ზღაპარისაბავშვო

აკაკი ჭანტურია – ოქროს კრავი და ხეიბარი ბიჭი

ყოფილა ერთი ძალიან პატიოსანი და კარგი გულის მეცხვარე. ეს ისეთი კაცი ყოფილა, რომ ყველას ჰყვარებია, და ამასთან ერთად ისეთი გავლენა ჰქონია თავის მეზობლებში, რომ ამას ვერავინ ვერასდროს ვერაფერს უბედავდა.

    ერთი პატარა ვაჟის მეტი არავინ ჰყოლია, მაგრამ ეს ბიჭი იმისთანა ყოფილა, რომ ყველას ჰყვარებია. ყველაფერში ვარგისი და ნიჭიერი კაციშვილი ამისთანა მეორე არ ყოფილა. ამას ჯერ საქონლის გაყოლა არ შესძლებია და მამამისი, რადგან სახლს ვერ დატოვებდა, მთაში საქონელს სხვას ატანდა თურმე. მალე ვაჟი მოსწრებია, საქონლის გაყოლა დაუწყია და ამ კაცის საქმე ისე წასულა, რომ უკეთესი არ შეიძლებოდა. მალე დიდძალი საქონლის პატრონი გამხდარა, მაგრამ ერთბაშად ისეთი უბედურება დასტეხია თავს, რომ კინაღამ ამოუწყვეტია ამ კაცის ოჯახი: ბიჭი ხიდან ჩამოვარდნილა, ხელი და ფეხი მოუტეხია და ამაზე დაგლახებულა – ხელი წართმევია და დაკოჭლებულა.

    მამას ამ ბიჭის უბედურება ისე მოხვედრია გულზე, რომ დაავადებულა და დაგლახება დაუწყია. შიოს მარანივით სავსე ოჯახი კვლავ დაღუპვის კარზე დამდგარა. როცა ის ბიჭი დაგლახდა, მამაც დაგლახების გზას დაადგა და უსარგებლოდ რომ გადაიქცა, საქონლის სხვისთვის მიბარება დაუწყია კვლავ, აქ კი საქონელს ყოველთვის კარგვა და კლება დაუწყია. მაგრამ ეს კაცი თავის გაჭირვებას ყოველთვის თავის გულში იკლავდა, ღვთისადმი ერთი საყვედური არასოდეს წამოსცდენია. ბოლოს ეს კაცი დაავადებულა და მომაკვდავი გამხდარა. რა ექნა გაჭირვებულ ბიჭს? ამას დაუწყია შეშის მოსატანად ჩლახუნი და როცა დარჩენილი საქონელი შინ ჰყავდათ, მისი გაყოლა.

    მის ძველ ნაამხანაგრებს ჯერ ეცოდებოდათ თურმე ეს ბიჭი, მაგრამ მალე აგდება და დაცინვა დაუწყიათ. რამე სამაგიერო რომ გაებედა, გალახავდნენ. აბა, რას იზამდნენ, როცა დაგლახებულ ბიჭს დამხმარე არავინ ჰყავდა! ამ ბიჭს ძველებურად ცეცხლივით გული ედო, მაგრამ რა ექნა, ხელ-ფეხი რომ არ უვარგოდა! და ასე, ძველად თვით მას რომ დაჯაბნებული ჰყავდა, ის ამხანაგები დღეს თავზე ასხდნენ. იმათ ის სასაცილოდ მიაჩნდათ. ეს გაჭირვებული ბიჭი, რადგან ვერავის ვერაფერს უბედავდა, ყველაფერს თავის გულში იკლავდა. ყოველთვის მოწყენილი იყო, ბევრჯერ ტირილითაც ინუგეშებდა თავს («გულს»). სულაც არ უნდოდა თავის ძველ ნაამხანაგრებს დანახვებოდა, მაგრამ რა ექნა, ეცოდებოდა თავისი გაჭირვებული დედა, რომელიც მუდამ მდუღარე ცრემლებს ღვრიდა («ცრემლებში იჯდა») და თავისი მომაკვდავი მამა. გულდამძიმებული იტანდა იმას, რაც თავისმა უბედურმა ბედმა უყო, და ყველაფერს აკეთებდა, რაც კი შეეძლო.

