
ცნობიერების შინაარსი
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი „ცნობიერება“ ორაზროვანია. ის შეიძლება გამოვიყენოთ როგორც გონების ზოგადი მდგომარეობის, ისე მისი სპეციფიკური შინაარსების აღსანიშნად: ზოგჯერ ვამბობთ, რომ „ცნობიერ“ მდგომარეობაში ვიყავით „არაცნობიერის“ საპირისპიროდ (მაგალითად, ანესთეზიის ან ძილის დროს); სხვა შემთხვევაში ვამბობთ, რომ ცნობიერ მდგომარეობაში ვართ ანუ ვაცნობიერებთ კონკრეტულ ინფორმაციას ან მოქმედებას. აქ ნათლად ჩანს გარკვეული თანმიმდევრობა _ იმისათვის, რომ ვაცნობიერებდეთ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას, ცნობიერ მდგომარეობაში უნდა ვიმყოფებოდეთ. ამ თავში, როდესაც ვისაუბრებთ ცნობიერების შინაარსებზე, მხედველობაში გვექნება ის ინფორმაცია, რომელსაც ვაცნობიერებთ, რომლის შესახებაც ვიცით.
გაცნობიერება და ცნობიერება
ადრეულ ფსიქოლოგიურ კვლევათა ნაწილი ცნობიერების შინაარსებს ეძღვნებოდა. XIX საუკუნის დასაწყისში თანდათანობით დაშორდა რა ფსიქოლოგია ფილოსოფიას, ის ჩამოყალიბდა, როგორც ცნობიერების, გონების შესახებ მეცნიერება. ვუნდტი და ტიტჩენერი ინტროსპექციის მეთოდს იყენებდნენ ცნობიერი ფსიქიკის შინაარსების საკვლევად, უილიამ ჯემსი კი საკუთარი ცნობიერების ნაკადის კვლევით იყო დაკავებული . ფაქტობრივად, მისი კლასიკური ნაშრომის _ „ფსიქოლოგია“ (1892წ.) პირველ გვერდზე ჯემსი ფსიქოლოგიას განმარტავს, როგორც „მეცნიერებას ცნობიერების, როგორც ასეთის, მდგომარეობების აღწერისა და ახსნის შესახებ.“
ჩვეულებრივი ფხიზელი ცნობიერება მოიცავს ჩვენს აღქმებს, აზრებს, გრძნობებს, წარმოდგენებსა და სურვილებს მოცემულ მომენტში ანუ მთელ მენტალურ აქტივობას, რაზეც ვახდენთ ყურადღების კონცენტრაციას. ჩვენ ვაცნობიერებთ თავად მოქმედებას, რომელსაც ვახორციელებთ და იმ ფაქტსაც, რომ ვახორციელებთ ამ ქმედებას. ხანდახან იმასაც ვაცნობიერებთ, რომ სხვები აკვირდებიან, აფასებენ და რეაგირებენ ჩვენს მიერ განხორციელებულ ქცევებზე. საკუთარი თავის შეგრძნება მოდის გამოცდილებიდან, რომელსაც პრივილეგირებული „შინაგანი“ პოზიციიდან საკუთარ თავზე დაკვირვებით ვიღებთ. ეს სხვადასხვაგვარი გონებრივი აქტივობები, ერთად აღებული, ქმნიან ცნობიერების შინაარსს _ ყველა ამ გამოცდილებას ცნობიერად აღვიქვამთ დროის გარკვეულ მომენტში (Natsouias, 1998).
