
აბაიშვილი – ქართული გვარი
ფუძე: წინაპრის სახელი “აბა”, “აბაი”.
ძირი: აბაიშვილი ერთძირიანი გვარია. აბაიშვილთა გვარიდან განშტოებულა თელავის სოფელ შალაურში მცხოვრები სეხნიაშვილების გვარი. რაჭის სოფელ სევადან კახეთის სოფელ შალაურში გადმოხვეწილი სეხნია აბაიშვილი შალაურელმა პაატაშვილებმა იშვილეს, დაასახლეს თავანთ მამულზე და მისი შთამომავალნი დღეს სეხნიაშვილებად იწერებიან. ეს გადმოცემა ეხება მხოლოდ შალაურელ სეხნიაშვილებს, სეხნია აბაიშვილის შთამომავლებს, და არა ქართლისა და კახეთის სხვა სეხნიაშვილებს, რომელთაც სხვადასხვა წარმომავლობა აქვთ.
ბუდე: აბაიშვილთა ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო რაჭის სოფელი სევა ჩანს.
შთამომავლობა: აბაიშვილები საბატონო გლეხები იყვნენ.
ხსენება: XIX საუკუნის დასაწყისში, 1804-1818 წლებში, აბაიშვილთა ერთი შტო ზემო რაჭიდან შიდა ქართლში, ფრონეს ხეობის სოფელ ფცაში გადმოსულა. მათი შთამომავალნი დღესაც ცხოვრობენ ფცაში. რაჭაში დარჩენილი აბაიშვილები XIX საუკუნის 40-იან წლებში, აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, იხსენიებიან სოფელ სევაში – აზნაურ ბაქრაძეთა საბატონო გლეხებად, სოფელ კვაცხუთში – აზნაურ წერეთელთა საბატონო გლეხებად და სოფელ სხიერში – აზნაურ ჯაფარიძეთა საბატონო გლეხებად.
მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის აბაიშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში.
გვარისშვილნი: 1990 წელს თბილისის ფერისცვალების ეკლესიაში განახლდა ღვთისმსახურება. ლოცვებს აღავლენდა მღვდელი ალექსანდრე აბაიშვილი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ტაძრის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დაბრუნებაში.
განსახლება: ამჟამად აბაიშვილები ცხოვრობენ ონში და ონის რაიონის სოფელ სევაში, ამბროლაურში და ამბროლაურის რაიონის სოფელ კვაცხუთში (დაახლოებით 7 კომლი), ქარელის რაიონის სოფელ ფცასა და აგარაში, ბორჯომის რაიონის სოფელ ბაკურიანში, ბაღდათის რაიონის სოფელ მეორე ობჩაში, სამტრედიის რაიონის სოფელ ნაფაღაურში, ხაშურში, დუშეთში, ქუთაისში (დაახლოებით 10 კომლი), ბათუმში, რუსთავსა და თბილისში (დაახლოებით 80 კომლი).
ოდენობა: საქართველოში აბაიშვილთა საერთო რაოდენობა 500 სულს აჭარბებს.