ქართული მიმართულება
I
კარგად მოგეხსენებათ, რომ საზოგადო ასპარეზზე მომქმედი ადამიანი მხოლოდ მაშინ ეწევა გულის წადილს და იმარჯვებს, როდესაც მას გამორკვეული აქვს გზა ცხოვრებისა და შემუშვებული აქვს გეგმა და პროგრამა მოქმედებისა, ერთი სიტყვით აღჭურვილი არის ნათელი, განსაზღვრული მიმართულებით, და ამასთან მხნედ ახორციელებს ამ თავისს მიმართულებას, პროგრამას. მით უმეტეს საჭიროა ამისთანა განსაზღვრული, ნათელი მიმართულება მთელის ერისათვის, მეტადრე იმისთანა ერისათვის, რომელსაც ბრძოლა არსებისათვის მეტად გასძნელებია საზოგადოდ უკუღმართთა გარემოებათა წყალობით.
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ქართველი ერი სწორედ ამისთანა გაჭირვებულს მდგომარეობაშია ჩავარდნილი, რათა ამ გაჭირვებამ არ იმატოს, არამედ შემცირდეს თანდათან და ბოლოს გაუჭირებელ არსებობად გარდაიქცეს, საჭიროა გადაჭრილი გზა, მიმართულება, პროგრამმა. აქვს ჩვენს ერს ეს პროგრამმა, თუ არა? არსებობს ქართული გეგმა მოქმედებისა, თუ ჩვენის ცხოვრების გზა ბინდ-ბუნდით არის მოცული? დიაღ, ქართველობას აქვს განსაზღვრული მიმართულება, გადაჭრილი სიმბოლო პოლიტიკურის სარწმუნოებისა. ზოგს გრძნობით სწამს ეს სიმბოლო, ზოგს ნათლად აქვს გათვალისწინებული; ყველანი კი მიმდევარნი არიან მისნი საზოგადოდ.
რაში მდგომარეობს ეს სიმბოლო? იგი რთული არ არის; შესდგება სულ ორის მუხლისაგან.
პირველი მუხლით ქართველობა აღიარებს თავისს მტკიცე ერთობას რუსეთთან და ერთგულებას ხელმწიფე იმპერტორისას, როგორც საქართველოს მეფისას. ეს ახალი მცნება არ არის ქართველთათვის. იგი დიდი ხნისაა. ჩაისახა იგი ქართველთა გულში ჯერ შუა საუკუნეებში, იზარდა, იზარდა და ბოლოს გათავდა რუსეთთან შეერთებით. ასე, რომ რუსეთთან ქართველების ერთობას, კავშირის ღრმა ისტორიული საძირკველი უძევს. იმედი რუსეთზე და მის ხელმწიფეებზე თაობიდგან თაობაზე გადადიოდა რამდენისამე საუკუნის განმავლობაში და ჩვენს პოლიტიკურს ერთგულებას მემკვიდრეობითი ხასიათი მიეცა. ხოლო რა ძალა და სიმტკიცე აქვს მემკვიდრეობას, ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ.
მემკვიდრეობის გარდა, ქართველებს სავსებით აქვთ გათვალისწინებული, რომ წავიდა დრო პატარ-პატარა სახელმწიფოებისა, პაწია სამეფოებისა და დადგა ხანა ფართო სახელმწიფოებისა, დიდი ფედერაციებისა, შეერთებული შტატებისა. ამის გამო, პოლიტიკურს სეპარატიზმს ქართველობას დასწამებს მხოლოდ პროვოკატორი, ცილის-მწამებელი, მტერი.
მეორე მუხლი ქართული პოლიტიკურის სიმბოლოსი ამბობს: გაფურჩქნეთ, გააძლიერეთ და ააყვავეთ ყველა თქვენი ეროვნულნი, ანუ ნაციონალურნი, ძალნიო. ჩავუკვირდეთ ამ მეორე მცნებასა.
