ლიტერატურამოთხრობა

ბასა ჯანიკაშვილი – მფრინავი თევზები

არსებობენ საგნები, რომლებიც თავისით, სხვისი დახმარების გარეშე იკარგებიან. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ესა თუ ის საგანი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ დაიკარგოს… გაოცებას ვარ პირდაპირ!..
როგორც წესი, დაკარგული საგანი ძალზე გჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უგზოუკვლო გაუჩინარებას აბა როგორ შეამჩნევდი. სწორედ ეს არის ჩვენი ცხოვრების ბოროტი ზრახვა. დაგეკარგოს მაინცდამაინც ის, რაც ჰაერივით გჭირდება.
რკინის ნერვებიანი თუ არ ხარ, ამ თემას არ უნდა ჩაუღრმავდე. ათი ათასჯერ ეკითხები შენს თავს, რატომ დაიკარგა ის,რაც გჭირდება და არა ის, რაც სრულებით არ გაინტერესებს და ამდენჯერვე ღებულობ პასუხს – არ ვიცი!
ასეთ სულელურ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ და არაერთხელ მიმტვრევია თავი ამ საკითხზე ფიქრით. ერთხელაც ძალ-ღონე მოვიკრიბე და გადავწყვიტე დავაფიქსირო – ხაზს ვუსვამ – დავაფიქსირო და დავინახო ის, რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული.
მაგალითისთვის…
სამსახურიდან დაღლილი ბრუნდები შინ. გზაში საგულდაგულოდ ისინჯავ ჯიბეებს. აი, აქ საფულე უნდა იყოს – ადგილზეა. აი საწერი კალამი -აქ არის. ამ ჯიბეში კი ბლოკნოტი – კი ბატონო. სხვა, სხვა რა დამაქვს ჯიბით? საიდუმლოს გაგიმხელთ. მთავარია მოვლენებს დაასწრო, ანუ მანამდე გაიხსენო, სად გიდევს ესა თუ ის საგანი, სანამ დაკარგავდე!
მოცემული მომენტისათვის, ვიხსენებ, კიდევ რა უნდა მქონდეს ჯიბეში ჩამოთვლილ საგნებთან ერთად. იმიტომ რომ, თუ გავბედავ და ჯიბეში დაუფიქრებლად ჩავყოფ ხელს, იქ თუ არაფერი დამხვდა, მაშინ აღმოჩნდება რომ დავკარგე სანთებელა. ახლა კი, შინისაკენ მიმავალი ვიხსენებ, რომ სანთებელა ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში მიდევს.
მაგრამ ჯიბის მოსინჯვას არ ვჩქარობ. საჭიროა კარგად აწონ-დაწონო, მართლა ქურთუკის მარჯვენა ჯიბეშია სანთებელა თუ არა. გავიხსენოთ, როდის დამჭირდა ის ბოლოს. სამსახურიდან ქუჩაში რომ გამოვედი, სიგარეტის მოწევა მომინდა. სიგარეტი ვიყიდე, სანთებელა ამოვიღე, მარჯვენა ხელით ავანთე და ბუნებრივია, ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში ჩავიდე.
ასეა!
ჯიბეში ფრთხილად აცურებ ხელს და ჰოი საოცრებავ, სანთებელა ადგილზეა! ახლა სიგარეტი მოვნახოთ. სიგარეტი ქურთუკის მარცხენა ჯიბეში უნდა იყოს. ხელი ფრთხილად ჩავყოთ და ჰოი, კიდევ ერთი საოცრება, სიგარეტი ადგილზეა!
ფიქრებში გართულმა სამარშრუტო ტაქსი გავაჩერე. საკუთარი აღმოჩენით თვითკმაყოფილს სახლში მიმეჩქაროდა. ამიერიდან, ცხოვრებას ასე გავაგრძელებ, – შევეცდები, დავაფიქსირო და დავინახო ის, რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული.
სამსახური სახლიდან არც ისე შორს არის, მაგრამ გზა მაინც გრძელი მომეჩვენა. საღამოს ქუჩებში უამრავი მანქანა იყრის თავს. მანქანებიც ადამიანებივით არიან. მთავარია ერთმანეთს დაასწრონ – სხვა არაფერი აინტერესებთ.
მიყვარს წითელ-ყვითელი ფერებით განათებული ქუჩები. ეს სანახაობა განსაკუთრებით სასიამოვნოა ნაწვიმარ ქალაქში. სველი ასფალტი შუქს ირეკლავს, გეგონება ცამ ზედ ხელი შეიწმინდაო.
