პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ხომლი

ნათელი ღამე, გაშლილი ზღვა, ცის დასავალი
სდარაჯობს ეთერთ სიმშვიდესა და მყუდროებას.
მარტოდენ ზვირთი მოვერცხლილი და ძილგამფრთხალი
დროგამოშვებით გაიტაცებს საწუთროებას,
თავის სიზმრებით, თავის მწარე მოგონებებით,
დაღლილ-დაქანცულს უსაფუძვლო სიცოცხლის ვნებით.
მე მახსოვს და არ მავიწყდება, ვარსკვლავთ კაშკაში
შუქთა ფერხულში ისე ნაზად გადაშლილიყო,
და მხოლოდ მარტო ვარსკვლავებმა იცოდენ ცაში,
რომ ქვეყნად ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.
ჟამი რბიოდა… ვერ ასწრებდა შეხედვას თვალი
და შეეჩვია გული სევდას, ურწმუნოებას.
ნათელი ღამე, გაშლილი ზღვა, ცის დასავალი
ისევ სდარაჯობს სიმშვიდესა და მყუდროებას.
ვარსკვლავთა ხომლი ისევ დნება შუქთა ფრქვევაში,
ზღვისა ყვავილებს უალერსებს სამხრეთის ქარი,
ეხლაც კი, მხოლოდ ვარსკვლავებმა იციან ცაში
ჩემი ფიქრები და წარსულის მწარე ზღაპარი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button