პოეზია

შარლ ბოდლერი ამაღლება

ხეობებს ზევით, გუბურების და ზღვების თავზე,
მიღმა ღრუბელთა, მზეთა მიღმა, მიღმა მღვიმეთა,
სადაც ვარსკვლავი არასოდეს არ ციმციმებდა
და სად თავდება დედამიწის ციური გარსი,
შენ იქ მიიწევ, სულო ჩემო, და როგორც ზღვები
თავდავიწყებით ეძახის და ხიბლავს მენავეს,
მიაპობ სივრცეს უსარულოს და უზენესს
მამაკაცური ნეტარებით, ჟინით და ვნებით.
გაექეც ხრწნას და სნეულებას, ვით ანათემას,
განიწმინდე და გაარღვიე ცათა ჯებირი
და როგორც სითხე, უწმინდესი და ღვთაებრივი,
შესვი ცეცხლივით აღგზნებული სივრცის ნათელი.
იგი, ვინც ტყვეა მწუხარების და გარინდების
და ნისლიანი არსებობის ამძიმებს ტვირთი,
კურთხეულია, ფრთებგაშლილი და ზევით ილტვის,
რომ იქ იხილოს ნათელი და მშვიდი მინდვრები.
კურთხეულია, ვისი ფიქრიც ზევით ავიდა,
ვით ტოროლები განთიადზე; და ცის სტუმარი
იქიდან უმზერს მთელ ქვეყანას და იდუმალი
გაიგო ენა საგანთა და ენა ყვავილთა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button