არდაშელ თაქთირიძე – იბერიის გაბრწყინება
მთლად იბერია, მცხეთა-ქალაქს ღრუბლად მომწყდარი, გადედინება პომპეუსის ქვით ნაგებ ხიდზე. ნაპირზე ისევ დაგუბებული, გზად შეუყვება ძეგვისკენ ჭალას. მერე კი მარცხნივ, არმაზის ხევთან, ზევით აიწევს ვიწრო ნაკადად. ტაფობზე მთისა კვლავ გაიშლება და დაგუბდება ისევე ღრუბლად.
ღრუბელს ხალხისას ზევიდან აწევს შავი ღრუბელი, ცად ჩამოღვრილი. მის სხეულში კი დაიკლაკნება გველებად ელვა. ნიაღვრის ღრიალს ბანს მოსძახებს ქუხილი ცისა.
შოთის პურები – სახედ ხმლისა და საკლავნი – ხარკად არმაზისა. მამრნი ჩვილნი, მარჯვნივ დაყრილნი, ხარკად გაცისა და ქალნი ჩვილნი, მარცხნივ, ხარკადა გაიმ.
ერთ მხარეს დგანან: ეგვიპტურ კაბით გოლიათი არმაზ შემართული ხმლით, ზურმუხტის თვალებს აბრიალებს ელინური ჩაჩქანის მიღმა.
მრისხანება ზევსისა, შეუპოვრობა ოსირისისა, დაუნდობლობა ჰოროსისა, სახედ მეფე ფარნავაზისა.
და მის პირისპირ გაც – ტანად ოქროსი, სახედ აზონისა, კუნთად ქცეულ, ვერ გამაძღარი მამრთა სისხლითა. და გაიმ – ცოლი გაცისა, ვერცხლად მნათობ, მკერდზე მიმხმარი დიაცთა სისხლით.
ხალხი დამფრთხალნი, მთის ფერდობს შეფენილნი, მოლოდინში ღმერთთა ბრძოლისა, გალობდნენ არმაზს სადიდებელსა:-ღმერთი ღმერთთა არმაზ…, …ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წვიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი…
არიან-ქართლის მეფის, იარედოსის ძის, აზონის იბერიაში გამეფებას ხელი შეუწყო საბერძნეთის, ეგვიპტისა და აზიის მბრძანებელმა ალექსანდრე მაკედონელმა. აზონმა ბრძოლაში მოკლა მცხეთის მამასახლისი სამარა და მისი ძმა – ფარნავაზის მამა. ფარნავაზის დედამ სამი წლის ფარნავაზი სპარსეთში გადაიყვანა და იქ შეაფარა თავი. აზონმა არიან-ქართლიდან მცხეთაში ჩამოასახლა 18 ოჯახი. შექმნა თავისი სახის ღმერთი, მთლად ოქროთი შემოსილი – გაც და ცოლი მისი, თავისი ცოლის სახისა, ვერცხლით შემოსილი – გაიმ. გაუყო თავისი ძალაუფლება და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მთის ტაფობზე დაასახლა.
გაცმა და გაიმმა ხელში აიღეს ძალაუფლება და იწყეს ხალხზე ძალადობა – შესაწირად საკლავისა და ღვინის გარდა, ითხოვდნენ ჩვილ ბავშვთა შეწირვასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში იბერიას მიწიდან და ციდან ცეცხლის მოგვრით ემუქრებოდნენ. თავიდან აზონთან შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ, მაგრამ მერე აღარ მოეწონათ მასთან გაყოფილი ძალაუფლება. ერთ დღესაც მივიდნენ და მოსთხოვეს ძალაუფლების გადმოცემა. შეშინდა აზონი და შეპირდა უფრო მეტი საკლავისა და ბავშვის შეწირვას. ადრე თუ წელიწადში ერთხელ, დღესასწაულზე მიჰყავდათ ბავშვები შესაწირად, ახლა წელიწადში ორჯერ მოინდომეს.