ახლა უფრო ზუსტად შეგვიძლია განვსაზღვროთ ცნობიერების სამი სხვადასხვა დონე. ისინი პირობითად შეესატყვისება: (1) ბაზისური დონე _ შინაგანი და გარეგანი სამყაროს ცნობიერება; (2) მეორე დონე _ იმის ასახვა, გააზრება, რასაც ვაცნობიერებთ და (3) მესამე, უმაღლესი დონე _ საკუთარი თავის, როგორც ცნობიერი, მოაზროვნე ინდივიდის, გაცნობიერება. ბაზისურ დონეზე ცნობიერება წარმოადგენს იმის გაცნობიერებას, რომ ჩვენ აღვიქვამთ და ვრეაგირებთ ხელმისაწვდომ პერცეპტულ ინფორმაციაზე. ამ დონეზე ჩვენ ვაცნობიერებთ საათის წიკწიკს და შიმშილის ოდნავ შესამჩნევ შეგრძნებას. მეორე დონეზე ცნობიერება სიმბოლურ ცოდნას ეყრდნობა, რომელიც გვანთავისუფლებს რეალურ ობიექტებსა და მიმდინარე მოვლენებზე მიჯაჭვულობისგან. ამ დონეზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და მოვახდინოთ მანიპულირება ობიექტებით მათი არყოფნის პირობებში, წარმოვისახოთ ახალი ფორმები და გამოვიყენოთ უკვე ნაცნობი ფორმები ან პატერნები, დავგეგმოთ/შევქმნათ უტოპიები. ცნობიერების უმაღლესი დონეა თვითცნობიერება, შემეცნება, (გაცნობიერება) იმისა, რომ პიროვნულად განცდილ მოვლენებს ავტობიოგრაფიული ხასიათი აქვს. თვითცნობიერება გვაძლევს პიროვნული ისტორიისა და იდენტურობის შეგრძნებას. ცნობიერების ამ დონეზე, თუ ჩვენს გამოცდილებაში სამყარო არსებობს, როგორც ნათელი, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი რამ, მაშინ თანდათანობით გვიყალიბდება ამის შესატყვისი მოლოდინები, და ეს მოლოდინები აღგვჭურავს აწმყოში საუკეთესო მიმდინარე ქმედებით და მომავლის დაგეგმვას ახდენს.
ცნობიერების ხელმისაწვდომობა
ჩვენ განვსაზღვრეთ ინფორმაციის ზოგადი ტიპები, რომელიც შესაძლოა განცობიერდეს გარკვეულ ადგილზე და გარკვეულ დროში, მაგრამ რა განაპირობებს იმას, თუ რა ცნობიერდება სწორედ ამ მომენტში? მაგალითად, ამ წუთში აცნობიერებთ თუ არა თქვენს სუნთქვას? ალბათ, არა. სუნთქვის კონტროლი არაცნობიერი პროცესების ნაწილია. ფიქრობთ თუ არა თქვენს ბოლო შვებულებაზე ან „ჰამლეტის“ ავტორზე? ალბათ, ისევ არა. ასეთი აზრების კონტროლი წინარეცნობიერი მეხსიერების ნაწილია. აცნობიერებთ თუ არა ისეთ ფონურ ხმაურებს, როგორიცაა საათის წიკწიკი, ტრანსპორტის მოძრაობის ხმა ან ნათურის ზუზუნი? საკმაოდ რთული იქნება ამ ყველაფრის გაცნობიერება (აღქმა) და თან სრული კონცენტრაციის შენარჩუნება ამ თავის შინაარსზე. ყველა ეს სტიმული ყურადღების მიღმა დარჩენილი ინფორმაციის ნაწილია. დაბოლოს, არსებობს არაცნობიერი ინფორმაცია, რომელიც ძნელად ხელმისაწვდომია ცნობიერი აღქმისათვის, ასეთ ინფორმაციას მიეკუთვნება, მაგალითად, გრამატიკული წესები, რომელიც შესაძლებელს ხდის წინადადების მნიშვნელობის გაგებას. ახლა ცალ-ცალკე განვიხილოთ ცნობიერების თითოეული ტიპი.
არაცნობიერი პროცესები
ეს არის მთელი რიგი არაცნობიერი სხეულებრივი აქტიობებისა, რომლებიც ძალზე იშვიათად თუ იჭრება ცნობიერებაში. არაცნობიერი პროცესების მუშაობის მაგალითია სისხლის წნევის რეგულაცია. ნერვული სისტემა ადევნებს რა თვალყურს ფიზიოლოგიურ ინფორმაციას, უწყვეტად აფიქსირებს მიმდინარე ცვლილებებს და შესაბამისად რეაგირებს მათზე ყოველგვარი გაცნობიერების გარეშე. გარკვეულ შემთხვევებში, ზოგიერთი ჩვეულებრივი არაცნობიერი აქტივობა შეიძლება ცნობიერი გახდეს. მაგალითად, შეიძლება მიზნად დავისახოთ სუნთქვის ცნობიერი გაკონტროლება. მიუხედავად ამისა, ნერვული სისტემა მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციას უზრუნველყოფს ცნობიერების ყოველგვარი პროცესის გარეშე.
