Hi-Techახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

Amazon თანამგზავრული ინტერნეტის ამოქმედებას იწყებს

5 ივლისს 25 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჯეფ ბეზოსმა ონლაინ-წიგნების მაღაზია გახსნა. წლების შემდეგ კი AMAZON მსოფლიოში უმსხვილეს ონლაინ-პლატფორმად იქცა, სადაც აბსოლუტურად ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი. AMAZON-ის შემოსავლები ასობით მილიარდით აღირიცხება, მისი დამფუძნებელი კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. თუმცა ეს ყველაფერი კომპანიას ხელს არ უშლის კიდევ უფრო განვითარდეს. 

როგორც აღმოჩნდა, თავის 25 წლის იუბილეზე Amazon-მა მსოფლიოს საინტერესო სიურპრიზი გაუკეთა: კომპანიის ხელმძღვანელობამ აშშ-ის ფედერალური კავშირების კომისიაში შეიტანა განაცხადი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს, კომპანიამ მიიღოს  თანამგზავრული ინტერნეტის, სახელად Project Kuiper-ის გაშვების უფლება.  

ჯერჯერობით თავად ბეზოსს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ამის გარეშეც ცხადია, რომ Amazon-ის ხელმძღვანელობა ცდილობს პოზიციები დაიმკვიდროს ახალ ბაზარზე, შესაბამისად კონკურენცია გაუწიოს ილონ მასკს და მის თანამგზავრულ ინტერნეტ Starlink-ს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მომავალ წლებში კომპანია 3236 თანამგზავრს განათავსებს დედამიწის ზედაპირიდან 590 და 630 კილომეტრ სიმაღლეზე. 

აშშ-ის ფედერალური კავშირების კომისიაში შეტანილი განაცხადის მიხედვით ყველა თანამგზავრში გამოყენებული იქნება უნიკალური ტექნოლოგია, რომელმაც Project Kuiper უნდა უზრუნველყოს მრავალწლიანი უწყვეტი მუშაობით და თანაც დაცული უნდა იყოს გარე ფაქტორებისგან – იქნება ეს სხვა თანამგზავრებისგან წამოსული ხელისშემშლელი რადიოსიხშირეები თუ დამტვრეული აპარატის ნაწილები. 

image.png

Amazon-ის პროექტის მიზანია ინტერნეტით უზრუნველყოს პლანეტის მილიონობით მაცხოვრებელი, თუმცა კომპანია ამთავითვე აცხადებს, რომ დაშორებული რეგიონები კვლავ მიუწვდომელი დარჩება. უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ ამ სიახლესთან დაკავშირებით ილონ მასკის დამოკიდებულების გაჟღერებას, რომელიც ყოველთვის პოულობს საჭირო სიტყვებს კონკურენტების მისამართით. 
 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button