ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – ქართული დედნის შესახებ

კარგად მოგეხსენებათ, რომ საძირკველი განათლებისა არის წერა-კითხვის ცოდნა. ისიც ყველამ უწყის, რომ ამ საძირკველის ჩადგმას უპირველესად ყოვლისა ეხმარება გონივრულად, მარჯვედ შედგენილი პირველი საკითხავი წიგნი და დ ე დ ა ნ ი. პირველი საკითხავი წიგნები ჩვენში კაი ხანია დაიბადნენ და მეტ-ნაკლებობით ასრულებენ თავის დანიშნულებას. მაგრამ ხეირინს დ ე დ ა ნ ს კი აქამდინ ვერ ვეღირსენით. რათა? არა იმიტომ, ვითომ სკოლა და საზოგადოება არ გრძნობდნენ მის საჭიროებას და სარგელბობას. ოცი წელიწადი მეტი იქნება, რაც ჩვენს ჟურნალ-გაზეთებში ხშირად, ძალიან ხშირად გაისმოდა გოდება დ ე დ ნ ი ს უქონლობაზედ. არ გვაკლდა აგრეთვე პირნი, რომელთაც უნდა სურვებოდათ და ცდილიყვნენ დაეკმაყოფილებინათ ეს მოთხოვნილება. მაგრამ მოლოდინი გვიმტყუნდებოდა, ცდა თითქმის ფუჭად მიდიოდა და წერის სწავლება ღვთის ანაბარად რჩებოდა. პირდაპირი შედეგი ამისა იყო ის, რომ ხელოვნური წერა ჩვენში ბოლოს ხანებში ძლიერ დაეცა, და იშვიათად მოსძებნით ჩვენს განათლებულს დასში პირსა, რომელიც ლაზათიანი, მოსაწონი ქართულის ხელით სწერდეს.

მიზეზი ამ სამწუხარო მოვლენისა გახლდათ სიძნელე გვარიანი დ ე დ ნ ი ს შედგენისა. ევროპიული წერის შესხებ დიდი ხანია დადგენილია კანონები, გაკვლეული გზა, რომელსაც სკოლა და საზოგადოებ მტკიცედ ადგია. ჩვენებური ანბანი ბეჭდური და ხელთნაწერი, ბევრად განსხვავდება ევროპიული ანბანისაგან და ამიტომ ვერ დაემორჩილება მის კანონებს უცვლელად. წერის კანონების შეცვლა, გადასხვაფერება, თანახმად ჩვენი ანბანის თვისებისა, გზის გაკვლევა და ზედ გამოჭრილს კალაპოტში ჩაგდება ჩვენი წერისა იყო რთული და ძნელი საქმე, სავსე ბევრ გვარი დაბროკლებით. ამიტომაც გაუძნელდა გამარჯვება ამ საქმეში იმ რამდენიმე პირთა, რომელთაც იკისრეს წინა წლებსი ქართული წერის დედნის შედგენა და გამოცემა.

ამ საზოგადო სიძნელეს ემატებოდა ერთი კერძო დაბრკოლება: ჩვენ არ მოგვეპოება იმისთანა ქართული ხელი, რომლის დადება მაგალითად შეიძლებოდეს. მიუცილებლად საჭირო იყო ჩვენთვის დახმარება ხელოვანი კალიგრაფისა, და ეს გარემოება საქმეს ერთი ორად გვიძნელებდა. ამიტომ თუმცა დიდის ხნის განმავლობაში ცხადად ვგრძნობდით დ ე დ ნ ი ს უქონლობის მავნებლობას; მაგრამ ვერიდებოდით მის შედგენას და გამოცემას, რაც ბევრს დროს და შრომას მოითხოვდა და გამარჯვებაც საეჭვო იყო. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ დღეს თუ ხვალ აღმოჩნდებოდა ჩვენს შორის განვითარებული კალიგრაფი, რომელიც დასძლევდა ყოველს დაბრკოლებას, გამოსცემდა გვარიანს ქართულს დედანს და სწორე გზაზედ დააყენებდა ჩვენებურს წერასა, მაგრამ თვეები, წლები გადიოდნენ და ჩვენი იმედი არ სრულდებოდა; ბოლოს, როდესაც კალიგრაფების ცდამაც ფუჭად ჩაიარა და ჩვენი სკოლა შემდეგისათვის რჩებოდა წერის უხელმძღვანელოდ, ჩვენ გავბედეთ და ვიკისრეთ დედნის შედგენა და გამოცემა იმ იმედით, რომ რამდენიმე ნაბიჯი მაინც წინ გადგვედგმევინა ამ საქმისათვის და ახლო მომავლისათვის მაინც შესაძლებელი გაგვეხადნა სრული, უნაკლო ქართული დედნის დაბადება.