ჩვენ უამრავი საგანი გვახვევია გარს. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ საგნები ერთად იმიტომ უნდა იყვნენ, რომ შენც მათ შორის საგნად იგრძნო თავი. ამის შემდეგ, მოდი და რამე არ დაკარგო, ან სულაც შენ თვითონ არ დაიკარგო.
ამ ჭეშმარიტების ფონზე, ჩემმა აღმოჩენამ უფრო მომხიბვლელი და ზუსტი ფორმა მიიღო. იმას ვამბობდი, მთავარია ცხოვრების ულმობელ კანონს დაასწრო. იპოვნო, სანამ დაკარგავ. საპოვნელი მარტო ის ხომ არ არის, რაც დაკარგულია?
სამარშრუტო ტაქსი ჩემს სახლს მიუახლოვდა. მძღოლს მანქანა გავაჩერებინე. საფულე ხომ შარვლის უკანა ჯიბეში მიდევს. ამოვიღე, გავხსენი და კიდევ ერთხელ მწარედ დავეკითხე თავს – რატომ იკარგება ის, რაც გჭირდება? და კიდევ ერთხელ მივიღე პასუხი – არ ვიცი!
მძღოლმა ღვარძლიანად მითხრა, ახლა იმის დრო არ არის, იფიქრო, ფული სად დაგრჩაო. შევეცადე მისთვის ამეხსნა, რომ ამ საკითხზე დიდი ხანია ვმუშაობ, რომ მხოლოდ დღეს მოვნახე ფორმულა – თუ როგორ არ უნდა დაკარგო საგნები. ჩემი აღმოჩენიდან სულ რამდენიმე საათია გასული და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი რამ დავკარგე და ისიც რა თქმა უნდა მაშინ, როდესაც დამჭირდა. მძღოლის პასუხს დაველოდე. მაინტერესებდა მისი ხედვა, ამ მოვლენის მისეული შეფასება – ასე ვთქვათ. მაგრამ ვინ ადროვა! მგზავრებმა მომხდარის გამო თავისი აღშფოთება ვერ დამალეს და სულელიც მიწოდეს. გავბრაზდი, ვიფიქრე გადმოვიყვან რომელიმეს და მაგრად მივბეგვავ-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. მე მძღოლის პასუხს ველოდი. მას შევყურებდი, ჩემს მხსნელს. მან დიდხანს მიყურა და მითხრა, შენ აქ დამელოდე, მგზავრებს დავარიგებ და მოვალო. წავიდა.
ვფიქრობდი, დამეწყო თუ არა ფიქრი მძღოლის წინადადებაზე. ამასობაში სიგარეტი ამომიღია, მომიკიდებია და თითქმის ბოლომდე მომიწევია. გაოცებას ვარ პირდაპირ. მე მეგონა გაჩერებაზე ვიდექი, თურმე სადარბაზოში ვყოფილვარ და ლამის სახლშიც შევსულვარ.
ჩემს ბინაში ერთი პატარა ოთახი და სამზარეულოა. როგორც ყველა საბჭოთა სახლში, ტუალეტი სამზარეულოს მეზობლადაა. თითქოს განგებ ხაზგასმულია ბუნებრივი მოთხოვნილებები და მათი ნათესაობა. საბჭოთა სახლში კიდევ ერთხელ ესმება ხაზი მარტივ ჭეშმარიტებას – ადამიანი არარაობაა. საბჭოთა სახლში საბჭოთა ადამიანს ორი გზა აქვს. უხეშად რომ ვთქვა: ჭამოს და მოისაქმოს, ან ჯერ მოისაქმოს და მერე ჭამოს. ამ მარტივი ფორმულის აზრობრივ არქიტექტურას სწორედ სამზარეულოს და ასე საჭირო ოთახის სიახლოვე წარმოადგენს. აზრის გავრცობა შეიძლება…
ასე რომ, ბინა ძალზე პატარაა. ბინა ჰქვია, თორემ მე მას აკვარიუმს დავარქმევდი. ჩემს აკვარიუმში ორ თევზზე მეტი ვერ გაფრინდება. გარს იმდენი საგანი მახვევია, ხანდახან მეშინია, არ დავიკარგო-მეთქი. სახლში გვერდულად შევდივარ, რომ რაიმე არ გადმოვაგდო. სავარძელში დაჯდომამდე ზედ დალაგებული საგნები, მაგალითად ტელეფონი, მადუღარა, წიგნაკი, კალამი და კიდევ რაღაც, მაგიდაზე უნდა გადავალაგო. რაც მაგიდაზე მიდევს, ტელევიზორის თავზე შემოვდგა, ტელევიზორიდან ვიდეომაგნიტოფონზე, იქაც რა თქმა უნდა ალაგს მიჩენილი საგნებია და ადვილად წარმოსადგენია, რომ სანამ სავარძელში მოვკალათდები – დენი მიდის. შემდეგ მინდა არ მინდა, უნდა დავიძინო. ლოგინზე დაყრილ ნივთებს მაცივარზე გადავაწყობ, იქიდან სამზარეულოს მაგიდაზე და ასე დაუსრულებლად. ბოლოს ყველა საგანს დავაბინავებ და ვიძინებ.