    ერთხელ ეს ბიჭი შეშის მოსატანად ტყეში წასულა. ცოტა წინ რომ წაუწევია ტყეში, კრავის ხავილისათვის მოუკრავს ყური. იქით-იქით რომ წაუწევია, დაუნახავს, რომ უშველებელი კლდის ძირას კრავი გდია და ხავის. გაჰკვირვებია ამ ბიჭს, რადგან ყველას საქონელი მთაში ყოფილა და ამ ადგილას ცხვრები არავის ჰყოლია, მაგრამ კრავი რომ არის, ამას თავისი თვალით ხედავს ბიჭი. შეეცოდა, მაგრამ რა ქნას! ეს კლდე იმისთანაა, ხელ-ფეხი რომ არ უვარგა, ის კი არა, მაგარხელფეხიანი და მთაში კარგი მოსიარულე კაცი ვერ ჩავა. თავის ნაამხანაგრებს რომ უთხრას, დაცინვას დაუწყებენ. სხვა არავინ ეგულება, აქ ჩასვლას რომ გაბედავს, ისეთი, ისე მიუდგომელია ეს კლდე. ხელ-ფეხი რომ უვარგოდეს, კრავის სიბრალულით თვითონ გაბედავს ამას, მაგრამ რა ქნას, როცა განახევრებულია («შუაშია გაჭრილი»)! კრავმა, თითქოს ბიჭს დახმარებას სთხოვდა, კიდევ უფრო მოუმატა ხავილს. გულმა ვერ მოუთმინა ბიჭს, თქვა: «ჩემი დედ-მამა მეცოდება, იმათ მაინც დავწყვეტ გულს, თორემ ჩემისთანა დაგლახებული კი არა, ათასი დევგმირივით კაცი დაღუპულა. კრავი შველას ითხოვს, თუ დავიღუპები, დავიღუპო!».

    ცალი ხელით და ცალი ფეხით, თითქოს ეშმაკის სული სდგმოდეს, ჩახოხდა ბიჭი კლდის ძირში. კრავი ფეხმოტეხილი ყოფილა და ისე კოჭლობდა, რომ ადგილიდან ვერ იძროდა. როგორც კი ბიჭმა ხელი მოჰკიდა კრავს და ზევით ასწია, კრავმა ხავილი შეწყვიტა. ბიჭმა კრავი ჩაიხუტა და ჩაჯდა.

    «საწყალო პუნტულავ, მარტო არ გინდოდა სიკვდილი? შენც კოჭლი, მეც კოჭლი. მოდი აქ, ერთად მოვკვდეთ, რადგან აწი აქედან ჩვენ ვერ ავალთ! მალე ამ კლდიდან ჩამოცვენილი ქვები მიწის მაგივრად დაგვეყრება ზედ და ჩვენი ძვლები მათ ქვეშ იქნება ჩამარხული. ვერ ავალთ, მაგრამ მაინც რისთვის ავიდეთ?! როგორც მე, შენც დაგლახებული ყოფილხარ. არ ვარგაო, იტყვიან და დანით ყელს გამოგჭრიან. «შენ რატომ არ გამოგჭრეს ყელიო?», თუ მკითხავ, ეს იმიტომ, რომ ადამიანის ხორცის ჭამა ახლა მიტოვებული აქვთ, თორემ, ეს რომ დამემართა, იმ დღესვე დანას გამიყრიდნენ. დამტოვეს იმისათვის, რომ მეწვალა. ყელს რომ დანა მოხვდება, მძორს ხვდება, მძორის სისხლს უშვებს. როცა დანა გულში მოხვდება კაცს, სისხლს არ უშვებს და სულს რომ კოდავს, ის ყოფილა მწარე. მე შენზე უფრო გაჭირვებული ვარ, მე უფრო მეტი მაქვს საყვირალი, მაგრამ რომ ვიყვირო, ის სულის მომწყვლელი დანა მომხვდება ყოველთვის. მე შენმა სიყვარულმა ჩამომიყვანა, მოდი, ერთად მოვკვდეთ!» და უფრო მაგრა მიიხუტა და კოცნა დაუწყო. «მაგრამ, საწყალო პუნტულავ, შენ რომ სიკვდილი გნდომებოდა, არ იხავლებდი. ალბათ, არ გინდა სიკვდილი. მე შენზე წინ რომ მოვკვდე, გავცივდე და ისე გადავიქცე, რომ ვერ ჩაგიხუტო, ისევ ხავილს დაიწყებ. შენმა სიყვარულმა ჩამომიყვანა. რადგან სიკვდილი არ გინდა, ისევ შენი სიყვარულის გამო ვეცდები. თუ ვერ შევძელი და შენ სიკვდილს ვერ გადაგარჩინე, მე არ დამაბრალო, დააბრალე იმ შავ ბედს, რომელმაც მე ხელ-ფეხი მომტეხა. მოდი აქ, ასე!» და კრავი კისერზე შემოიგდო. მერე, რაც შეეძლო, ყაბალახით შემოიკრა, რომ არ ჩამოვარდნილიყო.

