ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე – NATO

– კაცო, რა დროს ტლევიზორია, ბიჭს გააღვიძებო! – შეუტია ბებიამ პაპას.
– დაბალ ხმაზე დავაყენებ, საქართველოს ბედი წყდება, ნატოს სამიტიაო! – უპასუხა პაპამ და წინ გაშვერილი პულტით ხელში, სავარძელს მოერგო.
– სიტყვით გამოდის საქართველოს წარმომადგენელიო! – ინგლისურიდან გადმოთარგმნა ქალის სასიამოვნო ხმამ. სიმპათიური მამაკაცი წამოდგა და ტრიბუნასთან მივიდა.
– ჩვენ ევროპელები ვართო!
– ჩვენი წინაპრებიც ევროპელები იყვნენო!
– ჩვენი მიზანი ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდააო!
– კიდევ, პირადი შემადგენლობის საბრძოლო გამოცდილებისა და თეორიული და პრაქტიკული მომზადების დონის ამაღლებააო!
– კიდევ, საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებაში წვლილის შეტანა, რითაც უმჯობესდება ქვეყნის იმიჯი და საერთაშორისო არენაზე იგი ცნობილი ხდება, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების კონტრიბუტორიო!
– აქეთურიო!
– იქითურიო!
– გვიშველეთ, თორემ ძლიერი მეზობელი გადაგვყლაპავსო!..


– შენ იცი, რომ ნატო ახალი არ არის და რომის იმპერიიდან მოდისო?!- უთხრა პაპამ ბებიას და სავარძელი მისკენ შეაბრუნა.
– რაებს ბჟუტურებ, სიბერეში სულ გამოშტერდიო!
– აბა, მაშინ მომისმინეო! – უთხრა პაპამ და დაიწყო:
– ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში, რომის რესპუბლიკაში, ოქტავიანე ავგუსტუსმა, ხელში აიღო ძალაუფლება. სენატს, რომელიც მანამდე მართავდა რომის რესპუბლიკას, დაუტოვა საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ფუნქცია, თვითონ დაიქვემდებარა ჯარი, დაამყარა სამხედრო დიქტატურა და თავი იმპერატორად გამოაცხადა.
ოქტავიანემ მთელს იმპერიაში გაიყვანა გზები, შექმნა საშიკრიკო სისტემა, დადო სამშვიდობო ხელშეკრულება პართიასთან, შექმნა რეგულარული არმია, შეიერთა: ეგვიპტე, დალმაცია, პანონია, ნორიკუმი და რეცია, გააფართოვა აფრიკული და გერმანული სამფლობელოები და დაასრულა ესპანეთის დაპყრობა, გაამაგრა იმპერიის საზღვრები, შექმნა პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახური და თითქმის ახლიდან ააშენა რომი.
არ არსებობდა ძალა, რომელიც რომს დაამარცხებდა. იმპერიას სჭირდებოდა ახალი ტერიტორიები, სხვანაირად ვერ იარსებებდა, მაგრამ ომით ახალი ტერიტორიების დაპყრობა დიდ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. ოქტავიანემ მოიფიქრა გენიალური გეგმა: მიიწვია მეზობელი სახელმწიოს მეფე და შესთავაზა:
– შენ ხომ გესხმის თავს შენი მეზობელიო?
– კიო!
– ხოდა, რა გიჯდება ომიო?
– ბევრიო! ხარჯის გარდა ეკონომიკა მენგრევაო, მოსახლეობა მთაში იხიზნებაო.
– მოდი, რაც გეხარჯება, იმის ნახევარი მე გადამიხადე, ჯარისკაცები გამომიგზავნე და მე დაგიცავო!
– აგაშენა ღმერთმაო! – უპასუხა მეზობელი სახელმწიფოს მეფემ
– ბარემ იმპერიაში შემოვალო!
– კარგი, შემოდიო!
დაიწყო რომის სიმშვიდის ხანა. რომს ომი აღარ სჭირდებოდა. იმპერიაში შესვლის მსურველთა რიგი დაუდგაო.
– ვა, მართლა ნატოსავით არ ყოფილაო?! – გაიკვირვა ბებიამ.
– ჯერ სადა ხარ, მომისმინეო! – უთხრა პაპამ და განაგრძო:
– რომმა ორი საუკუნის მანძილზე შეინარჩუნა მშვიდობა. გააფართოვა საზღვრები ატლანტის ოკეანედან მდინარე ევფრატამდე. იმპერიის გარშემო კი, შექმნა ბუფერული ზონა ვასალი სახელმწიფოების მეშვეობითო.
– თუ კი რომის იმპერია ატლანტის ოკეანედან მდინარე ევფრატამდე იყო გადაჭიმული, მაშინ იბერია რომის იმპერიაში შედიოდა თუ ვასალი იყოო? – ჰკითხა ბებიამ.
– აი, იბერიასთან სულ სხვანაირად იყო საქმე, ახლავე მოგიყვებიო:
– რომის იმპერიის ძლიერების პერიოდში, საქართველოს ჰყავდა ძლიერი მეფე – ფარსმან II, რომელსაც ხალხმა, ჭკუისა და სიმამაცისთვის, ქველი უწოდა. ფარსმანი გამეფებიდან რამდენიმე წელიწადში შევიდა ალბანეთში – დღევანდელი აზერბაიჯანი რომ არის, იმ ტერიტორიაზე – და შეიერთა. ცოტა ხანში ილაშქრა კაბადოკიაში და ისიც შეიერთა. უკვე იმ პერიოდში, ფარსმანს მთელი სამხრეთ კავკასია ემორჩილებოდა. სომხეთის სახელმწიფო იბერიის ვასალი გახდა.
– შენ მანდ რა დღეში ხარ, ერთი აქ ჩამოდი, რომშიო! – შემოუთვალა ფარსმანს რომის იმპერატორმა ადრიანემ.
– თუ ჩემი ნახვა გინდა, შენ თვითონ ჩამოდი და მნახეო! – შეუთვალა ფარსმანმა.
შეეშინდა ადრიანეს იბერიასთან ომის დაწყების და ფარსმანს საჩუქრად 50 ლეგიონერი და საბრძოლო სპილო გამოუგზავნა. ფარსმანი მაინც არ ჩავიდა რომში. ცოტა ხანში, ადრიანე ანტონიუს პიუსმა შეცვალა, რომელმაც მეგობრულად, ოჯახით დაპატიჟა ფარსმანი. დიდი ზარ-ზეიმით დახვდა ფარსმანს რომი. დაიდო რომსა და იბერიას შორის მოკავშირეობის ხელშეკრულება. ფარსმანის ამალამ კოლისეუმში მხედრული ჯირითი მოაწყო. ანტონიუს პიუსის ბრძანებით, რომში, მარსის მოედანზე, ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დადგეს. რომმა სცნო იბერიის ჰეგემონია კავკასიაში. ხედავ, ძლიერი რომ იყო საქართველო, რომის იმპერია მეგობრობას როგორ ეხვეწებოდაო?!
– მერე, მერე, გააგრძელე, კარგ რამეს ყვებიო!
– მერე, მეორე ძლიერ სახელმწიფოს, პართიას, არ აწყობდა იბერიის გაძლიერება და ორჯერ შემოვიდა იბერიაში. ფარსმანმა ორჯერვე დაამარცხა. იბერია ისე გაძლიერდა, რომ მესამედ თვითონ ფარსმანი შევიდა პართიაში, დაამარცხა პართიელები და დედაქალაქი ქტეზიფონიც აიღო.
პართიის მეფემ, ვოლოგეზ III-მ, სამუდამო თავდაუსხმელობის პირობისა და დიდი ძღვენის ფასად დაიხსნა თავისი ქვეყანა. დამამთავრებინე, რომზე ვყვებოდიო!
– ამასობაში შუა აზიიდან მომთაბარე ტომები, რომლებსაც ჰუნებს უწოდებდნენ, წამოვიდნენ ევროპისაკენ. დაიპყრეს ჩრდილოეთ ევროპა და დაიწყეს სამხრეთით გადაადგილება. ევროპული ტომები: გალები, საქსები, გოთები, ფრანკები, ვანდალები და კიდევ სხვები მიადგნენ რომის იმპერიას:
– ჰუნები გვერეკებიან, სხვა გზა არა გვაქვს, იმპერიაში შემოვალთ და დაგვიცავიო!
– თქვენ ბარბაროსები ხართ, მიგიღებთ, მაგრამ ჯერ ვერაო!
– აბა როდისო?
– თქვენი კანონები ჩვენს კანონებს მოარგეთ და მერეო!
მოარგეს კანონები.
– ეხლაო?
– ჯარსკაცები მოგვეცი, გავრწვრთნით და მერეო!
მისცეს ჯარისკაცები.
– ეხლაო?
– ვერ გეტყვით როდის მიგიღებთ, მაგრამ აუცილებლად მიგიღებთო!
– კი, მაგრამ ჰუნები რომ გვხოცავენო?
– უნდა მოითმინოთო!
ითმინეს, ითმინეს და,
– წადით, თქვენიო! – შევარდნენ რომში. ამდენი ხნის უბრძოლველობის გამო, რომს ბრძოლისუნარიანობა დაკარგვოდა. ააოხრეს იმპერია, ჩამოაგდეს იმპერატორი და ამით დასრულდა რომის იმპერიის არსებობა. მანამდე ჰუნების წინამძღოლი ატილა მოკლეს და ჰუნებიც დაიშალნენ. ბარბაროსულმა ტომებმა გაძარცვეს რომის იმპერია, დაიკავეს ევროპა და ათასი წლით უკან დასწიეს ცივილიზაციაო!
– ეგ ბარბაროსები ახლა ჩვენ გვასწავლიან კულტურასო?!
– მოიცა, მოვუსმინოთ სამიტის დადგენილებას კითხულობენო!


