვენ, მახლობელს პირს სემინარიასთანა, ეს სამწუხარო ფაქტი შეგემოწმებინათ მარტო ორი ლიტონი სიტყვით. მაგრამ თქვენ ამაზედ სრულიად ენა ჩაიკმინდეთ. რათა? რასაკვირველია, არა იმ განზრახვით, რომ ჭეშმარიტებას და საზოგადო ინტერესებს დახმარებოდით.

თუ უ. ნათიევი შესახებ სემინარიის ენა-ჩაკმენდილია, რადგანაც გამოსარჩლება ყოვლად-შეუძლებელი იყო მის გამოისათ, რომ ქართული ენა აქ გარეგანი მოჩვენებითაც, ფორმითაც არ არსებობს, სამაგიეროთ იგი დიდის სიმამაცით და სიტყვების სიუხვით ესარჩლება ქართული პროსემინარიასა, სადაც ქართული ენა მოსაჩვენებლად და ფორმის გულისათვის ირიცხება საგანთა შუა.

“ივერიაში” და თვითონ “დროებაშიაც” იყო ნათქვამი, რომ პროსემინარიის უფროს განყოფილებაში ქართულს არ ასწავლიანო. ამაზედ უ. ნათიევი ამბობს, რომ უფროს განყოფილებაში არამც თუ ქართველებს, სომხებს, და რუსებსაც ვასწავლე ქართული წერა-კითხვაო.

შესანიშნავი სიტყვებია: მათგან პირ-და-პირ სჩანს, რომ უ. ნათიევი უფროს განყოფილებაში ქართველ ბავშვებს ქართულს ანბანს ასწავლის. მაშასადამე, იმას ქართული ენა პირველი განყოფილებისათვის მიუცემელ საჭიროებათ არც კი მიაჩნია და უფროს განყოფილებაში იღებს იმისთანა ქართველ ბავშვებსა, რომელთაც ქართული წერა-კითხვა არ იციან.

როგორ მოგწონთ ამგვარი შეხედულება ნათიევისა? ქართულ პროსემინარიაში ქართული ენა ვალდებულ საგანთ არ მიაჩნია – ქართველ მასწავლებელსა! ესენი მოწაფეებმა შეიძლება არ იცოდნენ და ეს უცოდინარობა მათ უფროს განყოფილებაში მიღებს არ დაუშლის. და ამის გამო უფ. ნათიევი ანბანს ასწავლის იქ, სადაც მოწაფეები ქართული გრამმატიკის და ქრისტომატიის შესწავლას უნდა ადგნენ.

ამისთანა სწავლას სწავლა კი არა ჰქვიან, მასხარობას უწოდებენ. მაგრამ უ. ნათიევი იკვეხის, რომ სომხებსაც და რუსებსაც კი ვასწავლი ქართულ წერა-კითხვასო. კუდა ხრაი თავისთვის არ იყო, სხვას ბუზებს უგერიებდაო. უფ. ნათიევს ქართველებისათვის ქართული ენა ვერ უსწავლებია ხეირიანათ და გამოსდგომია უცხო თემის ბავშვების სწავლებას ქრთული წერა-კითხვისასა. რის გულისათვის? ნუ თუ იმიტომ, რომ ქართული კითხვის ჩათვლით ცოდნით და ცოტაოდენი ჯღაბნის მოხერხებით გზა გაუკვლიოს ქართველ სახალხო შკოლებში მასწავლებლების ადგილის დაჭრისათვის? ძალიან დიდათ დაავალებს ჩვენს ხალხსა, რადგანაც სამაგალითოდ სასარგებლო პირებს გაუგზავნის შვილების საზრდელათა!

