
პრობლემის გადაწყვეტა
პრობლემის გადაჭრა ყოველდღიური ცხოვრების ძირითადი ნაწილია. თქვენ გამუდმებით აწყდებით პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტაც გიხდებათ: _ როგორ მოვახერხოთ სამუშაოსა და მოვალეობების შესრულება დროის განსაზღვრულ პერიოდში; როგორ მივაღწიოთ წარმატებას გასაუბრებაზე; როგორ გავწყვიტოთ ურთიერთობა არასასურველ პიროვნებასთან და ა.შ. მრავალი პრობლემა წარმოადგენს რეალურ ცოდნასა და თქვენთვის საჭირო ინფორმაციას შორის განსხვავების შედეგს. როდესაც პრობლემას წყვეტთ, თქვენ ამცირებთ ამ განსხვავებას საჭირო ინფორმაციის მოპოვებით.. ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების გაცნობა საშუალებას მოგცემთ, ნათელი წარმოდგენა შეიქმნათ პრობლემის გადაწყვეტის თავისებურებების შესახებAდა, შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო რჩევებიც მიიღოთ, რომლებიც დავალების შესრულების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
• პრობლემის გადაწყვეტა (Problem solving) _ აზროვნების პროცესი, რომელიც მიმართულია კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტაზე, რომელიც საწყისი მომენტიდან მიზნის მიღწევამდე მიმდინარეობს მთელი რიგი ფსიქიკური ოპერაციების საშუალებით.
• მსჯელობა (Reasoning) _ აზროვნების პროცესი, როდესაც ვასკვნით ფაქტების ერთობლიობაზე დაყრდნობით; მოცემულ მიზანზე ან ობიექტზე მიმართული აზროვნების პროცესი.
პრობლემური სიტუაცია
როგორ განსაზღვრავთ პრობლემას რეალურ ცხოვრებისეულ პირობებში? ჩვეულებრივ, თქვენ აცნობიერებთ განსხვავებას თქვენს არსებულ მდგომარეობასა და სასურველ მიზანს შორის. მაგალითად, მატერიალურ გაჭირვებას განიცდით და ფულის შოვნა გსურთ; თქვენთვის ცნობილია, აგრეთვე, რა შეგიძლიათ (ან გინდათ) გააკეთოთ პრობლემის დასაძლევად. მაგალითად, თქვენ შეეცდებით შეთავსებით რაიმე სამსახურის შოვნას და არ დაიწყებთ ჯიბის ქურდობას. პრობლემის ფორმალური განსაზღვრა სამ ელემენტს მოიცავს (Newell & Simon, 1972). პრობლემა განისაზღვრება:
1. თავდაპირველი მდგომარეობით _ არასრული ინფორმაცია ან არადამაკმაყოფილებელი პირობები;
2. მიზნით _ ინფორმაცია ან პირობები თქვენთვის სასურველი გარემოს შესახებ;
3. ოპერაციათა თანმიმდევრობით _ ის სავარაუდო საფეხურები, რომლებსაც გაივლით მოცემული მდგომარეობებიდან სასურველი მიზნის მისაღწევად.
ამ სამი ელემენტის ერთობლიობით განისაზღვრება პრობლემური სიტუაცია. ილუსტრაციის მიზნით პრობლემის გადაწყვეტა შეგვიძლია შევადაროთ ლაბირინთში გზის პოვნას (პრობლემური სიტუაცია), რომელიც საწყისი წერტილიდან (თავდაპირველი მდგომარეობა) სასურველ წერტილამდე გადაადგილებას (მიზანი) გულისხმობს. ამ დროს თქვენ გიხდებათ დასაშვები ოპერაციების განხორციელება.
• პრობლემური სიტუაცია (Problem space) _ ელემენტები, რომლებიც ქმნიან პრობლემას: _ საწყისი მდგომარეობა _ არასრული ინფორმაცია ან პიროვნებისათვის არადამაკმაყოფილებელი პირობები; მიზანი _ ინფორმაცია ან მდგომარეობა, რომელსაც ესწრაფვის ადამიანი; ოპერაციების ერთობლიობა _ პიროვნების მიერ საწყისი მდგომარეობიდან სასურველ მიზნამდე მისაღწევად გავლილი საფეხურები.
• ალგორითმი (Algorithm) _ თანმიმდევრული, საფეხურეობრივი პროცედურა, რომლის საშუალებითაც ვპოულობთ სწორ პასუხს კონკრეტული ტიპის პრობლემის გადასაჭრელად.
