ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – შენიშვნა ქართული ზმნის შესახებ

ზმნის ფორმების გამოკვლევაში უფრო კიდევ მომეტებულად უღალატა იღბალმა ბატ. ნასიძესა. აქ უფრო აშკარად იჩინა თავი იმისმა სახიფათო თვისებამ, რომლის წყალობითაც იგი უმეტეს ნაწილად ეთანხმება ჩვენს გრამატიკოსებს იქ, სადაც იგინი ჭეშმარიტებას ამცდარნი არიან და ეწინააღმდეგება, იქ, სადაც მათ მხარეზედ არის სრული სამართალი და საფუძვლიანობა.

ზმნის უმთავრესნი ფორმანი კაი ხანია მკვიდრად არიან დადგენილნი ჩვენის საუკეთესო გრამატიკისაგან. ამერიკა ამ სფეროში უკვე აღმოჩენილი გახლავთ, – ამ ამერიკას ეჭირვება მხოლოდ შეგნება, შეთვისება და კაფიოდ გამოთქმა, მაგრამ ჩვენს ახალს გრამატიკოსს აშლია საღერღელი საკუთარი ამერიკის გამოჩენისა, გადაუხვევია სწორე გეზიდან, მიუგნია ერთს ჭაობისათვის, სჩვენებია ეს ჭაობი მდელოიან ამერიკად, არხეინად მოუკალათნია შიგ და ჩვენც ყველას იქ გვიწვევს. ჩვენ დიდი სიამოვნებით დავსტოვებდით მას სამუდამოდ ამ სასიამოვნო ოცნებაში: მაგრამ საზოგადო სიკეთე და თვით ბატ. ნასიძის სარგებლობა მოითხოვს აუხსნათ მას თვალი და დავანახოთ, რომ მისგან აღმოჩენილი ამერიკა ნამდვილი ჭაობია, რომელსაც მან თავი უნდა საჩქაროდ დაახწიოს თავის და თავსი მოწაფეების სასიკეთოდ.

რადგანაც ჩვენ გვაქვს საქმე ძლიერ ელემენტარულ შეცდომასთან და მის გამოაშკარავებას ბევრი ჩიჩინი არ უნდა, ამიტომ სიტყვას ჩვენ ძლიერ მოკლედ მოვსჭრით. ეს იმიტომაც საჭიროა, რომ ბევრი ადგილი არ დაიჭიროს საგრამატიკო ბაასმა თავაზიან “ი ვ ე რ ი ი ს” ფურცლებზედ და სხვაგვარ წერლიებს საჩივარი არ შეატანინონ რედაქციაზედ.

თავდაპირველად უნდა შევნიშნოთ, რომ აზრების დაულაგებლობას, მათ ულოგიკო მიმდინარეობას ისე უმატნია ბატონი ნასიძის მეორე წერილში, რომ ამ წერილის შინაარსის გაგება და ნათლად წარმოდგენა ადვილი არ არის. ამ სიძნელეებს აორკეცებს ის გარემოებაც, რომ ავტორი არა ერთხელ ეწინააღმდეგება თავის თავსა და უარჰყოფს შუა წერილში მას, რასაც ჭეშმარიტებად აღვიარებს წერილის თავში.

ორს უმთავრესს ბრალსა სდებს ჩვენს გრამატიკოსებსა ბატონი ნასიძე. იგი აყვედრებს მათ ჯერეთ იმას, რომ ვითომც იგინი არ არჩევდნენ ზმნების სახეებსა და დომხალივით ურევდნენ მათ ერთმანეთში. მეორე, მათი ბრალი თურმე იმაში მდგომარეობს, რომ იგინი აღვიარებენ მთელს ხუთს ფორმას ჩვენებითის დახრისასა, როდესაც რომ ორი ფორმის მეტი არ არსებობსო.

თუ პირველი საყვედური მიმართულია ძველი გრამატიკოსებისადმი, მაშინ იგი საფუძვლიანია. დოდაევი და პლატონ იოსელიან, მაგალითად, ერთმანეთში ურევენ სრულისა და უსრულის სახის ზმებსა და ერთს რაზმში აყენებე ფორმასა: “ვსწერე” და “დავსწერე”, მაშინ როდესაც იგინი ეკუთვნიან ორს სხვა და სხვა რაზმსა. მაგრამ ესევე ბრალი რომ დავდოთ ჩვენს ახალს გრამატიკოსებს, მტკნარს უსამართლობას და უმადურობას ჩავიდენთ. როგორც პროფესორები ჩუბინაშვილიდა ცაგარელი, აგრეთვე ბატონი დიმიტრი ყიფიანი ჯეროვან საზღვარს სდებენ უსრულისა და სრულის ზმნის შორის და სხვა და სხვა რაზმში აყენებენ მათ. მხოლოდ ბატონი ჩუბინაშვილი უსრულისა და სრულის სახის ზმნებს არქმევს არა ამ სახელებსა, არამედ სხვებსა. პირველნი ზმნანი მას მოუნათლავს მარტივ ზმნებად (глаголы простые), რადგანაც ეს უკანასკნელნი წარმოსდგებიან თანდებულის დამატებით თავში. მისი შეხედულებით ზმნა “ვსწერ” არის მარტივი, “დავსწერე” სათანადებულო. ეს ტერმინოლოგია პატივცემულს პროფესორს გატარებული აქვს მთელს თავის ტრაქტატში ზმნაზედ და ახირებული მკითხველი უნდა იყოს, რომ იგი ვერ შენიშნოს.