ჩვენი დედანი იწყება სახატავებით. მეტადრე მოკლე დროს სახალხო სკოლოს კურსისა სრულიად ნებას არ აძლევს მას გამოეკიდოს დაწვრილებითს სწავლებას იმისთანა საგნებისს, როგორიც არის ხატვა. მაგრამ არც ის გამოდგება, რომ საგანი სრულიად უყურადღებოდ დავტოვოთ. ხატვა ძლიერ ეხმარება წერასა, უვარჯიშებს ბავშვს ერთ გვარს შემოქმედების ძალასა და სასიამოვნო საგანს შეადგნს მათთვის. ამ მოსაზრების ძალით სახატავები თუმცა ჩავურთეთ დ ე დ ა ნ ს თავში; მაგრამ მოკლედ განსაზღვრული ადგილი და სივრცე მივეცით. ჩვენი აზრით, სრულიად საკმარისი იქნება, თუ სოფლის სკოლის მოწაფეები ხეირიანად ისწავლიან ხაზვასა და ხატვას მხოლოდ იმ საგნებისას, რომელნიც პირველს ორს გვერდზე არიან გამოსახულნი – და აიშორებენ თავიდგან სიტყვას სხვა-და-სხვა სახატავ რვეულებისას. რაც შეეხება სწავლების რიგსა, პირველს ორს სტრიქონზედ ნახატნი წრა-კითხვის დაწყებამდე უნდა ისწავლებოდნენ, და ხოლო შემდეგნი – პარალელურად, ტოლად წერა-კითხვის გაკვეთილებთან. ეს უჩვენოდაც კარგად უნდა იცოდნენ ახლანდელმა სახალხო სკოლების მასწავლებლებმა.

ხატვაში ვარჯიშობის შემდეგ, ბავშვები ჯერ შეისწავლიან ასოების კითხვას, მერმე მათ წერასა. მიუცემლა საჭიროა თვითონ მასწავლებელმა საკლასო ფიცარზედ დაანახოს მოწაფეებს დაწერა ასოსი, ყოველი მისი ნაწილი ცალკე რიგზედ გამოიყვანოს, აჩვენოს მათ, თუ საიდგან იწყება ასო, როგორ გრძელება, სადა თავდება, სად უნდა გაუკეთდეს მსხვილი ხაზი, სად წვრილი, – ერთი სიტყვით მან მთელი კლასის წინ უნდა შექმნას, დაბადოს ასო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იგი თავდაპირველადვე დ ე დ ნ ი ს ამარა დაანარჩუნებს საქმეს, ბავშვები ბევრს ეწვალებიან, ბევრჯერ უკუღმა დასწერენ ასოსა, მახინჯს სახეს მისცემენ მას და რიგიანი წერის შეთვისება ძლიერ გაუძნელდებათ.

