დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – თავსატეხი მემკვიდრეებისთვის

როდესაც ყველანი დასხდნენ, ჩერმინმა თხრობა დაიწყო:

– ყველაფერი ჩვენი ბიძის, მეთიუს გამო დაიწყო. ის ძალიან მოხუცი იყო. ჩემი და ედვარდის გარდა, სხვა ნათესავი აღარ ჰყავდა. ამიტომ, ჩვენ გვაღმერთებდა და სულ გვიმეორებდა, როდესაც მოვკვდები, მთელი ფული თქვენ დაგრჩებათო. ქონებას მე და ედვარდი თანაბრად გავიყოფდით. მარტში ის მართლაც გარდაიცვალა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გასაყოფი არც არაფერი იყო.

ედვარდმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და მის მარპლს მიუბრუნდა:

– იცით, საქმე ისაა… ასაკთან ერთად ძია მეთიუ უფრო და უფრო საეჭვოდ იქცეოდა. ბოლოს საერთოდ აღარავის ენდობოდა. სულ იმას გაიძახოდა, ფულის შენახვის საუკეთესო საშუალება, მათი ოქროდ ქცევა და ბაღში ჩამარხვააო.

– როდესაც ის მოკვდა, – განაგრძო ჩერმინმა, – აღმოჩნდა, რომ არაფერი დატოვა. ვიფიქრეთ, იქნებ ფული მართლაც ბაღში ჩამარხაო. მთელი ორი აკრი გადავთხარეთ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. ახლა მთელი მამული დიდ ბოსტანს ჰგავს.

– ჩვენ შევძელით გაგვერკვია, რომ დროგამოშვებით ის თავისი ანგარიშიდან მსხვილ თანხას ხსნიდა, – განმარტა ედვარდმა, – თანხის შემდგომი ბედის შესახებ კი, უცნობია. ბუნებრივია, ჩვენც ვიფიქრეთ, რომ იგი ოქროს ყიდულობდა და მარხავდა.

– სიკვდილის წინ არაფერი უთქვამს, არც არანაირი წერილი არ დაუტოვებია?

– არა. ჩვენც ეს გვაგიჟებს. ბოლო დღეებში უგონოდ იყო. მხოლოდ სიკვდილის წინ მოვიდა აზრზე, ერთი შემოგვხედა, ჩაიხითხითა და ასე ჩაილაპარაკა: „თქვენ, ჩემო მტრედებო, ყველაფერი კარგად გექნებათ“ – სულ ეს იყო…

– არანაირი აზრი თავში არ მომდის, – თქვა მის მარპლმა.

– ჯეინმა კი გვითხრა, თქვენ უცებ გვეტყოდით, სად უნდა ამოგვეთხარა. – ჩაილაპარაკა ჩერმინმა წყენით.

– დამიჯერეთ, სიამოვნებით გავაკეთებდი ამას… მაგრამ, მე ხომ საერთოდ არ ვიცნობდი თქვენს ძია მეთიუს. მე ისიც კი არ ვიცი, როგორ გამოიყურება თქვენი სახლი. სახლი მაინც რომ მენახა, უფრო მარტივი იქნებოდა.

– მარტივი! – ჩაიდუდღუნა ჩერმინმა, – ჩამოდით ჩვენთან ენსტიში და ვნახავთ, როგორი მარტივია.

ჩერმინი მართალი გამოდგა. საქმე არ იყო მარტივად. ყველა კუთხე-კუნჭული მოჩხრიკეს, როგორც გარეთ, ისე სახლში. ყველა კედელზე დააკაკუნეს, მაგრამ – არაფერი!

ყველა ქაღალდი, რომელიც განსვენებულმა მეთიუ სტრაუნდმა დატოვა, მის საძინებელში, საწერ მაგიდაზე, დიდ გროვად ეყარა. ჩერმინმა და ედვარდმა, იმის იმედით, რომ რაღაც მინიშნებას მაინც ნახავდნენ, ყველა მათგანი რამდენჯერმე გადაათვალიერეს. მერე მაგიდას მის მარპლი მიუჯდა. ქაღალდების თვალიერებას რომ მორჩა, ედვარდმა მოუთმენლად ჰკითხა:

– რამე იპოვეთ?

– ისეთი არაფერი. სამაგიეროდ, მგონი, ვხვდები, რა კაცი იყო თქვენი ძია მეთიუ. ზედგამოჭრილი ბიძაჩემი ჰენრია.

ჩერმინმა ხელით ისეთი მოძრაობა გააკეთა, მის მარპლს რომ დაენახა, აუცილებლად ეწყინებოდა. რადგან არაფერი შეუმჩნევია, მოხუცი საკუთარ ბიძაზე საუბარს განაგრძობდა.

