
ირაკლი დოჭვირი – ქურციკის ხლტომა
ზაფხულის გრილი და უკუნი ღამე იყო სწორედ ისეთი როგორიც მხოლოდ უდაბურმა ტყემ იცის. ფართოფოთლოვან ტყეს ისე დაეფარა ცა რომ მასში ვარსკვლავთა ციმციმი ვერ აღწევდა. არც ტეხურას ხეობიდან მობერილ ქარს უშვებდა მთელი ძალით და მხედარს რომელიც წიფლნარში გზას მიიკვლევდა ნაზი სიო სასიამოდ ელიცლიცებოდა სახეზე. თუმცა უკაცრავად მხედარი როდის მიიკვლევდა გზას მას სადავე ჰქონდა მიშვებული და თვითონ უნაგირზე გადაწოლილს თვალი მიელულა და სრულად მინდობოდა თავის ჭკვიანსა და ერთგულ ცხენს, რომელიც წყნარი და კეთილი სვლით, რომელსაც ამავე დროს თოხარიკი ჰქვია ისე მიგოგმანობდა სახლისკენ. რომ არა ცხოველის ინსტიქტი მხედარი მღვიძარეც რომ ყოფილიყო შესაძლოა სულაც არეოდა გზა და საწინააღმდეგო მიმართულებით წასულიყო. თუმცა ამ ადგილებში მას ჭიპი ჰქონდა მოცვლილი. სხვა უჩვეულო ტყეში არაფერი ხდებოდა. ირგვლივ ღამის მყუდროება გამეფებულიყო, რომელსაც ცხენის ფლოქვებიდან დალეწილი ფიჩხების ტკაცანი არღვევდა. დროდადრო ცხენს კვალში ჩამდგარი ნადირის სუნი ეცემოდა და შეშინებული დაიფრუტუნებდა ამით ის პატრონს საფრთხეს აგებინებდა და შველას თხოვდა. მხედარს ჩაესმებოდა თუ არა ეს ხმა წამსვე დააღწევდა ძილიდან თავს, წამოიწეოდა უნაგირზე, მხეცის დასაფრთხობად ერთს დასჭექდა ხმამაღლა და საყვარელ ცხოველს მუცელზე მოუთათუნებდა ხელს. მერე ტვირთს შეამოწმებდა ხელების ფათურით. ოთხი ჯვალოს ტომარა სამკურნალო ბალახეულობით სავსე,ხურჯინივით ჰქონდა გადაკიდებული იაბოს*. თუ ყველაფერი წესრიგში იყო ისევ გადაწვებოდა უნაგირზე და მილულავდა თვალს.
ოთხი დღეა ამათ შეგროვებაში ტყე ღრე ეხეტიალა. არც ახლა წავიდოდა შინ, კიდევ ცოტას მიამატებდა სამკურნალო ბალახეულობებს, მაგრამ საგზალი შემოლეოდა. ვერც ვერაფერი მოენადირა. სანადიროდ დრო ვერ გაიმეტა.
უღრანი ტყე თანდათან გამეჩხერდა და ბოლოს მხედარი ველზე გავიდა. ძილში წასულმა მაშინვე იგრძნო ეს. აქ ქარი უფრო მეტად უბერავდა და მას შეამცივნა კიდეც. თვალები გაახილა. ვარსკვლავებს უკუნი ღამე წყვდიადით შეეცვალათ. ცაზე არც ღრუბლის ნასახი იყო და არც მთვარე ჩანდა, შესანიშნავი პირობები ვარსკვლავებზე დაკვირვებისას. მხედარი ყველაფერთან ერთად ვარსკვლავმრიცხვე-ლობითაც იყო გატაცებული. ყველა ვარსკვლავის ადგილი იცოდა ცაზე, მათ მიერ გამოცემული ნათების სიკაშკაშე და ფერი. წამით არ შეეძლო დროს უქმად ფლანგვა. უნაგირიც ისე ჰქონდა მოწყობილი რომ შეეძლო როგორც საკუთარ საწოლში ისე მასზე მოსვენება და ძილი. ამისთვის ორი მაჯის სიმსხო ცაცხვის ჯოხი ზემო ნაწილში რამდენიმე ადგილას ღვედებით უკავშირდებოდა ერთმანეთს. ღვედების სიგრძე ადამიანის მხარბეჭზე ცოტა დიდი თუ იყო. ამ ჯოხებს თავისუფლად ყოფნისას ჰორიზონტალური მდგომარეობა ეკავათ, ხოლო როცა მხედარი მასზე წამოწვებოდა ლამის ვერტიკალურ მდგომარეობას აღწევდა. ისინი ადამიანის სიგრძისანი იყო. ქვემო ნაწილში მას ფეხის ჩამოსადებებიც კი ჰქონდა, რომ მხედარი კარგად მოსვენებულიყო. ასეთ მოსვენებულ მდგომარეობაში მას შეეძლო მთელი საათობით თავისუფლად დაკვირებოდა ცის მნათობებს. მათზე თვალის ერთი გადავლებით მიხვდა, რომ ცხენი სამხრეთისკენ მოძრაობდა და ცხოველს ნიშნად სიყვარულისა ხელი მუცელზე მოუთათუნა. ცხოველმა პატრონს ალერსი იგრძნო და დაბალი ხმით დაუხვიხვინა თითქოს მადლობას უხდიდა მას.
ცისკრის ვარსკვლავი შუბის ტარს კარგა მანძილზე გაცდა. უკვე ძაღლთა ყეფის ხმა ისმოდა. სადღაც მამალმაც დიყივლა. მხედარი ჭყონდიდს უახლოვდებოდა.
ალიონს წყვდიადი გაეპო. აქა იქ ღობე, ყორე. ქოხები და მიწურები გამოჩნდა. ადამიანები ხის ძირას იყვნენ მიყრილნი და ძონძებში გახვეულებს ეძინათ, ზოგს კიდევ მინდორში მოენახათ განსასვენებელი. მათ ცხენოსანი მტერი ეგონათ, შიშიდან წამოხტებოდნენ ერთმანეთს აღვიძებდნენ და გასაქცევად ემზადებოდნენ. ზოგი კიდევაც შუბისკენ წაიწევდა ხელს. მაგრამ როგორც კი იცნობდნენ მხედარს ზარმაცნი ძილს აგრძელებდნენ, ბეჯითები კი თავდახრით სალამს აძლევდნენ:
—- გამარჯობათ აქიმო*, რა ქენით მოგვიტანე სამკურნალო ბალახები?—და დილის საქმეების კეთებას მიყოფდნენ ხელს.
ცხენოსანიც სათითაოდ მოიკითხავდა ჩამოკონკილ, შიმშილიდან ლამის წაქცეულ დიდსა თუ პატარას. ქალსა თუ კაცს და აგრძელებდა სვლას.
ცხენი მოკირწყლულ ქუჩაში შევიდა. მის ფლოქვებიდან ქვებს ჭახა-ჭუხი გაუდიოდა. ძაღლებიც ბევრი მისდევდა ყეფა-ყეფით. უკვე გვარიანად მონათდა. მას შორიდან ცნობდნენ და არ ეშინოდათ. აგერ მისი სახლიც გამოჩნდა. ყმა თხას წველიდა.ეტყობა ცოლ-შვილს ჯერაც ეძინა.დედა ცხვრებს მირეკავდა. როგორც კი მოკრა შვილს თვალი მისკენ გაქანდა. შვილიც ცხენიდან ჩამოხტა და შესახვედრად გაემართა.
—-სად ხარ ამდენ ხან? მოვკვდი და დავილიე შენი ლოდინით,—- თქვა დედამ და შვილს სახეს დაუკოცნა.
—-სად უნდა ვყოფილიყავი? ტყეში. საომრად ხომ არა?—-უპასუხა შვილმა ტკბილად დედას და ხელზე ამბორი უყო.
—- მერე ტყეში ნადირია, რომ დაეგლიჯე? ან ის ურჯულო თათრები ნადირზე უარესები არ არიან?
—- ნუ გეშინია დედი თათრებს ყველაზე უფრო ტყის ეშინიათ. არც ნადირს გადავყრილვარ. ზაფხულში ნადირი ადამიანს არ ერჩის —- დააიმედა შვილმა დედა და თან მაგრად მიიკრა გულზე.
—-აწი ხომ არ წახვალ, ეს მაინც მითხარი!—ჩააჩერდა დედამ თვალებში და მიხვდა რომ შვილი ტყეში ხეტიალს არ დაიშლიდა და დაამატა.—- თუ წახვალ მარტო მაინც არ წახვიდე თან ყმა წაიყვანე.
—- კარგი, კარგი,— გაიღიმა შვილმა.— იმდენი რამ მოვიტანე დიდი ხანი არ მომიწევს წასვლა, ყმა კი იქ რად მჭირია? თქვენ გამოგადგებათ აქ.
—- ეჰ, ნეტავი სულაც არ გცოდნოდა აქიმობა და ღმერთს რა უნდოდა, —-ჩაიქნია უიმედოდ დედამ ხელი და ცხვარს აედევნა.
— ჰა, ჰა, ჰა,—-გეღიმა აქიმს, ცხენი ეზოში შეიყვანა. და სახლში შევიდა.
—-გენაცვლეთ,— შეუძა ხმამაღლა და ბატის ღინღლიან საწოლში გადაეშვა სადაც მის ცოლ- შვილს ჯერაც სძინავდა. კოცნით გააღვიძა სამივე.
—-ბავშვებს მაინც რას ერჩოდი?— თვალების ფშვნეტით უთხრა ცოლმა.
მათთან ალერს რომ მორჩა საქმეს მიჰყო ხელი. ტომრები ოთახში შეიტანა. ორი ოთახი, რომლიდანაც ერთი საკმაოდ ფართო და მზიანი გახლდათ, ხოლო მეორე ვიწრო, უჰაერო და ბნელი,როგორც ჯურღმული ცალკე ჰქონდა გამოყოფილი. მხოლოდ მას ეკუთნოდა. ცოლი და დედა გაუფრთხილებლად თუ იქ შევიდოდა ეწყინებოდა, ამიტომ ყველა არიდებდა იქ შესვლას თავს. პირველი ოთახი პატარა სამკურნალო დაწესებულებას წარმოადგენდა. საოპერაციო მაგიდით, აფთიაქით, სუფთა ჰაერით და ათასი რჯულის ხელსაწყო იარაღებით. რომლის ნაწილი კედელზე იყო ჩამოკიდებული, მეორე ნაწილი მიწაზე ელაგა და მესამე ნაწილი კიდევ მაგიდებსა თუ სკამებზე იყო გაბნეული. კედელზე აქიმს ვარსკვლავთა განლაგება გამოესახა. წუხანდელი დაკვირვების შემდგომ რაღაც მონიშნა მასზე. მერე ტომრებიდან მცენარეები მიწაზე დაყარა და მეორე ოთახს მიაშურა. ვიწრო და ბნელი ოთახში ბუხარი ჰქონდა, რაც იშვიათობას წარმოადგენდა იმ დროში. ნაჭა და მასზე მუდმივად დაკიდებული მოზრდილი ქვაბი. ქვაბთან იქვე საწური წნეხი იდგა რკინის ხრანიანი მილით. მის გვერდით ვერცხლის კბილებიანი ფურცლები ელაგა მცენარეთა გასახეხად განკუთვნილი. აქვე იყო სხვადასხვა ზომის ზოგი გაკრიალებული და ზოგი გამურული ქვაბები. და მასში მოთავსებული სასიამოვნო ან მეტწილად უსიამო სუნის სითხეები და მყარი ცომისმაგვარი საგნები. ეს სურნელი ძალიან ცუდ შეგრძნებას იწვევდა ადამიანში და ამიტომაც ყველა ერიდებოდა არათუ ამ ოთახში შესვლას არამედ შეხედვასაც კი. აქიმმა ნაჭაზე ჩამოკიდებულ ქვაბს ცეცხლი შეუნთო, კვლავ პირველ ოთახს მიაშურა და შეუდგა სამკურნალო მცენარეების დახარისხებას. რას არ ნახავდით იქ. შავბალახასა* და დათვისყურას* ფოთლებს. გვირილას*, ცხენის ძუასა* და ვარდკაჭაჭას ყლორტებს. მატიტელას, ძირტკბილას, და კულმუხოს ფესვებს.
—ესეც აბჯარა,*—- ამბობდა და ბალახეულს მაგიდაზე თანმიმდევრობით ალაგებდა.
—ოჰ, ესეც ზარამბადი,* დაილოცოს შენი ძირი მაშ ტყულა არ მიხეტიალია ეკალ-ბარდებში, —-თქვა მან, კალიის თათის მსგავს ბალახეულს დაწვდა დასუნა, მაგრამ როგორც კი ქაფურის მსგავსი სუნი ეცა მაშინვე მოიცილა ცხვირიდან და კუთხეში მიდო.
—-ვარდკაჭაჭა,* სტომაქის* განმკურნებელი,—- შესანიშნავ განწყობაზე მყოფმა აქიმმა მიწაზე დაყრილ ცისფერ ყვავილოვან მცენარეს ხელი ჰკიდა ერთად შეკრა და მაგიდაზე მიუჩინა ბინა.
—-თივავაცი,* არა მართლა არ წავსულვარ ტყუილა.
—-ლენცოფა,*— თქვა და აიმზირა.— გაწყდა შენი ჯიში. რა ბედენად მინდოდა ეს, თანაც უმწიფარი. აგერ კარის ყურეში უამრავია და იმ სიშორიდან როგორ ვათრიე.
ლენცოფა კარისკენ მოისროლა და შემდეგს მიუბრუნდა.
—-თოფალახი,*—- ჩაილაპარაკა მან და ბალახს დაწვდა ასაღებად.— გულის მკურნალი, გულის.
—-ასარუნი, დახე როგორ კატის ძუძუებსა ჰგავს.—ამ დროს კარები გაიღო და ოთახში ორი ტიტლიკანა ფეხშიშველი ბავშვი შემოვიდა მამიკო მამიკოს ძახილით. აქიმმა შვილები მიიხუტა და კატებს გასძახა —- ვეფხია. ავაზა. კარებში ორი ზორბა კატა შემოვიდა. ერთს პრიალა შავი ბეწვი ჰქონდა. მეორეს– ცოტა უხეში ყვითელი, თან შავი ხალებით მორთული. აქიმმა ასარუნის ნაყოფი ხელით დასრისა და კატებს დაუგდო. კატებმა როგორც კი დასუნეს მის წინ გდებულ მცენარის ნაყოფს. გასაოცარი ეიფორია დაეწყოთ. გადადიოდნენ ყირაზე, კრუტუნებდნენ, კნაოდნენ. ისევ დასუნავდნენ ნაყოფს, გაერთხმეოდნენ მიწაზე და სიამოვნებისგან ფეხებს ასავსავებდნენ. კატებზე უფრო ბავშვები ხარობდნენ. კისკისებდნენ თითებს იშვერდნენ ცხოველებისკენ მამას თხოვდნენ კიდევ დაეგდოთ მათთვის ნაყოფი აქიმი კვლავ მიუგდებდა ახალ დასრესილ ნაყოფს, ბავშვები ხარობდა მათი ყურებით.—- ჭეშმარიტად კატაბალახაა, ჭეშმარიტად.—-იძახდა აქიმი და არავინ იცის სანამ გასტანდა ეს სანახაობა რომ გარედან ხმამაღალი ბოხი ხმა არ მოსმოდა.
—– აქიმო ქანანელ,* აქიმო ქანანელ!
აქიმმა კატებს დაუცაცხანა და თვითონ გარეთ გავიდა. შუახნის უცნობი კაცი მომდგარიყო წაბლისფერი ფაშატით* ყორესთან.
მოსულმა თვალი სუსტ, საშუალო სიმაღლის, შუახანს მიღწეულ მამაკაცს კიდა და მასში აქიმი შეიცნო. ქანანელს ტანთ ელეგი* ემოსა, წვრილი სწორი ფეხები ჩაქურა* შარვალსა და შემდგომ ბანდულებში* გაეყარა, თავზე ფაფანაკი* ეხურა, თუმცა იქიდან მაინც მოუჩანდა შავი სწორი და მოკლედ შეკრეჭილი თმები. კეხიან ცხვირზე ბუზის ოდენა სისხლის ფერი ხალი აჯდა, რომელიც ოდნავ აუშნოებდა მის გარეგნობას. თუმც საერთო ჯამში მაინც სასიამოვნოდ მოგეჩვენებოდათ იგი. ოდნავ წაგრძელებული სახითა და არწივისებრ აპრეხილი წარბებით. სახის უნაოჭო და ნაზი, ხორბლისფერი კანით. ოდნავ ჩავარდნილი ლოყებით. საზრიანი შავი თვალებითა და ფართო შუბლით.
—–აქიმი ქანანელი რომელია?—- მაინც იკითხა მოსულმა და მასპინძელს თავისი თაფლისფერი თვალებით ცნობისმოყვარედ მიაჩერდა.
—–მე ვარ. რა ამბავია?
—–პატრონმა გამომგზავნა, ძლიერ ცუდად არის. უნდა წამომყვე.
აქიმი ჩაფიქრდა. წამსვე გონებაში გადახარშა თუ რა საქმეები ჰქონდა იმ დღეს, სამკურნალო მცენარეების დახარისხება შენახვის გარდა, რომელსაც მთელი დღე არ ეყოფოდა. ქსენონში* იყო მისასვლელი. ერთი კვირა არც იქ მისულიყო, მაგრამ სნეულის* შემონათვალზე უარის თქმა არ შეეძლო.
—–კი, მაგრამ საით მივდივართ?
—-AAAციხეგოჯის* ახლოს ცხოვრობს ჩემი პატრონი.
აქიმი ცოტა შეყოვნდა ამ გზის გავლას ორი საათი მაინც უნდოდა, მაგრამ უყოყმანოდ შევიდა სახლში ტყავის ჩანთის გამოსატანად. ჩანთა მუდამ მზად ჰქონდა ხელსაწყო იარაღებით, მაგრამ მაინც გახსნა და გადაამოწმა. რა არ ეწყო შიგ. რკინის და ძვლის ნემსები, სისხლძარღვის გასახსნელი ნესტრები, რკინის მავთულისგან დამზადებული ბორწკალები. ჩქიფი (მაშასავით); შაშარი (ლახვარივით); მახვილი (ლანცეტივით); შტვირი ანუ კატეტერი, ასტამი, მარწუხი. სხვადასხვა სახის რკინისა და ბრინჯაოს, ყუიანი თუ ბასრი დანები, ერთკბილა ორკბილა და სამკბილა კავები, ზოგი რკინისა და ზოგი ვერცხლის. ძვლის საფხეკი რკინის ხვეწი.ვერცხლის მახათები და მკედი*. ახლა მოაგონდა აქიმს რომ სავარაუდოდაც არ იცოდა თუ რა სენი* შეჰყროდა სნეულს და რა იარაღის დამატებას თუ გამოკლებას საჭიროებდა ჩანთა. ამიტომ მოსულს გასძახა: რა დამართიაო შენ პატრონს?
—-არ ვიცი თქვენი ჭირიმე, შეუძლოდ კი არის, შარბათებიც* ვასვით, წამლებიც, მაგრამ არ გაჭრა.
—–ეჰ,—- გაწყრა აქიმი.—-< ოთხდღემდის ნურას მისცემ წამალსა, რომე აქიმი უკეთ შეიტყობს თუ რისგან არის სენი მისი>*. ეგ არ იცოდით?!
ყმა იფიქრა ფეხს ითრევსო მგონი აქიმი და პატრონის დასახელება გადაწყვიტა.
—- არ ვიცოდით თქვენი ჭირიმე. ის კია რომ უკვე გურგენს სიარულიც აღარ შეუძლია.
—-ვინ გურგენს, ოდიშელს?—– ხმა შეეცველა გაკვირვებისგან აქიმს.
ყმამ მიხვდა რომ ოდიშელის ხსენებამ აქიმზე შთაბეჭდილება მოახდინა და სიამოვებისაგან უხმო დასტური მისცა.
——-იქნებ სიცხე აქვს, თუ ფეხი აქვს გადატეხილი?
—-არა, თქვენი თავი გვიცოცხლოს მაღალმა ღმერთმა. ფეხი ნამდვილად არა აქვს მოტეხილი, სხვა არა გამეგება აქიმობის.
—- კარგი მაშ იარაღად ეს ჩამადანი მეყოფა, წამლად კი სხვადასხვა იარაჯი* და მაჯუნი* მომაქვს. თუ სნეულს კიდევ რამ დაჭირდა უკანვე წამომყვები და გამოგატან.—–ჩქარობდა აქიმი და წამლებით სავსე ფუთას აწოდებდა მხედარს.
ჩუმად მისდევდა ქანანელი გურგენის ყმას. ხმას არ იღებდა გზად მიმავალი. მხოლოდ ოდიშელზე ფიქრობდა.
გზის დასასრულს დუმილი ყმამ დაარღვია. სამოსი აიწია და დამუწუკე-ბული ზურგი აქიმს მიაშვირა. თავისი გასაჭირი ჰქონდა საბრალოს. მორიდებუ-ლი იყო და ამდენ ხან ვერ გაებედა სათქმელი.
—- იქნებ მისაშველოთ რამე. რა არ ვცადე, მაგრამ პირი ვერ ვაბრუნებიე.—-უთხრა აქიმს მოკრძალებით.
მკურნალმა ერთი ახედა.
—– ცხენისწყალში სამგზის გაბანვა გიშველის,—- მიუგო მშრალად და ისევ ოდიშელზე ფიქრს დაუბრუნდა.
რა უნდა ჭირდეს ნეტავ?
ქანანელი როგორც კი მივიდა სნეულთან იმ წამსვე დასალევად ვარგისი წყალი და თხილის წკეპლა მოითხოვა.
—–აქიმო შეიძლება მე მიცნობთ….—-წამოიწყო რიხით სნეულმა.
—–ვინ არ იცნობს სახელოვან რაინდს გურგენ ოდიშელს?! მისი გმირობისა და ვაჟკაცობის ამბები დღესაც მთელ აფხაზეთში ლეგენდებად დადის. მრავალი ახალგაზრდა ყავს მიმბაძველი. ბავშვობაში მუდამ ჩემი იდეალი იყავით და ეს დღესაც გრძელდება,—-დაასწრო თავის წარდგენა აქიმმა სნეულს.
ამასობაში ყმამ თუნგით ცივი წყალი მოარბენია, მაგრამ ქანანელს სპილენძის ჭურჭლით მოტანილი არ ეამა. კვლავ გააბრუნეს უკან იგი ყმა, ამჯერად კუტალით* მოჰქონდა ნაკადულის კამკამა წყალი. აქიმმა სნეულს ხელი დაბანა და ნაბან წყალს რომელიც გობში იყო ჩაღვრილი გულმოდგინედ დაუწყო შესწავლა. წყალი მინის ჭურჭელში გადაასხა, ხან მის ფერს უკვირდებოდა დაძაბულად მზის სხივებზე, ხანაც ოთახის სინათლეზე. ხან დიდხან ანჯღრევდა თხილის წკეპლით და მასზე მოდებული ქაფით მსჯელობდა, გულში კი ამბობდა: <აქიმი მეცნიერი და ფრთხილი უნდა რომ შეიტყოს>.* <აქიმის სიბრძნე და ჭკუა, სიფრთხილე ამაზედა გამოჩნდების რომე მართალზედა იცნას> *, ამას ისე ბუტბუტებდა თითქოს ლოცულობსო. მკურნალს ირგვლივ სნეულის ჯალაბობა შემოხვეოდა და მონუსხულივით უყურებდა მის ყოველგვარ მოქმედებასა თუ ქცევას. საჩვენებელი და ცერა თითი ჩაყო წყალში და სიბლანტეც კი გაუსინჯა ნაბან წყალს, ერთი ორჯერ დასუნთქა კიდეც, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ბოლოს რაღაც სითხე ჩააწვეთა. ნაბანი აიმღვრა და თეთრმა ლაბისებურმა მასამ ფსკერზე იწყო დაშვება. ახლა ამას აკვირდებოდა აქიმი გულდასმით. მთელი ამ ხნის განმავლობაში თანდათან ეცვლებოდა იმედის მომცემი სახე. ბოლოს მთლად წაუხდა ნირი რაც სნეულის უიმედო მდგომარეობის აღმნიშვნელი გახლდათ.
—- რაინდო საჭმელად რას მიირთმევთ?— მაინც იკითხა აქიმმა, თუმცა ხელთ ნაბანი წყალის შესწავლით კარგად ხვდებოდა რომ სნეულს არც არაფერი ეჭამა და არც ჭამის თავი ჰქონოდა.
—- საჭმელი?— ალაპარაკდა რაინდი და თვალებში ნაღველი ჩაუდგა,—რა სჯობს აქიმო ჩვენ ტეხურას სათავეებთან დაჭერილ კალმახს ბროწეულის წვენით. ან ეგრისწყალს* ამოყოლილ ღლავსა და ორაგულს ქინძმარში, ცხენისწყლის წვერას ნიგვზის ბაჟეში და აბაშის წყალში დაჭერილ ქაშაპს ნიორწვენში, ზედ კარგი მაგარი ჭაჭის* ან ჭყუტა* მსხლის არაყი და შვიდკვირა ღომი* ისეთი, პირში რომ ჩაგადნება სასიამოდ, ასხის* ჯოგის სულგუნთან ან კამეჩის მაწონთან ერთად. ფრინველებიდან ხომ ხოხობია მეფე, თან ჩვენთან კოლხეთში ნანადირები, თუნდაც ჩახოხბილი ან შამფურზე შემწვარი მკუხე ტყემლის წვენთან. ცხოველებიდან ირმის ხორცის ჩაქაფულს ან ხაშლამას არაფერი სჯობს მისი ოხშივარი ცას რომ წვდება. მასთან შველის ჯიგარი და ყაურმაც შემირცხვენია.—-ამბობდა მშრალად სნეული და იქ მყოფთ ნერწყვი დიოდათ ამის მოსმენაზე. აქიმსაც აუწრიალდა კუჭი და ერთხანობა ხელობაც მიივიწყა. —– არ მავიწყდება ტახის მწვადი, —- აგრძელებდა რაინდი.—- მაინც გვიანი ზაფხულის ტახს არაფერი სჯობს. ბალდის* წიფლნარში დაჭერილს. სასწაული გემო აქვს. წიწიბოს* ნაჭამს. მასთან წაბლ ნაჭამი და რკო ნაჭამი ტახები არაფერია. ნიგოზზე გაზრდილი კიდევ უკეთესი, რამდენჯერ ავყოლილვართ ზემოთ ცხენისწყლის და რიონის ხეობას. იქ არის ნიგვზის ტყეები და მაქ ნანადირევი ტახი მუხის ნაკვერცხალზე შემწვარი ზედ ოჯალეშის ღვინო და თუნდაც ხმიადი,* ოღონდ მახასი,* ზანდურის* თუ იქნა აგაშენებს ღმერთი. მითხარი მაგას თუ რამ სჯობს დედამიწის ზურგზე? ჰოო, ქურციკის* მწვადთან ყველაფერი ამაოა. ახლაც ჩამრჩენია საამოდ ყურს. ქურციკის მწვადის შიშინი, მისი გამაბრუებელი სუნი და ენით აღუწერელი გემო.—- ამბობდა მოგონებებში წასული, მერე შედგა დღევანდელობა გაახსენდა და განაგრძო.—- მაგრამ ჩემი უბედურება იმაშია აქიმო რომ ამდენი რამ ჩამოვთვალე და ნერწყვიც არ მომდგომია პირზე. მაძღარი არ გეგონო, თუმცა დრო იყო რარიგ მაძრარი არ უნდა ვყოფილიყავი მაინც სულს დავლევდი ამათ მოგონებაზე. დღეს კი მესამე დღეა ლუკმა არ ჩამსვლია სტომაქში და არც არაფერი მინდება.
<ქურციკი, ქურციკი>—-ეს სიტყვა აგუგუნდა მკურნალის გონებაში და მან სნეულის მარჯვენას დასწვდა ანაზდად. რაინდს სუსტი მაჯა ჰქონდა საშინლად არეული რითმით. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი. მიაყრიდა გული გამეტებით, შემდეგ შედგებოდა კარგა ხან. მერე კვლავ დასცხებდა—- ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი და კარგა ხნის პაუზის შემდეგ ისევ ისე ანახლებდა მუშაობას. აქიმს გაკვირვება დაეტყო სახეზე, გარეგნულად ისე მძიმე არ ჩანდა სნეულის მდგომარეობა როგორც სინამდვილეში იყო.
იქნებ შველებოდა რამე.
ქანანელი რაღაც პატარა ხელ მოსაკიდებელს ამაოდ ეძებდა. ბოლოს ჩამადანი გახსნა, დიდხან ურიალა ხელი შიგ ჩაყრილ ნივთებს, როგორც იქნა ორმაგი კონუსური მოყვანილობის ხის მილი ამოიღო, რომელიც სტეთოსკოპის* მოვალეობას ასრულებდა და სნეულის გასინჯა განაგრძო. გაკვირვებულიყო აქიმი, ასე დაჩეხილი— დაჩხვლეტილ სხეული არსად ენახა. ერთ ციდა ადგილი ვერ აღმოაჩინა ტანზე ხმალს ან შუბს თავისი მოქმედების კვალი ზედ რომ არ დაეტოვებინა.
რაინდის სხეული გადახნულ ველს წააგავდა.
სადღაც ღრმული ნახა და იქ ჩადო სტეთოსკოპი. დიდხან უსმენდა ხის მილის მეშვეობით სნეულის გულისა და ფილტვების მუშაობას.
—-აქიმო, გურგენ ოდიშელი შიშველი ხელით შეგებებია უამრავი შუბისა და მოსისხლული ხმლების კორიანტელს, მაგრამ არ შეშინებია. ახლაც არ შეუშინდება ის სიკვდილს,—- თითქოს წინასწარ გაიგოო აქიმის სათქმლი რაინდმა.
—-არა სასიკვდილო რა გაქვთ, მალე კარგად იქნებით,— მიხვდა აქიმი რომ ისე არადამაჯერებლად თქვა ეს სიტყვები ყველა იქ მყოფი და თვით სნეული დაარწმუნა მდგომარეობის სირთულეში.
—-აქიმო, კარგად ბრძანდებოდე, მადლობ რომ მინახულე,—-აცილებდა თავჩაღუნულ მკურნლს გურგენის ომახიანი ხმა და მას უკვირდა თუ კიდევ საიდან ჰქონდა ამის შესაძლებლობა სნეულს..
—- რა სნება შეყრია?—- მისდევდნენ ცხენისკენ მიმავალ აქიმს ოჯახის წევრები.
—- გული არა აქვს…. გული გამქრალია…. —- მილაპარაკობდა აქიმი.
—- რა წამალს დაუნიშნავთ?
—- თუ გული არ გამოიცვალა მისი განკურნება თვით ყოვლისშემძლე მამა ღმერთს არ შეუძლია.
—- ესე იგი არ გადარჩება?—- ელდა ეცა ვაჟს.
—- <თუ სცემდეს მაჯა მარჯვენისა ხელისა ჩქარად და წურილად, დასცხრეს და კიდევ ფეთქდეს და დაცხრეს დიდსა ხანსა ამას ქურციკისა ხლტომა ჰქვიან და სიკვდილისა ნიშანი არის>*.—- მიუგო მკურნალმა მკაცრად.
აქიმი რომელიც ლამის მესიად ესახებოდა ჯალაბობას, ამ უიმედო სიტყვების მერე ეშმად ქცეულიყო. <მკრეხელობს კიდეც>.—- ბრაზით ჩაილაპარაკა ვიღაცამ მათ შორის და არ დაიჯერეს აქიმის მიერ დასმული დიაგნოზი.
ერთი კვირის შემდეგ ისევ გაისმა მკურნალის სახლის წინ ძახილი:
—- აქიმო ქანანელ, აქიმო ქანანელ!
მაშინდელივით ისევ დილა იყო, მაგრამ აქიმი შინ არდახვდა. ქანანელის ყმა გამოეგება სტუმარს.
—- აქიმ ქანანელს თხოულობსო ჩვენი პატრონი.
—– აქიმი შინ არ არის. სასნეულოში წავიდა ეს წუთია,—- უპასუხა ყმამ და გურგენის მსახურმა ჭყონდიდის სასნეულოს მიაშურა.
<თუ გულის ტკივილი სიგრილისგან იყოს ესე წამალიცა აჭამეთ სადაფისა ფურცელი, ნიგუზისა ზეთი და ცოტა თაფლი გაურიონ და შეაჭამონ და მუფარეხი მაჯუნითა შეაჭამონ, რომე გული გაუმხიარულდეს>*
გურგენის ყმამ გაიგონა აქიმის სიტყვები და იმედი მიეცა. ახლა დანამდვილებით იცოდა პატრონს გული რომ ჰქონდა წამხდარი და იქნებ რამე ეშველებინა აქიმს.
<ნიშანი ხაფაყანისა ესე არის, რომე გულზედა ხელი დასდვა ასრე უძგერდეს გული, რომე ამას გვანდეს ვითა ქათამი ფეთქს შიგნითო. ესე ხაფაყანი ორისგან იქნების, ერთი სიმხურვალისგან და ერთი სიგრილისაგან. თუ სიმხურვალისგან იყოს, მისი ნიშანი ესე იყოს, რომე ხან ჟამიერად გულისა ძგერაშიგა ცხელებაცა მოუვიდეს და ძგერა გაუწყუეტლად იყოს. მისი წამალია: ყურსი ქაფური შეუწყევით, იმავე წესითა რომე ყურსებშიგა სწერია და ესე ყურსი ვაშლისი წუენითა შეასუით და ერთხელ სიქანგუბინითა ბუზურგითა, ერთხელ ვაშლის წუენითა>.*—- განაგრძობდა აქიმი შეგონებას. მისი მკაფიო ხმა ქსენონის კედლებს ადვილად სცილდებოდა და სასიამოვნოთ ჩაესმოდა გურგენის ყმას.
<თუ გული უძგერდეს, აიღე შაშთარა, სუქი, ქაქუნაჯი, ყანბილი, ქაფიდარა, ლისონლამალი, სუმაყი ხუთ ხუთი დრამი, თუხმაქანი და ნარინჯი თითოეულისაგან სამ სამი დრამი, რევასი ტაბაშირი სამ სამი და ესე ყუელა წურილად დანაყე და ქამაფეტოსისა წუენშიგა გაურივე სქლად, მერმე ვარდისა წყლითა გათხელე, კოვზითა ერთი, ზროხისა დოშიგა გაურივე და გულზედა შემოსდევ, და ერთი სმა დოცა შეასუი, და თუ ზაფხული იყოს ყინულითა გააცივეთ და აგრე ასუით>.*
კიდევ დიდხან უნდოდა აქიმის რჩევების უჩინად მოსმენა, მაგრამ მოვალეობა მოაგონდა და აქიმი ახმობინა.
—-ვერ წამოვალ!— მკაცრად უთხრა მკურნალმა.
—-რატომ? გაბრაზდით რომ სხვა აქიმი დავაყენეთ?
—-არა, — მოუჭრა მან.—- მე ისეთივე ვარ მაგ სნებასთან როგორც თქვენ. უბრალოდ უძლური ვარ.
სასო წარეკვეთა აქიმის პასუხით ყმას და უკან გაბრუნდა, მაგრამ მეორე დღეს ისევ აქიმთან გაჩნდა.
—- გურგენი გთხოულობსო.— მოუტანა ამბავი.
ხმის ამოუღებლად გაყვა აქიმი. არც ყმას უთქვამს რამე გზაში, მხოლოდ ტამსაცმელი ჩამოიცურა მხრებიდან და აქიმს სარკესავით გაკრიალებული ზურგი დაანახა რაც უსიტყვო მადლობის აღმნიშვნელი გახლდათ.
——ქანანელ მოხვედით,— სახე გაუნათდა სნეულს.— მე იმწამსვე მივხვდი შენ ხელი რომ არ მომკიდე….
—-რას მიხვდით?
—-იმას რომ არაფერი მშველის.
—- რას ამბობთ, მე უბრალოდ არ მეცალა… თან იოანე შესანიშნავი მკურნალია.
—-კმარა!— იყვირა გურგენმა.—- ყველამ იცის რომ შენისთანა აქიმი მთელ ამერ — იმერში მეორე არ არის, მაგრამ,—- მოლბა და ხმას დაუწია.— ამისთვის არ მომიწვევიხარ ახლა.
—- ბრძანეთ ჩემო ბატონო.
—-მაინტერესებს როდის მოვკვდები!
—- ჰა, ჰა, ჰა, — ნაძალადევად გადაიხარხარა აქიმმა.
—- სასაცილო არაფერია,—- კვლავ შეეცვალა იერი გურგენს.
—-აკი ხმლებისა და შუბების არ მეშინოდაო,—- სცადა სხვა თემაზე საუბრის გადატანა აქიმმა.
—- შიში არაფერ შუაშია, უბრალოდ ფეხზე ვერ დავდივარ. სხვისი სათრევი ვარ და არ მსურს ასეთი სიცოცხლე, ვერ გაიგე?!
აქიმი მიხვდა რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა.
—–ორ კვირაში რადგან თქვენ ჯანმრთელი ორგანიზმი გაქვთ.
—-ორ კვირაში?!—- არ გახარებია რაინდს.—- მაშ საღი ორგანიზმი ზოგჯერ საზიანო ყოფილა.
ერთი კვირის შემდეგ კვლავ ახმობინა გურგენმა აქიმი. ამჟამად მის სახეს საშინელი ტანჯვის დაღი აჩნდა. კიდევ უფრო მისუსტებულიყო, დამდნარიყო. ხელებზე კანი დაჭკნობოდა და ღაწვებად ეკიდა. ფეხები მორგვებივით დასიებოდა. ბაგეებზე, თვალებზე დროდადრო სიშავე დაკრავდა, ამას თან აუტანელი ჰაერის უკმარისობა და კიდევ უფრო აუტანელი ტკივილი ერთვოდა მუცლის არეში. ლოგინზეც ვერ წვებოდა. წამოწოლილს რაღაც აწვებოდა ყელში და მის გაგუდვას ცდილობდა. წამომჯდარი ისვენებდა მხოლოდ თუ მაგას დასვენება ერქვა.
—-აქიმო წუხელ ჩემი თავი ვნახე სარკეში და შემზარა. ვერ წარმოვიდგენდი ახოვანი და ბრგე რაინდი გურგენ ოდიშელი ასე თუ დამახინჯდებოდა. ბაგრატ მეფის* კარზე მიღებული ვიყავი. ამიტომ ჩემი საჭურველი მუდამ იდეალურად გამოიყურებოდა. სუფთად და ლამაზად დაკეცილი ათასგვარი სამოსი,—- გურგენს საუბარი უჭირდა და სვენებ—სვენებით განაგრძობდა.—- ჩემს მოსაპოვებლად ქალებს ცილობა ჰქონდათ, ამას თვალნათლივ ვატყობდი. მაინც ჯავშანპერანგს რომ ჩავიცმევდი, თავზე ბაგრატ მეფის ნაჩუქარ მოოქროვილ მუზარადს დავიხურავდი და ბერძნებთან ნაალაფარ ბრწყინავ შუბს დავავლებდი ხელს, ჩემ შეხედვას არაფერი ჯობდა. თითქოს ჰეფესტოსის* შეჭედილი საჭურველი ეცვა თვით ადონისს*, ისე ვამშვენებდით ერთმანეთს. ახლაც ჩამრჩენია ყურთ ქალების ნაზი ამოოხვრა და თვალთ მიდგას მათი ატოკებული გულები. სისხლის მღვრელი ბრძოლების შემდეგ ყოველთვის ვასწრებდი თავის მოწესრიგებას. ტალღურად დავარცხნილი თმებისა და ულვაშის ზომაზე დაყენებას. სახის კანის მოვლას. ახლა კი რას ვგევარ? გაქრა ყოველივე აორთქლდა. ტკივილები საშინელი მაქვს, მით უმეტეს ღამით. ხანდახან ისე წამომიარს რომ კედელზე გავდივარ, მაგრამ ხმას არ ვიღებ რა ვაჟკაცობაზე უნდა იყოს მერე ლაპარაკი, თუ მაგას ვერ გავუძელი. ყველაფერს ავიტან მხოლოდ ჩემი იერის დამახინჯებას არა. ფიცხელ ბრძოლებში რომ გადავეშვებოდი სხეულის არცერთ ნაწილს არ ვზოგავდი გარდა სახისა. ხომ ნახე ჩემ ტანზე იარები? სახეზე კი ერთი ნაკაწრი არ მაქვს. მერე იცი რას ნიშნავს ეს? ბრძოლისას სახის მოფრთხილება სასიკვდილოა. პომპეუსმა* და მისმა გამოუცდელმა მეომრებმა გადამწყვეტი ბრძოლა კეისართან* ფარსალეს* ველზე, სწორედ ამის წყალობით წააგეს და იქნენ ძლეულნი. თერთმეთი საუკუნე იწურება მას შემდეგ მაგრამ მე პომპეუსის გამოუცდელი მეომარივით ვუფრთხილდებოდი სახეს. ჩვენ ქართველებს ბევრი გმირი გვყოლია, მაგრამ მე მაინც პომპეუსს ვაღმერთებ. ალბათ იმიტომ რომ მისებრ დამყოლი, ალალი და…. —- შედგა სნეული. შერცხვა ამ სიტყვის საკუთარ თავზე თქმა.
—- ვაჟკაცი,—- დაამატა მის მაგივრად აქიმმა და გურგენმა განაგრძო.