კიდევ უფრო მკაფიოდ და განვითარებით არჩევს და ჰხსნის ამ საგანს ბატონი ყიფიანი, რომელსაც ზმნების დაწვრილებითს ანალიზში პირველი ადგილი ეკუთვნის ჩვენს გრამატიკოსებს შორის. გადავშალოთ თუნდა 106 გვერდი მისი გრამატიკისა, რომელზედაც ავტორი დაჰხვრის გავლილს დროს ზმნისას “კვეთება” და ვენ წავიკითხავთ შემდეგ სიტყვებსა: “ამას (ვაკეთებდი) რომ გათავებულის (სისრულის) სახე მიეცეს, პრეფიქსად ერთ-ერთი თანდებული უნდა მივუძღვნათ: ვაკეთებდი, მივაკეთებდი, შევაკეთებდი, ჩავაკეთებდი, წავაკეთებდი”. უფრო კიდევ ცხადად გვიხსნის იგი ამ საგანს თავის გრამატიკის ბოლოში, სადაც ჩართულია ყოველ მხრიული დახვრა ზმნისა “ვსწერ”. ყოველს ფორმას უსრულის სახისას ბოლოში დაურთავს (სრულის სახის ფორმას) პირველი პირისასა: ვსწერ-დავსწერე, მიწერია-დამიწერია, სწერე-დასწერე, და სხვანი. თუ მთელი დახვრა სრული სახის ზმნისა არ არის მოყვანილი, ეს ჯერ იმიტომ, რომ სრულ სახედ გარდაქცევისათვის უსრულს სხეს თავში უნდა მხოლოდ მიემატოს თანდებული “და” და ეს პატარა ბავშვისთვისაც კი უადვილესი რამეა, – მეორედ ყოველ პიროვანი დახვრა სრული სახისა მოითხოვდა იმოდენავე ვეებერთელა ფურცელს, რომელზედაც არის გაჭრელებული უსრული სახის დახვრა. ეს ორი მიზეზი დასახლებული აქვს თვით ჩვენს მაღალ-პატივცემულს გრამატიკოსს. მართალია თვითონ ზმნის ტრაქტატში ორივე სახის ზმანს ერთად დაჰხრის ბატონი ყიფიანი, – მაგრამ ეს იმიტომ კი არ მოსდის, რომ არ არჩევდეს ზმნებსა სახის მიხედვით, არამედ იმიტომ, რომ ცხადად დაანახოს მოსწავლეთა სიმდიდრე ქართულის ზმნის ფორმებისა. სიმართლე კი მოითხოვს შევნიშნოთ, რომ ეს წესი პედაგოგიურის მხრივ უხერხოა და ადვილად შეუძლიან ბავშვები არიოს. თვითონ ავტორსაც კი არევია ტერმინოლოგია და, მაგალითად ზმნას “გავაკეთებდი” ჰქვიან “დრო გავლილი სრული”, როდესაც უნდა ერქვას: დრო გავლილი უსრული სრულის სახისა. გამოდის, რომ ბატონი ნასიძის საყვედურზედ: ჩვენი გრამატიკოსები ზმნის სახეებს ერთმანეთში არ არჩევენო, – მათ შეუძლიანთ სრული სიმართლით უპასუხონ: თქვენ რომ ჩვენი ნაწარმოები გულდადებით ვერ გადაიკითხოთ, ჩვენი რა ბრალიაო. სამაგიეროდ ჩვენმა ახალმა გრამატიკოსმა შეიძლება დაიკვეხოს იმისთანა რამის აღმოჩენა, რომელიც სიზმრადაც არ მოსჩვენებია არც ერთს გრამატიკოსს არც ჩვენებურსა და არც, ვგონებთ, სხვაგნებურსა. ეს გახლავთ უ ს რ უ ლ ე ს ი ს ა ხ ე ზ მ ნ ი ს ა. ჩვენ ყველამ აქამდის ვიცოდით მხოლოდ ორი სხე ზმნისა: უსრული და სრული. ბატონმა ნასიძემ, უთუოდ სამების ძალზედ, მესამე სახე მიუმატა. შემატებაა, გამდიდრებაა, მაგრამ საშინლად უცნაური. როცა ჩვენ პირველად ამოვიკითხეთ ჩვენი ავტორის წერილში ეს მესამე სახე ზმნისა, კორექტურის თვითნებობას დავაბრალეთ იგი. მაგრამ როცა შუა წერილში და ბოლოში არ ერთხელ შეგვხვდა იგივე “უსრულესი ზმნა”, დავრწმუნდით, რომ თვითონ ავტორი აღარა ხუმრობს. მაშინ ჩვენ მივეცით ჩვენს თავს უნებლიედ კითხვა: რა ნადირია ეს მესამე ჯიში ზმნისა და რომელი ტყიდგან ჩამოვარდნილი? თავიც გავუშინჯეთ, ფეხებიც, გვერდებიც და დავრწმუნდით, რომ მაგგვარი ნადირი შეუძლებელია და არც მაგისი დანაბადი ტყე უნდა იყოს სადმე დედა-მიწის ზურგზედა.

