ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ანომალია

დაბადების დღეზე გაიცნეს ერთმანეთი:
– გოგონი, თქვენ ცეკვავთო?
– არა, ვზივარო!
– მაშინ ადექი და ვიცეკვოთო!
– ვიცეკვოთო!
მერე ყველაფერი თავისით მოხდა:
– მოდი, დავლიოთო!
– დავლიოთ, რაც არის, არისო!
– ეს ჩვენს გაცნობას გაუმარჯოსო!
– ეს კიდევ შენ გაგიმარჯოსო!
– ძალიან ლამაზი ხარო!
– შენც არა გიშავსო!
– წამოდი, ბაღში გავისეირნოთო!
– გავისეირნოთო!
– ხომ არ გცივაო?
– მცივაო!
– კიდევ გცივაო?
– მცივაო!
– გინდა გაკოცოო?
– მაკოცეო!
– გესმის, “ქვინიაო”?!
– “ქვინიაო”!
– ხომ არ გეშინიაო?
– მეშინიაო!
– რატომ გეშინიაო?
– მეშინიაო!
– ნუ გეშინიაო!…


– მამიდა, მიშველე, მამაჩემი მომკლავსო!
– რა ხნის ხარო?
– ოთხი თვე მისრულდებაო!
– ის ოხერი სად არისო?
– დაიკარგაო!
– უკვე გვიანია, უნდა გააჩინოო!
– მამაჩემს რა ვუთხრაო?
– სახლში რამეზე იჩხუბე და მშობიარობამდე ჩემთან გადმოდი საცხოვრებლადო!


– ზოგი დედა დედაა? რამ დაატოვებინა ესეთი ბავშვიო? – უთხრა ლოყაზე ხალიანმა ძიძამ “ჩოლკიანს”, სიგარეტის სუნი რომ ასდიოდა და საწოვარა მოუმარჯვა აჩხავლებულ პატარას.
– ალბათ უშვილოები აიყვანენ, ასეთ ბავშვს უპატრონოდ არ დატოვებენო, – უპასუხა “ჩოლკიანმა”, სიგარეტის სუნი რომ ასდიოდა, ლოყაზე ხალიანს.
– ასეთ ბავშვებში უცხოელი გეი-წყვილები დიდ ფულს იხდიანო, – ლაპარაკში ჩაერთო მედდა, წოწოლა თავზე წოწოლა ქუდი რომ ეხურა.
– ამ ბავშვს უკვე ჰყავს პატრონი, მაგდა კუკულაძეს მიყავსო! – უპასუხა ლოყაზე ხალიანმა და საწოვარა ააქანავა, რადგან პატარა წოვისგან დაღლილიყო და ჩასძინებოდა…


თავისი დაბადება არ ახსოვს…
პირველად გონზე მაშინ მოვიდა, ექიმს ფეხებით პირქვე რომ ეჭირა და ტაკუნებზე უტყაპუნებდა, თითქოს რაღაც დააშავა და სჯიდნენ. ეწყინა, კი არ ეტკინა და გაბმული ტირილი მორთო. უფრო მეტად იმან დაწყვიტა გული და ააღრიალა,-შეხედე, რა კარგი ბიჭიაო! – სასთუმალზე მისვენებულ ქალს რომ დაანახვეს და, იმან კიდევ, გვერდზე მიაბრუნა თავი. ატირებული გაიყვანეს მეორე ოთახში დასაბანად და იმ დღის მერე ის ქალი აღარ უნახავს…


– ალბათ, ქართველი უშვილოები აიყვანენო!
– არაო, ეგ უცხოელებზე მუშაობსო!
– მერე, როგორ გაიყვანსო?
– პირველი კი არ არისო!
– გაიყვანს და იქ ჩააბარებს ორგანოების გადასანერგად, მაგრამ, რა ჩვენი საქმეაო! – ბოლოს შეთანხმდნენ ჭორიკანა ძიძები.
წასაყვანად კი ერთი ზორბა კაცი მივიდა, აქაჩული წარბები და მელაკუდას თვალები რომ ჰქონდა. ამოიჩარა იღლიაში, ჩააწვინა მანქანაში და ძველი თბილისის ერთი ძველი სახლის მეორე სართულზე ერთ ბინძურ ქალს ჩააბარა მოსავლელად.
– დღე-დღეზე მოვა შენი პატრონი და წაგიყვანსო! – უთხრა ბინძურმა ქალმა, ძველ უბანში, ძველი სახლის მეორე სართულზე რომ ცხოვრობდა და ცხვირიდან გამოღებული თითი კაბაზე შეიწმინდა.
– ნეტავ ვინ მოვა, რა ხალხია? ძნელია ორგანოების გადანერგვა? ხომ არ მეტკინებაო? – გაახსენდა ძიძების ჭორაობა. ცუდ ხასიათზე დადგა, ვეღარ დაიძინა, ბევრი იჩხავლა.
– ჭირი შენ და სიკვდილიო, რა გატირებსო, თუ არ გაჩუმდები, გადაგაგდებო! – შეეშინდა, გაჩუმდა.


