ლიტერატურამოთხრობა

ივან ბუნინი – წითელი ფარნები

თბილი, შეხუთული საღამო დგებოდა., ეკლესიებში ზარებს რეკდნენ, ხის ძველ ხიდზე, გადამშრალ პატარა მდინარეზე რომ იყო გადებული, საყვირების ხმებით და ბაკა-ბუკით მიიჩქაროდნენ ეტლები — სადგურისაკენ, საღამოს მატარებელზე. მეორე კლასელი გიმნაზისტი ბოლომდე არ მისულიყო ხიდთან, რომ შემობრუნდა და ჩაუყვა ვიწრო, უსწორმასწორო სანაპიროზე ჩამწკრივებულ სახლებს. ეს სახლები იყო რაღაც განსაკუთრებული, არაჩვეულებრივი, ძრწოლის მომგვრელი: მათ პარმაღებს დაჰყურებდნენ დიდი წითელი ფარნები და გიმნაზისტმა უკვე იცოდა, რას ნიშნავდა ეს. იგი შეჩერდა ერთ-ერთი მათგანის გასწვრივ, ხის მოაჯირებთან, მდინარის ხეობის თავზე და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ცელქობდა, ონავრობდა უსაქმური: ხან აძვრებოდა მოაჯირზე, ხან ჩამოვიდოდა ისევ, მაგრამ სულ სახლს უყურებდა და აყურადებდა.

ოჰ, როგორი საინტერესო იყო ყველაფერი!

დაბლა, ნახევრადსარდაფისებურ სართულზე გამოღებულ ფანჯარასთან იჯდა ჟღალულვაშა უნტერ-ოფიცერი, — რომელიც მხოლოდ წელამდე მოჩანდა, — უმუნდიროდ, ჭრელი ჩითის პერანგის ამარა. იგი ჩექმას აკერებდა, შიგ უყრიდა და ჭიმავდა გასანთლულ ძაფს, თან ხმამაღლა ამბობდა:

— შენ აქ რას ღრეობ, რას თავხედობ? როგორც კი სტუმრები მომივლენ, შენ რა ცხვირს ჰყოფ არასაშენო კამპანიაში, უზრდელო?

და ვიღაც ქალმა მკვეთრი, საზიზღარი ხმით უპასუხა მას ოთახის სიღრმიდან:

— სტყუი! ისევ სტყუი! მე არც გამოვსულვარ, ჩაის ვსვამდი ზღურბლს იქით!

ხოლო სახლის პარმაღზე იდგა მაგიდა, ლუდის მუქი ბოთლებით გაწყობილი და მაგიდასთან ისხდნენ: ჟილეტში ჩაცმული ზორბა, წვეროსანი მამაკაცი და წითელკოფთიანი ქალიშვილი. მას მომხიბვლელი, გაშიშვლებული მკლავები მაგიდაზე დაეწყო, რაღაცაზე სწრაფად ლაპარაკობდა და გამომწვევად იცინოდა. უცებ მამაკაცი, რომელიც აქამდე
პირქუშად და ჯიუტად დუმდა, ადგილიდან წამოხტა, ბოთლები მიყარ-მოყარა და გოგონას ნაწნავში ხელი ჩაავლო. მეორე გოგო, ლიმონისფერ აბრეშუმის ხალათში, რომელიც პარმაღთან ფანჯრის ქვეშ იჯდა და მზესუმზირას აკნატუნებდა, ყვირილით გამოჩნდა ზღურბლზე, მივარდა მამაკაცს და თავში მუშტები დაუშინა. მერე ხელი მოჰკიდა მას ხშირ მუქ თმაში და მაგიდაზე გადაათრია. კაცმა თავი გამოსტაცა, საჯდომით სკამს დაენარცხა, ხელები მაღლა ასწია და უჩვეულოდ მშვიდი ხმით წარმოთქვა:

— ჰო, ჰო, კარგი, კარგი! ყველაფერს გადავიხდი…

ხოლო მესამე გოგო, ცხვირპაჭუა და ფართოსახიანი, რომელსაც ცისფერი ქვედაბოლო ეცვა, ტროტუარზე წინ და უკან მიმოდიოდა ქვედაბოლოს წარმტაცი შრიალით და დაფიქრებული ნაზად რაღაცას ღიღინებდა. მის წინ დარბოდა პატარა ბეწვხშირი ფინია.

დახლიდარს, რომელიც გოგოსკენ მოდიოდა და რომელიც ფრიად მოიხიბლა მისი ქვედატანით და მსუბუქ ფეხსაცმელებში წაყოფილი შიშველი ფეხებით, აზრად მოუვიდა შეხუმრებოდა და ლაღად ჰკითხა:

— მაძლევთ ნებას ამ ძაღლთან ერთად განყოფილებაში წაგიყვანოთ ასეთი გამოსეირნებებისათვის?

გოგომ ამაყად ჩაუარა გვერდზე და ნესტოების ბერვით მოუჭრა:

— წინ იყურე, თვითონ არ წაგიყვანონ ამგვარი სულელი!

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button