    დაიწყო ბიჭმა ზევითკენ ხოხვა. უკვირს ამ ბიჭს, რომ რაღაც მაგრად გრძნობს თავს და წამხდარ ხელ-ფეხს გაჭირვებაში იშველიებს. ამოვიდა ბიჭი, ერთიანად დაავიწყდა, რაც ხელ-ფეხის წახდენის შემდეგ უტირია და უჯავრია.

    «გადავურჩით შავ კლდეს, მაგრამ აწი რა ვქნათ, პუნტულავ? აქედან ამოვიყვანე-მეთქი, რომ ვთქვა, «ეშმაკის სული სდგმიაო», იტყვიან, დამდაღავენ და ცეცხლში დამწვავენ. შენი გულისთვის რასაც მიზამენ, მიყონ, წავიდეთ შინ! შავ კლდეს რომ გადაურჩა, იმას კაცი რას დააკლებს!».

    ერთი ვახშამი რომ იქნებოდა (ე.ი. ერთი ვახშმის გამზადებას რომ ეყოფოდა), იმდენი შეშა ამოიღლიავა და შინისკენ გასწია. კრავი კისრიდან არ მოუშორებია. გზაზე მისი ნაამხანაგარი ბიჭები შემოხვდნენ. «სად ნახე, ჩლახუნავ, შენისთანა მომაკვდავი და მუნიანი კრავი?» «შავი კლდის ძირში ხაოდა». «მერე ვინ ამოიყვანა იქიდან?» «ვინ და მე ამოვიყვანე», – უპასუხა ბიჭმა და ისინი აქ დატოვა.

    ჯერ სიცილი დაიწყეს ბიჭებმა, მაგრამ იცოდნენ, რომ ამ ბიჭმა ტყუილის თქმა არ იცოდა და მოილაპარაკეს: «ნამდვილად ეშმაკის სული სდგმია, მზაკვარი ყოფილა, თეთრ მგელზე მჯდარა! წავიდეთ მღვდელთან და ვუთხრათ, თორემ ეს ყველას დაგვღუპავს!».

    ბიჭმა კრავი შინ მიიყვანა. დედამ ჰკითხა: «შვილო, ვინ მოგცა ეს კრავი?» «შავი კლდის ძირში ხაოდა და იქიდან ამოვიყვანე». «არა თქვა, შვილო, შავი კლდის ძირში რამ ჩაგიყვანა! რაღაცაა, ეშმაკისეულია ეს, გადააგდე, შვილო, იქით! კარგი ისედაც არა გვჭირს და წყეული ეშმაკი კიდევ რაღაც შავს ამზადებს ჩვენთვის. ჭირიანი იქნება კრავი». «არა, დედა, ეშმაკი თხაზე რომ თქვა, ცოტას დაგიჯერებ, მაგრამ კრავზე ვერ დაგიჯერებ! ეშმაკს რა უნდა კრავთან! ეშმაკს კრავთან საქმე არა აქვს».