წინარეცნობიერი მეხსიერება
მოგონებები, რომლებიც მხოლოდ მას შემდეგ ხდება ცნობიერებისათვის ხელმისაწვდომი, რაც რაღაც წარმართავს ჩვენს ყურადღებას მათზე, წინარეცნობიერი მოგონებების სახელით არის ცნობილი. მოგონებები უზარმაზარი მოცულობის მქონე ინფორმაციასთან ერთად ინახება, როგორიცაა, მაგალითად, ენების, სპორტის ან გეოგრაფიის ზოგადი ცოდნა და მოგონებები პიროვნულად განცდილი მოვლენების შესახებ. წინარეცნობიერი მეხსიერება შეუმჩნევლად არსებობს ჩვენს გონებაში მანამ, სანამ არ შეიქმნება მათი ცნობიერად არსებობის საჭიროების სიტუაცია (როგორც მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი წარსული მოვლენის მოგონება გთხოვეთ). მეხსიერების შესახებ დაწვრილებით ვისაუბრებთ VIII თავში.
• ცნობიერება (Consciousness) _ შინაგანი მოვლენებისა და გარემოს პირობების ცნობიერად აღქმის მდგომარეობა (გაცნობიერება)
• თვითცნობიერება (Self-awareness) _ ცნობიერების უმაღლესი დონე, პიროვნულად განცდილი მოვლენების ავტობიოგრაფიული ხასიათის შემეცნება.
• არაცნობიერი (Nonconscioes) _ ინფორმაცია, რომელიც, ჩვეულებრივ, ხელმიუწვდომელია ცნობიერებისათვის ან მეხსიერებისათვის.
• წინარეცნობიერი მეხსიერება (Preconscious memories) _ მეხსიერება, რომელიც მოცემულ მომენტში არ არის ცნობიერი, მაგრამ ცნობიერდება აუცილებლობის შემთხვევაში.
ყურადღების მიღმა დარჩენილი ინფორმაცია
ნებისმიერ მოცემულ მომენტში ურიცხვი რაოდენობის სტიმულით ვართ გარშემორტყმულნი, ჩვენ მხოლოდ მათ მცირე ნაწილზე შეგვიძლია ყურადღების ფოკუსირება. რაზე მოვახდენთ ფოკუსირებას და, ამასთანავე, რომელი მოგონებები გაცოცხლდება, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა გვაქვს ცნობიერებაში. თუმცა, ხანდახან შეინიშნება ისეთი ინფორმაციის არაცნობიერი რეპრეზენტაცია, რომელიც არ ხვდება ყურადღების ფოკუსში.
არაცნობიერი
ჩვენ, ჩვეულებისამებრ, ვაფიქსირებთ არაცნობიერი ინფორმაციის არსებობას, როდესაც ვერ ვხსნით ზოგიერთ ქცევას ცნობიერი ძალების მოქმედებით ქცევის მიმდინარეობის მომენტში. არაცნობიერი ძალების შესახებ პირველი თეორია ზიგმუნდ ფროიდს ეკუთვნის, რომლის თანახმადაც, გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება _ ტრავმული მოგონებები და ტაბუირებული სურვილები _ იმდენად შიშის მომგვრელია, რომ სპეციფიკური მენტალური პროცესები, პერმანენტულად დევნიან მათ ცნობიერებიდან. ფროიდის მიხედვით, როდესაც ორიგინალური, მიუღებელი იდეები და მოტივები განდევნილია ანუ ცნობიერების ფარგლებს მიღმაა, აზრებთან ასოცირებული ძლიერი განცდები ისევ ინარჩუნებენ თავიანთ ძალას და ზეგავლენას ახდენენ ქცევაზე. არაცნობიერის ფროიდისეული „აღმოჩენა“ ეწინააღმდეგება დასავლური აზრის ხანგრძლივ ტრადიციას. ინგლისელი ფილოსოფოს ლოკის (1690/1975) გონების შესახებ დაწერილი კლასიკური ნაშრომის „ესსე ადამიანის შემეცნების შესახებ“ _ გამოქვეყნების შემდეგ, მოაზროვნეთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ რაციონალური არსებების დამახასიათებელია საკუთარი გონების ყველა აქტივობაზე ხელმისაწვდომობა. ფროიდის პირველადი ჰიპოთეზა არაცნობიერი მენტალური პროცესების არსებობის შესახებ შეურაცხმყოფელად და აღმაშფოთებლად ითვლებოდა მის თანამედროვეთა შორის (Dennett, 1987).