—-კეისარივით მოქნილი და მოხერხებული რომ ვყოფილიყავი, ახლა ამ ქორედში* არ ვიქნებოდი და პალატები* მექნებოდა უამრავ ყმათა თანხლებით, მაგრამ არ ვნანობ, ამაზეც კმაყოფილი ვარ. კეისრებს საერთოდ მოსდევთ ცბიერება, სისასტიკე და ვერაგობა. ამიტომ იყო ბასილ ბულგართმმუსვრელმა* რომ ბაგრატ მესამეს* კურაპალატობა* მიანიჭა, ხოლო მის მამას გურგენ მეფეს* უფრო დაბალი ტიტული– მაგისტროსობა*. უნდოდა მამა შვილი ერთმანეთს წაეკიდებინა და თვითონ დიდხან ეპარპაშა დავით კურაპალატისეულ* ტაოს სამფლობელოში. არც მისი მომდევნო კეისარი კონსტანტინე* იყო დიდი ხეირი. როგორ სცადა მაგ ვერაგმა მძევლობიდან განთავისუფლებული უფლისწულ ბაგრატის კვლავ უკან მიბრუნება. არც ჩვენი სიძობა და მოყვრობა აკავებდათ და აკავებთ. თავიანთი სამფლობელოს გადიდების ხარჯზე მზად იყვნენ და არიან ყველაზე უკეთური ნაბიჯები გადადგან, ლიპარიტ* ამირას ღიად და ფარულად კეისრები აქეზებდა მუდამ სულგანათლებულ ბაგრატ მეოთხის წინააღმდეგ— ალბათ კიდევ დიდხან გააგრძელებდა კეისართა ვერაგობაზე საუბარს გურგენი რომ მისთვის ხელი საერთო სისუსტეს არ დაერია.
—- ეჰ, რა გითხრათ, კეისართა ცბიერება ყველასათვის ცნობილია და მაგის რა მოგახსენო, მაგრამ თქვენი ავადმყოფობა კი იმითაა განპირობებული რომ პომპეუსს ნამდვილად არ გავდით.
—- რა აქიმო?—- ბრაზი მოგვარა მკურნალის სიტყვებმა სნეულს.
—- როდის მერე გააგდეთ ხმალი ხელიდან?
—-1032 წელს დავიჭირე პირველად მახვილი ხელში თექვსმეტი წლისამ. იღბლიანი გამოდგა პირველი ლაშქრობა. ლიპარიტი მაშინ მეფის ქვეგამხედვარი* არ იყო, მან გამოიტყუა თბილისის ამირა ჯაფარ* და შევიპყარით იქვე მუხათგვერდს. მერე არ ვიცი რა მოხდა, მეფე ბაგრატ მეოთხე უასაკო იყო და ვერ გათვალა, ბირთვისი რომ წავართვით ამირას, ასე ამბობენ შეებრალაო ჯაფარი და გაანთავისუფლაო დატყვევებული. იმასაც ამბობენ ეს ამბავი ლიპარიტის მალულად მომხდაო და ამის გამო ჩამოვარდნილა მტრობა მეფესა და ლიპარიტს შორის. მეფეს ასაკი რომ მოემატა მიხვდა რომ მაჰმადიანი მფლობელისთვის თბილისი არ უნდა დაეთმო.—-.რაინდს ლაპარაკი ძალიან უჭირდა, მაგრამ განვლილი დროის გახსენება სიამეს გვრიდა და საუბარს ნაწყვეტ ნაწყვეტ აგრძელებდა.——1037 წელს როცა სულგანათლებულმა ბაგრატ მეფემ ალყა შემოარტყა თბილისს, იმ ლაშქრობაშიც ვმონაწილეობდი. ალყა წლები გაგვიგრძელდა. თბილისში შიმშილობა ჩამოვარდა. ყვებოდნენ ქალაქიდან გამოპარულები: ლიტრა ვირის ხორცი ხუთას დრამად იყიდებაო. იმასაც ამბობდნენ: ამირას ტივები მზადა აქვს და უმთვარო ღამეს უცდის რომ გაიპაროს თუ მანამდე მიაღწიაო. არ ვიცი რა მოხდა, მეფემ განწირულ ამირას ზავი გამოუცხადა და გადაარჩინა. ესეც ლიპარიტისგან მალულად მომხდარა. დიდებულებმა აცდუნეს თურმე ყრმა მეფე, ლიპარიტიც საბოლოოდ გადაიმტერეს. ვერც თბილისი შემოიერთეს და მასთან ერთად კლდეკარი და თრიალეთი დაკარგეს, მაგრამ შემდგომ მაინც მოვესწარი თბილისის განთავისუფლებას და დაკარგვასაც. ამირა ჯაფარი რომ მოკვდა, თბილისი, მეფეს გადასცეს ბერებმა, ისნის ციხე არ დაგვემორჩილა მხოლოდ და ალყაში მოვაქციეთ იგი. ციხე ეს ესაა უნდა გატეხილიყო რომ ლიპარიტმა ანისში მეფეს მომხრეები დაუტუსაღა. ბაგრატი იძულებული შეიქმნა ისანზე ხელი აეღო და თბილისიც შემოუერთებელი დარჩა. მერე დაიწყო ლაშქრობანი ამირა ლიპარიტის წინააღმდეგ რომლებიც წლები გრძელდებოდა. შენც ხომ გსმენია მეფემ ლიპარიტს ვერაფერი მოუხერხა სამაგიეროდ ლიპარიტის ცოლს ახადა ნამუსი.—- ეტყობოდა ოდიშელს მეფის ეს ქცევა არ მოწონებია ამიტომაც გადააქნია თავი.
—– ლიპარიტმაც ხომ გადაუხადა სამაგიერო*?—– ამის თქმა სურდა აქიმს, მაგრამ გაიტრუნა. შეეშინდა მეფის შეურაცყოფის.
—– ჩვენ ვერაფერი დავაკელით ლიპარიტს, სამაგიეროდ თოღრულბეგმა* სძლია ბერძნებისა და ლიპარიტის გაერთიანებულ ლაშქარს და ტყვედაც ჩაიგდო იგი,—– აგრძელებდა ოდიშელი ძველი ამბების თხრობას და აქიმიც სიამოვნებით უსმენდა.—– სამიოდე წელი კი იყო მეფე ლიპარიტიდან დასვენებული, მაგრამ ბერძნებმა გამოისყიდეს ტყვე და ახალი თავსატეხი გაგვიჩინეს. მე უცნობი გმირი ვარ. სულა კალმახელს* მარტო მისი ნებით არ მიუღია გადაწყვეტილება, მე მიმავლინა მასთან უჩუმრად მეფემ. მევე ჩემი ხელით დავადგი ამირა ლიპარიტს ქედზე ბორკილი და მივგვარე სულგანათლებულ ბაგრატს. მაშინ მიბოძა ეს მამული მან. მერე მკერდში ისე დავიჭერი კინაღამ წუთისოფელს დავემშვიდობე. მალე მეფე ბაგრატიც დაუზავდა ალფარსლანს* და მე— ცხოვრებას. ერთ რამეს მიხვდი ამ ხნის განმავლობაში. ტყულა ხმლის ქნევას არაფერი მოუტანია. აზრი და გონებაც უნდა დაატანო თან. მოვჯობინდი მოკლე ხანში და ბაგრატმაც შემდეგ არაერთი ბრძოლა გადაიხადა, მაგრამ მას შემდგომ არსად ვხლებივარ. ათჯერ მოპოვებულს რომ ვერ შეინარჩუნებ კაცს გული ყველაფერზე წაგიხდება. შემდეგ მრავალი უბედურება დაატყდა სამშობლოს, მე კი ვარამს ღვინოში და დროსტარებაში ვახშობდი. არ დარჩენილა ბიჭვინთიდან თბილისამდე ხანაგა,* არცა ფუნდუკი* მე რომ არ ვიყო იქ ნამყოფი და ყმა არ მყავდეს შენაწირი. ამბობენ ჩვენი მეფე გიორგი* კესაროსიც* დიდი პურადიაო. ასე ვიცხოვრე აქიმო ქანანელ. თექვსმეტი წლის ასაკიდან რომ დავიწყე ოცდაცამეტი წელიწადი მახვილი არ გამიგდია ხელიდან, ნუთუ ეს საკმარისი არაა?—– სვენებით როგორც იქნა დაამთავრა თხრობა გურგენმა.
—–სავსებით საკმარისი იქნებოდა რომ არა ერთი გარემოება. ამ ხნის განმავლობაში ცხენით ჯირითობდი, ხმალს აქნევდი, ოფლს იდენდი. მერე კი ერთბაშად მოდუნდი, მიატოვე ყველაფერი და პურობას გადაყევი. თქვენ გულს მუშაობა სურდა და არა ჟანგის მოდება. ამიტომ დაგიპატარავდა, დასუსტდა, გაქრა. პომპეუსი რომ თქვენი ასაკის იყო, აი ზუსტად იმ ბრძოლის წინ თქვენ რომ ბრძანებდით, ქალაქ ბერეაში* წვრთნიდა ჯარს და თვითონ უქმად როდი იყო, არამედ ახალგაზრდა კაცის მსგავსად ყოველგვარ შეჯიბრში ღებულობდა მონაწილეობას მოლაშქრეების გასამხნევებლად. მეომრები ხედავდნენ ორმოცდათვრამეტი წლის პომპეუსი, გაჭენებულ ცხენზე მჯდარი, თუ როგორ დაუბრკოლებლად იღებდა მახვილს ქარქაშიდან და ასევე დაუბრკოლებლად აბრუნებდა უკან. ხოლო შუბის სტყორცნაში ამჟღავნებდა არა მარტო საოცარ სიზუსტეს, არამედ დიდ ღონესაც. იგი ისე შორს ისროდა შუბს რომ ახალგაზრდა მებრძოლებსაც შურდათ მისი.
—–მართალი ხარ აქიმო, მე პომპეუსს ვერასდროს შევედრები,—– ნაღვლიანად ჩაილაპარაკა რაინდმა.
—-არა მაგის თქმა არ მინდოდა. მხოლოდ გაგახსენეთ სად დაუშვით შეცდომა და შებღალეთ თქვენი ჯანმრთელობა.
—-არსად, არსად! ისევ რომ შემეძლოს? კვლავ იგივეს გავაკეთებდი. შინა და გარე მტრებთან ასეთ ბრძოლას აზრი დაკარგული აქვს ამაში სულ მალე თვით მეფე გიორგი კესაროსი* დარწმუნდება. სულგანათლებული ბაგრატ მეფისთანა დაუშრეტელი მებრძოლი ვინ იყო, მაგრამ რა გამოუვიდა? მაგრამ აქიმო როგორც ყოველთვის ამჯერადაც ტყუილად არ მომიწვევიხარ.
—- ბრძანეთ ბატონო.
—- ერთი კვირა დამრჩა ხომ აღსასრულამდე?
აქიმმა უხმო დასტური მისცა.
—- მაგრამ ის ოხერი იოანე ჯარა* რომ არ მეშვება?! ძალათ მასმევს წამლებს.მჩხვლეტს ფეხებსა და ხელებზე. მოვკლავ მაგ იუდას!—- წამოიყვირა გურგენმა უკანასკნელი წინადადება და ამან ისე გამოაცალა არაქათი რომ სული ვერ მოითქვა და . წყალის მისხმა გახდა საჭირო მის საამქვეყნოდ მოსაბრუნებად. დიდხან იყო პირდაღებული. თვალები დახუჭოდა. მალი—მალ ზედაპირულად სუნთქავდა.
—- კი მაგრამ მე….
—- თქვენ ის რომ, —- სულის მოთქმის მერე შეჭმეჭნული სახით განაგრძო სნეულმა. ხომ ვერ მეტყვით მომიმატებს თუ არა დღეებს იოანე სატანჯველის სახით?
—- არა,— თავი გააქნია აქიმმა და ასე დაამშვიდა რაინდი, თუმცა მისი პასუხის ჭეშმარიტებაში თავად არ იყო დარწმუნებული.
—- ჰოდა აგაშენა ღმერთმა, ასეც ვიცოდი,— სულზე მოეფოფინა ოდნავ ოდიშელს.— არ მსურს ასეთი სიცოცხლე უკვე ფეხზე ვერ დავდივარ. ვერც საწოლზე ვწვები. ლაპარაკიც მიჭირს.
—- ეჰ, რაინდო,—- წამოიწყო წვრილი ხმით აქიმმა და სახეზე ხელი გადაისვა.—–რა იცით იქნებ ვცდები. ღმერთი მაღალია და ყოვლის შემძლე. იმედს რად იწურავთ? ბევრი სნეული მინახავს, მაგრამ თქვენისთანა რწმენა დაკარგული არა. წათე აბაზის ძეს ხომ იცნობდით?
—-აცხონოს ღმერთმა მისი სული, წათეს როგორ არ ვიცნობდი,—- ამოიხვნიშა დარდიანად გურგენმა.
—- ჰოდა წათეს მაგალითზე მოგახსენებთ. არაფერი შველოდა ვიცოდი, წყალს ვასმევდი მხოლოდ, თითქოს წამალი ყოფილიყო ასე ვატყუებდი. რომ ვინახულე ფეხზე გაჩერება არ შეეძლო, სავარძელში იჯდა. ვკითხე: <გუშინდელთან შედარებით როგორ გრძნობ თავს თქო?> <რა შედარებაა აქიმო ეტყობა იმოქმედა წამალმაო>.— მიპასუხა. არადა წინა დღით ასე იყო თუ ისე ფეხზე დგომა მაინც შეეძლო. მომდევნო დღესაც ვინახულე. უკვე სავარძელშიც ვერ ჯდებოდა. ლოგინზე იწვა. ისევ იგივე ვკითხე. კვლავ მიპასუხა: <გუშინდელთან შედარებით უკეთ ვარო>. ასე სწამდა მას ჩემო ბატონო. უნდოდა რომ კარგად ყოფილიყო და მართლაც კარგად ეგონა თავი.
—-მერე როგორ დამთავრდა? განაგრძეთ.— მიუგო გურგენმა.
—- შემდეგ? — არ დაბნეულა აქიმი.— სიკვდილი ადამიანს პირდაპირ ვერ ერევა. სიკვდილი ადამიანს ჯერ სიცოცხლის ხალისს ართმევს და მერე უღებს ბოლოს. დაკარგა წათემაც სიცოცხლის ხალისი….
მართლა რა ვაჟკაცი ყოფილა გურგენი,— ფიქრობდა სახლისკენ მიმავალი აქიმი.— როგორ უძლებს ასეთ აუტანელ ტკივილებს. ერთიც არ დაუკვნესია. მხოლოდ ერთხელ ახსენა და ისიც გაკვრით მათ შესახებ. მარტო რაინდული სახის დაკარგვას განიცდის. აფერუმ, აფერუმ მის გამძლეობას. მე ხომ ვიცი როგორ იტანჯება და ეს ჩემი ცოდნიდან გამომდინარე, თორემ სხვამ არავინ იცის დედამიწის ზურგზე მისი ტანჯვა, არც მისმა ოჯახმა. ალბათ ღამეებსაც თეთრად ათენებს. ალბათ კი არა ნამდვილად ასე იქნება, მაგრამ როდემდე?… როდემდე გაუძლებს ამ საშინელებას ხმა ამოუღებლივ. ალბათ სიკვდილსაც ამიტომ ჩქარობს არ უნდა ვინმემ მკვნესარი დაინახოს. სწორედ ამიტომ ითვლის დღეებს თითებზე. ერთი რამ გამკვირვებია. რატომ დანებდა ასე უცებ? რატომ დაჰყარა ფარ—ხმალი? ნუთუ მართლა არ იბრძვის გადასარჩენად და გადაწურული აქვს ყოველგვარი იმედი?— აქიმს უცებ ის ტკივილები წარმოუდგა თვალწინ , რომელიც არასდროს გამოეცადა , მაგრამ თვალთ ჰქონდა ნანახი და ყურთ გაგონილი. გააჟრჯოლა ამისმა გახსენებამ.— ტკივილმა მთა დაშალა. ქვა გახეთქა. ადამიანი როდემდე გაუძლებს ამას? მხოლოდ სიკვდილს შეუძლია ხსნა, მაგრამ ის ჯერ კიდევ შორსაა.
მესამე დღეს მოაკითხა აქიმს გურგენის ყმამ. მკუნალმა მიხვდა რომ ავბედითი რაღაც ხდებოდა რაინდის თავს.
—- ოდიშელმა გამოგგზავნა?— შეეკითხა მსახურს.
—- არა მე თვითონ გეახელით.— მიუგო დაბნეულმა მსახურმა და ენა მოჩლექით განაგრძო.— გუშინ იხუვლა პატრონმა. ვერ გაუძლო ტკივილებს. ხარივით ბღაოდა, ზუოდა, ენით ვერ ავღწერ ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა. დღესაც უარესადაა. სახლში ყველა გაფრთხილებულია რომ არანაირი სტუმარი არ მივიღოთ. თვითონ კარდახშულშია და ჩუმად ოხრავს. ძალიან უნდა რომ მისი ხმა არავინ გაიგოს. იქნებ წამალი იცით ისეთი რამე, რომ ტკივილები ცოტათი დაუყუდდეს*. ამ მხრივ იოანემ ვერაფერი გააწყო, თუმც კი ძალიან ცდილობს.
—ეჰ, სიკვდილის გარდა არაფერი დაუჩუმებს ტკივილებს,— ჩაილაპარაკა სახედამანჭულმა აქიმმა, მერე აფიონის მაჯუნს* დაავლო ხელი და მსახურს უსიტყვოდ აედევნა.
პირველ რიგში რაც სენაკში შესვლისთანავე შეიგრძნო, ეს მძაღე სუნი იყო. რაინდს კან დამსკდარი ფეხებიდან წვეთ—წვეთად მოდიოდა მღვრიე სითხე. აქიმს დიდი მიხვედრა არ დასჭირვებია იმაში რომ, სენაკში დაგროვილი უჩვეულო სუნის მიზეზი ეს გამონაყოფი ყოფილიყო. გურგენი ლოგინზე ჩამომჯდარიყო და ირგვლივ ბატის ღინღლიან ბალიშებში ჩაფლული კედელს მიყრდნობოდა. მისი ოხრა— ვაება კედლებს არ სცილდებოდა. ეტყობოდა მართლა არავის დანახვა არ სურდა, რადგან ძლიერ სავალალო მდგომარეობაში იყო. მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდა ცოტათი როცა მისმა მიბნედილმა თვალებმა აქიმის სახე დააფიქსირა. ყმას ანიშნა საწოლზე იმგვარად გაესწორებინა რომ ერთი ორი სიტყვის თქმა შეძლებოდა.
—- არავის დანახვა არ მსურს აქიმო,…. თქვენ გარდა ყველამ სენაკი დატოვოს.— როგორც იქნა ტკივილებს სძლია რაინდმა და ქანანელთან საუბრისთვის გაემზადა, მაგრამ ოთახის დატოვებას არავინ აპირებდა.—- გადით გარეთ არ გეყურებათ, აღსარება უნდა ჩავაბარო.
აღსარებაო?! მაშინ კი წაიშინა თავში ხელი მისმა ცოლმა.
—-ჰოი, შე გაჭირვებულო, უკვე გონებამაც გიღალატა?! გუშინ თვით ჭყონდიდელმა არ გინახულა, მას ხომ ჩააბარე აღსარება? ეს აქიმია, აქიმი. ვინ იყო აქიმს აღსარებას აბარებდა?
—- მომაცილეთ ეს ქალი,— ახედა მღვრიე თვალებით გურგენმა ცოლს.— არ შეიძლება წუთით დამტოვოთ, აღსარების ჩაბარება მსურს, როდის იყო აღსარებას ყველა ისმენდა?
—-გონებამაც უღალატა, ესღა აკლდა. —- იძახდა კისერ დაძარღვული, უფერხორცო ქალი.
—- კარგი შეუსრულეთ ეს ერთი თხოვნა, დაგვტოვეთ მარტო. მიმართა აქიმმა ცოლ—შვილს და მათაც დიდი ვაი–ვიშით დატოვეს ოთახი.
—- ჩემი ბაბუა დედის მხრიდან დიდგვაროვანთა წრეს მიეკუთვნებოდა და წარმოშობით უჯარმიდან ყოფილა,—- უკანასკნელ ძალებს იკრებდა რაინდი რათა სათქმელი ეთქვა.—- არ მაქვს ახლა იმის თავი რომ გითხრა თუ როგორ ააოხრა მტერმა მისი მამული და როგორ შეაფარა მან თავი ქუთაისს… ერთს გეტყვი მხოლოდ, გადმოცემით ვიცოდი კარგი ვაჯკაცი იყო და ძლიერ ვაფასებდი. ამიტომაც არ მინდა აქედან წყევლა კრულვა შევუთვალო მის სულს. მე მის ბერიკაცობას მოვესწარი და იქიდან მახსოვს…. მან დამიჟინა რომ ჩემივე ძმის წული მომეყვანა ცოლად. ამბობდა: <დიდგვაროვნებს ეს წესი გვქონდაო აღმოსავლეთში ძველად და ნუ გადააშენებთო ახალგაზრდები ამ ადათს*, შენივე ნათესავი უფრო კარგ ცოლობას გაგიწევსო>. დავუჯერე და რა მივიღე? აგერ ჩემი ცოლი, იგივე ჩემი ძმის წული. შენც ხომ ხვდები რაცაა… სასტიკი და დაუნდობელი. მისი შეხედვა მაინც არ აფრთხობდეს კაცს.
როცა ცოლზე დაამთავრა საუბარი, კარგა ხან დადუმდა. მერე ენერგიის ცოტაოდენი აღდგენა იგრძნო და რაც შეეძლო ფრთხილად გაანდო სათხოვარი მკურნალს:
—- აქიმო ქანანელ, უკანასკნელი თხოვნა მაქვს შენთან და უარი არ მითხრა, არ გამაწბილო.
—- ბრძანეთ რაინდო. მეტი რა გზა მაქვს უნდა შევასრულო,—- უპასუხა აქიმმა და სოფოკლეს* ტაეპები მიაყოლა.—-
<ის ვინც ფეხს შედგამს მეფის კარზე, მეფის მონაა,
თუნდაც მოვიდეს დაბადებით თავისუფალი>.*
აქიმს პომპეუსის ამ უკანასკნელი სიტყვებით რაინდის გამხნევება ეწადა, პირიქით კი გამოუვიდა.
გურგენი ცრემლებს ვეღარ იკავებდა.
—-<როგორ, ნუთუ ბანაკშიც?!>* —წამოიძახა ხელებ მომუშტულმა, აგონიაში ჩავარდნილი პომპეუსის წამოძახილი, რომელიც მის მდგომარეობას შეესაბამებოდა მთელი სიგრძე სიგანით და მკურნალს მიუბრუნდა.—- აქიმო თუ სნება ასე დამჯაბნიდა არ მეგონა. ვერ ვწვები, ვერ ვდგები, არც ვკვდები. ალბათ ცოცხლად ვყარვარ კიდეც, მაგრამ ამას ვერ ვგრძმობ რადგან ცხვირში შეგრძნება არ მაქვს. ხვალ იქნება თუ ზეგ აღმომხდება ცოდვილი სული და გურგენ ოდიშელის მყრალ და მახინჯ სხეულს როდესაც კუბოთი შარაზე ჩაატარებენ, ყველანი ზიზღით ზურგს შეაქცევს. მაგრამ ახლა სილამაზის და მშვენების დრო არ მაქვს… კარგი იყო ცოტათი ადრე შემეჩერებინა ჩემი ორგანიზმის ლპობა, მაშინ ვერც ამგვარ ტკივილს განვიცდიდი და ვერც ვერავინ ნახავდა ჩემ თვალებზე კურცხალს. მოვტყუვდი, ძლიერ მოვტყუვდი. კი ვამბობდი არ მაქვს გამოჯანსაღების იმედი თქო, მაგრამ ეს იმედი გუშინამდე არ დამიკარგავს… ვფიქრობდი რომ გამოვკეთდებოდი, ხმამაღლა არ ვამბობდი მხოლოდ ამას. თქვენი, ყველას გაწბილება მინდოდა. კარგი გაგებით გაწბილება. ასე მჩვეოდა მუდამ, მაგრამ ეჰ…. ნუთუ ასეთ დღეში ჩავარდი? ნუთუ ბანაკშიც?! ოჰ პომპეუს… დაუჯერებელია. ამდენ ხან არ ვიცოცხლებდი თავს, ეს რომ მცოდნოდა. ფუჭმა იმედმა დამიბრიყვა. ახლა უკვე თავის მოკვლაც არ შემიძლია, მაგასაც ხომ ძალა უნდა. თან დანასაც მიმალავენ ჩემები.
აქიმი შეზარა გურგენის ნაამბობმა. მიხვდა რაინდს რისი თქმა სურდა.
— აქიმო, თქვენ უნდა დამეხმაროთ და შეაჩეროთ ჩემი წამება. იცოდე გურგენ ოდიშელს ჯერ დახმარება არავისთვის უთხოვია, ის მხოლოდ ქანანელის დახმარებას მიიღებს, სხვისას—- არა.
—–კი, მაგრამ საიდან?…. რაინდო ეს ხომ თქვენი მხრივ ლაჩრული საქციელია…. იმას არ ვამბობ რომ სულს საუკუნო ჯოჯოხეთისთვის იმეტებ. ან მე რას მერჩი?—-ენა დაბმოდა მღელვარებისგან აქიმს.
—ეჰ, რა არის ვაჟკაცობა და რა ლაჩრობა ამას ვერავინ მასწავლის. ვაჟკაცობა იქნებოდა ჩემი ხელით მანამდე შემეწყვიტა ეს სენი, სანამ ამ დღეში ჩამაგდებდა, უკვე აღარ ვარ ვაჟკაცი, რადგან ვერ გავუძელი დაუკვნესად ტკივილებს. რაც შეეხება მაღალ ღმერთს, ის შენ წყალობას არ მოგაკლებს, რადგან ღვთისნიერ საქმეს ჩაიდენ. ნუთუ არ იცით როგორ ვიტანჯები? ახლა მთელი ძალა და გონება შენკენ მაქვს მომართული, რომ სათხოვარი ბოლომდე ჩავათავო თორემ ტკივილებისაგან ლამისაა გავგიჟდე. ღამე ჩემ სახლში არავის ძინავს, არც დღე მადგას კარგი ამბავი, უბრალოდ ენით ვერ ავღწერ ამას. აჰა, მიათკეცდება კიდეც, ეგებ სათქმელი მოვასწრო…. ჰოდა, გეუბნები ესაა ღვთისნიერი საქმე. მე მაინც ვერ გადავურჩები სიკვდილს. შენ კი ამას გამიადვილებთ. რამდენჯერ დავხმარებივარ დაჩეხილ მეომრებს სულის ამოსვლაში. ახლაც ჩამრჩენია თვალთ ჩემი მეგობრებისა თუ მტრების მადლიერი მზერა როცა მათ ტანჯვას მახვილით ვუღებდი ბოლოს. ჰქენი ეს სიკეთე შენც, თან საქმე უფრო მარტივადაა. სასთუმალთან დადებ სამსალას* და მეტი არაფერი გევალაბა.
სრული ერთი საათი გავიდა იქიდან სანამ ოდიშელი დიდი ვაებითა და კვნესით ნაწყვეტ—ნაწყვეტ, სვენებ—სვენებით ჩაათავებდა სათხოვარს. ამ ხნის განმავლობაში მის ცოლ—შვილს გარეთ ვერ გაეძლოთ და რაინდისაგან მალულად შესულიყვნენ სენაკში. ისე რომ როდესაც გურგენი უკანასკნელ წინადადებას ამბობდა მათ ყველაფერი ესმოდათ.
—- ჰოდა იმიტომაცაა რომ იტანჯები, რას ჩიოდი სხვას? შენი თავისთვის მიგეხედა და გეზრუნა,— ვერ მოითმინა ჩუმად ყოფნა ქალმა.
—- ესენი კიდევ აქ არიან?!— ჩაიდუდუნა ნაღვლიანად რაინდმა.
—-მამა გაუძელი კიდევ ცოტა ხან,—- ალერსით მიუგო ვაჟიშვილმა.
—- რა აზრი აქვს მითხარით…. მითხარით რა აზრი აქვს ჩემ ცხოვრებას?
—-ამდენს გაუძელი და ბარემ პატარა ხან მოითმინე,—- სიტყვა შეაშველა. შვილს დედამ.
—–ეჰ, —- თვალებ დახუჭული თავი ნელა შეარხია სნეულმა.—- რა აზრი აქვს?
—-ის აზრი რომ,—- გაბრაზდა ცოლი.—- ორი, სამი დღე ვერ მოგითმენია და მაგ შენი სულმოკლეობით ჯოჯოხეთში გაცილებით უარეს სატანჯველში მოგიწევს საუკუნეები ყოფნა.
—-მე ვერ ვხვდები,—- ბურუსით მოსილი თავი ჩაექინდრა სნეულს.—- ჩემი კიდევ ხუთი დღის წამებით რა უკეთდება ღმერთს?.. ვერ ვხვდები…. გონება არ მყოფნის იქნებ ქანანელ შენ მაინც ამიხსნა რატომ მაწამებს და არ სურს ჩემი სიკვდილი?
—-უი, რას როშავ?! შეიშალე ნამდვილად. წინათ ასე არასდროს გითქვამს. ეშმამ ხომ არ დაგრია ხელი?— ავიშვიშდა გურგენის ნათქვამზე ცოლი.—- გაიგე აქიმი ღმერთი რომ არ არის. რა დაგიჩემებია ხუთი დღე, იქნებ ხვალვე აღმოგხდეს ცოდვილი სული. რატომ იგდებ შენი სიტყვებისა და საქციელის გამო თავს ჯოჯოხეთში? შენი მოქმედებით ღმერთს არც არაფერი უკეთდება და არც უშავდება. გცდის და ყველაფერს მოგკითხავს ბოლოს.— ტყუილად უკითხავდა სახარებას ცოლი ტანჯვიდან გასაოთებილ რაინდს, რადგან მის სიტყვებს სნეული ძალას ვერ ატანდა რომ გონებაში გაეაზრა.
— არა ნამდვილად ეშმა შეუჩნდა, ახლავე წარვგზავნი ყმას მღვდელის მოსაყვანად რომ ვალოცვინო.
—–აქიმო შენ შეიძლება სიკვდილი ვერ დაამარცხო, მაგრამ ტკივილის დამარცხება გევალება. მომეცი სამსალა სიტყვა არ გატეხო,— ბუტბუტებდა სნეული.
—-აგერ აფიონის მაჯუნი მოგიტანე, ეს დაგიცხრობს ტკივილებს.
—–არა, არა, მაგი რომ მშველებოდა აქამომდე მომიტანდი. მომე ქანანელ სამსალა! გთხოვ.
—- მაგრამ მე რომ სამსალა არ მაქვს?— ჩაილაპარაკა აქიმმა.
—- რომ გქონოდა?
—- არ ვიცი დავფიქრდებოდი.—- უპასუხა ჩაფიქრებით აქიმმა.
—- დაიხსომე! მე შენგან მივიღებდი, აბა იოანეს არაფერი მინდა,—-თქვა ნაღვლიანად და მერე ერთბაშად გამოცოცხლდა. —- ერთი თხოვნა მაქვს და ეს მაინც შემისრულე.
—- ბრძანეთ,—– ისე დაბნეულიყო აქიმი რომ პირობის მიცემას ვერ ახერხებდა.
—- სანამ არ მოვკვდები არ მომცილდე. იქნებ ჩემი ტანჯვის ყურების შემდეგ დაამზადო სამსალა და სხვას მაინც უსაშველო.
სიკვდილისაგან გათანგული, ისევ სხვაზე ფიქრს განაგრძობდა.
აქიმს მართლაც დიდი სურვილი ჰქონდა ოდიშელის უკანასკნელი თხოვნა შეესრულებია, მაგრამ მეორე დღეს მცხეთიდან მაცნე ეახლა, რომელიც აუწყებდა გაბრიელ კათალიკოსის* უეცარ ავადმყოფობას და <სთავაზობდა> მცხეთას დაუყონებლივ გამგზავრებას.
რა უნდა ექნა? უკანასკნელ თხოვნასაც ვერ უსრულებდა რაინდს. მას უკვე იმის იმედიც გადაწურვოდა, რომ ცოცხალს ჩამოუსწრებდა სნეულს. ჯერ ერთი კათალიკოსს რომც არაფერი ჭირებოდა, მარტო ჭყონდიდიდან მცხეთამდე დღიურზე მეტი სავალი იყო ცხენთა ცვლით რაც რომ ჩქარა ევლო.
კათალიკოსის ფრიად უცნაური და სერიოზული სნეულება, რომელიც შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც გამხდარიყო, აქიმმა ზუსტად ორ დღეში დაამარცხა და მაშინვე აფხაზეთისკენ გამოემართა, ისე რომ ახალ აგებულ სვეტიცხოველში ლოცვაც არ აღუვლენია.
ჩქარობდა მკურნალი.
ნაშუადღევს ჩავიდა ჭყონდიდს, ამოდენა გზის გავლის შემდეგ დაღლილსა და მოთენთილს სახლში მოსასვენებლად გაჩერება არ უცდია. ვიღაც დედა–შვილი დახვდა ქუთაისიდან მოსულნი სახლის წინ ყორესთან ჩამომჯდარნი. მას ელოდნენ გუშინს აქეთ. დედამ როგორც კი გაიგო ქანანელია მის წინო მაშინვე ფეხებში ჩაუვარდა.
—-აქიმო ორი დღეა რაც გახელებულმა ძაღლმა დამკბინა და იქნება მისაშველო რამე?
ქალმა ნაკბენი ხელი აქიმს მიაშვირა, მაგრამ აქიმს ხელზე ყურადღება არ გაუმახვილებია. ჩქარობდა. ქალს პირი დააღებინა, ერთი გადაავლო გამოგდებულ ენას თვალი და უთხრა:
—-არა, შენ არ გახელდები.
—-კარგად მნახე აქიმო. ის ძაღლი მე რომ დამკბინა ნამდვილად გახელებული იყო. კაცებმა მოკლეს მერე შუბით.
აქიმს გაეცინა კვლავ დააღებინა პირი და ენა გამოაყოფია.
დიდხან აკვირდა ენას.
—-არა, ნამდვილად არ გახელდები. შეიძლება მართლაც დაგკბინა გახელებულმა ძაღლმა, მაგრამ ყველა ნაკბენი ადამიანს როდის აავადებს. თან ეს არაა ძლიერი ნაკბენი ნაკაწრებია. ასე რომ გადარჩენილხარ.
—- ახლა ჩემ შვილსაც გადაავლე თვალი მას ხომ არ შეყრია რამ?
—-როგორ, ამასაც უკბინა?
—-არა მას არ უკბინა, მაგრამ მაინტერესებს.
ქანანელმა თავი გადააქნია.
—-მერე ამდენი დრო მაქვს?!
—- გთხოვ აქიმო, გთხოვ,—-შეეხვეწა დედამ.
—-ხო, კარგი, მოდი, დროზე გამოაგდე ენა, —-მიმართა აქიმმა ქალის შვილს.
გამოაგდო თუ არა გოგონამ ენა ქანანელმა მაშინვე შეყვირა:
—-ცოფია, ცოფი!
—-თითუუუუ!—იკივლა დედამ და ქანანელს ახლა უფრო გაშმაგებით ჩაუვარდა მუხლებში.
—- იქნებ არა აქვს? კარგად ნახე. ნაკბენი ფეხი ანახე გოგო,—- მიმართა შვილს.—- მომირჩინე აქიმო შვილი, მომირჩინე!
—-აბა ამაზე არ უკბენიაო?— დაიბნა აქიმი.
როგორც შემდგომ გაირკვა გოგონასათვის ეკბინა ძაღლს, მაგრამ დედას დაებრალებინა საკუთარ თავზე. აინტერესებდა აქიმი მართლა თუ შეიტყობდა სიმართლეს. ის ვითომდა ნაკბენი ხელი, რომელიც მკურნალს აჩვენა გზად გადახეოდა ეკლებზე. ახლა ლამის მესიად გადაქცეულიყო ქანანელი მის თვალში.
—-ეს ახლავე დაალევინე და ღამით ლეკვებს დაბადებს*. ნუ გეშინია, დროულად ხარ მოსული, ამშვიდებდა აქიმი დედას და რამდენიმე წამის შემდგომ ციხეგოჯისკენ მიაჯირითებდა თავის კუნთმაგარ ცხენს. პირდაპირ ოდიშელის ჭიშკართან მიაგელვა ოფლში ამოხვანთქული იაბო და მაიმუნის მსგავსი ნახტომით მიწაზე გადმოეშვა.
ჭიშკარში ისე შევიდა არავინ გამოგებებია, ალბათ მოკვდაო სულთმობრძავი გაიფიქრა და ამან გულში ხანჯლათ გაუარა. მაინც ვერ გაიმეტა სასიკვდილოდ სიკვდილს მონატრებული. აქიმმა დაუძახებლად, სულმოუთქმელად აირბინა ქორედზე ამავალი კიბე და იმ სენაკის კარი შეაღო სადაც ოდიშელი ეგულებოდა.
მუხის სქელ ფიცრებისაგან შეჭედილ ვიწრო მაგიდას იდაყვ დაყრდნობით, პერანგისა და მისი ამხანაგის ამარა, თავჩაქინდრული მიჯდომოდა ყველასგან მივიწყებული რაინდი. სენაკში სხვა არავინ იყო. აქიმმა დიდხან უყურა დამკვირვებლური თვალით სნეულს, მას ამ კაცში გურგენ ოდიშელის შეცნობა გაუჭირდა. თითქოს მის წინ სხვა ვინმე იმყოფებოდა. მართლაც რაინდს წინანდელ სახესთან არაფერი აკავშირებდა. ამ ხუთიოდე დღეს მთლიანად შეეცვალა ის. სხეული ისე მილეოდა რომ თავი ტანის ოდენა მოგეჩვენებოდათ. პირი ღია დარჩენოდა, ბაგე ჩამოვარდნოდა, თმებიც კი უსიცოცხლო მკვდარი ეყარა უსიცოცხლოდ დამჭკნარ კანზე. მკვრივ დაძარღვულ ხორცს კონსისტენცია შეცვლოდა, ერთგვარ ლაბის მაგვარ თონთლო მასად ქცეულიყო. ფეხები ოდნავ დაჩუტოდა, მაგრამ ისევ ისე მოდიოდა მათგან მყრალი სითხე. რაინდის სიცოცხლეს მხოლოდ მოხშირებული ზედაპირული სუნთქვა და კისერზე გამავალი საძილე არტერიის უცნაური ფართხალი ადასტურებდა.
აქიმმა ალბათ იმისთვის რომ სნეულის ყურადღება მიეპყრო, იქვე მდგარ სკამს ხელი დაავლო და იატაკზე დაანარცხა.
სნეული შეფხიზლდა. თავი ნელ—ნელა ზემოთ ასწია, წარბები აპრიხა რომ თვალები გაეხილა.დიდი წვალებით მოახერხა ყოველივე ეს და უსიცოცხლო თვალები აქიმს მიაშუქა. მკურნალი შეცბა. ყველაფერ უბედურებასთან ერთად რაინდს, თვალების თაფლისფერი შეფერილობა თითქმის გაქრობოდა, თითქოს პიგმენტაცია დაკარგოდა ირისს* და ალბინიზმში* გადასულიყო.
რაინდმა ლუღ—ლუღი დაიწყო. მას მეტყველებაც წართმეოდა. მცირე ხნით თავის დაჭერაც ვერ შეძლო, თვალები დახუჭა, თავი ჩაქინდრა და ასე განაგრძობდა გაუგებარი ბგერების გამოცემას. იცნო თუ არა სნეულმა? ეს ინტერესი აღეძრა აქიმს. რაინდის თვალების გამომეტყველებით ვერეფერს მიხვდა.
ამასობაში სენაკში გურგენის ცოლი შემოვიდა. თმა გაჩეჩილი ქალი ძაფზე ასხმულ ჩონჩხს წააგავდა. წვრილი დაძარღვული ხელ-ფეხის მტევნებით, მილეული მუცელითა და გამქრალი ძუძუებით. ლაპარაკის ხასიათზე ჩანდა, თუმცა რა დროს არ იყო ყბედობის გუნებაზე?!
—–ოჰ, აქიმო მოხვედით?! მას მერე რაც წადით თქვენ გიხმობთ, გეძახით, დახმარებას გთხოვთ. ეს ორი დღეა კარგადაა. დამშვიდდა, არ ბორგავს. ტკივილებიც შეუჩერდა. მეტყველება წაერთვა მხოლოდ. გონება ისევ არ დაბრუნებია,— მოახსენა კარგ განწყობაზე მყოფმა ყველაფერი გურგენის შესახებ.
—-ეს რომ კარგადაა ისე….— არ დაუმთავრებია სიტყვა ნირ წამხდარ აქიმს. — ან გონება როდის ჰქონდა დაბინდული?— თქვა და ზიზღით ახედა ქალს. კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი და გონება მისი სხეულისა და სულის სიმახინჯეს მერე კი მდუმარედ კითხა საკუთარ თავს: თუ ამდენი სეფექალი ეხვია გარს რამ მოაყვანია ეს ალქაჯი? —- და თვითონვე გასცა პასუხი.—-მართლა დიდი ხათრი უნდა ჰქონოდა გურგენს ბაბუის.
რაინდმა წვალებით ასწია თავი და რაღაც ანიშნა აქიმს. აქიმი ახლო მიუჯდა.
—-ქანაელ…. ერთმანეთს ვგავართ…. ჩემი სახელიც სცილდებოდა აფხაზეთს,—- როგორც იქნა გაიგო რაინდის პირიდან თქმული ეს სიტყვები აქიმმა. ის კი სხვას ელოდა. დღეს მისი გათვლით ბოლო დღე იყო გურგენისა და ეგონა სნეული როდის მოვკვდებიო ამას შეეკითებოდა.