რაც შეეხება ქართული ენის სწავლებას უნცროს განყოფილებაში, “ივერიაში” იყო ნათქვამი, რომ უ. ნათიევი, თავის მოწაფეების საუბედუროთ და სატანჯველათ, “ოთხ კურდღელს გამოსდგომია და, რასაკვირველია, ვერც ერთს ვერ ეწევა-თქო”. რას ამბოს ამაზე უფ. ნათიევი? იგი ამაყად გვიპასუხებს: ოთხს არა და ექვს კურდღელსაც მივდევო და ყველას ერთათ ვიჭერო. სწორედ ახირებული ფეხ-მარდი ყოფილა უ. ნათიევი. მაგრამ ვაი რომ ეს ფეხმარდობა პედაგოგიაში მარტო მის ოცნებაში არსებობს!…

დედა მიწის ზურგზედ საქართველოს გარეთ თქვენ ვერ იპოვნით იმისთანა შკოლას პატარა ბავშვისათვის, სადაც რომ მათ მაშინვე, შკოლაში შესვლის უმალ, აწყებინებდნენ სამშობლოს წერა-კითხვასთან უცხო წერა-კითხვის სწავლებასაც. ვერ იპოვნით იმიტომ, რომ მარტო სამშობლოს წერა-კითხვის სწავლება მეტათ რთული საქმეა და ბავშვს ამ საქმის დაძლევა მაშინაც კი უძნელდება, როდესაც მისი ყურადღება დამყარებულია მარტო ამ საგანზედ. საზოგადოთ ბავშვის ჩვილ და სუსტ გონებას ერთსა და იმავე დროს მხოლოდ ერთი სიძნელის ატანა შეუძლიან. თუ მას ერთად დააწყებინებენ ორს ან სამს საქმესა, ადვილათ შეიძლება მას გონება ჩაწყდეს და დაუმახინჯდეს. ამიტომ პედაგოგიაში არსებობს ერთი კანონი, რომელიც ამ გვარათ გამოიხატება: ე რ თ ბ ა შ ა დ ბ ა ვ შ ვ ს მ ი ე ც ე ს მ ა რ ტ ო ე რ თ ი ს ს ი ძ ნ ე ლ ე. ამ კანონს მეტად ღრმა საფუძველი აქვს: როდესაც თქვენ ბავშვს კისერზედ ახვევთ, მაგალითად ორ საქმეს ერთბაშად, მაშინ თვითოეული მათგანი ბავშს ერთი-ორად უძნელდება და მთელი ჯაფა ერთი-ოთხად მატულობს. თუ დიდს ადვილად სწყდება წელი, როდესაც მას მომეტებულ ტვირთსა ჰკიდებენ, უფრო ადვილათ არ უნდა მოსწყდეს ბავშვს გონება, როდესაც მის ტვინს მეტად აუტანელ შრომას აყენებენ? საუბედუროთ, ეს გონების ჩაწყვეტა ბავშვს მაშინვე როდი ეტყობა, არამედ შესამჩნევი ხდება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ და, როდესაც ბავშვი სრულიად კარგავს სწვლის ნიჭს და შეძლებასა.

უ. ნათიევი თავის მოქმედებით ამტკიცებს, რომ მან ეს ელემენტარული პედაგოგიური კანონი სრულიად არ იცის. იგი სრულიად სხვანაირად ფიქრობს: რამდენიც უფრო ბევრს სამეს მიაყრი ბავშვის ნორჩ გონებასა, იმდენი უფრო კარგი იქნებაო. მას შკოლაში შესვლის უმალვე რვა წლის ბავშვის გონება ერთბაშად დაუტვირთავს ექვსი ძნელი საქმით: ქართული წერა-კითხვითა, რუსული წერა-კითხვით, რუსული ენის სწავლებით, რუსული სიმღერების სწავლებით და თავის მოგონებული ნ ა თ ი უ რ ი ანბანით!

ყველა ამას ის თვითონვე ამბობს თავის პასუხში, გარდა უკანასკნელი საგნისა, რომლის შესხებ სიჩუმესა რჩეულობს…

ვისაც კი ცოტა-ოდენი მოაზრება აქვს, ვისაც კი ცოტაოდენათ ესმის ბავშვის გონების გახსნის კანონი, იგი ადვილად მიხვდება, რომ ამ გვარათ პირველ დაწყებითი სწავლის წაყვანა ბუნების წინააღმდეგია და ბავშვებს, გინდ ისინი გენიოსებიც იყვნენ ბუნებით, ტვინი უნდა გაუწყალოს და გონება დაუსახიჩროს. მეორე მხრით ცხადია, რომ კაცი ამ გვარ სისტემას სწავლისასა მხოლოდ მაშინ მოჰკიდებს ხელსა, როცა მას სურს, რომ ქართული მარტო ფორმის გულისათვის, თვალის ასაბმელათ ასწავლოს და ნამდვილად კი დაუშალოს ფესვების გადგმას ბავშვის ბუნებაში.