ცოტა ხანში მივიდნენ და მოსთხოვეს აზონს ძალაუფლების დათმობა, ან სეფეწულის შეწირვა. გაბრაზდა მეფე და ხელცარიელი გამოისტუმრა ღმერთები. მაშინ ჩავიდა გაიმ სპარსეთს, ნახა ფარნავაზი, რომელსაც უკვე 20 წელი შესრულებოდა და შესთავაზა იბერიის მეფობა. დასთანხმდა ფარნავაზი. წამოიყვანა დედა, ორი და და აზონის მალულად მცხეთაში გადმოვიდა საცხოვრებლად. ერთ ღამეს საოცარი სიზმარი ნახა ფარნავაზმა. სიზმარში ზუსტად იყო მითითებული ადგილი, სადაც ინახებოდა დიდი განძი. მივიდა ფარნავაზი დიღომში იმ ადგილზე, წამოიღო განძი და დაიწყო მამამისის მკვლელი აზონის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადება. თავისი უმცროსი და მიათხოვა კოლხეთის მამასახლის ქუჯს და დაიმოყვრა. უფროსი და კი მიათხოვა სარმატ მთავარს. შეშინებული აზონი გაიქცა ჯავახეთში, კერძოდ არტაანში და იქ ჰურის ციხეს შეაფარა თავი. ფარნავაზი უბრძოლველად შევიდა მცხეთაში. მეორე დღეს ზარ-ზეიმით აუწყეს ხალხს ფარნავაზ I-ს გამეფება. ფარნავაზმა დიდძალი განძი გაუგზავნა ასურეთის მეფე სელევკოს დიდს, რომ არ მიმხრობოდა აზონს. აზონი გადავიდა საბერძნეთში და არმიით დაბრუნდა მცხეთას. ბრძოლაში ფარნავაზმა გაიმარჯვა, მოკლა აზონი, განდევნა ბერძნები, გააერთიანა სამამასახლისოები და შეჰქმნა იბერიის სახელმწიფო. დააკანონა ქართული ენა და დამწერლობა.
ფარნავაზმა შექმნა ახალი ღმერთი სპილენძის ტანით, ბერძნული მუზარადით, ეგვიპტური სამოსით, აღმართული ხმლით, ზურმუხტის თვალებით, სახედ თვისი, დაარქვა ფარნავაზ – სპარსულად არმაზ და დაასახლა გაც და გაიმს შორის. ჩამოართვა მათ ჭექა-ქუხილის, წვიმისა და ნაყოფიერების ძალაუფლება და გადასცა არმაზს.
კეთილი ღმერთი იყო არმაზ: ქათამს იწირავდა, ღვინოს და შოთის პურს. ეშინოდათ გაცს და გაიმს არმაზის ზურმუხტის თვალებით შემოხედვის. დაწყნარდნენ, დამშვიდნენ და ბედს დაემორჩილნენ.
ადიოდნენ მლოცველები არმაზის მთაზე და მიჰქონდათ ქათამი, ღვინო და შოთის პური არმაზისათვის და ჩვილი ბავშვები გაც და გაიმისთვის.
ერთხელაც, ამოსული მომლოცველების წინაშე სიტყვით გამოვიდა არმაზ:
– ხალხნო, რას დაემსგავსეთო!
გაკვირვებული შეაცქერდა ხალხი.
– ეს ღმერთები რას გიშვრებიანო!
– თქვენი სარჩო-საბადებელი მიაქვთო!
– შეხედეთ, თქვენს ხარჯზე როგორ ცხოვრობენო!
– არმაზ! არმაზ! არმაზ! – შესძახა ხალხმა.
– თვითონ ოქროსი და ვერცხლის არიანო!
– ეგ ოქრო და ვერცხლი თქვენი საკუთრებააო!
– არმაზ! არმაზ! არმაზ!
– კმარა ბავშვების შეწირვაო!
– კმარა! კმარა! კმარა!
– თითო კაცი გაგზავნეთ სხვების ამოსაყვანადო!
– დანარჩენებმა აქედან ფეხი არ მოიცვალოთო!