—- მკვდარია, ტკივილის შეგრძნება ვისაც არა აქვს მკვდარია, —- ჩაილაპარაკა აქიმმა.
<მაგრამ მკვდარსაც რომ არ ავიწყდება მისი სახელი და დიდება? გასაოცარია პირდაპირ> ,—-გულში გაიფიქრა მან.
გურგენ ოდიშელი მეორე დღეს დილით დააწვინეს ლოგინზე მას შემდეგ რაც მან გონი დაკარგა და საღამოს ასე გონმოუსვლელად გარდაიცვალა.
სნეულის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში აქიმი შოკში იყო, ხოლო თვეობით, ტანჯვიდან გასაოთებული რაინდის სახე ედგა თვალწინ. ამ ხნის განმავლობაში სახლიდან არ გასულა, მხოლოდ წიგნებს უკირკიტებდა და თავადაც წერდა რაღაცას. როცა მომჯობინდა მისდა ბედად პირველად იმ სნეულთან მიიყვანეს რომლის გადარჩენა შეუძლებელი იყო და რომელსაც ოდიშელის მსგავსად წამებით ელოდა სიკვდილი.
აქიმმა როგორც კი დახედა სნეულს მაშინვე მდუმარედ შინისკენ გასწია და იმ დღიდან დაიწყო ფიქრი ძლიერმოქმედი შხამის დამზადებისა.
ტყე—ველად მოუკლო სამკურნალო მცენარეების ძიებას და შეგროვებას. სამაგიეროდ უფრო შხამიანებს ეძებდა. ახლა მისი ჯვალოს ტომარა წყავის ფოთლებით და ჭერამის კურკებით იყო სავსე. ბოინშიც* მოუხშირა სიარულს იქიდან რქის ნაჭრები, საქონლის ტყავი და კასრებით სისხლი მოჰქონდა. წინათაც ბევრი ჰყავდა ქანანელს მტერი. ამ საქმით კი გაიორკეცა და სააშკარაოზეც გამოიყვანა ისინი. ქანანელი მჩხიბავია*, მუცლითმეზღაპრე,* რამლსა* ჩხრეკსო გაიძახოდნენ. თუ არა ჯადოქრობისთვის მაშ რად უნდა სისხლი და რქებიო?! ქანანელმა იცოდა ყველასთვის პასუხი რომ გაეცა წინ ვერ წაიწევდა და თავისთვის მშვიდად განაგრძობდა დაწყებულ საქმეს. სისხლს ქვაბში ასხამდა ზედ ნაცარს და რკინის ნაქლიბს, რქებსა და ტყავს ამატებდა და დიდხან ამოშრობამდე ადუღებდა. ამ პატარა მასას შეინახავდა და ხელახლა შეავსებდა ქვაბს და კვლავ განაგრძობდა იგივე საქმეს. თუ ვინმე მკურნალის სახლისკენ ჩაიარდა აუცილებლად იტყოდა ალბათ აქ ეშმაკი ბუდობსო ისეთი სუნი გამოდიოდა იქიდან. მეორე ქვაბზე წყავის ფოთლებიდან გამონაწური და ჭერამის კურკები იხარშებოდა. აბა წარმოგიდგენიათ რამდენი წყავის ფოთოლი უნდა დაეკრიფა აქიმს რომ მისი გამონაწურით ქვაბი გაევსო, მაგრამ ისეთი შრომის მოყვარე იყო ერთხელ ჩაფიქრებულ საქმეს ბოლომდე აუცილებლად მიიყვანდა და თვეების შეუსვენებელი გარჯის შედეგად მიიღო ერთი ჩარექა* უფერო, მწარე ნუშის ძლიერი სუნის მქონე გამჭირვალე სითხე და მის სულს ოდნავ მოეფოფინა. ჩათვალა რომ გურგენ ოდიშელის უკანასკნელი თხოვნა შეასრულა.
მაგრამ შხამი წლების განმავლობაში უმოქმედოდ ჰქონდა შენახული. თავდაცობილ ორმაგ ძირიან მინის სამ ჭურჭელში მოთავსებულ სითხეს დღის სინათლე საერთოდ არ ენახა. ხანდახან თუ გამოცდიდა მის ძალას მაწანწალა ძაღლებზე ან ვირთხებზე. ერთხელ თევზებზე გამოსცადა და მერე მწარედ ინანა. ერთი შუშა შხამი აბაშისწყალში რომ გაუშვა მდინარის ზედაპირი ღორჯოებითა და ქაშაპით დაიფარა თვალით მისაწვდომ მანძილზე.
წლები გადიოდა ქანანელს თანდათან ემატებოდა ასაკი და გამოცდილება. უფრო მეტად ხვეწდა სამედიცინო მიღწევებს ახლა მისი სახელი და დიდება მთელ კავკასიაში ქუხდა. საიდან არ მოყავდათ მასთან სნეულები და განუკურნებელს არავის უშვებდა უკან.
ერთხელაც მცხეთას მოუხდა წასვლა.
ავი ბედი მუდამ კვალში ედგა.
სნეული მოუყვანეს ვინმე დიდებული. ქანანელმა კინაღამ გონი დაკარგა. გურგენ ოდიშელი და მისი უკანასკნელი სათხოვარი აეკვიატა თავში. კიდევაც გაანდო ვაჟიშვილს: <არაფერი არ შველისო მამას>.
—–<მის სიცოცხლეს არ დავეძებ. ტკივილი შეუჩერეო ოღონდ>,—- მიუგო ვაჟმა
აქიმი პირველად იდგა სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე. რაინდის განაწამები სახე თვალებიდან არ შორდებოდა.
შხამი ადგილზე არ ჰქონდა ალბათ ამან კიდევ უფრო გააბედინა.
—- ტკივილებს ვერაფერი დაუყუდებს. სამსალა მაქვს ერთი, ისე მოაკვდინებს ვერც ვერაფერს გაიგებსო.
—- სამსალაო?! —- ძლივას გამოგლიჯეს აქიმი სნეულის გაცოფებულ ვაჟს ხელიდან. ალბათ რტყმევაში ამოაძრობდა სულს.—- მამიჩემი მოვკლა? ეს რა მითხრა მაგ წყეულმაო.—- იძახდა დუჟმორეული.
ქანანელს კი გულში უხაროდა მისი წინადადება მოუწონებელი რომ დარჩა და ნაბეგვ ადგილებს სრულებით არ აქცევდა ყურადღებას აფხაზეთისკენ არხეინად მიმავალი, მაგრამ ვინ დააცადა სიხარული. მესამე დღეს კაცი დაადევნეს. სნეულის ვაჟიშვილს დიდი ბოდიშობით შემოეთვალა: < სული არ ამოდისო მამას და იქნებ სამსალა მოგვცე რომ დაგვპირდიო>.
დაბარბაცდა და იქვე ჩაიკეცა ამის გამგონე აქიმი. რომ არავის შეემჩნია უცებ მუხის მორგვებამდე მიბობღდა და მასზე ჩამოჯდა. ორთავე ხელი საფეთქლებზე შემოეჭდო და ასე ფიქრობდა დიდხან, მერე ხმა ამოუღებლად წამოდგა, შინ შევიდა და შუშით შხამი გამოიტანა. შუშა ნახევრად სავსე იყო და ეს შხამი ბარე ას კაცს გამოასალმებდა სიცოცხლეს, მაგრამ მას მისი მოცილება უნდოდა ამიტომ უთხრა: < მამლის დეზი გაავსეთ სამსალით, მოსაკვდინებ-ლად მეტი არ არის საჭირო. დანარჩენი გადაასხით, იცოდეთ ვინმემ გემო არ გაუსინჯოს თორემ ზიარების თქმას ვერ მოასწრებსო>.
აქიმის დარიგება კი გადასცა დიდებულის ვაჟიშვილს ყმამ, მაგრამ ვაჟიშვილმა მარტო ის მოისმინა რა დოზით უნდა მიეცა შხამი. დანარჩენი გაფრთხილებისთვის ყური არ უგდია და მორჩენილი შხამიც არ გადაუღვრია. როგორც კი გააფშეკია მამას ფეხები, მერე სიმთვრალისას ერთთან წამოცდა: <ქანანელის მოცემული შხამი ვასვიო მამას>.
იგივე მეორესთან გაიმეორა და ეს უკვე საკმარისი იყო რომ მთელ მცხეთას ცოდნოდა დიდებულის სიკვდილის მიზეზი.
ამ ამბავმა გაბრიელ კათალიკოსის ყურამდეც მიაღწია. გაოცებისა და ბრაზისაგან საფარელმა წვერები დაიგლიჯა და დიდებულის შვილი იწვია სინამდვილის გასაგებად.
ვაჟმა არათუ დაუდასტურა ნათქვამი არამედ მონარჩენი შხამიც მიურბენია და მისი ძალა ძაღლზე, ჯორზე და შემდეგ ძროხაზე გამოაცდევინა. ცხოველების წუთიერმა დახოცვამ კათალიკოსი ისე აღაშფოთა,რომ იოანე ჭყონდიდელს* ფრიად უკმეხი წიგნი მისწერა, სადაც აქიმ ქანანელისაგან კაცის კვლაი ნებსით და განზრახვით, საწყმოსადმი ჭყონდიდელის ზერელე დამოკიდებულებას მიაწერა, ხოლო ანტონ ქუთათელისადმი გაგზავნილ წიგნში კათალიკოსი ჭამა-სმის მოყვარე მღვდელმთავრისგან დახმარებას ითხოვდა. <შეაგროვე აქიმ ქანანელის ბრალეულობის ყველა საბუთი, რათა მეფის სამართალს მივცე ქრისტესა და ადამის მოდგმის ორგული ეშმასთან წილნაყარი აქიმი ქანანელი>.
გაბრიელ კათალიკოსს ერთი სიფრიფანა ოქროს ჯვარი ჰქონდა, რომელსაც მრავალ სასწაულს მიაწერდა და მუდამ ყელზე დაკიდებულს თან ატარებდა. ბევრჯერ უთხრობია პირად საუბრებში ბერებთან და საერო პირებთან ამ ჯვარის მიერ ჩადენილ სასწაულებზე. თუ როგორ კურნავდა მასზე ამბორი დავრდომილებს, თუ როგორ წამიერად უჩერდებოდათ სისხლდენა მასთან შეხებისას ომში დაჩეხილ მებრძოლებს. <ქანანელის მკურნალობა არაფერია ამასთან შედარებითო>—- აღუნიშნავს ხშირად და კიდევაც ცდილობდა ჯვარის და ლოცვების მეშვეობით ქანანელის აქიმობა დაეჩრდილა. ღვთიური ძალით, გადაადგილების უნარიც კი შესწევსო ჯვარს,—- ამბობდა კათალიკოსი და მოყავდა კიდეც ამის უამრავი მაგალითი. საფარელს აქიმთან ჭიდილმა ერთი არც თუ ისე უცნაური იდეა ჩაუსახა. რომ მოეპოვებინა უპირატესობა მკურნალთან შედარებით, შხამის გაუვნებელყოფა თავისი ოქროს ჯვრითა და ლოცვებით მოიწადინა. მართლაც ეს აზრი ირგვლივ მყოფ ბერ–მონაზვნებს გაანდო და საქმესაც შეუდგა. იმდენი ილოცა და ურიალა ჯვარი შხამში რომ ოქრო მარილივით გაიხსნა სითხეში*. სასწაული სწორედ ეს გახლდათ! ამის შემყურე გაბრიელ საფარელი რამდენიმე დღე ძირს ეგდო, მიწას ფრჩხილებით ფხაჭნიდა და გამწარებული ბოლო ხმაზე გაკიოდა დუჟმორეული პირიდან, ისე რომ მასთან გაკარებას ვერავინ ბედავდა. ბოლოს, როგორც იქნა ცოტა რომ ჩაწყნარდა და ნერვები დაიოკა ბერ-მონაზვნები დაიბარა და ყველას პირობა დაადებინა, ჯვარის გაქრობის მიზეზი საიდუმლოდ შეენახათ. დიდად ერცხვინებოდა მხცოვან კათალიკოსს ყოველივე ამის გამომზეურება. რა თქმა უნდა ბერ-მონაზვნებმაც დიდი ზარ-ზეიმით პირობა მისცეს და ზედ კიდევ ბევრი ურყევი ფიცი-მტკიცი დაურთვეს თან, რითაც ძლიერ გაახარეს ეკლესიის საჭეთმპყრობელი.
მალე ანტონ ქუთათელმა მცირე დროში ისე გაისარჯა რომ საბუთების მთელი დასტა გაუგზავნა წიგნად კათალიკოსს. მისი წაკითხვით ისე გაიხარა გაბრიელ საფარელმა რომ ბერებს აუწყა დაუყონებლივ შეეკაზმათ ჯორ ცხენი, რათა დღესვე ლიხს იქეთ გადასულიყვნენ, რათა უმოკლეს დროში აღმოეფხვრათ კიდევ ერთი ბოროტება!
გეგუთის სამეფო პალატებში აქა–იქ ბჟუტავდნენ სანთლები. ირგვლივ სრული მდუმარება სუფევდა. არც მოშორებით მდგომ საჯინიბოდან ისმოდა ცხენების ხვიხვინი. არც დავით მეფის* მამალი ხოხობი ებრძოდა გალიიდან ღამეს. სადღაც შორს ტყიდან თუ მოისმოდა ხანგამოშვებით ზარნაშოს* კივილი და მისი ფრთების ფათქუნი. ხეებს ფოთლები შესხმოდათ, თუმცა გაზაფხულის ნედლი სურნელი ახლა იკრეფდა სრულებით ძალას. გარდა ზარნაშოსი და მისი მსხვერპლი ბაჭიასი, რომელიც ჯერ კიდევ არ გამომშვიდობებოდა სიცოცხლეს, ყველა სულდგმულს მკვდარივით ეძინა.
არ ეძინა მხოლოდ დავით მეფეს. შუა ღამით გაღვიძებოდა საქვეყნო საქმეებზე ფიქრით. მას ლიპარიტ ამირას წურთვა* ჰქონდა განზრახული. ჯერ ფრთხილად მოქმედებდა არავის ანდობდა საიდუმლოს. ახლა ნაჭარმაგებს აპირებდა წასვლას ამა საქმეთა განსაწესრიგებლად. ამიტომ ადგა ადრე. მზესაც არ აცალა ამოსვლა. დავითმა თვითონ აანთო სანთელი და ჩაცმას შეუდგა რომ კარზე კაკუნის ხმა მოესმა.
ფარეშთუხუცესი* შემობორიალდა ოთახში.
—–მეფევ ბატონო თუ ასე ადრე აპირებდი ადგომას მე რატომ არ მიხმე? სანთელს აგინთებდი.
—–არ შეგაწუხე ჩემო თადაოზ, ისედაც ბევრი საქმე გქონდა გუშინ და დაღლილი იქნები.
—–მეფევ ბატონო, მამათქვენ მეფეთმეფე გიორგისთანაც მიმსახურია და იმის მამა გასანათლებელ ბაგრატთან, ორივენი კარგები და ლმობიერები იყვნენ მსახურთა მიმართ, მაგრამ თქვენ კიდევ უფრო ლმობიერი ჩანხართ.
—-მერე თადაოზ რომელი სჯობს აბა თქვი.
—- სიმკაცრე მეფეო, სიმკაცრე!—- მკაცრად წარმოთქვა ჩიფჩიფით მსახურმა.—- მეფე მომთხოვნი და მკაცრი უნდა თორემ მსახურებმა თუ შეატყვეს სისუსტე, მერე თვითონ მოითხოვენ მეფობას, იტყვიან: <.ჩვენ მეფეზე ნაკლები რითი ვართო>.
—- თქვი თადაოზ რომელმა მოთხოვეთ მერე მამაჩემს მეფობა?
—-რომელმა და,—-არც ჩაფიქრებულა მხცოვანი ფარეშთუხუცესი.—- ლიპარიტმა. განა ის მეფის მსახური არ იყო? ლიპარიტმა და კიდევ სხვებმაც.— დაამატა მან.
ჭაბუკ მეფეს ლიპარიტის ხსენებამ თვალები აუმღვრია.
—-დაიხსომე თადაოზ ჩემო. ერთგულთათვის მეფე დავითი მარადჟამ მწყალობელი იქნება, ხოლო ქვეგამხედართათვის ყველაზე სასტიკი მეფე მეფეთა შორის.
—-ასეც უნდა დიდო მეფეო, მხოლოდ მაშინ წაიწევს ქვეყნის საქმე წინ როცა სამშობლოს მოღალატე ამირა ლიპარიტი მკაცრად დაისჯება—- განაგრძობდა ჩიფჩიფს თადაოზი.
—-ოჰო, შენ სახელმწიფო საქმეებიც გცოდნია,—- გაეხარდა მეფეს. — აბა რას ამბობს ხალხი ისიც გეცოდინება. ხომ იცი მეფე რომელიც ყველაზე ბოლოს გაიგებს მისი ქვეყნის ამბებს, ის მეფე სათანადო სიმაღლეზე ვერ დგას.
—-ხალხი, ხალხი…. —- ჩაიდუდუნა მოხუცმა.—- ძალიან ამაყობს თქვენით.
—-რა გავაკეთე ჯერ ისეთი?— გაუკვირდა დავითს.
—- რა და ჯერ არაფერი, მაგრამ ლიპარიტის წურთვა რომ განგიძრახავს ამას ყველა იწონებს.
—- მერე ეს ვინ რა იცის?— გაიკვირა მეფემ.
—- როგორ არა, ყველამ იცის და ყველასაც პირზე აკერია.
—-ხალხს რასაც აწყობს იმას იტყვიან,— ჩალიაპარაკა მეფემ.
—- როგორ?— დაიბნა მოხუცი.— მაშ ყველაფერი ჭორია?
დავითმა პასუხს თავი აარიდა და იქით კითხა:
—–შენ მოხუცო მართლა ჩემზე მეტი რამ გცოდნია სახელმწიფო საქმეების, მეტს არაფერს მეტყვი?
—-რა უნდა ვთქვა მე რეტდასხმულმა ბებერმა. ყველანი სიკვდილის შვილები ვართ და არც თქვენ იქნებით მარად ამ ქვეყნაზე. ქართველთა საქმე ამ ჟამად ყოფნა არყოფნის ზღვარზე გადის. როცა ამ სოფლად არ იქნებით ვისურვებდი. ყველას კარგად მოეგონებიოთ. და თუ კარგს არ იტყვიან სიგლახე თქვან ოღონდ ითქმოდეს რამე.
—-რას ამბობ ბერიკოცო?! სიგლახის თქმას რომ არაფერი თქვან ის მირჩევნია.
—-თქვენ მეფეო კი გირჩევნია, მაგრამ ქვეყანას ურჩევნია განა? მეფეს თუ სიკვდიდლის მერე ხსენება არა აქვს მაშინ მის სახელმწიფოსაც შეუწყვეტია არსებობა. და თუ ცუდად მოგიგონებენ ეს იმას ნიშნავს მომდევნო მეფეს მაინც აქვს მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა.
დავითი ჩააფიქრა მოხუცის სიტყვებმა. სიმართლედ ეჭაშნიკა ჭარმაგი კაცის ნათქვამი.
—–ერთგული ყმა ხარ და გეტყვი ახლა საითაც მიმიწევს გული, ლიპარიტის წურთვა მწადია და ნაჭარმაგევს მივალ. იქნებ არასწორს ჩავდივარ?! შენი აზრის მოსმენა საინტერესოა ჩემთვის,—- გული გადაუშალა მეფემ ფარეშთუხუცესს.
—-მეფეო ჩემი აზრის მოსმენა გარგებს განა? სამეფო კარზე სულელები სულელს მეძახიან, თავადაც ხომ კარგად მოგეხსენება? იმას ვინც საუკუნეებით უკან იხედება ბრძენს ეძახიან და ვინც საუკუნეებით წინ—- სულელს.
იცოდა მეფემ, როგორ არ იცოდა თადაოზს ყველა სულელსა და ჩერჩეტს რომ ეძახდა და თავადაც ასეთი წარმოდგენა ჰქონდა მასზე. <სულ არ მცოდნიაო ბებერი> — გულში ფიქრობდა იგი.
—- სულელები კი გიძახოდნენ სულელს, მაგრამ ჭკვიანები რას გიძახოდნენ არ მეტყვი?—- ღიმილით იკითხა მეფემ.
—–ჭკვიანებს რა უნდოდათ სამეფო კარზე.
მეფე შეცბა და გაკვირდა მოხუცის პირდაპირობით.
—–მაშინ სამეფო კარზე ჭკვიანები სადღა იყო. ახლა მომრავლდნენ მხოლოდ თქვენი წყალობით.—- განაგრძობდა მოხუცი.
—–ვის თვლი თადაოზ ჭკვიანად?—- დაინტერესდა მეფე.
—–ბევრს მეფეო, ბევრს. მწიგნობართუხუცესს* კი ბრძენად მივიჩნევ. სამწუხაროდ ის რეგვენად მთვლის, ვატყობ ამას.—- ჩაილაპარაკა მან და დაამატა.—-ახალგაზრდა რომ ვიყავი მაშინ ამდენს არ ვლაპარაკობდი.
—- კი მაგრამ რატომ?
—- ვიცოდი რომ არცერთ მეფეს არ მოეწონებოდა სიმართლის თქმა და ვდუმდი. მეფისთვის სიმართლის მიგება და ქარის საწინააღმდეგოდ გადაფურთხება ან — გვერდით მიმოიხედა მოხუცმა ხომ არავინ არისო და დაბალი ხმით მეფეს ჩასჩურჩულა— გადაფსმა ერთი და იგივეა.
—- ჰა, ჰა, ჰა,— გულიანად გადაიხარხარა მეფემ.—მერე ახლა რა გსჯის გულახდილად რომ მესაუბრები?
—- ჩემი წლოვანება. უკვე დავბერდი. თქვენ მსახურს მეტად ვეღარ შევძლებ, დღეს იქნება თუ ხვალ ჩემი დათხოვნა ისედაც მოგიწევს დიდო მეფეო.
—-ეს განგების კანონია, მაგრამ დავით მეფე ერთგულ მსახურს სიცოცხლის ბოლომდე ყურადღებას არ მოაკლებს,—- აღფრთოვანებული ჩანდა დავითი ფარეშთუხუცესთან საუბრით.
—–მეფევ ბატონო. ამ დღეებში ერთ რამეს თუ მიაქციეთ ყურადღება? ქანანელის დამზადებულ სამსალაში რომ ჩამდნარა კათალიკოსის სასწაულმოქმედი ჯვარი….
—-ჩამდნარა ხომ? თქვენც გაიგეთ არა?!—- გახალისდა მეფემ.
—-როგორ ვერ გავიგებდი, განა მთელი ქვეყანა ამაზე არ ლაპარაკობს? კათალიკოსი არ აცხადებს თურმე მისი ჯვარის გაქრობის მიზეზს, მაგრამ ყველამ კი იცის და… იმას ვამბობდი რომ,—- აგრძელებდა მოხუცი ჩიფჩიფს, მაგრამ უკვე მეფეს დიდი დრო არ ჰქონდა და წასვლას ლამობდა, თან ძლიერ ეწადა მოხუცის აზრის მოსმენა, დრო რომ მოეგო კარებისკენ მიიწევდა ნელი ნაბიჯით და ყურის გდებას განაგრძობდა რომ კვლავ დაიჩრუტუნა ფარეშთუხუცესმა.—- იმაზე მიმანიშნებს წუხელის კათალიკოსის ქუთაისს ჩამობრძანება….
—-რაო?! —-შეაწყვეტია გაოცებულმა მეფემ.—- კათალიკოსი ქუთაისშია?!
—-ქუთაისშია, ქუთაისში.—- დაადასტურა მისივე ნათქვამი ფარეშთუხუ-ცესმა.
მეფე შეყოვნდა და წამით დაფიქრდა.
—-ახლავე მიხმე მსახურთუხუცესს!*
—-ახლავე გეახლებათ,— თქვა თადაოზმა და მეფის ბრძანების აღსასრულებლად რწევა—-რწევით გარეთ გავიდა.
არც მსახურთუხუცესს სცოდნია კათალიკოსის სტუმრობის ამბავი.
<იქნებ ჭორიაო>— გაიფიქრა მეფემ. და თადაოზი გამოკითხა.
—–ქუთაისიდან მოსულმა ფარეშმა მითხრაო,— თქვა ფარეშთუხუცესმა.
ახლა ის ფარეში მოძებნეს.
—- ჩემი თვალით ვნახე, გაბრიელ კათალიკოსს როგორ არ ვიცნობ რამდენჯერმე მყავს ნახულიო.—– დაიჟინა მან.
გიორგი მონაზონი* ახმობინა მყისვე მეფემ. იქნებ მან იცისო კათალიკოსის უეცრად ჩამობრძანების მიზეზი, მაგრამ მოახსენეს: მწიგნობართუხუცესი გუშინღამ გაბრუნდაო უკან.
საფარელის გამოჩენა არ გახარებია ახალგაზრდა მეფეს. <იქნებ ლიპარიტმა შეიტყო რამე და ხვანჯს მიგებსო კათალიკოსის ხელით> —ფიქრობდა ის.
მეფის პალატები ჯერ კიდევ ბნელეთით იყო მოსილი.
მსახურები ფაცურობდნენ. მემაშხალეები მაშხალებს ანთებდნენ და ნიშში ამაგრებდნენ. მესაწოლეთუხუცესი* წინ და უკან საქმიანად დარბოდა და განკარგულებას იძლეოდა. მესაწოლეებს ჯორები დაეტვირთა საგებელ გადასაფარებლებით. მეფეს ამალის ხლება ებრძანებია რომ მასთან მსახურთუხუცესი გამოცხადდა: გაბრიელ კათალიკოსი და ანტონ ეპისკოპოსი ითხოვსო თქვენთან შეხვედრას.
<ნამდვილად რაღაც ამბავია თორემ ასე უდროო დროს არ მეახლებოდნენო ეკლესიის საჭეთმპყრობელნი>. — ამბობდა დავითი ხმამაღლა და დასტურად მსახურთუხუცესს თავს უქნევდა.
ურთიერთ მოკითხვის შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა კათალიკო-სი.
—-მეფევ ბატონო, აქ მე გეახელით იმისთვის რათა, აქიმად წოდებულ ქანანელს მიეგოს მისაგებელი.*
—- სახიერო მამაო რაშია ქანანელის ბრალეულობა?
—-უამრავ რამეში რომელთაგანაც თუ ერთერთი დამტკიცდა მისთვის ტაჯგანაგის* კვრა, კვერთხით ცემა, ან საპყრობილე გარდაუვალია. ხოლო კაცის კვლაი მიპარვითა,* მწამვლელობა* რა სასჯელსაც იმსახურებს დიდო მეფეო ეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ. ქანანელი მჩხიბავია, რამლსა ჩხრეკს, ხელნაბანი წყალით მკითხაობს, მესიზმრეა, მეწამლე. ცის ვარსკვლავებს აკვირდება და ასტროლოგიას მისდევს. ენასა ჩვენსას არად აგდებს და არაბულსა და სპარსულს ეწაფება, შჯულსა ჩვენსას ალმაცერად უყურებს, მკრეხელობს კიდევაც, კაცს აკვდინებს თავისივე გამონაწური სამსალით და სიკვდილს აწესებს სურვილისდა მიხედვით ვითარც ღმერთი, ნუთუ ეს საკმარისი არ არის რათა მან მიიეღოს მისაგებელი? რომ არა ჩემი და ანტონ ეპისკოპოსის შეწამება,* ალბათ კიდევ დიდი ხნით ივლიდა მზის სინათლეზე და ეს ყველაფერი ხდებოდა სახალხოდ, იოანე ჭყონდიდელის თვალწინ. ამიტომ გეაჯებით მეფეო. დღესვე აფრინე ჩენილნი*. და მიგვარე სამსჯავროს აქიმად წოდებული ქანანელი.
მეფე მიხვდა რომ აქიმის დასჯით თვით კათალიკოსი იყო დაინტერე-სებული.
< აი თურმე რა ნდომია ამ უთენია კათალიკოსს, სასწაულმოქმედი ჯვარის გაქრობისათვის შურისსაძიებლად ემზადება, თუმცა ცხადად ჩანს რომ მარტო მაგაშიც არ უნდა იყოს საქმე>.—- ფიქრობდა დავითი და კათალიკოსის დამჭკნარ სახეს აკვირდებოდა. საფარელი კი სარკმელიდან ახალ აშენებულ გოდოლისკენ* აპარებდა მზერას.
—-მეფეო ეს გოდოლი ახლა აგიგიათ, რის მაქნისია?— იკითხა კათალიკოსმა. თითქოს არ ცოდნოდა დავითი ვარსკვლავთ მრიცხველობით რომ იყო გატაცებული.
მეფე მიხვდა რისთვის კითხულობდა ამას საფარელი და განგებ იცრუა:
—-სახიერო მამაო, მტერზე სათვალთვალო კოშკი ავაშენეთ.
—- ხედავთ თქვენო უწმინდესობავ ზეციდან ელის მეფე მტრებს,— ჩუმად გადაულაპარაკა ეპისკოპოსმა კათალიკოსს.
—-დიახაც ელოდოს მეფე ღვთის რისხვას, ზეციდან ცეცხლისა და გოგირდის წვიმის და ქვემოდან ჩვენი, ქრისტეს მხედრობის სახით. ვნახოთ მერე როგორ დაიცავს მას ეს გოდოლი.
დავითმა ყური მოკრა კათალიკოსის სიტყვებს და წინა კბილების მწვავე ტკივილმა ელვისებურად გადაურბინა სახეზე, მან უნებლიედ ტუჩებზე იტაცა ხელი. ვახტანგ გორგასლანზე* მიქაილ მთავარ ეპისკოპოსის* მიერ ნასროლი წიხლი ხუთი საუკუნის შემდეგ მასაც მოხვდა კბილებში და სახე აულეწა.
<ჩემი წურთვა განუზრახავს ძაღლთა პირს, ქანანელის დასჯით მეც მიმანიშნებს, იოანე ჭყონდიდელსაც გადასწვდა. ეკლესია მონასტრები ავაზაკებითაა სავსე და კათალიკოსმა ნაცვლად იმისა რომ მასზე იზრუნოს. მეფის მარჯვენის მოჭრითაა დაკავებული>.— ამბონდა გულში დავითი და თავაზიანად პასუხობდა სტუმრებს:
—-მე აუცილებელი საქმე გამომიჩნდა და დღესვე უნდა წავიდე ნაჭარმაგევს. გიორგი მწიგნობართუხუცესი უჩემოთაც სწორ მსჯავრს გამოიტანს.
—- რა აუცილებელი?—- ყურები ცქვიტა კათალიკოსმა.
—-სახელმწიფო საქმეა მამაო. პირადი რომ იყოს ნამდვილად არ გავირჯე-ბოდი.
—- ზოგჯერ მეფენი პირადულს სახელმწიფოზე წინ აყენებენ,—- თავის მხრივ ანტონ ქუთათელმაც გადაკრა შოლტი დავითს რითაც კათალიკოსის ღიმილი დაიმსახურა.
—–ჯერ ქვეყანა, შემდეგ საკუთარი თავი,—- წარმოთქვა მეფემ.
—- ჯერ ქვეყანაო ხომ?!—- ბრაზს ანთხევდა ჭყონდიდისაკენ მიმავალი კათალიკოსი.—- აბა ის ხარჭა რა იყო, გვერდით რომ ესვა აქამდე?
—- თქვენო უწმინდესობავ,—- პასუხობდა მგზავრობით დაღლილი ანტონი.—- სიჭაბუკის შეცოდებანი რა ხანია დათმო მეფემ. ახლა ასე ამბობენ ლამაზმანებს სამშვილდეზე არ იკარებსო.
—- ქალი მამაკაცის მახეა, სამწუხაროა რომ არ ებმება მასში მეფე.—- ჩაილაპარაკა კათალიკოსმა.
—-იმასაც ამბობენ: მეფეს ეკლესიის დიდი რიდი აქვსო ამიტომ აიყვანა გიორგი მონაზონი მწიგნობართუხუცასადო. როდის ყოფილა აქომამდე სასულიერო პირი დაენიშნოსო მეფეს ვაზირთა უპურველესად.
—- რიდი არა და შიში კი უნდა ჰქონდეს, ეკლესია დიდი ძალაა, ის მხოლოდ ღმერთს ემორჩილება დავით მეფეს კი ჩვენი მორჩილება გადაუწყვეტია, ამას ნიშნავს გიორგი მონაზონის მწიგნობართუხუცესად დანიშვნა, ქანანელის სამჯავრო მეფეზე დარტყმაა უპირველესად, ვნახოთ რა პასუხს გაგვცემს. რაც უფრო მკაცრი იქნება პასუხი მით უფრო სასარგებლო ჩვენთვის. მხოლოდ მას შემდეგ შევძლებთ ჩვენ წინ მეფის დაჩოქებას და მოვისმენთ მისგან შენდობის თხოვნას. მადლობა ღმერთს მეფე ახალგაზრდაა, სისხლი უდუღს ძარღვებში. ადამიანი ყველაზე მეტად ბეცი და დაუკვირებელი ახალგაზრდობის ასაკშია. ამიტომ უნდა ვისარგებლოთ ახლა თორემ ხვალ შეიძლება გვიანი იყოს.
—-მეფე ახალგაზრდაა, მაგრამ….
—-რა მაგრამ?—- აიმზირა საფარელი.
—- ის რომ ხალხი გაიძახის: ბრძენი და დინჯი ხელმწიფეა მეფე დავითიო. რომ მასეთი ჯერ ჩვენ ქვეყანას არ მოვლენიაო.
თვალები აუმღვრია ამის გაგონებამ კათალიკოსს, მაგრამ რწმენით აღვსილმა მიუგო ეპისკოპოსს:
—-მალე გაუცრუვდებათ იმედები. იხილავს ისინი ჩვენ წინაშე დაჩოქილ მეფეს. ჩვენც შევუნდობთ, მხოლოდ მას შემდეგ როცა შეეშვება ჩვენი მომხრე დიდებულების ფარულ დევნას. ვარსკვლავებზე დაკვირვებასა და ყურანში კირკიტს. ურჯულო ფილოსოფოსთა ნაჯღაბნების სწავლას. თუ წიგნების ცოდნა სწყურია უამრავი კანონიკური წიგნი გვაქვს და იმას მივაწვდით.
—-რა მოგახსენოთ მაგაზე თქვენო უწმინდესობავ, მეფე კი არის ჭაბუკი, მაგრამ ის ღმერთ გამწყრალი გიორგი მონაზონი ჭარმაგია და მაგი არ გადაადგმევინებს ნაჩქარევ ნაბიჯს, თან დავითს მამაზე უფრო გიორგი მონაზონის ჯერავს. რა მაგის პასუხია და ხალხი ამბობს: მეფე, გიორგი მწიგნობართუხუცესს ჭყონდიდში გაეპისკოპოსობასაც უპირებსო.
—- რაო?! —- განცვიფრდა კათალიკოსი.—- სანამ პირში სული მიდგას მაგი არ მოხდება. თუმცა მერე რა არც იოანეა დიდი ხეირი. იმას არ ამბობს ხალხი იოანე ჭყონდიდელი მეფეს გულშემატკივრობსო ფარულად?
—- ამბობს, მაგასაც ამბობს და იმასაც რომ საეკლესო თანამდებობები ფულად იყიდებაო. ფულზე სანაცვლოდ მღვდლები არასრულწლოვან ახალგაზრდებსაც წერენო ჯვარს, — არ აჩერებდა ენას ქუთათელი, სურდა როგორმე გამოეყვანა მოთმინებიდან კათალიკოსი.
—-მაგი ანტონ არაა ახალი. შენ ეპარქიაში კიდევ უარესები ხდება. თავადაც იცი. —- მშვიდად თქვა საფარელმა.
—- ეკლესია მონასტრები ავაზაკებით და მეფის მოწინააღმდეგეებით არისო სავსეო. მეფე ლიპარიტს რომ მორჩება მერე მათ მიადგებაო.—- განაგრძობდა კათალიკოსის მწყობრიდან გამოყვანას ეპისკოპოსი.
—- მერე მათ მიადგებაო არა?!—- თვალები გადმოკარკლა სიბრაზისაგან საფარელმა.— ლოცვას რომ ანებებენ თავს შემდეგ ენა გაურბით წინ. ამიტომაა საჭირო ლოცვების გაძლიერება.
ეპისკოპოსი და კათალიკოსი გვერდიგვერდ მიდიოდნენ ჯორებზე გადამჯდარნი. ხანდახან წინ გაუსწრებდა ანტონი და განგებ აჩერდებოდა კათალიკოსის ყელზე დაკიდებულ ჯვარს. კარგად იცოდა იმ სასწაულმოქმედი ჯვარის გაქრობის მიზეზი და უნდოდა რაიმეთი ეგრძნობებია ეს კათალი-კოსისათვის. საფარელი კი მთელი ამ ხნის განმავლობაში პირისპირ არ მდგარა ანტონის წინაშე. როგორც კი ეპისკოპოსი ამას დააპირებდა, მაშინვე მხარს უქცევდა, რათა არ მიეცა საშუალება ანტონის დაკვირვების ობიექტი მისი ახალი ჯვარი ყოფილიყო, რადგან მან კარგად იცოდა რომ ქუთათელი მიუხედავად წინა და ახალი ჯვარის მსგავსებისა თვალის ერთი გადავლებით იმ წამსვე მიხვდებოდა ყველაფერს. დიდხან აწვალა ეპისკოპოსმა კათალიკოსი და ჯეროვნად იხალისა მისი ბრიყვული საქციელით, ბოლოს გადამწყვეტ დარტყმაზე გადავიდა.
—–ხალხს, ყველგან ეს აკერიათ პირზე,—- ჩაიქირქილა ჩვეულად მან.
—– რა?—- იკითხა კათალიკოსმა და მთელი ტანით ქუთათელისკენ მიტრიალდა.
ქუთათელმა ისე მიაჩერდა კათალიკოსის ყელზე ჩამოკიდებულ ჯვარს რომ საფარელს შეძლებოდა მისი მზერის დაჭერა. დაიჭირა კიდეც და შეცბუნებულმა უცებ აუქცია გვერდი.
—–ქუთაისში ხმა ჩამოვიდა, ქანანელის სამსალაში ჩადნაო კათალიკოსის სასწაულმოქმედი ჯვარი.
—-რაო?!— წამოიყვირა მოულოდნელობისგან საფარელმა და ისე მაგრად დაჰკრა მათრახი ჯორს რომ საბრალო ცხოველს ზოლზე კანი გაუგჯა. ჯორი მომენტალურად ყალყზე შედგა, საფარელმა ვერ შეიმაგრა თავი, უზანგიდან ფეხი ჩამოუცურდა, აღვირი ხელიდან გაუვარდა და ტალახში ამოყო თავი.
მალულად ჩაიხითხითა ამის შემყურე ანტონ ეპისკოპოსმა, მაგრამ ხმამაღლა ქანანელის წყევლა–კრულვას მოყვა იმისთვის რომ კათალიკოსის რისხვა აეცილებინა. ხვდებოდა საფარელი მასზე რომ იყრიდა ახლა ჯავრს და მარტო ქანანელის წყევლა არ უშველიდა. ეპისკოპოსმა მღდელმთავრის ანაფორას წაეპოტინა და მუჭმუჭა აცილებდა ტალახს, იცოდა ესეც რომ არ იქნებოდა კათალიკოსის გულის მოსათბობად საკმარისი და როგორც მეწისქვილეს ჩვევია მარცვლის კაკალ-კაკალ მიწოდება რათა წისქვილის ქვა არ გამოვიდეს მწყობრიდან ისე გადავიდა თავის შველაზე და უკანასკნლი თავის დასაცავი და ყურადღების გადასატანი საშუალება გაანდო კათალიკოსს: თქვენო უწმინდესობავ, იცით ეშმასთან წილნაყარი ქანანელი სანთელს ცეცხლის მიცემის გარეშე ანთებსო.
—-რა?! —- წამოიყვირა სახტად დარჩენილმა საფარელმა ანაფორა ხელიდან გამოგლიჯა ეპიკოპოსს.—- ამას რას ამბობ, როგორ ეს ნუთუ მართალია?
—-კი თქვენო უწმინდესობავ. ყველას პირზე აკერია ეს სასწაული.
—ყველას… ვინ ყველას? ასეთი სისულელე ვის სჯერავს?—- იღრიალა გახელებულმა საფარელმა
—-მთელ ქუთაისს. მალე მცხეთამდეც მოაღწევს ეს ხმა.— მშვიდად უპასუხა კათალიკოსმა.
—- მაგრამ, ეს სიცრუე, სიყალბე… როგორ გავრცელდა. დამანახეთ ერთი ვის სჯერა რომ სანთელი აანთო უცეცხლოდ ქანანელმა?!
—- ვის და…. —-შედგა ეპისკოპოსი, კათალიკოსი იმ ზომამდე მიყავდა, რომ ლამის ქვის სროლა დაეწყო.
—-ვის და მე. —უპასუხა მან.
—-შენ?—- ახლა კი ვერ მოითმინა კათალიკოსმა და მათრახი აღმართა ამჯერად კათალიკოსზე გადასაჭერად, მაგრამ ანტონს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და სანამ ხელს დაუშვებდა მანამ შესძახა:
—- საკუთარი თვალით მაქვს ნანახი…
და კათალიკოსს ზეაღმართული მათრახი ხელიდან გაუვარდა. სახტად დარჩენილმა ეპისკოპოსს დაბალი ხმით კითხა:
—- ნუთუ სიმართლეს ამბობ?