განა შვიდი-რვა წლის ბავშვს შეუძლია დედა-ენას გულისყური საკმაოდ დაუდოს, როდესაც ამავე დროს ხუთს სხვა საგანს მას სტენენ გონებაში და ყოველ ნაბიჯზედ აგრძნობინებენ, რომ ეს საგნები არიან უმთავრესნი და უსაჭიროესნი და დედა-ენა კი მარქაფაა, რომელიც ბავშვმა შეიძლება სრულიადაც არ იცოდეს?

ამ გვარი სისტემის მავნებლობა იმით არ თავდება, რომ შეუძლებლათა ხდის დედა-ენამ ფესვები მოიკიდოს და გაიდგას ბავშვის გონებაში, იგი სხვა საგნების შეთვისებასაც უშლის. უ. ნათიევი, რასაკვირველია, სხვა ჰაზრისაა ამ საგანზედ; იგი თამამათ ამბობს, რომ ჩემ მოწაფეებს რვა თვის განმავლობაში ყველა ზემოხსენებული საგნები შევასწავლეო. ქართული იმდენათ იციან, რომ არამც თუ “დედა-ენა” ჩააბულბულეს, “ბუნების კარშიაც” კი გადატოპეს, კითხულობენ და არჩევენ ლოღიკურათ და გრამმატიკულათაო, რუსული წერა-კითხვა ისწავლეს, რუსული ენა ეყურებათო და რუსულ სიმღერებსაც გალობენო.

გენიოსი პედაგოგები: პესტალოცი და დისტერვეგი მთელი წლის განმავლობაში ძლივს ახერხებდნენ სამშობლო წერა-კითხვის გონივრათ სწავლებასა, და უ. ნათიევი კი გვარწმუნებს, რომ რვა თვის განმავლობაში მთელი ექვსი საგანი შევათვისებინე ბავშვებსაო და ექვსჯერ მომეტებული მოვასწარი, მინამ თვით გენიოსი პედაგოგები ასწრობდნენო! კაცმა ისეთი ტყუილი უნდა სთქვას, რომ ცოტა მართალს მაინც გავდეს. საქმე, სინამდვილე, სრულიად წინააღმდეგ ამისას ღაღადებს.

ქართული წერა-კითხვა უ. ნათიევის მოწაფეებმა ჩათვლითაც არ იციან ხეირიანად: რუსულშიაც ამაზედ წინ არ წასულან; რუსული ენის ცოდნა რამდენიმე სიტყვის ან ფრაზების მეხანიკური დახსომებით თავდება, – რც შეეხება რუსული სიმღერების გალობას, მკითხველი თვითონ ადვილად წარმოიდგენს, თუ რა სასაცილო და მასთან სამტირალო მოვლენა უნდა იყოს, როდესაც რვა წლის ქართველ ბავშვსა, რომელსაც რუსული არ ეყურება, აბღავლებენ რუსულ ლექსებს, რომელთა გაგება რუსულის მცოდნე ქართველებსაც კი უძელდებათ. თუ გონების გახსნას იკითხავთ, ვისაც კი ეს მოწაფეები უნახავთ, ამბობენ, რომ ახლავე ცხადათ ეტყობათ რაღაც დარეტიანება და ტვინის გაფანტულობაო. ზემოხსენებულით ჩვენ, რასაკვირველია, არ გვინდა ვსთქვათ, რომ რუსული წერა-კითხვის, რუსული ენის სწავლება სჭირო არ არისო. ამ საჭიროებას ყველა გრძნობს, ყველას ესმის იგი და ყველასა სურს, რომ მისმა შვილებმა საფუძვლიანად შეისწავლონ რუსული ენა. ჩვენ მხოლოდ ის ჰაზრი გვინდა გამოვარკვიოთ, რომ უდროოდ დაწყება რუსულისა ბავშვების წარმატებას უშლის ქართულშიაც, რუსულშიაც, სხვა საგნებშიაც და გონების გახსნისათვის მეტად მავნებელია. ესეც ელემენტარული პედაგოგიური კანონია, მაგრამ ეტყობა, რომ უ. ნათიევს, რომელიც ასე გულადათ ჩემობს პედაგოგობას, პედაგოგისათვის მხოლოდ უსუნებია. ჩვენ არც პედაგოგიის ზაოდში გამოვზრდილვართ, არც პედაგოგიური სახელმძღვანელოები გვიზეპირნია, მაგრამ სწორე, ჭეშმარიტი გზა კი კარგად ვიცით ბავშვის სწავლისა. ეს გზა ჩვენ გვსურს გავაცნოთ მკითხველს ორიოდე სიტყვით.

