folk, pop, singer/songwriter
ტრეკლისტი:
- სალხინო (1:52)
- კართან მოდგა შემოდგომა (2:49)
- ხევსურული სიმღერა (2:07)
- Обелиск (2:48)
- სიყვარულის დილა (2:44)
- ვინც ამ გოგოს გააცინებს (1:44)
- Mar, Dyandya (2:17)
- სიჭაბუკე (2:32)
- ორი გული გაქვს (3:36)
- Santa Maria (2:47)
- ოსური სატრფიალო (1:43)
- წლები გარბიან (3:12)
- Pyar Hua Iqrar Hua (3:25)
შემადგენლობა:
- მაყვალა ჩიხლაძე – გიტარა, ვოკალი
- არჩილ ჩიხლაძე – გიტარა, ვოკალი
- საესტრადო ორკესტრი “რერო” (1, 4, 1o, 13)
დაელაპარაკეთ მუსიკაზე თქვენს დედ-მამასა და ბებია-ბაბუას. ჰკითხეთ, რა იყო მათ დროს პოპულარული, რას ღიღინებდნენ ქუჩაში ახალგაზრდობაში, რა სიმღერებს მღეროდნენ დაბადების დღეებსა და ექსკურსიებზე… რაც არ უნდა განხვავდებოდეს თქვენი მშობლების გემოვნებები ერთმანეთისგან, ალბათ თითქმის ყველა გიხსენებთ მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეებს. მათი დუეტი იმდენად პოპულარული იყო საქართველოში, რომ ჩემს ბავშვობაშიც კი (ოთხმოცდაათიან წლებში), იშვიათი იყო სუფრა, სადაც გიტარა იყო და მათი რეპერტუარიდან რომელიმე სიმღერა ვინმეს არ შეესრულებინოს. ასევე, ბავშვობაში არ შემხვედრია ვინილების არც ერთი კოლექცია, რომელსაც ჩიხლაძეების მიერ ჩაწერილი გრამფირფიტა არ იყო.
ახლა სწორედ ეს ფირფიტა მინდა შემოგთავაზოთ. ის სამოცდაათიანების შუაგულში ჩაიწერა და 1976 წელს გამოიცა. როგორც მაშინდელი პოპ- (და არა მარტო პოპ-) ალბომების წესი იყო, აქ ძალიან ბევრ განსხვავებულ რამეს მოისმენთ. 13 სიმღერა 5 (!) სხვადასხვა ენაზე სრულდება (ქართულ, რუსულ, ბერძნულ, ბოშურ, ინდურ) და მართალი გითხრათ, ამ ხუთიდან 3-4-ს სულაც ამოვიღებდი ალბომიდან; მაგრამ საბედნიეროდ, ჩანაწერის უმეტესი ნაწილი უკავია იმას, რისთვისაც ეს დუეტი მართლაც ღირებულია: მარტივ, აკუსტიკურ, უაღრესად დახვეწილ ქართულ სიმღერას.
მართლაც, ძაგნიძისა და ჩხიკვაძის შემდეგ მე ასეთი დახვეწილი დუეტი არ მახსენდება. მაყვალას მდიდარ ხმას არჩილი ხშირად არაკლასიკურ, თითქოს იმპროვიზებულ კონტრაპუნქტებს ადებს, რაც ძალზედ ორიგინალურად და შთამბეჭდავად ისმის. ზოგჯერ ეს კონტრაპუნქტები ცალკეული ხმების (პირველის და მეორის) როლში გვხვდება, მაგრამ უმეტესად ეს განსხვავებები საერთოდ წაშლილია.
მელოდიზმის მხრივ, ქართული სიმღერების უმეტესობა იმდენად ძლიერია, რომ ისინი კლასიკურ სტატუსს იმსახურებს. ალბათ ყველაზე ცნობილი სიმღერაა „კართან მოდგა შემოდგომა“ – ამ სიმღერას ზოგჯერ ახლაც მღერიან ხოლმე. თუმცა ჩემი ბავშვობის სიყვარული „სიჭაბუკე“ იყო. ეს სიმღერა სოსო ებრალიძის დაწერილია და დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ უნაკლო მელოდიაზე, რომელსაც ვოკალური არანჟირება დუეტმა უზადოდ გაუკეთა.
კიდევ ერთი გამორჩეული სიმღერაა „წლები გარბიან“, რომელიც ჩემი აზრით ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართული სატრფიალო სიმღერაა… აქ რაღაც პარადოქსულად ლამაზად ერწყმება ერთმანეთს ქალაქური და ევროპული მელოდიზმი. ამ ფენომენის დეტალური ახსნა მუსიკის თეორეტიკოსებს მივანდოთ; აქ ეს საჭირო არაა. უბრალოდ მოუსმინეთ, ემოცია იგრძენით და გაიზიარეთ.
ამ შედევრების გარდა ჩანაწერზე ბევრი ბრწყინვალე სიმღერაა, ძირითადად მოკლე და ფოლკლორულ თემებზე („სალხინო“, „ხევსურული სიმღერა“, „ვინც ამ გოგოს გააცინებს“, „ოსური სატრფიალო“).
ერთი სიტყვით, ამ უცხოური სიმღერების მაგივრად (თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს Mar, Dyandya-ს ერთ-ერთი საუკეთესო ვერსიაა, რაც მომისმენია და დანარჩენიც კარგადაა შესრულებული, Обелиск-ის გარდა), რომ ქართული აკუსტიკური სიმღერები ჩაესვათ, ალბომი უნაკლო იქნებოდა (სერიოზულად, 10/10-ს დავუწერდი), მაგრამ როგორც არის, ჩემი აზრით, ჩანაწერი ახლაც ძალიან ღირებულია; და პერსონალური და ემოციური ბონუსის გათვალისწინებით შევაფასებ: 8,5 / 10.
მოასმენინეთ თქვენს მშობლებს: გაახსენებთ ახალგაზრდობას, გააბედნიერებთ. სამწუხაროდ, მოგვიანებით მაყვალა და არჩილი განქორწინდნენ, თუმცა ისინი დროდადრო იკრიბებიან და ერთად გამოდიან ხოლმე. როგორც ამბობენ. 2011 წელს მათ ახალი დისკი გამოსცეს, მაგრამ ის მე არ მომისმენია.
ჩემი აზრით, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის დიდი სირცხვილია, რომ დღეს, არჩილ ჩიხლაძისნაირი მომღერალი უსახსრობის გამო შიმშილობს. YouTube-ზე მარტივად შეძლებთ მისი ახლანდელი მდგომარეობის ამსახველი ვიდეოების მონახვას. მოგიწოდებთ, როგორმე დავეხმაროთ ამ კაცს; ის კიდევ ძალიან გამოადგება ქართულ კულტურას!
გადმოსაწერი ბმული: Makvala & Archil Chilkhladze – Makvala & Archil Chikhladze (1976)