რიგი ასოებისა მიღებული დ ე დ ა ნ შ ი ემორჩილება იმ წესსა, რომელზედაც არიან ასოები დაწერილი ჩვენს “დედა-ენაში”; სხვა რიგის შემოღება შეუძლებელი იყო, რაგდანაც წერა-კითხვას ყოველს რიგიანს სკოლაში ერთს დროსა სწავლობენ და რომელი ასოს კითხვაც ბავშვმა ისწავლა, ამავე ასოს დაწერაში უნდა ივარჯიშოს მაშინვე. ამ სახით “დედა-ენა” და დ ე დ ა ნ ი ერთი მეორის შემდეგ უნდა იხმარებოდნენ.

საწერი ბადის შემოღება ჩვენში ახალი საქმეა და საჭიროა ცოტა დაწვრილებით და ვრცლად მოვილაპარაკოთ. რუსული და სხვა ევროპული ანბანები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარტივნი არიან, – შესდგებიან შუალა ასოებითგან, რომელნიც ორს ხაზს შუა ეტევიან; მხოლოდ მცირეოდენი წილი ასოებისა გადასცდება ამ ხაზებს ზემოდ და ქვემოდ და ისიც პატარა მანძილზედ; მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველგან ევროპაში სამწერლო ბადე მიღებული აქვთ, როგორც დამხმარებელი და გამაადვილებელი ღონისძიება. მით უმეტეს საჭიროა იგი ჩვენთვის, ქართველებისათვის, რომელთა ანბანი ძალიან რთულია, იპყრობს მხოლოდ ოთხიოდე შუალა ასოსა, ყველა სხვა ასოები-კი მოზრდილ მანძილზედ ადიან და ჩადიან ზემოდ და ქვემოდ. მართალია, ზოგნი უარ-ჰყოფენ ბადესა; მაგრამ ამათი აზრი ყველა დაწინაურებულს პედაგოგებს უსაფუძვლოდ მიაჩნიათ, რადგანაც ბადეში წერის დროსაც ბავშვს რჩება საკმარისი თავისუფლება, სწორედ იმდენი, რავდენსაც ატანა ამა შეუძლიან პირველს ხანებში; ვიდრე ხელი ხამი აქვს, ბადე იფარავს ბავშვს შეცდომილებისაგან და კალამის თავისუფალი ხმარებისათვის ისევე ჩქარა ამზადებს, როგორც ჭოჭინა ეხმარება უსუსურს ბავშვს დროიანად ფეხის ადგმაში. მაგრამ ბადის ხმარებას შეუძლიან ნამდვილი ვნებაც მოუტანოს ბავშვსა, თუ დიდ ხანს აწერინებენ მასში. რაკი ბავშვის ხელი მოიქნება და მოემზადება მომეტებული თავისუფლებისათვის, ბადე უნდა მიტოვებულ იქმნას და წერა უნდა სწარმოებდეს მხოლოდ მწოლარე ხაზებს შუა. დაახლოებით ბადე უნდა იხმარებოდეს მხოლოდ პირველი წლის განმავლობაში.

ჩვენი ბადე ორი თვისებით განსხვავდება რუსული და საზოგადოდ ევრპული ბადისაგან: ხაზები არის სწორე და ოთხი მწოლარე ხაზის მაგიერ ექვსი ხაზი გვაქვს მიღებული. პირველი განსხვავება იამზედ არის დამოკიდებული, რომ ქართველებს ყოველთვის გვიწერია და ვსწერთ პირდაპირ, რუსები და საზოგადოდ ევროპიელები-კი სწერენ ალმაცერად. უკანასკნელ დრომდინ ალმაცერა ნაწერი მიაჩნდათ საუკეთესო ულამაზეს ნაწერად, – ბოლოს წლებში კი ბევრმა შეიცვალა შეხედულება და იმ აზრზე დადგა, რომ სწორე, განიერი და მოკლე ასოები ყოველ მხრით სჯობიან ჩვეულებრივს ირიბულს ასოებსაო. ამ გვარს ნაწერს რუსეთში და ევროპაში დაარქვეს მრგვალი ხელი, იგივე სახელი, რომელიც ჩვენში იმავე თავითვე ერქვა, და ცდილობენ, რომ იგი ყველა სკოლებში შემოღებულ იქნას. თუ ევროპა მრგვალს ხელს ახლა საუკეთესო და სანატრელს ხელად სთვლის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენებური წერა სწორე გზასა სდგომია და ამ გზის ღალატი, რასაკვირველია, მტკნარი უგუნურება იქნება ჩვენის მხრივ.