პირველი ექვსი თვის განმავლობაში ქართულის მეტს არა საგანს არ უნდა ჰქონდეს ადგილი შკოლაში.

ბავშვის ნორჩი გონება მხოლოდ ამ საგანზე უნდა იყოს მოქცეული. ექვსი თვის შემდეგ, როცა ბავშვები გაიმართებიან ქართულს წერა-კითხვაში და სხვა და სხვა ელემენტალური ვარჯიშობით, მასწავლებელმა უნდა მიჰყოს ხელი რუსული ენის სწავლებასა სურათების შემწეობით. რასაკვირველია ამ დროს ქართული თავის რიგზედ უნდა მიდიოდეს. როცა სამიოდე თვის ვარჯიშობით ბავშვები დაისწავლიან საკმაოდ რუსულ სიტყვებსა და მათგან პატარ-პატარა ფრაზების შედგენასაც შეიძლებენ, მაშინ მასწავლებელი უნდა შეუდგეს რუსული წერა-კითხვის სწავლასა. ეს უნდა მოხდეს მეორის წლის დამდეგს და არა ადრე; ამაზედ ადრე რუსული წერა-კითხვის დაწყება ბავშვს ძალიან გაუძნელდება, ქართულის სწავლას დაუშლის და მიაჩვევს მოწაფეებს უგუნურს, თუთიყუშურს კითხვას, რადგანაც მათ რუსული ჯერ არ ეცოდინებათ.

რაც შეეხება რუსული სიმღერების გალობას, მათი შეტანა სწავლაში მეოთხე წელიწადზედ ადრე მტკნარი უგუნურება იქნება; რუსული ლექსების ჰაზრის გაგება მხოლოდ მაშინ შეუძლიან ბავშვსა, როდესაც იგი კარგად დაახლოვებით გაიცნობს რუსულსა ენასა და ამგვარი გაცნობისათვის სამი წელიწადი მიუცილებლად საჭიროა ბავშვებისათვის. საგნების სწავლაც ამ სამს წელიწადს დედაენაზედ უნდა იყოს; ამ უკანასკნელი მოთხოვნილების ასრულება საჭიროა იმიტომ, რომ უმისოთ დედა-ენის ხმარებას ვერ მიეჩვევიან ბავშვები, საგნებსაც გაგებით ვერ შეითვისებენ, რადგანაც რუსული ენა ჯერ მათ ნაკლებათ იციან. ასე მიდის ყველგან პირველ-დაწყებით სწავლა და ჩვენშიაც ასე უნდა წავიდეს – მხოლოთ ჭკუა-მოკლე კაცი იფიქრებს, რომ ამ გზით რუსულს ბავშვები გვარიანათ ვერ შეისწავლიანო; ბავშვი, რომელსაც გონება გაღვიძებია სწორე, წაღმართი სწავლით, რუსულს ენას ოთხჯერ უფრო ადვილად და საფუძვლიანათ შეისწავლის, მინემ ის ბავშვი, რომელსაც გონება გაღვიძებია სწორე, წაღმართი სწავლით, რუსულს ენას ოთხჯერ უფრო ადვილად და საფუძვლიანათ შეისწავლის, მინემ ის ბავშვი, რომელსაც გონება დასუსტებია და დაბნევია უდრო-უდროოთ უცხო ენის სწავლებითა. ეს დაწყობილება სწავლისა ეთანხმება ბავშვის ბუნებასა და ამიტომ მეტათ უადვილებს მას დედა-ენის სწავლასაცა, რუსულის შეთვისებასაცა და მის გონებასა აყენებს ჭეშმარიტს გახსნის გზაზედ. ამიტომაც ვერ მოძებნით დედა-მიწის ზურგზე პედაგოგსა, რომ ამ გზას ის უქცევდეს და ღალატობდეს; მარტოკა ჩვენ მხარეში ვხედავთ უგზო-უკვალო სწავლასა, ღალატსა ჩვენ ვითომც სპეციალურათ ნასწავლი პედაგოგებისაგან.