მართლა რა ჭკუაში მოუვიდა ბატონ ნასიძეს ეს მესამე სახე ზმნისა? რამ მიიყვანა იგი იმ ყოვლად-შეუსაბამო დასკვნამის, რომ “მიწერია” არის უსრულესი სახე ზმნისა. რამ გარდააქცევინა მის გონებას უსრულესი სახე წარსულის დროისა ცალკე რაზმის ზმნად? ნუ თუ ახალი გრამატიკის შემადგენელმა და სასტიკმა კრიტიკოსმა ჩვენი გრამატიკოსებისამან ხეირიანად არ იცის, რა განსხვავებაა დროსა და ზმნის სახეს შუა?

ყველა მთელს რასმე ნაწილები აქვს; თუ “მიწერია” არის ცალკე სახე ზმნისა, მას უთუოდ უნდა ჰქონდეს დრონი. ეს მიუცილებელი თვისებაა ზმნისა. ახლა ვიკითხოთ: ამ ზმნას აბადია სადმე ან დასაბამი, ან მომავალი დრო, ან ბრძანებითი დახვრა და ან სხვა რაიმე ფორმა? ერთსაც მოკლებულია, მეორესაც, მესამესაც და მეოთხესაც. გარდა იმ ფორმისა, რომელზედაც იგი ჩამოსხმულია, სხვა ვერა ფორმას ვერ მიიღებს. ცხადია დღესავით, რომ საცილობელი ფორმა ნაწილია და არა მთელი რამე, ლიტონი დრო და არა სახე ზმნისა. ეს ყველამ იცოდა აქამდის, ყველა, ვისაც გრამატიკა ცოტაოდენად მაინც შეუსწავლია, რაცხდა დღემდის ფორმას “მიწერია” წარსული დროის უსრულეს ფორმად, დღეს კი ბატონს ნასიძეს სურს უსაბუთოდ და უსაფუძვლოდ დაგვაჯეროს, რომ იგი არის ცალკე ზმნა.

ჩვენ გვიკვირს, რაკი ამ გზას დაადგა ბატონი ნასიძე, რატომ ბოლომდის არ იარა, ზმნის ცალკე სახედ არ ჩასთვალა ყოველი დრო და არ გაამდიდრა ჩვენი გრამატიკა ზმნის ხუთი-ექვსი სახით? გვიკვირს იმიტომ, რომ მას უსაბუთობა, უანალიზობა კანონად დაუდვია თავისათვის და წინ რაღას შეეძლო დასდგომოდა? ესეც რომ არ იყოს, საკმარისია ერთ წამს მიაქციოთ ყურადღება შინაარსს ფორმისას “მიწერია”, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ფორმა არამც თუ უსრულესი ზმნა არ არის, სრულის სახის თვისებასაც კი მოკლებულია, როგორც ამას შემდეგში დავინახავთ.

გადავიდეთ ზმნის დროთა რაოდენობაზედ. ჩვენი საუკეთესო გრამატიკოსები გადაჭრით აღიარებენ ხუთს ფორმას ჩვენებითის დახრისას (из′явительного наклонения): აწ. მდგომსა – (ვსწერ), წარსულსა უსრულსა (ვსერდი), წარსულსა სრულსა (ვსწერე), წარსულსა უსრულესსა (მიწერია) და მომავალსა (ვსწერ). როგორც მკითხველი ხედავს, აქ ყველა დროს თავისი საკუთარი ფორმა აქვს, გარდა მომავლის დროისა, რომელიც სესხულობს აწმდგომი დროის ფორმასა. ეს ამბავი მოსდის მომავალს დროს არა მარტო ამ ზმნაში, არამედ ბევრს სხვებშიაც; მაგრამ ბევრსი კი მას საკუთარი ფორმა აქვს, მაგალითად: ვიცანი – ვიცინებ, ვსტირი – ვიტირებ, ვკითხულობ – ვიკითხავ და სხვა. ესეც რომ არ იყოს, საკმარისია ერთს წამს მიაქციოთ ყურადღება შინაარსს ფორმისას “მიწერია”, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ფორმა არამც თუ უსრულესი ზმნა არ არის, სრულის სახის თვისებასაც კი მოკლებულია, როგორც ამას შემდეგში დავინახავთ.