    ბიჭის მამას რქის ამოსვლასავით გაუკვირდა, რა თქვას, არ იცის. «შვილო, – უთხრა შვილს, – შენ, ხელ-ფეხი რომ გივარგოდა, მაშინ არასდროს ჩასულხარ შავ კლდეზე, არც არავინ ჩასულა იქ. რამ ჩაგიყვანა, ან რამ ამოგიყვანა?! ეს რაღაც საფარსაგო თუ არ არის, შვილო, რაცა გვჭირს, იმაზე უარესი რა დაგვემართება! დაილოცოს ღვთის სახელი! შეაგდე ბოსელში, იქნებ არ მოკვდეს!».

    «მამა, ახლა მეც მიკვირს, ან როგორ ჩავედი და ან როგორ ამოვედი, მაგრამ ისე საცოდავად ხაოდა, რომ ვერ მოვითმინე. რომ ჩავედი, ხავილი შეწყვიტა. მერე, სიკვდილი არა ნდომია-მეთქი, და ამოსვლა ვცადე. კი ხედავ, რომ ამოვედი და ესეც ამოვიყვანე».

    «მაგრამ, შვილო, ჩვენ რომ კარგი ბედისა არა ვართ, კი ხედავ. საიდან მოვიდა იქ კრავი, არც ის მომწონს და არც შენი იქ ჩასვლა!».

    «არა, მამა, ბედი სულ რომ არ მქონოდა, ან რამ ჩამიყვანა, ან რამ ამომიყვანა? ჩემზე თუ ითქმის, ბედი ჰქონიაო, უბედური კაცი იქ ვერც ჩავიდოდა და ვერც ამოვიდოდა».

    კრავი კერაში შესვა, დაწოლის დროს კუთხეში ნაბდისძველა დაუგო და იმაზე დააწვინა. ყველანი დაწვნენ. წევს ბიჭი, მაგრამ არ სძინავს. როცა იფიქრა, ახლა დედა და მამა დაძინებული იქნებიანო, წყნარად წამოდგა და კრავი თავის ლოგინზე დააწვინა და თვითონ გვერდით მიუწვა.

    დილით დედა რომ ადგა და კრავი კუთხეში ვერ ნახა, წუხილი და ყვირილი დაიწყო: «მე არა ვთქვი, ეშმაკისაა-მეთქი! კრავი რომ არ არის, რა დაემართა, თუ ეშმაკი არ იყო, ან ჭინკა, ან რამე ავი სული!».

    დედის წუხილმა და ყვირილმა ბიჭი გააღვიძა. «რას წუხარ, დედა! კრავი იქიდან ავიყვანე და ჩემთან დავაწვინე!» ესა თქვა და ახალგაღვიძებულმა ბიჭმა ერთი გაიზმორა. იგრძნო, რომ წამხდარი ხელი ღვედივით დაჰყვა, რომ დაიხედა, ხელი მორჩენილი აქვს! «დედა, ხელი რომ მომრჩენია, ვერა ხედავ!» – დაიყვირა ბიჭმა და ფეხზე რომ დაიხედა, ესეც მორჩენილი ნახა. წამოვარდა ზეზე, მივარდა დედას და მაგრა ჩაეხუტა. დედას ჯერ ეგონა, რომ ბიჭი ატყუებდა, მაგრამ როცა ბიჭი წამოხტა და დედას მაგრად ჩაეხუტა, სიხარულით ერთი შეჰკივლა.

    «რა ამბავია?»– თქვა მამამ და, აქამდე რომ მომაკვდავი, დასაწყლებული იდო, მგელივით წამოვარდა ზეზე. «ღმერთო, შენ მიშველე! სადა ვარ, როგორ მოხდა, რომ კარგად ვარ?» სამივენი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და სიხარულით კიდეც იცინოდნენ და კიდეც ტიროდნენ.