უ. ნათიევი ცდილობს დაგვიმტიკცოს, რომ ამ ღალატს კარგი ნაყოფი მოაქვსო, ის გაბედვით ამბობს, რომ ვისაც ეს არა გჯერათ, მობრძანდით ჩემს შკოლაში და დარწმუნდით თქვენი თვალითაო.

ჩვენ ეს სიტყვები გვაგონებენ ერთს ანალოგიურ შემთხვევასა: რამდნეიმე წლის წინათ ჩვენში გავრცელდა ხმა, რომ ერთი საზოგადოების შკოლებში, სადაც სუფევდა ისევე წესი სწავლისა, რომელსაც ფესვებს უდგამს უ. ნათიევი გორის პროსემინარიაში, სწავლა მეტად უკუღმართად მიდის და ბავშვები გონებით მახინჯდებიანო. ამ შკოლების ზედამხედველმა თავი გამოიდო და ამტკიცებდა, რომ ჩვენ შკოლებში სწავლა ჩინებულათ მოდისო, თუ არა გჯერათ გამოიძიეთო. გამოძიების დროს აღმოჩნდა, რომ ბავშვები კაჭკაჭებსავით კითხულობდნენ ათასჯერ გაკბილურ სტრიქონებსა და ზეპირათ ამბობდნენ უაზროთ გაზეპირებულ სტატიებსა; ამგვარი სწავლა გამომძიებლებმა მოიწონეს. მასწავლებლებს ერგოთ მადლობა და საჩუქრები და ზედამხედველს ჯილდო. მაგრამ ერთმა გარემოებამ ამ მხიარულებას და გამარჯვებას თავს ლაფი დაასხა: თვით უკეთური მოწაფეები ამ შკოლებისა, როცა საქალაქო სასწავლებლებში შევიდნენ, გამოდგნენ გონებით დახშულნი, დასუსტებულნი, ტვინ გაწყალებულნი და ყველანი გარიცხულნი იქმნენ უნიჭობის გამო. ეს საშინელი შედეგი მოიტანეს შკოლებმა, რომლებიც იმითი მაინცა სჯობდნენ ნათიევის პროსემინარიასა, რომ მათში ადგილი არა ჰქონდა ნათიურს ანბასა. მაშ ამ პროსემინარიიდგან ხომ უფრო უარესს უნდა მოველოდეთ. მართალია, უ. ნათიევი წინააღმდეგს ამტკიცებს, მაგრამ ვინც კი ცოტაოდნათ დააკვირდება მის სისტემას სწავლისას, იგი იტყვის ძაღლისაგან ბატკანი ვის უნახამს და ეკალზედ მოსული ვაშლი, რომ ნათიევის უკუღმართმა მოქმედებამ წაღმართი ნაყოფი გამოიცესო!?

უფ. ნათიევი რომ რომელსამე სხვა სასწავლებელში მოქმედობდეს, მისი სისტემა მარტო იმ სასწავლებლისათვის იქნებოდა მავნებელი და მისი შხამი არ მოსწამლავდა სხვა სასწავლებლებსა. მაგრამ. საუბედუროთ, იგი მოქმედებს სასწავლებელში, რომელიც ამზადებს სახალხო შკოლის მასწავლებლებსა. უეჭველია, რომ თითქმის ყველა მისი მოწაფეები, როცა მასწავლებლათ გადაიქცევიან, ისევე დააწყებინებენ თავის მოწაფეებს სწავლასა, როგორც იმათ ასწავლიან უფ. ნათიევი, და ეს გონების დამამახინჯებელი და ტვინის გამწყალებელი სისტემა ადვილათ გაიდგამს ფესვებსა მთელ ჩვენ ხალხში.

