Opel Corsa-ს ელექტრო ვერსია 330 კილომეტრი გავლის მარაგით
კომპანია Opel-მა წარადგინა ელექტრო ავტომობილი Corsa-e. ახალ ელექტრომობილს აქვს დინამიური გარეგნული იერსახე და მასში შენარჩუნებულია წინა თაობებისათვის დამახასიათებელი კომპაქტური გაბარიტები.
Corsa-e-ს სიგრძე 4,06 მეტრია და იგი გვევლინება, როგორც პრაქტიკული და კარგად ორგანიზებული ხუთადგილიანი ავტომობილი. როგორც მოგეხსენებათ, Opel ფრანგული მანქანათმშენებლობის კომპანია Groupe PSA-ის შვილობილი კომპანიაა და, აქედან გამომდინარე, ხსენებულ ელექტრომობილს მსგავსებები აქვს Peugeot e-208-სთან.
მანქანის სახურავის ხაზი 48 მილიმეტრით დაბალია წინა მოდელთან შედარებით. ეს ცვლილება არაფრით აისახება მგზავრების კომფორტზე, რადგანაც მძღოლის სავარძელი 28 მილიმეტრით დაბლაა განთავსებული. აღსანიშნავია, რომ მართვის მოქნილობა და დინამიკა გაიზარდა იმის წყალობით, რომ სიმძიმის ცენტრმა ქვემოთ გადაინაცვლა.
ელექტრომობილი აღჭურვილია სწრაფად რეაგირებადი და დინამიური მართვის სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულ და მოსახერხებელ მგზავრობას. სალონის თანამედროვე დიზაინი შესაძლოა შეივსოს ტყავის სავარძლებით.
Corsa-e ელექტრომობილის კონსტრუქციაში გამოყენებულია 50 კვტ.სთ. მოცულობის ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს 330-კილომეტრიანი სვლის მარაგს. 30 წუთში შესაძლებელია ბატარეის ენერგიის 80%-მდე შევსება. ხსენებულ ელექტრომობილს შეუძლია 136 ცხენის ძალა სიმძლავრის განვითარება. მძღოლს შეუძლია გამოიყენოს თავისთვის ოპტიმალური რეჟიმები – Normal, Eco და Sport. 50 კმ/სთ. სიჩქარის განვითარებას მანქანა 2,8 წამში ახერხებს, 100 კმ/სთ. სიჩქარის გავითარებისათვის კი საჭიროა 8,1 წამი.
Corsa-e წარმოდგენილია 7- ან 10-დუიმიანი სენსორული დისპლეითა და თანამგზავრული სანავიგაციო სისტემით. Opel-ის ახალი ელექტრომობილის შეძენა რამოდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი. Corsa-e მობილის საცალო გასაყიდი ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა.