ქართული გვარები

აბაკელია – ქართული გვარი

ფუძე: აბაკელიათა გვარსახელის ფუძეზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. შესაძლებელია ეს იყოს წინაპრის საკუთარი სახელი “აბა”, “აბაგ”, “აბაკ”, “აბაკელა”.

შესაძლოა, წინაპრის საკუთარი სახელი “აბაკელი” “ამბაკოს” ან “აბაკუმის” სახეცვლილი ფორმა იყოს. შესაძლებელია გვარსახელის ფუძეში იდოს ადგილის სახელი “აბაკურა” – ჰაბკვირის ქედის მეორე სახელი სვანეთში. “აბაკელ” ამ შემთხვევაში სადაურობის აღმნიშვნელი სახელი გამოდის. არსებობს აზრი, რომ “აბაკელ” მეგრულ ზმნას “საბაკელს” ანუ დატკეპნილს უკავშირდება.

ძირი: აბაკელია ერთძირიანი გვარი ჩანს. არიან გააფზახებული აბაკელიებიც.

შთამომავლობა: აბაკელიათა უმრავლესობა გლეხები იყვნენ. სენაკის რაიონის სოფელ ხორშის აბაკელიებს აზნაურის წოდება ჰქონდათ.

საკუთვნო: მარტვილის რაიონის სოფელ თარგამეულში ერთ უბანს “ლეაბაკელიე” ჰქვია. ზუგდიდის რაიონის სოფელ დავითიანსა და ხობის რაიონის სოფელ საალანიო-საფაჩულიოში არის უბნები ერთნაირი სახელით – “სააბაკელიო”.

გვარისშვილნი: ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იოსებ აბაკელია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო აბაკელია, მოქანდაკე, გრაფიკოსი და სცენოგრაფი თამარ აბაკელია.

განსახლება: ამჟამად აბაკელიები ცხოვრობენ: ხობში და ხობის რაიონის სოფლებში: ზემო ქვალონში, საალანიო-საფაჩულიოში, ხეთაში, ოხვამეკარში, პირველ ხორგაში, გაღმა ქარიატაში, გაღმა საჯიჯაოში; სენაკში და სენაკის რაიონის სოფლებში: საგუგუნაოში, შუა ხორშში, ახალსოფელში, ისულაში; მარტვილის რაიონის სოფლებში: თარგამეულში და თამაკონში; ზუგდიდში და ზუგდიდის რაიონის სოფლებში: დიხაგუძუბაში, დიდ ნეძში, ინგირში, დავითიანში; აბაშის რაიონის სოფელ მარანში, წალენჯიხის რაიონის სოფლებში: ობუჯში და ფახულანში, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში, გალში და გალის რაიონის სოფლებში: ჭუბურხინჯში, მახუნჯიაში, ლეკუხონაში, ზენში, სამქვაში, მეორე ოტობაიაში; ოჩამჩირეში და ოჩამჩირის რაიონის სოფლებში ახალ კინდღში და ბესლახუბაში; გულრიფშში და გულრიფშის რაიონის სოფლებში: ვარჩაში და ყორასში, ტყვარჩელში, სოხუმში, ფოთში, ბათუმში, ქუთაისში და თბილისში.

ოდენობა: საქართველოში აბაკელიათა საერთო რაოდენობა 700 სულს აჭარბებს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button