კარგად მოგეხსენებათ, რომ საძირკველს ნაციონალურის ძალისა შეადგენს ტერიტორია, მიწა-წყალი, მამული, სამშობლო
ბატონებო! მშობლიური მიწა-წყალი, მამული მარტო ნივთიერი ფაქატორი არ გახლავთ. იგი ამასთან სულიერია, ცოცხალი არსებაა. თუ ერთ მხრივ იგი იპყრობს მამა-პაპათა გვამთა, მეორე მხრივ მასში ტრიალებს წინაპართა დიდებული სული და ეს სული აცოცხლებს, ასულდგმულებს, აცხოველებს თანამედროვე თაობათა. წაართვით ერს მისი მიწა-წყალი, მისი ტერიტორია, და იგი დაჰკარგავს არა მარტო ნიადაგს არსებობისას, არამედ მოსწყდება იმ დიდებულს ისტორიულს სულსაც, რომელიც სამშობლოში ტრიალებს, და დაემსგავსება მუხსი მოჭრილს რტოსა, რომელსაც გახმობა ვერ ასცდება. ამისთვის მამულის დაკარგვა საშინელს უბედურებას შეადგენს.
სამშობლოს დამკარგველი ერი ვერ დაიცავს თავისს არსებობას, ვერ გააგრძელებს სიცოცხლესა, და თუნდაც გააგრძელოს, თუნდაც მოიპოვოს სიმდიდრე ვაჭრობით და მრეწველობით, მაინც და მაინც ყოვლად უბედური იქნება, იგი დაემსგავსება ბოგანო ადამიანს, რომელსაც საკუთარი მიწა და კერა არ გააჩნია. იგი ილაწლაწებს ერთი ქვეყნიდგან მეორეში, ყველგან იგი იქმნება უცხო, ყველგან მოძულებული სტუმარი, ყველასაგან დაბრიყვებული, დაბალი ღობე, რომელსაც გასთელავს ყოველი გამვლელ-გამომვლელი. აი რისთვის საჭიროა, უკიდურესად საჭირო, რომ ქართველობამ სავსებით შეირჩინოს თავისი მიწა-წყალი, მამული და სხვა ხალხის ხელში არ ჩააგდოს.
მაგრამ ეს არა კმარა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ქართველთა სამკვიდრებელი მამული წინად ბევრად ვრცელი იყო, ვიდრე ახლა. დროთა უკუღმართმა ბრუნვამ დიდი ნაწილები ძლიერმა რუსეთმა ჩვენის მონაწილეობით შემოიერთა. იგინი მოწყულნი, გაჟღენთილნი არიან ჩვენთა მამა-პაპათა სისხლით, რომელნიც ათასი წლის განმავლობაში მათ იცავდნენ აუარებელ მტერთაგან. ქართველობა გამრავლდა, აღარ ჰყოფნის მამული, ბევრი ჩვენგანი მოკლებულია სახსარს ცხოვრებისას. ამიტომ, ელემენტარული სიმართლე მოითხოვს, რათა ქართველებსაც დაედოთ წილი ამ ახალ შემოერთEბულის ქვეყნების მამულებში, საიდგანაც მრავალი მიდის ოსმალეთში. ქართველობა ყველაზედ უფრო კარგად შეიმშნევა ამ კუთხეების ჰაერს და ბუნებას, და საუკეთესო ძმურს მეზობლობას გაუწევს იქ დარჩენილს ქართველს მაჰმადიანებსა. თუ ეს უფლება აქამდინ მოპოვებული არა გვაქვს, ეს იმის ბრალია, რომ დაუდევრობას, უზრუნველობას ვიჩენდით და ვიჩენთ, ჩვენ რომ ამ შემთხვევაში მხნედ მივყოლოდით სახარების მოძღვრებას “არაკუნეთ და გაგეღებათ, ეძიეთ და იპოვნით”, საქმე წაღმა დატრიალდებოდა.