• ევრისტიკა (Heuristics) _ კოგნიტური სტრატეგია ან ,,პრაქტიკული მეთოდი”, რომელიც ხშირად გამოიყენება როგორც შემოკლებული გზა რთული ამოცანის გადასაჭრელად.
პრობლემების გადაჭრისას საწყისი სიძნელეების უმრავლესობა იმ შემთხვევაში ჩნდება, თუ ამ სამი ელემენტიდან რომელიმე არ არის საკმარისად განსაზღვრული (Simon, 1973). . კარგად განსაზღვრული პრობლემა სახელმძღვანელოში მოცემულ პრობლემას ჰგავს, რომელშიც გარკვევითაა წარმოდგენილი საწყისი მდგომარეობა, მიზანი და ოპერაციები, რომელიც მიზნის მისაღწევადაა საჭირო. თქვენი ამოცანაა, მიხვდეთ, თუ როგორ გამოიყენოთ ოპერაციები პასუხის მისაღებად. ცუდად განსაზღვრული პრობლემა კი სახლის დიზაინის შექმნას, რომანის დაწერას ან შიდსის მკურნალობის მეთოდის აღმოჩენას ჰგავს, სადაც ნათლად არ არის გამოყოფილი საწყისი მდგომარეობა, მიზანი და ოპერაციები. ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, საჭიროა პრობლემის არსის ზუსტი განსაზღვრა _ მისი საწყისი მდგომარეობის, იდეალური გადაწყვეტის და მიზნის მიღწევის შესაძლო საშუალებების დადგენა.
როგორც თქვენი გამოცდილებიდან იცით, მაშინაც კი, როდესაც საწყისი მდგომარეობა და საბოლოო მიზანი კარგად არის განსაზღვრული, მაინც ძნელია სწორი ოპერაციების (მოქმედებების) მოძებნა მიზნის მისაღწევად. თუ თქვენი გამოცდილებიდან გაიხსენებთ მათემატიკის გაკვეთილს, დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც ასეა. მაგალითად, მასწავლებელმა მოგცათ ფორმულა x2+x-12=0 და გთხოვათ, განსაზღვროთ x-ის მნიშვნელობა. რას აკეთებთ ამისათვის? ამ ალგებრული ამოცანის გადასაწყვეტად შეგიძლიათ გამოიყენოთ ალგორითმი: _ თანმიმდევრული, საფეხურეობრივი პროცედურა, რომელიც ყოველთვის გვაძლევს სწორ პასუხს (კონკრეტული ტიპის პრობლემების გადასაჭრელად). თუ ალგებრულ წესებს სწორად გამოიყენებთ, აუცილებლად მიიღებთ x-ის სწორ მნიშვნელობას (ე.ი. 3 და -4). ალგორითმი საკეტის კოდის დავიწყების შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. თუ თქვენ თანმიმდევრობით ცდით სხვადასხვა ვარიანტებს (მაგალითად, 1, 2, 3; 1, 2, 4), გასაღებს აუცილებლად მიაგნებთ, თუმცა, ამისთვის, შესაძლოა, ძალიან დიდი დრო დაგჭირდეთ. ალგორითმის გამოყენება უფრო ეფექტურია კარგად განსაზღვრული პრობლემის გადასაჭრელად, სადაც ნათლად არის გამოყოფილი საწყისი მდგომარეობა და მიზანი, ვიდრე ცუდად განსაზღვრული პრობლემის შემთხვევაში.
როდესაც ალგორითმის გამოყენება შეუძლებელია, ადამიანები ხშირად იყენებენ ევრისტიკულ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც ეფუძნება პრაქტიკულ საქმიანობასა და გამოცდილებას. წარმოიდგინეთ, რომ კითხულობთ დეტექტივს საიდუმლო მკვლელობის შესახებ და გსურთ გაარკვიოთ, ვინ მოკლა მდიდარი კომერსანტი. თქვენ, შესაძლოა, გამორიცხოთ, რომ იგი უფროსმა მსახურმა მოკლა, რადგან თქვენი გამოცდილებით მიგაჩნიათ, რომ ავტორი არ მიმართავდა შინაარსის ასეთ ბანალურ განვითარებას. როგორც შემდეგ ვნახავთ, ევრისტიკა წარმოადგენს მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელოვან ასპექტს.