აწმდგომის და მომავლის დროის ფორმის მნიშვნელობა ჩაუფიქრებლადაც ცხადია ყველასათვის. განა წარსული დროის ფორმებს კი დაკვირვება უნდა, რომ მათი ერთმანეთისაგან განსხვავება შევიგნოთ. “ვსწერდი” ნიშნავს მოქმედებასა გაწყვეტილსა, “ვსწერ” – მოქმედებასა, რომლისა მხოლოდ ერთი აქტი, ერთი ნაწილია გათავებული; – “მიწიერია” – დიდი ხნის მოქმედებასა, Aაგრეთვე გაუთავებელსა. ყველა აქ მოყვანილი ფორმები შეადგენს უსრულის სახის ზმნის დროთა, რადგანაც აღნიშნავს მოქმედებასა, რომელიც ან ეხლა სწარმოებს, ან იწარმოებს, ან კიდევ წინედ სწარმოებდა; მაგრამ კი არ ვიცით, დაბოლოვდა, გათავდა, დამთავრდა, თუ არა. თუ გსურთ ზმნას მისცეთ სრული სახე და აღნიშნოთ შესრულებული მოქმედება, თავში მას უნდა ჩაურთოთ რომელიმე შესაბამი თანდებული და მაშინ ყოველი უსრული ზმნის დრო გარდაიქცევა სრულის სახის ზმნის იმავე დროდ, გარდა აწმდგომის დროის და წარსულის უსრულისა, რომელთა ბრუნება ეწინააღმდეგება სრულს სახესა. ამ სახით რომ ზმნას “ვსწერ” თავში ჩავურთოთ თანდებული “და”, მივიღებთ “დავსწერე” (წარსულის სრული სრულის სახისა), “დამიწერია” (წარსული უსრულესი სრულის სახისა), და “დავსწერ” (მომავალი დრო სრულის სახისა). ეს შეხედულება ქართულის ზმნის ფორმებზედ დაადგინეს ღრმად განვითარებულ პირთა, რომელთაც კარგად იცოდნენ და იციან ქართულიც, რუსულიც, ევროპიულნი ენებიც, ძველნი და ახალნი და, ზოგს მათგანს აზიური ენებიც შესწავლილი აქვსთ. ამისთანა პირთ რომ წინააღმდეგობა გაუწიო, ხელში უნდა გქონდეს მთელი რაზმი საბუთებისა, რომელთაც ჯერ შენი თავი უნდა სრულიად დააჯერო და მერმე სხვის დაჯერებას შეუდგე. უსაბუთოდ და უსაფუძვლოდ გალაშქრება კი არას ეგვანება და ყველა გონიერი მკითხველის თვალში სასაცილოდ გაგხდის…

ბატონი ნასიძე უარს ჰყოფს ზემოდ აღნიშნულს წესს ზმნის ფორმებისას და ჰსურს თავისი საკუთარი წესი დაადგინოს. მისი აზრით ქართულს ენას მაჩვენებელს დახრაში აქვს მხოლოდ სამი დრო: აწმდგომი (ვსწერ), წარსული (ვსწერდი) და მომავალი (ვსწერ). ორს დროს რაღა უყო: წარსულსა სრულსა (ვსწერ) და უსრულესსა (მიწერია)? ესენი მან ზმნის ცალკე სახედ გარდააქცია და სხვა რაზმში ჩააყენა. “ვსწერე” უნდა თურმე ჩაითვალოს სრულის სახის ზმნად, “მიწერია” უსრულესის სახის ზმნად. “დავსწერე” რაღა იქმნება? ეგ სრულიად სხვა ზმნა არისო, ბრძანებს ჩვენი ავტორი.

ისეთი უსიამოვნო და ძნელი არაფერია ადამიანისათვის, როგორც გამტყუნება იმისთანა შეცდომისა, რომელსაც ჭეშმარიტებასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ვინმემ რომ სთქვას: ორი და ორი ხუთიაო, ამის გაცრუება ადვილიც არის და არც იმდენად უსიამოვნო. მაგრამ თუ რომელიმე პირი აიჟინებს, რომ ორი და ორი მახოხის შეჭამანდიაო, ამის გამტყუნების მოვალებიდგან კი ღმერთმა გიხსნათ. სამწუხაროდ ჩვენდა, მზგავსი ხიფათი ჩვენ გადაგვკვიდა ბედმა ამ ჟამად.