მეორე ბურჯი ერის აღორძინებისათვის გახლავთ სამშობლო ენა. ერის განვითარება პირდაპირ დამოკიდებულია ენის განვითარებაზე. თუ ენა ერთ წერტილზეა შეჩერებული, ერის წინ მსვლელობაც მოსპობილია. თუ ენა უკან-უკან მიდის და ღატაკდება, აზროვნებაც ერისა ქვეითდება, უძლურდება, ღარიბდება, სამაგიეროდ, თუ ენა წინ მიდის, დღითი-დღე იფურჩქნება, ვითარდება, მდიდრდება ფორმებითა, ერის აზროვნებაც წელში იმართება, ძალღონეს იძენს, აჰყვავების ხანა უდგება. არა უცხო ენას არ შეუძლიან გაუწიოს ერს სამშობლო ენის სამსახური, როგორც დედინაცვალს არ შეუძლიან დასდოს ბავშვს ღვიძლი დედის ამაგი, საშინელს მდგომარეობაში ვარდება ერი, როდესაც მის ენას პატივი და უფლება აქვს აყრილი და იგი მას რიგიანად ვეღარ სწავლობს სკოლებში. ამ შემთხვევაში სკოლა ცუდად მოქმედებს თვით სახლობაზედ, აქაც სუსტდება ღვიძლი ენა. ამის გამო სრული მეტყველება ერში იკარგბა, და იგი წარმოადგენს ნახევრად დამუნჯებული ბრბოსა. სუსტი ენა ჰბადავს სუსტს გრძნობას, სუსტს აზრს, სუსტს ხასიათსა და ერის ცხოვრებაში დგება ის უბედური ხანა, რომელსაც ერთმა რუსმა სწავლულმა და პროფესორმა – პოტებნიამ დაარქვა: “период мерзости запустения”. ამ უბედურ ხანას, ამ мерзости запустения -სა თავის სასარგებლოდ იყენებენ მოცილე ერნი და ნახევრობით დამუნჯებულს, დაქვეითებულს ხალხს ხელიდგან აცლიან მიწა-წყალს, დოვლათს და ყველა ეროვნულს საუნჯეს.
ეს ხანა, ბატონებო, ჩვენდა სავალალოდ, უკვე დადგა ჩვენში. ჩვენ ქართულად-კი აღარ ვლაპარაკობთ, ვჩმახავთ, რიგიანად ვეღარ ვხატავთ ქართულს ენაზე ჩვენთან გრძნოათა, ჩვენთა აზრთა, ჭაპანწყვეტით და ვაივაგლახით ვსაუბრობთ. წამდაუწუმ გადავდივართ რუსულს ენაზე; მაგრამ აქაც სრული მეტყველების ნაცვლად რაღაც უგვანო ჟარგონი ისმის ჩვენი პირიდგან. და თუ ჩვენში მოიპოვებიან კარგი რუსული ენის მცოდნენი, ისინიც მხოლოდ მათ შორის, რომელთაც, რაღაც ბედნიერი შემთხვევით, წინად კარგად შეუთვისებიათ ქართული მეტყველება.
ამ სენს წამალი უნდა, და ერთი უებარი წამალიც იმაში მდგომარეობს, რომ ქართული ენა გახდეს სავალდებულო, შტატის საგნად ყოველ გვარს ჩვენებურს სასწავლებელში, როგორც დაბალში, ისე საშუალოში, რუსულს ენასთან თანასწორად.