სიზმარში ვხედავ, რომ კედლის საათი, რომლის ადგილას პირსახოცი დავკიდე, სადღაც გამქრალა. მთელი ღამე დავეძებდი საათს და ჩემს თავს ვუბრაზდებოდი, რომ ახალი კონცეფციის არც ერთი ნაწილი არ გამომიყენებია. არც წინასწარ მიფიქრია, თუ სად დავდებდი საათს და არც შემდეგ დავფიქრებულვარ, თუ სად დავდე საათი. ასეთ შავბნელ ფიქრებში მეღვიძება და საათის ძებნას ვიწყებ.
საათი, როგორც ყველა საჭირო საგანი, იმ დროს იკარგება, როდესაც გჭირდება. არადა მჭირდება გავიგო დრო, სამსახურში რომ არ დამაგვიანდეს.
გაბრაზებული ვიწყებ გამოთვლას: პირსახოცი საათის ადგილას მაშინ დავკიდე, როდესაც ძილის წინ ხელ-პირი დავიბანე. პირსახოცის მაგივრად ტანსაცმლის საკიდი დავკიდე, რადგან კარადაში ტელევიზორი და სკამი შევდგი. იქ მეტი ადგილი არ იყო. ტელევიზორის და სკამის ადგილი გასაშლელმა ლოგინმა დაიკავა. ჯადოსნური წრის ერთი ბოლო აქ იკვრება. ახლა მივყვეთ თავიდან. როდესაც ლოგინი გავშალე, ტელევიზორი და სკამი კარადაში შევდგი, იქიდან ტანსაცმლის საკიდი ჩამოვხსენი და ასე საჭირო ოთახის კარებზე მიჭედებულ ლურსმანზე ჩამოვახრჩე, სადაც ადრე პირსახოცი გარდაცვლილიყო! პირსახოცი მხარზე გადავიგდე, ხელები მქონდა დასაბანი. ხელები დავიბანე,შევიმშრალე და საათის ადგილას ჩამოვკიდე. აი, საათი კი… საათი…
ზარის ხმა შემომესმა. კარი გავაღე და იქ სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დამხვდა. მართალი გითხრათ, აღარ ველოდი.
შემოვალო, მითხრა, საქმე მაქვსო და შემოაბიჯა.
სავარძლიდან გაზის ბალონი გადავდგი იქ, სადაც ტელევიზორი მედგა. ტელევიზორი სააბაზანოში გავიტანე და ნაგვის ურნის ალაგი მივუჩინე. ნაგვის ურნა სადღაც გადავიტანე. მძღოლი დაჯდა.
გუშინ, საბუთები დაგეკარგაო, მითხრა. ფულს რომ ეძებდი, ამოგივარდაო და ა.შ. მოკლედ საფულე მომიტანა. მე გუშინდელი მგზავრობის ფული შევთავაზე და ძებნაც დავაპირე. მაგისთვის არ მოვსულვარო, თქვა და ატირდა.
ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ. თურმე ნუ იტყვი და მასაც ჩემნაირი პრობლემები ჰქონია. თურმე ყველაფერი სწორედ მაშინ ეკარგება, როდესაც განსაკუთრებით სჭირდება. კაცი საგონებელში იყო ჩავარდნილი და არ იცოდა, გამოსავალი სად ეპოვნა.