რა საბუთებზედ აფუძნებს თავის უცნაურს აზრს ბატონი ნასიძე? მის წერილში ჩვენ ვერ ვიპოვეთ ვერც ერთი საბუთი, ვერც ერთი საფუძველი. ეტყობა კი, რომ რუსულის ენის ფორმებს შეუცდენიათ ამ შემთხვევაშიაც, როგორც ბევრს სხვაში. დიახ, ყველა რუსულის ენის მცოდნემ იცის, რომ ამ ენას აქვს მხოლოდ სამი ხსენებული ფორმა ზმნისა: აწმდგომი დრო, წარსული და მომავალი. მაგრამ ეს განა საბუთია? ჩვენის ენის და ევროპულის ენების ღრმა მცოდნე პირებს დიდი ხანია დაუდგენიათ, რომ ჩვენი ზმნის ის ფორმები, რომელზედაც ლაპარაკია, ჩამოსხმულია არა რუსულის კალაპოტზედ, არამედ იმისთანაზედ, რომელიც ამგზავსებს მას ზოგიერთა ევროპულს ენებს, ახლებსა და ძველებსა. ჩვენ ამ პირთ უნდა სრულად ვერწმუნოთ ჯერ იმიტომ, რომ მომეტებული ღონისძიება აქვთ ჩვენზედ ჭეშმარიტების გაგებისა და მერმე იმიტომ, რომ საგრამატიკო ანალიზი ზმნების ფორმების მთლად ემოწმება მათ, კვერს უკრავს.

დავაკვირდეთ შინაგანს მნიშვნელობას საცილობელი ფორმებისას. ავიღოთ მაგალითად ფრაზები: მე წიგნი ვსწერე, მე წიგნი მიწერია. ნუ თუ აქ ზმნანი ნიშნავე იმას, რომ წიგნის წერა გათავებულია? სრულიადაც არა. წინააღმდეგ ამისა, მათში იხატება დაუბოლოებლობა მოქმედებისა. როცა ჩვენ გვინდა გამოვსთქვათ ის აზრი, რომ წიგნის წერა გავათავეთ ან ეხლა, ან დიდი ხანია, მაშინ სხვა ფორმას ვხმარობთ, სახელდობრ ვამბობთ: მე წიგნი დავსწერე, მე წიგნი დამიწერია. აი ნამდვილი ფორმა ზმნის სრული სახისა! რომ “დავსწერე” არის მხოლოდ სრული სახე ზმნისა და არა თვითმყოფელი ზმნა, ეს აშკარად სჩანს იქიდგან, რომ მას არ აქვს აწმდგომი დრო, როგორც ყველა სრული სახის ზმნებსა. მართალია ზმნას “ვსწერ” ჰყავს თავისი მზგავსი თვითმყოფელი ზმნანი: მაგრამ ისინი სრულიად სხვა მნიშვნელობისანი არიან და არც ერთი ფორმა არ აკლიათ მათ. მაგალითად: “ვ ა წ ე რ”.

ავიღოთ მეორე მაგალითი, რომელიც ბატ. ნასიძეს მოჰყავს. მე წიგნი ვიკითხე, მე ეს წიგნი მიკითხნია. ბავშვმაც კი იცის, რომ ამ ფორმებს ზმნისასა მაშინა ვხმარობთ, როდესაც ჩვენი მოქმედება არ დაბოლოვებულა, არ დასრულებულა, თუ გვსურს გამოვხატოთ გათავება წიგნისა ბოლომდის, ჩვენ ვამბობთ: მე ეს წიგნი წავიკითხე, მე ეს წიგნი წამიკითხნია. ბატონი ნასიძე კი ზმნებს: ვიკითხე და მიკითხნია გადაჭრით სთვლის სრულისა და უსრულესის სახის ზმნებად, და ამბობს: წავიკითხე და წამიკითხნია სრულიად სხვა ზმნები არისო. თუ სხვა ზმნებია, არ შეიძლება გვიბრძანოთ, როგორ იქმნება აწ. მდგომი დრო ამ თვით-მყოფელი ზმნებისა?

გადავთარგმნოთ რუსულად საცილობელი ფორმები და ვნახოთ რომელს სახეს ზმნისას შეადგენენ რუსულს ენაზედ: ვსწერ და მიწერია – писал, ვიკითხე და მიკითხნია – читал, Читал, писал არიან უსრული სახის ზმნანი. ქართულ ენაზედაც იმავე ფორმის და მნიშვნელობის ზმნები უნდა უთუოდ იმავე სახის ზმნებად ჩაითვალონ. დავსწერე, დამიწერია – написал, – წავიკითხე, წამიკითხნია – прочитал. Написал, прочитал არიან სრული სახის ზმნანი. მაშასადამე… ერთი მოსაზრება კიდევ: თუ “ვსწერე” და “მიწერია” ზმნის ცალკე სახეს შეადგენენ, მათ უთუოდ უნდა ჰქონდეთ სხვა ფორმაც, სხვა დრონიც, როგორც უწინაც შევნიშნეთ. გარნა მათ არ აბადიათ არც დასაწყისი ფორმა, არც მომავალი, არც წარსული, არც ბრძანებითი დახვრა და არც სხვა ავან-ჩავანი ყოველს გვარს ცვლილებას იგინი მოკლებულნი არიან. მაშასადამე წარმოადგენენ უბრალო დროთა, და ცალკე ზმნის ღირსებას ისე არიან მოკლებულნი, როგორც კაცის ხელი სრულს ადამიანობასა. სამაგიეროდ, ფორმათა: “წავიკითხე”, “დავსწერე” აქვთ დასაბამიცა (წაკითხვა, დაწერა), წარსულიცა, მომავალიცა (წავიკითხავს, დავსწერ) და ბრძანებითი დახვფრაც (წაიკითხე, დასწერე). ხოლო არ აბადიათ, როგორც წინედაც ვსთქვით, აწმდგომი დრო. მაშასადამე შეადგენენ სრულს სახეს ზმნებისას ‘”ვსწერ”, და “ვკითხულობ”…

