ლიტერატურამოთხრობა

ივან ბუნინი – ხბოს თავუკა

ბიჭუნა, ასე ხუთიოდე წლისა, ჭორფლიანი, მატროსულაში გამოწყობილი დგას საყასბოსთან მონუსხულის სიწყნარით: მამა წავიდა საფოსტო სამსახურში, დედა კი ბაზრობაზე და ისიც თან წაიყვანა.

— ჩვენ გვექნება ხბოს თავუკა ოხრახუშით, — უთხრა დედამ, და მას თვალწინ წარმოუდგა რაღაც პაწაწინა, საყვარელი, ხასხასა მწვანილით შეკმაზული ლამაზად.

და აი, ახლა დგას და ხედავს, ყოველი მხრიდან გარს არტყია რაღაცა ბუმბერაზი, წითელი, რკინის ჟანგიან კაუჭებზე ჩამოკიდებული ლამის იატაკამდე, მოკლე, მოჩეხილი ფეხებით და ჭერს მიწვდენილი უთავო კისრებით. ეს უშველებელი არსებანი მის წინ ქანაობენ გაფატრული, ჩამოგრძელებული, ცარიელი, ქონის მარგალიტისდარ ზოდებში მცურავი
ფაშვებით, მათ მხრებზე და თეძოებზე კი ბრწყინავს გამშრალ გათქვირებული ხორცის თხელი აპკი. თუმცა, გაოგნებული ბიჭი მხოლოდ თავს უყურებს, რომელიც პირდაპირ მის წინ დევს მარმარილოს სადგამზე. დედაც უყურებს და ცხარედ ეკამათება ფარდულის პატრონს, ასევე ბუმბერაზს და ჩათქვირებულს, წელზე რომ უხეში თეთრი წინსაფარი შეუბამს, ჟანგით საზიზღრად მოთხვრილი, და მოშვებული ქამარი შემოუკვრია ღიპს ქვემოთ, მსხვილი გაქონილი სადანეებით. დედა მას ეკამათება სწორედ იმაზე, — ხბოს თავზე, — და მეპატრონე ბრაზიანად გაჰყვირის რაღაცას, თან კოტიტა თითს ადებს თავს. მასზე ცხარობენ, ის კი უძრავად დევს, არ ერევა. მისი ხარის შუბლი სწორია და მშვიდი, დაბინდულ-ცისფერი თვალები სანახევროდ დახუჭული აქვს, დიდრონი წამწამები საძილედ დაშვებული, ნესტოები და ტუჩები კი ისე გაბერილი, რომ მოთავხედო, უკმაყოფილო იერს აძლევენ… ის მთლად სალუქია, რუხ-ხორცისფერი და რეზინივით მკვრივი…

ბოლოს მეპატრონემ ნაჯახის ერთი საშინელი დარტყმით თავი ორ ნაწილად გააპო და ერთი ნახევარი, — ცალი ყურით, ცალი თვალით და ცალი მსხვილი ნესტოთი, — დედისაკენ მიაგდო ბამბისმაგვარ ქაღალდზე.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button