– არმაზ! არმაზ! არმაზ! – კიოდა ხალხი.
მოდის და მოდის მომლოცველნი იბერიიდან. ხალხით გაივსო მიმდებარე მთათა ფერდობნი. შეცბნენ წყვილღმერთნი გაც და გაიმ სულით ხორცამდის. პირველად იგრძნეს ხალხის ძალა საკუთარ თავზე. ჰა, რას იზამთო! – შეუტია არმაზ მრისხანედ. უნდა გადადგნენ გაც და გაიმ, დათმონ ღმერთობა, არმაზს გადასცენ ძალაუფლება ესოდენ დიდი.
აღსრულდეს ნება ხალხისაო, თქვეს გაც და გაიმ. და ბრძანა არმაზ გამოკეტვა მათი პანთეონს.
აღარ სწირავდნენ სასტიკ ღმერთებს პატარა ბავშვებს…
ადიოდნენ მლოცველები არმაზის მთაზე და მიჰქონდათ შესაწირი არმაზისათვის. იცოდა სიკეთის დაფასება არმაზმა, შემონაწირს ერთგულ ხალხსაც უნაწილებდა.
ერთხელაც ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა არმაზ:
– სპილენძის მუზარადი გაშავდა, ოქროსი მინდაო!
– არმაზ! არმაზ! არმაზ! – შესძახა ერთგულმა ხალხმა.
– ტანსაცმელიც ოქროსი მინდაო!
– არმაზ! არმაზ! არმაზ!
– არმაზის ციხე ამიშენეთო!
– არმაზ! არმაზ! არმაზ!
დაერივნენ იბერიის მოსახლეობას და წაართვეს ლუკმა-პური. შემოსეს არმაზი ოქროს ტანსაცმლით, დაახურეს ოქროს მუზარადი, აუშენეს არმაზის ციხე.
შემდეგ დღესასწაულზე კვლავ სიტყვით გამოვიდა არმაზ და ზურმუხტის თვალები მწვანედ გააკვესა:
– წელიწადში ოთხჯერ ჩვილი ბავშვები შემომწირეთო!
– ვინც უარს იტყვის, არმაზის ციხეში გამოკეტეთო!
– არმაზ! არმაზ! არმაზ! -ყვიროდა ერთგული ხალხი.
მთლად იბერია, მცხეთა-ქალაქს ღრუბლად მომწყდარი, გადედინება პომპეუსის ქვით ნაგებ ხიდზე. ნაპირზე ისევ დაგუბებული, გზად შეუყვება ძეგვისკენ ჭალას. მერე კი მარცხნივ, არმაზის ხევთან ზევით აიწევს ვიწრო ნაკადად. ტაფობზე მთისა კვლავ გაიშლება და დაგუბდება ისევე ღრუბლად.
ღრუბელს ხალხისას ზევიდან აწევს შავი ღრუბელი, ცად ჩამოღვრილი. მის სხეულში კი დაიკლაკნება გველებად ელვა. ნიაღვრის ღრიალს ბანს მოსძახებს ქუხილი ცისა.
შოთის პურები – სახედ ხმლისა და საკლავნი უხვად. მამრნი ჩვილნი მარჯვნივ დაყრილნი, და ქალნი ჩვილნი მარცხნივ – ხარკად არმაზისა.
ერთ მხარეს დგანან: ეგვიპტურ კაბით გოლიათი არმაზ შემართული ხმლით, ზურმუხტის თვალებს აბრიალებს ელინური ჩაჩქანის მიღმა.
მრისხანება ზევსისა, შეუპოვრობა ოსირისისა, დაუნდობლობა ჰოროსისა, სახედ მეფე ფარნავაზისა. და მის პირისპირ – პატარა გოგო, ვაზის ჯვრით ხელში, თმებით განსკვნილი. უბრალოება და სიდიადე, ვით თავად ღმერთი, ძე ღვთისა, ჩასახული სულიწმინდისგან…
გაიხსნა ზეცა, გადმოვიდა ციდამ ნათელი…
არდაშელ თაქთირიძე