II
მესამე ბურჯი ერის წარმატებისა გახლავთ სკოლა. რომელ ქვეყანაშიაც კი უმრავლებიათ სკოლები, ყველგან მათ მოუხდენიათ საოცარი ძირითადი ცვლილება: ერი გამდიდრებულა ცოდნით, ამაღლებულა ზნეობით, ავსილა დოვლათით. მთელი ევროპის ისტორია უტყუარი მოწმეა ამისა, მეტადრე შოტლანდიისა და ინგლისისა. საქართველოში კაი ხანია გაიხსნა სახალხო სკოლები და ბევრი სოფელი ინახავს მათ. ამ სკოლებს დიდი მნიშვნელობა აქვთ არა მარტო გლეხთათვის, არამედ აზნაურთათვისაც, რადგანაც ჩვენში წვრილმანი აზნაურობა მრავალ-რიცხოვანია და იგი თავის შვილებს სახალხო სკოლებში ზრდის. ჩვენშიაც მოელოდნენ სკოლებიდგან დიდს ნაყოფს, დიდს კეთილ გავლენას; მაგრამ იმედი გაცრუვდა. თუ ჩვენ შევადარებთ იმ სოფლებს, სადაც სკოლები მოქმედებენ ოცს წელიწადზე მეტსა, იმ სოფლებთან, სადაც სკოლების ჭაჭანეწბაც არ არის, აღმოჩნდება, რომ სკოლიანი სოფლები არც ცოდნით, არც ზნეობით და არც შეძლებით ბევრით არაფრით სჯობიან უსკოლო სოფლებსა. მაშასადამე, ჩვენში სკოლა თითქმის უნაყოფო დაწესებულებად გადაქცეულა. ჩვენებური სკოლა არამც თუ ცოდნას არ ჰფენს ერში დ ზნეობას არ აუკეთესოებს, დანაშაულობას არ ამცირებს, არამედ რიგიანს წერა-კითხვასაც ვერ ასწავლის ვერც ქართულად და ვერც რუსულად. როცა ოთხის წლის წინად რუსეთსა და კავკასიაში იყო საზოგადო აღწერა მცხოვრებთა, წერა-კითხვის მცოდნენი სრულიად არ აღმოჩნდნე ზოგს იმისთანა ქართულს სოფელში, სადაც სკოლა მოქმედებდა ყოველ წლივ მეოთხედის საუკუნის განმავლობაში, და პოლიციელები იძულებულნი იყვნენ თვითონ ჩაეწერათ დარიგებულს ფორმაში ცნობები მცხოვრებთა შესახებ. ეს ამბავი თავისს დროზედ გამომჟღავნეს რუსულმა სატახტო გაზეთებმაც და აღიარეს უნაყოფობა კავკასიის სახალხო სკოლისა.
რასაკვირველია, დიდს ნაყოფიერებას ევროპიულის სკოლისას და სამწუხარო უნაყოფობას ჩვენებურის სკოლისას თავისი მიზეზი აქვს. მიზეზი ესე მდგომარეობს იმაში, რომ პირველი სკოლა საღს პედაგოგიურ პრინციპებზე არის აშენებული და განწყობილი, ხოლო მეორს ამ პრინციპებისათვის ზურგი აქვს შექცეული. ჩვენებურმა სკოლამ მოწაფეთა განვითარებაც, ცოდნის გავრცელბაც, ზნეობის გაუმჯობესებაც, სარწმნოების დანერგვაც სავსებით ანაცვალა ერთს ფორმალურ სურვილს – რუსულის ენის სწავლებას, და ამ წადილსაც ვერ მოეწია. ვერ მოეწევა, რდგანაც, საცა მარტო მეხსიერება ვარჯიშობს და გონება კი დაჩაგრულია, იქ ფორმალური ცოდნაც ვერ მოიკიდებს ფეხსა. ჩვენებური სკოლა მხოლოდ მაშინ აღასრულებს თავის მაღალდანიშნულებას და შეიქმნება ნაყოფიერ დაწესებულებად, როცა იგი კეთილად მოეწყობა. ამ კეთილ მოწყობისათვის საჭიროა შემდეგი გეგმის დამყარება: 1) კურსი ჩვენებურის სახალხო სკოლისა უნდა გახდეს ოთხწლიანი, ნაცვლად ახლანდელი სამის წლისა, როგორც ეს განაწესა უკანასკნელ წლებში განათლების სამინისტრომ და უწმინდესმა სინოდმა, რომელთაც საჭიროდ სცნეს არა რუსთათვის ერთის წლის მიმატება; 2) როგორც რუსულს სკოლაში სწავლება ყველა საგნებისა მიდის მშობლიურ ენაზედ, ისე ქართულს სკოლაში სწავლის ღონისძიებად ყველა საგნების შესახებ უნდა იყოს დედა-ენა, თანახმად სახელმწიფოს რჩევის გადაწყვეტილებისა; 3) ქართულს ენას უნდა ყოველ დღე დათმობილი ჰქონდეს ორი გაკვეთილი მთელის კურსის განმავლობაში; 4) რუსული ენა და წიგნი უნდა ყოველ დღე ისწავლებოდეს არა უადრს მეორე წლისა და ისე ბეჯითად, რომ მისი პირველ დაწყებითი კურსი მთლად გაათაონ მეოთხე წლის ბოლოსა. ამ გვარად მოწყობილი სკოლა ცოდნასაც შესძენს მოწაფეებს, ზნეობასაც აუმაღლებს, სარწმუნოებასაც დაუნერგავს გულში და ორსავე ენას საფუძვლიანად შეათვისებინებს.
