თეორია „ბაყაყი მდუღარეში“ – სამომავლო პროგნოზები
ადამიანები კარგად ადაპტირებენ დედამიწაზე მიმდინარე გლობალურ დათბობასთან – დამტკიცებულია კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის კვლევებით. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პროცესის ნელი ტემპის გამო ადამიანები უბრალოდ ვერ ამჩნევენ სერიოზულ ცვლილებებს და ეჩვევიან მუდმივად მზარდ ტემპერატურას. ერთი შეხედვით, ეს სიახლე შესაძლოა დადებითი ჩანდეს, თუმცა რეალურად ძალიან შემაშფოთებელია – მკვლევარები თვლიან, რომ გარკვეულ მომენტში ადამიანები გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდებიან ისე, რომ ვერ შენიშნეს სიცოცხლისთვის საშიში ცხელი კლიმატის ჩამოყალიბება.
XIX საუკუნეში მეცნიერებმა შეიმუშავეს თეორია, რომელსაც ეწოდა „ბაყაყი მდუღარეში“. მეცნიერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ცხელ წყალში მოთავსებული ბაყაყი ვერ შეამჩნევდა წყლის ტემპარატურის მატებას და ერთხელაც ცოცხლად მოიხარშებოდა ისე, რომ ვერც გაიგებდა რა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორია უკვე უარყოფილია, თანამედროვე მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მომავალში შესაძლოა ადამიანებს იგივე ბედი ეწიოთ, რაც ბაყაყს ზემოთხსენებული ორიგინალური ექსპერიმენტის შედეგად.
2014-დან 2016 წლამდე პერიოდში მკვლევარების გუნდი იკვლევდა სოციალურ ქსელებში განთავსებულ მილიარდობით შეტყობინებას ამინდის შესახებ. ისინი აკვირდებოდნენ მომხმარებლების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, ამინდის შესახებ ცნობებს და ადამიანების მდგომარეობას. შესადარებლად, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები დღესღეობით მომატებულ ტემპერატურაზე, შეგროვებული მონაცემები შედარებულ იქნა 1981-1990 წლების ტემპერატურის მაჩვენებლებთან.
აღმოჩნდა, რომ ადამიანები ყველაზე მეტად რეაგირებენ სეზონისთვის არატიპიურ ამინდზე: მაგალითად, თბილ ზამთარსა და ცივ ზაფხულზე. თუმცა ეს რეაქცია მათ მიერ სწრაფად დავიწყებადია – რამოდენიმე წელში იწყებენ თბილი ზამთრების ან სხვა ანომალიური მოვლენების აღქმას ნორმალურ პირობებად.
„ეს მოვლენა ნამდვილად ჰგავს „მდუღარეში მჯდარი ბაყაყის სინდრომს.“ ადამიანებმა დაიწყეს იმ ცვლილებებთან შეჩვევა და ადაპტირება, რომელთა მოგვარებაც სურთ და საჭიროა“ – აცხადებს კლიმატის სპეციალისტი ფრენსის მური.
მოცემულმა ფაქტმა მეტად შეაშფოთა მკვლევარები, თუმცა ისინი თვლიან, რომ ერთხელაც ბუნება ადამიანებს თავს შეახსენებს. ყველაზე დიდი ალბათობით, ადამიანები შეამჩნევენ ხანძრების შემთხვევების მატებას, გახშირებულ შტორმებსა და გვალვებს. ამგვარი კატასტროფები ყველაზე მკაცრად შეახსენებს ადამიანებს პლანეტის მდგომარეობას და მათ სასწრაფოდ მოუწევთ საჭირო ზომების მიღება.