აი უმთავრესი მიზეზი, რის გამოისათაც ჩვენ განსაკუთრებით ყურადღება მივაქციეთ ნათიევის უკუღმართს მოქმედებასა. მას უჭირავს იმისთანა ადგილი, სადაც კაცს შეუძლიან დიდ-ძალი სიკეთეც მოუტანოს თავის ხალხსა და დიდი მავნებელი და უშველებელი ბოროტებაც დამართოს მას. ჩვენდა სამწუხაროდ უ. ნათიევი თავის თანამდებობას უკანასკნელი მიზნისათვის ხმარობს და არა პირველისათვის.

დამღუპავ სისტემის ხმარების გარდა, თავის პროსემინარიაში, ხალხის განათლების უკუღმა დაბრუნებისათვის უფრ. ნათიევს გამოუგონია ერთი გაშორებით უფრო მძლავრი ღონის-ძიება. ამას შეუდგენია ახირებული მეთოდით სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავს ანბანსა და პირველ საკითხავ წიგნსა – და წარმოუდგენია კავკასიის სამასწავლებლო ხარჯით დასაბეჭდათა. სამოსწავლო წიგნი, ანუ სახელმძღვანელო, თუ კი იგი მიღებული იქმნა შკოლებში, წარმოგვიდგენს მძლავრ ღონისძიებასა, ამიტომ რომ მისი ზემოქმედება და გავლენა ვრცელდება ხალხის ყველა შკოლებზედა. ამიტომ პირველდაწყებით სახელმძღვანელოს შეუძლიან წაღმაც წაიყვანოს მთელ ხალხში განათლება და უკუღმაც დააბრუნოს.

რა გვარია უ. ნათიევის სახელმძღვანელო? იმ გვარია, რომ პირველი იეზუიტისათვის რომ გეთქვათ, შეგვიდგინე იმისთანა პირველ-დაწყებითი სახელმძღვანელო ქართული ენისა, რომ არამც თუ ქართულის სწავლებას სრულიად აბრკოლებდეს, არამედ ქართული ანბანის გაუქმებასაც მოეხმაროსო, და ბავშვებიც დასცეს ძირს გონებითო, სწორედ ისე, შეადგენდა წიგნსა, როგორც შეუდგენია უ. ნათიევსა.

მოისმინეთ, ანბანი იწყება სამი ქართული ასოთი: ა, ი. ს. (რატომ ათით არა? უფრო მომეტებული არ იქნებოდა). თქევნ იფიქრებთ, რომ ამის შემდეგ ამ ასოებისაგან მარცვლები და სიტყვები იქნებიან შემდგარნი, როგორც ეს მიღებულია ყველგან. სრულიადაც არა. უ. ნათიევს შეშინებია; ვაი თუ ამ სამ ასომ ფეხი მაგრამ მოიკიდონ ბავშვის გონებაში, თუ მის ყურადღება შევაჩერეთ მათზედაო, და ამიტომ ქვეშ დაუწერია რუსული ასოები: а, и,. с.ასე რომ ბავშვმა ერთბაშათ უნდა შეისწავლოს ექვსი სხვა და სხვა გვარი ასო. ამის შემდეგ დომხალივით აურევია ქართული მარცვლები, რუსული მარცვლები, მერე მოუყვანია ქართული და რუსული სიტყვები, ასე რომ რუსული ქართულს უშლის, ქართული რუსულს, ორივე თვალს უჭრიალებს ბავშვსა, ერთი ჩაბეჭდილება მეორეს არ აცდის ფეხი მოიკიდოს ბავშვის გონებაში, და შლის მას და თავის რიგზედ მისგანვე იშლება.

