ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? არეშიძეთა გვარი

მთის რაჭას ბუდობდა ძველთაგან გვარი არეშიძეთა. ღების მახლობლად, მუხამეშის ხევში, დეგციხის მფლობელნი იყვნენ თავადი არეშიძენი.

მთა ვერ ჰგუობდა ფეოდალთა ბუდეს. ეგრე უბნობენ, ღებელთ უხოცავთო არეშიძენი. ვინცა ვინ არეშიძეთაგან გადარჩენილა, რაჭის ქედს აქეთ გადმოსულან, ზემო იმერეთს. სიგელ-გუჯრებში ესენი იხსენიებიან ვითარცა აზნაურნი არიშიძენი. ვიეთნი არეშიძენი ლიხის ქედს აქეთ გადმოსულან, ქვემო ქართლს. სიგელ-გუჯრებში ესენი აზნაურ არეშიშვილებად იხსენიებიან.

ბატონიშვილი იოვანეც ეგრე გვამცნობს, ვითარმედ არეშიშვილნი და არებაშვილნი ლიხთიმერეთითგან გადმოსული არეშიძენი არიანო.

KARIBCHE

XV საუკუნიდან ჩანან ზემოიმერელი არიშიძენი.

1500 წელს იმერთა მეფემ ალექსანდრემ, ძველი სიგელის მიხედვით, 120 ათასი ძველი კირმანეული თეთრი გაუჩინა ბეჟან არიშიძეს სისხლის ფასად.

1503 წლის საბუთში ხსენდება არიშიძე ლომი, რომელიც თვისის ციხითა და თვისის ყმა-მამულით თავად ჯაფარიძეთა სამსახურში მდგარა.

XVI საუკუნიდან ჩანან ქვემოქართლელი არეშიშვილნი – სახასო და საბარათიანო აზნაურნი.

1583 წელს ქართლის მეფემ სვიმონ I-მა არეშიშვილთ ხრამის ხეობაში სოფელი ვარხონა უბოძა ერთგულებისა წილ.

1646 წელს როსტომ მეფემ არეშიშვილთ დაუბრუნა ბარათიანთაგან წართმეული არეშიანთ მამულები.

1652 წელს ამავე მეფემ არეშიშვილთ უბოძა ერთი ამოვარდნილი ბარათაშვილის მამული სოფელ ვეძას. ამათ გარდა, აზნაურ არეშიშვილთ ქვემო ქართლს მამული აქვნდათ: ენაგეთს, დურნუკს, ეცოს, ლიპს, იფნარს, ახალშენს, გენაურს, სამღერეთს, ჩხიკვთას, შავსაყდარს, ხატისთელეთს…

აზნაური არეშიშვილნი მეფე გიორგი XI-ს ახლდნენ სპარსეთ-ავღანეთში და დიდად ერთგულად და თავგადადებით მსახურებდნენ თურმე.

ჟამითი-ჟამად სამეფო კარზე სალაროს მოლარედ და საწოლის მწიგნობრად ჩანან არეშიძე-არეშიშვილნი.

XVII საუკუნის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში იხსენიებიან იმერეთიდან გადმოყვანილი რაჭველი არეშიძენი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის არეშიძენი გამოდიოდნენ ცალკე – იმერეთის სამეფო ლაშქარში და ცალკე – ქართლის სამეფო ლაშქარში, მოწინავე, შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში.

ამჟამად არეშიძენი ცხოვრობენ ისევ ზემო იმერეთს, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლს და კიდევ – ოდიშს, ოკრიბას, გარე კახეთსა და ჰერეთს.

საქართველოში არეშიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 960-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი არეშიძეთა!

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button