ეაკი
ოინოპიას კუნძულზე მდინარის ღმერთის ასოპეს ქალს, ეგინას, ღმერთების მამამთავრის ზევსისაგან მიეცა ვაჟიშვილი, რომელსაც ეაკი დაარქვეს, როდესაც ეაკი დავაჟკაცდა, იგი გამეფდა ოინოპიას კუნძულზე, რომელსაც მეფის დედის ეგინას პატივსაცემლად ეგინა ეწოდა. ეაკი თავისი სათნოებით, სისწორით, მართლმსაჯულებითა და სიმშვიდით მთელს საბერძნეთში კიდით-კიდემდე სახელგანთქმული იყო. სახელმწიფოს მთელი მოსახლეობა, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველა დიდი პატივისცემით ეპყრობოდა ახალგაზრდა მეფეს. ეაკიმაც მხურვალედ შეიყვარა სახელმწიფოს მკვიდრნი და მთელ თავის ძალღონეს საყვარელი ერის საკეთილდღეოდ სწირავდა. ღმერთებიც დიდის სიყვარულით ეპყრობოდნენ ეგინას მფლობელს. ეაკის მართლმსაჯულება და სისწორე ისე სწამდათ ღმერთებს, რომ თავიანთი უთანხმოების დროს მეფეს ძლიერ ხშირად მსაჯულადაც კი ირჩევდნენ. ერთხელ, როდესაც მთელი საბერძნეთი გვალვამ თითქმის მთლად გაანადგურა, დელფოს მისანმა უწინასწრმეტყველა საბერძნეთის მკვიდრთ: სანამ ღვთისნიერი ეაკი არ შეევედრება ღმერთებს, უბედურების თავიდან აცილება ყოვლად შეუძლებელიაო. ეაკი ხალხის თხოვნით შეევედრა ღმერთებს, და, მართლაც, ღმერთების მამამთავარმა, ყოვლად შემძლებელმა ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა, საბერძნეთს მოუვლინა ჟუჟუნა წვიმა, რომელმაც იხსნა მთელი სახელმწიფოს მკვიდრნი დიდის განსაცდელისაგან. ყველა ღმერთს უყვარდა ღვთისნიერი ეაკი. მხოლოდ ქალღმერთი ჰერა სდევნიდა ყველასგან საყვარელ ეგინას მფლობელს. ჰერას თვალის დასანახავად ეჯავრებოდა ეაკი: ღმერთების მამამთავრის მეუღლეს სწყინდა, რომ ეაკი ზევსის შვილის სახელს ატარებდა და ამასთანავე დიდის პატივისცემით და სიყვარულით იხსენიებოდა ყველგან და ყველასაგან. ქალღმერთი ჰერა ყოველგვარი ღონისძიებით ცდილობდა, რომ ეგინას მფლობელი დაესაჯა. ეაკის სამფლობელოს, მთელ კუნძულ ეგინას, ჰერამ მოუვლილნა საშინელი უბედურება: მთელი ოთხი თვით კუნძული დაბურა სქელმა, ერთიანად მოშხამულმა ნისლმა. როდესაც ნისლი გაიფანტა, მთელს სამეფოში, მდინარეებსა და წყაროებში, ზღვასა და ხმელეთზე ათასობით გაჩნდნენ სხვადასხვა შხამიანი ქვეწარმავალნი, რომლებიც უბრალო შეხებითაც კი შხამავდნენ ყველაფერს. საქონელი, შინაური და გარეული ფრინველები საცოდავად გმინავდნენ მოწამლული ჰაერით და სამუდამოდ ეთხოვებოდნენ წუთისოფელს. ტყე, მინდორ–ველები და მკვიდრთა მთელი კარმიდამო აივსო დახოცილ ცხოველთა ლეშებით, და ისედაც მოწამლული ჰაერი კიდევ უფრო მეტად იწამლებოდა. სახელმწიფოს მკვიდრიც ვერ გადურჩა ამ საშინელ განსაცდელს. მოწამლულმა ჰაერმა ხალხს მუსრი გაავლო. შეუბრალებლად ესალმებოდნენ სიცოცხლეს დედა, მამა, შვილები. ოჯახები დღითიდღე ცარიელდებოდა. შეშინებული ხალხი სახელმწიფოს ერთი კუთხიდან მეორე კუთხეს აფარებდა თავს, მაგრამ შველას კი ვერსად პოულობდა. ეგინას მფლობელი ღვთისნიერი ეაკი მწუხარებით შეჰყურებდა საყვარელი ერის დღითიდღე განადგურებას, მაგრამ დახმარებას ვერ უწევდა, ვერას შველოდა. აქა–იქ ცოცხლმკვდრად დარჩენილი მკვიდრნი ღმერთებს შესავედრებელ მსხვერპლს სწირავდნენ, მაგრამ მკვიდრთა ამ საყოველთაო უბედურებას ბოლო არ ეღებოდა. განადგურდა მთელი სახელმწიფო, დაიხოცნენ ერთიანად ქალი, კაცი, დიდი და პატარა, მთელ სახელმწიფოში გადარჩენ მხოლოდ თვითონ მეფე ეაკი და მისი სამი შვილი. ხალხის უბედურებით თავზარდაცემულმა მეფე ეაკმა ცისკენ მწუხარედ აღაპყრო ხელები და ღმერთების მამამთავარს მხურვალედ შეევედრა: „მაღალო ღმერთო ზევსო, თუ მე შენი შვილობის სახელის ტარების ღირსი ვარ, იხსენ ჩემი სამეფო საშინელი განსაცდელისაგან, დამიბრუნე ჩემი საყვარელი, უდანაშაულოდ დასჯილი ერი, და თუ ეს შეუძლებელია, მეცა და ჩემ შვილებსაც მოგვივლინე სიკვდილი, რათა უკან არ ჩამოვრჩეთ ჩვენ საყვარელ ერს. ღმერთების მამამთავარო, შენ ჩემზე კარგად უწყი, რომ მეფე ერის საკეთილდღეოდაა გაჩენილი, და არა ერი მეფის საკეთილდღეოდ“. ეგინას მფლობელმა ამ სიტყვებთან ერთად მიაპყრო თვალები იქვე მდგომ მაღალ მუხას, რომლის ტოტებზე ჭიანჭველების მთელი გროვა ათასნაირად ფუსფუსებდა და გულმოდგინე შრომას ეწეოდა. „ღმერთების მამამთავარო – კვლავ შეევედრა მეფე ეაკი ზევსს: მომეც სახელმწიფოს იმდენი მკვიდრი, რამდენიც ამ მუხაზე ჭიანჭველაა, რათა სრულიად დაცარიელებული ჩემი სახელმწიფო კვლავ აღვადგინო“. დაღამდა. დამწუხრებულ მეფეს ჩაეძინა. ძილში ეაკმა გრძელტორებიანი მუხა ნახა და იმ მუხაზე ის მშრომელი ჭიანჭველები, რომელნიც საქმიანად ფუსფუსებდნენ ცხადად ნახულ მუხის ტოტებზე. უეცრივ მუხის ტოტები შეინძრა, და ჭიანჭველები ყველანი ერთიანად ძირს ჩამოცვივდნენ. მეფე ეაკი სიზმრად ხედავს, რომ ჭიანჭველები სიგამხდრესა და სიშავეს თანდათანობით კარგავენ, ტანი უმსხვილდებათ და ადამიანის შეხედულებას ღებულობენ, კაცებად იქცევიან. ეაკი სიხარულისაგან ფეხზე არა დგას. იგი კვლავ თავის საყვარელ მკვიდრთა შორის არის. მეფეს გამოეღვიძა და, როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი ეს სიზმარი იყო, მეტად დაღონდა. გული მწუხარებით აევსო. დადარდიანებული მეფე ღმერთების მამამთავარს უჩიოდა, რომ ამოდენა ხანს დახმარებას არ აწვდიდა. უეცრივ მეფეს გარედან რაღაც ხმაურობა შემოესმა. ეაკს გარკვევით ესმოდა ხალხის ხმამაღალი ლაპარაკი და ჩოჩქოლი, რასაც იგი რამდენი ხანია გადაჩვეული იყო. „ნუთუ ესეც სიზმარია?“ – ფიქრობდა და გონს ვერ მოსულიყო. მეფეს ამ დროს შემოესმა თავისი შვილის, ტელამოს, მხიარული ხმა: „ჩემო ძვირფასო, საყვარელო მამავ! იცი, რა უნდა გახარო! მე მინდა გახარო ისეთი სასიამოვნო ამბავი, რომელიც შენ სულიერად და ხორციელად დაგამშვიდებს! აბა, ჩემო საყვარელო მამავ, თუ გამოიცნობ, რა სასიხარულო ამბავი მოგიტანე?“ მეფე მიდის სასახლის კარებთან და განცვიფრებული ხედავს იმ მამაკაცებს, რომელთაც რამდენიმე წუთის წინათ სიზმრათ ხედავდა. მამაკაცები მოკრძალებით მიუახლოვდნენ ეაკს და თაყვანი სცეს, როგორც თავის საყვარელ მეფეს. სიხარულისაგან ცრემლებმორეული ეაკი გულმხურვალედ მიესალმა თავის ქვეშევრდომ მამაკაცებს. როცა მეფე მეტის აღელვებისაგან ცოტათი დამშვიდდა, მან დიდის სასოებით მხურვალე მადლობა შესწირა ღმერთების მამამთავარს ზევსს ასეთი დიდი წყალობისათვის. „მეფე მკვიდრთათვის, და არა მკვიდრნი მეფისათვის“ – მუდამჟამს ასე იმეორებდა მეფე ეაკი და ამ ცნების მიხედვით აწესრიგებდა მკვიდრთა შორის სახელმწიფოს მართვა–გამგებლობის საქმეებს. მკვიდრნიც კარგად გრძნობდნენ მეფის ამ სიტყვების გულწრფელობას და ამიტომაც იყო, რომ ეაკი მთელ სახელმწიფოში სათაყვანებელ გმირად ჰყავდათ მიჩნეული
ელინური მითები
მოთხრობილი ალ. მიქაბერიძის მიერ