მეორე დარტყმა Huawei-სათვის, ამჯერად ბრიტანული ჰოლდინგ ARM-ისაგან
Huawei-ს ხელმძღვანელობამ როგორც კი განაცხადა, რომ აშშ მის შესაძლებლობებს ვერ აფასებს და ჩინელებს სმარტფონების გამოშვება საკუთარი განყოფილება HiSilicon-ის მონაწილეობითაც შეუძლიათ – ჩინურმა გიგანტმა მომენტალურად მიიღო დარტყმა „Cloud-ალბიონისაგან“ – აცხადებს BBC.
ბრიტანულმა ჰოლდინგმა ARM-მა თავის თანამშრომლებს შორის გაავრცელა შეტყობინება, რომ უნდა შეწყდეს ნებისმიერი ფორმით თანამოქმედება Huawei-სა და მის განყოფილებებთან. ARM-ის ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებას ხსნის აუცილებლობით – იმოქმედოს ამერიკული ხელისუფლების შეზღუდვების შესაბამისად. ბრიტანელების მხრიდან მსგავსი სოლიდარობა აიხსნება არა პოლიტიკით, არამედ ARM-ის ინტელექტუალური საკუთრების ამერიკული წარმომავლობის გამოყენების საკითხით.
BBC არ აკონკრეტებს, იქონია თუ არა ბრიტანეთის ხელისუფლებამ გავლენა ARM-ზე ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჩინური ტექნოგიგანტის ქვეგანყოფილება HiSilicon, რომელიც მცირე ხნის წინ ნახევარგამტარი პროდუქციის უმსხვილეს მწარმოებელთა 15-ეულში შევიდა შემოსავლის მხრივ – დაკარგავს წვდომას ARM-პლატფორმასა და მის ეკოსისტემაზე, შედეგად კი Huawei ვეღარ შეძლებს თავისი მობილური პროდუქტების ხაზის განვითარებას ARM-არქიტექტურით. უკვე არსებულ მოდელებს არაფერი ემუქრება, ისინი კვლავ გამოვა ბაზარზე, მათ შორის მეტად პერსპექტიული პროცესორი Kirin 985-იც, თუმცა მის „შთამომავალს“ უკვე სხვა საბაზრო რეალიებზე მოუწევს გამოჩენა. ARM-ის თანამშრომლებს მიღებული აქვთ რეკომენდაცია – მაქსიმალურად ტაქტიანად უთხრან უარი Huawei-სა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობაზე.
თავად ბრიტანული ჰოლდინგი ARM მცირე ხანია, რაც იაპონური კორპორაცია Softbank-ის საკუთრებაშია და ჯერჯერობით რთულია თქმა, როგორ აისახება ეს ფაქტი შექმნილ ვითარებაზე. ფაქტია, ARM-ის ზედა ინსტანციებიდან არავის შეუძლია შეეწინააღმდეგოს ამერიკის ხელისუფლებას.
რაც შეეხება თავად Huawei-ს პოზიციას, იგი საკუთარ გზას დაადგა და აცხადებს რომ არ სჭირდება ოფიციალური ლიცენზია ამერიკისაგან.
Huawei-ს მოწყობილობები აღარ მიიღებენ Android-ის განახლებას, ახალ მოდელებში კი Google Play საერთოდ აღარ იარსებებს. რამოდენიმე დღის წინ აშშ-მა ჩინურ კომპანიას მისცა დროებითი ლიცენზია, Huawei-ს დამფუძნებელი კი აცხადებს, რომ ეს უკვე საერთოდ არაფერს ნიშნავს კომპანიის განვითარებისათვის, რადგანაც კომპანიას უკვე აქვს საკუთარი ოპერაციული სისტემა სახელად HongMeng: სწორედ მისი მხარდაჭერა ექნება Huawei-ს აბსოლუტურად ყველა მოწყობილობას. ყველაფრიდან ჩანს, რომ Huawei საფუძვლიანად მოემზადა ამერიკის მხრიდან ამგვარი რადიკალური გადაწყვეტილებებისათვის.