დღესდღეობით მრავალი ფსიქოლოგი იყენებს ტერმინს არაცნობიერი იმ ინფორმაციისა და პროცესების აღსანიშნად, რომელიც უფრო სასურველი და მისაღებია, ვიდრე აზრები, რომელიც, ფროიდის თანახმად, განდევნას ექვემდებარება.
ცნობიერი დონის მიღმა მოქმედი პროცესები ხშირად ახდენენ გავლენას ჩვენს ქცევაზე. ამგვარად, ჩვენ თანდათანობით გადავინაცვლეთ ცნობიერების შინაარსის განხილვიდან ცნობიერების ფუნქციების განხილვაზე. სანამ დეტალურად განვიხილავთ ამ საკითხს, მოკლედ აღვწერთ ორ გზას, რომლითაც შესაძლებელია ცნობიერების შინაარსის შესწავლა.
შეჯამება
ცნობიერება შეიძლება სამ დონეზე განისაზღვროს: შინაგანი და გარეგანი სამყაროს გაცნობიერება, იმის გააზრების შესაძლებლობა, რასაც ვაცნობიერებთ (აღვიქვამთ) და საკუთარი თავის, როგორც ცნობიერი, მოაზროვნე არსების განცდა. მრავალი სხეულებრივი პროცესი, როგორიცაა, მაგალითად, სუნთქვა, ჩვეულებრივ, არაცნობიერია. ჩვენ ვფლობთ უზარმაზარ ინფორმაციას, რომელიც ინახება მეხსიერებაში; ეს უკანასკნელი კი წინარეცნობიერს წარმოადგენს, საიდანაც მოთხოვნისთანავე შეიძლება გადავიდეს საჭირო ინფორმაცია ცნობიერში. ყურადღების მიღმა დარჩენილი ინფორმაცია არის გარემოში არსებულ სტიმულთა დიდი რაოდენობა, რომელსაც ცნობიერად არ ვაქცევთ ყურადღებას. თუ ფროიდი არაცნობიერს განდევნილ მოგონებებთან აკავშირებდა, თანამედროვე მკვლევრები აფართოებენ არაცნობიერის ცნებას და მასში ინფორმაციისა და პროცესების მრავალ სახეობას მოიაზრებენ. ფსიქოლოგები ცნობიერების შინაარსის შესასწავლად იყენებენ ისეთ ტექნიკებს, როგორიცაა ხმამაღალი ფიქრის ოქმები და გამოცდილებით შერჩევის მეთოდი.
ცნობიერების გამოყენება
ადამიანის ცნობიერება ევოლუციურ გარემოში ყველაზე მტრულად განწყობილ ძალასთან _ სხვა ადამიანებთან ჭიდილსა და შეჯიბრში გამოიწრთო. ადამიანის გონება, შესაძლოა, განვითარდა, როგორც ადამიანთა წინაპრების უკიდურესი სოციობილურობის შედეგი, რაც, სავარაუდოდ, მტაცებლებისგან ჯგუფური თავდაცვისა და რესურსების უფრო ეფექტურად მოპოვების ძირითად საშუალებას წარმოადგენდა. თუმცა, მჭიდრო ჯგუფური ცხოვრება ახალ მოთხოვნებს ქმნის როგორც თანამშრომლობის, ისე კონკურენციისათვის. ბუნებრივი გადარჩევა სწყალობდა მათ, ვინც აზროვნებდა, გეგმავდა და წარმოისახავდა ალტერნატიულ რეალობებს, რაც ნათესაობის ერთად შეკვრისა და მტრებზე გამარჯვების წინაპირობას ქმნიდა. ისინი, ვისაც უფრო ადაპტირებული გონება აღმოაჩნდა და ვინც შექმნა სამეტყველო ენა და შრომის იარაღები, გამარჯვებულნი გამოვიდნენ გადარჩენისათვის ბრძოლაში და მოიპოვეს უდიდესი ჯილდო _ გადარჩნენ, შეინარჩუნეს სიცოცხლე და, საბედნიეროდ, ის ჩვენამდეც მოიტანეს (Dონალდ, 1995; Mცპჰაილ, 1998).