რაც შეეხება საშუალო სასწავლებლებს, ამ მხრივ ჩვენი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ მათში ძლიერ მცირეა ქართველთა რიხვი. რა ღონისძიებანია საჭირო მათ გამრავლებისათვის, ამას მე ცალკე გამოცემა ვუძღვენი ამას წინად რუსულს ენაზედ და აღარ განვმარტავ. მე მხოლოდ მოკლედ დავასახელებ ნაჩვენებ ღონისძიებათა: 1) ყოველ საშუალო სასწავლებელთან აქეთა და იქითა საქართველოში უნდა დაარსდეს დაბალი მოსამზადბელი სკოლები განსაკუთრებით ქართველი ბავშვებისათვის, სადაც ჩვენის ღარიბი სოფლის შვილებს შეეძლოთ მომზადება რუსულს ენაში და სხვა საგნებში: 2) სწავლის ფასიდგან უნდა განთავისუფლებულ იქმნას ყველა ღარიბი ქართველი; 3) ქართველებს სახელმწიფო პანსიონებში მეტი ადგილი უნდა დაეთმოთ; 4) საჭიროა დაარსდეს ქართველთათვის ესრედ წოდებული ინტერნატები, ანუ პანსიონები, სადაც იცხოვრებენ გარედგან მოსიარულე მოწაფეები, და რომელთა შესანახავი ხარჯი ნახევრობით უნდა იკისროს თვით მთავრობამ და 5) ახალი საშუალო და სპეციალური სასწავლებლები უნდა დაარსდნენ ამის შემდეგ ქალაქების გარედ, სოფლებსა და დაბებში, როგორც ეს საჭიროდ დაინახეს და შემოიღეს უკანასკნელს წლებში დაწინაურებულს ევროპაში.
მეოთხე ბურჯი ერის წარმატებისა არის ეკლესია. წინად ჩვენი ეკლესია სასიქადულოდ აღსრულებდა თავის მაღალს დანიშნულებასა. მან ჩვენს ერში დანერგა ძლიერი სარწმუნოებრივი გრძნობა, მოჰფინა ველნი და მათნი მდიდარი ტაძრებით და მონასტრებითა, შეჰქმნა სასულიერო ლიტერატურა, შეაერთა ქართველებში ერთად მაცხოვრის და მამულის მხურვალე სიყვარული და თვით კავკასიონის მთებიც-კი გახადა ასპარეზად სახარების ძლევა-მოსილი ქადაგებისა. თუ საქართველომ მთელი თხუთმეტი საუკუნის განმავლობაში გაუძლო აუარებელს და მძლავრს მტრებს და კავკასიაში დიდი ადგილი დააჭერინა მართლ-მადიდებელს ქრისტიანობას, ამისათვის უაღრესად უნდა ვმადლობდეთ ქართულს ეკლესიასა. ახლა რაღასა ვხედავთ? მონასტრები და ეკლესიები დაცალიერდნენ და დღითი-დღე უფრო ცალიერდებიან, სახარების ქადაგება იშვიათად ისმის და ისიც ისეთის ენით, ისე უგულოდ, რომ ხალხზე არავითარი გავლენა არა აქვს, სარწმუნოებრივი გრძნობა ჩამქრალია, ზნებოა დაეცა, წარმართულნი, პირუტყული მიდრეკილებანი უფრო და უფრო იღვიძებენ და ძლიერდებიან.
