Huawei-მ გამოუშვა მილიონი სმარტფონი საკუთარი ოპერაციული სისტემით
ჩინურმა კომპანია Huawei-მ გამოუშვა 1 მლნ ერთეული სატესტო სმარტფონების პარტია, რომელთაც პროგრამულ საფუძვლად უდევს მისივე წარმოების ოპერაციული სისტემა. ამგვარი ქმედება წარმოადგენს ნაბიჯს, რომლითაც კომპანია ცდილობს მოახდინოს ამერიკის ხელისუფლების მიერ გატარებული შეზღუდვის შედეგების კომპენსირება.
სააგენტო Rosenblatt Securities-ის ინფორმაციით, ხსენებული სმარტფონების პარტია ტესტირებაზეა გაგზავნილი. ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება ეს მოწყობილობები ბაზარზე თუ ისინი ჯერ მხოლოდ შიდა ტესტირებისა და საწარმოო პროცესის შემოწმებისთვისაა განკუთვნილი. კომპანიის მოხსენებაში ნათქვამია, რომ Huawei-ს მობილური ოპერაციული სისტემა თავსებადია ყველა Android-აპლიკაციასთან. აგრეთვე აქვს „პირადი მონაცემების უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებული შესაძლებლობები“.
ამ დრომდე Huawei-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კომპანიის კუთვნილი ოპერაციული სისტემა სამომხმარებლო ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნებოდა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ან მომდევნო წლის გაზაფხულზე. სისტემა HongMeng, ასევე ცნობილი, როგორც Ark OS, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მობილურ გაჯეტებში, კომპიუტერებში, ტელევიზორებში, ავტომობილებში და სხვ. ამერიკის მხრიდან აკრძალვის გადავადების მიუხედავად ჩინური გიგანტი არ აპირებს მოიცადოს და აქტიურად წინ სწევს საკუთარ პროგრამულ პლატფორმას. პორტალ Huawei Central-ის მონაცემებით, კომპანიამ უკვე დააპატენტა HongMeng-ის სავაჭრო ნიშანი ჩინეთში, კანადაში, სამხრეთ კორეაში, მექსიკასა და ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში.