ახალი ამბებიმეცნიერებაჩვენი მსოფლიო

გეოინჟინერიის სამი პროექტი: „დიდი, მწვანე კედლები“, მზის ბლოკირება, CO2- ის მოშორება ატმოსფეროდან

მეცნიერებმა წამოაყენეს თეორიები, რომელთა მიხედვითაც უნდა დაინერგოს გეოინჟინერიის ფართომასშტაბიანი პროექტები, რათა მოხდეს დედამიწის რადიკალურად გარდაქმნა. ეს პროექტები განკუთვნილია იმგვარი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორებიცაა გაუდაბნოება, გვალვები და ჭარბი ნახშირორჟანგი ატმოსფეროში – ყველას სურს ებრძოლოს კლიმატის ცვლილებას. 

რითია საშიში გეოინჟინერია? 

კლიმატის უკონტროლო ცვლილების გავლენა ქვეყნებს ასობით მილიარდი დოლარი უჯდებათ წელიწადში, რადგანაც ექსტრემალური ამინდის სიხშირე მატულობს, მოსავლიანობა მცირდება, სხვა რომ არაფერი ვთქვათ სხვა შედეგებზე. ყველაფერ ამას მივყავართ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების გარდაუვალობამდე. თუმცა, გეოინჟინერია სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება. 

მოწინააღმდეგები ამტკიცებენ, რომ ადამიანები არასაკმარისად აღიქვამენ გლობალური ბუნებრივი ციკლების სირთულეს და მათი შეცვლის მცდელობა პრობლემებს უფრო გამოიწვევს, ვიდრე გადაჭრის. 

დიდი მწვანე კედლები 

ერთ-ერთი პროექტი არის პლანეტის დიდ მონაკვეთებში მცენარეული მწვანე კედლების შექმნა. ისინი შედგება ადგილობრივი მცენარეებისგან და გაშენდება უდაბნოების ნაპირებთან, რათა შეაკავოს მიმდებარე ტერიტორიების გაუდაბნოების პროცესი. ამ გადაწყვეტილების მიზანია დედამიწის გაახალგაზრდავება, რათა პლანეტის დიდი რეგიონები სიცოცხლისთვის უფრო ხელსაყრელი გახდეს. 

ორი უდიდესი კედელი – ესენია ჩინეთის პროგრამა, რომლის თანახმადაც 4500 კილომეტრზე გაშენდება მცენარეული საფარი, რათა შეაკავოს გობის უდაბნოს ზრდა. მეორე კედელი კი გაშენდება აფრიკაში 8000 კილომეტრზე საჰარას შესაზღუდად. 

ამ კედლების წარმატება დამოკიდებულია მცენარეების ცვლილებების გრძელვადიან კვლევაზე და ამისთვის მეცნიერები დაეყრდნობიან ათწლეულების განმავლობაში თანამგზავრებიდან მიღებულ ფოტოებს და დამატებითი ვიზუალური ინტერპრეტაციის ალგორითმებს გამოსახულების ანალიზისთვის. Google-ისა და გაეროს ერთობლივმა პროექტმა, Collect Earth-მა შექმნა ინტერფეისი ღია კოდით, რომელიც მკვლევარებს საშუალებას აძლევს, წვდომა ჰქონდეთ საჭირო მონაცემებზე. 

მზის ბლოკირება 

Geoengineering-Illustrations-04-1-1200x1200.png

გასულ წელს მეცნიერებმა ჩაატარეს ცდა, რომელიც გულისხმობდა გარკვეული რაოდენობის აეროზოლის გაშვებას დედამიწის ატმოსფეროში 20 კილომეტრის სიმაღლეზე. აეროზოლი შეიცავდა სულფატის ნაერთებს, რომელთაც შეუძლიათ მზის სინათლის არეკვლა და გლობალური ტემპერატურის დაწევა. 

2017 წელს ჟურნალ Atmospheric Chemistry and Physics-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მოცემულია, რომ აეროზოლი სწრაფად ვრცელდება და პლანეტის დიდ ნაწილზე მოქმედებს.  