შესანიშნავია ის ღონისძიება, რომლითაც თავის თავი ბატონ ნასიძეს შეჰყავს შეცდომაში და სხვის შეცდომაც სურს. მას უსრულის სახის ზმნებში (ვიკითხე, ვილაპარაკე, ვსვი) ძალის ძალად მოუქცევია სრული სახის ზმნა (მიველი) და უნდა დაგვაჯეროს, რომ პირველი ზმნები იმავე ჯიშისანი არიან, როგორისაც უკანასკნელი. ეს იმასა ჰგავს, რომ სამს პლუტში ერთი ალალ-მართალი კაცი შენიშნოთ და ამის გამო ეს პლუტებიც პატიოსან გვამებად ჩარიცხოთ. პირველის სამის ზმნის ტოლი არის არა ზმნა “მივედი”, არამედ ‘”ვიარე”. პირველს ზმნებს ჰყავთ სრულიად სხვა ტოლები. ვიკითხე, ვილაპარაკე, ვსვი, ვიარე – რიგი უსრულის სახისა; წავიკითხე, მოვილაპარაკე, შევსვი, ანუ დავლიე, მივედი – რიგი სრულის სახისა. განა ამის შეგნებას დიდი ფიქრი უნდა?

რომ ჩვენს არს მივცეთ უფრო მომეტებული სიაშკარავე, საჭიროდ ვრაცხთ მოვიყვანოთ რამდენიმე ფრაზა, რომელშიაც ნახმარი იქმნება უსრული სახეც ზმნისა და სრულიცა. კამეჩის ხორცი ბევრი ვ ღ ე ჭ ე, მაგრამ ვერ დ ა ვ ღ ე ჭ ე. მიწა მუყაითად ვ ხ ა ნ ი, მაგრამ ვერ მ ო ვ ხ ა ნ ი. ვ ი ა რ ე, ვ ი ა რ ე და მ ი ვ ე დ ი თბილისში. დაბღაჯნილი წერილი ვ ი კ ი თ ხ ე, ვ ი კ ი თ ხ ე და ძლივს წ ა ვ ი კ ი თ ხ ე. სახლი ვაშენე, ვაშენე და ავაშენე. მკვდარი ვიტირე, ვიტირე და გამოვიტირე, და სხვანი.

ერთს ადგილს შეუნიშნავს ბატონ ნასიძეს, რომ მისი საგრამატიკო მოსაზრება ეწინააღმდეგება გამოხატულობას ქართულის ენის იმისთანა მცოდნეთა, როგორიც იყო გრიგოლ ორბელიანი და არის თ. რ. ერისთავი. მის მაგივრად, რომ ეჭვში შესულიყო თავისი აზრის სიმართლეში და ხელმეორედ ჩაკვირვებით, ბეჯითად გაეშინჯა იგი ყოველ მხრივ, მას აჩქარებით და გულადად გადაუბრალებია ჩვენი წარჩინებული პოეტებისათვის კოჭლობა ქართულში და უგვანო რუსიციზმებად ჩაუთვლია შემდეგი მათი წმინდა ქართული ფრაზები: “ჩიტმა დაიწყო მღერა”, “გიგლამ დაიწყო წერა”, “ფშვინვა დაიწყეს ყვავილთა”. ახლა ჩვენ რომ ვკითხოთ კრიტიკოსსა, წმინდა ქართულად როგორღა ითქმის ეს ფრაზებიო, ხომ იძულებული შეიქმნება გაჩუმდეს და ვერაფერი გვიგოს. მართალია, ზოგს ჩვენს ზმნას აქვს დასაწყისი ფორმა; მაგალითად: ატირდა, აწვიმდა; მაგრამ ამგვარი ზმნები ცოტაა და თითქმის ყველა შემთხვევაში ჩვენ დასაწყისს მოქმედებისას ვხატავთ წარსული დროით და სახელ ზმნით: “დაიწყო ლაპარაკი და აღარ გაათავა, აუტყდა სიცილი და ვეღარ შეიკავა, ჯარმა იწყო ომი” და სხვანი. როდესაც ამ გვარს ტყუილს რუსიციზმებს ვინმე უცხადებს ომსა, უნებლიედ გაგონდება ქართული ანდაზა: ფაფით გაფუფქული დოს უბერავდაო.