ეს გახლავთ პირველი გაკვეთილი, მეორე და შემდეგ გაკვეთილები ათამდის სწორედ ასევე არიან შემდგარნი. მეათე გაკვეთილიდგან იწყება ახალი ჭაპან-წყვეტა: ქართული სიტყვები და ფრაზები რუსული ასოებით არის დაწერილი და ესენი ბავშვმა უნდა იკითხოს. რადგანაც რუსულს ანბანს აკლია ცამეტამდისინ ასო, ქართული ხმების გამოსახატავად, ამიტომ უ. ნათიევს გამოუგონია ახალი ასოები და შეუვსია რუსული ალფავიტი. ეს მესამე ალფავიტიც საწყალი ბავშვების ტვინმა უნდა მოინელოს!

– რაც შეეხება პირველ საკითხავ წიგნსა, მასში მხოლოდ ოთხი პაწაწა ფურცელია დაწერილი ქართული ტექსტით, დანარჩენი წიგნი კი შესდგა რუსული ტექსტისაგან.

და ამას ჰქვიან სახელმძღვანელო ქართული ენის სასწავლებლათა?! ჩვენ არა გვგონია, რომ თვით მოსისხლე მტერსაც ჩვენი ხალხისას ამაზედ უარესი ღონისძიება ეხმარა.

უ. ნათიევი თავის პასუხში თვითონაც კი არ ესარჩლება თავის ანბანსა: სჩანს, რომ იმანაც კი იგრძნო მის საძაგლობა. იგი მხოლოდ იმას აყვედრის “ივერიასა”, რომ წიგნის დაბეჭდვამდის მისი სისაძაგლე გამოაშკარავა; ეს საყვედური მაშინ იქნებოდა ცოტაოდნათ საფუძვლიანი, უ. ნათიევს რომ ჩვეულებრივი გზა ამოერჩია და თავისი წიგნის გზის გაკვლევა მის ღირსებისათვის მიენდო. ამ შემთხვევაში წიგნის წინააღმდეგ ჩვენ ლიტერატურას ორი სიტყვაც არ დასჭირდებოდა, რადგანაც მისი მახინჯობა და უჯიგრობა ყველასათვის ცხადი იქნებოდა. წიგნი გზას სრულიადაც ვერ გაიკვლევდა და დარჩებოდა დასალპობლათ იმავე სტამბაში, სადაც დაიბეჭდა.

მაგრამ უ. ნათიევმა სხვა ხერხი იხმარა: თავისი წიგნი გამოუგზავნა თავის უმაღლეს მთავრობასა და სთხოვა, რომ გაეშინჯათ და დაებეჭდათ წიგნი სახელმწიფო ხარჯით. რაკი მთავრობა მოიწონებს და დაბეჭდავს თავის ხარჯზედ ამ წიგნსაო, კიდევ უბრძანებს შკოლებში მის მიღებასა და რამდენიც უნდა იყვიროს მის საძაგლობაზედ ქართულმა ლიტერატურამ, ჩემის წიგნის გავრცელბას ვეღარ დააბრკოლებს და საქმეს ვეღარაფერს უშველისო – ფიქრობდა უთუოდ უ. ნათიევი. ეს უკანასკნელი მოჰაზრება უ. ნათიევისა მეტად პრაქტიკულია და პირ-და-პირ მიზანში ხვდება.

ამიტომ ქართულ ლიტერატურას არამც თუ ნება ჰქონდა, არამედ მის მიუცილებელს ვალს შეადგენდა გამოეაშკარებინა პედაგოგიური საძაგლობა უ. ნათიევის სახელმძღვანელოსი მის დაბეჭდვამდისინ.

რომელ მიზეზს უნდა მივაწეროთ ამგვარი ღალატი დედაენისა ქართველისავე შვილისაგან, ღალატი, დედაენისა ქართველისავე შვილისაგან, ღალატი, რომელსაც ვერ გაბედავდა უცხო თემის კაციც კი? გონების სისუსტე და სიბნელეს, თუ ზნეობითს სიმახინჯეს, იმ სიმახინჯეს, რომელიც ჩინოვნიკური ერთგულების გამოჩენისათვის არ დაზოგავს არც ერთ დაბალ ღონის-ძიებასა? – თუ ორივე მიზეზს ერთათა? არჩევანი მიგვინდვია თვითონ უ. ნათიევისათვის.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button