პრობლემის გადაჭრის გაუმჯობესება\; რა უშლის ხელს პრობლემის გადაწყვეტას? თუ გამოიყენებთ თქვენს ყოველდღიურ გამოცდილებას, შეიძლება მიხვიდეთ დასკვნამდე, რომ „უამრავი რამ არის ერთდროულად გასათვალისწინებელი.“ პრობლემის გადაწყვეტის პროცესებზე დაკვირვებას ზუსტად იმავე დასკვნამდე მივყავართ. ხშირად პრობლემის გადაჭრას აძნელებს ის, რომ მისი გადაწყვეტის გონებრივი მოთხოვნები აღემატება გადამუშავების არსებულ რესურსებს (Kotovsky et al., 1985; Kotovsky & Simon, 1990). პრობლემის დასაძლევად საჭიროა მთელი რიგი თანმიმდევრული ოპერაციების დაგეგმვა. თუ მოქმედებათა ეს რიგი, ან თვითონ გეგმაში მოცემული თითოეული მოქმედება მეტად რთულია, შესაძლოა, ვერც კი დაინახოთ საწყისი მდგომარეობიდან საბოლოო მიზნამდე მისაღწევი გზა. როგორ შეგიძლიათ ამ შესაძლო პრობლემის გადაჭრა?
პრობლემის გადაწყვეტის გაუმჯობესებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი რესურსების შესაბამისი, რეალურად განსახორციელებელი გეგმის შემუშავებას.
თუ თქვენ რეგულარულად გიხდებათ ერთი ტიპის პრობლემების გადაჭრა, მაშინ მიზანშეწონილი იქნება დაეუფლოთ დაძლევის პროცესში გამოყენებულ კომპონენტებს, რაც განაპირობებს პროცესის ავტომატიზაციას და ნაკლებ ძალისხმევას (Kotovsky et al., 1985). დავუშვათ, ტაქსის მძღოლად მუშაობთ ნიუ-იორკში და ყოველდღიურად გიხდებათ მანქანებით გადაჭედილ ქუჩებში პიკის საათის დროს მოძრაობა. შეგიძლიათ ქალაქის სხადასხვა მონაკვეთში განსხვავებული საპასუხო რეაქციები გამოიმუშავოთ. ასე რომ, თუ დროთა განმავლობაში გადწყვეტილების მზა კომპონენტები გექნებათ, თქვენ მთელ ყურადღებას გზას მიაპყრობთ. მაგალითად, მგზავრს მისი აყვანის ადგილზევე გადაახდევინებთ მგზავრობის საფასურს, შემდეგ კი შეძლებთ მთელი თქვენი ყურადღება მოძრაობაზე გადაიტანოთ.
• ფუნქციონალური რიგიდობა (Functional fixedness) – საგნის ტრადიციული ხედვის შეცვლისა და ახალი ფუნქციის დანახვის და მისი ეფექტურად გამოყენების უნარის არ ქონა.
გაგაცნობთ წარსული გამოცდილების აწმყოში გამოყენების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს. მსოფლიო ჩემპიონს, გარი კასპაროვს შეუძლია ჭადრაკის ფიგურების წამგებიანი განლაგების პოზიციების განსაზღვრა და თითოეულ შემთხვევაში გამოცდილი სტრატეგიის გამოყენება, რაც მას საშუალებას აძლევს ერთდროულად რამდენიმე ოპონენტი დაამარცხოს (Gობეტ & შიმონ, 1996).
რიგ შემთხვევაში სასარგებლო რეპრეზენტაციის პოვნა პრობლემის სრულიად ახალ ჭრილში გააზრების საშუალებას იძლევა.. როგორ აპირებთ ამ ამოცანის ამოხსნას? დაფიქრდით, სანამ კითხვას გააგრძელებდეთ. თუ თქვენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მათემატიკური ხერხების გამოყენება სცადეთ, წარმატებას ვერ მიაღწევდით. ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება წარმოიდგინოთ ორი ბერი, რომელთაგან ერთი მთის წვერიდან ჩამოდის, მეორე კი – ადის (Adams, 1986). ისინი ხომ ერთ წერტილში შეხვდებიან ერთმანეთს ახლა ორი ბერი შეცვალეთ ერთით. აზრობრივად ეს ერთი და იგივეა, ე.ი. ამოცანა დამტკიცებულია. ამოცანის ასეთ გამარტივებას უზრუნველყოფს სწორედ ვიზუალური და არა ვერბალური ან მათემატიკური რეპრეზენტაციის გამოყენება.
როდესაც რაიმე პრობლემის გადაჭრას ცდილობთ, როგორც წესი, თქვენ ფიქრობთ ანუ აზროვნებთ. ქვემოთ განვიხილავთ აზროვნების ერთ-ერთ ფორმას, რომელსაც დედუქციური აზროვნება ეწოდება.
