ქართული გვარები

აბაშვილი – ქართული გვარი

ფუძე: წინაპრის საკუთარი სახელი “აბა”.

ბუდე: აბაშვილთა წინაპრების ბუდე-პირველსაცხოვრისი ბუდე-დვალეთის ზახას თემის სოფელი აბაითიყაუ ჩანს, სადაც ისინი თითქოს ქურთაულის თემიდან გადასულან.

შთამომავლობა: აბაშვილები ხიზანი და საბატონო გლეხები იყვნენ.

ხსენება: 1660-1676 წლების თავად ბაადურ მაჩაბლის ერთ არზაში ჩანს ვინმე აბაშვილი, რომელსაც თორმეტი ტყვის სანაცვლოდ მაჩაბლის ქალი უთხოვია.

1792 წლის ასა აბაშვილის არზის მიხედვით, აბაშვილი თერგის ხეობაში სოფელ ალმასიანში დასახლებულა ვახტანგ ბატონიშვილის ბრძანებით. სხვებიც მოუყვანია ასა აბაშვილს, რვა კომლად დასახლებულან. ახლა ალმასიანზე გამავალი ქარავნებისგან წილს ითხოვს ასა აბაშვილი: “თივა გვეხარჯება და ცეცხლი და ერთ საპალნეს არავინ გვანებებსო”.

საკუთვნო: შესაძლოა აბაშვილებს უკავშირდებოდეს გორის რაიონის სოფელ ზემო ბოშურში “აბაანთ წყარო” და ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში “აბაანთ ხევი”. ეს ორივე სოფელი თრიალეთის ქედის ჩრდილო ფერდობებზე მდებარეობს, შესაბამისად, ტანას და ძამას ხეობებში.

გვარისშვილი: რუსთა სამსახურში, რუსეთის (საბჭოთა) სამხედრო საზღვაო ფლოტში დაწინაურდა ვიცე-ადმირალი გიორგი აბაშვილი.

განსახლება: ამჟამად აბაშვილები ცხოვრობენ: მცხეთაში და მცხეთის რაიონის სოფლებში: გალავანში, საგურამოში, ნატახტარში, წილკანში, ძალისში; დუშეთის რაიონის სოფელ ძველ ოსებში, გარდაბნის რაიონის სოფელ დიდ ლილოში, აგრეთვე რუსთავსა და თბილისში.

ოდენობა: საქართველოში აბაშვილთა საერთო რაოდენობა 300 სულს აჭარბებს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button