ერთხელ კალიდონიის მეფემ ოინევიმ ღმერთებს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა. თითოეული ღმერთის საკურთხეველზე იკმეოდა მიწის ის ნაყოფი, რომლის მფარველად ესა თუ ის ღმერთი იყო ქვეყნად მოვლენილი. დემეტრეს, ბახუსის, ათენას და სხვა ღმერთების საკურთხევლები უხვად იყო შემკული მიწის ნაირნაირი ნაყოფიერებით: ღვინით, ზეთისხილით და ათასი სხვა ხილეულობით. მსხვერპლის შეუწირავად დარჩა მხოლოდ ქალღმერთ არტემიდეს საკურთხეველი. არტემიდე ამგვარი უპატივცემლობით მეტად შეურაცხყოფილი დარჩა. ქალღმერთი ძლიერ განრისხდა და მეფე ოინევისათვის რომ სამაგიერო გადაეხადა, კალიდონიის სამეფოს მეტად სშინელი გარეული ღორი მოუვლინა. მთელი სამეფო გარეული ღორის შიშით ძრწოდა. უზარმაზარი ხარის ტოლი ტანის, ცეცხლისმფრქვევი ჩასისხლებული თვალები, ისარივით გრძელი და მაგარი ჯაგრისა და ყურებამდე მოღერებული ეშვების მქონე გარეული ღორი მეტად საშიშარი იყო. ღორის ერთი ამოსუნთქვით ამწვანებული ბალახი, კალიდონიის მინდვრებზე ერთიანად იბუგებოდა, ხეების მაღალ ტოტებზე ფოთლები ხმებოდა და ძირს ცვიოდა. გარეული ღირი დიდად აზარალებდა კალიდონიის მთელ სამეფოს. ჯეჯილები, ყანები, ბაღები, ვენახები ერთიანად აოხრებული იყო ამ საშინელი მხეცისაგან. ეშვის ერთი მოქნევით გარეული ღორი ძირიან–ფესვიანად თხრიდა მიწიდან ზეთისხილის უზარმაზარ ხეებს და ბაღის სხვა სასარგებლო ხეხილს. კალიდონიის მწყემსები გარეული ღირის შიშით იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ საძოვარი მინდვრები და თავშესაფარი ეძებნათ ქალაქების გალავნის შიგნით. სამეფოს მკვიდრნი თავის ქონებას უზრუნველად ვერა თვლიდნენ და არ იცოდნენ ხვალინდელი დღე რას მოუტანდათ. ამ საშინელი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ოინევის მემკვიდრემ, მელეაგრამ, კალიდონიაში მოიწვია მთელი ელადის რჩეული, მამაცი მონადირეები სამეფოს საშიშარი მტრის წინააღმდეგ გასალაშქრებლად. ელადის სხვადასხვა კუთხიდან კალიდონიაში მოიყარეს თავი რჩეულმა მონადირეებმა. ამ სახელგანთქმულ მონადირეებს შორის მელეაგრეს არკადიიდან ესტუმრა მზეთუნახავი, ლამაზთა ულამაზესი ქალწული ქალი ატლანტაც. ცხრა დღის განმავლობაში მელეაგრე დიდის გულუხვობით უმასპინძლდებოდა სტუმრებს, ხოლო მეათე დღეს კი მთელმა შეიარაღებულმა მონადირეთა რაზმმა სტუმარ–მასპინძლებისა გაილაშქრა სამეფოს მტრის წინააღმდეგ. მონადირეები მივიდნენ კალიდონიის ერთ დაბურულ ტყეში, საცა თვალუწვდენელი ხეების ტანზე მკვიდრთა ცულს ჯერ ერთხელაც არ გაეხმაურა. მონადირეებმა მოხერხებულ ადგილებზე დააგეს ხაფანგები და შემდეგ შეუდგნენ გზაწვრილებისა და ტყის სხვადასხვა ბილიკების გამაგრებას. მონადირეები მოუთმენლად მოელოდნენ საშიშარი მხეცის თავშესაფარიდან გამოგდებას და მასთან სამკვდრო–სასიცოცხლოდ შებრძოლებას. სულ მოკლე ხნის განმავლობაში მონადირეები მიადგნენ ისლითა და ლერწმის ხეებით დაფარულ დაბლობს, საიდანაც უეცრივ ელვის სისწრაფით გამოიჭრა გარეული ღორი. მონადირეებმა ხმა მისცეს საშიშარ მხეცს და ერთბაშად დაუმიზნეს თავისი ბასრი მშვილდ–ისრები. მხეცი სრულიადაც არ შედრკა, მეხივით მძლავრად მიქროლავდა და თავისი ბასრი ეშვებით შეუბრალებლად ანაკუწებდა თავდავიწყებით მიმდევარ ძაღლებს. მონადირეებმა ამ დროს დაუშინეს