კარგად მოგეხსენებათ, რომ ეკლესია და სკოლა არის სათავე ხალხის ზნეობისა, ეთიკისა, ხოლო თვითონ ეთიკა, სპეტაკი ზნე საძირკველია ხალხის არსებობისა, სიმტკიცისა, კეთილდღეობისა, წარმატებისა. ზნედაცემული ხალხი მაშინაც-კი წააგებს ბრძოლას არსებობისათვის, როდესაც იგი ცოდნას არ არის მოკლებული. იმპერატორების დროის რომი ბევრით სჯობდა ცოდნით ძველს რომსა; მაგრამ პირველი მუდამ იმარჯვებდა უძლიერესს მტრებზე იმის გამო, რომ სპეტაკი ზნით ბრწყინავდა; მეორე-კი უვიცმა, ველურმა ხალხებმა ფეხქვეშ ჩაიგდეს, გათელეს და შემუსრეს, იმიტომ რომ ზნეობრივი გახრწნილობით იყო შეპყრობილი. ჩვენს ერსაც ამისთანავე ბოლო მოელის, თუ სკოლა და ეკლესია არ ჩავარდნენ თავისს კალაპოტში, არ გახდნენ სავსებით ღირსნი თავისი მაღალის დანიშნულებისა.
ეკლესიის სულსა და გულს შეადგენს, როგორც მოგეხსენებათ, სამღვდელოება. ჩვენში იგი უკიდურესად დაქვეითებულია და ბევრად დაბლა სდგას თვით რუსეთის სამღვდელოებაზედაც. როგორ და რა გზით უნდა ამაღლდეს იგი? ამისათვის უპირველესად ყოვლისა საჭიროა, რომ მან სასულიერო სასწავლებლებსა და სემინარიებში მიიღოს უფრო შესაბამი მომზადება და იმდენადვე შეითვისოს ქართული ენა, ქართული ლიტერატურა, სასულიერო და საერო, ქართული ისტორია, რამდენადაც რუსეთის სასულიერო ახალგაზრდობა ითვისებს რუსულს ენას, ლიტერატურას და ისტორიასა. ამის გარდა, მიუცილებლად საჭიროა, რომ საღვის-მეტყველო საგნები მაინც ისწავლებოდეს როგორც დაბალს, ისე მაღალს კლასებში ქართულს ენაზე, რათა მომავალმა მწყემსებმა ღრმად შეითვისონ როგორც შინაარსი, ისე ენა ღვთის-მეტყველებისა, ის ენა, რომელზედაც იგინი მოვალენი არიან სამწყსოს უქადაგონ მაღალი სწავლა სახარებისა.
