ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – შენიშვნა ერთი გვარის სიხარბეზე

გაჭირდა ცხოვრება და გახშირდა ექსპლოატაციაც. ამ ექსპლოატაციის საგნად, სხვათა შორის, გახდა თურმე პირველი ნაწილი ჩვენის დედა-ენისა”. როგორც მოგეხსენებათ, ეს წიგნაკი ღირს ორ-შაურად. მაგრამ ზოგი წინგის მაღაზია აკეთებინებს თურმე ყდაში და ჰყიდის აბაზად და ხუთ შაურად. ყველასათვის კი წინ გაუსწვრიათ ამ სიხარბეში თელავის წიგნის მაღაზიებს. ესენი თურმე წიგნაკში ახდევინებენ ხუთს შაურს. ჩვენ ანბანი გამოვაცალკევეთ და ფასად ორი შაური დავნიშნეთ იმ განზრახვით, რომ თვით უღარიბეს ქართველისათვის გაგვეადვილებინა დაწყება და შეთვისება ქართული წერა-კითხვისა. ზოგიერთ მაღაზიების სიხარბე წინ ეღობება ამ განზრახვას. ეს სიხარბე უძნელებს წიგნაკის შეძენას მოსახლეობას და სკოლასაც-კი. თელავიდან ჩამოსულმა კაცმა “წერა-კითხვის საზოგადოებაი” განაცხადა: ამას წინად სოფლებიდან ჩამოვიდნენ მასწავლებელნი, რომელთათვის მშობლებს გამოეტანებინათ ორ-ორი შაური “დედა-ენის” სასყიდლად; მაგრამ უკან უწიგნო დაბრუნდნენ, რადგან ხუთ შაურზე ნაკლებ არც ერთმა მაღაზიამ წიგნაკი არ დაუთმო.

“წერა-კითხვის საზოგადოება” წიგნაკზე უთმობს 20 პროცენტს. ყოველი მაღაზია წელიწადში გაჰყიდის ხუთ-ექვს პარტიას. მაშასადამე, მანეთზე მანეთს მოიგებს, ეს მოგება კი აღებ მიცემაში მაქსიმუმად ირიცება. ზოგს ჩვენებურ წიგნაკის გამყიდველს კი სურს ეგ მაქსიმუმი ხუთჯერ გაადიდოს. მართალია, სხვა წიგნებში ცოტას იგებენ, მაგრამ “დედა-ენისა” რა ბრალია!..

აღნიშნული საქციელი მით უფრო გასაკიცხია, რომ პირველს ნაწილს “დედა-ენისას” სრულიადაც არ ესაჭიროება ყრდა, იგი დაბეჭდილია საკმაოდ სქელსა და მაგარს ქაღალდზედ, ფერადი კანიც სქელია და თვით ფურცლებიც მიწებებული კი არ არის, შეკრულია მაგრად მავთულებით. ამის გამო ეს წიგნაკი ბავშვის ხელში ადვილად გასძლებს ორს სამს თვესა, და ამ ხნის განმავლობაში იგი კიდეც გაათავებს მას.

თუ პირველს ნაწილს “დედა-ენისას” ყდა ეჭირვებოდა, “წერა-კითხვის” გამგეობა თვითონ დაკაზმავდა; მაგრამ არ დაკაზმა, რადგან ეს მეტ ხარჯს მოახვევდა მკითხველებსა…

რათა ეს ექსპლოატაცია თავიდან აიშორონ სკოლებმა და მშობლებმა, უნდა მაღაზიას მოსთხოვონ ხოლმე უყდო წიგნაკი და ყდიანი კი არ იყიდონ. ვინიცობაა სადმე თელაველმა ტაქტიკამ იჩინოს თავი, სკოლებმა და მშობლებმა პირდაპირ “წერა-კითხვის” მაღაზიიდან დაიბარონ წიგნი საერთოდ. სრულიად სხვა უნდა ითქვას დაკაზმვის შესახებ “დედა-ენის” მეორე ნაწილზე. მოზრდილი წიგნია, ორის წლის კურსს იპყრობს და მისი უყდოდ ხმარება საზარალოა. ამიტომ “წერა-კითხვის საზოგადოების” გამგეობა მთელს გამოცემას ჰკაზმავს და უყდოდ არ ჰყიდის, და არც არავინ ითხოვს.

კარგი იქნბოდა, რასაკვირველია, რომ “დედა-ენის” განახლების და ორ წიგნად გაყოფის შემდეგ წინანდელი ფასი დარჩენილიყო მოუმატებლად, მაგრამეს შეუძლებელად გახადა ორმა გარემოებამ. პირველად, “დედა-ენა” გადიდდა, წინად იპყრობდა 240 გვერდს, ახლა უჭირავს 296 გვერდი, მეორედ, წიგნის ბეჭდვა ამ წლის განმავლობაში სწორედ ერთი ორად გაძვირდა.

განახლებული გამოცემა “დედა-ენისა” თუმცა ორი შაურით ძვირია წინანდელზე, მაგრამ ეს ფასი მაინც მინიმუმად უნდა ჩაითვალოს აწინდელს პირობებში. შედარება ამას ყველასათვის ცხადს ჰყოფს. უშინსკის “Родное слово” პირველი ნაწილი იპყრობს 110 გვერდს, უფრო მომცროსია, ვიდრე “დედა-ენის” ფორმატია, და ყდიანად ღირს ორ-აბაზად. მეორე ნაწილს “Родное слово”-სას უჭირავს 192 გვერდი და ყდიანად ღირს ათ შაურად.

ერთი პატარა შენიშვნაც: მოგეხსენებათ, რომ უმადო ადამიანს მადაზე მოიყვანენ ხოლმე პატარა გემრიელი საუზმით, რომლის შემდეგ ეს ადამიანი სადილს შეუდგება ხოლმე ხალისიანად. ზღვასიაც დიდს ხომალდებს წინ გაუძღოლებენ ხოლმე პატარა ნაღმიანს ნავსა “მინონოსკასა”. აი ამ საუზმისა და პატარა მოწინავე ნავსი სამსახური უნდა გაუწიოს ჩვენს “დედა-ენის” პირველმა ნაწილმა და გაუწიოს პატარას და დიდსა, ქალსა და კაცსა, სახლობასა და სკოლაში. მაგრამ გაუწევს კი? რა მოგახსენოთ, ფაქტი-კი გვაუწყებს. ხსენებული წიგნი გამოვიდა სამის თვის წინ, წარსულს აგვისტოს, რიცხვით თხუთმეტი ათასი ცალი. დღეს მის გამომცემელს, “წერა-კითხვის საზოგადოებას”, გასაყიდად აღარ მოეპოვება აღარც ერთი ცალი, თუმცა ერთი სამად გაძვირება მისი ზოგიერთის წიგნის მაღაზიებისაგან მის გავრცელებას მეტნაკლებობით აბრკოლებდა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button