– ისიც ეჭვიანობით იტანჯებოდა. ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ მოსამსახურეები ქურდავდნენ. ბოლოს ეჭვი გაუჩნდა, რომ საჭმელში რაღაცეებს უყრიდნენ და მოხარშული კვერცხის გარდა, აღარაფერს ჭამდა. ამბობდა, ჯერ ვერავინ შეძლო მოხარშულ კვერცხში რამე ჩაეყარაო. სხვათა შორის, უჭკუო კაცი სულაც არ ყოფილა. მთელ ფულს სახლში ინახავდა. უზარმაზარი სეიფი გააკეთებინა. ყველას აჩვენებდა. ბუნებრივია, ბოლოს ვიღაც შეძვრა სახლში და სეიფი გატეხა. თუმცა, იქ არაფერი აღმოჩნდა. სინამდვილეში მთელ თავის ფულს ბიძაჩემი ბიბლიოთეკაში, წიგნების უკან ინახავდა.

– მოიცადეთ! – აღელვებით წამოიძახა ედვარდმა, – ბიბლიოთეკა როგორ დაგვავიწყდა?

ჩერმინმა თავი გადააქნია.

– პირადად მე, ყველა წიგნი ვნახე. იქ არაფრია.

ედვარდმა ამოიოხრა, შემდეგ მთელ თავის დელიკატურობას მოუხმო და შეეცადა სტუმარი, რომელმაც იმედები ვერ გაამართლა, თავიდან მოეშორებინა.

– ვშიშობ, ისედაც ბევრი დრო წაგართვით, მის მარპლ. გმადლობთ, რომ ეცადეთ დაგვხმარებოდით. სამწუხაროა, რომ არაფერი გამოვიდა. მოდით, მანქანას მოვიყვან და სადგურამდე გაგაცილებთ.

მის მარპლი გულწრფელად გაოცდა.

– თქვენ რა, ფულის მოძებნა გადაიფიქრეთ?

– როგორ, აპირებთ ძებნა გააგრძელოთ?

– სიმართლე გითხრათ, ჯერ არც დამიწყია, – მორიდებულად აცნობა მის მარპლმა, – ჩვენ მხოლოდ ის უნდა დავადგინოთ, სად დამალა ფული თქვენმა ძია მეთიუმ. ვიცნობდი რა, ბიძაჩემ ჰენრის, დარწმუნებული ვარ, არც ბიძათქვენი მოიკლავდა თავს ბევრი ფიქრით. ალბათ, ფული სადმე საიდუმლო უჯრაში შეინახა.

– ოქროს ზოდებს საიდუმლო უჯრაში ვერ შეინახავ, – შენიშნა ედვარდმა.

– ვერ შეინახავ, – დაეთანხმა მის მარპლი, – მაგრამ რატომ ფიქრობთ, რომ მან ფული მაინცდამაინც ოქროდ აქცია?

– თავად სულ ამაზე ლაპარაკობდა…

– აი, ბიძაჩემი ჰენრიც სულ თავის სეიფზე ლაპარაკობდა… საიდუმლო უჯრაში კი ყველაზე უკეთ ბრილიანტები ინახება.

– ჩვენ უკვე ყველა სავარაუდო სამალავი მოვჩხრიკეთ, – ბრაზიანად წარმოთქვა ჩერმინმა, –

სპეციალური ხელოსანიც კი გამოვიძახეთ.

– მართლა საყვარელო? რა წინდახედულობაა! და შემთხვევით მას არ უთქვამს, რომ აი, ის

„სეკრეტერი“ რაღაც საეჭვოდ გამოიყურება?

ჩერმინმა მხრები აიჩეჩა. „სეკრეტერთან“ მივიდა და კარი გადმოაღო.

– ინებეთ!

შიგნით რამდენიმე თარო იყო ქაღალდისთვის და ამდენივე – დახურული უჯრა. ჩერმენმა გახსნა შუა უჯრა, შეუმჩნეველ ზამბარას ხელი შეახო, უჯრის ძირი წინ გამოვარდა და პატარა სამალავი გამოჩნდა. ის ცარიელი იყო.

– საოცარია! – გამოცოცხლდა მის მარპლი, – არ დაიჯერებთ და ძია ჰენრისაც ზუსტად ასეთი

„სეკრეტერი“ ჰქონდა. თქვენ ალბათ, დამწყები სპეციალისტი შეგხვდათ.

მის მარპლმა თმიდან სარჭი გამოიძრო და საიდუმლო განყოფილების ცენტრში პატარა, ჭიის გამოჭმულის მსგავს, ძლივს შესამჩნევ ნახვრეტში შეარჭო. რაღაცამ ყრუდ გაიჩხაკუნა და პატარა ყუთი გამოჩნდა, რომელშიც ფერგადასული წერილების შეკვრა და დახვეული ქაღალდი იდო. ქაღალდს ედვარდი და ჩერმინი უცებ დააცხრნენ. აკანკალებული ხელებით გახსნეს. იმედგაცრუებისგან ედვარდი კინაღამ აკვნესდა.