ვინაიდან ცნობიერებამ ევოლუცია განიცადა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის უზრუნველყოფს სახეობის გადარჩენისთვის საჭირო მთელ რიგ ფუნქციებს (Bაარს, 1997; Bაარს & MცGოვერნ, 1994; ჩჰენეყ & შეყფარტჰ, 1990; Oრნსტეინ, 1991). ცნობიერება, ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნული და საერთო კულტურული რეალობების შექმნაში.
გადარჩენაში დახმარება
ბიოლოგიური თვალსაზრისით, სავარაუდოდ, ცნობიერების განვითარება მიზნად ისახავდა ინდივიდისათვის გარემოდან მომდინარე ინფორმაციის მიღებასა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქმედების საუკეთესო და მაქსიმალურად ეფექტური გეგმის შედგენაში დახმარებას. ჩვეულებისამებრ, ჩვენ ინფორმაციული გადატვირთვის საფრთხის წინაშე ვდგავართ. უილიამ ჯემსი აღწერდა ინფორმაციის დიდ რაოდენობას, რომელიც შეგრძნების რეცეპტორებს ეჯახება, როგორც ყველა მხრიდან მომდინარე „მოზუზუნე, მზარდი ქაოსი“. გვარკვევს რა სტიმულთა მრავალფეროვნებაში, ცნობიერება გარემოსთან ადაპტაციაში გვეხმარება. ამას ის სამი სხვადასხვა გზით ახორციელებს:
პირველი. ცნობიერება ამცირებს შემავალ სტიმულთა ნაკადს შემჩნეული და ყურადღების ცენტრში მოხვედრილი სტიმულების რაოდენობის შეზღუდვით. ცნობიერების ეს შემზღუდავი ფუნქცია გამორიცხავს იმწუთიერი მიზნებისა და ამოცანებისათვის შეუსაბამო ინფორმაციის დიდ ნაწილს. ყველაფერი, რაც ფასდება, როგორც „შეუსაბამო“, გადაიქცევა ფონურ ხმაურად და იგნორირდება, ცნობიერი აღქმა კი „რელევანტურ“ გამღიზიანებლებზე ანუ იმ სიგნალებზე ფოკუსირდება, რომელთაც ვიღებთ და ვპასუხობთ.
მეორე. ცნობიერება ახორციელებს სელექციური (შერჩევითი) შენახვის ფუნქციას. მას შემდეგ, რაც მთელი შემავალი სენსორული მასალა გადამუშავდება პერცეპტულ დონეზე და გარდაიქმნება უფრო მცირე რაოდენობის ცნობად პატერნებად და კატეგორიებად, ცნობიერება საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ და შევინახოთ ის სტიმულები, რომელთა ანალიზი, ინტერპრეტაცია და მათზე რეაგირება გვსურს მომავალში. ცნობიერება მოვლენათა და პიროვნული საჭიროებისთვის შესატყვისი და არაშესატყვისი გამოცდილების კლასიფიცირების საშუალებას გვაძლევს ზოგიერთი მათგანის არჩევითა და ზოგიერთის იგნორირებით.
მესამე. ცნობიერების მესამე ფუნქციაა შეჩერება, ალტერნატივების გააზრება, განხილვა და სხვადასხვა შესაძლო შედეგების წარმოსახვა წარსულ ცოდნაზე დაყრდნობით. ეს დამგეგმარებელი ანუ აღმასრულებელი მაკონტროლირებელი ფუნქცია ძლიერი სურვილების დათრგუნვის შესაძლებლობას გვაძლევს, როდესაც ისინი ეწინააღმდეგებიან მორალურ, ეთიკურ ან პრაქტიკულ მიზნებს. ამ სახის ცნობიერების გარეშე შიმშილის შეგრძნების გაჩენისთანავე, შესაძლოა, პირველივე დანახული საკვები, მაგალითად, ვაშლი მოვიპაროთ. გვაძლევს რა ცნობიერება ფართო დროით პერსპექტივას, რომელშიც უნდა განხორციელდეს პოტენციური ქცევა, ჩვენ შეგვიძლია წარსულისა და მომავლის აბსტრაქტული რეპრეზენტაციების მოხმობა მიმდინარე გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ცნობიერება ცხოვრების ცვალებადი მოთხოვნების საპასუხოდ მოქნილი, ადეკვატური რეაქციების განხორციელების დიდ შესაძლებლობას იძლევა.