    «რაშია საქმე, სადა ვარ, მითხარი, სიზმარში ვარ თუ ცხადში? რა არის, ბიჭო, შენ ხელ-ფეხი რომ კარგადა გაქვს, რა არის, რომ მე კარგად ვარ? ღმერთო, შენ არ დაღუპო ჩემი ოჯახი, ღმერთო, შავი ბედის დაცინვად არ გახადო ეს ჩემი ოჯახისათვის!» «არა, მამა. მე ხომ ვთქვი, კრავს ეშმაკთან საერთო არაფერი აქვს-მეთქი. ეშმაკისა არაფერი ურევია, ეს კრავის ნამოქმედარი საქმეა». «სად არის, ბიჭო, კრავი?» «ჩემს ლოგინზეა». «მიდი, შვილო, შენ გეკიდა მისთვის ხელი, ჩემს ცოდვიან ხელს მე მას ვერ მივაკარებ. წყნარად, შვილო, თაყვანისცემით, შვილო!».

    ბიჭი მივიდა ლოგინთან, მაგრამ სადაც კრავი დააწვინა, იქ ვერ ნახა. «მამა, კრავი არ არის!» –ესა თქვა ბიჭმა და ყველას ტანში შიშმა დაუარა, ყველა სანთელივით გაშეშებული იდგა. «ბიჭო, ნაბდის ქვეშ არ იწვეს, აბა, ასწიე ნაბადი!». ბიჭმა ასწია ნაბადი, მაგრამ კრავი არსად იყო, ოღონდ სადაც წოლილიყო, იქ იმდენი ოქროს ბეწვი იდო, რომ ამოანათა. «დაიჩოქეთ!» – თქვა მამამ და მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო.

    აქ რომ ეს ამბავი იყო, ეზოში მღვდელი შემოვიდა. წარბები შეყრილი ჰქონდა. მარტო თვალები გამოხატავდნენ, რომ სიბრალული და მოვალეობა ერთმანეთს ეცილებოდნენ. მაშინვე ეთქვათ ბიჭებს და მერე მთელი სოფელი შემოერბინათ. მთელი სოფელი აყრილიყო და მღვდელს მოშორებით უკან მისდევდა. ყველას უნდოდა შეეტყო, რა მოხდებოდა, რაც იმაზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ შეხედავდა მღვდელი საქმეს. სახლის კარი ღია იყო, მაგრამ არავინ ჩანდა. პარმაღთან რომ მივიდა, მღვდელმა ხმამაღლდა დაიწყო ლაპარაკი: «ღმერთო, შენ დაიცავი ეს ოჯახი ყოველი მავნე სულისაგან, ალიან-ჩალიანისაგან!». ბიჭის მამამ მღვდლის ხმა რომ გაიგო, ადგა და მღვდელს მიეგება. მღვდელს გაუკვირდა.

    «კაცო, გუშინ რომ მომაკვდავი იყავი, ახლა აქ როგორ დგახარ?» – უკმეხად უთხრა მღვდელმა. « თვითონაც არ ვიცი, აგერ-აგერ შევიშლები. ახლა ვლოცულობდი და მაშინვე შენთან ვაპირებდი წამოსვლას. შენს მეტი ვერავინ მეტყვის, თუ რა ამბავია ჩემს სახლში». « რა არის, რა ამბავია?» «როგორ თუ რა ამბავია! მე, კი მხედავ, როგორ ვდგავარ, ჩემს ბიჭს ხელიც მორჩენილი აქვს და ფეხიც. შენი ღვთის გულისათვის, დამიხსენი, მითხარი, რაშია საქმე!» «ჯერ ეს მითხარი, როგორ მოხდა ამგვარი რამ!» «ამას ბიჭი უკეთ გიამბობს», და ბიჭს დაუძახა.