ვთხოვე გაეხსენებინა ის საგნები, რომლებიც სხვადასხვა დროს დაეკარგა. სხვა ყველაფერთან ერთად იქ ბინა, მანქანა, სამსახური და ცოლ-შვილი იყო. ყველაზე დიდ დანაკლისს მისთვის მშობლიური აფხაზეთი წარმოადგენდა. მე ვაღიარე, რომ მას ჩემზე მეტი დაუკარგავს. ამის გაგონებაზე ტირილს უმატა. შემდეგ გამომიტყდა, რომ ჩემმა მოსაზრებამ ისეთი საგნების არსებობის შესახებ, რომლებიც თავისით იკარგებიან, ძალზე დააინტერესა და ჩამაცივდა, იყო თუ არა დამნაშავე.
ბრალ-მართალზე საუბარი ყოველთვის მიჭირდა, განსაკუთრებით ახლა და პასუხს თავი ავარიდე. მე შევეცადე ამეხსნა მისთვის ჩემი ფორმულა, თუ როგორ უნდა აიცილო საგანთა დაკარგვა და მისი ხასიათის გამოსაკეთებლად შევახსენე, რომ ცხოვრება მარტო დაკარგვით არ მთავრდება, რომ ჩვენ ხანდახან რაღაცას ვპოულობთ ისე, როგორც ახლა მე და მან ვიპოვეთ ურთიერთი.
ის იყო ჭეშმარიტი მეგობრობის დასამტკიცებლად ერთმანეთი უნდა გადაგვეკოცნა, რომ მძღოლი გაქრა, თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. დიდხანს ვეძებე მძღოლი, მაგრამ არსად ჩანდა. დრო კი გადიოდა…
ფიქრმორეულმა ჩემი მეთოდის გამოყენება ვცადე. მძღოლი შემოვიდა, აი აქ, სავარძელზე დავსვი, ვისაუბრეთ და დავმეგობრდით. შემდეგ, როდესაც უნდა გადავხვეოდი, დაიკარგა. მოდი და ნუ დაიჯერებ ისეთი საგნების არსებობას, რომლებიც თავისით, სხვისი ჩარევის გარეშე იკარგებიან. ლოგიკურად, მძღოლი იქ უნდა ყოფილიყო, სადაც ბოლოს მოვკარი თვალი, მაგრამ იქ არავინაა. სასოწარკვეთილი დავრწმუნდი, რომ ჩემს დაკარგულ საგანთა რიცხვს ერთიც მიემატა – მეგობარი მძღოლი.
გაოცებას ვარ პირდაპირ. იმდენი რამ მეკარგება, რომ თავს ერთ უბრალო კითხვას ვუსვამ – მე ხომ არა ვარ დაკარგული და პირიქით კი მეჩვენება? ხომ შეიძლება, საგნები მე კი არ მეკარგებოდნენ, არამედ მე ვეკარგებოდე მათ?
თუ ეს ასეა, ჩემი მეთოდის მიხედვით, თავის გამოკვლევა უნდა დავიწყო, დაბადებიდან დღემდე და სადღაც გაწყვეტილ ძაფსაც მივაგნებ, ჩემს დაკარგულ თავს. ოთახში მიმოვიხედე. ჩემს გარშემო მყოფი საგნები გადავათვალიერე და მეც მათ ნაწილად ვიგრძენი თავი. მაგიდა, სკამი, უთო, ტელევიზორი, გაზის ბალონი, ხალიჩა, მე, გაზეთი, კალამი, ჭიქა და ა.შ.
ალბათ ახლა ჩემი მძღოლი დამეძებს და ფიქრობს, რომ მან ახლად შეძენილი მეგობარი და თანამოაზრე დაკარგა. შეიძლება იგი ჩემს პატარა ბინაში დაბორიალობს და გამალებით დამეძებს. განსაკუთრებით ის მწყვეტდა გულს, რომ შევძელი ვიღაცისათვის იმედი ჩამესახა და სწორედ ამ დროს, თავისმოკვლაგადაწყვეტილი კაცი შავბნელ ფიქრებს მიეცა.
მოულოდნელად ფანჯარა გამოიღო, ქარმა ფარდები აშალა და თითქოს მძღოლს მოვკარი თვალი. სარკმელს ვეცი. ფანჯრის რაფაზე მძღოლი იდგა და გადახტომას ლამობდა. თავის მოკვლა უნდოდა. მე ვცადე მისი დაჭერა…
მძღოლმა წამით ოთახში შემოიხედა, მე შარვლის ტოტზე დავექაჩე, მაგრამ აშკარა იყო, ვერ მხედავდა. დავკარგეო – ამბობდა – დავკარგეო, უკანასკნელი იმედიც დავკარგე მეგობართან ერთადო, ამბობდა. კიდევ რაღაცას ამბობდა, მაგრამ აღარ მახსოვს.
