მფრინავი მოტოციკლის პროექტი Lazareth
ფრანგული კომპანია Lazareth-ის მოტოციკლები ცნობილია თავიანთი სტილით, გაბედული და აგრესიული დიზაინითა და სიმძლავრით. 2018 წლის ბოლოს კომპანიამ წარადგინა მფრინავი მოტოციკლი Moto Volante, რომელიც იმ დროს ფუტურისტულ მოდელად მიიჩნეოდა და რეალურ პირობებში გამოყენებისთვის არ იყო განკუთვნილი. თუმცა ამჯერად როგორც ცნობილი გახდა, იგი მართლაც ახდენს ფრენის დემონსტირებას – მოტოციკლს შეუძლია ერთი მეტრის სიმაღლეზე აფრინდეს და მსუბუქად დაეშვას უკან.
ახალი მოტოციკლი წარმოადგენს ევოლუციას შთამბეჭდავი იერსახითა და სიმძლავრით, აქვს 470 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე Maserati-ის ძრავი. Moto Volante-ის მთავარი ინოვაციაა რეაქტიული ტურბინები JetCat, რომელთა საშუალო ბრუნვის მაჩვენებელია 96 ათასი ბრუნი წუთში. ჰიდრავლიკურ აქტუატორებს საბურავები ვერტიკალურ მდგომარეობიდან ჰორიზონტალურში გადაჰყავს, რათა მათ შეძლონ კონსტრუქციის ჰაერში აწევა.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, Moto Volante-ის მფლობელებს შეეძლებათ იარონ ჩვეულებრივი გზით, სწორი ფართე ზედაპირის მოედნიდან კი შეძლებენ აფრენას. სტანდარტული სვლის რეჟიმიდან ფრენის რეჟიმზე გადართვას დაახლოებით 60 წამი სჭირდება – სწორედ ეს დროა საჭირო აფრენისთვის მოსამზადებლად. კონსტრუქცია 140 კილოგრამს იწონის, ამიტომ აუცილებელია ძრავმა უზრუნველყოს დაახლოებით 240 კგ გაწევა.
მოტოციკლი Lazareth Moto Volante კიდევ ერთხელ წარდგება საზოგადოების წინაშე 2019 წლის ოქტომბერში დუბაიში გამართულ გამოფენა Gitex-ზე. ამავე დროს დაიწყება წინასწარი შეკვეთების მიღება – მოტოციკლის ფასი შთამბეჭდავად მაღალია და დაახლოებით 560 ათას დოლარს შეადგენს.