—- კი თქვენო უწმინდესობავ. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი.— ისევ დაადასტურა ანტონმა.
—- კი, მაგრამ როგორ?
—- ლოცვანს წარმოთქვამს, და სანთელიც ინთება.—- ახლა კი იცრუა კათალიკოსმა. მას რამდენჯერმე ენახა თუ როგორ ამოავლებდა ყვითელ სითხეში ქანანელი სანთელს და მერე სანთელი ცოტა დროის გავსვლის შემდეგ თავისთავად აალდებოდა. თვითონაც ამოავლო და მანაც აანთო. სითხეს რომელსაც აქიმი ჯადოსნურს* ეძახდა სუნიც გაუსინჯა, ხელი შეახო, გამოკითხა კიდეც როგორ იყო შექმნილი. ქანანელს არაფერი დაუმალავს. მოუყვა მისი მიღების ხერხები. თუმცა ანტონმა ეს საიდუმლოდ შეინახა და კათალიკოსს არაფერი არ უთხრა.
—- ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს,—სამჯერ გადააფურთხა კათალიკოსმა და პიჯვრის წერას მოყვა.— ნამდვილად დემონური ძალებია მასში თავმოყრილი— მერე კვლავ გაახსენდა ეპისკოპოსი.— რაღას ელოდები შეჯექ ჯორზე და სწრაფად მომყევ!—- შეუბღვირა მას.
—-ახლავე თქვენო უწმინდესობავ,—-კუნტრუშით მიყვა ეპისკოპოსი ისე რომ საფარელს არ დაენახა მისი მხიარული ხტუნვა.
გზად ბარე ათჯერ მოაყოლა სანთლების ანთების ამბავი. კიდევაც უსაყვედურა: —როგორ, ეს მთავარი რამ როგორ თუ უყურადღებოდ დაგრჩა და ძლივს ბოლოს წამოროშე შემთხვევითო.— თან ერთი— ორჯერ ქების სიტყვებიც არ დაიშურა მის მიმართ, რითაც საწადელ მიღწეული ეპისკოპოსი კიდევ უფრო გაამხიარულა.
—უჰ, ეს რა გავიგე. მაშ სანთელს ცეცხლის მიცემის გარეშე ანთებს ხო? — ბუტბუტებდა გაოგნებული კათალიკოსი.
—კი თქვენო უწმინდესობავ ცეცხლის გარეშე.
ლამის ჭკუიდან გადასულიყო საფარელი.
ჭყონდიდში, სასნეულოს წინ მდებარეობდა დიდრონი ქვებისაგან აგებული, მაღალ სვეტებზე მდგარი, კარგად მოზრდილი შენობა სააჯო კარისა*. ეს შენობა ისევე როგროც ქსენონი დიდი თურქობისას* იავარქმნილიყო დამპყრობელთაგან, მაგრამ თავისი მეფობის პირველსავე წლებში მასზე ყურადღება გამოეჩინა ახალგაზრდა მეფეს და უფრო კარგად და კდემამოსილებით აღედგინა იგი. კურსებიდან ჩამოეტანა ტეშენიტის ქვა* და იმით მოეპირკეთებინა მისი კედლები. სვეტებზე ორნამენტები ამოეკვეთათ, კედლები ალაგ ფერადი ქვის მონაცვლეობით მოეხატად, ალაგ კი საღებავით. აქ ბიბლიერი სურათების გარდა თქვენ შეგეძლოთ გენახათ გაერთიანებული სამეფოს პირველი მეფის ბაგრატ მესამისა და ქართლის ერისთავ იოანე მარუშის ძის* პორტრეტები. დარბაზობა ფანასკეტერის ციხეში იგივე ბაგრატისა და კლარჯეთის ხელმწიფენის სუმბატისა და გურგენის* მონაწილეობით. ამ ნახატის გვერდით იყო თმოგვის ციხეში გამოკეტილი ბაგრატ მეფის მამის დისწულები სუმბატ და გურგენ. მათ ქვემოთ საბა მტბევარის* მიერ ოტებული ბიზანტიულთა ლაშქარი გამოესახა მხატვარს, ხოლო პირდაპირ შენობის შიგა მხარის ყველაზე ღირშესანიშნავ ადგილზე წარმოდგენილი იყო ისნის ციხის ალყა, მდინარე მტკვარის კლდოვან ნაპირებზე გარშემორტყმულ ციხის ფონზე მოჩანდა ქართველთა მხედრობა ბაგრატ მეოთხის სარდლობით. ამ მრავალ მოლაშქრეში უთუოდ თვალში მოგხვდებოდათ ერთი ხმალშემართული მებრძოლი, ახალგაზრდა მამაკაცი საუკეთესო აღნაგობისა და ღონის პატრონი ჩანდა. მის ცეცხლისმფრქვეველ თვალებიდან იკითხებოდა სამშობლოსადმი თავგანწირვა და უსაზღვრო სიყვარული. ეს მხედარი გახლდათ გურგენ ოდიშელი, რომელიც უცნობ მხატვარს ყალყზე შემდგარ ცხენზე მჯდომი გამოესახა.
ამ შენობაში გარდა კვირისა ყოველდღიურად მიმდინარეობდა დავებისა და საჩივრებს განხილვა, ხოლო განსაკუთრებული საქმეების გარჩევა, ორშაბათობით წარმოებდა და თვით მწიგნობართუხუცესი მოსამართლეობდა. დღეს ორშაბათი იყო, მაგრამ განსხვავებით სხვა დღეებისგან სააჯო კარის შენობის შიგნით თუ გარეთ ხალხის ტევა არ იყო. ისინი აქ მოსულიყვნენ, რათა საკუთარი თვალით ეხილათ და ყურით გაეგონათ საფიცარი აქიმის მართებულობა თუ დანაშაული. ყველაფერი მზად იყო. მზად იყო გიორგი მონაზონიც, რომელსაც ფარულად მეფისგან ჰქონდა დავალება მიცემული რომ რამენაირად სასჯელი აეცილებია ქანანელისათვის. მეფეს აქიმი ყველაზე უფრო ახლა ჭირდებოდა, როცა ქვეყანა გასაერთიანებელი იყო და ამის გამო მრავალი ომი უნდა ეწარმოებია. დავითმა იცოდა ქანანელის უებარი წამლები, აბები თუ მალამოები, როგორ მოქმედებდა ჭრილობაზე, მისი ერთი მიღება და მოლაშქრე მეორე დღეს მზად იყო ახალი ბრძოლისათვის. იოანე ჭყონდიდე-ლისადმი გაგზავნილ წერილში ეს ეწერა სწორედ, ამიტომ იოანესაც თხოვდა ქანანელის მეოხს*. მაგრამ მეფეს ყველაზე უფრო ის იზიდავდა აქიმში რომ აქიმმა უსწორო* მკურნალობის გარდა ბევრი სხვა მეცნიერება იცოდა, რომ ის ჭეშმარიტად ბრძენი ადამიანი იყო. დავითს რახანია მასთან შეხვედრის წყურვილი კლავდა, მაგრამ ათასი საქმის გამო ვერასდროს ვერ მოეხერხებია ეს.
შენობის შიგნით ამაღლებულ და მოფიცარნაგებულ ადგილის შუა ცენტრში მაგიდა იყო დადგმული სამი სკამით. სკამზე იჯდა თეთრ წვერა ბრძნული გამომეტყველების სახე დანაოჭებული მოხუცი. ასაკი არც ისე დიდი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ქვეყნისთვის თავდადებას უძილო ღამეებს კარგად შეერყია მისი ჯანმრთელობა, მაგრამ მოხუცს სიცოცხლისა და მომავლის ხალისი ახლა ეტყობოდა ყველაზე უფრო ძლიერ. გიორგის უბრალო ბერული ჯვალოს ჩოხა ეცვა და კუნკულა ეხურა თავზე, წინ დიდი ოქროს ჯვარი ეკიდა, პატიოსანი თვლებით შემკული, პატრონისაგან ნასახსოვრები. უარობდა ძვირფასს შეუჩვეველი, არ ვარო ამის ტარების ღირსი, მაგრამ დავითმა არ მოიშალა. შენ თუ არა აბა ვის უნდა ებნიოსო ეს. საბოლოოდ მეფემ იმარჯვა, მაგრამ ოქროს ჯაჭვი არაფრით არ იკადრა მონაზონმა. მერე სირცხვილით ხალხში როგორ გავიდეო და აბრეშუმის მსხვილ ძაფზე დააკიდებინა ის. მწიგნობართუხუცესს აქეთ იქეთ საწოლის და ზარდახნის მწიგნობარნი* უმშვენებდნენ გვერდს. ამ მაგიდის გვერდით მსაჯულებიდან ხელმარცხნივ კუთხისკენ იყო მაგიდა და სკამები რომლებიც ამჟამად კათალიკოს გაბრიელ საფარელს,და ეპისკოპოსებს ანტონ ქუთათელსა და იოანე ჭყონდიდელს დაეკავებინა.
—–მოჰყავთ, მოჰყავთ,—- ატყდა უცებ მითმა-მოთქმა და გადაძახილი ხალხში.
მართლაც ანაზდად გამოჩნდა ხარ ურემი რომელსაც ქედზე ჯაჭვდადებული ტუსაღი მოყავდა და ირგვლივ ჩენილნი მოაცილებდა. როგორც კი ხალხს მიუახლოვდა ურემი, ჩენილნი ტუსაღს ეცნენ. ხალხი შუაზე ორად გააპეს და ისე შეიყვანეს ის შენობაში.
აქიმი ჯერ კიდევ გონზე ვერ მოსულიყო, არ იცოდა ვინ რას ემართლებოდა. მოსამართლეებისაკენ აცეცებდა ამღვრეულ თვალებს და უცებ კათალიკოსს რომ მოკრა თვალი დამშვიდდა. <ეს მაინც დამიცავს>— წარმოთქვა გულში, ახსოვდა კარგად კათალიკოსს სიცოცხლე ემართა მისი და ასე უბრალოდ არ გაწირავდა.
—- გაათავისუფლეთ ჯაჭვთაგან!—- ბრძანა მწიგნობართუხუცესმა.
ჩენილნი აქიმს ეცნენ ჯაჭვი მოხსნეს და მსაჯულების მარჯვნივ დააყენეს ისე რომ მას ხალხისკენაც არ ჰქონოდა ზურგი მიქცეული და სამსჯავროსკენაც პირდაპირ ეყურა, თვითონ კი შესმენილს* ამოუდგნენ აქეთ—იქიდან.
—- დღეს ჩვენ წინაშე წარდგენილია აქიმი ქანანელი. იგი ქართველთა და აფხაზთა მეფის დავითის სამჯავროდან სამართლიან მსჯავრს ელოდება. ღმერთო დაგვლოცე მსაჯულნი და დაგვაყენე მართალსა გზასა, რათა სამართლიანად განვიკითხოთ იგი.—თქვა მსაჯულთუხუცესმა ხმამაღლა და პიჯვარი გადაისახა. თავის მხრივ გაბრიელ კათალიკოსმაც გადაიწერა პიჯვარი და ხალხსაც გადასახა.
—- აქიმი ქანანელი ჩვენ წინაშეა როგორც შესმენილი. შემწამებელს* ვთხოვ წარმოგვიდგინოს რაშია ქანანელის ბრალეულობა,—- თქვა მწიგნობართუხუ-ცესმა და კათალიკოსისკენ მზერა გააპარა.
ხალხი გაისუსა მოლოდინში, არავინ იცოდა ვინ და რას ემართლებოდა საყვარელ აქიმს. ამიტომ ყველას გაკვირვების შეძახილი აღმოხდა ყელიდან როცა თვით კათალიკოსი წამოიმართა ფეხზე.
დიდხან ილაპარაკა გაბრიელმა. რაც მისი სიცოცხლის განმავლობაში მოესმინა და ყური მოეკრა ყველაფერი თქვა. საეროც და საბეროც. საშინაო და საგარეოც. ერთმანეთს ადარებდა ავსა და კარგს. წინანდელსა და აწყმოს. რა თქმა უნდა მეფეც არ დაივიწყა და ერთი ორჯერ კიდევაც გაკრა კუშტი. მაგრამ მსმენელთ უკვე მთქნარება ატეხოდათ და კარგად ვერ გაეაზრათ კათალიკოსის ნათქვამი. მას იმის თქმა სურდა რომ ქვეყანა განსაცდელში ჩავარდნილიყო და გადარჩენის ერთადერთი შანსი ეკლესისადმი მორჩილება იყო, მაგრამ თავისივე აბდაუბდაში ისე ჩაიკარგა, რომ ამას თავი ვერ გაართვა. საბოლოოდ ქუთათელის ხვრინვამ გაახსენა მთავარი. ანტონს ჩათვლემოდა ამ ხნის განმავლობაში. იცოცხლე ისეთი ხვრინვა იცოდა ურიების ბაზარი ვერ ჩაახშობდა მის ხმას. ახლა მხოლოდ ერთი ამოუშვა და მაშინვე გაკრა კათალიკოსმა ხელი, შეაფხიზლა, თავადაც შეფხიზლდა და როგორც იქნა თქვა ის რისთვისაც შეკრებილიყო ამდენი ხალხი:
—- მე ბრალად ვდებ აქიმად შერაცხულ ქანანელს ეშმასთან კავშირს, გრძნეულებას და მწამლველობას.
მოკრა თუ არა ამ სიტყვებს ყური, უცებ გამოფხიზლდა ხალხი.
<მწამლველობას>—- ხანჯლათ გაუარა გულში აქიმს კათალიკოსის ნათქვავმა.—-<აი თურმე რაში ყოფილა საქმე>.
—-დააკონკრეტეთ თქვენო მეუფებავ,—- მიმართა მწიგნობართუხუცესმა კათალიკოსს.
—-აქიმად წოდებული ქანანელის გრძნეულება იმაშია რომ ის ხელთნაბანი წყალის მეშვეობით მკითხაობდა ადამიანის ბედზე, გარდა ამისა ჩხრეკდა რამლს.
—–სიცრუეა, სიცრუე,—- წამოიძახა ვიღაცამ დარბაზიდან და კათალიკოსს სიტყვა გააწყვეტინა.
ხალხმა უკან მიიხედა, ქანანელის დედა გაყვიროდა შუაგულ დარბაზიდან. კათალიკოსმა ალმაცერად გადახედა მას და განაგრძო:
—-ბნელით მოცულ ცაზე აკვირდებოდა ვარსკვლავებს და ვით მოციქული წინასწარმეტყველებდა მომავალს. სნეულებს აყოლებდა სიზმრებს და შემდეგ მსჯელობდა მათზე. მისი მუცლითმეზღაპრეობა მარტო ამით არ ამოიწურება. სნეულთათვის ამზადებდა წამლებს ყოველგვარ არაწმინდა რამერუმედან. გველის ტყავიდან, დედაკაცისა და ვირის ფსელიდან, მერცხლისა და თაგვის სკინტლიდან, მგელის ქონიდან, მელიის ხორციდან*. ბოინიდან დაჰქონდა საქონლის სისხლი და სანახევროდ სიბნელით მოცულ ოთახში თავდაყირა დაკიდეულ წმინდა ხატებს და ჯვრებს, აგრეთვე ჯვარცმას აპკურებდა, ხოლო ანთებულ და ამოტრიალებულ, წვეთ—წვეთად მდნარ სანთლებთან ღორის ტყავებს ფენდა, რის შედეგადაც ახდენდა მიცვალებულთა სულების გამოხმობას და შედიოდა მათთან კონტაქტში. სნეულებს ალევინებდა სამსალას და ისტუმრებდა საიქიოს.
ხალხი მონუსხულივით ისმენდა კათალიკოსის სიტყვას და თანდათან <ეხილებოდა> უფრო სწორად ეხშობოდა თვალი, ახლა ყველა მათგანი დარწმუნებულიყო აქიმის ბრალეულობაში. მათ ხომ საკუთარი თვალით ენახათ თუ როგორ ეზიდებოდა აქიმი ბოინიდან სისხლს. რა საშინელი სუნი გამოდიოდა მისი სახლიდან, როგორ მიჩერებოდა ღამით იგი ვარსკვლავებს. ყოველ მათგანს საშინლად შეძულდა აქიმი და წამსვე ზურგი შეაქცია.
—- თქვენო უწმინდესობავ,—-მიმართა მსაჯულთუხუცესმა კათალიკოსს.— თქვენი სიტყვების ჭეშმარიტებაში აქ მყოფთაგან ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ სამეფო სამართალს ასეთი წესი აქვს, ბრალს დამტკიცება უნდა, ხოლო შესმენილი როგორც ვხედავთ არაფერს არ აღიარებს, ამიტომ თქვენივე სიტყვები მიჩემებათ* რომ არ ჩაითვალოს საჭიროა შვიდი მამხილებელი* რათა თქვენი შეწამება ჭეშმარიტი აღმოჩნდეს. შეუძლია დაამოწმოს თქვენი სიტყვა შვიდმა კაცმა?
—- რატომ შვიდმა და მეტმა არა?—-იკითხა კათალიკოსმა და დარბაზს მიმართა:
—–შვილნო ჩემნო, დაგინახავთ თუ არა აქიმად წოდებული ქანანელს შინ მიეზიდოს საქონლის სისხლი?
—– დაგვინახავს, დაგვინახავს!—- გუგუნებდა დარბაზი
—–გინახავთ თუ არა იგი ვარსკვლავებზე მოთვალთვალე?
—–გვინახავს გვინახავს!
—– მის საცხოვრებელში გინახავთ ქვეწარმავალნი და მათი ტყავნი? გალიაში გამომწყვდეული ვირთხები? ჭიანჭველას გუნდები და მათი გამონაწური უფერული სისხლი?
—–კი უწმინდესო!— ხალხის გუგუნი სააჯო კარის შენობას ჭერს ახდიდა უთუოდ.
—– გბანდათ თუ არა ხელს და მკითხაობდა შემდეგ?
—–გვბანდა, გვბანდა.
—–შეგინიშნავთ მასთან ჩალმით დაფარული არაბნი, თურქნი და სხვა უშჯულონნი?
—–განა ერთხელ?! მრავალჯერ.—– გუგუნებდა დარბაზი.
—– სანთელს უცეცხლოდ ანთებდა?
—–ანთებდა წმინდა მამაო, ანთებდა.
—-კი, მაგრამ როგორ?
—– ჯადოსნურ სითხეში ავლებდა წინასწარ, რომელსაც საკუთარი შარდისგან ამზადებდა.
—- წმინდა სანთელს შარდში ავლებდა?— კითხულობდა კათალიკოსი.
—- ავლებდა, ავლებდა….—– პასუხად გუგუნებდა დარბაზი.
—–დიდო მსაჯულო,—- ახლა მწიგნობართუხუცესს მიმართავდა კათალიკოსი.—- აქ იმყოფება ერთი მცხეთელი დიდებულის ძე. ქანანელმა მას სამსალა მისცა რათა მამა მოეკლა. ჩემ სიტყვების ჭეშმარიტებას მაგიც დაადასტურებს და მთელი მისი ოჯახი.
მწიგნობართუხუცესმა დიდებულის ვაჟის მოყვანა ბრძანა. ძე შემოიყვანეს და აფიცეს ხატზე რომ სიმართლე ეთქვა და მანაც კათალიკოსის ნათქვამი დაადასტურა.
—-რას იტყოდით შესმენილო ამ შეწამებაზე?—- მიმართა მსაჯულთუხუცესმა აქიმს.
აქიმმა დარბაზს მოავლო თვალი და მაშინვე მიხვდა რომ ხალხი უკვე საშინელ ზიზღს ავლენდა მის მიმართ. ამან ისე იმოქმედა მასზე რომ ძალღონე გამოაცალა და მუხლებში კანკალი დააწყებინა.
კარგა ხან უცადა მწიგნობართუხუცესმა არაქათ გამოცლილ აქიმს და რა შეატყო ქანანელი ხმის ამოღებას არ აპირებდა კვლავ გაუმეორა იგივე კითხვა.
—- რას იტყოდით შესმენილო ამ ბრალდებებზე?
აქიმი ახლა თვით მსაჯულთუხუცესს და იოანე ჭყონდიდელს მიჩერებოდა. მათ გამოხედვაში მან მხურვალე მხარდაჭერა იგრძნო და თანდათან ძალაც დაუბრუნდა, მერე თვალი მიხრწნილებაში გადამდგარ კათალიკოსისა და ანტონ ეპისკოპოსისაკენ გააპარა. ისინი ისე გაყინული მზერით ჩაციებოდნენ აქიმს რომ ქანანელს რაც ორიოდ სიტყვა ჰქონდა პირზე მომდგარი ისიც კი დაავიწყდა.
—-თქვი შვილო, თქვი— დედის ხმა მოესმა დარბაზიდან.
სუსტი აგებულების იყო აქიმი, ვაჟკაცობაზე არასდროს დებდა თავს. და დედის გასამხნევებელმა სიტყვებმა კინაღამ ცრემლი ადინა თვალთაგან.
სასოწარკვეთილი თვალები ახლა შენობის კედლებს მოავლო თითქოს იქიდან ეძებდა შველას.
პირველად სწორედ ახლა ხედავდა აქიმი დარბაზის მოხატულებას, მაგრამ არავითარი სურათები მის არსებაში არანაირ შთაბეჭდილებას არ ახდენდა, რომ თვალი თბილისის პეიზაჟებს და ისნის ციხის ალყას მოკრა. ვაჟკაცებს შორის გურგენ ოდიშელის ბრწყინვალე და ვაჟკაცური სახე წამომართულიყო. და ქანანელმაც გზნებით დაიწყო:
—– დიდო მსაჯულო, არ ვიცი რა მოგახსენოთ იმ ბრალდებებზე რომელიც მისმა უწმინდესობამ კათალიკოსმა ბრძანა, კათალიკოსი შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი ჩემზე ავის მოენეებს. მე არც მჩხიბავი ვარ და არც მუცლითმეზღაპრე. ვარ ერთი უბრალო აქიმი და ჯარა. რომელსაც მართლა მიტაცებდა ვარსკვლავებზე დაკვირვება, მაგრამ ცთომილების მდებარეობით და მისი ცვლილებებით არასდროს არ მიმსჯელია არც ქვეყნის და არც კაცთა ბედზე. საერთოდ კაცთა ბედს მე არ ვწინასწარმეტყველებდი და არც ვიკვლევდი. მე მხოლოდ კაცთა სნეულებას ვსწავლობდი. მართლაც დადიოდნენ ჩემთან აქიმობაში გაწაფული მრავალნი უშჯულონი და კიდევ უფრო მეტთან მიმოწერაც მქონდა. ეს მხოლოდ იმიტომ რომ გამეფართოვებინა ჩემი ცოდნა სნეულებასთან ბრძოლაში. განა ეს დანაშაულია? ხელთ ნაბანი წყალი სნეულის მომავალს არ გვიჩვენებს, არამედ მის სნეულებას. და ეს მე მარტო როდი მაქვს დანერგილი, ამას ბაბილონელი ბრძენნი გვასწავლიდნენ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან. ვაღიარებ ჭიანჭველას გამონაწურს, დედაკაცის ფსელსა და კათალიკოსის მიერ ჩამოთვლილ ზოგ რამე–რუმეს მართლაც ვხმარობდი წამლად, ხოლო მათი მოქმედება თუ როგორ შველოდა ადამიანებს აქ მყოფნი იტყვიან. იმასაც გეტყვით რომ არანაირი რამლი და ქვიშა ჩემ სახლში არ ყოფილა და ეს ყველამ იცის ვინც ჩემთანაა ნამყოფი. არც ჯვარცმა არც ჯვარი და ხატები მქონია არსდროს, ამას ხალხი დაადასტურებს და როგორ დავკიდებდი თავუკუღმა მათ?—- წარმოთქვა ეს აქიმმა და მერე ინანა ბოლო წინადადება.
—- დიდო მსაჯულო, გაითვალისწინეთ ისიც რომ ჩვენ სარწმუნოებას ქრისტეს შჯულს, ქანანელი პატივს არ ცემდა ამაზე მიუთითებს მისი ბოლო სიტყვები. ხოლო ჩვენ ენაზე წინ აყენებდა უშჯულოთა ენას,—- დაამატა კათალიკოსის ბრალდებას ანტონ ქუთათელმაც.
—-სანთელს ვანთებდი უცეცხლოდ. —-აგრძელებდა აქიმი,—- და ეს ყველამ იცი და არც არავისთვის დამიმალავს თუ როგორ. ჯადოსნურ სითხესაც როგორ ვაკეთებდი ესეც ყველასთვის მაქვს ნათქვამი. ამას მხოლოდ ცეცხლის დასანთებად და გასანათებლად ვიყენებდი.
—-არცერთ შეწამებას არ ვცნობ….—- წაილუღლუღა ბოლოს კრძალვით აქიმმა.
—-დიდო მსაჯულო რადგან ქანანელს ბრალი ეშმასთან კავშირში ედება ის ბუნებრივია თავის დანაშაულს არ აღიარებს ამიტომ მე ვითხოვ საცადურით წამებას*, რათა ჭეშმარიტება დადგინდეს,—- თქვა კათალიკოსმა.
საცადურით წამება მაშინდელ სამართალ წარმოებაში ფრიად იშვიათი შემთხვევას წარმოადგენდა. ამიტომ ეს სიტყვები რომ შენობაში შეკრებილ ხალხს ყურში ჩაესმა, მათ აღფრთოვანებისგან ლამის კივილი მორთეს, ხოლო მწიგნობართუხუცესი კათალიკოსის ნათქვავმა ისე გააოგნა რომ რა ეღონა ვერ გაეგო.
სააჯო კარის ერთი პატარა და ბნელი სენაკი გამოიყენებოდა დამნაშავეების გამოსატეხად. აქ განსაკუთრებული საწამებელი იარაღი არაფერი ჰქონდათ გარდა სხვადასხვა სახეობის უკვე ჟანგ შეჭმული რკინისა, რომელსაც შანთად ხმარობდნენ და მათი შეხედვით ადვილად მიხვდებოდით რომ მასზე უკვე რამდენიმე წელიწადი არავის მოეკიდა ხელი. აქვე იყო კარგა დიდი მოცულობის ქვაბი სადაც წყალს ადუღებდნენ და ამ მდუღარე წყლით აწარმოებდნენ დამნაშავეების გატეხვას. კედელზე ხმლებიც იყო ჩამოკიდებული. დამნაშავეთა სახტუნაოდ და ხმლების გვერდით ტაჯგანაგები ეკიდა მათ საცემად განკუთვნილი. ამ შემზარავ სურათს ოთახისას ამშვენებდა ფართო და დიდი ბუხარი, აუცილებელი ატრიბუტი საწამებელი იარაღის გამართული მუშაობისა. როგორც ხედავთ იმჟამინდელი საქართველოს საწამებელ იარაღთა კუთხე დიდად ჩამოვარდებოდა მაშინდელი მოწინავე ევროპული ქვეყნების ანალოგიურ კუთხეებს, სადაც გარდა ამისა სიმძიმის დასაწოლი ლოდები, ათასგავარი სხეულის გამჭიმი თუ მომჭერი ხელსაწყოები და რაც მთავარია მათი ყოველდღიური მოხმარება მიმდინარეობდა.
ქანანელმა მაშინ დაკარგა ყველაფრის იმედი როცა სასამართლოს მცველებმა შენობაში მყოფი დედა, რომელიც შვილის დასაცავ რეპლიკებს ისროდა ლამის თრევით და პანღურით რომ გაათრიეს გარეთ.
ახლა როცა საწამებელ ოთახში შეყავდათ წინასწარ იყო მზად რომ აეტანა ყოველგვარი ტანჯვა და არ მიეცა მცდარი ჩვენება მაგრამ აბრიალებული ცეცხლი და მასზე შემოდგმული მდუღარე ქვაბი გავარვალებული, გაწითლებული შანთი და დაბალი, ჯმუხი ჯალათი რომ დაინახა რომელიც სიამოვნებისაგან წამოახავებდა დროდადრო რათა მას ენა ჰქონდა მოჭრილი ბაგრატ მეფის შეურაცყოფისათვის და მეტყველება წართმეოდა, მიხვდა წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და ისევ სასამართლოზე ისურვა დაბრუნება, რათა ყოველგვარ ბრალდებაზე დათანხმებოდა. ამით მან სხვის ტანჯვას მოწყურებული ჯალათი პირში ჩალაგამოვლებული დატოვა და გაანაწყენა კიდეც.
—-აღიარებთ თუ არა რომ სისხლით მორწყულ, სიბნელით მოცულ ოთახში, თავდაყირა დაკიდებულ წმინდა ხატებთან და ჯვრებთან, ანთებულ ამოტრიალებულ სანთლებთან, თქვენ ახდენდით მიცვალებულთა სულების გამოხმობას და შედიოდით მათთან კონტაქტში?—- კითხულობდა ხმამაღლა მწიგნობართთუხუცესი.
—–ვაღიარებ,—- დასტური მისცა აქიმმა.
—– ადასტურებთ თუ არა რომ ეშმაკზე სულის მიყიდვის სანაცვლოდ, თქვენ წუთისოფელში ცდილობდით მიგეღწიათ მაქსიმალური ბედნიერებისათვის?
—– ვადასტურებ.—- ხმამაღლა უპასუხა აქიმმა და გულში ჩაილაპარაკა—ნეტავი ერთი ის მაინც ვიცოდე ეს ეშმა რაგვარია.
—- დემონური ძალების დახმარებით ანთებდით თუ არა უცეცხლოდ სანთელს?
—- ვანთებდი.
—–ეწეოდით თუ არა გრძნეულებას, მუცლითმეზღაპრეობას, გიწინასწარმეტყველებიათ ვარსკვლავებზე, ნაბან წყალზე, რამლზე, სისხლზე?
—– კი უფალო, კი უფალო.—- აქნევდა აქიმი ყველაფერზე თავს.
—- თქვენ მიერ დამზადებული სამსალა გამოიყენებოდა თუ არა ადამიანთა მოსაკვდინებლად?
—– გამოიყენებოდა.
—– მკვლელი, მკვლელი. ეშმაკი.—- ყვიროდა ხალხი, მათი დაწყნარება სასამართლოს მცველებს უჭირდა.
—– შეწამებულმა ყველა ბრალდება აღიარა,—– თქვა ბოლოს გიორგი მონაზონმა და სასჯელის ზომაზე გადავიდა. მეფის დანაბარები კარგად ახსოვდა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. კათალიკოსი სასიკვდილო განაჩენისკენ მიაქანებდა პროცესს მას ხალხიც თანაუგრძნობდა. და ვერაფერი ვერ დაუდგებოდა წინ ვერც იოანე ჭყონდიდელი რომელიც აქამდე მდუმარედ იჯდა.
—-ავადმყოფობა დიდი მადლია.ღმერთი ადამიანს ავადმყოფობას გამოსაფხიზლებლად მოუვლენს, რომ შეახსენოს ამ ცხოვრების წუთიერობა და წარმავლობა. მე ბევრი ადამიანი მინახავს, რომელნიც მხოლოდ ავადმყოფობის შემდეგ მოგებიან გონს და დამდგარან ჭეშმარიტ გზასა, გზასა ქრისტესა. მაღალი ღმერთი თვითონ წყვეტს ვინ მოაკვდინოს და ვინ მოარჩინოს. აქიმობა ღმერთთან ბრძოლაში უძლურია და თუ მან ცალკეულ დროებით წარმატებებს მიაღწია ეს ეშმაკის დამსახურებით. ვისა აქვს ღმერთიდან მონიჭებული სიცოცხლის წართმევის უფლება გარდა ღმერთისა?!— ხმამაღლა ამბობდა კათალიკოსი და მისი ხმა გუგუნით ვრძცელდებოდა შენობაში.
—– თქვენ რომ დაგჭირდათ აქიმი, მაშინ არ გიფიქრიათ ეშმაკზე?—- წამოიყვირა აქიმმა და მისი სიტყვები მთელმა დარბაზმა გაიგონა.
კათალიკოსი გაშმაგდა ხალხის ჩოჩქოლი რომ გადაეფარა ხმას აუწია.—-მე ვითხოვ სიკვდილს მიეცეს* აქიმად წოდებული ქანანელი!—- უკვე ყვიროდა მთელი ხმით.
—–ვისა აქვს ღმერთიდან მონიჭებული სიცოცხლის წართმევის უფლება გარდა ღმერთისა?— ლუღლუღებდა აქიმი, მაგრამ მისი ხმა დარბაზის ხმაში იკარგებოდა.
—–სიკვდილი! სიკვდილი! სიკვდილი!—– ყვიროდა აღტკინებული ხალხი. კარგა ხნის შემდეგ როგორც იქნა ცოტათი ჩაცხრა ვნებათა ღელვა და იოანე ჭყონდიდელმა ითხოვა სიტყვა, ის მკაფიოდ და გარკვევით წარმოთქვამდა სათქმელს:
—— მე როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, ვითხოვ ქანანელს დაეკისროს სასჯელი როგორც საეკლესიო სამართალი ბრძანებს და რომელიც რჯულის წიგნში* წერია. ხოლო რჯულის წიგნი შემდეგს გვავალდებულებს: < ვინც განზრახვით მოკლას კაცი, ოც წელ უზიარებელ იყოს… ხოლო ოცი იგი წელი სინანულისა მისისა ესრეთ განეწესოს: ოთხ წელ თანა აძს შეტირება, —- ესე იგი არს, რათა სდგეს გარეშე კართა ეკლესიისათა და შემავალთა ეკლესიად მორწმუნეთა ევედრებოდის ლოცვად მისთვის და აღიარებდეს ცოდვასა მას თვისსა. ხოლო შემდგომად ოთხისა მის წლისა მსმენელთა თანა დაეწესოს, რომელნი იგი სდგანან ეზოსა შინა ეკლესიისა წინაშე სამეუფოთა ბჭეთა და ისმენენ წმიდათა წერილთა საკითხავსა…. და ხუთ წელ მათ თანა სდგეს. და შვიდ წელ ქუე—დავრდომით მვედრებელთა თანა განვიდოდის, რომელნი იგი სდგანან შინაგან ბჭეთა ეკლესიისათა და ოდეს დიაკონმან ხმა ჰყოს—<კათაკმეველნო განვედით>, განვიდენ ეკლესიით და ოთხ წელ დადგეს მორწმუნეთა თანა, ვიდრე აღსრულებამდე ჟამისა წირვისა, გარნა არა ეზიარებოდის, ხოლო ოდეს წესი ესე და კანონი აღასრულოს, მერმე ღირს იქნას ზიარების>.*
ეს აზრი ისე დროულად და დამაჯერებლად ჩამოაყალიბა იოანე ჭყონდიდელმა რომ გიორგი მწიგნობართუხუცესს ქანანელის გადარჩენის იმედი მიეცა. კათალიკოსი იმ მელასავით იქცეოდა რომელსაც ნანადირევი გნოლი ეს ესაა ბრჭყალებიდან გაუსხლტა. სკამზე ვერ ისვენებდა წრიალებდა, ტუჩებს ავად აცმაცურებდა. ეკლესიის მეთაური იყო და ეკლესიური მსჯავრის წინააღმდეგ წასვლას აშკარად ვერ გაბედავდა. აჯობა აქამდე მდუმარედ მჯდომმა ეპისკოპოსმა, ალბათ უნებლიე დასტურს მიცემდა კათალიკოსი იოანე ჭყონდიდელის სიტყვებს რომ ანტონ ქუთათელი არ წამოშველებოდა. ქუთათელი ჭამა— სმის და დიდების მოყვარული კი იყო, მაგრამ რჯულის კანონებსაც იცნობდა უბადლოდ და კაცთა გულების მპყრობელიც იყო ამას გარდა. მან იმწამსვე მიხვდა რომ აქიმისთვის სიკვდილი უფრო ადვილი იყო, ვიდრე იმის დაცვა რაც ჭყონდიდელმა ჩამოთვალა. ამიტომ მან ითხოვა სიტყვა და როგორც ჩვეოდა ჩახველების შემდეგ ქირქილით დაიწყო:
—– მე როგორც ეკლესიის წარმომადგენელი ვეთანხმები ჭყონდიდელის ნათქვამს….—– თქვა ეს სიტყვები და კარგა ხან შედგა, რათა კათალიკოსი მოთმინებიდან გამოეყვანა და გაეცოფებია.
თქვენ უნდა გენახათ რა მდგომარეობაში ჩააგდო ამან საფარელი. <როგორ ნუთუ ამ შეჩვენებულმაც მიღალატა?>— ფიქრობდა ის და ჩასაყლაპად გამზადებული თვალებით მიჩერებოდა ქუთათელს თან შუბლიდან ღვარად ჩამომავლ სიმწრის ოფლს სახელოთ იწმენდდა. ამ წუთას ვინმეს რომ შეეხედა მისთვის უეჭველი იტყოდა ეს არის შესმენილი და არა ქანანელიო. ანტონმა კათალიკოსისაკენ გააპარა თვალი და დიდად ესიამოვნა ნერვებ აშლილი გაბრიელის ყურება, მაგრამ საქმე მოაგონდა და ტკბილ ხმაზე განაგრძო:
—- რომ არა ერთი რამ რაც უნებლიეთ გამოეპარა მას. რჯულის კანონში წერია ვინც ნებით მოვიდეს სინანულად და აღსარებადო და შემდეგ ის რაც მან წარმოთქვა, ხოლო ქანანელი ნებით მოვიდა? შევეკითხოთ მაინც, აასრულებს იმას რაც ახლა ჭყონდიდელმა ჩამოთვალა? და მერე ვიმსჯელოთ მასზე.
—- გეკითხებით!—- რაც შეეძლო ლმობიერად იკითხა მწიგნობართუხუ-ცესმა.
—– ჩემთვის მაგი იგივე სიკვდილია.—- წყნარად ჩაილაპარაკა ქანანელმა ისე რომ მსაჯულთ გაეგონა.
მოულოდნელობისაგან გიორგი მწიგნობართუხუცესს ყვითელმა ფერმა გადაკრა სახეზე და ფეხზე წამოიჭრა.
—– სახელითა დავით, —-თქვა მან გამყინავი ხმით მკაცრად და ხმამაღლა.—- მეფე აფხაზთა და ქართველთა, მიცემული ხარ სიკვდილს აქიმო ქანანელ!>
—– სიკვდილი, სიკვდილი! —- დაიგუგუნა ხალხმა და აქიმისკენ წამოიმართა. ზოგს კეტიც აღმოაჩნდა ხელთ, ზოგი უბრალოდ მუშტებით.
ქანანელი უშიშრად იდგა არ იძროდა იცინოდა კიდეც მიამიტური ღიმილით. პირველად საკუთარმა მეზობელმა ჩაარტყა კეტი ფერდებში, მეორე მუშტი მის მიერ გადარჩენილი სნეულისაგან მოხვდა ისეთი დიდი ძალით რომ აქიმს თვალთ დაუბნელდა, მაგრამ თვალდახუჭულმა მაინც მიაძახა:
—-ხოსიტა საბოლოოდ გამოჯანმრთელებულხარ. ხომ გეუბნებოდი რომ არ გჯეროდა?!
—– შესდექით!—- ყვიროდა მწუგნობართუხუცესი.—– არავის აქვს უფლება თვით მეფესაც კი განაჩენიდან ერთი თვის განმავლობაში ხელი დააკაროს სიკვდილმისჯილს.*
გამგელებულ ხალხს არაფერი ესმოდა, მათ წიხლქვეშ გაიგდეს აქიმი და აქვე მოუღებდნენ ბოლოს რომ ჩენილთ არ ემარჯვათ. მათმა ხმლები იშიშვლეს და ჯერ ბრტყლად დაკრეს ხალხს, ხოლო როცა ამით არაფერი გამოუვიდა, მერე სისხლის ღვრაზე გადავიდნენ, ზოგს ყური ჩამოაჭრეს, ზოგსაც ხელი და ბევრსა კიდევ მუცელი გაუფატრეს. როგორც იქნა სიკვდილმისჯილი გამოსტაცეს გამძინვარებულ ბრბოს და დილეგისაკენ გააქანეს.
ხალხიც ცოტა დაცხრა.
დაჭრილ დასახიჩბებულებს ტკივილი მოეძალათ და კვნესა ვაებით იწყეს გოდება:
—–ქანანელთან წამიყვანეთ, მხოლოდ ის გადამარჩენს!
—– მიშველე ქანანელ!
—–ჩქარა აქიმი, თორემ სისხლიდან ვიცლები!
—- ქანანელ სადა ხარ?!
მაგრამ უბადრუკებს არც კი ახსოვდათ რომ სწორედ აქიმი გაიმეტეს სასიკვდილოდ. მათ ქანანელი აღარსად ყავდათ.