მძღოლი გადახტა. მიფრინავდა მძღოლი და წამით მომეჩვენა, რომ იგი უფრო დიდხანს მიფრინავდა, ვიდრე ეს შესაძლებელია მეცხრე სართულიდან გადახტომისას. ვინ იცის, შეიძლება ფრთებიც გაშალა, პიკიდან გამოვიდა, ხრახნი შეასრულა და ჰაიდა..!
რა თქმა უნდა, მახსოვს მძღოლის გახსნილი წარბები, იქიდან გადმოსული სისხლის ვიწრო კვალი ტუჩებამდე რომ მიეფინებოდა. საცალფეხო სისხლის ბილიკი მორცხვობდა და წამით იფიქრებდი, რომ უხდებოდა კიდეც მსხვერპლს. ეს ის მომენტია, როდესაც დანამდვილებით იცი ისეთი საგნების არსებობის შესახებ, რომლებიც თავისით იკარგებიან.
როდესაც პოლიციამ ჩემი დაკითხვა დაიწყო, გული მხოლოდ ერთ რამეზე მწყდებოდა – მისი სახელის გაგება ვერ მოვასწარი. ხოლო როდესაც ჩემი საქმის მოსმენა მოსამართლემ ითავა, აღმოჩნდა, რომ ბრალად მკვლელობა მედებოდა.
სასამართლო ბუნდოვნად მახსოვს. მხოლოდ მოსამართლე თუ შემახსენებდა თავს ძილის დროს, ხშირი, ჭაღარა თმებით. სათუთ თავზე სავარცხლის ნაკვალევი მიგახვედრებდა, რომ დილით სარკის წინაა გადავარცხნილი, როდესაც ცოლი სასაუზმოდ გასული დღის სადილს აცხელებდა. მიუხედავად სიჭარმაგისა და ხშირი თმებისა, შუბლი მაღალი ჰქონდა, თვალები კი იმდენად პატარა, რომ გამომშრალ, დანაოჭებულ სახეზე ორი ცისფერი წერტილი უადგილო იყო. ხდება ასე, როდესაც რომელიღაც ფერი ზომას სჭარბობს, თითქოს გარეთ იღვრებაო და როგორც მოშლილ ტელევიზორში, დანარჩენ ფერებს სჯობნის.
როდესაც მოსამართლის წყალჩამდგარი, ცისფერი თვალებიშავ გუგას თავის უპირატესობას უმტკიცებდა, გუგა ლაქას ემგვანებოდა. ხშირად დამსიზმრებია იქიდან გადმოვარდნილი ჩემი საწყალი მძღოლი. შეხედვისთანავე მოსამართლის თვალებში მძღოლს და ჩემს თავს ვხედავდი. საოცრება კი ის იყო, რომ მძღოლი თავს კი არ იკლავდა, მე ვკრავდი მას ხელს.
არსებობს საქციელი, რომელიც არავის ჩაუდენია. უბრალოდ ეს ქმედება თავისით მოხდა. დამნაშავე აქ არ არსებობს, მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც ამის ხმამაღლა აღიარება გიწევს, საკუთარ თავში დარწმუნებულს ეჭვი შეგაქვს ისეთი საქციელის არსებობის შესახებ, რომელიც არავის ჩაუდენია. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი ვიღაცაზე გადაბრალებაა.
– შენ ჩაიდინე – გსმენიათ ასეთი სიტყვები? – შენ გააკეთე. შენ კი ცდილობ გადაარწმუნო და დაუმტკიცო, რომ არაფერი გიქნია, არ გაგიკეთებია და ა.შ. გინდა თქვა, რომ ეს თავისით მოხდა, მაგრამ იცი, არავინ დაგიჯერებს და ჩუმდები.
შემდეგ რა ხდება? ძნელია დაუმტკიცო ვინმეს, რომ \”საქციელი\”, რომელიც შენ ჩაიდინე, არ ჩაგიდენია და იწყებ დამნაშავის ძებნას. ამ დაუსრულებელ ჯაჭვს ხანდახან დასასრულიც აქვს.
ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც არ სჯერა, რომ საგნები თავისით იკარგებიან, რომ რაღაც თავისით ხდება და ირწმუნებს, რომ საგანი, რომელიც მას არ დაუკარგავს – სინამდვილეში დაკარგა, ირწმუნებს, რომ საქციელი, რომელიც არ ჩაუდენია, მისი ნახელავია.
მარტივია არა?

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button