AMD გეიმინგ ბლოკჩეინ-პლატფორმით დაინტერესდა
კომპანია AMD შეუერთდა Blockchain Game Alliance-ს (BGA) – ორგანიზაციას, რომელიც დაკავებულია გეიმინგ ინდუსტრიაში ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის განვითარებით. ამ ორგანიზაციაში შედიან ძირითადად თამაშების შემქმნელები, მათ შორის Ubisoft და ConsenSys, კომპანია AMD კი ორგანიზაციის პირველი წევრია, რომელიც აპარატული უზრუნველყოფითაა დაკავებული.
ამ სიახლესთან დაკავშირებულ პრეს-რელიზში კომპანია AMD-მ განაცხადა, რომ გეგმავს თავის პარტნიორებს წარუდგინოს „მაღალი წარმადობის გამოთვლითი ტექნოლოგიები“, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ „შეცვალონ კომპიუტერული თამაშების გამოცემის, პუბლიკაციის, შეძენის მეთოდები“. AMD-ის ბლოკჩეინ-ტექნოლოგიით დაკავებული განყოფილების ხელმძღვანელი Joerg Roskowetz აცხადებს: „ბლოკჩეინზე მოქმედი გეიმინგ პლატფორმები გეიმერებს მისცემენ წვდომას ექსკლუზიურ ონლაინ-კონტენტზე და წარუდგენენ ახალ შესაძლებლობებს. ეს პლატფორმები გამომცემლებს ახალ არხებს მიაწვდიან თამაშების დისტრიბუციისთვის“.
კომპანია AMD-მ ასევე გააფორმა პარტნიორობა Robot Cache-თან. ეს გახლავთ გეიმინგ მარკეტი ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ბაზაზე, აგრეთვე კომპანია Ultra-სთან. ეს უკანასკნელი არის BGA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც აპირებს უახლოეს თვეებში აამოქმედოს თავისი პლატფორმა თამაშების დისტრიბუციისთვის. კომპანია Robot Cache თავის სისტემებში გამოიყენებს AMD EPYC პროცესორებს, Ultra კი – AMD-ის აღჭურვილობას თავისი ქსელების შესაქმნელად. აღნიშნულია, რომ AMD-ს აღჭურვილობა უზრუნველყოფს „ოპტიმალურ წარმადობას კრიპტო გამოთვლებში“.
Ultra-ს ერთ-ერთმა გენერალურმა დირექტორმა, Nicolas Gilot-მა განაცხადა, რომ AMD-სთან პარტნიორობა გრძელვადიან გეგმებს მოიცავს. კომპანია AMD თავის ვიდეო ბარათებს დააკომპლექტებს Ultra Games თამაშებით. თამაშების მისაღებად AMD-ის მყიდველებს მოუწევთ დააყენონ Ultra-ს ბლოკჩეინ-პლატფორმა. მათ კი, ვისაც უკვე აქვს AMD-ის ვიდეო ბარათი, პლატფორმის დასაყენებლად მხოლოდ დრაივერების განახლება დასჭირდებათ.
ორივე კომპანია გეგმავს ჩაატაროს ერთობლივი ღონისძიებები და შეჯიბრები. ისინი ასევე იმუშავებენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ ასპექტზე, როგორიცაა ბლოკჩეინ-პლატფორმის სიჩქარის გაზრდა და მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოება. AMD საკმაოდ ღრმად ახდენს თავისი მიღწევების ინტეგრირებას თამაშებისა და ბლოკჩეინის სფეროებში, კომპანია დაინტერესებულია სიჩქარისა და საიმედოობის ზრდით, ასევე მომხმარებელთა პირადი გასაღებების დაცვით.
შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტების მაინინგმა AMD-ს მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა. 2017 წელს „კრიპტოსავალუტო ციებ-ცხელების“ წყალობით AMD Radeon ვიდეო ბარათები კარგად იყიდებოდა, რამაც განაპირობა AMD-ს აქციების ფასის ზრდა და კომპანიას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა. დროთა განმავლობაში კრიპტოვალუტების გავლენა ვიდეო ბარათებზე შესუსტდა, თუმცა როგორც ჩანს AMD-მ არ დაკარგა რწმენა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის პოტენციალის მიმართ.