უნაგირას მთაზე* ერთი უცნაური კლდეში ნაკვეთი საპყრობილე იყო, კლდეს საიდანაც გვირაბი იწყებოდა ალაყაფის ჭიშკარი ეყენა, რომელსაც ყოველთვის კლიტე ედვა. ეს კლიტე საპყრობილის მცველებს ებარათ და საჭიროებისდა მიხედვით იყენებდნენ. თუ საპყრობილეში პატიმარი იყო მაშინ ჭიშკართანაც ორი შუბოსანი ყარაული სადღეღამისოდ მორიგეობდა. ვიწრო კლდეში გაჭრილი გზა, ფართო დარბაზისაკენ მიდიოდა. დარბაზს გარშემო რკინის კარიანი საპყრობილეები ეკრა. მის შუაგულში კი უზარმაზარი ქვის ლოდი იყო მოთავსებული. ლოდი კარსაფარველს წარმოადგენდა იმ დილეგისა რომელზედაც იგი ამჟამად იდვა, მას მსხვილად დაწნული ჯაჭვები ეხვია გარს. ჭაჯვის ბოლო, კუთხეში მდგომი ჯალამბარისკენ მიდიოდა. საპყრობილეს მთელი ეს უცნაურობა უზარმაზარი ლოდი გახლდათ. ვერავის გაეგო საიდან მოხვდა იგი აქ. ხალხი ყვებოდა რომ ლოდი ციხეგოჯის დაარსებასთან ერთად თვით ქუჯის* მოეტანა მარტოკა, სხვათა დახმარების გარეშე და დილეგზე საკუთარი ხელით დაედო. ქუჯი აზონს* უპირებდაო აქ გამომწყვდევას, მაგრამ აზონი ტყვედ არ დანებდა ფარნავაზისა* და ქუჯის გაერთიანებულ ლაშქარს და ქაჯთა ქალაქში* კიდევაც აუკუწავთ იგი ხმლებით. ეს ლეგენდა ყველას ეკერა არქეოპოლისში პირზე, იმ ვიწრო გვირაბში თუ როგორ შემოატია ამოდენა უზარმაზარი მასა, ამაზეც ჰქონდათ პასუხი. ქუჯი გოლიათი იყოო ამირანივით*. ჯერ მთა გადაუდგამს გვერდზე ლოდი შეუტანია და ისევ დაუბრუნებიაო მთა თავის პირვანდელ ადგილზე. ათი საუკუნის შემმდგომ არაბებმა ისარგებლეს ყველაზე უკეთ ქუჯის გარჯით. რა დაიპყრეს ეს მხარე და იავარქმნეს მთელი არქეოპოლისი. დილეგსაც კარგი მუშაობა შეექმნა. აქ ყრიდნენ არაბთა ბატონობის მოწინააღმდეგებს და სამუდამოდ ახურავდნენ თავზე უზარმაზარ ლოდს. ცოცხალ დამარხულებით გაივსო ლამის დილეგი, თუმცა დილეგი არა ნეკროპოლისი უფრო ეთქმოდა იმჟამად მას.
არაბთა ბატონობის შემდგომ კაცთა ჩონჩხიდან გაუთავისუფლებიათ იგი და მას შემდგომ განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების გამოსამწყვრევად იყენებდნენ.
ამ დილეგში ჩააგდეს უგონოდ მყოფი აქიმი და სახურავად ის უზარმაზარი ლოდი დაადვეს. გონს რომ მოვიდა არაფერი ახსოვდა. გარდა იმისა თუ როგორი გამეტებით ცემდა კეტსა და ქვას საკუთარი ხალხი. სად იყო არც ის იცოდა. პირველად სამარეში ეგონა თავი და ხელები გაასავსავა, გაეხარდა ცარიელი სივრცე რომ აღმოჩნდა მის გარშემო. მიხვდა საპყრობილეში რომ იყო გამოკეტილი და სენაკის დათვარიელება განიძრახა, მაგრამ გათენებამდე მოცდა არჩია. ისეთი ბინდ—ბუნდი იყო რომ ვერაფერს ხედავდა გარდა თვალთან მიტანილისა, თუმცა რა იყო სანახავი, არც არაფერი კუთხეში მიყრილი ნესტიანი თივისა და ძირმომპალი გობისა რომელიც სანახევროდ წყლით იყო ავსებული. თივა აქ საწოლის მოვალეობას ასრულებდა. სიკვდილმისჯილი მუხლებით მიბობღდა თივასთან, მასზე წამოგორდა და ზემოთ აიხაედა სადღაც კუთხეში ერთ ვარსკვლავს მოკრა თვალი და არაქათ გამოცლილმა, როგორც ბატის ღინღლიან საწოლში, ისე იმ უხეშ თივაშიც ხანგრძლივ ძილს მისცა თავი.
თვალები რომ გაახილა ისევ ბნელოდა, კიდევ უფრო მეტად. ამის შესამოწმებლად თითი თვალთან მიიტანა და ვერაფერი დაინახა. სიკვდილმისჯილი შეშფოთდა, სწრაფად წამოდგა ზეზე და გაიარ გამოიარა. მას დღეთა დენა აბნეოდა და ეს აშფოთებდა ყველაზე მეტად. ზემოთ განაგრძობდა თვალის ცეცებას იქნებ იმ ვარსკვლავისთვის მოეკრა თვალი, მაგრამ უშედეგოდ. მიხვდა სადღაც ჯურღმულში რომ იმყოფებოდა, ისეთ ჯურღმულში სინათლეც რომ ვერ აღწევდა. მეორე დღეს როცა დილეგი ოდნავ მონათდა ანუ ისე რომ ახლო მყოფი საგნების გარჩევა შეეძლო სიბნელეს შეჩვეულ თვალს, მაშინ დაინახა მან ნაცნობი ვარსკვლავი. სიკვდილმისჯილმა მიხვდა რომ ის ვარსკვლავი კი არა სინათლის ერთი პატარა სხივი იყო, რომელსაც უკუნი გაეპო და ვარსკვლავის მსგავს ნათებას გადმოცემდა. აქიმმა ოთხივე კედელი შეამოწმა და გაკვირდა. კლდოვან კედელს არც ერთ მხარეს კარი არ ჰქონდა. სუსტი აგებულების კი იყო, მაგრამ ბრძოლის უნარს არასდროს კარგავდა. ახლაც დაჩოქილმა ოთახის ყოველი მტკაველი შეამოწმა ეგებ სადმე თხრილი ენახა. ამდენ ძიებაში მან მხოლოდ გამხმარი პური, წყალით სავსე გობი და ძვალი ნახა. ბრტყელ, და ოდნავ მოხრილ ძვალს დიდხან უცქირა და მიხვდა ეს ადამიანის ნეკნი რომ იყო. ეტყობოდა ვიღაცას სიკვდილით დაესრულებია აქ სიცოცხლე დიდი ხნის წინათ, დანარჩენი მისი ნაწილები წაეღოთ და მხოლოდ ეს ერთი დარჩენოდათ. სიკვდილმისჯილმა იგი ღმერთის ძღვნად ჩათვალა და მიწის ჩიჩქნას შეუდგა, მაგრამ სადაც დააკარა ხელი ერთი გოჯის ქვემოთ ყველგან სიპი ქვა აღმოაჩინა.
სად იმყოფებოდა ვერ გაეგო. ყველაფრისადმი ინტერესს იჩენდა და ციხეგოჯის საპყრობილეშიც იყო ერთხელ შემოხეტებული დასათვალიერებ-ლად, მაგრამ თუ ასეთი საშინელი იყო ვერასდროს წარმოიდგენდა.
—– არავინ ხართ სულიერი? სად ვარ ის მაინც გამაგებინეთ!—– ყვიროდა სიკვდილმისჯილი მთელი ძალით, მაგრამ მისი ხმა დილეგის კედლებს არ ცილდებოდა.
—– არავინ ხართ ეჰეეეეე, —– დაიყვირებდა ისევ როცა ღონს მოვიდოდა და გაყუჩდებოდა, მაგრამ არც ფეხის ხმა, არც ჩამიჩუმი არსაიდან არ მოისმოდა.
სიკვდილმისჯილს ხან მიწაზე ედო ყური და ხან კედლებზე რომ იქნებ რაღაც გაეგონა, მაგრამ სრულ მყუდროებას მოეცვა ირგვლივ ყოველივე. ერთხელ როცა თავი კედელზე ჰქონდა მიდებული, ანაზდად ფეხის ხმა შემოესმა, უცებ გამოფხიზლდა ბურანიდან და სმენა დაძაბა. ჭერს ზემოთ აშკარად ისმოდა რამდენიმე ადამიანის ნაბიჯის ხმა. მან ზემოთ აიხედა და უნდოდა ეყვირა, მაგრამ ამ დროს ზედ თავთან რაღაცამ გაიჩხაკუნა და ტკაცანი ატყდა. დილეგის სახურავმა ნელნელა ზემოთ იწყო აწევა და სინათლის სხივებმა რომელსაც ნიშში ჩამაგრებული მაშხალა გამოსცემდა სიკვდილმისჯილის სენაკს კაშკაშა ელვარება მოჰფინა. ისე რომ სიბნელე შეჩვეულ აქიმს მასზე თვალის გასწორება გაუჭირდა. მალე ზემოდან თოკს წყალით სავსე ქვაბი ჩამოყვა და სანამ აქიმი მას გობში გადაცლიდა მანამ იკითხა:
—– სად ვარ? დღეს რა რიცხვია?
პასუხად თავში ნახევარი ოყა* ქვასავით მაგარი ხმიადი მოხვდა და უცნაურმა ხავილმა არ დააყოვნა. ქანანელს ხავილის ხმა ეცნაურა და სანამ ლოდი დაშვებას დაიწყებდა მანამ რეტდასხმული თავი ზემოთ აიშვირა და თვალი მოკრა ნაცნობ ჯალათს, რომელიც დიდი სიამოვნებით ემზადებოდა ჭყონდიდში მის საწამებლად.
—– წყეულო ქონდაქარო*,—– იყვირა სიკვდილმისჯილმა. —– ხელით მაინც მანიშნე რა რიცხვია!
უფრო მეტად ხაოდა გახარებული ჯალათი.
აქიმმა მიხვდა ციხეგოჯის საპყრობილეში რომ იყო გამომწყვდეული. კვირაში ერთხელ მოდიოდნენ მისთვის წყალისა და პურის მოსატანად. ორი გოლიათი ჯალამბარით სანახევროდ სწევდა ლოდს ზემოთ. ენა მოკვეთილი ჯალათი კი თოკით წყალს ჩაუშვებდა და როგორც კი ქვაბსს ხელს დაავლებდა ქანანელი მაშინვე თავში მოახვედრებდა გამომხმარ ხმიადს.
—– წყეულო ქონდაქარო! რა რიცხვია დღეს ხელით მანიშნე!—- დაიღრიალებდა სიკვდილმისჯილი. პასუხად კი გამყინავი ხავილი არ აყოვნებდა.
არქეოპოლისი მე-Vსაუკუნისთვის კარგა გამაგრებულ ქალაქს წარმოადგენდა. დედაქალაქის ყველა ატრიბუტით, მჭიდრო მოსახლეებით, სამეფო სასახლით, წყალ მომარაგების სისტემებით. მოკირწყლული გზებით, ბაზრით, მაღალი და განიერი გალავნით რომელიც ქალაქს ორ მხარეს ერტყა ზოგან მისის სისქე ორნახევარ მეტრს აღემატებოდა. ზედ დატნეული კოშკებითა და სამშვილდეებით. დანარჩენ ორ მხარეს გარე სამყაროსგან ტეხურას კლდოვანი ნაპირები და უნაგირას მიუვალი მთა გამოყოფდა. სულ მისი ბუნებრივი თუ ხელოვნური ზღუდით შემოფარგლული ტერიტორია 20 ჰექტარს შეადგენდა. ქალაქის მიწისქვეშეთი დასერილი იყო გვირაბებით. ვინცობისაა მტერს გალავანი გადმოენგრია და ქალაქში შემოჭრილიყო, მცხოვრებს ეძლეოდათ შესაძლებლობა უსაფრთხოდ დაეტოვებიათ ქალაქი და მახლობელ გაუვალი ტყისთვის შეეფარებია თავი. ერთი გვირაბი ტეხურს ქვეშ გადიოდა და უზრუნველყოფდა მცხოვრებლების მარჯვენა ნაპირას მალულად გადასვლას.ამბობდნენ: ყველა გვირაბი რომ დაეარა კაცს ერთი დღეც არ ეყოფოდაო ამისათვის. ქალაქში მოხვედრა აღმოსავლეთ გალავანში ჩატანებული ჭიშკრით, აგრეთვე სამდინარო გზით ტეხურასთან მიმავალი გვირაბით შეიძლებოდა. რომელიც დღემდეა შემორჩენილი. არქეოპოლისში გვერდი-გვერდ წარმოდგენილი იყო ცალკე სამეფო და ცალკე სამოქალაქო აბანოები. თავისი ბუნებრივი ცხელი გოგირდის წყალით თუ ხელოვნური საქვაბეებით და კალორიფელებით. საერთოდ ამ ქალაქში სამეფო უბანი ცალკე იყო გალავნით შემოზღუდული. აქ მოხვედრა უბრალო მოქალაქეებს არ შეეძლოთ, რადგან გალავანში ჩატანებულ ალაყაფის ჭიშკართან მუდამ გუშაგნი მორიგეობდნენ. სამეფო უბანში გარდა სამეფო აპარტამენტებისა პატარა ეკლესია მისარონიც იყო, ხოლო დასავლეთ საქართველოს ერთერთი უდიდეს სამნავიან ბაზილიკა, რომლის სიგრძე 26 მეტრს აღემატებოდა, ხოლო სიგანე 15 მეტრამდე იყო. საკუთრივ ქალაქში მდებარეობდა. წინათ აქ ქრისტიანობის დამკვიდრებისთანვე ცალნავიანი ბაზილიკა ყოფილა და შემდეგ აუგიათ მასზედ ეგზომ დიდი ნაგებობა. რომლის სამხრეთი კედელი ლოდებთან ერთად ტყვიის სხმულითაც ყოფილა გამაგრებული რომ ნგრევისთვის გაეძლო. ამ ბაზილიკით თუ ვიმსჯელებთ არქეოპოლისში ეპისკოპოსიც უნდა მჯდარიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად. ეგრისის მეფეები ეპისკოპოსებს ეჭვის თვალით შესცქეროდნენ, რადგან იმ დროში მათ კონსტანტინეპოლის პატრიარქი ნიშნავდა და ბიზანტიის მოენეებს ცხვირ წინ ხომ არ დაიყენებდნენ თავისუფლების მოყვარე ეგრისის მეფენი. ასეთი იყო მე-Vს არქეოპოლისის და საერთოდ ეგრისის მდგომარეობა, რომ საუკუნის ბოლოსათვის ძველ კოლხთა მიწაზე პოლიტიკური მიწისძვრები დაიწყო და ეგრთა სიმშვიდე წარსულს ჩაბარდა. იგი ბიზანტია სპარსეთის დაპირისპირებისა და საომარ მოქმედებათა ველად იქცა. ორ გიგანტ ქვეყანას შორის ჭიდილმა ეგრისის ტერიტორიაზე და ეგრისელების ხან ერთ და ხან მეორე ქვეყნის სასარგებლოდ ომში ჩათრევამ გამოიწვია ამ უკანასკნელის თანდათანობით დასუსტება. არქეოპოლისმაც ნელნელა დაკარგა ძველი დიდება. ბაზილიკაც დაანგრია და გააცამტვერა მტრების გამუდმებულმა შემოსევებმა, როცა ბიზანტია სპარსეთი ერთმანეთს დაუზავდა ეგრისელებმაც ცოტა სული მოითქვეს და ძველის ნანგრევებზე ხელახლა ააშენეს ახალი ბაზილიკა თუმცა წინანდელთან შედარებით. უკვე ერთნახევარჯერ შეამცირეს მისი ზომები, მაგრამ მალე არაბები გამოჩნდა. არაბებმა ციხე გოჯის დიდება სამუდამოდ დაფერფლეს. დაანგრიეს ყველაფერი რისი დანგრევაც შეიძლებოდა, ის მოკრძალებული ბაზილიკაც კი. მაგრამ ქართველები როგორც კი საშუალება მიეცემოდათ შენებას მაშინვე ანახლებდნენ. არაბთა წასვლის შემდგომ ბაზილიკა კვლავ აღადგინეს, ახლა უკვე გუმბათოვანი ეკლესიის სტილში,
იმ დროს როცა ჩვენი თხრობის მოვლენები წარმოებდა. ციხე გოჯში მდებარე ორმოცმოწამეთა ეკლესიას სამრეკლო არ ჰქონდა, რადგან მაშინ ზარის არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. არც ჩვენთან და არც ევროპაში. ზარები ჩვენში ამ ამბებიდან საუკუნე ნახევრის შემდეგ შემოვიდა. მანამ კი ეკლესიის გვერდით ჩამოხურული იყო პატარა წვიმა რომ არ დასხმოდა იქ ჩამოკიდებულ ძელს, ანუ დიდი ფიცარს. ამ ფიცარს ხის უზარმაზარ უროს ურტყამდნენ. ამას მაშინ რეკვა ანდა სარეკელა ერქვა. დღევანდელი გადასახედიდან კი ძელის კვრას ეძახიან. მრევლი სარეკელათი შეიტყობდა თუ როდის დგებოდა ლოცვის დრო.
ქანანელს ბევრჯერ მოესმინა სარეკელას ყრუ ხმა, რომელიც ძლივს აღწევდა მის კარმიდამომდე, მაგრამ ეს წინათ იყო. სულ ახლახან ხის ძელის ნაცვლად ლითონის კარგა მოზრდილი და სქელი წრეხაზის მოყვანილობის ფიცარი დაეკიდებიათ და მასზე ბზის უროს ურტყამდნენ. ეს ხმა გაცილებით ჟღერადი იყო და უფრო შორ მანძილზე სწვდებოდა. აღდგომა დღეს კი ღია ცის ქვეშ გამოჰქონდათ ლითონის ფიცარი და მთელი დღის განმავლობაში ვისაც მოესურვებოდა შეეძლო განუწყვეტლივ ერტყა ბზის ურო.
სიკვდილმისჯილმა ერთ დღეს ამ უროს ხმას მოკრა ყური დილეგში და მიხვდა რომ აღდგომა გათენებულიყო. მესამე კვირა იწურებოდა მისი პატიმრობიდან. ახლა მას არ ჭირდებოდა ჯალათისთვის ერთი და იგივე კითხვის დასმა.
დიახ მესამე კვირა იწურებოდა ქანანელის პატიმრობიდან. დავით მეფე ნაჭარმაგევს იყო ჯერაც. მაგრამ არც ნაჭარმაგევში უნახავთ ერთ ადგილას მყოფი. ხან უფლისციხისკენ, ხან მცხეთისკენ, ხან კიდევ თბილისის შემოგარისკენ ვიდოდა საქმიანად, თან მხედრობას წვრთნიდა და გეგმებს ადგენდა. მის მხლებ ამალას კი სიქა* ჰქონდა გამოცლილი მეფის სდევნით.
გორაკზე იყო დავითი, თავის ურჩ ბედაურს მოჯდომოდა და შორეთს გასცქეროდა ნაღვლიანად, რომ მაცნემ ამბავი მოუტანა: კათალიკოსი მცხეთისკენ მიბრძანდება, ხოლო გიორგი მწიგნობართუხუცესი ნაჭარმაგევსაა ჩამობრძანებული და თქვენი ხილვა სურსო. დავითმა კათალიკოსთან შეხვედრა არ ისურვა, შორიდან უცქერა მის ამალას. ალბათ კათალიკოსსაც აუწყეს გორაკიდან დავით მეფე გვიყურებსო და მანაც როგორც გამარჯვებულებს შეეფერება ისე გასწორდა წელში და მედიდურად ჩაუარა მეფეს გვერდი. მათ შორის მანძილი საკმაოდ დიდი იყო ჩიტის ტოლანი ჩანდნენ ისინი, მაგრამ დავითის არწივისებურ მზერას არ გამოპარვია კათალიკოსის გამარჯვებული იერი.
უერთგულესი ყმა ედგა მეფეს გვერდით ძაგან ჯრუჭის* ციხის პატრონი. რა ხანია ევედრებოდა ის მეფეს ერთი დარტყმით გადაეჭრა თავგასულ საეკლესიო პირეთა წრე გადასული საქმიანობა. ახლაც ჩასჩურჩულა:
—-დიდო მეფეო, გევედრები მომეცი ნება რათა ქედზე ბორკილები დავადგა ამ ბებრუხანებს. გთხოვ მეფეო, თვალის დახამხამებაში მოგგვრი უკლებლივ ყველას.
დავითმა ცხენი მოაბრუნა და მასზე არანაკლები გოლიათური აღნაგობის ჯრუჭის ციხის პატრონი ყურადღებით შეათვალიერა. ძაგანი იმოდენა იყო რომ ზურგ მაგარი რაში ხერხემალში რკალივით მოედრიკა.
—– ჩემო ძაგან, შენ იმ ბრიყვ კაცს მაგონებ, რომელიც მთელი ძალით უბერავდა სულს მბჟუტავ ნაკვერჩხალს, რათა სურდა სრულად ჩაექრო ცეცხლი, სინამდვილეში კი პირიქით გამოუვიდა და დიდი ხანძარი მიიღო,— უპასუხა მეფემ ჯრუჭის ციხის პატრონს, მეგობრულად დაკრა ხელი მხარზე და ჯირითით გასწია ნაჭარმაგებისაკენ.
ყველაფერი იცოდა ქანანელის შესახებ, მაგრამ ვაზირთა უპირველესის პირით უნდოდა ამის მოსმენა.
გიორგის მთელი გზა ჩქარა ევლო. შიშს მოეცვა მისი არსება. ფიქრობდა რამე არ მოსწიონო მეფემ და მისმა ამალამ კათალიკოსსო. შვებით ამოისუნთქა ამის კვალი რომ ვერსად ნახა. მიუხედავად იმისა რომ დაღლილიყო მგზავრობით, ალაყაფის კართან შეეგება მეფეს. დალოცა და ჯვარი გაუწოდა სამთხვევად.
—– სახიერო მამაო, ნუთუ თქვენც ვერ შეძელით ქანანელის დაცვა.—-მოკითხვის უმალ იკითხა მეფემ.
—– ვერც მე და ვერც იოანე ჭყონდიდელმა.
—–მერე რატომ?
—–შეწამება მეტად მტკიცე იყო და ყოველგვარ გამაგრებული. ქანანელი იმსახურებდა სიკვდილის მიცემას.
—– ქანანელი სამშობლოს ჭირდება! არ გესმით სახიერო მამაო?!—– გაკვირვებული დარჩა მწიგნობართუხუცესის პასუხით მეფე.
—– ვიცი რომ ჭირდება, მაგრამ….
—– რა მაგრამ ვეღარ მოითმინა მეფემ და სიტყვა გააწყვეტინა.—– რაც სამშობლოს და ხალხს ჭირდება ის არის მთავარი. ის არის კანონი.
—-დამშვიდდი შვილო ჩემო, დამშვიდდი,—-თავზე გადაუსვა მზრუნველად ხელი ახალგაზრდა მეფეს ვაზირთა უპირველესმა.—ჩვენი მსჯავრი აუცილებლობით იყო ნაკარნახები.
—– მერე რა ეშველება სახიერო მამაო ამ საქმეს?
—– კათალიკოსმა გამოწვევა გაგვიკეთა. ახლა ჯერი ჩვენზეა რას ვუპასუხებთ. განაჩენიდან ერთი თვის განმავლობაში ქანანელზე ხელის დაკარება არავის შეუძლია. შემდეგ კი მეფის დასტურია საჭირო რათა ის მოაკვდინონ. ჩვენ მეტი გზა არ დაგვრჩენია უნდა დასტური მივცეთ. დავეთანხმოთ, დავუყვავოთ, მივყვეთ.
—– ფარეშთუხუცესმა თადაოზმა ერთი რამ მიამბო,—- ჩაფიქრებით თქვა მეფემ.
—– თქვა კი საზრიანი მაგ ყეყეჩმა? წინათ არაფერს ამბობდა ბრიყვივით იქცეოდა, დღენიადაგ დუმდა. ამ დუმილისა და სულელური საქციელის სანაცვლოდ იყო მეფის კარზე.
—–ახლა ალაპარაკდა. თან საკმაოდ საზრიანად. მან მომიყვა: თურმე ძაღლს მელი დაეჭირა და ტყავს აძრობდაო საბრალოს. თადაოზი შესწრებია ამ ამბავს. ხომ მოგეხსენებათ მისი გულჩვილობის ამბავი? გაუგდია ძაღლი და მელზე უპატრონებია. სახლში წაუყვანია ნადირი უვლიდა თურმე და საჭმელსაც უტანდა. ერთ დღესაც სახლში რომ მისულა ყველა ქათამი ნაჭამი დახვედრია მელის პირიდან.
—– ეს ამბავი აქ რა მოსატანია შვილო ჩემო? ისედაც კარგად ვიცოდი თადაოზის ბრიყვული ჩვევანი.
—–ასე მითხრა თადაოზმა: ვინც მელი დაინდო მას უნდა ეზღო საკუთარი ქათმებით ეს დანაშაულიო. დანდობას და დაყვავებას ეს მოყვება სახიერო მა-მაო ბოლოს. ჩვენ არაფერს ვუპასუხებთ კათალიკოსს. არც ავს არც კარგს. ჩვენი პასუხი იქნება დუმილი. დაე გველოდოს მთელი ცხოვრება. მეფე ქანანელის სიკვდილს დასტურს არასდროს მისცემს!—- თქვა დავითმა მკაცრად.
—–ეგ არაფრით შეიძლება მეფევ ბატონო, —-სახე შეეცვალა გაკვირვებისგან მწიგნობართუხუცესს.—ეს ხომ კათალიკოსის წინააღმდეგ აშკარა გალაშქრებას ნიშნავს. თან ხალხიც ქანანელის სამტროდაა განწყობილი. და ამგვარი საქმე კათალიკოსს უფრო არგებს ვინემ ჩვენ.
—– კათალიკოსის წინააღმდეგ აშკარა გალაშქრება ქანანელის განთავისუფლება, ან კათალიკოსის ქედზე ბორკილის დადებაა.
—– მხოლოდ მეფის დასტური, ამას ითხოვს სამშობლო, —- არ იშლიდა თავისას და თითქმის ვედრებით ამბობდა ამას გიორგი.
—– სამშობლო არა?! მაშ ქანანელი განტევების ვაცია?
—– ასე გამოდის. კათალიკოსი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა. მის წინააღმდეგ წასვლა ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. რაზეც ახლა ვწირავთ თავს. ჩვენ სამშობლოს ქანანელის გარეშეც შეუძლია გადარჩენა.
—–შეუძლია სახიერო მამაო, მაგრამ თუ ქანანელის მსგავსი ადამიანების მტრები იარსებებენ მაშინ ვერ იარსებებს ჩვენი სამშობლო, იგი განწირული იქნება დასაღუპად.
—- ვიცი შვილო ჩემო რაც გაწუხებს, მაგრამ ახლა კათალიკოსთან ბრძოლა არ გვარგია, რამეთუ მარცხი გარდაუვალია. მოგეხსენება ეკლესია მონასტრები ავაზაკებითაა სავსე. მომრავლდნენ იქ მეფისა და სამშობლოს ორგულნი. მათ შორის ბევრნი უმაღლეს იერარქიაშიც არიან და თავიანთ თანამდებობებს შემდგომ შვილებს გადასცემენ. ესენი რა თქმა უნდა უკლებლივ კათალიკოსს დაუჭერს მხარს. გარდა ამისა თუ ჩვენ ბრძოლა წამოვიწყეთ ჩვენი ერთგული ხალხიც იმ წამსვე გამოგვეცლება ხელიდან. მათ ხომ ჯერ კიდევ არ იციან თუ რა ხდება ეკლესიის წიაღში. მასზე დარტყმას მამა პაპურ ჩვეულებაზე დარტყმად აღიქვამენ და არ გვაპატიებენ.
—– სახიერო მამაო, მეფე კათალიკოსთან ბრძოლას არ აპირებს. პირიქით ის გაბრიელ საფარელს დაუდგება მხარში რომ ეკლესია მონასტრები ავაზაკებისგან გაწმინდოს. ეს კათალიკოსის გასაკეთებელი საქმეა და არა მეფის. რასაკვირველია ამის სურვილი საფარელს არ გააჩნია, პირიქითაც კია. მაგრამ მეფე იზრუნებს იმისათვის რომ შემდგომში შერჩეულ იქნეს ისეთი კათალიკოსი ვინც ამა საქმეს გააკეთებს,—-თქვა დავითმა და სასახლისაკენ გაუძღვა აღმზრდელს.
გიორგიმ მეფეს მკლავში წაატანა ხელი და უკან მოატრიალა.
—–მეფეო აქ ახლა კათალიკოსი გამოიარს და გთხოვ ემთხვიო. ქვეყნისთვის ასეა საჭირო.
—- უკვე ჩაიარა გამარჯვებულმა მედიდურად, —- მშრალად მიუგო მეფემ.
—- მერე….
—– მეფე დავითი თუ სამშობლო დაავალებს მხოლოდ მაშინ დაიჩოქებს.
მაისის თვე იდგა. ისეთი კოკისპირული წვიმები წეაწყო რომ მდინარეები კალაპოტებში არ ეტია. ცალკე წვიმის წყალმა და ცალკე თოვლის დნობისას წარმოქმნილმა წყალმა ისინი ისე გააშმაგა რომ უზარმაზარ ფესვიან ხეებს ნაფოტებივით მოათამაშებდნენ, მდინარეებს ხიდები მიელეწ— მოელეწათ. ტივები, ბორანები, პირუტყვი წარეტაცათ, სანოვაგეც წაერთმიათ ხალხისათვის და რაც ყველაზე მთავარია ადამიანებიც ემსხვერპლათ.
—–წუხელის აბაშისწყალში ახალგაზრდა კაცი დამხრჩვალა, კიდევ დიდხან არ გადაიღებსო წვიმა.—-იძახდნენ ჭორიკანა დედაკაცები.
—– მთვარე წვიმით გადაბრუნდა და კარგა ხან იწვიმებსო. თან ისე დგას ცაგვრალზე ზემოდან რომ წყალი დაასხა ერთ წვეთსაც ვერ დაიკავებსო, —- ზურგს უმაგრებდნენ ჭორიკანა ქალების ნათქვამს ვარსკვლავთმრიცხველები.
—- გუშინ ღამ ზღვის მხარეს კუდიანი ვარსკვლავი გამოჩნდა მთელი ცა გადასერა და ცხენისწყლის სათავეებთან ჩავარდაო.—-ამბობდნენ ისინი.
—– მაგი უბედურების მომასწავებელია, ეტყობა ზღვას მდინარეებში სურს გავლა. წყალდიდობა კიდევ უფრო მოიმატებსო,—– ასე ხსნიდნენ მუცლით მეზღაპრენი კუდიანი ვარსკვლავის გადაადგილებას ცაგვრალზე.
—– მამაკაცმა რომ ბავშვი დაბადა ბედიაში?!
—– ჯორმა კიდევ კურდღელი რომ შვა თრიალეთში?!
ყველანი საყოველთაო შიშს მოეცვა. ხალხი წარღვნის მოლოდინში იყო. სამყაროს მოწყვეტილი აქიმი კი უდარდელად იყო თავის პატარა, ტენიან სენაკში რომელიც მისთვის საძილეც იყო, სასაუზმეც და საპირფარეშოც. მშიერ აქიმს რომელსაც კუჭი უმადობით და მეორე მხრივ უჭმელობით გახმობოდა, მხოლოდ კვირაში ერთხელ თუ მოუნდებოდა გარეთ გასვლა და ისიც კუთხეში დაწყებულ საქმეს, მოფხეკილი მიწის დაყრით ამთავრებდა. სიკვდილის საკანში არანაირი სიცოცხლე არ იყო. ქანანელს მკბენარებიც კი მონატრებოდა, რომლებითაც სავსე იყო სხვა საპყრობილეები, მაგრამ მათაც მიეტოვებინათ ჯოჯოხეთური ყოფა. სიკვდილმისჯილს მხოლოდ ის ახარებდა გაშმაგებული ტეხურას ხმა რომ ჩაესმოდა ყურთ და იმას ლოცულობდა კიდევ დიდხან გაგრძელებულიყო მდინარის აბობოქრება რომ მასთან მაინც ესაუბრა ეულს. ახლაც თივაზე წამოწოლილი ყურს უგდებდა გაავებული მდინარის ხუილს, რომელიც ძლივას აღწევდა მის სმენამდე რომ ვირთაგვამ გადაურბინა სხეულზე. გახარებული ქანანელი სწრაფად წამოხტა და შემთხვევით შემოხეტებულ ვირთხას გამოუდგა. ვირთაგვა ხან ერთი კუთხისკენ მიირბენდა, ხან მეორისკენ. ქანანელი კი ამაოდ დასდევდა. ბოლოს მღრნელი კედელს აყვა და გაუჩინარდა. აქიმს მისი დაშავება არც უფიქრია, მხოლოდ დაჭერა და მოფერება უნდოდა ისე იყო სულიერს მონატრებული. დიდხან აცეცა თვალები ზემოთ და ისევ თავის საძილე თივისაკენ გასწია რომ ანაზდად ფეხის ხმა შემოესმა.
სიკვდილმისჯილმა უკვე თვის რიცხვები და დრო ზედმიწევნით იცოდა. მას კარგად ახსოვდა რომ ჯალათმა, რომელიც მის მეთვალყურეობასაც ითავსებდა ჯერ კიდევ გუშინ მიაწოდა პური და წყალი. წესით ის ახლა არ უნდა მოსულიყო. ნაბიჯების ხმა თანდათან მოახლოვდა და ზედ თავთან გაისმა ნაცნობი გაჩხაკუნება და მალე ლოდმა ნელნელა, ჭრიალ—-ღრიალით იწყო ზემოთ აწევა. სიკვდილმისჯილი ჭერს გაჰყურებდა. დილეგში იმაზე მეტად დადგა სინათლე ვინემ ის მოელოდა. ლოდიც ზომაზე მეტად აიწია და ბოლოს თვალს მიეფარა კიდეც.
ჭერიდან კანაფის დაწნილი კიბე ჩამოეშვა, რომელსაც ადამიანი მოყვებოდა. ქანანელი გაშრა ავის მოლოდინში. ის სიკვდილისთვის ჯერ მზად არ იყო ვაჯკაცური იერის დაჭერა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. კანკალმა აიყვანა საბრალო და კუთხეში აიტუზა. სიბნელეს შეჩვეულს სინათლემ თვალები აუჭრა. რამდენიმე წუთი იყო ასე მიწურული. როცა თვალები სინათლეს შეეჩვია, მან დაინახა მის წინ მდგარი მშვიდი გამომეტყველების სანდომიანი მოხუცი . სიკვდილმისჯილმა მასში წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვარი ანთიმოზ ბერი შეიცნო და ორგზის გახარებულმა სველი ანაფორა დაუკოცნა მას.
ჩვენი თხრობის შინაარს სრულებით არ წარმოადგენს ანთიმოზ ბერის გარეგნობისა და კეთილი თვისებების აღწერას, მაგრამ მე სიამოვნებით ავცდები თემას რათა მოვხაზო რამდენიმე შტრიხი უაღრესად სათნო და კაცთმოყვარე ბერის პორტრეტისა. რომლის მსგავსი იმ დროში და მით უმეტეს ახლა იშვიათ გამონაკლის წარმოადგენს.
ანთიმოზ ბერი ასე უწოდებდა მთელი აფხაზეთი პატივისცემის ნიშნად , ან უბრალოდ მამა ანთიმოზი, რომელსაც კიდევ უფრო მეტნი ეძახდა მას ნიშნად სიყვარულისა. ანთიმოზი სხვა მონასტრების წინამძღვრებისგან ყველაფრით განსხვავდებოდა, სიქველით, უგვარობით, გარეგნობითაც კი. ის გახლდათ სუსტი, ფერმკრთალი, ჩია მოხუცი. ნაცვლად სახეღაჟღაჟა, ღიპიან ფერხორციანი, დიდგვარიან აზნაურთა წრიდან გამოსული წინამძღვრებისა, რომლებიც ასე ხშირად იყვნენ მაშინდელ საქართველოში და რომლებთანაც ბრძოლაში გიორგი მთაწმინდელმა* თავი შესწირა. ანთიმოზ ბერი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ექვთიმე ათონელს* დამოწაფებია ათონის ივერთა მონასტერში*. მას ლიტერატურულ მოღვაწეობასთან ერთად შესანიშნავად აუთვისებია ექვთიმეს მიერ შემოღებული სამონასტრო წესწყობილება და მართვის სტილი. ხოლო გიორგი მთაწმინდელთან არა მარტო სულიერი ძმობა აკავშირებდა, გიორგის იდეების ერთგულებას სიცოცხლის ბოლომდე სიტყვით და საქმით ყოველთვის იცავდა. ანთიმოზი 1060 წელს გიორგი მთაწმინდელს ჩამოყოლია საქართველოში. თურმე ორთავე გაკვირვებვული დარჩენილა იმ აუტანელი და უმწეო მდგომარეობით, რომელიც იმ დროს აქ სუფევდა. მათთან მრავლად მოდიოდნენ სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. განსაკუთრებით დაბალი ფენის წარმომადგენლებთან შეხვედრებმა აღაშფოთა ისინი. ხალხი არაწმინდა საჭმელს ჭამდა, შიმშილობდა. მშობლები შვილებს ამის გამო უპატრონოდ ტოვებდა. მათი გულშემატკივარი კი არავინ ჩანდა. თვით სამღვდელო პირებიც კი, რომლებსაც თავიანთი მრევლისადმი მზრუნველობა უნდა გამოეჩინათ სრულ უდარდელობას და გულგრილობას იჩენდნენ, ეს იმ დროს როცა საკუთარი პატივმოყვარეობისა და წადილის ასასრულებლად არაფერს იკლებდნენ. ერთ მათგანს კიდევაც უთხრა მთაწმინდელმა: <შენ რომ სახელის მოსახვეჭად დიდებულ ტაძრებს აშენებ, განა ეს გაქვს მცნებად და ანდერძად მოცემული? რასაც შენ ჩადიხარ, ეშმაკის შთაგონების შედეგია. განა მოძღვარმა არ თქვა: მე მშუერი ვიყავი და თქვენ პური არ მეცითო?!> გიორგი მთაწმინდელმა და ანთიმოზ ბერმა მუხლჩაუხლელი მუშაობა გააჩაღეს. უპატრონოდ მიტოვებული მოზარდები დააპურეს აღზარდეს, განათლება მისცეს. პარალელურად კი უმაღლეს სამღვდელოებას პირში მხილება დაუწყეს, ისინი განცვიფრებულნი იყვნენ იმ გულქვაობით, რომელსაც ზოგიერთი მღვდელმთავარი ადამიანებისადმი იჩენდნენ, გიორგი მთაწმინდელმა და ანთიმოზ ბერმა ის უგვარო ყმაწვილები რომლებმაც სათანადო ცოდნა მისცეს და ასაკიც ხელს არ უშლიდათ მღვდლებათ აკურთხეს. ასეთი კი სულ ოთხმოცი გახლდათ. იმ დროისათვის ამ უპრეცედენტო ნაბიჯმა დიდგვაროვან აზნაურთა გაღიზიანება გამოიწვია. ამჯერად მთაწმინდელისა და ანთიმოზის წინააღმდეგ მარტო სამღვდელოება როდი ილაშქრებდა. გიორგი მთაწმინდელმა, რომელიც საქართველოში სამუდამოდ დასამკვიდრებლად ჩამოსულიყო მათ ზეწოლას ვერ გაუძლო და გაცლა არჩია. ხოლო ანთიმოზ ბერმა ლებარდეს* მიუვალ მთებში გადაწყვიტა ფიცრული მონასტრის აგება რათა აქვე შეხვედროდა სიკვდილს. მალე მართლაც მოუვიდა სიკვდილის ცნობა. სამშობლოზე ფიქრსა და ზრუნვაში დამაშვრალი, საქართველოს სულიერებისა და კულტურის დიდი მოამაგე და მასზე უზომოდ შეყვარებული ბრწყინვალე მამულიშვილი გიორგი მთაწმინდელი ათონისაკენ გზად მიმავალი გარდაცვლილიყო კონსტანტინეპოლში.
მეხის გავარდნას გავდა ეს ცნობა, და არა მარტო ანთიმოზ ბერისათვის,
მას შემდეგ ანთიოზი ლებარდეში დამკვიდრებულიყო და იქ სამშობლოზე ლოცვაში ათენ—აღამებდა. დავით მეფეს, რომელიც ახლა იწყებდა ქვეყნის აღორძინებას პროგრესულად მოაზროვნეებისათვის და რაღა თქმა უნდა მხცოვანი ბერისა და მისი ავტორიტეტისათვის ყურადღება მიექცია და მასთან ურთიერთობის დასამყარებლად არსენ მონაზონი* მიევლინა, რომელიც მეფის თხოვნით ახლახან დაბრუნებულიყო შავი მთიდან*.
