ისტორია

ქართლის გაქრისტიანება

რომის მეტოქე III საუკუნიდან სასანიანთა (ახალი დინასტია ირანის ტახტზე) ირანი გახდა. ისინი ერთმანეთს რელიგიურ სფეროშიც დაუპირისპირდნენ. სასანიანებმა, ირანის სათავეში მოსვლისთანავე, ძველი რელიგია ზოროასტროზმი, იგივე მაზდეანობა ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს. მაზდეანთა „უმაღლესი ქურუმი“ შაჰინშაჰის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან პირად ითვლებოდა. ირანელები დაპყრობილ ტერიტორიებზე ამ რელიგიის გავრცელებას ცდილობდნენ და ცეცხლთაყვანისმცემლებისთვის ტაძრებს აგებდნენ.

იმავდროულად რომშიც დაიწყო მცდელობა, მაზდეანობის საპირისპიროდ მოეძებნათ ერთიანი რელიგია მსოფლიო იმპერიისთვის. IV ს-ში რომის იმპერია ორ ნაწილად – დასავლეთის და აღმოსავლეთის იმპერიებად გაიყო. მაგრამ მანამდე იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა (306-337) იმპერიის დედაქალაქი ბოსფორის სრუტეზე მდებარე ქალაქ ბიზანტიონში გადმოიტანა, რომელიც კონსტანტინეს ქალაქად – კონსტანტინოპოლად იწოდა. როდესაც IV ს-ის ბოლოს რომი 7 საბოლოოდ ორ ნაწილად გაიყო, აღმოსავლეთ რომის იმპერიას – უკვე ბიზანტიის იმპერიად იხსენიებენ, ხოლო მისი დედაქალაქი კონსტანტინოპოლი გახდა.

325 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ ნიკეის I საეკლესიო კრებაზე რომის ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა. რომის კვალდაკვალ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ქართლშიც გამოცხადდა ( ზოგი ცნობით 326, ზოგით კი 337 წელს ). ამ დროს ქართლის მეფე იყო მირიანი. ქრისტიანობა საქართველოში ჯერ კიდევ I ს-ში მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს (დასავლეთ საქართველოში). მაგრამ სახელმწიფო რელიგიად მხოლოდ IV-ს-ის დასაწყისში გამოცხადდა. ამ დროს ქართლში კაბადოკიიდან ჩამოვიდა წმინდა ნინო.

ნინო ქართლში თავდაპირველად ქ. ურბნისში მოვიდა, სადაც ერთი თვე დაყო. ერთ დღეს მან ნახა, რომ მთელი ქალაქი მცხეთაში წავიდა სავაჭროდ და სალოცავად, არმაზისთვის მსხვერპლის შესაწირად. ნინო თან გაყვა. მეორე დღეს მთელი ხალხი წავიდა არმაზის ციხისკენ. აქ გაემართნენ მირიან მეფეც და ნანა დედოფალიც. ნინო დაწინაურდა და მათ არმაზის ციხეში მიასწრო. მან აქ იხილა არმაზის კერპი, სპილენძის კაცი, ხმლით ხელში და ზურმუხტის თვალებით. მის მარჯვნივ ოქროს კერპის გაცი, ხოლო მარცხნივ ვერცხლის – გაიმი იდგა. ნინო შეწუხდა, რომ ხალხი თაყვანს სცემდა თავის გაკეთებულ უსულო კერპებს. ნინომ ილოცა და ქრისტეს სთხოვა კერპების დალეწვა. ლოცვის დასრულებისთანავე მოიღრუბლა, ამოვარდა საშინელი ქარიშხალი, მოვიდა სეტყვა. ხალხი გაიქცა. მეორე დღეს კერპების ნაკვალევი აღარ იყო. ნინო მეფის მებაღესთან დასახლდა დიდ ბაღში, სადაც ახლა სვეტიცხოველი დგას. აქ ის 9 თვე ცხოვრობდა. მებაღე და მისი ცოლი გააქრისტიანა. შემდეგ ის ქალაქგარეთ, მაყვლის ბუჩქთან დასახლდა (ეს ბუჩქი ახლანდელი „სამთავსის’’ საკურთხევლის ადგილას იდგა). მან ვაზის ნასხლავისგან ჯვარი გააკეთა, დადგა მაყვლის ქვეშ და იქ ლოცულობდა. ასე გაატარა 6 წელი. ის ქრისტიანობას ფარულად ქადაგებდა და ხალხს კურნავდა. მან დედოფალი ნანა მძიმე სენისგან განკურნა და შემდეგ გააქრისტიანა. უფრო გვიან კი მირიანიც დაარწმუნა და მასაც მიაღებინა ქრისტიანობა. ლეგენდის თანახმად მირიანი თხოთის მთებთან (ქ.გორთან) ნადირობდა. უცებ მას დაუბნელდა და დარჩა მარტო. გზა ვეღარ გაიკვლია. მან პირველად დახმარება ძველ ღმერთებს შესთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ნინოს ღმერთს შეევედრა და სიბნელე მაშინვე გადაიყარა. უკან მობრუნებულმა მირიანმა ნინო დაიბარა და ქრისტიანი გახდა. მან რომის იმპერატორს მღვდლების გამოგზავნა თხოვა. სანამ ისინი მოვიდოდნენ, ნინოს რჩევით თავის ბაღში ხის ეკლესია ააგო. ამის შემდეგ მღვდლებიც ჩამოვიდნენ და ქრისტიანობა მთელ ქვეყანაში გაავრცელეს. ნინომ და იოანე ეპისკოპოსმა ქრისტიანობა მთაშიც გაავრცელეს. აქ მათ ძველი კერპები დაანგრიეს. მთიელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მეფის ერისთავმა ძალა გამოიყენა. შემდეგ ნინომ ქრისტიანობა კახეთ-კუხეთშიც გაავრცელა. კუხეთში ნინო დასნეულდა და გარდაიცვალა. ის დაკრძალეს ბოდბის მონასტერში (ქ. სიღნაღთან).

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ახალი ქართული დამწერლობა შეიქმნა. მანამდე გამოიყენებოდა არამეული და ბერძნული დამწერლობები. ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშები შემორჩენილია პალესტინაში ( V საუკუნის 30-იანი წლები), ბოლნისის სიონის კედლებზე (V საუკუნის ბოლო), ასევე VI – VII სს. – მცხეთის წარწერები ( ჯვარზე)

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button