დილა-საღამოს ის აქაჩულწარბებიანი და მელაკუდასთვალებიანი ზორბა კაცი მოდიოდა და ბავშვის ამბავს კითხულობდა:
– როგორ არისო, ხომ არ ჭირვეულობსო, კარგად მოუარე, დიდ ფულს იხდიანო!
მეორე დღეს ვიღაც დაბალი და მსუქანი ქალი მოვიდა. აქაჩულწარბებიანმა და მელაკუდასთვალებიანმა ზორბა კაცმა ბავშვი შესახვევებიდან გამოხსნა და დაბალ და მსუქან ქალს აჩვენა:
– ჯანმრთელი ბავშვია, ორგანოები მე თვითონ შევუმოწმეო!
– ეს თუ კარგი ქალია, ორგანოები რატომ დააინტერესაო? – მთელი ღამე ვერ დაიძინა, ნერვიულობდა, ჩხაოდა.
– რა გატირებს შე სასიკვდილე, მეზობლები გაიგებენ, პოლიციას გამოიძახებენ და დაგვიჭერენო! – ბრაზობდა ბინძური ქალი, ცხვირიდან გამოღებულ თითს კაბაზე რომ იწმენდდა.


მესამე დღეს ისევ ის დაბალი და მსუქანი ქალი მოვიდა. ერთ ხელში “ზიზიები” ეჭირა და მეორე ხელში ბავშვის საწოლი-კალათა. ჩააცვა “ზიზიები”, ჩააწვინა კალათაში და საწოვარათი რაღაც მწარე სითხე ჩაასხა პირში. ტირილი უნდოდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, ისე დაეძინა.
რომ გაიღვიძა, ფერადი ლენტებით მორთულ საწოლში იწვა, თავთან მუსიკის თანხლებით სათამაშოები ტრიალებდა და ორი გაღიმებული, უზომოდ ბედნიერი მამაკაცის სახე დაჰყურებდა.
გული თავისით აივსო სითბოთი. აივსო და ხერხემლის გავლით ფეხებში ჩაიღვარა.
– ესენი არ გადამაგდებენ, არც არავის დაანებებენ ჩემი ორგანოების გადანერგვასო! – გულში გაიფიქრა და ძალიან, ძალიან სევდიანი შავი თვალებით შეაცქერდა.


რა უნდა ეთხოვა, რომ იმ ორ კაცს არ აესრულებინა: სათამაშოებიო, ველოსიპედიო, საბავშვო მანქანაო, აიფონიო, აიპადიო, კომპიუტერიო – ერთმანეთს ასწრებდნენ ყიდვას. სკოლაში მიჰყავდათ, სკოლიდან მოჰყავდათ, გაკვეთილებს ერთად ამზადებდნენ, თამაშობდნენ, მულტფილმებს უყურებდნენ. ერთი არსება სამად განსხეულებული, ერთმანეთს ავსებდა, ერთმანეთს აბედნიერებდა…
პირველი კითხვის ნიშანი მაშინ გაჩნდა, მესამე კლასში ინგლისურის ცალტვინა მასწავლებელმა რომ ჰკითხა – დედა რომელიაო? – და რომ ვერ უპასუხა, ამას მოჰყვა დაბალ კლასებში ბავშვების გულუბყვილო ცნობისმოყვარეობა:
– დედას გავხარ, თუ მამასო?
– ხომ არ გცემენო?
– რომელს უფრო უყვარხარო?
შემდეგ კლასებში დაუნდობელი დაცინვა:
– საიდან დაიბადეო?
– დედაშენს ძუძუები რომ არ აქვს, რას გაწოვებდაო?
– დედაშენს მუცელი შებერვია, მეორეზე ხომ არ არის ორსულადო?…


თავის თავში ჩაიკეტა. აღარავისთან აღარ მეგობრობდა. ბედნიერება სადღაც გაფრენილიყო…
თავისი ოთახიდან რომ არ გამოვიდა, სახელური ჩამოსწიეს – კარი არ გაიღო. დაუძახეს – პასუხი არავინ გასცა. ერთ-ერთმა კარების ქვეშ ჭუჭრუტანაში შეიხედა: – იატკიდან რამდენიმე სანტიმეტრში 12 წლის იუბილეზე ნაყიდი თეთრი ბოტასები ქანაობდა…

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button