ანთიმოზ ბერს მუდამ უბრალო ჯვალოს ანაფორა ეცვა, რომელიც ამჟამად ისე დაცრეცოდა რომ ამოვარდნილი ძაფის თვლები გასდევდა ალაგ ალაგ. <ანაფორას დანიშნულება მოძღვრის სხეულის დაფარვაა და არა გარეგნობისათვის ზრუნვა. მდარე ხარისხის მატერიაც ადვილად ფარავსო სხეულს>,—- იტყოდა ის ხშირად. კისერზე ოქროსა და ვერცხლის მძიმე ჯაჭვიანი ჯვარის ნაცვლად, უბრალო ჯაჭვზე წამოცმული რკინის ან ძაფზე ასხმული ხის ჯვარი ეკიდა. ამის თაობაზეც ჰქონდა ანთიმოზს თავისი აზრი: <უბრალოსა და წმინდას უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე ძვირფასსა და უწმინდურსო>. ის ვერცხლის ჯვარს მხოლოდ წყლის კურთხევისათვის იყენებდა, ნაკურთხი წყალი დიდხან რომ შენახულიყო. ერთი ჯაგლაგა ჯორი ჰყავდა, რომელიც მართლა არ ეკადრებოდა მისი დამსახურებისა და ღირსების კაცს, მაგრამ ჯიუტ ცხოველს მაინც არ იცილებდა თავიდან. რამდენჯერ დამდგარა ჯორი გზაში და ფეხით გაუგრძელებია ანთიმოზს გზა, მაგრამ დათქმულ დროს არასოდეს გადაცილებია. გულით ურჩია კიდეც მეგობარმა ბერმა კარგი ბედაურის შეძენა, მაგრამ ანთიმოზმა წყენით უპასუხა: <ბედაურები და ოქროკუდა რაშები ჩვენი წოდების საქმე არ არისო>. მართლაც ფინანსურად ბევრის შესაძლებლობა ჰქონდა იღუმენს. იმდენის რომ გვარიანად მოწყობილიყო, მაგრამ არა. ყოველგვარ ცთუნებას უძლებდა და ქრისტეს რწმენის ერთგული როგორც გლახაკი ისე ცხოვრობდა. ფულით კი ქვრივ ობლებს განიკითხავდა. თქვენ უნდა გენახათ როგორ ჰქონდა მონასტერში მეურნეობა აწყობილი. ბერები ლოცვას რომ მორჩებოდნენ ყველას მისი საქმე ელოდა, დასასვენებლად არავის ეცალა. ამ მონასტერში ისევე როგორც ათონში გვარიშვილობა არ ჭრიდა ყოველი ბერი ერთმანეთის ტოლი იყო. უფროს უმცროსობა არ არსებობდა. ზოგი ცხვარს მწყესავდა, ზოგი თხას, ზოგი კიდევ მიწას ხნავდა. ასეთ შრომას მართალია ბევრი ბერი გაურბოდა და ტოვებდა მონასტერს, მაგრამ მომსვლელები კიდევ უფრო მეტნი იყვნენ. ყველაფერ ამის გამო წმინდა გიორგის მონასტერს და საერთოდ ჭყონდიდის ეპარქიას შორს გავარდნოდა სახელი და სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდნენ აქ მომლოცველნი ათასგვარი შესაწირით. თუ ხალხის თვალში ჭყონდიდის ეპარქიის ავტორიტეტი იზრდებოდა, სამაგიეროდ სხვების ეცემოდა, რაც ეპისკოპოსების და თვით კათალიკოსის უკმაყოფილებას იწვევდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ანთიმოზ ბერი განაგრძობდა კეთილად დაწყებულ საქმეს. როგორ გგონიათ მაინც რამ იხსნა იგი წინამძღვრობიდან გადაყენებას? <იოანე ჭყონდიდელმა და ღმერთმა, რომლის სახელით უამრავ მადლს აფრქვევდა>.— მიპასუხებთ იმწამსვე თქვენ, მაგრამ სამწუხაროდ ცდებით. ანთიმოზ ბერი ასაკმა იხსნა მხოლოდ. რადგან ყველას ეგონა რომ დღეს თუ ხვალ მიიცვლებოდა და ისედაც გამონთავისუფლდებოდა წინამძღვარის ადგილი, მაშინ როცა თუ ისინი ამ პროცესს დააჩქარებდნენ შეიძლება გართულება მოყოლოდა. ხალხი დაიცავდა სახელმოხვეჭილ წინამძღვარს და ყველაფერი დავით მეფის ყურამდე მიაღწევდა. მეფე კი წყალობით არ ეკიდებოდა კათალიკოსის გადადგმულ ნაბიჯებს. კათალიკოსი კი ჯერ კიდევ ვერ ბედავდა მეფესთან აშკარა დაპირისპირებას, თუმცა მკითხველი მართალია. ბერი ცოცხლობდა და ღმერთის წყალობით სიკვდილს არ აპირებდა ბოროტთა და თავკერძთა გულის გასახეთქად.
მრავალ კეთილ თვისებასთან ერთად ბერს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი თვისება გააჩნდა, რომელსაც უბრალოება, თავდამბლობა და სიყვარული ჰქვია და არა მარტო მოყვასის სიყვარული. მას შეეძლო სარკინოზთან ისევე გულახდილი და ლმობიერი ყოფილიყო როგორც ქრისტიანთან, ამას საყვედურობდა ბევრი. მეფის ყურამდეც კი მივიდა ეს ამბავი, მაგრამ დავითმა თქვა: <ანთიმოზ ბერზე უკეთესი სარწმუნოების დამცველნი თქვენ ხართო?!> და ყველას ხმა ჩააკმედია.
ახლა ამ წყალდიდობისა და ღვარცოფების ფონზე და მაშინ როცა ხალხს ზურგი ჰქონდა შექცეული აქიმზე, ანთიმოზ ბერს მკურნალის თავს დატეხილ ამბებზე ყური წაეკრა და მასთან მისულიყო აღსარების მისაღებად და შემდეგ რა შეატყო სიკვდილმისჯილს ადამიანური თანადგომა სჭირდებოდა თვეში ერთხელ მაინც ნახულობდა, თუმც საპყრობილეს ზედამხედველნი მის ასეთ ხშირ სტუმრობას ეწინააღმდეგებოდნენ და ერთგვარი ეჭვის თვალით შესცქეროდნენ მას.
—–ადამიანის მოკვდინება დიდი ცოდვაა შვილო ჩემო. არ ნანობ შენ საქციელს?—– ეუბნებოდა ანთიმოზ ბერი აქიმს და იწყებოდა მათ შორის გულახდილი საუბარი.
—-არა მამაო,—- ამოიოხრებდა ქანანელი და თვალწინ წამიერად გაუელვებდა მომაკვდავის განაწამები სახე.
—- არ ინანიებ ადამიანის მკვლელობას?!—- სახეში ჩასჩერებოდა ქანანელს სათნო მოხუცი.
—- არა მამაო. ის მაინც მოკვდებოდა მე მხოლოდ ტანჯვა შევუმსუბუქე, —-თითქოს სადღაც შორეულ ოცნებებში დაფრინავსო აქიმი ისე ამბობდა ამ სიტყვებს თვალებით ჭერს მიპყრობილი.
—– შვილო ჩემო დაუკვირდი შენ ნათქვამს და გონება მომაპყარ,—- ბერი ამჩნევდა საუბრისადმი აქიმის ზერელე დამოკიდებულებას, თუმც კი ცდებოდა. სიკვდილმისჯილი მთელ გონებას ძაბავდა რათა ყოველი სიტყვა წმინდა მამისა თავში ჩაებეჭდა.—- ადამიანი მოკვდავია, დღეს თუ ხვალ ყველა დაიხოცება. რა ვქნათ მივადგეთ და მოვუსწრაფოდ სიცოცხლე? ხვალ იქნებ მეც ვკვდები და მოდი ბარემ დამალევინე სამსალა.
ტუსაღმა გიშრის ფერი თვალები ჭერს მოწყვიტა და ბერს გაუსწორა.
—– მამაო მე ყველას როდი ვალევინებდი. ვინც იტანჯებოდა და საშველი არ ჰქონდა მხოლოდ იმას მივაწოდე. იცით მერე რა ენით აღუწერელი წამებაა ეს? თქვენც დაგალევინებდით, თქვენც და ამისთვის მადლობასაც მეტყოდი.
ბერი შეცბა და პიჯვარი გადაისახა.
—– მე მადლობას მოგახსენებდით? მაგრამ რაში? ეს ხომ თვითმკვლე-ლობის ტოლფასია.— ტკბილ ხმაში ბრაზი გარეოდა მას.—– ეშმაკი გყავს შვილო ჩემო სხეულში, ეშმაკი. ილოცე, ის მხოლოდ ლოცვით გამოიდევნება შენგან. ილოცე რათა გაწმენდილი შეხვდე აღსასრულს.
—- მამაო ორ რამეს ვნანობ მხოლოდ სიცოცხლის აღსასრულს.—- ხმა ათრთოლებოდა სიკვდილმისჯილს.—- გურგენ ოდიშელი ხომ გაგიგონიათ?
—–გურგენ ოდიშელი როგორ არ გამიგია. მისი გმირობის ამბავი ათონამდე აღწევდა. ის ხომ დიდი ხანია რაც გარდაიცვალა. ცხონებულია მისი სული.
—– მის უკანასკნელ დღეებს არ შესწრებიხართ ხომ?
—– არა მაშინ აქ არ ვიყავი.
—–ჰოდა მის ტანჯვაზე რომ გეყურებიათ ახლა სხვაგვარად იმსჯელებ-დით. მან მთხოვა პირველმა შხამი. მისი უკანასკნელი თხოვნა რომ ვერ შევასრულე იმას ვნანობ ახლა.
—- როგორ? გურგენ ოდიშელმა, უძლეველმა რაინდმა ვერ გაუძლო გამოცდას?— ფრიად გაიკვირვა ანთიმოზმა.
—- ვერ გაუძლო წამებას, ვერა. დაშალა დაამახინჯა ტკივილმა. მე კი….
—- დადუმდი,—- გააწყვეტინა ბერმა ქანანელს სიტყვა.—- ბევრ უფლებას აძლევ შვილო ჩემო საკუთარ თავს. სხვათა ტანჯვას რომ იტვირთავ მესიათ ხომ არ მოგაქვს თავი? შენ შენივე გეყოფა და გიჯობს მას გაუმკლავდე.
—- ჩემსავით ყოფილა ოდიშელიც, საკუთარ მოძმეებს რომ დახმარებოდა ხმლით უღებდა თურმე ბოლოს. სამოთხეშია მისი ადგილი მამაო?
—- ცოდავ შვილო, ცოდავ. ღმერთი ადამიანს ტანჯვასა და სნებას საცდელად უვლენს. შენ კი ცდილობ ღმერთს აღუდგე წინ.
—- მამაო, ტანჯვა წამება ვერაგი სნების შედეგია. ღმერთს არ ჭირდება ადამიანთა ტანჯვით გამოცდა მან ისედაც კარგად იცის ვის სულში რა ხდება და აწი რაც უნდა მოხდეს.
—- ღმერთი ადამიანს ყოველნაირად ცდის. მრავალტანჯული იობის* მაგალითიდანაც კარგად ჩანს ეს.—- არ იშლიდა თავისას ბერი
—- ეს ერთეული შემთხვევაა და ისიც ჩვენი სულების გასამხნევებლად შედგენილი.
—- გეთანხმები შვილო ჩემო, ღმერთმა მოსახდენი და მოხდენილი წინასწარ იცის. მან კარგად იცოდა აბრაამი* რა სულის მატარებელი იყო, მაგრამ მაინც დასცადა, ჩვენ შესახედად დასცადა და აბრაამმაც აიღო თავისი შვილის დასაკლავი დანა ხელთ.
ანთიმოზ ბერის მთავარი ღირსება ადამიანებთან ურთიერთობა იყო. დიდებულს და გლახაკს, ქრისტიანს და ურჯულოს ერთნაირად გაუბამდა მასლაათს. მასლაათი ბევრჯერ კამათში გადაზრდილა, მაგრამ წინამძღვარს ამის არასდროს შეშინებია. არასდროს ცდილა კამათიდან თავის დაძვრენას. <ჭეშმარიტება რწმენის დედაა, კამათში ჩამს ჭეშმარიტება>. — ამბობდა ხშირად წმინდა ბერი, რომელსაც უდიდესი შთაგონების ძალა ჰქონდა. დღეს კი მისი შთაგონება არ ჭრიდა ურყევი აქიმის წინაშე. იმ აქიმისა, რომელსაც ის აქამდე საუკეთესო მკურნალად და ადამიანად თვლიდა. დღეს კი —- მკვლელად.
—– ვაღიარებ რთული და საინტერესოა შენთან საუბარი შვილო ჩემო. ბარემ ის მეორე თქვი რომლის მოკვლა ვერ მოასწარი და ახლა სანანებლად გაგხდომია.—- იკითხა ანთიმოზ ბერმა.
—–მამა ანთიმოზ, სამწუხაროდ თქვენ ჩემი ვერ გაიგეთ,—- დანანებით თქვა სიკვდილმისგილმა და თავი ჩაქინდრა.—- მე მკვლელი როდი ვარ.
—–სამწუხაროდ შვილო ჩემო შენ მკვლელი ხარ,—- თავის ქნევით მშვიდად განუცხადა მას ბერმა და დაამატა.—- იქნებ ისინი დღეს ცოცხალი ყოფილიყვნენ. შენ რომ არ მოგესწრაფა მათთვის სიცოცხლე.
ბერის სიტყვებზე სიკვდილმისჯილი ფეხზე წამოხტა და დილეგში წინ—უკან სიარული იწყო. უმწეო მდგომარეობამ ერთიანად შეზარა. მას ენაც ემორჩილებოდა და გონებაც, მაგრამ მაინც ვერ ეჩვენებია სათაყვანო პიროვნებისათვის მისი ნათელი განზრახვა და წმინდა მიზანი. სიარულს რომ მორჩა ბერის წინ შედგა და ჩაცუცქდა. დილეგის მოჟამულ კედლებს თვალი მოავლო, თითქოს მათგან ელოდა შველას. მერე თავზე იტაცა მარჟვენა ხელი. თითებით კარგა ხან სრისა თმა, ბოლოს ერთი მათგანი მოწყვიტა და ბერისკენ გაიშვირა. მოგრძო თმის ღერი თეთრი ფერის აღმოჩნდა, ამან ცოტა შეაფიქრიანა სიკვდილმისჯილი. დატუსაღებამდა იშვიათად თუ ერია თეთრი, ახლა კი პირველსავე ამოღებაზე ის მოხვდა ხელში.
—– მამაო, ისინი არა, ის. —- თქვა და თმის ღერი ბერს თვალთან მიუტანა.—- ვინც სამსალა შესვა მას გადარჩენის ამოდენა შანსიც არ ჰქონდა.
—- რომ არა შენი დატუსაღება მაშინ ხომ იქნებოდა მრავალნი? რატომ ღებულობ შენ თავზე ამოდენა პასუხმგებლობას, იქნებ სხვას შეეძლო მათი განკურნება?
—– მერწმუნეთ მამაო ვერავინ შეძლებდა მათ განკურნებას, დღეს ვერა და ხვალ ეგებ კი,—- ბოლო წინადადებამ ბერის კითხვა გაახსენა ქანნელს და ანთიმოზს იმის პასუხად თავად შეეკითხა—– მამაო, ადამიანმა დაბადებიდანვე რომ იცოდეს მისი აღსასრულის თარიღი კარგი იქნება თუ ცუდი?
—– ამ კითხვას შვილო ჩემო ბევრი სვამს. პასუხი კი ერთია და მარტივი: კარგია რომ არავინ იცის თუ რამდენ ხან დაჰყობდა დედამიწაზე. ამის ცოდნა გაზარმაცებას გამოიწვევდა. პურისთვის არავინ გაირჯებოდა.
—– ჩემთვის კი პირიქითაა. სწორედ ამას ვნანობ ახლა.
—– რას იზამდი წინასწარი აღსასრული რომ გცოდნოდა?—- გაკვირდა ბერი.
—–დღე ღამეს გავასწორებდი, თავდაუზოგავად ვიშრომებდი და ჟამიანობას დავამარცხებდი.
—– ჟამიანობას დაამარცხებდი? კი მაგრამ როგორ? ეს ხომ ღვთის რისხვასავითაა.
—-მხოლოდ რამდენიმე თვე დამაკლდა…. რომ შესაბამისი მცენარეული ნაყენი დამემზადებია მასთან გასამკლავებლად.—- აქიმს ხმა ჩაუწყდა რაც მის მღელვარებას მოასწავებდა.—- სადაც ვირთხებია იქ არის ჟამი. უკვე მიგნებუ-ლი მქონდა საწყისს. წარმოგიდგენია მამაო, რამდენ ადამიანს მოუტანდა ის შვებას?
—– ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე. ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნვებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისი აქვს საზრუნავი.— ამაოდ სცადა დაბნეულმა ბერმა აქიმის დამშვიდება. სიკვდილმისჯილის ბოლო სიტყვებმა მთლად აურია მას გონება. წმინდა ბერს ვერ გაეგო მართლა ეშმაკი ჰყავდა ტანში გამჯდარი ქანანელს თუ კეთილ მოვლენილ ანგელოზსთან ჰქონდა საქმე. აქიმი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებშიც ხალხზე ფიქრობდა, იმ ხალხზე, რომლებიც გუშინ ყიჟინით ეგებებოდნენ მის სასიკვდილო განაჩენს.
—- ხვალ ვინმე მოძებნის ჟამიანობის წამალს, შენ კი დღეს გაქვს უფრო დიდი საქმე და ეს ლოცვებია შვილო ჩემო. სიცოცხლის ბოლოს წარმოთქმულ ლოცვებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ ისეთი რომ შესაძლოა ჯოჯო-ხეთსაც ააცდინოს, ჯოჯოხეთისთვის გამზადებული,—- შთამაგონებლად თქვა ჩაფიქრებულმა ბერმა.
—– ეჰ, მამაო, მე კი ვლოცულობ, მაგრამ ვიცი ჯოჯოხეთს ვერ გადავრ-ჩები.
ანთიმოზი მკურნალს მივარდა და იდაყვებში წვრილი და მილეული თითები ჩაავლო. ბერს გული ძალუმად უძგერდა.
—– როგორ შვილო ჩემო, შენ მართლა დარწმუნებული იყავი როცა იმ,—– <კეთილ> <უკეთურ>. ეს სიტყვები ედგა ენაზე, მაგრამ ვერცერთის თქმა ვერ გაბედა, რაღაც სხვას უფრო შესაბამისს ეძებდა გონებაში, მაგრამ დაბნეულმა ვერაფერი მოიგონა და არც არაფერი უთქვამს ისე გადავიდა შემდეგზე.—– ჰო, როცა იმ საქმეს აკეთებდი დარწმუნებული იყავი რომ ჯოჯოხეთს მოხვდებო-დი?
სიკვდილმისჯილს არაფერი უპასუხია, მხოლოდ თავი დააქნია თანხმობის ნიშნად.
წინამძღვარი ფეხზე წამოდგა წელში გაიმართა და მაღალი ხმით თავა-წეულმა დაიწყო:
—–ადამიანი რომელიც მეორე ადამიანს ყოველგვარი ანაზღაურების სანაცვლოდ უმსუბუქებს ტანჯვას, ცდილობს მის დახმარებას და გონია რომ ამის წყალობით ჯოჯოხეთს მოხვდება, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც განაგრძობს კეთილად დაწყებულ საქმეს, ასეთი ადამიანის ადგილი ჯოჯოხეთში არ მოიძებნება.—- თქვა ეს და სიკვდილმისჯილს თვალებში ჩააჩერდა.—- ილოცე შვილო ჩემო, ილოცე. დრო არ დაკარგო, მაღალი ღმერთის იმედი მუდამ გქონდეს.
—–ჩემ გამხნევებას ცდილობთ მამაო,— იმედის ნაპერწკალი ჩაუდგა სიკვდილმისჯილ თვალებში.
—- მე ვამბობ იმას რაც სიმართლეა.
კეთილი წინამძღვრის წმინდა სიტყვებში ეჭვის შეტანა ვერ შეძლო აქიმმა.
რაც დრო გადიოდა და აღსასრული ახლოვდებოდა თანდათან ეზრდებოდა სიკვდილმისჯილს შფოთვანი. თითქოს გარეგნულად არ იმჩნევდა ამას, მაგრამ შინაგანად ისეთი განცდები ჰქონდა რომ ღამეები ისე გავიდოდა თვალს ვერ ხუჭავდა და თუ მოხუჭავდა მერე ზმანებები არ ასვენებდა. არც დღისით იყო კარგად. ძილი უნდოდა, მაგრამ ვერ იძინებდა. მოსვენება სურდა, ვერ ისვენებდა. ვითომ არაფრად აგდებდა სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი მაინც ჯიქურ ახსენებდა თავს. რაღაც გრძნობა თავისდა უნებურად მაინც იმ დღეზე აფიქრებინებდა და ისიც მორჩილად მიყვებოდა ფიქრთა მდინარეს უძირო ოკიანისაკენ. მან არ იცოდა რა სახის იარაღით მოაკვინებდნენ ამიტომ ყველაფერზე რაც მაშინ გავრცელებული იყო ერთიანად ემზადებოდა. თავდაპირველად თავის მოკვეთით იწყებდა.
ქანაენელი თვალებს ხუჭავს და გონებაში აცოცხლებს იმ სცენებს რაც იმ დღეს უნდა მოხდეს.
ამაღლებული მოფირცანაგებული ადგილი, რომელსაც სამ —ოთხ საფეხურიანი კიბის ავლის შემდეგ იძულებით სტუმრობს. მას სახეზე სიამაყე და უშიშრობა აღბეჭდია. კარგად რომ გამოიყურებოდეს იმ დღისათვის ამაზეც ზრუნავს. ამიტომაცაა მადა სრულებით არა აქვს, მაგრამ მაინც ვირთხასავით ღრნის გამხმარ ხმიადს და თვეში ერთხელ მოწოდებულ ფხალსა და ოსპის* საჭამანდს გემრიელად შეექცევა, რათა გაძვალტყავებული და ფერმკრთალი არ წარდგეს იმ ხალხის წინაშე , რომელიც ახლა მის წინ გადაშლილა და უდიდესი სიამოვნებით განმსჭვალულნი აღტაცებით მიესალმებიან სასიკვდილო წარმოდგენის დაწყებას. სიკვდილმისჯილს გულს არ უკლავს მათი მხიარული სახეების დანახვა. პირიქით, კიდევ უფრო ურყევი ხდება მათ შემხედვარე. <ქართველნო მონობას იმსახურებთ, მაგრამ მე მაინც თავისუფლებას გისურვებთ!> —- ყვირის თვალდახუჭული აქიმი დილეგში და მოვლენებს მიყვება. იქ მყოფთაგან ცოლ— შვილი ვერ იცნო. <ალბათ შვილებს არ აყურებინებს მამის სიკვდილს. კარგადაც იქცევა>.— აქებს სიკვდილმისჯი-ლი გულში ცოლის საქციელს, მაგრამ თვითონ რომ არ მოვიდა, < რა ხდება?> .— უკვირს ძლიერ.
უკანასკნელად ლოცავს კეთილი ბერი. ანთიმოზის ლოცვა კიდევ უფრო მატებს მხნეობას. თვისი თავის უკვირს კიდეც ისე ვაჟკაცურად და უშიშრად ეგებება სიკვდილს. დაჩოქილი ლოცვებს წარმოთქვამს და კიდევ ერთხელ ავლებს მოჟრიამულე ხალხს თვალს. შორს.., უკან.., კუთხეში მიმალულ მოხუცი ქალის დამშრალ თვალებს გადააწყდა. აქიმმა მასში დედა იცნო და თითქოს ერთბაშად მიატოვა ყველაფერმა. მხნეობაც გაუქრა, ვაჟკაცური იერიც. ის ტიროდა. დედის გამშრალი თვალების შემყურე ტიროდა. ხალხიც გაიტრუნა, მასამ რაღაც იგრძნო და ყველამ ერთბაშად უკან მიიხედა. უკან ეშაფოტი არ იყო, მაგრამ ადამიანი იქაც ისჯებოდა სიკვდილზე უფრო მეტი სასჯელით. ქანანელს შეუძლია უსასრულოდ იფიქროს დედაზე. კიდევაც დაჰყო მიწაზე გდებულმა რამდენიმე საათი მასზე ფიქრსა და ალერსში, ის აქაც, დილეგშიაც ტიროდა. აბობოქრებული მდინარე კი სულ უფრო და უფრო ითრევდა მორევში. დედაზე ფიქრს მოწყვიტა როგორღაც. დაჩოქილ აქიმს ხმლის შრიალი ჩაესმის, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს. ჯალათმა უცებ დაკრა და ხალხაც დაიგმინა. თავი სხეულს მოწყდა და იატაკზე გაგორდა, ისე რომ ბაგეები ჯერაც ლოცვებს წარმოთქვამდნენ და თვალებს ცრემლი სდიოდა. სიკვდილმისჯილი აქიმის თვალით სჯის ყველაფერს. დედის ხატება სწრაფად ქრება თვალთაგან. წამიერია გონის დაკარგვაც, ტკივილის შეგრძნება თითქმის არ არის. < ოჰ, რა ადვილი ყოფილა სიკვდილი>. —- ამბობს აქიმი. მხოლოდ დედაზე ფიქრი არ ასვენებს. მას ყველა წვრილმანი აქვს გათვლილი ისიც კი თუ სად დავარდება მოკვეთილი თავი და როგორ სისხლ მოწყურებულივით შეუშვერს პირს კისრიდან ამოხეთქილ წითელ შადრევანს. ეს რომ არ მოხდეს წინასწარ თხოვა მამა ანთიმოზს რომ მოკვეთილი თავი როგორმე დაეცვა სისხლოვანი ვულკანისაგან.
ისევ განაგრძობს ქანანელი. ამის დრო უხვად აქვს. ამჟამად ის იმ დროისათვის ყველაზე გავრცელებულ მეთოდს სიკვდილის დასჯისა ძელსა ზედა ჩამორჩობას მიადგა.
სიკვდილმისჯილის წინ სახრჩობელაა აღმართული დანარჩენი სურათები უცვლელია. იქვეა მამა ანთიმოზი, მოზეიმე ხალხი და მუნჯი ჯალათი, რომელიც მოუთმენლად ელის გადამწყვეტი წვლილის შეტანას სასიკვდილო პროცესში. ქონდაქარი ძელს რომელზედაც თოკია დაკიდბული ნაზად უსვამს ხელს და ეფერება თითქოს შვილი ყოფილიყოს მისი, ხოლო ქარის ზემოქმედებით მოთამაშე გველივით დაკლაკნილ თოკს და საზარელ ყულფს თვალს არ აშორებს დროდადრო ხელს ავლებს და ამოწმებს საიმედოდ თუა გასკვნილი. სიკვდილის წინ ლოცავს ანთიმოზ ბერი. ისევ მხნედ და უშიშრად გამოიყურება აქიმი. ჯალათი ზურგს უკან უბორკავს ხელებს და სკამზე აყავს მსხვერპლი რათა ყულფში გააყოფიოს თავი. აქიმი სიკვდილზე არ ფიქრობს, სადღაც შორეთისკენ იჭრება მისი მზერა და დედას მოკრავს თვალს, უჭირს ცრემლების შეკავება. ეცემა მორალურად, მაღლდება ადამიანურად. უსაზღვროა მისი ფიქრი დედაზე, ისე რომ ვერც კი გრძნობს თუ როგორ საზიზღრად შეუსწორებს და შემოაჭდობს სრიალა ყულფს კისერზე. მერე უცებ სკამი ეცლება ფეხიდან და ყველაფერი წყდება. არც დედა ახსოვს. არაფერი… მხოლოდ კისერზე ცდილობს დახმარების გაწევას, ხელების განთავისუფლება წადია, ვერ ინთავისუფლებს. ფეხების მიწაზე დადება უნდა ვერც ამას ახერხებს. სუნთქვა ეკვრის, ფართხალებს. ვერაფერს ხედავს. ვერც იმას თუ როგორ გამორბის მისკენ საშველად ატირებული დედა. უნდა რომ ცოცხალმა იგრძნოს მშობლის ხელის შეხება, მაგრამ ვერ ძლებს ამდენს.
ეს სიკვდილი უფრო საშინელია, უფრო მგრძნობიარე. ამ ორ წუთიან ტანჯვასაც გაუძლებს, ოღონდ დედას რა უყოს?
უსაზღვროა მისი ფიქრი დედაზე….
ისევ არ ეშვება მის გონებას სიკვდილის აჩრდილი და ისიც ნებას მიყვება რათა გაანალიზოს იმ დროისათვის ყველაზე საშინელი სასიკვდილო პროცესი რომელსაც ძელზე გასმა ქვია. ამის წარმოდგენაც კი უკვე ზარავს აქიმს. საშინელი წამება რომლის დასასრული შეიძლება იმ დღეს არ დადგეს. ახლა კი ახსენდება ქანანელს ოდიშელი და წამიერ სიკვდილს ნატრობს, მაგრამ ერთია ნატვრა, მეორე კი ასრულება. აქიმი თავს იმით იმშვიდებს რომ მეფე ძელზე გასმით მხოლოდ ქვეყნის ორგულებს და მოღალატეებს სჯის. ის კი მაგათში არ ურევია. ხაზართა მოგონილი სიკვდილის მეთოდიც გაიხსენა მან, ბავშვობაში უამბობდნენ მოხუცები. ხეებს მოდრეკდნენ და მათზე გააკრავდნენო სიკვდილმისჯილს, მერე ხეებს აუშვებდნენ და დამნაშავეს ასე გაგლეჯდნენო. ცხენითაც აკეთებდნენ თურმე ამგვარ რამეს ხაზარები. საპირისპირო მიმართულებით ნელ—ნელა გარეკავდნენ ცხენებს და სანამ სულს დალევდაო სიკვდილმისჯილი მისი გამაყრუებელი გოდება მთელ არემარეს ეფინებოდაო. ეს შემზარავი მეთოდი დიდი ხანია არ არსებობდა ქართულ სამართალ წარმო-ებაში მაშ რა სურს აქიმს როგორ უნდა სიკვდილი? თუ ის აუცილებლობას წარმოადგენს ისევ მისი დამზადებული სამსალით ურჩევნია გარდაცვალება. ერთი გაფიქრება ისიც გაიფიქრა ანთიმოზ ბერისათვის ეთხოვა მის სახლში მისვლა და შხამის მოტანა, მაგრამ იმასაც ფიქრობდა ვაი თუ ეს საქციელი ცუდი გამომდგარიყო საკუთრივ ბერისთვის. სწორედ ამას უფრთხოდა ყველაზე მეტად.
ცხადია ბერის დამკვირვებულმა მზერამ მაშინვე შეამჩნია სიკვდილმის-ჯილის სულის შფოთვანი და ამის მიზეზს მკურნალის მოშიშარ ბუნებაში ეძებდა, მაგრამ აქიმმა დაუმტკიცა სიკვდილისადმი სრული მზადყოფნა რომ არა ერთი გარემოება და დაიწყო განაჩენის აღსრულების კიდით—- კიდემდე აღწერა. არც მისი მოკვეთილი თავი დავიწყებია და კიდევ ერთხელ თხოვა წინამძღვარს სისხლის მდინარესგან განერიდებინა იგი.
თავდაპირველად მშვიდად უსმენდა ბერი, მაგრამ თავის მოკვეთის შემდეგ სახრჩობელაზე რომ გადავიდა და შემდეგ შაყის კვრაზე ტუსაღი შეაჩერა:
—–შვილო ჩემო, სრულებით არ მსურს სიკვდილის დასჯის ყურება, მაშინაც მეყოფა როცა ამას ვიხილავ. ან შენ ასჯერ რად ისჯი თავს? ნუ ფიქრობ იმ დღეზე თავი შეიცოდე.
—- ეჰ, მამა ანთიმოზ,—- ამოიოხრა ტუსაღმა.—– არც მე მინდა სიკვდილზე ფიქრი, მაგრამ რომ არ მეშვება.
—–ილოცე შვილო ჩემო, ილოცე. ლოცვები ყოველგვარ ბნელ აზრს ფანტავს.
—– კი მამაო, ბნელ აზრს ფანტავს, მაგრამ ნათელს არა,—- ყრუდ წარმოთქვა სიკვდილმისჯილმა
—–რის თქმას ცდილობ შვილო ჩემო?—- ვერ ჩაწვდომოდა ბოლომდე აქიმის სულს ბერი.
—- ეჰ მამაო, —- მძიმედ ამოიოხრა ქანანელმა და დაიწყო.—– შვილს სამი სიცოცხლე აბარია ამ ქვეყნად. ერთი თავისი და ორი კიდევ მშობლის. მე მამა კარგა ხანია არ მყავს და ამ მხრივ ორი სიცოცხლე მაქვს. სააჯო კარმა ჩემი განსჯით ორს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი. თან დედაჩემს ცოცხლად სიკვდილი ერგო.—- აქიმს მღელვარებისგან ხმა ჩაუწყდა, ერთ ადგილზე გაჩერება ვერ შეძლო, ფეხზე წამოხტა გაიარ გამოიარა. ბოლოს დილეგის კედელს ზურგით მიეყრდნო და გადარეულმა თითქმის ყვირილით განაგრძო.—– რა დავაშავე ასეთი?! მით უმეტეს დედამ, ის ხომ სავსებით არ იმსახურებდა ასეთ სასჯელს, მაგრამ რას იზამ. ზღვა უმეტესად მცურავს უღებს ბოლოს, მწვერვალი— ალპინისტს, სანუკვარი შვილი კი მშობელს. დედა ჩემთვის წვალობდა და იტანჯავდა თავს მე კი ეს მივუზღვე ბოლოს. პირველად მშობელმა უნდა იცოცხლოს შვილისთვის, შემდეგ შვილმა მშობლისთვის! ადამიანურობის ამ დაუწერელ კანონს მე ვარღვევ თან ორივე მხრივ.
—-შვილო ჩემო ეს შენგან უნებლიედ ხდება, —– გაფითრებული სახე კიდევ უფრო გაფითრებოდა ბერს.
—– ადამიანო სანამ შენი მშობელი ცოცხალია შენც ვალდებული ხარ რომ იცოცხლო, ამას ჩავაგონებდი მამა ანთიმოზ სასიკვდილოდ გამზადებულებს, რომლებიც მისდა უნებურად არღვევდნენ ამ კანონზომიერებას და როგორ გგონიათ წამალზე უფრო ეს სიტყვები სჭრიდა…..მე კი ახლა ვერაფერს ვახერხებ,—– გაყვიროდა ისევ უიმედობით შეპყრობილი მკურნალი და მუჭებს დასისხლიანებამდე კედელს უშენდა.
—– შვილო ჩემო სიმართლე გითხრა ვერ გავიგე ეს სისხლი შენი შიშის ნაყოფია თუ დედაშვილური გრძნობის,—– ასეთი დაბნეული ბერი თავის სიცოცხლეში არ ყოფილა. მაგრამ მაინც მიხვდა ამ სიტყვებით თუ როგორ დაუკოდა გული მისდა უნებურად სასიკვდილოდ გამწესებულს.
ქანანელი ცოტა მოეშვა და სათქმელიც გარისკა.
—– მამაო, თქვენ შეგიძლიათ მე და დადას უდიდესი დახმარება გაგვი-წიოთ.
—– თუ რამ შემიძლია….—– გაეხარდა ბერს ისე რომ მისი სიხარული დილეგის კედლებმაც ვერ დაფარა.
—– ჩემი სასიკვდილო მოედანზე გაყვანა არ შეიძლება, იქ დედა იქნება, ვგრძნობ ამას…. დაიტნჯება ჩემი ყურებით. მე აქ დილეგში უნდა მოვკვდე.
—– კი მაგრამ მე….—– დაიბნა ბერი.—- ჩემი დახმარება რაში გამოიხა-ტება?
—– თუ ჩემ დახმარებას ინებებთ, მაშინ უნდა წახვიდეთ ჩემთან და ჩემ ცოლს უნდა გამოართვათ სამსალა….
—– კიბე!!!—- იყვირა წინამძღვარმა და ფეხზე წამოხტა, თან ცალი ხელი კისერზე დაკიდებულ ჯვარს წაატანა და აქიმისკენ გაიშვირა.—– თფუი ეშმაკს, თფუი ეშმაკს, თფუი ეშმაკს.—– სამჯერ მიაფურთხა სახეში მკურნალს. ამასობაში დარაჯებს კიბეც ჩამოეშვათ და ბერი უკან მოუხედავად ტოვებდა ეშმაკის ბუდეს.
—– ჩემ წარწყმედასაც ბედავ მაცდურო?!
დარჩა მკურნალი მარტო. სიკვდილის წინ კეთილი წინამძღვარი ვერ დალოცავდა. ახლა ეულად უნდა გამკლავებოდა ყველაფერს. ამის ძალები მის გამოფიტულ სხეულსა და სულს თუ ჰქონდა ესეც საკითხავი იყო, მაგრამ იმედს არ კარგავდა და ცდილობდა ყველაფერს ვაჟკაცურად დახვედროდა. დღეები კი მიდიოდა და მიდიოდა. სიკვდილი ახლოვდებოდა, ვინ იცის შეიძლება ხვალვე გაეყვანათ სასიკვდილო მოედანზე, რატომ აქამდე არ გაიყვანეს ეს ვერ გაეგო ჯერაც. ყველაფერთან ერთად ჯანმრთელობამაც უღალატა. ხანდახან გული ისე აუძაგძაგდებოდა რომ ლამის იყო სამოსიდან ამოვარდნოდა, ხან კი ისე ნელა ფეთქავდა რომ ეგონა სადაცაა გაჩერდებაო. სუნთქვის სიხშირესაც დაეტყო გულის ცემის მოშლა. ყველაფერი კი სიკვდილმისჯილის სტრესული მდგომარეობის ნაყოფი იყო. გრძნობდა ამას, ბოლოს და ბოლოს თვითონ შესანიშნავი აქიმი იყო, უბადლო აქიმი თავისი დროის. ბოლო დროს ზმანებებმა მთლად მოაძულა თავი. ესიზმრა თითქოს თოკით იყო დაკიდებული, სულის მოთქმა უჭირდა, მაგრამ იმას გრძნობდა მძინარე რომ სიზმარში იყო, თუმცა გაღვიძება ვერ მოეხერხებინა. მთელი არსებით ჭიმავდა სხეულს, მაგრამ მაინც ვერაფერს ამოძრავებდა. პირის გაღება სურდა რომ ხარბად ჩაეყლაპა დილეგის შმორიანი ჰაერი, მაგრამ პირი ვერ გაეღო. ბოლოს მთელი ყურადღება მარჯვენა ფეხზე გადაიტანა და დიდი წვალების შემდეგ შეძლო მისი გარყევა, ამან წამსვე გონს მოიყვანა და სულიც მოითქვა. რახანია დასჩემდა ასეთი რამ. ძილი შეძულდა საბრალოს.
იმ დილასაც ასე იყო, თითქოს ყულფში ჰქონდა თავი გაყოფილი, სუნთქვა უჭირდა ისე შემოჭდომოდა თოკი ყელს, მაგრამ მიხვდა მძინარემ რომ სიზმარში იყო და თავის გამოფხიზლება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ისევ ძილის გაგრძელება დააპირა, მაგრამ ვერც ეს მოახერხა. ჰაერის უკმარისობა ჭირდა, თითქოს იგუდებოდა. ყურთა სმენით ყველაფერს ხვდებოდა. მან გაიგონა თუ როგორ ღრიალით აიწია დილეგზე შემოდებული ლოდი და თვალითაც იგრძნო სინათლის სხივების შემოჭრა, მაგრამ ვერც თვალები გააღო. მას ორგანიზმის არცერთი ნაწილი არ ემორჩილებოდა.
—– ძინავს ცოტა ხან დაველოდები,—- გაიგონა სიკვდილმისჯილის მძინარე გონებამ ანთიმოზ ბერის პირიდან თქმული ეს სიტყვები და მთელი ძალით ამაოდ სცადა გაღვიძება.
—– შემანძრიე გთხოვ, —- ამის თქმა უნდა აქიმს, მაგრამ ვერ ახერხებს. ენა არ ემორჩილება. არავინ იცის სანამ გასტანდა მისი ვაება რომ, ბერს არ შეემჩნია მის სახეზე აღბეჭდილი ტანჯვის კვალი და ხელის ფრთხილი დადებით უცებ არ მოეყვანა გონს.
სიკვდილმისჯილმა გაღვიძებისთანავე ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, მის სახეს წამსვე მოეფინა სიმშვიდის კვალი და გაღიმებულმა წინამძღვარს მიუგო:
—–ვიცოდი რომ ისევ მოხვიდოდით.
ამ ხნის განმავლობაში არც ბერი ყოფილიყო მშვიდად. მის სულსაც შეხებოდა შფოთის ქარიშხალი.
პატარ—პატარა მოკითხვის შემდეგ საქმეზე გადავიდნენ ორივენი.
—– ჩემი გჯერა შვილო ჩემო?—- იკითხა ბერმა.
—– რა თქმა უნდა მამაო,—– თითქმის არ დაფიქრებულა სიკვდილმის-ჯილი.
—– ჰოდა კარგად მომისმინე. შენი თხოვნა შევასრულე. შენ ოჯახში ვიყავი.
—– მამა ანთიმოზ ნუთუ მართალს ბრძანებთ?—- ისე უცნაურად ეჩვენა ბერის ნათქვამი ქანანელს რომ ახლავე ეჭვი შეიტანა მის სიტყვებში.
—– აკი მითხარი……
—– მჯერა, მჯერა,—– სიტყვა გააწყვეტია აღფრთოვანებილმა აქიმმა და წამსვე კითხვები დააყარა.—- რა ჰქენით მოიტანეთ? სახლში ვინ დაგხვდათ? დედა როგორ არის? ცოლ—შვილი?
—– შენ კი ცდილობ ჩემი სულის წარწყმედას, მაგრამ ღმერთი შემეწია. შენ ცოლს რაც კი სამსალა გქონდა შენახული ყველა გადაუღვრია.—– თქვა ეს სიტყვები ბერმა და ქანანელი გულზე შემოყარა.
—-რადგან ასეა მამაო, მე მზად ვარ ვაჟკაცურად შევხვდე სიკვდილს და გავფანტო თქვენი ყოველგვარი ეჭვი ოღონ ერთი პირობით. რამენაირად შთააგონე ან აიძულე დედა რომ დატოვოს აფხაზეთი. გადავიდეს ლიხს იქით დაარწმუნე რომ მცხეთას გამოცხადდეს კათალიკოსთან, თითქოს იქ წყდებოდეს ჩემი ბედი.
—- ჰო მართლა, სულ დამავიწყდა. არსენ მონაზონმა მითხრა: ჯერ კიდევ არ ჩქარობსო მეფე დავითი ქანანელის სიკვდილზე დასტურის მიცემას.—- ახარა ახალი ამბავი ბერმა მკურნალს.
—– ეს როგორ? აბა როდის მოიყვანენ განჩენს სისრულეში?
—–ალბათ მოგვიანებით.