ბადის სირთულე გამოიწივა ქართულის ანბანის სირთულემა. ბატ. ჯუღელმა და ბატ. უმიკაშვილმა თავიანთი დ ე დ ნ ე ბ შ ი შვიდი-რვა მწოლარე ხაზი იხმარეს. მაგრამ ეს ძლიერ გადამეტებულია. ზოგნი ჩვენში სჯერდებიან ოთხ ხაზსა. ესეც მეორე უკიდურესობაა. და ამ შეცდომაში შეჰყავს იგინი რუსული წერის ბადის მიხედულებასა. რუსული ასოები მართალია ოთხს ხაზს შუა იწერება; მაგრამ ამ გარემოებას ჩვენთვის ძალა მხოლოდ მაშინ ექმნებოდა, თუ ქართულსა და რუსულს ანბანს შორის დაახლოებითი მსგავსება არსებობდეს. ნამდვილად-კი მათ შორის ვხედავთ არა მარტო უბრალო განსხვავებასა, არამედ პირდაპირ წინააღმდეგობასა. მთელი რუსული საწერი ალფავიტი, როგორც წინად ვთქვით, შესდგება შუალა ასოებისაგან, რომელნიც ორ ხაზს შუა ეტევიან, მხოლოდ ოთხიოდე ხუთი ასო გადასცდება ხოლმე ამ ხაზებსა ზემოდ და ქვემოდ და ისიც მცირეოდენს მანძილზედ. ჩვენს ანბანში კი შუალა ასო მოიპოვება მხოლოდ ოთხიოდე (ა, თ, ი, ო), დანარჩენები-კი შეადგენენ გრძელ ზემოთ და ქვემო ასოებსა. ქვემო ასოები თავდებიან აღმა რკალით, ზემო ასოები უმეტეს ნაწილად იწყებიან რკალით და ან რგოლით. მიუცილებლად საჭიროა, ბავშვმა პირველ ხანებში ბეჯითად იცოდეს, რა სიდიდე მისცეს ამ რკალებსა და რგოლებსა, საიდგან დაიწყოს და სად შეაჩეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრჯერ შესცდება, ბევრჯერ მისცემს ასოების თავსა და ბოლოს შეუსაბამო და უშნო სიდიდეს, ამაში ის ბევრს დროსაც დაჰკარგავს და გვარიანი ხელის შეთვისებასაც გაიძნელებს, რადგანაც ყოველს შეცდომას მიდრეკილება აქვს გამეორებისა.

ერთი ძირითადი კანონი პედაგოგიისა ამბობს: ერიდე შეცდომასაო. ისე საჭირო არას დროს არ არის ამ კანონის დაცვა, როგორც სწავლის დასაწყისში. თუ ბავშვმა რამდენჯერმე უშნო, უკანონო ასოები დასვა, მისი ხელი დაეჩვევა მათ ცუდად წერასა და შემდეგში ძნელად გადაეჩვევა. მოსარჩლენი ოთხ ხაზიანი ბადისა აქებენ მას, როგორც მარტივსა, რომელსაც ბავშვი უფრო ადრე შეეჩვევა. მაგრამ მარტივი ბადე მაშინ არის კარგი, როდესაც თვითონ ანბანიც მარტივია. თუ ანბანი რთულია, ბადეც რთული უნდა იყოს, როგორც ტანისამოსს ტანზე სჭრიან, ისე ბადეც ანბანზე უნდა იყოს გამოჭრილი. ჩვენებურს ასოებს სამი უმთავრესი ნაწილი აქვს: თავი, შუა წელი და ბოლო. ბადე უთუოდ უნდა უჩვენებდეს ბავშვსა, რა სიდიდე მისცეს არა მარტო შუა წელს, არამედ თავსაცა და ბოლოსაცა. მართალია, ექვს ხაზიანი ბადე ცოტა არ არის, ჭრელი გამოდის; მაგრამ რას იზამ, თუ თვითონ ჩვენი ანბანიც ჭრელია. ისიც მართალია, რომ ამ გვარი რთული ბადე მასწავლებლისაგან ითხოვს პირველს დღეებში ჩაგონებას, ხმარების ახსნას, რომ ბავშვები არ დაიბნენ. მაგრამ ეს მისთვის ძნელი არ უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ მეორე-მესამე დღეს მთელი კლასი შეეჩვევა ასოების კანონიერად ჩაწრას ბადეში და რიგიანად წაიყვანს საქმეს მასწავლებლის დაუხმარებლივაც.