    ბიჭი მოვიდა და ყველაფერი თავიდან უამბო, რასაც მღვდელი ყურადღებით უსმენდა. როდესაც ბიჭმა ოქროს ბეწვი ახსენა და თქვა: «მოდი აქ, ნახეო», მღვდელმა შეაჩერა, წარბი გაეხსნა, ქუდი მოიხადა, ჩაფულა გაიხადა, ჯოხი დააგდო, ბიჭის წინ დაიჩოქა და უთხრა: «შვილო, ნებართვა სთხოვე იმ ღმერთს, რომელიც შენ მხრებით გიტარებია და აქ ყოფილა, ნება მომცეს მის მონა-მოსამსახურეს, სახლში შემოვიდე და ჩემი თვალით ვნახო სასწაულებრივი ბეწვი, ხელი თავზე დამადე და ისე!».

    ხალხი გაშეშებული უყურებდა მღვდლის მოქმედებას, იმიტომ რომ შორს იდგა და არ ესმოდა, თუ რას ლაპარაკობდნენ. ბიჭმა მღვდელს თავზე ხელი დაადო და თქვა: «ღმერთებო: ურთისავ, ეკისავ, ჭითა გვალისავ, ჩე გვალისავ, ზანდალაკისავ, გვამარდისავ და თქვენ, ცაშუ კიბულის მაღალო ღმერთებო, თქვენი ღირსეული მონა-მოსამსახურე, ყველა ჩვენგანის მოყვარული მამა გთხოვთ, რომ ყველა მისი მოქმედება ღირსეულად ჩამოართვათ და ყველა შეცდომა და ცოდვა ნაკლად არ ჩაუთვალოთ».

    ‘ახლა მომეცი აქეთ ის გამრთელებული ხელი, შვილო!» და მღვდელმა ხელზე აკოცა. «ახლა შენი ხელით შემიყვანე და მაჩვენე!». ბიჭმა ხელი მოჰკიდა და სახლში შეიყვანა. მღვდელი დიდხანს იყო დაჩოქილი და ლოცულობდა, მერე გარეთ გამოვიდა, ქუდი დაიხურა, ჩაფულა ჩაიცვა, ჯოხი აიღო, კვლავ მბრძანებლური სახე მიიღო და შეყრილ ხალხს უთხრა: «დაიჩოქეთ!» ხალხი მაშინვე მიწაზე დაეფინა. მღვდელმა გააგრძელა: «ის სამი ბიჭი, რომლებიც ჩემთან მოვიდნენ და ამ ოჯახს მზაკვრობა დასწამეს, უნდა მოკვდეს! ესაა ჩემი განაჩენი, მაგრამ რადგანაც ეს ბიჭი უფრო მაღლა დგას ღმერთების წინაშე, როგორც თვითონ ინებებს და გადაწყვეტს, ისე იქნება».

    შიში, თავზარი დაეცათ ამ ბიჭებს, ტირილი დაიწყეს და თავიანთ დედ-მამას მოეჭიდნენ. «გამოდით აქეთ!» – ბრძანა მღვდელმა. ეს მათთვის მეხის დაცემას ჰგავდა და ტირილით გამოვიდნენ და დაიჩოქეს. «მოისმინეთ განაჩენი!» ბიჭმა თქვა:

    «იყო დრო, როცა მათ მე ვუყვარდი, იყო დრო, როცა მათ მე ვძულდი და მაწვალებდნენ, მაგრამ მაშინ ამათ კი არა, მე მეჯავრებოდა ჩემი თავი! მე მჯერა: მოვა ისევ დრო, ესენი რომ შემიყვარებენ. მე მათ ვაპატიებ. რაც შეეხება მზაკვრობაზე ხმის გავრცელებას, ჩემი მხრივ მე ვაპატიებ, მაგრამ ეს ალბათ არ კმარა. ამიტომ მე ვთხოვ ღმერთებს, აპატიონ როგორც ბავშვებს და ჩვენი კარგი მღვდლის, ოქროს მამის დარიგებით ამას იქით ყოველგვარ უკანონო გზას ასცდნენ!». «ამინ!» – იხუვლა ხალხმა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button