ვისაც სხვის დაჯერება უნდა რომელსამე აზრში, ჯერედ თავის თავი უნდა მტკიცედ დააჯეროს. ბატონ ნასიძეს ჯერ თავისი თვისათვის არ აუხსნია, არ გაურკვევია მტკიცედ გრამატიკული საგნები და საქვეყნოდ კი მათზედ სჯის გადაჭრით, კატეგორიულად. კიდეც ამიტომ ვხედავთ, რომ იგი არ ერთხელ ეწინააღმდეგება თავის თავსა. მაგალითად, იგი ჯერ აღვიარებს სრულ სახედ ფორმას “დავსწერე”, მერმე კი ფორმას “ვსწერე” რაცხს იმავე სრულ სახედ; ჯერ ამბობს, რომ “მომავალი დრო არა აქვს ნამდვილს უსრულს სახის ზმნას პ ი რ ვ ე ლ ი ს უ ღ ვ ლ ი ლ ე ბ ი ს ა ს ა”, შემდეგ კი რამდენიმე სტრიქონის ქვემოთ ვკითხულობთ: “მომავალი დრო ქართულში აქვს მხოლოდ სრულის სახის ზმნასა”.

მკითხველი ხედავს, რომ ბატონმა ნასიძმე არამცთუ ნათელი ვერ მოჰფინა ვერც ერთს მხარეს მისგან განხილულის ორი საგრამატიკო საგნისას, არამედ ისიც კი ნისლით შემოსა, დააბნელა, რაც სხვებისაგან განხილული, განათლებული და მტკიცედ დადგენილი იყო.

მაგრამ ჩვენ ძლიერ შემცდარი ვიქმნებით, თუ აქ უკუღმართს მსჯელობას მივაწერთ ავტორის უნიჭობას, უმეცრებას და მტკნარს უვარგისობას. ბატონს ნასიძეს მეტ-ნაკლებობით ნიჭიც აქვს, გახსნილობაც, საზოგადო სიკეთისათვისაც გული შესტკივა, როგორც ბევრს ახალის დროის ინსტიტუტებლებსა (უწინდელის დროის ინსტიტუტელებში წაღმართი მიმართულების მექონენი ნაკლებად იყვნენ). მაგრამ ერთი ნაკლულოვანება სრულიად უცრის მას ხელსა. იგი აჩქარებით, წინდაუხედელად უარ ჰყოფს სხვის ნააზრს, ნაფიქრალს და ნაწარმოებსაც და ამავე წინადაუხედელობით და აჩქარებით ჭეშმარითად აღიარებს ყველა აზრს, რომელიც კი მას გონებაში გაურბენს, შემთხვევით დაებადება. ბატონი ნასიძე, რომ ხნიერი ადამიანი იყოს, ეს ნაკლულოვანება მომაკვდინებელი იქმნებოდა. მაგრამ ჯერედ, ვგონებთ, არ გადასცდენია იმ ხანს, რომლიდგანაც ალექსანდრე მაკედონელმა იწყო აზიის დაპყრობა, და ამიტომ დასხელებული ნაკლულოვანების მოშორება ადვილად შეუძლიან. საჭიროა მხოლოდ წადილი, მტკიცე სურვილი, წვრილმანი თავმოყვარეობისაგან განკურნება.

რაც შეეხება კერძოდ მის გრამატიკასა, ჯერედ იგი, როგორც ეტყობა, უნდა იყოს ძლიერ მკუხე და საშინლად კბილს მოსჭრის დიდსაც და პატარასაცა. მაგრამ თუ ავტორი ერთს-ორს წელიწადს კიდევ ერთგულად იშრომებს მასზედ, თუ ამ ძნელს საქმეში დაიხმარებს უცხო ენების რომელსამე მცოდნე პირსა, ეჭვი არ არის იგი მიიყვანს ჯეროვანს სისრულემდის თავის შრომას და ნამდვილს შემატებას შეჰსძღვნის ჩვენ პედაგოგიურს ლიტერატურასა…

დასასრულ არ შეგვიძლია არ გამოვაცხადოთ ჩვენი ნატვრა, რომელიც, ვგონებ, საყოველთაო ნატვრაც არის, რომ ჩვენმა ღრმად განვითარებულმა გრამატიკოსებმა ბატონმა დიმიტრი ივანეს-ძემ ყიფიანმა და პროფესორმა ჩუბინაშვილმა, მალე გვაღირსონ თავიანთი ახალნი ნაწარმოებნი – პირველმა მეორე ნაწილი თავის გრამატიკისა და მეორემ ვრცელი გრამატიკა ქრთულის ენისა. ეს ორივე შრომა კაი ხანია აღთქმული აქვს საზოგადოებას და მოუთმენლად მოელის, რადგანაც ყველას კარგად ესმის, რომ ამ გვარი პირების შეცდომანიც კი სასარგებლონი და ჭკუის მასწავლებელნი არიან, არამც თუ მართალნი აზრები.

