უფლებადამცველების მოწოდება – გამოიცეს კონვენცია, რომლის თანახმადაც აიკრძალება იმგვარი იარაღის წარმოება, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება
ექსპერტების ჯგუფმა, რომელშიც ჰაკერები და უფლებადამცველებიც შედიან, სახელმწიფოს მოუწოდეს შემუშავდეს მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ისეთი იარაღის შექმნა და გამოყენება, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს – წერს BBC.
მეცნიერებისა და უფლებადამცველების განცხადებაში ნათქვამია, რომ იარაღმა, რომელიც მხოლოდ ხელოვნური ინტელექტით კონტროლდება, შეიძლება დახოცოს უდანაშაულო ხალხი, რადგანაც დამოუკიდებლად აირჩევს სამიზნეს.
„რა თქმა უნდა, საუბარი არ ეხება მოსიარულე რობოტ-ტერმინატორებს, რომლებიც მსოფლიოს დაპყრობას აპირებენ. ჩვენ გვაშფოთებს უფრო რეალური რამ – ჩვეულებრივი შეიარაღების სისტემები ავტონომიურობის ელემენტებით. დრონები, სამხედრო თვითმფრინავები, რობოტი-დარაჯები, რომელთაც შეუძლიათ დამოუკიდებლად გახსნან ცეცხლი მცირე მოძრაობის დროსაც კი. ეს ყველაფერი ავტონომიური იარაღის წინამორბედია“ – აცხადებს Human Rights Watch-ის დირექტორი მერი უერჰემი.
ავტონომიური იარაღის გამოყენებისას ბოლომდე ნათელი არ არის, ვინ არის დამნაშავე იმ შემთხვევაში, თუკი რობოტი გადაწყვეტს უდანაშაულო პირის ლიკვიდაციას – აღნიშნავს სამხედრო ტექნოლოგია Clearpath Robotics-ის ტექნიკური დირექტორი Ryan Gariepy. ალგორითმს, რომელზეც მოწყობილობა მუშაობს, წერენ პროგრამისტები, თუმცა მათ ამოცანას სამხედრო პირები უსახავენ, რომლებიც ხშირად ათასობით კილომეტრით არიან დაშორებულნი იმ ადგილს, სადაც საბრძოლო მოქმედება მიმდინარეობს.
მცირე ხნის წინ ქვეყანათა ჯგუფი (მათ შორის აშშ და რუსეთიც) გამოვიდნენ აკრძალვის წინააღმდეგ. მაგალითად, პენტაგონს განზრახული აქვს ხელოვნური ინტელექტის შემუშავება-განვითარებაში უახლოეს წლებში 2 მლრდ დოლარზე მეტი ჩადოს.
გარკვეული პერიოდის წინ Google-მა უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო პენტაგონის 10 მლრდ დოლარიან კონკურსში, რომელიც ეხებოდა cloud-გამოთვლებსა და სამხედრო ტექნოლოგიებში ხელოვნური ინტელექტის შემუშავებას. კომპანიის უარი მისი თანამშრომლების პროტესტით იყო განპირობებული.