– ნატოს სამიტმა მიიღო დადგენილება, რომ ნატოს კარი საქართველოსთვიის ღიაა, მაგრამ უნდა მოითმინოთო!
– ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ გასაკეთებელი, რომ ნატოს დაუახლოვდეთო!
– ვერ გეტყვთ, როდის მიგიღებთ, მაგრამ აუცილებლად მიგიღებთო!
– ზაფხულში ნატოს წვრთნები რომ ჩატარდება, თქვენც მიიღებთ მონაწილეობასო!
– ხედავთ, რა კარგი დადგენილება მივიღეთ, მადლობლები უნდა იყოთო!
– ტფუო! – გადააფურთხა პაპამ და ტელევიზორი გამორთო.
ბებიას სავარძელში ჩასძინებოდა…


იმ ღამით პატარა ბიჭმა სიზმრი ნახა: – თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი პირით ჩამავალი მზისკენ იდგა. მარჯვენა მხარეს უშველებელ გველეშაპს ეძინა. ფერდგამოჭმულ ცხენს თეთრი ბეწვი სისხლით ჰქონდა მოსვრილი, მაგრამ ერთმანეთს შეზრდილი ცხენი და მხედარი მაინც მყარად იდგნენ და ჩამავალი მზის მხრიდან ვიღაცას ელოდნენ. არავინ იცოდა, გველეშაპი როდის გაიღვიძებდა…

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button