გაუხარდა და არც გახარებია აქიმს…. ალბათ ეწყინა კიდეც სიკვდილის გადავადება. ამას მოწმობდა მისი სახის უეცარი გალურჯება და ხელების ცახცახი. ერთგვარ გაორებას განიცდიდა ამ ბოლო დროს ყველაფერში.
—– მამაო, არსენ მონაზონი სად ნახეთ?—- იკითხა ჩაფიქრებულმა მკურნალმა.
—–აქედან გაბრაზებული რომ წავედი, მეორე დღეს მნახა. ჩვენთან მონასტერში.იყო მოსული. შენზე მეკითხებოდა, ბევრი კითხვა დამისვა. მივხვდი მეფე დავითს რომ ყავდა ჩემთან მოგზავნილი.
—– მაინც რა გკითხა მამაო?—- სული კისერში მოებჯინა ქანანელს.
—– რას და….—– შედგა ბერი ეძნელებოდა ამ სიტყვის თქმა.—- მეც მიმიძღვის წვლილი შენ სიკვდილში.
ქანანელს ხმა არ ამოუღია, არც ის უკითხავს რა წვლილი მიუძღოდა კეთილ ბერს მის სიკვდილში. ისედაც მიხვდა ყველაფერს.
დუმილი ჩამოვარდა რამდენიმე წუთი და შემდეგ კვლავ ბერმა განაგრძო:
—— არსენ მონაზონს ყველაფერი ცოდნია, ისიც, მე რომ გხვდები ხანგამოშვებით დილეგში და მკითხა: იმსახურებს შენი აზრით ქანანელი სიკვდილსო? მე დასტური მივეცი. ახლა დავრდომილი ვითხოვ ღმერთისა და შენგან შენდობას,—- ბერი სიკვდილმისჯილს მუხლებში ჩაუვარდა.
ქანანელი შეკრთა და წამსვე წამოაყენა ანთიმოზი ფეხზე.
დილეგი მყუდროებას მოეცვა.
ისევ წინამძღვარმა დაარღვია სიჩუმე.
—– მეტის ცოდნა არაა შენთვის საჭირო შვილო ჩემო, მაგრამ ერთს კი გეტყვი მეფე დავითს შენი დასჯა არ სურს.
—–დავით მეფეს არ სურსო ჩემი დასჯა?!—– ამაზე მეტი ნუგეშის მოსმენა შეუძლებელი იყო. თუნდ ჩამოეხრჩოთ ქანანელი სიკვდილს არ დაეძებდა ოღონდ მეფე ყოფილიყო მის მიმართ მოწყალე. დავით მეფის თვალში ყოფილიყო ის მართალი.
წასვლის წინ ბერმა ქანანელს ცოლი უხსენა.
—- არ მომწონებია მანდამაინც შენი ქალის საქციელი.
—- რატომ მამაო?
—- შენთან არც გამარჯობა დამაბარა არც მოკითხვა. ეწყინა კიდეც ჩემი სტუმრობა შევატყვე.
—-ასეც ვიცოდი, —- ჩაილაპარაკა აქიმმა.
—-ცუდი ურთიერთობა გქონდათ?
—- არა მამაო,. ცუდ ურთიერთობა არასდროს გვქონია, მაგრამ არც კარგი ეთქმოდა ერთმანეთისადმი ჩვენ დამოკიდებულებას. ცოლს მაშინ უყვარს ქმარი, როცა საშოვარზე გაგზავნილ კაცს საღამოს ოქრო ანდა პური მოაქვს, სულ ერთია ქალისათვის ოქრო ვერცხლი თუნდაც ყაჩაღობით იყოს ნაშოვი. მას ჭირდება მხოლოდ უზრუნველი ცხოვრება. ვინც ასეთ პირობას შეუქმნის ცოლს, ასეთ ქმარს ქალი სამარეში ჩაყვება. მე კი თითქმის მუდამ ხელცარიელი ვბრუნდებოდი შინ. სნეულზე ოქროს გამორთმევა ჩემი წესი არ იყო და თუ ძალით ჩამატენიდნენ ჯიბეში იმას მეორე სნეულს ვახმარდი, ვყიდულობდი მასალებს წამლებისათვის. ხანდახან სახლიდან საკვები და თბილი ტანსაცმე-ლიც კი წამიღია. სხვაგვარად არ შემეძლო ამან მიმიყვანა კატასტროფამდე. ვიცოდი საბოლოოდ ასე რომ დასრულდებოდა ჩვენი ოჯახური ურთიერთო-ბა.—- მკურნალმა საცოდავად შეაჩერდა ბერს თვალებში და განაგრძო.—- მამაო, მე ამ დილეგში იმდენი დრო მაქვს მკვდარს არ ექნება ამდენი სამარეში და ვფიქრობ მუდამ. ჩემისთანა ადამიანის საშველი როდის დადგება მეთქი. ადრე გავჩენილვარ ამ ქვეყანაზე, ძალიან ადრე. დიდი დრო დასჭირდება იმ ცხოვრების დადგომას რასაც მე ვნატრობ.
—– რას ნატრობ შვილო ჩემო?—- ძალიან სიამოვნებდა ბერს მკურნალის საუბრის მოსმენა. საუბრისა, რომელიც მეორე მხრივ გულს უკლავდა. <ერთნაირი აზროვნება გვაქვსო მგონი>—- ჩუმად ფიქრობდა ის გონებაში
—– ბევრს არაფერს მამაო,—- თვალები წაუწვრილდა და ოცნებებში ჩაიძირა აქიმი.—- ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე იმას ვნატრობ რომ ყოველმა ადამიანმა შეძლოს ნორმალური მკურნალობის ჩატარება. აქიმი კი ბოტინატებს* ყოველთვიურად ღებულობდეს მეფიდან, ეკლესიიდან ან სულ ერთია ვისგან, მაგრამ არა სნეულიდან, რომელსაც ისედაც უჭირს. აქიმს საარსებო წყარო ჭირდება და ის სნეულის ოქრო ვერცხლზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი წმინდა სული უნებლიედ შეიბღალება. ადამიანის სულს კი ყველაზე უფრო მეტად უნდა მოფრთხილება.
—— არ ვიცი შვილო ჩემო რა გიპასუხო,—- მძიმედ წარმოთქვა დაფიქრებულმა წინამძღვარმა.—- გეტყოდი მასეთი ყოფა სამოთხეში იქნება თქო, მაგრამ სამოთხეში სნეულები არ არიან და სადაც სნეულები არ არიან იქ არც აქიმები არიან.
ბერის წასვლის დრო იყო, მაგრამ კვლავ ითრევდა ფეხს ეტყობოდა რაღაც ჰქონდა სათქმელი, ორჭოფობდა ჯერაც.
—– შვილო ჩემო საფუძვლიანად ახსენი შენი ცოლის გადგომის მიზეზი, მაგრამ რა ვქნა არ მომეწონა მაგ ქალი კიდევ უფრო მეტი ცუდი დავინახე მასში,—– შემოვლით უთხრა ეს სიტყვები ბერმა სიკვდილმისჯილს და ხმა გაკმიდა. ეტყოდა თუ არა ძირითად სათქმელს ეს მკურნალის პასუხზე იყო დამოკიდებული.
—– ცოლ შვილი შეიძლება გაგიდგეს, მაგრამ დედა არასდროს. ამ მძიმე დღეებშიც არ ვთვლი თავს ეულად დედის გამო და არც ვიცი რა ვთქვა….. ბედნიერი ვარ ამით თუ უბედური.
—– სჯობს იცოდე შვილო ჩემო, შენმა ცოლმა დედაშენი სახლიდან გააგდო,—- ბოლომდე უთხრა სათქმელი ბერმა და მერე ინანა. მართლა არ ეგონა თუ ასე გააოგნებდა და დაზაფრავდა ეს ამბავი სიკვდილმისჯილს.
—– კიდევ ერთი სატანჯველი მივუმატე, ბარემ ისე წასულიყო ამ ქვეყნიდან არ გაეგო ეს ვერაგობა. ჩემო ენაო ძირში ხარ მოსაჭრელი,—- ამბობდა მონასტრისაკენ ლასლასისთ მიმავალი ბერი.—- მაინც რა უცნაურად უყვარს დედა. სულ დედა დედას გაიძახის. შვილების სახელები იშვიათად დასცდენია ბაგედან, მაგრამ მე ხომ ვხვდები რა ძვირფასია მისთვის შვილები, შვილებისათვის ყველაფერს გააკეთებს, შეუძლებელსაც კი. უყოყმანოდ გასწირავს მათთვის თავს და ეს ყველაზე იოლი იქნება. აფერუმ მის ვაჟკაცობას! რომ იცის შვილისადმი მშობლის ასეთი დამოკიდებულება ამიტომ აფასებს და უფრთხილდება ყველაზე მეტად დედას. ამის მიხვედრას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში და ეს მხოლოდ აქიმისთანა სპეტაკი სულის მატარებელ ადამიანებს შეუძლიათ.
ბერის სტუმრობიდან ერთ თვესაც არ გაევლო რომ ისევ ბოლომდე აიწია დილეგის ლოდ სახურავი. აქიმი მიხვდა რომ ვიღაც სტუმრობდა. <ჯალათები იქნებიან>— გაიფიქრა და თავისდა უნებურად ისე აუფრიალდა გული რომ სული ვერ მოითქვა. კუთხეში მიეგდო თვალდახუჭული. ისეთი შეტევა ჰქონდა გულისა რომ ვერ გაიგო კიბე როგორ ჩამოეშვა ჭერიდან და ვერც ის თუ ვინ ჩამოყვა მას, თუმცა ამის გაგება ძლიერ ეწადა.
კიბეს კი მღელვარედ მოყვებოდა დედამისი.
—– ამას რას ვხედავ, ეს რა უქნიათ შენთვის შვილო?!—– შეჰკივლა მწარედ დედამ, რა დაინახა მიწაზე საცოდავად გდებული შვილი.
აქიმი გაოგნდა, ეს ხმა მის დედას ეკუთვნოდა. სიზმარში იყო თუ ცხადში ვერ გაეგო. ალბათ სიზმარში ეგონა თავი, მაგრამ მაინც მთელი ძალღონე მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა. გაიჯგიმა შეძლებისდაგვარად. არ უნდოდა დედას ცუდად ჩვენებოდა და ამით მისთვის გული გაეტეხა. კარგადაც გამოუვიდა. თვალებს კიდევ ვერ ახელდა. მაშხალას ნათება მხედველობას უჭრიდა და ეს ახვედრებდა რომ შესაძლოა ყველაფერი მართლაც ცხადი ყოფილიყო.
დედამ რომ შვილს ჩაეკონა მაშინ მიხვდა თვალდახუჭული აქიმი რომ ის ხელები, დამჭკნარი, უხეში, ქარიდან დახეთქილი ხელები, რომლებიც ფაქიზად სერავდა მის ცივ სახეს დედას ეკუთვნოდა. ის სპეციფიური ოფლის, რძისა და წამლის ნაზავი სუნი, რომელიც დილეგში დადგა, დედის მოტენილი იყო. სახლიდან გაგდებულ დედას ჯერ კიდევ არ დაეკარგა ოჯახის მახასიათებელი სურნელი.
ცოტა ხნის გავლის შემდეგ აქიმმა შეაჩვია თვალი სინათლეს და დედას დამკვირებლურად მიაჩერდა. მოხუცს კიდევ უფრო მიხმობოდა სახე. ლოყა და თვალები ჩავარდნოდა. წარბ—წამწამები და თმები შეთხელებოდა. ტანთ ჩამოხეული ძონძებად ქცეული კაბა ემოსა, რომელსაც ასევე დაკონკილი ხალათი ეკრა ზომოდან და სულ ბოლოს ტყაპუჭი* მოესხა. სამოსი ისე დახეოდა რომ ფენა—ფენა ემჩნეოდა რა ეცვა და რამდენი თავი. ფეხსაცმელიც უარეს დღეშ ჰქონდა, შიშველი თითები უჩანდა ჯღანებიდან* ჩაშავებულ, გაქვავებული ფრჩხილებით.
—-არავის ენდო შვილო, ყველა შენი მტერია. ვერ წარმოვიდგენდი ანთიმოზ ბერიც თუ შენ მოწამლას შეეცდებოდა.—- უთხრა დედამ შვილს როცა მასთან ალერსს მორჩა.
—– ვინ თქვა ასეთი სისულელ? მამა ანთიმოზი ყოველთვის ჩემ გვერდშია, მის მეტი აქ არავინ მაკითხავს და მნახულობს….
—– აქ დადის???— გაოცდა დედა
—– ჰო.
—–მაშ მართალი ყოფილა შენი ცოლი. ანთიმოზ ბერს შენი მოწამლა სურს. შენი სახელით მოსულა ჩვენთან სამსალასათვის. უფრთხილდი შვილო ცხვრის ქურქში გახვეულ მგელს.
—– სისულელეა,— ამაოდ ცდილობდა აქიმი დედის სიტყვების გაბათილებას.
—– არაა სისულელე, გული მიგრძნობს ამას. ყოჩაღ შენ ცოლს, არ მოტყუებულა და არ მიუცია მისთვის შხამი.
—— მეორეჯერ არ ახსენო ჩემთან მაგ მოღალატის სახელი! ეს რა გაბედა?! სახლიდან როგორ გამოგაგდო, მერე სად გაგიშვა ასე უპატრონოდ?—- აენთო უცებ აქიმი.
მოხუცს ენა ჩაუვარდა. ასე იყო ერთ ხან დადუმებული.
—- სირცხვილი ანთიმოზ ბერს. მის მეტი არავინ დადის აქ ხომ? მაშ ის მოგიტანდა მაგ ამბავს და გაგიხეთქავდა გულს, მას მართლა შენი სიკვდილი ნდომია. მცხეთას წავალ კათალიკოსთან და იქ გავარკვევ სიმართლეს. დამაცადოს მაგ მუხანათმა, მალე დაგანახებ ამ დილეგში შენ უნდა იჯდე თუ ის—- დაიმუქრა კიდეც დედამ.
—-მაგას არ იზამ! მამა ანთიმოზისთანა სათნო და კეთილი წინამძღვარი რომელია მეორე ჩვენში? თუ ჩემი მოკვლა უნდოდა რაღა მანდამაინც ჩემ ცოლს ჩააბარებდა მაგას. ყოველთვე აქ დადის და მომიღებდა როგორმე ბოლოს. ეს იმ ალქაჯის ოინებია. სურს ერთადერთი ნუგეში ჩამომაშოროს როგორმე. არავი-თარ შემთხვევაში კათალიკოსს არ ეტყვი ამ სისულელეს თორემ როგორც მე გამომაწყვრია აქ უმერთებულოდ ისე გამოამწყვდევს მაგ კეთილ წინამძღვარსაც. ჩემი ცოლის ოინებია სულ მაგ ალქაჯის,—– იძახდა აქიმი და უმართებულოდ უმძიმებდა ისედაც დამძიმებულ სულს საკუთარ ცოლს რათა ანთიმოზ ბერისთვის გართულებები აერიდებია.
—–მართალი ხარ, მართალი. მრცხვენია რომ ანთიმოზ ბერის სინდისში ეჭვი შევიტანე,—- უპასუხა ბოლოს დაბნეულმა დედამ.
შვილმა დედის თავი მკერდზე მიიდო ხელი გადაუსვა და შეეკითხა:
—– დედა მერე სად ათევ ახლა ღამეს, ან რას ჭამ, რას სვამ?
—– მე დამეძებ შვილო?—- თვალები აუწყალიანდა დედას და სახეში ჩააჩერდა შვილს.—– მივეგდები სადმე ხის ძირში, სუფთა ჰაერი მაინც არის. აქ კი რა სულის შეხუთვაა, ან ამ სველ თივასა და მიწაზე როგორ ისვენებ? ვაი აქვს დედაშენს, ვაი და სიკვდილი. რომ არა მე, შენ ამ დღეში არ ჩავარდებოდი.
—– დედა შენ რა შუაში ხარ?—- თმაზე ელიცლიცებოდა აქიმი დედას.
—–მაშინ პატარა იყავი, ტიროდი არ გინდოდა სახლს მოშორება. მე კი არ დავუჯერე შენ ცრემლებს. მაგის შესაძლებლობა კი მუდამ გვქონდა და მეც დასტაქარებს მიგაბარე. დაიწვა ის დღე ცეცხლში.
—– არა დედა, ძალიან კარგი ჰქენი რაც გააკეთე. ხომ იცი ჩემი შემწეობით რამდენი ადამიანი გადარჩენილა სიკვდილს, ეს კი შენი დაფასებაცაა.
—– ყველა შავ ჭირს გაუწყვეტია, სხვას რას დავეძებ, ოღონდ შენ მყავდე კარგად, —– წამოიძახა დედამ და შვილს მაგრად შემოაჭდო ხელები წელზე.
—–ჰა, ჰა, ჰა,—- ამდენი ხნის განმავლობაში პირველად გაიცინა გულიანად სიკვდილმისჯილმა და ეს დედის მიამატური საუბრის წყალობით მოხდა. —- დედი რას ერჩი, მათ რას?
—–მაგენი არ იყვნენ კეტები რომ დაგცხეს გვერდებში. შენი სახლკარი რომ იავარქმნა ვინ იყვნენ თუ არა ისინი?!
—– რა?—- შეცბა მკურნალი.
—– მოვარდნენ ერთ დღეს, წვიმები იყო ხშირი და წყალდიდობა. შენ აქ რას გაიგებდი და ტეხურა კანში არ ეტეოდა. წალეკა მინდვრები, საძოვრები, დააქცია ეზო კარმიდამოები. ხალხი შენ გაბრალებდა ამას. ეშმასთან ზიარია და იმიტომ დაგვატყდა წარღვნაო. მოადგნენ ქვებით, კეტებით. < კათალიკოსის კურთხევააო>.— იძახდნენ. დალეწეს და დააქციეს ყველაფერი. არც ჭურჭლები გადარჩა შენს მიერ რუდუნებით შეძენილი. არაა ვერცხლის საწვეთურა. სამტუჩა ორმუცლიანი ბრინჯაოს ჭურჭლები. ბატის ფორმის ოქროსგან დამზადებული ქოთანი. არცა პინები.* არც ქურაზმა* არცა შარი*, ფურნეც* ნატეხებად ყრია. ქუზაც,* ქვაბქოთანაცა* და ქაშანურიც*. ესენი რომ დალეწეს მერე ცეცხლის გაჩეღება უნდოდათ. < ეშმაკის ბუნაგი ცეცხლში გავხვიოთო>—- ყვიროდნენ….
—– მერე, მერე, დაწვეს?—– ლამის გაგიჟებულიყო სიკვდილმისჯილი.
—– არა ყველანი ცუდი როდია,—-მიხვდა დედა რომ შვილი ხალხის უნამუსობამ ააღელვა და სიკეთეების თქმასაც შეუდგა.—– იოთამი შემხვდა და რამდენიმე ბოტინატი* გადმომცა. ასე მითხრა: <აქიმს მოახმარეო> , მეც დილეგის მცველნი მოვისყიდე და აქ ვარ. ანტონმა, სერაფიმემ, საბამ მოგიკითხეს, ზოგმა თაფლაკვერები გამომატანა, ზოგმა…..
—– მერე რა ქნეს, გადაგვიწვეს სახლკარი?—– მეტი არაფერი აინტერესებდა აქიმს.
—– ფეხებში ჩაუვარდი, გადამაჯირგალეს, გადამიარეს…..
—— დაწვეს?—– ვერ ითმენდა ქანანელი.
—–ცეცხლი ვერ გააჩაღეს, წვიმამ და სირისტმა შეუშალა ხელი.
—– კიდევ კარგი მადლობა ღმერთს,—- თქვა აქიმმა და ჩაიკეცა.
—– რა იყო შვილო? რას ნერვიულობ მაგ ჭურჭლებზე, ოღონდ შენ მყავდე კარგად და ცეცხლს წაუღია მაგენი.—- დედამაც ჩაიმუხლა და შვილს მოეხვია.
—– დედი ეს საიდუმლო შენ უნდა გაგანდო, შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა. მიდი სახლში. თუ ის ალქაჯი არ შეგიშვებს შეიპარე. და წიგნი ხომ იცი, ის ჩემი წიგნი, რომელსაც მთელი სიცოცხლე ვწერდი….. ხომ იცი რა ადგილზე ვდებდი?….. —– მღელვარებისგან ენა ებმებოდა ქანანელს.
—– ის წიგნი იქ არაა.
—– რა?— გაშრა აქიმი.
—-წაიღეს, წაიღეს.
—– ვინ წაიღო?
—- ერთ ღამეს ხუთი ცხენოსანი მოვიდა. ნიგვზის ძირას მეძინა. ისინი მეფის მსტოვრები იყვნენ. იავარქმნილი სახლი გადააქოთეს მე შორიდან ვუყურებდი. ვიცოდი რომ წასაღები არაფერი იყო და არც ვნაღვლობდი. რომ დაამთავრეს ჩხრეკა და უკან წამოვიდნენ, ერთს ხელში შენი წიგნი ეკავა. მერე გამახსენდა წიგნის არსებობა, ბევრი ვეხვეწე, მაგრამ წიგნის ნაცვლად მათრა-ხები მითავაზეს და ისე გამცილდნენ.
—– მართლა მეფის მსტოვრები იყო?—- იკითხა აქიმმა.
—– ხო ისინი იყვნენ.
—– და ჩემი წიგნი მიჰქონდათ?
არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავი დააქნია ნაღვლიანად დედამ.
—– მადლობთ დედი, მადლობთ, —- მკერდში ჩაეკონა აქიმი დედას.—– მაშ უსწორო კარაბადინი გადარჩენილა. მასთან ერთად მეც უკვდავი ვარ.
—– როგორ შენ საპყრობილედან გამოგიშვებენ?—- ვერაფერს მიმხვდარიყო დედა.
—— მეფე დავითი წიგნს გადაარჩენს, მადლობა დედი,—– იძახდა გახარებული აქიმი.
—– რათ მინდა წიგნი, ცეცხლში დამწვარა, მე შენ მინდევხარ,—- თქვა დედამ და შვილის სხეულის ყოველი ნაწილის გულმოდგინედ დათვალიერე–ბას შეუდგა. მისი ფეხები მოეჩვენა ცივად.
—– ფეხები გაგცივებია შვილო.
—– არაფერი მიჭირს დედი.
—– არა ასეთს ვერ დაგტოვებ უნდა გაგათბო.
—-არაა საჭირო.
—– ნუ მეურჩები, გულნაკლული არ გამიშვა,—- შეეხვეწა დედამ.
შვილი დედის თხოვნას დაყვა.
დედამ თივაზე ტყაპუჭი და ხალათი გადააგო.
—– დაწექი,—– მიუგო შვილს.
აქიმი თივაზე წამოწვა.
დედამ დაძველებული სამოსის საყელოში ხელი იტაცა და პერანგი შემოიხია. მას შიშველი მკერდი გამოუჩნდა , ძირს დაშვებული მილეული ძუძუებით. შვილის ფეხებს ხელი დაავლო და მკერდზე მიიხუტა. მისი ცივი სხეული უკანასკნელ სითბოს აძლევდა შვილის გაყინულ ფეხებს.
თავი ვერ შეიკავა და ცრემლი ჩამოუვარდა თვალთაგან. სიკვდილმისჯი-ლი ჩუმად ტიროდა. რამდენიმე წუთი ასე დაყვეს. დედა შვილს ფეხებს უკოცნიდა. ბოლოს მათი სხეულის ტემპერატურა ერთმანეთისას გაუთანაბრდა. იგრძნო ეს პირველმა დედამ და ნაზად მოიშორა შვილის ფეხები. აქიმმაც ისე შეიმშრალა ცრემლები რომ დედას არაფერი გაუგია.
ჯალათის ღნავილი მოისმა ზემოდან. უკვე განშორების დრო იყო. ორივენი სწრაფად წამოდგნენ ფეხზე და უკანასკნელად გადაეხვივნენ ერთმანეთს. მართლაც უკანასკნელ გამომშვიდობებას გავდა მათი საქციელი. თითქოს აწი ვერასდროს იხილავდნენ ერთურთს. ორევე ამ გრძნობით იყო გამსჭვალულნი. არც ერთი არ ტიროდა, ძლივას იკავებდნენ ცრემლებს.
—– შვილო ამაში ცოტა პური, თაფლაკვერები, აპოხტი,* ქათმისა და ბატკნის მოხარშული ხორცია. სანთელიც მოვიტანე, ვიფიქრე სიბნელე იქნება და გავანათებ თქვა, —- მიუთითა დედამ პატარა ფუთაზე.—- ხალათს და ტყაპუჭს დაგიტოვებ აქ სიცივეა. აბა კარგად მეყოლე შვილო. მალე გამოგიყვან ამ ჯურღმულიდან.
დედას ციოდა, მაგრამ შვილს უკანასკნელი სითბო მისცა. შიოდა, მაგრამ თვითონ მოიკლო და შვილს მიუტანა უკანასკნელი ლუკმა. იმედი სრულებით არ ჰქონდა, მაგრამ შვილს აძლევდა უკანასკნელ ნუგეშს.
ზედ თავთან მოისმა ჯალათის ღნავილი.
აქიმმა ვერ გაძლო და დედას ჩაუვარდა ფეხებში.
ჭრიალ—ღრიალებდა ჯალამბარი, ჯაჭვი და ლოდი. ქანანელი კი დილეგის ფსკერზე ეგდო და ტიროდა.
იმ დღის მერე ბარე ასჯერ დაბნელდა და ასჯერ შემოიჭრა სინათლე პატარა ჭურტჭუტანაში. დიახ სამი თვე გასულიყო და მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ნაწილობრივ თუ აიწეოდა დილეგის ლოდსარქველი. სიკვდილმისჯილი ძირმომპალ გობში ჩაასხამდა წყალს და უცებ გამხმარი ხმიადი ეცემოდა თავში, რომელსაც შემზარავი ხარხარი მოყვებოდა. აქიმს აქ გატარებული დღეები ხან ერთ წამად ეჩვენებოდა და ხან მთელ ცხოვრებად. რა ენატრა არ იცოდა, დღეთა სწრაფი გავლა და სიკვდილი, თუ ჟამის ნელნელა დენა და ასეთი სიცოცხლე.გურგენი აგონდებოდა მომენტალურად, მას ეჯიბრებოდა ვაჟკაცობით ამიტომ სიკვდილი არ სურდა. სიკვდილს არ ნებდებოდა. სიცოცხლისთვის ბრძოლას განაგრძობდა მის შინაგან სამყაროში.
—–მაინც სად მოვტყუვდი, სად დავუშვი შეცდომა?—ფიქრობდა სიკვდილმისჯილი და თავადვე პასუხობს: —-არსად!
რომ შეიძლებოდეს ცხოვრების ხელახალი დაწყება ისევ იმ გზას გაივლიდა და სავალალოდ კვლავ სიკვდილმისჯილთა დილეგში მოხვდებოდა. მერე კი სახრჩობელა, ან თავის მოკვეთა, ანდა ძელზე გასმა თუ შაყის კვრა არ აცდებოდა.
ამ სამი თვის განმავლობაში არავინ გამოცხადებია.
—-სად არის კეთილი ბერი, ნუთუ მანაც მიმატოვა?—- ეკითხებოდა თავს მარტოდ მყოფი.—- ან დედა რა იქნა. ეგებ გადაყვა ჩემზე დარდს?
ფეხის გაგონება ზარავდა. ჯალათი და სასიკვდილო მოედანი ედგა თვალწინ, მაგრამ იქნებ ანთიმოზ წინამძღვარია აიმედებდა საკუთარ თავს. არც ერთი ჩანდა და არც მეორე. მხოლოდ საძულველი ხმიადი და წყალი. დრო კი თანდათან გადიოდა.სრული წელიწად ნახევარი გასულიყო იმ დღიდან რაც ის აქ მოხვდა. ბოლოს პურის ჭამაც მიატოვა და წყალსაც გადაღვრა დაუწყო.
1093 წლის ზამთარი იდგა. ციოდა. დილეგშიც შეეღწია სიცივეს. ქანანელი დილეგის სველ კედელს მიდგომოდა და წყურვილი რომ მოეკლა მშრალ ენას უცხებდა მას, ანაზდად ფეხის ხმა მოესმა.
ვერ გაძლო ტუსაღმა და იხუვლა ერთბაშად.
—– სიკვდილი მინდა!
—– არ მსურს სიცოცხლე!
—– მომკალით!
—– დროზე დამსაჯეთ სივდილით!
—– მოდით! ვინ ხართ მანდ?!
კარგა ხანი გაყვიროდა ამდაგვარ სიტყვებს. ბოლოს მოტყდა ერთიანად. მიწაზე გულაღმა დაეცა და ასე ეგდო დიდი ხნით ძალღონე გამოფიტული. მერე ნელნელა მოუყარა თავი სხეულის ნაწილებს და მუხლებზე ლასლასით თავი კედლამდე ძლივს მიათრია და ცივ ქვას მიეყრდნო ზურგით.
მალე თავი შეუძლოდ იგრძნო და დედის მოტანილ ხალათზე წამოგორდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად დაიდო ცერა თითი მაჯაზე და გულის მუშაობა მოისმინა.
აქიმი მოულოდნელობისაგან შეხტა. ცერა თითს არ დაუჯერა. საჩვენებელი შუა და არათითი შეანაცვლა მას და ასე უსმენდა კარგა ხან.
მაჯა ქურციკის ხტომასავით ფეთქავდა.
სიკვდილი მოსულიყო მის კარზე.
და მასაც არ შეეძლო წინ აღდგომოდა, თუმც არც ამის სურვილი ჰქონდა.
—–სიკვდილი ადამიანს ვერ ამარცხებს. ის ჯერ სიცოცხლის ხალისს უსპობს მას და ამის მერე უღებს ბოლოს. —— თქვა აქიმმა და კვლავ დაიდო ცერა მაჯაზე.
—–თუ სცემდეს მაჯა მარჯვენისა ხელისა ჩქარად და წურილად, დასცხრეს და კიდევ ფეთქდეს და დაცხრეს დიდსა ხანსა ამას ქურციკისა ხლტომა ჰქვიან და სიკვდილისა ნიშანი არის,—– ჩაილაპარაკა.
—– ნეტავ რატომ ახადეს სარქველი?—- თქვა ხმამაღლა, რა მოაგონდა რომ პური და წყალი ორიოდე დღის წინ იქნა მოწოდებული.
სიკვდილმისჯილმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ბნელ ოთახში იწყო იმ საგნის ძებნა, რომელიც სათუოდ ზემოდან უნდა ჩამოეგდოთ. მუხლებზე დაყრდნობილმა მიწის ყოველი მტკაველი შეამოწმა და უცებ ეტრატი მოხვდა ხელთ. კიდევ ერთხელ მოაგონა ეტრატმა დედა და მადლობა გაუგზავნა აქედან სანთლის მოტანისთვის. თავსაც იქებდა აქიმი რომ ტყუილ უბრალოდ არ დაწვა სანთელი და ეძლეოდა მისი ფიქრით ამ უაღრესად საჭირო და საყურადღებო წერილის წაკითხვის შესაძლებლობა.
დიდხან აფათურა მან ხელები სიბნელეში სანამ სანთელს აანთებდა. მერე კარგად მოკალათდა და ათრთოლებული გულით იწყო ეტრატის წაკითხვა.
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისა.
ქრისტესმიერი სიყვარულით მოგესალმები შვილო ჩემო და გუსურვებ სულით მხნეობას ამ საბედისწერო და უკანასკნელ წუთებში. მე ყოველდღე ვაპირებდი შენთან მოსვლას, მაგრამ ვერ მოვახერხე ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ვატყობ დღითიდღე უკან –უკან მივდივარ. ახლაც ამ წერილს სხვა წერს ჩემი კარნახით, რათა ეს მე არ ძალმიძს, რამეთუ საწოლს ვარ მიჯაჭვული. შენი ნახვა ჩემთვის ორგზის იყო კარგი. ერთი— შენ საქმეს რაც შეეხება და მეორე—- ჩემს. მაინტერესებს ძლიერ რა სნებამ დამრია ხელი. აქ ბერები მიძახიან: <არაფერი გჭირს მალე გამოკეთდებიო>, მაგრამ ვგრძნობ რომ ეს ასე არ არის, რადგან ვატყობ მოურჩენელი სენი შემყრია, რომელსაც ვერავითარი აქიმი ანდა წამალი ვერ შველის ამ ქვეყნად და რომლის სახელწოდებაა სიბერე. შვილო ჩემო გავკადნიერდი და რამდენიმე სიტყვა მოგახსენე ჩემ სნეულებაზე, რამეთუ ეს შენც გეხება და შენზეც აისახება.
ახლახან შემატყობინეს რომ შენ სასიკვდილო განაჩენს ხვალ აღასრულე-ბენ. ამიტომ გწერ დაუყონებლივ ამ წერილს. ხვალ ბუნებრივია შენი სიკვდი-ლის დასჯას ვერ დავესწრები. აქედან ვილოცებ შენი სულისთვის. ყველაფ-რისთვის მზად იყავი. ასე გადმომცეს ძელზე გასმას ითხოვდაო თურმე დაჟინებით კათალიკოსი, მაგრამ მეფე ვერ დაუთანხმებია. დედაშენიც დაესწრება შენ დასჯას. რა არ ვუთხარი, რა არ ვეჩიჩინე, მაგრამ აფხაზეთს ვერ მოვაცილე. ალბათ გული უგრძნობს საბედისწერო წუთების მოახლოებას და ამიტომაც არ გადადის ლიხს იქეთ. არც გამკვირვებია მისი. შენთან უნდა ყოფნა უკანასკნელ ჟამს.
გამხნევდი, სულით არ დაეცე!
ღმერთი იყოს შენი შემწე. ამინ!
წმინდა გიორგის სახელობის……….
ეტრატის ბოლო სიტყვები და ხელწერა არ იკითხებოდა, მაგრამ სიკვდილმისჯილს არ გაჭირვებია იმის გამოცნობა რომ ეს წერილი ანთიმოზ ბერს ეკუთვნოდა. სანთელი სანამ ჩაიფერფლებოდა მანამ კითხულობდა ეტრატს. ბარე ორმოცდაათჯერ გადაიკითხა იგი. თითოეული სიტყვა აწონ–დაწონა. სანამ სენაკში სინათლე იდგა მანამ მხნედ გრძნობდა თავს და როცა სანთელი ჩაქრა, სასო წარეკვეთა. ბნელ ოთახში ბნელი აზრები შემოაწვა.
რა უნდოდა ვერ გაეგო. სიკვდილი სურდა? ხვალ ეწვეოდა. სიცოცხლე ეწადა? არა, არა, არა. სიცოცხლე უკვე ნამდვილად არ სურდა, მაგრამ არც ის უნდოდა რომ ძელზე გამომშვიდობებოდა მას. ალბათ ამიტომ იყო რომ ორჯერ ხმამაღლა შეყვირა;
—– სიკვდილი მინდა!
—– სიკვდილი მინდა!
მერე რაღაც შემოაწვა გულზე. თავბრუ დაესხა. მიწას დაენარცხა. ჩაეძინა ბოლოს.
მშვიდად ძინავდა. ძილში გაეღიმა კიდეც.
ის ზმანებებში წასულიყო, კარგ ზმანებებში.
დედას ხედავდა? — არა.
ცოლშვილს?—- არც ცოლშვილს.
მაშ ახალგაზრდობა აგონდებოდა?—- არა, არა, არა.
მას სიკვდილი ესიზმრა, მაგრამ არა ისეთი როგორიც წინათ. ახალგაზრდა თვალწამრტაცი ჭაბუკი იდგა მის წინ. სხეულის შესანიშნავი ნაკვთებით. ვაჟკაცური იერითა და აღნაგობით, კუნთმაგარი, ძალღონითა და სიცოცხლით სავსე. თიხის ფიალას აწოდებდა სითხით სავსეს.
—– აქიმო ქანანელ, ჩემი დახმარება ვერ შეძელი. მე კი შენ დასახმარებ-ლად მოვსულვარ. აჰა, დაცალე ფიალა.
აქიმმა ახლა იცნო ეს პირმშვენიერი ჭაბუკი. თვალები იცნო მისი და სახე გაუცისკროვნდა. გურგენ ოდიშელი მოსულიყო დასახმარებლად.
მადლიერმა ერთი მოეხვია რაინდს და მერე გადაკრა შხამი.
იმ ღამეს ასეთი სიზმარი მთელ აფხაზეთში სამმა პირმა ნახა. მეორე მათგანი ქანანელის დედა იყო, ხოლო მესამე კეთილი ბერი. განსხვავება მათ შორის ის იყო რომ აქიმმა იცოდა რასაც სვამდა, ხოლო დანარჩენებს წყალი ეგონათ ფიალაში მოთავსებული სითხე.
მცხეთას, კათალიკოსსაც ესიზმრაო ავი ზმანება, თითქოს ძელზე ყოფილიყო გასმული და ისე ემშვიდობებოდაო წუთისოფელსო. მესაწოლე ბერებს კიდევაც მოსმიათ აწ გარდაცვლილი კათალიკოსის განწირული ყვირილი.
დილიდან სამზადისში იყო მუნჯი ქონდაქარი. ხმალი აელესა. ბაწარიც მოემზადებია და მაგრადაც გაექონა სამარყუჟე ადგილი რომ ადვილად ესრიალა და მსხვერპლს კარგად ჩასჭირებოდა კისერზე. წამდაუწუმ ხავილით აძლევდა შენიშვნას საპყრობილეს ჭიშკართან მდგომ გუშაგებს და საშინლად ხარხარებდა. საუკეთესო ხასიათზე იყო იგი, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად გუნება განწყობა უფუჭდებოდა. ხშირად გაჰყურებდა შარას, ვიღაცას ელოდა. საპყრობილეს ზედამხედველი ჯერაც არ ჩანდა. ერთი სული ჰქონდა გაეგო მისი არ მოსვლის მიზეზი, მაგრამ ისიც კარგად იცოდა რომ ზედამხედველი ამის გამო ხმალს რამდენჯერმე ბრტყლად შემოკრავდა და გვერდებს გვარიანად აუჭრელებდა. სიკვდილის საყურებლად მოსული ხალხიც ნელ— ნელა ეცლებოდა ხელიდან. გრძნობდა ამას ქონდაქარი და მზად იყო ყველა ჯავრი აქიმზე ეყარა. გულში ამბობდა გახელებული: <ღორივით დავკლავ მაგ ეშმაკის კერძს, ისე რომ დიდხანს არ მოკვდეს და იწამოსო>. ამის გამოცდილება იცოცხლე თქვა ჰქონდა. თუ უნდოდა ისე ჩამოკიდებდა კაცს სახრჩობელაზე რომ მთელი ერთი საათი არ ამოხდიდა სულს. ამიტომ იყო, შინ წაეთრია და მალე უხეში ბაწრით დაბრუნდა უკან, გაქონილი თოკი კი გადამალა. ალესილი ხმალიც გადამალა და ისეთი უხიაგი რამ მოიტანა რომ პირი და გვერდი ლამის ტოლი ჰქონდა. აბა ჯალათი რის ჯალათი იყო რომ ეს სახელი არ გაემართლებია.
ნაშუადღევი იქნებოდა საპყრობილეს წინ აგელვებული ტაიჭი მიაგდო მაცნემ მეფისამ. ხელში ეტრატი ეჭირა სამეფო ბეჭდით დაბეჭდილი და საპყრობილეს ზედამხედველს თხოულობდა უმალ. ქონდაქარი ვერაფერს მიმხვდარიყო. ხან აქეთ აწყდებოდა, ხან იქით. მაცნეს ისე მოაბეზრა თავი რომ ამ უკანასკნელმა პანღურიც კი უთავაზა. ბოლოს როგორც იქნა საპყრობილეს ზედამხედველიც მოვიდა.
გახსნეს კლდეში გამავალი ჭიშკარი და ორი გოლიათი გუშაგი რომელიც საპყრობილეს დარაჯობდა სამთავეს უკან აედევნა. წყეულ ქონდაქარს ორსავე ხელში ანთებული მაშხალა ეჭირა და წინ მიუძღოდა მათ თან რაღაც ბგერებს გამოცემდა გახარებული, რომელსაც სიმღერა რქმეოდა მის გუნებაში. ემღერებოდა კიდეც ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ ხვდებოდა რომ ბოლოს და ბოლოს ხელს გაისვრიდა ადამიანის სისხლით.
გოლიათები ჯალამბარს დასწვდნენ და გაისმა ყურის წამღები ჭრიალ ღრიალი. ჯაჭვი ლამის გაწყვეტამდე დაიჭიმა და უზარმაზარმა ლოდმა ზემოთ დაიწყო ასვლა. სარქველი სრულად რომ აიხადა, მაცნემ ზედამხედველს მეფის ეტყრატი გადასცა. ქონდაქარს მაშხალების ნიშში ჩამაგრება მოესწრო და ზედამხედველის უკან აწურულიყო, ის ეტრტს შეჰყურებდა, მაგრამ კითხვა არ იცოდა და ვერ გაეგო იქ რა ეწერა. ზედამხედველის სახის გამომეტყველებით კი ვერაფერს მიმხვდარიყო.
—— სახელითა დავით, ძისა გიორგისა, აფხაზთა და ქართველთა მეფისა, თავისუფალი ხარ აქიმო ქანანელ!—- გაისმა ზედ დილეგის თავთან მაცნეს ბოხი ხმა.
ჯალათს გაოცებისგან ღნავილი აღმოხდა ყელიდან. სახე ნერვიულობისგან დაემანჭა, აუტოკდა.
დილეგიდან ჩამიჩუმი არ მოისმოდა.