ასოების ჯეროვანს სიდიდეს ბლომი მნიშვნელობა აქვს წერის სწორე გზაზედ დაყენებისა და წარმატბისათვის. უწინდელი დ ე დ ა ნ ე ბ ი ს შემადგენელნი ვეებერთელა ასოებით იწყებდნენ წერასა და ეს ძლიერ აბრკოლებდა საქმესა. დიდი ასოების წერა ბავშვს თავის პატარა თითებით უძნელდება და თავისუფლად ვერ ამოძრავებს ხელსა. ბევრი წვალების შემდეგ იგი ეჩვევა გადამეტებით მსხვილი ხელის წარასა; მაგრამ ის კი სჯობდა, არ შესჩვეოდა. დაჩვეული დიდი ასოების წერას, ბავშვი ვეღარ ახერხებს მერმე პატარა ასოებსა და უძნელდება წვრილ ხელზედ გადასვლა. ამ მოსაზრების ძალით დიდს ასოებს მეტად მავნებლად სთვლიან იმისთანა გამოჩენილი პედაგოგები, როგორც ვუსტმანი და მიროპოლსკი, მაგრამ წვრილი ასოებით დედნის დაწყებაც მავნებელია. ამ შემთხვევაში ბავშვს არა აქვს საკმარისი მოედანი ვარჯიშობისათვის, შევიწროებულია პატარა მანძილით და ვერ ეჩვევა თავისუფალს ავლა-ჩავლებას ხაზებისას. პედაგოგიური და პრაკტიკული მოსაზრების ძალით ჩვენ მსხვილს მრგვალს ხელს მივეცით იმოდენა სიდიდე, რომ ასოები დაახლოებით სამჯერ დიდნი არიან ჩვეულებრივი გაკრული ხელის ასოებზედ. ამ სახით, ბავშვი პირველს წელიწადს სწერს სამკეცი ასოებით, მეორე წელიწადს ორკეცით და მესამე წლის განმავლობაში სწვლობს წვრილს ნუსხურს ხელსა, რომელსაც მსხვილს მრგვალს ხელთან აქვს ამ გვარი ურთიერთობა, როგორც ერთს რაოდენობას სამს რაოდენობასთან (1:3).

