ივან ბუნინი – მედდა
სმოლენსკის გზა. გრძელი დერეფანი და გამოღებული განყოფილებები პირველი კლასის ვაგონისა. კაკლის ხის ბზინვა და გადაკრული მეწამული ხავერდის კრიალი სრულ შეუსაბამობაშია ჯარისკაცებთან, ვაგონი რომ გაუვსიათ: ირგვლივ მოჩანან ყავარჯენთა საყრდნობები აწურულ მხრებქვეშ გაჩრილი, რუხი ხალათები, მარლით ახვეული თავები, წინ
გამომდგარი, სქელი თეთრი ნაჭრებით შეფუთნილი ფეხები… ეწევიან თურქულ თუთუნს, შეექცევიან კანფეტს, თავაზიანად საუბრობენ, თან ტკბებიანო თითქოს თავიანთი უჩვეულო მდგომარეობით.
კითხულობს ქალი, ღიმილით:
— აბა, როგორაა საქმე, მერკულოვ?
ჯარისკაცი თავაზიანად იწევა ყავარჯნებზე, დუნედ ჩამოუშვია და წინ გამოუშვერია ცალი ტერფი, დაშაქრული ხმით ურცხვად ცრუობს:
— ეჰ, რას იზამ, დაიკო, უნდა მოითმინო… ყველამ თავისი მსხვერპლი უნდა გაიღოს… ისევ თქვენ გმადლობთ…
ქალი ხან მას ესაუბრება, ხან სხვას, მერე დერეფანში სარკმელთან დგება. ვაგონი რბილად ირწევა, მიჰქრის. ის გასცქერის სარკმელს მიღმა გაელვებული ნაძვების ბნელ თათებს, ხის ბოძებს, წრიულად რომ იჭრებიან ტყის სიღრმეში, თან რაღაცას ძლივსგასაგონად ღიღინებს.
თეთრი თავსაფარი. ტყავის რბილი ქურთუკი, ტიკის ქსოვილის თხელი ქვედაბოლო; იდუმალ, ცოდვის მომასწავებლად კვესავენ წმინდანისდარი შავი თვალები…