დედუქციური აზროვნება
არისტოტელე იკვლევდა, თუ რა ლოგიკური მიმართება არსებობდა წინადადებებს შორის, რომლებიც რეალურ დასკვნამდე მიგვიყვანდა. დედუქციური აზროვნება ლოგიკური წესების სწორად გამოყენებას გულისხმობს. ფსიქოლოგები იკვლევენ, გვაქვს თუ არა დედუქციური აზროვნების ფორმალური წესები (Schaeken et al., 2000).. ეს მასშტაბური კვლევა გვაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, მართლაც გაგვაჩნია ზოგადი ლოგიკური აზროვნების უნარი, მაგრამ რეალურ სამყაროში დედუქციურ აზროვნებაზე გავლენას ახდენს სპეციფი¬კური ცოდნა სამყაროს შესახებ და კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებული რეპრეზენტაციული რესურსები.
• დედუქციური აზროვნება (Deductive reasoning) – აზროვნების ფორმა, რომელიც ორი ან მეტი წანამძღვრიდან ლოგიკური დასკვნის გაკეთების უნარს გულისხმობს.
ადამიანები ჭეშმარიტად მიიჩნევენ იმ დასკვნებს, რომელთათვისაც შეუძლიათ რეალური სამყაროს მისაღები მოდელის აგება, ხოლო მცდარად თვლიან იმ დასკვნებს, რომელთათვისაც ამის გაკეთება უჭირთ (Evans et al., 1983; Janis & Frick, 1943; Newstead et al., 1992).
• რწმენის ეფექტი (belief-bias effect) – სიტუაცია, რომელსაც პიროვნების ცოდნა, განწყობა, ღირებულებები ამახინჯებს და რომელიც ცვლის აზროვნების პროცესს, აიძულებს მას მიიღოს მცდარი არგუმენტები.
თუ არსებობს ისეთი დამაჯერებელი დასკვნა, რომელიც შეესაბამება ადამიანის გონებაში პრობლემის რეპრეზენტაციას, ეს დასკვნა ჭეშმარიტად მიიჩნევა.
ლოგიკური აზროვნების ისეთი ფორმალური ინსტრუქციები, რომლებიც აქ არის აღწერილი, ამცირებს რწმენის გავლენას დასკვნაზე (Evans et al., 1994).
ინდუქციური აზროვნება
• ინდუქციური აზროვნება (Inductive reasoning)– აზროვნების ფორმა, რომელიც მისაწვდომ მტკიცებულებაზე და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გარკვეული ალბათობით დასკვნის გაკეთებას გულისხმობს.
თქვენ ინდუქციურ აზროვნებას შემდეგ შემთხვევებში იყენებთ: _ ჰაერში პოპკორნის სურნელის საფუძველზე ასკვნით, რომ ვიღაც პოპკორნს აკეთებს; ინდუქციურ აზროვნებას იყენებთ, თუ დაეთანხმებით აზრს, რომ ასოები ამ ფურცელზე უეცრად არ გაუჩინარდება (ან თუ ისწავლით, თქვენი ცოდნა არ გაუჩინარდება ტესტირების დროს).
დაბოლოს, თქვენი ვარაუდი, რომ იგი ნამდვილად მაღალი წრის წარმომადგენელია, მისი მეტყველების მანერიდან გამომდინარე, ინდუქციური აზროვნების ნიმუშს წარმოადგენს.
რეალურ ცხოვრებაში პრობლემის გადაჭრის უნარი ხშირად ინდუქციურ აზროვნებაზეა დამოკიდებული. მაგალითს. თქვენ შემთხვევით ჩაგეკეტათ კარი და გარეთ დარჩით. რას მოიმოქმედებთ ამ შემთხვევაში? წარსულში ასეთ დროს მიღებული გადაწყვეტილების გახსენება პირველი მიზანშეწონილი ნაბიჯია. ამ პროცესს პრობლემის ანალოგიური გადაწყვეტა ეწოდება. Aამ დროს თქვენ იწყებთ აწმყო და წარსულ სიტუაციებს შორის საერთოს ძიებას (Holyoak & Nisbett, 1988; Holyoak & Thagard, 1997). `კარის ჩაკეტვის და გარეთ დარჩენის“ წარსული გამოცდილების საფუძველზე შეიძლება გაგახსენდეთ ზოგადი წესი: _ `ისეთი ადამიანების მოძებნა, რომელთაც აქვთ გასაღები”. ამ წესით შეიარაღებული, თქვენ იწყებთ ამ ადამიანების გამოყოფას და ფიქრს, თუ როგორ იპოვოთ ისინი (Ross & Kenedy, 1990), რისთვისაც შეიძლება დაგჭირდეთ იმ მეთოდის გახსენება, რომელიც თქვენი მეგობრების მოსაძებნად შეიმუშავეთ. ამ პრობლემის გადაჭრა იმიტომ გეადვილებათ, რომ თქვენ უკვე მიეჩვიეთ წარსული გამოცდილების გამოყენებას: _ ინდუქციური აზროვნება საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოთ გამოცდილი მეთოდები და სწრაფად გადაჭრათ ახალი პრობლემები.