მშვილდ–ისრები, მაგრამ ვერც ერთმა ისარმა ვერა დააკლო რა გარეული ღორის მაგარი ჯაგრით შემოსილ ტყავს. მონადირეები მაინც არ ეშვებოდნენ გარეულ ღორს. მათმა თავგასულობამ მხეცი მეტად გაააფთრა, იგი უეცრივ შემოტრიალდა და ტყვიასავით ეკვეთა მონადირეებს. სამი მონადირე თვალის დახამხამებაზე შეუბრალებლად გაგმირა და ის იყო მეოთხეც უნდა ემსხვერპლა, რომ ამ უკანასკნელს თავი არ შეეფარებინა მახლობელ მაღალ მუხაზე. ამ საშინელი ბრძოლის ადგილას მოგროვდნენ დანარჩენი მონადირეებიც და მათ შორის მონადირე ქალი ატლანტაც. მონადირეები თავდავიწყებით ებრძოდნენ მთლად გამხეცებულ გარეულ ღორს, მაგრამ მათი მშვილდ–ისრები ვერას აკლებდნენ კალიდონიის გამძვინვარებულ საშინელ მტერს. გარეული ღორი თავისი საშინელი ბასრი ეშვებით კაფავდა ელადის მონადირეთა რჩეულ რაზმს. გმინვა, ვაება, წუხილი და განწირულება, ერთიმეორესთან შეერთებული, ბრძოლის ველს მეტად საზარელ სურათს ჰფენდა. ამ დროს ქალწულმა ატლანტამ მოიმარჯვა მშვილდ–ისარი და დაუმიზნა გამხეცებულ მტერს. ატლანტას მიერ მარჯვედ ნატყორცმა ისარმა ყურის ძირში დაჭრა გამხეცებული მტერი. ეს იყო გარეული ღორის პირველი ჭრილობა, საიდანაც სისხლი ნაკადულივით გადმოჩქეფდა და ღორის გამაგრებულ ჯაგარს სისხლის გუბეში ხვევდა. ღორის ჭრილობა ყველაზე უწინ მელეაგრემ შენიშნა და საჯაროდ გამოუცხადა ატლანტას: „დიდებულო მონადირე ქალწულო ქალო, ჭეშმარიტად, ეს ბრწყინვალე გამარჯვება შენ უნდა გეკუთვნოდეს“. ელადის გამოჩენილი მონადირეები სირცხვილისაგან იწვოდნენ რომ მტერზე გამარჯვების პირველობა ამ შესანიშნავ და საზარელ ბრძოლაში სხვას რჩებოდა, და ისიც უცხო ქვეყნის ქალს. ამ სიტყვებთან ერთად მელეაგრე კვალდაკვალ გამოუდგა დაჭრილ გარეულ ღორს. მელეაგრეს ბასრმა ისარმა გზადაგზა კიდევ რამდენსამე ადგილას დაჭრა სამეფოს დაუძინებელი მტერი და ერთი უკანასკნელად მძლავრად ნატყორცნი ისრის შემდეგ მხეცი უსულოდ დაეცა მიწაზე. მონადირეების სიხარულს საზრვარი არ ჰქონდა. ყველანი გამარჯვებას ულოცავდნენ მელეაგრეს. კალიდონიის ტახტის მემკვიდრემ დაუყოვნებლივ გააძრო ტყავი გარეულ ღორს, მიართვა იგი ატლანტას და თან დასძინა: „ინებე, არკადიის ქალწულო, ეს ჩემი კუთვნილი ნანადირევი. ჭეშმარიტად, რომ შენ სავსებით ღირსი ხარ გაიზიარო მტერზე ჩემი გამარჯვება“. თავმომწონე ატლანტამ დიდის სიხარულით ჩამოართვა მელაეგრეს ძვირფასი საჩუქარი. მონადირეებს არ მოეწონათ მელეაგრეს ამგვარი საქციელი. მელეაგრეს დედით ბიძებმა, პლექსიპმა და ტოქსეიმ, ბრაზმორეულად შეჰყვირეს ატლანტას: „დაუყოვნებლივ დასტოვე ნანადირევი, ნუ ითვისებ იმას, რაც ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს! კარგად იცოდე, რომ არ გიშველის არც შენი სილამაზე და არც მელეაგრეს გამოსარჩლება!“ მელეაგრემ ვერ მოითმინა ბიძების ასთი თავგასულობა და ორთავენი იქვე ბასრი ხმლით სასიკვდილოდ დაჭრა. საშინელ მტერზე გამარჯვებით გახარებული მელეაგრეს დედა, ალთეა, ტაძარში მიდიოდა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირავად. სწორედ ამ დროს ალთეას წინ ჩამოატარეს პლექსიპისა და ტოქსეის გაცივებული გვამები. ძმების ასე შეუბრალებელმა სიკვდილმა საბრალო დედას თავზარი დასცა. ალთეას მწუხარება ერთიორად გაორკეცდა, როცა უამბეს, რომ პლექსიპი და ტოქსეი