– ეს კულინარიული რეცეპტია… ტყუილი სუპის!

ჩერმინმა წერილების შეკვრას ზონარი შემოაცალა, ერთი ამოიღო და დააცქერდა.

– სასიყვარულო წერილია.

წერილში ვიღაც ქალი ჰავაიდან წერდა ძია მეთიუს, რომ ძალიან ენატრებოდა. მოკლედ, ჩვეულებრივი სასიყვარულო წერილი იყო. ვიდრე ჩერმინი და ედვარდი წერილს კითხულობდნენ, შეამჩნიეს, რომ მის მარპლი სიხარულს გაჭირვებით მალავდა. მის მარპლის აღტაცების წყარო სამალვში აღმოჩენილი რეცეპტი გამოდგა. მან რეცეპტი ახალგაზრდებსაც წაუკითხა: „ტყუილი სუპი“. „მოვთუშოთ ხახვი, შევურიოთ დაჭრილი სტაფილო, დაჭრილი კარტოფილი, ბულგარული წიწაკა, პილპილი, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. შეიძლება მაკარონის დამატებაც“.

– აბა, რას იტყვით ამაზე? – იკითხა მის მარპლმა.

– არც კი გავსინჯავდი, – უპასუხა ედვარდმა.

– მე ვფიქრობ ორიგინალურია. რაიმეს ხომ არ გკარნახობთ?

ედვარდს სახე გაუნათდა.

– ნუთუ დაშიფრული ტექსტია?

მან მის მარპლს რეცეპტი გამოსტაცა.

– ჩერმინ მომისმინე, მართლაც და რა საჭიროა კულინარიული რეცეპტის სამალავში შენახვა?

– ვიცი! – წამოიძახა ჩერმინმა, – ქაღალდი უნდა გავაცხელოთ და უჩინარი მელნით დაწერილიც გამოჩნდება!

– ყველაფერს ართულებთ, – ჩაილაპარაკა მის მარპლმა, – რეცეპტი უფრო მინიშნებაა. მთავარი წერილებშია. უფრო სწორად კონვერტებში.

– ჩერმინ, შეხედე! მის მარპლი მართალია. კონვერტები ძველია, წერილები კი ისე გამოიყურება, თითქოს ახლა დაწერესო! – აღელვებულმა წამოიძახა ედვარდმა.

– მართალია, – დაუდასტურა მის მარპლმა.

– ნაძლევს დავდებ, ეს წერილები ძია მეთიუმ თავად დაწერა.

– ასეა, – დაეთანხმა მის მარპლი.

– ეს ყველაფერი თამაშია. არანაირი ქალი არ არსებობდა. ეს ალბათ შიფრია…

– საყვარელო ბავშვებო, რატომ ართულებთ ყველაფერს. თქვენ ფული ხელში გიჭირავთ. რეცეპტი საყვარელო, რეცეპტი ხომ ყველაფერს გეუბნებათ. მოაშორეთ სუპი და დაგრჩებათ, რა? – ტყუილი. ჩვეულებრივი ტყუილი. როგორც უკვე თქვით არანაირი შეყვარებული ქალი არ არსებობდა. წერილები თავად ბიძათქვენმა დაწერა და ეჭვი მაქვს კარგად გაერთო. როგორც შეამჩნიეთ, ისინი გაცილებით გვიანაა დაწერილი, ვიდრე კონვერტებია გამოშვებული. რომ არაფერი ვთქვათ მარკებზე. მაგალითად ის, ზევიდან რომელიცაა, 1851 წელსაა გამოშვებული. ეს თქვენ არაფერს გეუბნებათ?

– აბსოლუტურად არაფერს.

– არც არის გასაკვირი, – დაემოწმა მას მის მარპლი, – მეც არაფერი მეცოდინებოდა, რომ არა ჩემი ნათესავი ლაიონელი. თავგადაკლული ფილატელისტია. მარკებზე ყველაფერი იცის. ერთხელ, მახსოვს, სხვადასხვა იშვიათ ეგზემპლარებზე მიყვებოდა; რამდენად ყიდიან მათ აუქციონებზე და ასე შემდეგ. მაგალითად, რომელიღაც ორცენტიანი მარკა – 1851 წლის გამოშვების, თითქმის 25 ათას დოლარად გაიყიდა. წარმოგიდგენიათ? როგორც ვხვდები, ბიძათქვენი მათ შუამავლების მეშვეობით ყიდულობდა.

ედვარდმა ამოიკვნესა და სკამზე დაეცა.

– რა გჭირს? – შეეშინდა ჩერმინს.

– ღმერთო ჩემო! რომ არა მის მარპლი… წარმოიდგინე, ჩვენ, როგორც ეს მოსიყვარულე ნათესავებს შეეფერებათ, ძია მეთიუს პირად წერილებს ცეცხლს მივცემდით!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button