უფრო კიდევ მომეტებული მნიშვნელობა აქვს ასოების ნაწილების საურთიერთო დამოკიდებულებას. ჩვენში ძლიერ გახშირებულია ერთი ნაკლულევანება წერისა, სახელდობრ ისა, რომ ზემო და ქვემო ნაწილები ასოებისა ორჯელ და სამჯერ სჭარბობენ ცენტრსა, შუაგულსა. გამოდის რაღაც ვიწრო და წოწლოკინა ხელი, რომელიც სწერადაც ძნელია და საკითხავადაც. როცა ამ გვარი ხელით სწერთ, კალამი ხან ძლიერ მაღლა უნდა აიტანოთ, ხან იმავე დიდს მანძილზედ ქვევით ჩაიტანოთ. ამიტომ წერაში ბევრი დრო მიდის. აგრეთვე, როდესაც ამ გვარ წოწლოკინა ნაწერს კითხულობთ, თვალს ერთ ხაზზედ-კი არ ადევნებთ, ჯერ ასოს შუაგულს აცქერდებით, მერმე ზემო წელს ააყოლებთ თვასა და ბოლოს ქვემო წელს უშინჯავთ. ამასობაში ბევრი დრო გადის და კითხვა ვერ მიდის ჯეროვანი სისწრაფით. ფრიად შესანიშნავია, რომ ამგვარი წოწლოკინა ხელი ჩვენ, ქართველობას, შემოგვიღია 19 საუკუნის დამდეგიდან, რუსეთთან შეერთების შემდეგ. თითქოს პოლიტიკური საკუთარი ცენტრის გაუქმებას და გაქარწყლებას წერაზედაც უმოქმედნია, შეუსუსტებია, დაუპატარავებია მათი ცენტრი და გაუდიდებია ზემო და ქვემო ნაწილები. წინანდელს საუკუნეობაში ამ წოწლოკინა ხელს ადგილი სრულიად არა ჰქონია. ჩვენ ბლომად გადავშინჯეთ მეთვრამეტე საუკუნის ხელნაწერები და ყველგან შეგხვდა მოკლე შეკუმშული ხელი, დიდი ცენტრით, მოკლე ზემო და ქვემო ხაზებით. ამ ნაწერებში ზემო და ქვემო ხაზები სიდიდით ან უდრიან ცენტრსა, როგორც ეს არის ეხლა ჩვენს ბეჭდურს ხელში, და ან ერთ ნახევრობით სჭარბობენ. გამოდის სიმეტრიული, გარკვეული, თავისებური ხელი, რომლის წერაც და კითხვაც ძლიერ ადვილია. ამ გვარი ხელის ნიმუშებს იხილავთ ჩვენი დ ე დ ნ ის უკანასკნელს გვერდზედ, რომელნიც ეკუთვნიან მეთვრამეტე საუკუნესა.

ჩვენი დ ე დ ნ ი ს ასოების ნაწილებს შორის დავამყარეთ იმ გვარი ურთიერთი დამოკიდებულება, რომ ზემო და ქვემო ნაწილები ასოებისა მეტობენ შუაგულსა ერთ ნახევრობით, სწორედ ამოდენადვე სჭარბობს სიმაღლე ასოების ცენტრისა მათ სიგანესა. მეტი დამოკლება ასოებისა ვერ გავბედეთ, და მომავალს მივანდეთ იმის გადაჭრა: უვნებლად, ხელშეუშლელად შეიძლება თუ არა, იმ გვარივე საწერი მოკლე ხელი შემოვიღოთ, როგორც არის ბეჭდური შრიფტი.