სასიკვდილოდ დაჭრილ იქმნენ მისი ღვიძლი შვილის მელეაგრეს ბასრი ხმლით. ალთეას მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, იგი იტანჯებოდა როგორც დედა, იგი იტანჯებოდა, როგორც უდროოდ დაკარგული ძმების განუსაზღვრელად მოსიყვარულე და. დიდი ფიქრისა და ტანჯვის შემდეგ, მწუხარებით თავზარდაცემულმა ალთეამ საბოლოოდ გადაწყვიტა ძმების ვერაგულად მკვლელი შვილი მელეაგრე სასტიკად დაესაჯა. მელეაგრეს დაბადების დღეს ალთეას საწოლ ოთახში ოლიმპოს მთის მწვერვალიდან ჩამოვიდა სამი ქალღმერთი, რომლებმაც გაჩაღებულ ცეცხლის კერაში ჩააგდეს მუგუზალი და ერთხმად დაადგინეს: ვიდრე მუგუზალი არ დაიწვის, ახლადდაბადებული ბავშვიც ცოცხალი უნდა დარჩესო. ალთეა სახლიდან ქალღმერთების გასვლისთანავე სასწრაფოდ მიიჭრა აგიზგიზებულ კერასთან, დაუყოვნებლივ აიღო საბედისწერო მუგუზალი და სრულიად უვნებელ ადგილას გადამალა. ამრიგად გადაარჩინა მოსიყვარულე დედამ თავისი პირმშო შვილი აუცილებელ სიკვდილს, რომელიც ახლადდაბადებულ მელეაგრეს მუგუზალის დაწვისთანავე მოელოდა. აი, ახლა ალთეამ, როცა შვილის დასჯის სურვილი აღეძრა, მოუფიქრებლად წამოავლო ხელი დიდი ხნის შენახულ საბედისწერო მუგუზალს და შეშლილივით მიიჭრა გაჩაღებულ კერასთან. საბრალო დედის გული ორგვარი სიყვარულით იტანჯებოდა: შვილისა და ძმებისა. ალთეამ არ იცოდა, რომლის სიყვარული რომლის სიყვარულისათვის ენაცვალებინა. გონებამიხდილი, სრულიად გაფითრებული ალთეა მუგუზლით ხელში დიდხანს დასცქეროდა აგიზგიზებულ კერას და ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, როგორ უნდა მოქცეულიყო. დიდის ტანჯვის შემდეგ, ალთეამ ცრემლების ღაპაღუპით ერთი საზარლად შეჰყვირა და საბედისწერო მუგუზალი გაჩაღებულ კერაში გადაისროლა. მუგუზალს ერთბაშად მოედო ალი. საბრალო მელეაგრე კი, როცა საბედისწერო მუგუზალს ცეცხლის ალი თანდათან ეკიდებოდა, მეტად აუტანელ ტკივილებს განიცდიდა. რამდენადაც უძლიერდებოდა ცეცხლი მუგუზალს, იმდენად მელეაგრე მწვავე ტკივილებისაგან თანდათან იწვოდა და იტანჯებოდა. კალიდონიის ტახტის მემკვიდრე, საცოდავი მელეაგრე, უცეცხლოდ იწვოდა და იტანჯებოდა. საბრალო ყველას დახმარებას სთხოვდა, ყველას ემუდარებოდა, მაგრამ მშველელი კი არსაიდან ჩანდა. მელეაგრე საცოდავის ხმით შველას სთხოვდა მოხუც მამას, დებს და, უეჭველია, დედასაც, მაგრამ აბა რას მოიფიქრებდა, თუ მშობელი დედა თავისი ხელით სწვავდა თავის პირმშო შვილს. საბედისწერო მუგუზალი დაიწვა, და კალიდონიის სათაყვანო გმირმაც განუტევა სული. მთელი კალიდონია დაამწუხრა მელეაგრეს სიკვდილმა. დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი გულწრფელად ნაკადულებრ აფრქვევდნენ ცხარე ცრემლებს საბრალო მელეაგრეს საფლავზე და ირგვლივ არემარეს მდუმარედ რწყავდნენ. მიხუცი მამა, დები, ძმები ყოველ ცისმარე დღეს გულსაკლავად ქვითინებდნენ. გამვლელ–გამომვლელნი მწუხარებით შეჰყურებდნენ საცოდავი მშობლების მწუხარებას და მათ მწარე ცრემლებს თავის ცრემლებსაც უერთებდნენ. საცოდავი გმირის მელეაგრეს დედამ ალთეამ ახლა კი იგრძნო თავისი დანაშაული და თავისივე ხელით გაიგმირა ბასრი ხმლით ის გული, რომელიც ასე შეუბრალებლად მოექცა და ღვიძლი შვილი მელეაგრე სასიკვდილოდ გაამეტებინა.
ელინური მითები
მოთხრობილი ალ. მიქაბერიძის მიერ