ჩვენში ბევრს თითქმის შეუძლებლად მიგვაჩნია, რიგიანი სასკოლო, პედაგოგიური გრამატიკის შედგენა, ვიდრე ბატონი ყიფიანი და ჩუბინაშვილი არ მოჰფენენ ნათლს ბევრს საგრამატიკო საგანს, რომელიც ახლა სიბნელით არის მოცული.

P.S. ეს წერილი დამზადებული იყო და უცდიდა დაბეჭდვის რიგს, როდესაც ჩვენ წავიკითხეთ “ი ვ ე რ ი ა შ ი” ბატონი ნასიძის პასუხი ჩვენს პირველს საგრამატიკო შენიშვნაზედ. ჩვენი წერილი, როგორც მკითხველმა უწყის, იყო ობიექტური, საგნობრივი და ბატ. ნასიძის პიროვნებას იოტის ოდენადაც არ შეეხებოდა და არც მიზეზი და წადილი გვქონდა შევხებოდით. “სცდება”, “დავიწყებია” – აი ორი სრულიად უწყინარი სიტყვა, რომელიც ჩვენ ვიხმარევით და რომელიც იხმარება ფრიად თავაზიანს ბაასში. ჩვენ ჩვენი მობაასე მხრივაც ამ გვარსავე პასუხს მოველოდით. მაგრამ ძლიერ მოვსტყუვდით. ბატონი ნასიძის პასუხს აზის ბეჭედი თავდაუჭერელ პიროვანი სიბრაზისა და იგი ნაცვლად საგნის მშვიდობინად და დალაგებით გამოკვლევისა, უფრო იმას ცდილობს, რომ ჩვენ გვაწყენინოს და მკითხველის თვალში როგორმე დაგვამციროს. რასაკვირველია, ამ მიზანს იგი ვერ ეწევა და, პირიქით, საკუთარს თავს იმცირებს, სახელს იტეხს, საქმეს სრულიად იფუჭებს. რად ჯავრობს და რად გვირისხდბა ჩვენი ახალი გრამატიკოსი? იმიტომ, რომ ჰგრძნობს თავის სიმტყუნეს და ჩვენს სიმართლეს და თავის მოყვარეობა კი ნებას არ აძლევს გულწრფელად აღიაროს თავისი შეცდომანი. იგი იძულებული შეიქმნა ნახევრობით გამტყუნებული ჩაეთვალა თავისი თავი, და კრინტიც აღარ დასძრა, მაგალითად, შესახებ ფორმისა “მეზობლისას”. მართალია, ჩვენთან მოსაზრებათა მეორე ნახევრის შესახებ იგი ჭინჭყლობს, ფაფხურობს – ჩანჩხვარ-მანჩხვარს ავლებს ხელსა, წამდაუწუმ ხავსს ეჭიდება და ცდილობს თავისი თავი გაამხნეოს ამ გვარი ასამაღლებლებითა: “ეს ჭეშმარიტზედ უჭეშმარიტესია”, “ცხადზედ უცხადესია”; მაგრამ კარგად გრძნობს და თავის წერილშიაც ორგან წამოსცდა, რომ გონიერი და მცოდნე მკითხველების თვალში მისი საგრამატიკო მოსაზრებანი წყალმა და მეწყერმა წაიღო, და თუ ზოგიერთი უმეცარი პირნი ყოყმანობს, მალე ესენიც ქარს მისცემენ მათ.

როგორც მკითხველს მოეხსენება, ჩვენს საგრამატიკო შენიშვნაში არ ვეთანხმებით არა მარტო ნასიძეს, არამედ სხვა უფრო მაღალი ხარისხის გრამატიკოსებსაც. ჩვენს ბედად, ესენი სხვა ჯურის გვამნი ბრძანდებიან, თორემ თუ ბატ. ნასიძეს ჰგვანებოდნენ და მისებური მრისხანე ომი აეტეხათ ჩვენთვის, თქვენ მტერს მიადგეს ის განსაცდელი, რაც ჩვენ თავზედ დაგვატყდებოდა. ჩვენ სწორედ იმ ჯოჯოხეთში ჩავარდებოდით, რომელშიაც იტანჯება ანჩისხატელის პაატა, რომელსაც ოთხმა მაიორმა ლამის სული ამოართვეს.

ჩვენც მოუცდით ამ წერილის პასუხს და ორივე ვალს ერთად გადავიხდით. ეს იმიტომ, რომ ხშირი საგრამატიკო საუბრებით მკითხველს თავი არ შევაწყინოთ და არც “ივერიის” რედაქციის თავაზიანობა მოვიხმაროთ ბოროტად. მხოლოდ ვთხოვთ ბატ. ნასიძეს ახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს უფლება იმდენივე წერილები ვუძღვნათ მას, რამდენ პასუხებსაც იგი სწერს და ამ უფლებას ჩვენ სრულად მოვიხმართ, თუ საჭიროდ დავინახავთ. იქნებ ამ გაფრთხილებამ მაინც შეამცირებინოს მეორე პასუხში ბზე და ღვარძლი, რომელიც მას არ დაუშურებია თავის უკანასკნელ წერილში.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button