მეცნიერები აგრეთვე მუშაობენ კოსმოსში გიგანტური „ქოლგის“ გაშვებაზე, რათა მოხდეს მზის გამოსხივების დონის კონტროლი. ეს იდეა ათწლეულების განმავლობაში არსებობდა, თუმცა მხოლოდ ახლახანს მიეცა ბიძგი განვითარებისთვის. 

2018 წლის Journal of Aerospace Technology and Management-ის ნაშრომში აღწერილია ე.წ. HSS-ის –  უზარმაზარი კოსმოსური ფარის გაშვება. გეგმის მიხედვით იგი შეაკავებს მზის რადიაციის მცირე ნაწილს, თუმცა ეს საკმარისი იქნება გლობალური ტემპერატურის 1,5 გრადუსით შესამცირებლად. 

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება – მოხდეს მზის ბლოკირება ღრუბლებით. იმისათვის, რომ წვიმა წამოვიდეს, საჭიროა ჰაერში ტენიანობის კონდენსირება. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ვერცხლის იოდიდის ან მშრალი ყინულის ნაერთებსაც შეუძლია იგივე ფუნქცია შეასრულონ. გეგმის თანახმად, საჭიროა ეს ნივთიერებები გაიტანონ ატმოსფეროში მშრალი რეგიონების ზემოთ, სადაც გაიზრდება ღრუბლიანობა და ნალექების რაოდენობა. 

CO2– ის მოცილება ატმოსფეროდან   

Direct Air Capture (DAC) – ეს არის ქიმიური ნივთიერებების კოქტეილი, რომლის კომპონენტები CO2–  ს უკავშირდება, თუმცა ინერტულნი არიან სხვა აირებთან მიმართებაში. როდესაც ჰაერი DAC-ის მოწყობილობაში (მას ხელოვნურ ხეებსაც უწოდებენ) გაივლის, CO2  ეწებება ქიმიურ ნივთიერებს: შესაძლებელი ხდება მისი შეკავება და გადამუშავება. შვეიცარიულმა კომპანია Climeworks-მა ააშენა კომერციული ქარხანა, რომელიც ნახშირორჟანგის „დაჭერისთვისაა“ განკუთვნილი. კომპანიის გეგმაა – 2025 წლისთვის მსოფლიოს ნახშირორჟანგის ერთი პროცენტის შეკავება. 

ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის მოშორება შესაძლებელია ოკეანეების მეშვეობითაც. მათი რკინით გამდიდრება ახდენს ფიტოპლანქტონის ზრდის სტიმულირებას, ეს ორგანიზმები იწოვენ ნახშირორჟანგს და ხელს უწყობენ იგი ოკეანის ფსკერზე დაილექოს. 

Geoengineering-Illustrations-01-1200x1200.png

„წამალი ავადმყოფობაზე უარესია?“ 

მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეები იმედისმომცემად გამოიყურება, არსებობს მთელი რიგი პოტენციურად საშიში შედეგების ალბათობა. მაგალითად, როდ-აილენდის შტატის კანონმდებლობაში ნათქვამია, რომ „გეოინჟინერია მოიცავს უამრავ ტექნოლოგიასა და მეთოდს, რომლებიც სახიფათო ქმედებებთანაა დაკავშირებული და შესაძლოა, მათ ზიანი მიაყენონ ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას“. 

წინააღმდეგობის მიუხედავად, ზოგიერთ კომპანიას ხელისუფლება ლობირებს, რათა მათ ნება ჰქონდეთ  დართული –  განაგრძონ გეოინჟინრებთან მუშაობა. მეცნიერები აგრძელებენ ახალი იდეების შემუშავებასა და ექსპერიმენტებს. არავინ იცის, რა შედეგებს გამოიღებს გეოინჟინრული პროექტები. რა მოხდება, თუკი ვთქვათ ოკეანეზე ზემოქმედებით განადგურდება თევზების პოპულაცია? ან იქნებ ეს სწორედ ის პროექტებია რაც კაცობრიობას სჭირდება?  

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button