რაც შეეხება სხვა-და-ხვა ასოების სიმაღლეს, ჩვენ მათ შორის დავამყარეთ ისეთივე სრული თანასწორობა, როგორც არსებობს ბეჭდურს შრიფტში, თუმცა უწინდელს ნაწერებში და დედნებში უთანასწორობა კანონად ყოფილა მიღებული. რომ უთანასწორო ასოების წერა და კითხვა მეტად ძნელია, ეს ჩვენ წინაპრებსაც უნდა კარგად სცოდნოდათ; მაგრამ იგინი ამ სიძნელეს ყურადღებას არ აქცევდნენ, რადგანაც უთუოდ ამისთანა უთანასწორო ხელი ლამაზ ხელად მიაჩნდათ. მაგრამ თუ ჩვენ ესტეტიკის კანონების მხედვით გავსინჯავთ საქმეს, აღმოჩნდება, რომ თანასწორი ხელი უფრო შეესაბამება იმ ესტეტიკის კანონს, რომელიც მოითხოვს ერთობას სხვა-და-სხვა ფერობაში, ანუ სხვა-და-სხვა ფერობას ერთობაში. უთანასწორო ხელის საფუძველს ჩვენ ესტეტიკაში ვერ ვიპოვნით, იგი ჩვენ უნდა მოვძებნოთ უწინდებურს საზოგადოებრივს უთანასწორობაში. დიაღ, როგორც ძველ ქართველებში არსებობდა არისტოკრატიული უთანასწორობა, ისეთივე უთანასწორობა დაამყარეს მათ ასოებს შორსი. ჩვენს ასოებში იყვნენ თავადნი: რ, ს, ხ, აზნაურნი: წ, შ, ჰ, გლეხნი: მ, ძ, ნ, და სხვანი ღვთის მადლით, ამ ჟამად არისტოკრატიის მზე ჩადის, დემოკრატიული თანასწორობის სინათლე ეფინება კაცობრიობასა, და არავითარი დამაბრკოლებელი მიზეზი არ არის თანაბარის ხელის შემოღებისათვის, რომელიც სილამაზითაც სჯობიან უწინდელს უთანასწორო ხელსა, საწერადაც უფრო ადვილია და საკითხავადაც. ეს სიადვილე თანასწორი ხელისა ყველასათვის უნდა ცხადი იყვეს; ხელი, ერთ მანძილზედ დაჩვეული ასოების ატანას და ჩატანას წერის დროს, მოძრაობს ერთს შეუცვლელს ყაიდაზედ, და ადვილად ეჩვევა სისწრაფეს და სიმარჯვეს. ესევე უნდა ითქვას თვალზედაც კითხვის დროს. ეს გახლავთ საფუძველი, რომლის ძალითაც ჩვენ ერთნაირი სიმაღლე და სიგრძე მივეცით ყველაზე ზემო და ქვემო ასოებსა.

წერის დროს მიუცილებლად უნდა იქნას ხმარებული ტაქტი, აყოლა, აყოლით წერა კარგი ხანია შემოღებულია მთელს ევროპაში და ითვლება ერთ მეტად სასარგებლო ღონისძიებად. ჩვენში კი აქამომდე ეს ღონისძიება უყურადღებოდ იყო დარჩენილი და ტაქტის ხმარებას წერაში ვერც ერთს სკოლაში ვერ ნახავდით. ნამდვილად კი იქმნება ისე საჭირო და სასარგებლო არა ხალხისათვის არ იყო ტაქტი, როგორც ჩვენთვის, ქართველებისათვის. ტაქტით, აყოლით მუშაობა ჩვენს ხალხში ძლიერ გავრცელებულია. სიმინდის თოხნა, ყურძნის წურვა, რუმბების წევა, თიბვა და მეტადრე ყანის მკა სულ აყოლით სრულდება ჩვენში. ჩვენებური ლაზათიანი ჰოოპუნა ტაქტზედ არის დამყარებული სავსებით. რად მისდევს ესე ჩვენი ხალხი აყოლით მუშაობასა? რასაკვირველია, იმიტომ, რომ უფრო ეხერხება ამ გვარი მუშაობა, უფრო მომეტებულს აკეთებს ტაქტის შემწეობით, უფრო გვიან იღალება აყოლით მოძრაობის დროსა. ტაქტის სარგებლობა უფრო აშკარად, თვალსაჩინოდ სჩანს მკის დროსა. შენიშნულია ხალხისაგან, რომ სამი მომკალი, აყოლით და ჰოოპუნით მომუშავე, იმდენს გააკეთებს, რის გაკეთებასაც ხუთს ცალ-ცალკე მუშას გაუძნელდება. რად? იმიტომ, რომ აყოლის დროს ადამიანის მოძრაობა მეორდება თითქმის თავის თავად, მხედველობას ეშველება სმენა და ორივე გრძნობანი შეერთებული ძალით ამოქმედებენ ადამიანის ასოებსა, – საერთო მუშაობა, ერთს ყაიდაზედ მომრთული, აქეზებს, ამხნევებს მომუშავეთა, ართობს მათ და დაღალულობას გვიან ჰგვრის. ასე სასიკეთოდ მოქმედებს ტაქტი დიდებზედაც და პატარებზედაც. პატარებისათვის ტაქტს ის მნიშვნელობა აქვს, რომ აჩვენებს ამხნაგურს მოქმედებას, წესიერებას, სოლიდარობას, უმორჩილებს ერთსა და იმავე რიგსა და ესრედ წოდებულს დისციპლინას ძლიერ შველის. კიდეც იმიტომ ხმარობენ მას ბევრგვარი ვარჯიშობის დროს სკოლებში: ტაქტით პასუხს აძლევინებენ ბავშვებსა, ამეორებინებენ ცალკე სიტყვებსა, და ფრაზებსა, აკითხებენ წიგნსა, აზეპირებინებენ პატარ-პატარა ლექსებსა, გიმნასიურს მოძრაობაში ავარჯიშებენ, ამოაღებინებენ და ჩაადებინებენ უჯრებში წიგნებსა, დაფებსა და სხვა სასწავლო კუთვნილებათა, და სხვანი. წერაში ხომ ისეთი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული ტაქტს, რომ ამაზედ მთელი ტრაქტატებია დაწერილი. თუ ჩვენებური წერა სკოლებში აქამდინ უკან იყო ჩამორჩენილი, ეს, სხვათა შორის, ტაქტის უხმარებლობას უნდა მივაწეროთ.

