ესპანეთის სამოქალაქო ომის მიწურულს, НКВД–ს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) გენერალი და ელჩი ალექსანდრ ორლოვი დასავლეთში გაიქცა. მოგვიანებით მან გამოსცა წიგნი სახელწოდებით “სტალინის ფარული დანაშაულები”, რომელშიც აღწერა უდიდესი ქურდობა ისტორიაში.
******
გენერალი ორლოვი ესპანეთში ჩავიდა 1936 წლის სექტემბერში, როცა სამოქალაქო ომი ახალი დაწყებული იყო. მის მისიას ოფიციალურად წარმოადგენდა რესპუბლიკის მთავრობისთვის კონსულტაციების გაწევა, რეალურად კი საბჭოთა აგენტი იყო.
ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ორლოვმა საიდუმლო შეტყობინება მიიღო საბჭოთა კავშირიდან. მას უბრძანებდნენ ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან ლარგო კაბალიეროსთან მოლაპარაკებას და მის დარწმუნებას, რომ დროებით საბჭოთა კავშირისთვის გადაეცათ ესპანური ოქროს მარაგი. შეტყობინებას ხელს აწერდა ივან ვასილის ძე, იგივე იოსებ სტალინი (ივან ვასილის ძე დიდი ბელადის მეტსახელს წარმოადგენდა ასეთი შემთხვევებისთვის). ესპანეთის მთავრობას არ სურდა, ამხელა განძი გენერალ ფრანკოს ხელში აღმოჩენილიყო (რომელსაც იმ დროისთვის უკვე მადრიდისთვის ჰქონდა ალყა შემორტყმული) და გადაწყვიტეს, უსაფრთხო ადგილას – მოსკოვში გაეგზავნათ, სადაც მას საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის ბრძანებით ცივ ნიავს არ მიაკარებდნენ.
1936 წლის 13 სექტემბერს ესპანეთის პრეზიდენტმა მანუელ აზანამ და ფინანსთა მინისტრმა ხუან ნეგრინმა საიდუმლო ვითარებაში ხელი მოაწერეს ბრძანებას ესპანური ბანკებიდან ოქროსა და ვერცხლის გადაზიდვაზე საბჭოთა კავშირში.
ორლოვი მეთვალყურეობდა ოპერაციებს. 11 000-ზე მეტი ყუთი გადაიტანეს ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქ კართაგენში და იარაღების მაღაზიებში შეინახეს. თითოეული ყუთი დაახლოებით 65 კგ სუფთა ოქროს შეიცავდა, რაც ჯამში 725 ტონას აღწევდა.
თავიდან გადაწყვეტილი ჰქონდათ რომ განძს ესპანური საბრძოლო ხომალდები გადაიტანდნენ ოდესაში, შავი ზღვის საკურორტო ქალაქში მაგრამ სამწუხაროდ ამდენი დრო არ ჰქონდათ, საბრძოლო გემები მალე უკან უნდა გაბრუნებულიყვნენ. ამასთან, გემების შემჩნევა ძნელი არ იქნებოდა და გამორიცხული არ იყო, გერმანიას ან იტალიას თავდასხმა განეხორციელებინათ, რადგან გენერალ ფრანკოს მოკავშირეებს წარმოადგენდნენ, რაც ესპანეთის იმდროინდელი მთავრობისთვის დიდი ზარალი იქნებოდა.
ორლოვის თხოვნის საფუძველზე, კართაგენში გაგზავნეს საბჭოთა გემები და 20 სატვირთო მანქანა, ხოლო რუს ჯარისკაცებს ესპანელებივით ჩააცვეს. იმისთვის რომ უცხოელ მზვერავებს არაფერი შეემჩნიათ, ღამით მუშაობდნენ: 60 ესპანელ მეზღვაურს ოქროთი სავსე ყუთები გადაჰქონდა სატვირთო ავტომობილებში, რომლებიც რუს მეტანკეებს მიჰყავდათ ნაპირზე და ტვირთი გემზე გადაჰქონდათ, შემდეგ კი ისევ უკან ბრუნდებოდნენ. ამ პროცესს დაახლოებით ორი საათი სჭირდებოდა.
3 დღე-ღამეში ყველაფერი მზად იყო. ესპანურ გემებზე განხორციელებული ერთი-ორი შეტაკების მიუხედავად, ოქრო წარმატებით გადაზიდეს და 4-მა დატვირთულმა რუსულმა გემმა ოდესისკენ გასწია. მათ თან მიჰქონდათ აურაცხელი განძი, რასაც ესპანელები საუკუნეების მანძილზე აგროვებდნენ.
გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ესპანური განძის ზედამხედველმა მოსთხოვა ორლოვს ხელწერილი დაედო ოქროს მომავალთან დაკავშირებით, თუმცა სტალინისგან დარიგებულმა ორლოვმა მიუგო, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა და შესთავაზა, ერთ-ერთ გემს გამოყოლოდა საბჭოთა კავშირში, რაც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა მისთვის და ასეც მოიქცა. თან კი რამდენიმე მისი ნდობით აღჭურვილი პირი გაიყოლა.
როცა გემები ოდესას მიადგნენ, ის პორტის მტვირთავებად გადაცმულმა НКВД-ს აგენტებმა დაცალეს, ამის შემდეგ კი სატვირთო მატარებლით მოსკოვისკენ გაუშვეს. პორტიც და რკინიგზაც იზოლირებული იყო აგენტების მიერ, რათა მიმდინარე პროცესები უცხო თვალისთვის (ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობისთვის) მიუწვდომელი ყოფილიყო და მოულოდნელობები გამოერიცხათ.
სტალინმა როგორც კი ნახა მოსკოვში ჩამოტანილი განძი, იმ საღამოსვე დიდი წვეულება გამართა კომუნისტური პარტიის ლიდერებსა და НКВД-ს თანამშრომლებთან ერთად. НКВД-ს შეფმა ნიკოლაი იეჟოვმა გაიგონა, როგორ ჩაილაპარაკა სტალინმა: “ესპანელები ამ ოქროს ვეღარასდროს ნახავენ, ისევე როგორც თავიანთ ყურებს”.
******
მართლაც, ოქრო რომელსაც იმ დროისთვის 600 მილიონი დოლარის ღირებულება ჰქონდა (დღევანდელი კურსით კი 5 მილიარდი დოლარი) , უკან არ დაუბრუნებიათ. ესპანეთის წარმომადგენლები, რომლებიც გემს გამოყვნენ რუსეთში ოქროზე ზედამხედველობის მიზნით, ციხეში ჩასვეს სამოქალაქო ომის დასრულებამდე. რამდენიმე წლის შემდეგ საბჭოთა გაზეთმა “პრავდამ”, კომუნისტური პარტიის პრესის სააგენტომ, დაადასტურა რომ 1936 წელს რუსეთში მართლაც შემოვიდა ოქრო, დაახლოებით 500 ტონამდე, მაგრამ ეს იყო ვალის გადახდა იმ დახმარების სანაცვლოდ, რაც რუსეთმა გაუწია ესპანეთს ომის დროს (806 თვითმფრინავი, 362 ტანკი და 1555 საარტილერიო დანადგარი). “პრავდას” განცხადებით, ესპანეთს რუსეთის წინაშე კიდევ 50 მილიონი დოლარი მართებდა.