ჩვენში, ქართველებში, სრწმუნოებას მეტად ასუსტებს ის გარემოებაც, რომ საღმრთო სჯული ყველა სასწავლებლებში ისწავლება არა დედა-ენაზე, არამედ რუსულზედა. უმაგალითოა ასეთი დაბრიყვება ქართველობისა; რუსეთის იმპერიაში ასობით სცხოვრობენ სხვა-და-სხვა ერები, სხვა-და-სხვა სარწმუნოების მაღიარებელნი; და რომელს ენაზე სწავლობენ ესენი საღმრთო სჯულსა? მხოლოდ დედა-ენაზე, ყველანი დედაენაზე; რუსული ენა მათ შორის არავითარ მონაწილეობას არ იღებს საღმრთო სჯულის გაკვეთილებში. მხოლოდ ქართველობა შეადგენს სავალალო გამოკლებასა. ამ დაბრიყვებას სამგვარი ვნება მოაქვს: სარწმუნოებრივი გრძნობა ქრთველს მოსწავლეს არამც თუ არ უვითარდება, არამედ უსუსტდება და უჭკნება. ეს იმიტომ, რომ სარწმუნოება გულის სფერაა, ხოლო გულზე მოქმედებს მარტო დედა-ენა, ყოველი უცხო ენა აქ, როგორც ენა მეხსიერებისა, უძლურია. როგორც პოეტობა არ შეიძლება უცხო ენაზე, ისე სარწმუნოებრივი გრძნობა. მეორედ, როცა სხვა ერების შვილები თავისს დედა-ენას სწავლობენ საღმრთო სჯულის გაკვეთილებზედაც, ქართველი ბავშვები სრულიად მოკლებულნი არიან ამ სიკეთესა. მესამედ, სხვა ერების შვილებს მოძღვრებად ჰყავთ ღვიძლი შვილები თავისი ერისა, ნამდვილნი მამანი, ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდობა-კი უცხო მამინაცვლების ხელშია და მოკლებულია მშობლურს გავლენასა. მიუცილებლად საჭიროა, რომ ქართველობამ ეს დაბრიყვება და უკიდურესი უსამართლობა თავიდან აიცილოს და მთავრობასთან დაჟინებულად იშუამდგომლოს, რომ საღმრთო სჯულის სწავლება როგორც დაბალს სასწვლებლებში, ისე საშუალოში ქართველი ყმაწვილებისათვის აწარმოვონ მათს დედა-ენაზე.
მაგრამ ყველა ეს ცვლილება და სხვებიც მხოლოდ მაშინ მოიტანს სანატრელს ნაყოფსა, როდესაც საქმე სათავეშივე გასწორდება და ქართველი ეკლესიის მეთაურად გახდება ღვიძლი შვილი თავისი სამწყსოსი, რომელიც მოუღებს ბოლოს გადაგვრების პოლიტიკას და ჩვენს ეკლესიას ჩააყენებს სახარების კალაპოტში.
ერთს ძირითადს სენს ჩვენი ქვეყნისას შეადგენს ის სავალალო მოვლენა, რომ ბატონ-ყმობა, გადავარდნილი ჩვენში ფორმალურდ 1864 წელსა, ორმოცს წლის წინად, დღემდინ ჩვენში ფაქტიურად არსებობს, დღემდინ ჩვენებურ საწყალი გლეხები მოვალენი არიან აძლიონ მემამულეთ მეოთხედი მოსავლისა და სხვა გვარადაც ემსახურონ მათ. ეს სენი რუსეთში იმავ თავით მოისპო, და ჩვენში-კი ისევ მძვინვარებს. მართალია, ამიერკავკასიის სხვა გუბერნიებშიაც დარჩენილია ეს ხინჯი; მაგრამ ბევრად შეღავათიანი სახით. იქაურს გლეხებს ერთი-ორად მეტი მამული აქვთ, ვიდრე ჩვენებსა, და აძლევენ მხოლოდ მეათედს მოსავლისას, საქართველოს გლეხები-კი განიცდიან უკიდურესს ნაკლებულობასა მიწისასა და ამასთან იძულებულნი არიან იხადონ მეოთხედი მოსავლისა, რაც მათ აუტანელს გაჭირვებაში ამყოფებს. დროა, დიდი ხანია დროა ბოლო მოეღოს ამ სოციალურს განგრენასა…
ერისათვის აგრეთვე საჭიროა ესრედ წოდებულნი მოხელეობრივი უფლებანი. კარგი სვინდისიერი მოხელე, მცოდნე ხალხის ცხოვრებისა, მისი ჭირ-ვარამისა, და ამასთან გულშემატკივარი, ქვეყანასაც ბევრს სიკეთეს სძღვნის და თვითონაც შოულობს სახსარს ცხოვრებისას. კარგა ბლომა ნაწილი განათლებული ქართველობისა იმ გარს მდგომარეობაშია, რომ სამსახურის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიან. აი რისთვისაა საჭირო, რომ ჩვენ სრული უფლება მოგვეცეს ამ მხრივ და თანასწორნი ვიყვნეთ ერთმორწმუნე რუსებთან. მოგეხსენებათ, რომ უფლების ჩამორთმევა შედეგია რაიმე დიდი დანაშაულისა; ხოლო ქართველობას ერთგულების მეტი არც უწინ მიუძღოდა და არც ეხლა მიუძღვის… მაშ, რის გამო მოხდა, რომ წინად ვორონცოვისა და დიდ-მთავრის მიხეილ ნიკოლოზის-ძის დროს ქართველებს ეჭირათ მრავალი მაღალი ადგლები, ხოლო ახლა-კი დაბალს ადგილებზედაც აღარ ამწესებენ?!