რაც უფრო ზუსტად და სწორად გაქვთ გაგებული ძველი პრობლემის კომპონენტები და სტრუქტურა, მით უფრო ადვილია ძველ და ახალ პრობლემებს შორის მსგავსების დანახვა და გადაწყვეტილების მეთოდის მორგება. მანამდე კი შეგიძლიათ, ენდოთ ფსიქოლოგ-ექსპერიმენტატორებს და მათ მიერ მიღებული შედეგები მასწავლებლებს და სახელმძღვანელოს ავტორებს გაუზიაროთ.
ინდუქციურ აზროვნებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ. ხშირად შესაძლებელია ეფექტური გადაწყვეტილების განმეორებით გამოყენება, მაგრამ რიგ შემთხვევებში, როცა ძველ და ახალ სიტუაციას შორის კრიტიკული განსხვავებაა, წარსულზე დამოკიდებულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ახალი პრობლემის დაძლევას.
განწყობა – ეს არის ფსიქიკური აქტივობის, აზროვნების თუ ჩვევის წინმსწრები მდგომარეობა, რომელსაც გარკვეული პირობების ზემოქმედებით შეუძლია აღქმისა და პრობლემის გადაჭრის ეფექტურობისა და სისწრაფის გაზრდა. თუმცა, მაშინ, როდესაც აზროვნებისა და მოქმედების ძველი ხერხები ახალ სიტუაციაში არ არის პროდუქტიული, მათ შეუძლიათ ფსიქიკური აქტების შეფერხება და დამახინჯება. როდესაც პრობლემურ სიტუაციაზე ფიქრის დროს გაიჭედებით, დაიხიეთ უკან და ჰკითხეთ საკუთარ თავს: _ წარსული წარმატება ხომ არ განაპირობებს თქვენი ხედვის შეზღუდვას?
პრობლემის გადაჭრისას გაითვალისწინეთ პრობლემური სიტუაციებისა და მათი დაძლევის რაც შეიძლება ფართო სპექტრი, რაც უფრო შემოქმედებითს გახდის დაძლევის პროცესს.
ამ ნაწილში ჩვენ პრობლემის გადაწყვეტისა და აზროვნების სხვადასხვა ტიპები და კონკრეტული ეტაპები განვიხილეთ, რომლებიც რეალურ პირობებში მოქმედების გაუმჯობესების მიზნით უნდა გაიაროთ..
შეჯამება
პრობლემური სიტუაცია მოიცავს თავდაპირველ მდგომარეობას, მიზანს და მთელ რიგ ოპერაციებს, რომელთა საშუალებითაც თავდაპირველი მდგომარეობიდან ინდივიდი აღწევს მიზანს. პრობლემის დაძლევა უფრო ეფექტურია, როცა ადამიანები გადაწყვეტილების კომპონენტებს გამოცდიან და სასარგებლო რეპრეზენატაციებს პოულობენ. დედუქციური აზროვნების გამოყენებით სანდო დასკვნებს ვიღებთ. კვლევის შედეგების საფუძველზე დადგინდა, რომ ადამიანები ყოველთვის არ არიან თანმიმდევრულნი დედუქციური აზროვნების დროს. მაგალითად, ისინი ტყუვდებიან რწმენის გავლენით, თუმცა, „აკრძალვების“ სიტუაციაში დედუქციური აზროვნების ეფექტურობა იმატებს.
ინდუქციური აზროვნება წარსული გამოცდილების გენერალიზაციას მოითხოვს. ინდუქციას დიდი გამოყენება აქვს ანალოგიური პრობლემის გადაჭრის დროს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, იპოვონ მისი ანალოგიური ძველი პრობლემა, რომლის დაძლევის გზებიც მათთვის უკვე ცნობილია.