მაცნემ იგივე სიტყვები უფრო ხმამაღლა გაიმეორა და მკურნალს ქვემოთ ჩასძახა;
—– მეფე დავითმა თავისუფლება მოგანიჭა აქიმო ქანანელ, ამოუყევი კიბეს!
როცა კიბეს არავინ ამოყვა თვით ჩავიდა ქვემოთ, მას ზედამხედველი და ქონდაქარი მიყვნენ.
აქიმი მიწაზე გულაღმა მშვიდად იწვა. სწორი გრძელი თმა ლამაზად გადაშლოდა მომღიმარ სახეზე.
ჯალათმა მუჯლუგუნი წაჰკრა გასაღვიძებლად. ქანანელი არ განძრეულა.
კარგა ხან აყანყალეს და ბოლოს გულის ცემა გაუსინჯეს.
მჩქეფარე გული გაჩერებოდა აქიმს.
დოჭვირი ირაკლი. 2010 წ.
ავტორის შენიშვნები და განმარტებები
გვ. 3
იაბო—- დაკოდილი ცხენი, ლაფშა.
გვ. 4.
აქიმი—ძვ. საქართველოში ეძახდნენ თერაპევტს.
გვ. 5.
შავბალახა, დათვისყურა, ცხენისძუა. —-ბალახეულობები. რომლებიც სამკურნალო მიზნებით გამოიყენება.
გვ. 6.
აბჯარა, ზარამბადი, ვარდკაჭაჭა, თივავაცი, ლენცოფა, თოფალახი. – —- სამკურნალო მცენარეები მოხსენებული ქანანელის წიგნში <უსწორო კარაბადინი>.
სტომაქი —– კუჭი.
ასარუნი—– მცენარე კატაბალახა.
ქანანელი——- მკურნალი, რომლის ვინაობა და ცხოვრების ზუსტი თარიღის დადგენა ხერხდება მის მიერ დაწერილი შესანიშნავი სამედიცინო წიგნის <უსწორო კარაბადინი>-ზე მსჯელობით. ამ წერილობითი დოკუმენტის შესწავლისას ირკვევა რომ ქანანელი თავის დროზე დიდად განათლებული და ფართე ერუდიციის ადამიანი ყოფილა. ქანანელი ქართველი მკურნალია, ამას ადასტურებს მისი ქართული ენისა და ტერმინოლოგიის ღრმა და ზუსტი ცოდნა, გარდა ქართულისა მან კარგად იცის სპარსული, ბერძნული, და არაბული ტერმინოლოგია. კავშირს არ წყვეტს ბაბულონურ სამედიცინო მიღწევებთან. მას აქვს ისეთი უძველესი დიაგნოსტიკური ნიშანი, რომელსაც <ხელთა ბანის ნიშანი> ეწოდება. ავადმყოფის სნეულებაზე ხელნაბანის შესწავლით მსჯელობდნენ ბაბილონელი აქიმები. ქანანელის შემდგომ სხვა ავტორებმა ეს მეთოდი დავიწყებას მისცეს. ქანანელს ხშირად ახასიათებს ბაბილონელი ბრძენების მოხსენიება. რითაც ერთთგვარ შორეულ კავშირზე მიგვანიშნებს ძველ ბაბილონურსა და უძველეს ქართულ მედიცინას შორის. წიგნის შესწავლით დამტკიცებულია რომ ქანანელი მე-11 საუკუნეში მოღვაწეობდა. სხვა ისტორიული ცნობები მისი ბიოგრაფიისა თუ მოღვაწეობის შესახებ სამწუხაროდ არაფერი მოიპოვება.
ფაშატი—– დედალი ცხენი.
ელეგი—-მამაკაცის ანდა ქალის სამოსი, მოკლე, ზედატანისა.
ჩაქურა—-ვიწრო ტოტებიანი, თავგანიერი, ხანჯლიანი შარვალი.
ბანდული—-მთაში სასიარულო ქალამანი, რომელსაც ძირი წვრილი —— ღვედით ჰქონდა დაწნული.
ფაფანაკი—-მომრგვალო, ბრტყელი ქუდი.
გვ. 7.
ქსენონი —–ძვ. საქართველოში საავადმყოფო.
სნეული—–ავადმყოფი.
ციხეგოჯი—– იგივე არქეოპოლისი, დასავლეთ საქართველოს – უძველესი ქალაქი. ეგრისის დედაქალაქი.
სენი—-ავადმყოფობა.
მკედი—-მსხვილი და მაგარი სამახათე ძაფი.
შარბათი—-შაქრითა და ხილის წვენით დამზადებული ტკბილი სასმელი.
ოთხდღემდი ნურას მიცემ წამალსა….—– ქანანელის შეგონება.
გვ. 8.
იარაჯი—-ცომად შეზავებული და დაგორგალებული წამლების შედგენილობა. უმეტესად კვერებად და აბებად დასაქნელი. არსებობდა აგრეთვე საცხის სახით მალამოსათვის. უსწორო კარაბადინში მათ გამოყენებას რამდენიმე თავი ეთმობა.
მაჯუნი—- წამლების შედგენილობა, შეზავებულობა. არსებობდა სხვადასხვა სახის მაჯუნი, რომელსაც ვხვდებით ქანანელის უსწორო კარაბადინში.
კუტალი—-ხის ჭურჭელი, ტუჩიანი.
აქიმი მეცნიერი და……—–ამონაწერი ქანანელის წიგნიდან <უსწორო კარაბადინი>
აქიმის სიბრძნე და ჭკუა…..—-ამონაწერი ქანანელის წიგნიდან <უსწორო კარაბადინი>
გვ. 9.
ეგრისწყალი——დასავლეთ საქართველოს მდინარის სახელწოდება, ვარაუდით უნდა იყოს მდინარე ენგური, ღალიძგა ან ოხოჯა. მკვლევართა ერთი ნაწილი ეგრისწყალსა და ეგრისის წყალს ერთმანეთთან აიგივებს. ნაწილი კი, მაგალითად ივ. ჯავახიშვილი არა. მისი მტკიცებით ეგრისწყალი კლარჯეთში უნდა მიედინებოდეს სადაც არსებობს ერთერთი კუთხე ეგრი. ხოლო ეგრისის წყალი აფხაზეთში მიედინება უძველესი ქალაქ ეგრისის მახლობლად. ჯავახიშვილს მოყავს ლეონტი მროველის ცნობები სადაც იგი ამბობს რომ ქალაქი ეგრისი დღევანდელი ქალაქი ბედიააო. ბედიაში კი მიედინება მდინარე ოხოჯა. მაშინ მდინარე ოქუმის მარჯვენა შენაკადი ოხოჯა ეგრისის წყალი უნდა იყოსო— ამბობს ის. მაგრამ არიან მკვლევარები რომლებიც ვარაუდს გამოთქვამენ რომ ქალაქი ეგრი ანუ ეგრისი მდინარე ენგურის ქვემო ნაწილზე ზუგდიდის მახლობლად უნდა ყოფილიყოო. თუ ასეა მაშინ მდინარე ეგრისწყალი ან იგივე ეგრისის წყალი ენგური უნდა იყოს. დღეს არც ქალაქ ეგრის ზუსტი მდებარეობაა დადგნილი.
ჭაჭა—- ყურძნის ნარჩენი ღვინის დაწურვის შემდეგ. კანი, კურკა.
ჭყუტა—- მომცრო და უსწორმასწორო. იტყვინ ხილზე. ჩვენში ჭყუტას პანტა მსხალს ეძახიან.
ღომი—- ერთწლოვანი კულტურული მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. დასავლეთ საქართველოში მოყავთ მისი შემდეგი ჯიშები <შვიდკვირა> ან <ორმოსავალა>. ღომი მაღალხარისხოვანი სასურსართო მცენარეა. მისი მარცვალი შეიცავს ცილებსა და ვიტამინებს.
ასხი— კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ლეჩხუმ-იმერეთი-ოდიშის საზღვარზე მდებარე ვრცელი ალპური საძოვარი, დაფარული სამყურა ბალახით, ზღვის დონიდან 2000 მეტრი.
ბალდა—-ტყით მოსილი სოფელი მარტვილის რაიონში.
წიწიბო—- წიფელას ნაყოფი.
მახა—– დასავლეთ საქართველოს ხორბლის ენდემური ჯიში. კარგად ეგუება ჭარბტენიან პირობებს. არის გამძლე გუდაფშუტას მიმართ. არ ახასიათებს ჩაწოლა. მახას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს როგორც ველურიდან კულტურულზე გარდამავალ სახეობას.
ზანდური—– უძველესი ჯიშის ქართული ხორბალი. საქართველოს ენდემია. წარმოშობის კერაა რაჭა ლეჩხუმი. ზანდური ხასიათდება ცილების მაღალი შემადგენლობით. ნაკლებად ექვემდებარება გალეწვას. თავთავი ადვილად იმსხვრევა და იშლება თაველებად. მარცვალი მკვრივია და მსხვილი. კარგად იფქვება და ცხვება. მისი უარყოფითი თვისება ისაა რომ ხორბალი ცუდად ეგუება გვალვას. და გვიან მწიფდება. ამიტომ ზანდურმა ნელნელა დატოვა მინდორი და გადაშენდა. ზანდურის ხელმეორედ დაბადება უკავშირდება პეტრე ჟუკოვსკის სახელს. მისი მადლიერი უნდა იყოს საქართველო და მთელი მსოფლიო. კიშინოვში დაბადებული ჟუკოვსკი საქართველოში მოღვაწეობდა. იყო თბილისი ბოტანიკური ბაღის დირექტორი 1920 წლიდან. მან აღმოაჩინა ნეოლითის ხანის მანამდე უცნობი ხორბალი და მანვე ზანდური უწოდა. დღეს ზანდური დაცულია კოლექციებში როგორც მსოფლიო მნიშვნელობის სასელექციო მასალა.
ქურციკი—-იგივე ჯეირანი.
გვ, 10.
სტეთოსკოპი—– სამედიცინო ხელსაწყო. გულისა და ფილტვების მოსასმენი მილი.
თუ სცემდეს მაჯა…..—- ამონაწერი ქანანელის წიგნიდან <უსწორო კარაბადინი>
გვ.11.
თუ გულის ტკივილი….—–ამონაწერი ქანანელის წიგნიდან <უსწორო კარაბადინი>.
ნიშანი ხაფაყანისა ესე….—–ამონაწერი ქანანელის წიგნიდან <უსწორო კარაბადინი>.
თუ გული უძგერდეს….—–ამონაწერი ქანანელის წიგნიდან <უსწორო კარაბადინი>.
გვ. 12.
ბაგრატ მეფე (1020—1072)—– იგულისხმება საქართველოს მეფე 1027 წლიდან ბაგრატIV. იყო დიდად მებრძოლი, მაგრამ ახასიათებდა არათანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა. რის შედეგადაც ბრძოლაში მოპოვებულს ვერ ინარჩუნებდა.
გვ. 13.
ჰეფესტოსი—–ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში.
ადონისი—-ბერძნული მითოლოგიით აფროდიტეს ულამაზესი მიჯნური. ძვ. ბერძნებისათვის სახელი ადონისი ლამაზი მამაკაცის სინონიმად იყო ქცეული.
პომპეუსი გნეუს(ძვ. წ 106 — 48) —- რომაელი სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე. პირველი ტიუმვირატის წევრი. პლუტარქეს პარალელური ბიოგრაფიის შესწავლისას ის პატიოსანი და ალალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ილაშქრა საქართველოში. მოკლა ეგვიპტის მეფემ ვერაგულად კეისრის საამებლად.
კეისარი გაიუს იულიუს (ძვ. წ. 100 — 44) —- რომაელი პოლიტიკური მოღვაწე, მხედარმთავარი, მწერალი და ორატორი. პირველი ტრიუმვირატის წევრი პომპეუსთან და კრასუსთან ერთად. მოკლეს შეთქმულებმა სენატში.
ფარსალე—- საბერძნეთის თესალიის პატარა ქალაქი სადაც მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა კეისარსა და პომპეუსს შორის.
გვ. 13.
ქორედი—- მრავალსართულიანი სახლის ზედა ნაწილი.
პალატა—- სასახლე.
ბასილ ბულგარეთმუსვრელი (958—1025) —– ბიზანტიის კეისარი 976 წლიდან. იყო იმპერიის ენერგიული მმართველი. მისი ხელისუფლების პერიოდში ბიზანტია განსაკუთრებით გაძლიერდა და განივრცო. ბულგარეთის დალაშქვრისას ჩადენილი სისასტიკის გამო დაერქვა ეს ზედმეტსახელი.
ბაგრატ მესამე (მე-10 ს 60-იანი წლები—1014) —- გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე.
გურგენ მეფე—– ბაგრატოვანთა ტაოს შტოს წარმომადგენელი. მეფეთა მეფე. ძე ქართველთა მეფის ბაგრატ II რეგვენისა და მამა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III. აქტიურ მონაწილეობას იღწებდა საქართველოს გაერთიანებაში.
დავით კურაპალატი (Xს.)—- ტაო კლარჯეთის მეფე, ბაგრატოვანთა შტოს წარმომადგენელი. ჭკვიანი და მხნე მხედართმთავარი. საქართველოს გაერთიანების ერთერთი აქტიური მონაწილე. დაეხმარა ბასილII კეისარს ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაყრობაში რითაც კიდევ უფრო გააფართოვა ტაოს საზღვრები, მაგრამ შემდგომ ბარდა ფოკას მიემხრო, რომელიც კეისრის წინააღმდეგ იბრძოდა და მისი დამარცხების შემდეგ იძულებული შეიქმნა პატიება ეთხოვა და დათანხმებულიყო რომ სიკვდილის შემდეგ მისი სამფლობელო ბიზანტიის იმპერიას შეერთებოდა. რამაც გამოიწვია ქართველთა და ბერძენთა დიდი ხნის ომი. შვილი არ ყავდა და იშვილა აფხაზთა უძეო მეფის თეოდოსის დის წული შემდგომ ბაგრატ მესამედ წოდებული. რითაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს გაერთიანებას.
კურაპალატი—-ბიზანტიური ტიტული, რომელსაც მე-9 საუკუნიდან უცხოელებსაც ანიჭებდნენ გარკვეული დამსახურებისდა მიხედვით.
მაგისტროსი—- ბიზანტიერი ტიტული, კურაპალატის ქვემდებარე.
კონსტანტინე კეისარიVIII—- ძმა ბასილII ბულგართმუსვრელისა, გამეფდა 1025წ. იყო ლოთი, ნადირობისა და ქალების მოყვარული.
ლიპარიტი ბაღვაშიXს—- კლდეკარის ერისთავი. იბრძოდა მეფის ცენტრალიზებული ხელისუფლების წინააღმდეგ. საბოლოოდ დამარცხდა და ბერად აღიკვეცა.
გვ. 14.
ქვეგამხედვარი—–ძვ. მუხანათი, ვერაგი, ავის მზრახველი.
ამირა ჯაფარი—-თბილისის მმართველი, ბაგრატ IV თანამედროვე.
ლიპარიტმაც ხომ გადაუვადა სამაგიერო…—- ბერძნული წყაროების ცნობით. ბაგრატ მეფემ ლიპარიტზე შური იმით იძია რომ ნამუსი ახადა სახლში მარტო მყოფი ლიპარიტის ცოლს. ლიპარიტმა კი მეფეს სამაგიერო იმით მიუზღო რომ როგორც კი შესაძლებლობა მიეცა ბაგრატის დედა გააუპატიურა.
თოღრულბეგი (993—1063) —- სელჩუკთა სახელმწიფოს დამაარსებელი. <აღმოსავლეთისა და დასავლეთის> მეფე. ბიძა ალფარსლანისა.
გვ. 15.
სულა კალმახელი—- კალმახის ციხის მფლობელი. მონაწილეობდა ლიპარიტ ბაღვაშის დატუსაღებაში.
ალფარსლანი (1029—1073) —- სელჩუკთა სახელმწიფოს სულტანი 1063 წლიდან. ორჯერ დალაშქრა საქართველო 1064 და 1068 წლებში. იყო მამაცი, მაგრამ გაუნათლებელი და უხეში ადამიანი. მოკლეს შუა აზიაში ლაშქრობისას.
ხანაგა—- სასტუმრო სახლი სადაც მგზავრს შეეძლო დანაყრება და ღამის გათევა.
ფუნდუკი—- იგივე ხანაგაა, მხოლოდ იმით განსხვავდება რომ აქ ცხოველის დასაყენებელი და დასაპურებელი ადგილიც იყო პარალელურად.
მეფე გიორგი —- იგულისხმება საქართველოს მეფე გიორგიII (1072—1089). უბადლო მეომარი მორჭმული და მომლხენი, თუმც უპრინციპო ადამიანი.
ბერეა—-უზველესი ქალაქი მაკედონიაში.
კესაროსი—- ტიტული ბიზანტიის სამეფო კარზე. ბერძნულად თანამეფე. კეისრის ნაცვალი.
გვ.16.
ჯარა—-ძვ. საქართველოში ჯარას ეძახდნენ ქირურგს. აქიმს კი თერაპევტს.
გვ. 17.
დაუყუდდეს—–გაუყუჩდეს, დაუამდეს.
აფიონის მაჯუნი—– მის შემადგენლობაში შენავალა ოპიუმი.
გვ. 18.
ნუ გადააშენებთო ახალგაზრდები ამ ადათს—– კონსტსნტინე პორფიროსანის (912—959) მოწმობით ქორწინება სახლიკაცთა შორის საქართველოში დიდებულთა საგვარეულოში მის დროსაც კი ჩვეულებად ჰქონიათ. ტაციუსის ცნობით ფარსმან ძმა ყავდა მითრედატი, რომელმაც რომაელთა დახმარებით სომეხთა ტახტი დაიპყრო. ამ მითრედატეს ცოლად ფარსმანის შვილი ჰყავდაო. როგორც ამ წერილობითი წყაროებიდან ჩანს ქართველ დიდგვაროვნებში ნათესავთა შორის ქორწილი აკრძალული არ ყოფილა. ამაზე ცნობები პეტრე ქართველის ასურულ ცხოვრებაშიც მოიპოვება. ეს უთუოდ სპარსული მაზდეიანობის გავლენა უნდა ყოფილიყო, რადგან იქ და–ძმის შეუღლება ღვთისნიერ საქმედაც კი ყოფილა შერაცხული.
სოფოკლე (ძვ. წ. 496—406)—-ძველი ბერძენი დრამატურგი. ტრაგიკოსი.
ის ვინც ფეხს შედგამს……—–ჩვენამდე არ მოღწეული სოფოკლეს ერთერთი ტრაგედიის ფრაგმენტი. რომელიც დიდი ტრაგიზმით წარმოთქვა კეისრის მიერ დევნილმა, თავშესაფრის მაძიებელმა პომპეუსმა როცა ის გემზე ცოლშვილს ემშვიდობებოდა. რა შეამჩნია ეგვიპტელთა საომარი ფაციფუცი ნაპირთან.
გვ. 19.
როგორ ნუთუ ბანაკშიც?!—- ბრძოლის ველზე კეისართან განცდილი მარცხისას პომპეუსმა კარავს მიაშურა. აქ ხმაამოუღებლივ იჯდა მანამ სანამ უკუქცეულთა მრავალი მასა ბანაკში არ შემოიჭრა. მაშინ წამოიძახა მან ეს სიტყვები.
გვ. 20.
სამსალა—-შხამი
გვ.21
გაბრიელ კათალიკოსი—– საქართველოს კათალიკოსი გაბრიელ III სავარაუდოდ მოღვაწეობდა (1072-1093) წლებში წარმოშობით იყო სოფელ საფარიდან და საფარელად იწოდებოდა. ისტორიკოსთა ერთ ნაწილს მიაჩნია რომ სწორედ საფარელის გარდაცვალების შემდეგ იწყება ეკლესიაში ის დემოკრატიული პროცესები, რომლის დაგვირგვინება რუის–ურბნისის კრება იყო.
გვ. 22.
ღამით ლეკვებს დაბადებს—- ცოფის მკურნალობის ეს უნიკალური მეთოდი ქანანელა არ მიეწერება. ასე ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის უწინ კურნავდა ცოფს მარტვილის რაიონის სოფელ აბედათში მცხოვრები ერთი ექიმბაში. ეს ხდებოდა მანამ სანამ ცოფის საწინააღმდეგო ანტირაბილურ ვაქცინას მასობრივად დანერგავდნენ. სამწუხაროდ მკურნალობის ეს სახალხო მეთოდი დღეს არ არსებობს. გადავარდა. არადა პირის ღრეს მეშვეობით დიაგნოზის დასმაც კი დღეს უდიდეს მიღწევას შეიძლება წარმოადგენდეს.
გვ. 23.
ირისი—- თვალის ფერადი გარსი.
ალბინიზმი—- ორგანიზმისათვის დამახასიათებელი ნორმალური პიგმენტაციის უქონლობა. ადამიანისათვის ეს არის კანის თმისა და თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის უქონლობა, სითეთრე.
გვ. 24.
ბოინი —– ადგილი სადაც კლავენ საქონლებს.
მჩხიბავი—– მომნუსხველი, ადამიანის ავი სულებით გამთანგველი.
მუცლით მეზღაპრე—- მკითხავი, მარჩიელი.
რამლი—– სამარჩიელო ქვიშა.
ჩარექა—– მოცულობის ძველებური საზომი უდრის დაახლოებით 0.75– 0.9 ლიტრს.
გვ. 26.
ოანე ჭყონდიდელი—– ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსი. 1085 წელს მოსე ხანძთელის მიერ გადაწერილ გიორგი მთაწმინდელის თხუზულების ბოლოში ის მოხსენებულია როგორც ჭყონდიდელად. ამ დროს ჭყონდიდელი მწიგნობართუხუცესი არ ყოფილა. ამ თანამდებობების გაერთიანება მოხდა მოგვიანებით 1103–04 წელს.
ოქრო მარილივით გაიხსნა სითხეში….—– არის ასეთი ძლიერ მომწამლავი ნივთიერებათა ჯგუფი, რომელსაც ციანიდები ეწოდებათ. ციანიდებს შეიცავს რწყავის ფოთლები, ჭერამის კურკები, მათი მიღება სამკურნალოც კია ადამიანის ორგანიზმისთვის ისე მცირე დოზებით არიან ისინი ამ მცენარეებში წარმოდგენილნი. მათ დამაწყნარებელი მოქმედებები ახასიათებთ. კალიუმის ციანიდი საკმარისია ადამიანმა ერთი წვეთი მიიღოს რომ სიკვდილი მომენტალურად დგება. ციანმჟავა მარილები სისხლის შემადგენლობაში შედის და სასიცოცხლო ფუნქცია აკისრია მათ. მათი მიღების ერთერთი უძველესი ხერხი სწორედ ცხოველთა ნარჩენებიდან (სისხლი ტყავი რქები) წარმოებდა. ქიმიკოსებისათვის კარგადაა ცნობილი რომ კალიუმის ციანიდის ხსნარში ოქრო ვერცხლი ჩვეულებრივ იხსნება.
გვ. 27.
დავით მეფე (1073—1125) —- საქართველოს მეფე 1089 წლიდან. აღმაშენებლად წოდებული. დიდი რეფორმატორი და ბრძენი მმართველი. საქართველოს გამაერთიანებელი და განმანათლებელი.
ზარნაშო—- ფრინველის გვარი ბუსნაირთა რიგისა. ფრთების შლილი 175 სმ. წონა 3კგ, ჩვეულებრივ იტყვიან დიდ ბუზე.
წურთვა—– საბას განმარტებით: როცა კაცი კაცსა ტკბილი სიტყვით ჭკუას ასწავლისო. X ს. წურთვა მარტო კეთილი სიტყვებით არ შემოიფარგლებოდა. ზოგჯერ სასტიკი ცემასაც გულისხმობდა.
ფარეშთუხუცესი—-სამეფო კარის თანამდებობა. მას ემორჩილებოდნენ მრავალი ფარეშნი. საფარეშოშოდ იწოდებოდა შინაური მეურნეობისათვის განკუთვნილი სხვადასხვა საწყობი და დაწესებულება. მაგალითად სამრეცხაო. სამკერვალო სანთელი, სასანთლეები. და მისთანა.
გვ. 28.
მსახურთუხუცესი—-თანამდებობა სამეფო კარზე. მას ექვემდებარე-ბოდა რამდენიმე დაწესებულება თავის ყველა მოხელით. მოლა-რეთუხუცესი, მესაწოლეთუხუცესი ფარეშთუხუცესი და სხვა. მსახურთუხუცესის თანამდებობა რუსუდან მეფემ ვაზირის დონემდე აიყვანა.
გვ. 29.
მწიგნობართუხუცესი—–სამეფო კარის სამდივნოს მეთაური. მწიგნობართა უფროსი. აღმაშენებელმა ეს თანამდებობა საეკლესიო ფეოდალების თავგასულობის ალაგმვისა და ცენტრალური ხელისუფლების გამტკიცების მიზნით ჭყონდიდელობასთან შეაერთა.
გვ. 30.
გიორგი მონაზონი—-დავით აღმაშენებელის თანამედროვე ცნობილი სახელმწიფო და რელიგიური მოღვაწე. შემდგომ ჭყონდიდელად წოდებული. გიორგი მონაზონი როცა მწიგნობართუხუცესი გახდა ჯერ კიდევ არ იყო ჭყონდიდელი. საქართველოს ისტორიაში ის პირველი სასულიერო მოღვაწე მწიგნობართუხუცესია მანამ ამ თანამდებობაზე ერისკაცს ნიშნავდნენ. რუის ურბნისის ოქმებში გიორგი მოიხსენება როგორც მონაზონი და მწიგნობართუხუცესი. და არა ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელი, მაგრამ როგორც ისტორიულადაა დასაბუთებული სწორედ რუის ურბნისის კრებამ შექმნა პირობები მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობების გაერთიანებისა. პირველად 1110 წელს მოხსენებულია გიორგი ჭყონდიდელ და მწიგნობართუხუცესად.
მესაწოლეთუხუცესი—- მის მოვალეობას შეადგენდა მეფის შეკაზმა, მეფის საწოლის მოწესრიგება. მოძრავი საწოლის გადაადგილების და კომფორტის უზრუნველყოფა. ამიტომ მის განკარგულებაში გარდა მესაწოლეებისა, ჯორებიც შედიოდა ბარგის გადასატანად.
გვ. 31.
მიეგოს მისაგებელი—–ძვ. სასამართლო პრაქტიკაში სასჯელი, რასაც დამნაშავეს ჩადენილი ბოროტების სანაცვლოდ მიუგებდნენ.
ტაჯგანაგი—- მათრახი. დამნაშავეთა ცემისათვის გამკუთვნილი.
კაცის კვლაი მიპარვით—- ძვ. სასამართლო პრაქტიკაში ნიშნავდა. დანაშაულს, რომლის დროსაც ადამიანი ზურგში დანის ჩაცემით იყო მკვდარი.
გოდოლი—– მაღალი კოშკი.
მწამვლელობა—- ძვ. სასამართლო პრაქტიკაში ერქვა პირს, რომელიც საწამლავის მეშვეობით სპობდა ადამიანის სიცოცხლეს.
შეწამება—– ძვ. სასამართლო პრაქტიკაში ბრალდების აღმნიშვნელი იყო.
ჩენილნი—– ძვ სასამართლოს განსაკუთრებული დაწესებულება, სადაც მსახურობდნენ საგანგებო მოხელეები რომლებსაც დამნაშავეთა და ბრალდებულთა შეპყრობა ევალებოდა. ამ მოხელეებს ეწოდებოდათ.
გოდოლი—- მაღალი კოშკი.
გვ. 32.
ვახტანგ გორგასლანი.—– მეფობდა ქართლში Vს. იყო გოლიათური აგებულების, ძლიერი, გულადი და თავისუფლების მოყვარე ადამიანი.
მიქაელ მთავარ ეპისკოპოსი—– მოღვაწეობდა ქართლში გორგასლანის დროს. ჰქონდა მეფესთან დაპირისპირება. დაწყევლა მეფე და ქართველთა ჯარი. მიუხედავად ამისა გორგასლანმა მისი შემორიგება სცადა, მივიდა მასთან და მის წინ დაიჩოქა, მაგრამ მიქაელმა მეფეს წიხლი ჩაარტყა და კბილი ჩამოუგდო. ამის შემდგომ ვახტანგმა მიქაელი ქვეყნიდან გააძევა და ეკლესიის სათავეში მთავარ ეპისკოპოსის ნაცვლად კათალიკოსი დააყენა.
გვ. 35.
ჯადოსნური სითხე—- აქ საუბარია ფოსფორის ალოტროპიულ სახეცვლილება თეთრ ფოსფორზე, რომელსაც აქვს უნარი ჩვეულებრივ ტემპერატურაზე აალდეს და ცეცხლი გაუჩინოს მასში ამოვლებულ საგანს. საერთოდ პირველად ფოსფორი აღმოჩენილი იქნა გერმანელი ალქიმიკოსი პენიგ ბარანდას მიერ 1669 წელს, ის შარდის აორთქლებისას მიღებულ მყარ ნაშთს ვაკუმში მშრალად ხდიდა.
გვ. 36.
სააჯო კარი—- ძვ. საქართველოში შენობა დაწესებულება სადაც მიმდინარეობდა საჩივრების განხილვა, სამართალწარმოება.
დიდი თურქობა—– 1080 წელს დაიწყო თურქთა დიდი შემოსევა, რომელსაც ქართული ისტორიული წყაროები დიდ თურქობად მოიხსენიებენ.
ტეშენიტი—- გაბროიდების ჯგუფის ქანი. არის შესანიშნავი შესამოსი ქვა. მოიპოვება ტყიბულის რაიონის სოფელი კურსებში.
იოანე მარუშის ძე—- საქართველოს გაერთიანების სულის ჩამდგმელი. ქართლის ერისთავი. მან ქართლში მოიწვია დავით კურაპალატი და მისი შვილობილი ბაგრატი. რითაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს გაერთიანებას.
სუმბატ და გურგენ—- გურგენ მეფის დის შვილნი. ისინი ბაგრატ მეფემ დარბაზად მოიწვია და საქართველოს ერთიანობისათვის გადადგა რა ეს ნაბიჯი მზაკვრულად დაატუსაღა. ორივენი ციხეში გარდაიცვალნენ.
საბა მტბევარი—– სამშობლოს დამცველი მღვდელმთავარი. უნებლიე მეომარი და სამხედრო ხელისუფალი. ტბეთის ეპისკოპოსი.
გვ. 37.
მეოხი—- ძვ. სასამართლო პრაქტიკაში დამცველს ერქვა.
უსწორო—-სწორუპოვარი. უბადლო.
საწოლისა და ზარდახნის მწიგნობარნი—– საქართველოში იყო 26 მწიგნობარი. რომელიც უშუალოდ მჭიგნობართუხუცესს ემორჩილებოდა. მათ შორის საწოლის მწიგნობარი დანარჩენ მწიგნობარებთან შედარებით ერთერთი ყველაზე მაღალი თანამდებობა უნდა ყოფილიყო. საწოლის მწიგნობარი მართლმსაჯულებაში მწიგნობართუხუცესის თანაშემწე იყო და როცა ვაზირთა უპირველესი სააჯო კარს დაჯდებოდა მომჩივანთა განსაკითხავად, მას ყოველთვის საწოლის მწიგნობარი გვერდით უჯდა. ზარდახნის მწიგნობარი სასამართლო საქმეებში მწიგნობართუხუცესის წარვლენილი მოხელე, მისი მინდობილობათა აღმასრულებელი და ნაცვალი იყო. საერთოდ მწიგნობრების საქმე უფრო წერა იყო. ისინი მეფისა და მწიგნობართუხუცესის ბრძანებით წერდნენ სიგელებს და სხვადახვა წყალობის, შეწირულობის ან შეუვალობის წიგნებს.
გვ. 38.
შესმენილი—–ძვ. სასამართლო პრაქტიკაში ბრალდებული.
შემწამებელი—-ძვ. სასამართლო პრაქტიკაში, ბრალის მაუწყებელი, გამომჟღავნებელი.
გვ. 39.
გველის ტყავი, დედაკაცის და ვირის ფსელი…..—– ორგანიზმზე ამათ სარგებლობას ვნახულობთ უსწორო კარაბადინში.
მიჩემება—- ძვ. სასამართლო პრაქტიკაში ეძახდნენ მხოლოდ ეჭვზე დამყარებულ ბრალდებას.
მამხილებელი—-ძვ სასამართლო პრაქტიკაში მოწმე. ის ჩვეულებრივ შვიდი ან მეტი უნდა ყოფილიყო, რათა ბრალი დამტკიცებულად ჩათვლილიყო.
გვ. 42.
საცადურით წამება—–ძვ. სასამართლო პრაქტიკაში ერქვა ბრალდებულის გამოსატეხად მიყენებულ ტანჯვას.
გვ. 44.
სიკვდილს მიეცეს—– უმაღლესი სასჯელი. იგივეა რაც სიკვდილით დასჯა.
რჯულის წიგნი—- იგულისხმება სჯულის კანონის წიგნი, რომელიც წარმოადგენდა მსოფლიო ეკლესიის კრებების დადგენილებას. ეს დადგენილებები საქართველოზეც ვრცელდებოდა.
ვინც განძრახვით მოკლას კაცი ოც წელ…..—— VI მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება. ნაწყვეტი.
გვ. 46.
არავის აქვს უფლება თვით მეფესაც კი განაჩენიდან ერთი თვის განმავლობაში ხელი დააკაროს სიკვდილმისჯილს.—– მაშინდელი კანონმდებლობით სიკვდილმისჯილს განაჩენს გამოცხადებიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ აღუსრულებდნენ. ეს ფატქი განპირობებული იყო იმით რომ ამ ერთი თვის განმავლობაში შეიძლება ახალი გარემოებანი ყოფილიყო აღმოჩენილი რაც გამოიწვევდა სასჯელის გადახედვას.
.უნაგირას მთა—- მთა სადაც გაშენებული იყო ქალაქი ციხე გოჯი.
ქუჯი—- ეგრისის მმართველი ძვ.წ. IV—III საუკუნეში. ფარნავაზის დის ქმარი.
აზონი—- ალექსანდრე მაკედონელის მიერ დანიშნული ბერძენი მმართველი მცხეთაში. ქართველთა მტერი.
ფარნავაზი (ძვ. წ. IV—IIIსაუკუნე) —- ქართლის სამეფოს პირველი მეფე. ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. ქართული დამწერლობის შემომღები.
გვ. 47.
ქაჯთა ქალაქი—-არტაანი
ამირანი—-ქალღმერთ დალისა და უცნობი მონადირის შვილი ქართული ხალხური ეპოსის გმირი. ჰქონდა 12 უღელი ხარ–კამეჩის ღონე, საცრისოდენა თვალები, მგლის მუხლი და ზვავის სისწრაფე.
გვ.48.
ოყა—- წონის საზომი ერთეული ძველ საქართველოში. უდრიდა 1,36 კგ
ქონდაქარი—–ჯალათი.
გვ. 51.
სიქა—- ძალა, ღონე.
ჯრუჭი—-უძველესი ციხე ქალიქი რაჭაში.
გვ. 55.
გიორგი მთაწმინდელი (1009—1065) —- ქართველი საულიერო და საზოგადო მოღვაწე. მწერალი, მთარგმნელი. განათლება ბიზანთიაში მიიღო, რამდენიმე წელი შავ მთაზე მოღვაწეობდა. შემდეგ იერისალიმს გაემგზავრა და იქიდან ათონს. იყო ათონის ივერთა მონასტრის წინამძღოლი 1040—1060 წლებში. 1057 წ. ანტიოქიის პატრიაქთან ცხარე კამათისას ბრწყინვალედ დაიცვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალობა. 1060 წ. ბაგარატ IV მოწვევით საქართველოში ჩამოდის და მაშინვე ერთვება ქართული ეკლესიის დემოკრეტიზაციისაკენ მიმართულ პროცესში, მაგრამ სამწუხაროდ მარცხდება და ტოვებს საქართველოს.
გვ. 56.
ექვთიმე ათონელი (955—1028) —- ქართველი მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე. ათონის ივერთა მონასტრის წინამძღოლი 1005— 1019 წლებში. ძე იოანე მთაწმინდელისა, ათონის ივერთა მონასტრის დამაარსებლისა. ექვთიმე მთაწმინდელს ათონის სამონასტრო ცხოვრება ორ პრინციპზე ჰქონდა აგებული, რომელთა თანახმად სავანეში შემავალთათვის აუცილებელი იყო უარყოფა კერძო საკუთრების და წოდებრიობის. აქ საცვალიც კი არ შეიძლებოდა ვინმეს საკუთრად ჩაეთვალა. ყველაფერი საერთო იყო და ყველანი გვარიანი თუ უგვარონი ვალდებული იყვნენ ფიზიკურადაც თანაბრად ემუშავათ. მან პირველმა საზღვარგარეთის ქართულ ეკლესიაში სოციალური სამართლიანობა და მონასტრის მართვის რესპუბლიკური ფორმა დააფუძნა. ამის გამო ათონის ივერთა მონასტერი ხშირად გამხდარა ბერძენი ბერების თავდახსმის ობიექტი.
ათონი—-წიფლისა და მუხის ტყეებით დაფარული ნახევარკუნძული აღმოსავლეთ საბერძნეთში, ეგეოსის ზღვაში. სიგრძით 50კმ. სიგანით 10კმ. მის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია მთა ათონი სადაც მე-7 საუკუნიდან იწყება განდეგილების , შემდგომ კი მონაზვნების დამკვიდრება და დიდი სამონასტრო მშენებლობები. მე-8 საუკუნის ბოლოს აქ ქართველებს დაუარსებიათ მცირე სავანე სახელად ათო. 963 წელს კი დიდი ლავრა. ქართველებისა და ბერძნების გარდა ათონზე მონასტრები ჰქონდათ სერბებს ბულგარლებს რუსებს და სხვებს.
ათონის ივერთა მონასტერი—-ძვ. ქართული მწერლობისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა ათონის მთაზე. მისი შექმნა დაკავშირებულია იოანე მთაწმინდელის და თორნიკე ერისთავის სახელთან. ამ უკანასკნელმა ბარდა სკლიაროსის ლაშქრის დამარცხების შემდეგ ხელთ იგდო დიდძალი ნადავლი, რომელიც უკლებლივ მონასტერის მშენებლობას მოახმარა.
ლებარდე—- ეგრისის ქედზე მდებარე ბუნებრივი ფიჭვნარებით დაფარული ადგილი.
გვ.57.
არსენ მონაზონი—-(იგივე არსენ ბერი) მე-11 საუკუნის დასასრულისა და მე-12 საუკუნის დასაწყისის ცნობილი რელიგიური და საზოგადო მოღვაწე. დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვარი. არსენ ბერი მოღვაწეობდა შიო მღვიმის ლავრაში. მასვე უკავშირდება ლავრის აშენება, განახლება. არსენ ბერს მიეწერება რუის ურბნისის კრების ძეგლწერა. მასვე ეკუთვნის დავით აღმაშენებელზე დაწერილი ხოტბა. კორნელი კეკელიძის აზრით არსენ ბერი უნდა იყოს აღმაშენებელის მემატიანე ისტორიკოსი. ზოგი მკვლევარი მათ შორის თედო ჟორდანია არსენ ბერს აიგივებს არსენ იყალთოელთან. ამ მხრივ მათ საკმარისი მტკიცებულებები გააჩნიათ.
შავი მთა—-ძვ. ქართული კულტურისა და ქრისტიანული რელიგიის კერა ისტორიულ სირიაში, ახლანდელი ქალაქი ანთაქია თურქეთი. მე-11ს როცა ქართველთა სამონასტრო კოლონიზაცია გაფართოვდა აქ დასახლდნენ ცნობილი ქართველი მოღვაწენი და გააჩაღეს საგანმანათლებლო მოღვაწეობა. შავი მთა წარმოადგენდა ქართული კულტურის დიდ ცენტრს საზღვარგარეთ.
გვ. 59.
იობი—- ბიბლიური პერსონაჟი, რომელსაც ღმერთმა გამოსაცდელად მრავალი განსაცდელი დაატეხა თავს, საბოლოოდ კი მოთმინები-სათვის უხვად დააჯილდოვა.
გვ.60.
აბრაამი—ბიბლიური პერსონაჟი, ებრაელთა მამამთავარი. ღმერთს უნდოდა გამოეცადა მისი რწმენის ძალა და მოსთხოვა აღთქმული შვილის ისააკის შეწირვა. აბრაამს მახვილი ჰქონდა აღმართული ისააკის დასაკლავად, როდესაც უფლის ანგელოზი გამოეცხადა და შეაჩერა.
გვ. 62.
ოსპი—-დაბალი ერთწლოვანი პარკოსანი მცენარე. იკეთებს 1-3 მარცვლიან პარკებს.
გვ. 71.
ტყაპუჭი—- ცხვრის ტყავისაგან შეკერილი ზედა ტანისამოსი.
ჯღანი—-გაბანდული ქალამანი.
. გვ. 73.
პინი—- წამლის შესანახი შუშის ჭურჭელი.
ქურაზარა—- გამომწვარი თიხა.
შარი—- წმინდა საცერი.
ფურნე—-ქურა ჭურჭლის გამოსაწვავი.
ქუზა—- თიხის ჭურჭელი.
ქაშანური—- თიხის ჭურჭელი. მოჭიქული და მოხატული. სპარსეთის ქალაქ ქაშანის სახელის მიხედვით.
ბოტინატი—–ბიზანტიური ფული მოჭრილი კეისარ ბოტანაიტესის მიერ ხმარებაში იყო საქართველოში აღმაშენებლის დროსაც.
გვ. 75.
აპოხტი—- გამხმარი, დაშაშხულუი ხორცი.