დიაღ, ბატონებო, საჭიროა, ფრიად საჭიროა თავიდგან ავიცილოთ ყველა ეს დიდი დაბრკოლებანი, რომელნიც წინ ეღობებიან ჩვენის ქვეყნის წარმატებას, გვასუსტებენ, გვაღარიბებენ, გადაშენების გზაზე გვაყენებენ და გვიქადიან გაქრობას პირისაგან მიწისა. ამას მოითხოვს არა მარტო საქართველოს სიკეთე, არმედ რუსეთის სახელიცა. სხვა არა იყოს-რა, რას იტყვის ისტორია, თუ ხსენებული შიში ასრულდება. იგი იტყვის: “საქართველო მთელი ათასი წლობით ებრძოდა აუარებელს მტრებს, გადალახა, როგორც იყო დიდი ისტორიული ოკეანე, რომელზედაც წამ-და უწუმ ებრძოდა საშინელს ქარიშხალსა, და ბოლოს მიაშურა და მიადგა რუსეთის ნავთსადგურსაო. მაგრამ იმედი გაუცრუვდა, ნავთ-სადგური ჭაობად აღმოუჩნდა, და მრავალტანჯული ერი ჩაიფლო შიგ და ჩაირჩოო”.
რათა ეს ასე არ მოხდეს და ასე არ ითქვას, საჭიროა ჯეროვანი და დასაბუთებული შუამდგომლობა იკისროს მთავრობის წინაშე იმისთანა დაწესებულებამ, რომელსაც კანონი აძლევ ამის ნებასა. რუსეთში ამისთანა შუამდგომლობას კისრულობს ერობა, მაგრამ იგი საქართველოს ჯერ არ ღირსებია, თუმცა ქართველი ხალხისათვის ერობა არა ნაკლებ საჭიროა და სასარგებლო, ვიდრე რუსთათვის. ჩვენში ერთად ერთი წოდება, რომესლაც აქვს მინიჭებული ამისთანა შუამდგომლობის უფლება, არის თავად-აზნაურობა. იგი მოვალეა, როგორც უფლებიანი და დაწინაურებული წოდება, იხმაროს ყოველი ღონისძიება, ყოველი შუამდგმლობა იკისროს, რათა მთელს ჩვენს ერსა და თავის თავსაც ააცილოს თავიდგან ის დიდი დაბრკოლებანი, რომელნიც გზაზე ეღობებიან ჩვენს არსებობას და წარმატება, და ჩვენში საშიში და მეტად გაჭირვებული მდგომრეობა გარდააქციონ საიმედო, მომავლიან მდგომარეობად.
თავად-აზნურობის შუამდგომლობას ზურგი უნდა გაუმაგროს ჩვენებურმა პრესამ, რომელმაც უნდა ხმა-მაღლა ღაღადისი გააჩაღოს ორსავე ენაზე, როგორც ადგილობრივ, ისე სატახტო გაზეთებში საქართველოს გაჭირვებულს მდგომარეობაზე, დასახლებით იმ რეფორმებისა, რომელთაც შეუძლიანთ ფეხზე დააყენონ იგი.