ზონდი Parker Solar Probe რეკორდს ამყარებს მზესთან მიახლოებაში
აშშ-ის აეროკოსმოსური სააგენტო NASA ავრცელებს მოხსენებას, რომლის თანახმადაც სადგურმა Parker Solar Probe წარმატებით დაასრულა მეორეჯერ მზესთან მიახლოების მცდელობა.
ხსენებული ზონდი გაიგზავნა გასული წლის აგვისტოში. მისი ამოცანაა შეისწავლოს მზის სიახლოვეს არსებული პლაზმის ნაწილაკების გამოსხივება და მათი ურთიერთქმედება მზის ქარებთან. გარდა ამისა, აპარატი შეეცდება გაარკვიოს, რა მექანიზმები ახდენენ ენერგეტიკული ნაწილაკების აჩქარებასა და გადატანას.
ზონდის ფრენის პროგრამაში გათვალისწინებულია მნათობთან მაქსიმალურად მიახლოება სამეცნიერო ინფორმაციის მიღების მიზნით. მაღალი ტემპერატურისგან ბორტის აპარატურის დაცვას უზრუნველყოფს სპეციალური დამცავი ფარი, რომლის სისქე 114 მილიმეტრს შეადგენს და დამზადებულია განსაკუთრებული კომპოზიტური მასალისაგან.
გასული წლის შემოდგომაზე ზონდმა მზესთან მიახლოების რეკორდი დაამყარა: მიუახლოვდა მას დაახლოებით 42,73 მლნ კილომეტრის დაშორებაზე. ამჟამად ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.
სააგენტოს შეტყობინებით, განმეორებითი ფრენის დროს, 4 აპრილს, Parker Solar Probe მზისგან 24 მლნ კილომეტრზე ნაკლები დაშორებით აღმოჩნდა. აპარატის მოძრაობის სიჩქარე შეადგენდა დაახლოებით 340 ათასი კმ/საათს.
სამომავლოდ დაგეგმილია მზესთან უფრო მეტად მიახლოებული ფრენები. მოსალოდნელია, რომ 2024 წელს აპარატი შეძლებს აღმოჩნდეს მზის ზედაპირიდან დაახლოებით 6,16 მლნ კილომეტრის სიახლოვეზე.