NASA-ს მისია „ARTEMIS”: ქალი მთვარეზე
2019 წლის მარტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა Mike Pence-მა გამოთქვა აზრი, რომ კოსმოსური სააგენტო უნდა იქცეს „უფრო კომპაქტურ და მოქნილ“ ორგანიზაციად და უახლოეს ხუთ წელიწადში ამერიკელები უნდა დააბრუნოს მთვარეზე. სააგენტოს დირექტორმა Jim Bridenstine-მა მაშინვე მიიღო გამოწვევა და ამჟამად ორგანიზაცია დედამიწის თანამგზავრზე ადამიანების გაგზავნას უკვე 2024 წლისთვის გეგმავს. ეს მისია აღსანიშნავი იქნება განსაკუთრებით იმის გამო, რომ მის ფარგლებში მთვარეზე პირველად დაადგამს ფეხს მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.
კოსმოსურ სააგენტოს 2024 წელი შემთხვევით არ აურჩევია – ამ წლისათვის ზუსტად 55 წელი იქნება გასული ლეგენდარული მისია “Appolo”-დან. 1969 წელს მთვარეზე პირველი ნაბიჯი მამაკაცებმა დადგეს, NASA კი ამჯერად ქალის გაგზავნას აპირებს. აქედან გამომდინარე, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მისიის სახელწოდებაა “Artemis” (არტემიდა) – ძველბერძნული ღვთაება აპოლონის ტყუპი და, ნადირობის ქალღმერთი.
მთვარეზე პირველი ქალი ამერიკელი იქნება. ეს ერთ-ერთი მთავარი დეკლარაციაა, რომელსაც NASA მხარს უჭერს.
სააგენტოს დირექტორმა განმარტა, თუ რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი მთვარეზე ქალის გაგზავნა. მისი აზრით, მეტად სიმბოლური და ლამაზი იქნება “Appolo”-ს მისიიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ ეკიპაჟში შემავალი ქალი ასტრონავტის გაგზავნა.
„მე მყავს 11 წლის ქალიშვილი და მსურს, რომ მან საკუთარი თავი იმავე როლში იხილოს, რაშიც მომავალმა ქალმა ასტრონავტებმა“ – აცხადებს Jim Bridenstine.
მისია “Artemis” ამჟამად ჩანასახის ფაზაში იმყოფება – სააგენტოს ჯერჯერობით არ გააჩნია შემოწმებული რაკეტები და კაფსულები, რომლებიც გარანტირებულად უზრუნველყოფენ ადამიანების ჩაყვანას მთვარის ზედაპირზე. რა სახით აპირებს სააგენტო ამის ფონზე და ასეთ მოკლე დროში მისიის განხორციელებას, ჯერჯერობით გაურკვეველია.