ტაქტის წერის წინად მასწავლებელმა უნდა მოწაფეებს აუხსნას, რა და როგორ უნდა დასწერონ აყოლით, იგი დაჰყოფს ყოველსა ასოს ნაწილებად და უჩვენებს, საიდგან უნდა დაიწყოს თვითეული ნაწილი, როგორ გაავლონ ხაზი, სად შეაჩერონ ხელი და როგორ გადააბან ასოს შემდეგს ნაწილებსა, უმთავრესად კი თვითეული ასო რამდენი ტაქტით უნდა სწერონ.

________

P.S. 1882 წელსა ჩვენ გამოვეცით ქართული დედანი სურათებით და ბოლოში ჩავურთეთ ნიმუშები ძველის საუკეთესო ხელნაწერებისა. გამოცემის შემდეგ დავსწერეთ ვრცელი წერილი ქართულის წერის შესახებ და გვინდოდა იგი დედნის მეორე გამოცემასთან დაგვებეჭდა. მაგრამ ამ მეორე გამოცემაზე შემდეგში ხელი ავირეთ, თუმცა პირველი გამოცემა, ექვსი ათას ეგზემპლარად დაბეჭდილი, ორის წლის განმავლობაში მთლად გაიყიდა. მიზეზი გამოუცემლობისა ორი გახლდათ. პირველად, ჩვენი დედანი ღირდა ექვსს შაურად, ყდით ჯდებოდა ორ აბაზად. “დედა-ენაშიაც” ამდენივე უნდა მიეცათ მოსწავლეებს. ოთხი აბაზის გაღება კი ჩვენი ღარიბი ხალხისათვის სამძიმო იყო. დედნის გაიაფება შეუძლებელი იყო, რადგანაც იგი რთული იყო და ძვირად სჯდებოდა. ამიტომ დედანი შემოკლებით გადავიტანეთ “დედა-ენაში”, რომელსაც მანამდინ აკლდა წერის ნიმუშები, და ამსთან ფასი წიგნისა დავტოვეთ წინანდელი, მიუმატებლივ. მეორე მიზეზი ის გახლდათ, რომ ვენ არ გვინდოდა გაგვეწია კონკურენცია ქართველსი კალიგრაფებისათვის და გვსურდა გაგვეადვილებინა მათთვის რიგიანი ქართულის დედნის გამოცემა მესამე, მეოთხე და შემდეგი წლებისათვის. ეს წერილი, რომელიც ახლა თქვენ თვალ-წინ სძევს, არის შემოკლებული სახე იმ პირვანდელის ვრცელის წერილისა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button