ქართული გვარები

აბალიშვილი – ქართული გვარი

ფუძე: წინაპრის საკუთარი სახელი “აბალა”.

ძირი: ერთძირიანი გვარი.

ბუდე: აბალიშვილთა ბუდე-პირველსაცხოვრისი თიანეთის მხარეშია. ივრის კუდებში, ნასოფლარ ბაჩალში დაიარებიან სალოცავად.

წარმომავლობა: აბალიშვილები გაბიდაურთ თემის ფშავლები არიან. ენათესავებიან ამავე თემის ფშავლებს: ღეჩუაშვილებს, ჭამაურებს, ნიბლოშვილებს, კუკელაშვილებს, გაწირულებს, წვეროშვილებს, საყვარელაშვილებს, ნინიაშვილებს, ბალღიაშვილებს, ბებერაშვილებს, ჭიჭოშვილებს, ახალაურებს, ბეწუკელებს, გოძიშვილებს, ბუჭყურაშვილებს, კუდიანაშვილებს, დოჯურიშვილებს, გამახარეშვილებს, ყაყიდაშვილებს, ხარანაულებს, ფხიკლეშვილებს, ნაკვეთაურებს, მამსიკაშვილებს, ჯიმშიტაშვილებს, აქიმიშვილებს, ბადურიშვილებს, ძებნიაურებს, ხახაშვილებს და სხვებს, ძირად გაბიდაურ მთიულებს: ნადიბაიძეებს, უშარიძეებს, ბედოიძეებს, სვიანაიძეებს, ძირად გაბიდაურ ქსნისხეველებს: თინიკაშვილებს, დოჩიაშვილებს, ხოკრიშვილებს, ბალაშვილებს, ახლოურებს. ყველა ესენი ან ძირად გაბიდაურები არიან, ანაც გაბიდაურებთან ნაფიცნი და თემში ხარ-ქვაბით შემოყრილნი. ერთსისხლობით და ერთი ხატის ყმობით ერთურთში ქალს არ ათხოვებენ.

შთამომავლობა: აბალიშვილნი თავისუფალი მთიელი მეთემენი იყვნენ.

მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის აბალიშვილთა წინაპრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

საკუთვნო: თიანეთის რაიონის სოფელ ლიშოსთან ერთ ველს “გაქციას ნაჯაგი” ჰქვია, ტყეში ერთ ახოს კი “საღირის ახო”, იქვეა “საღირის წყარო”. “საღირნი” აბალიშვილთა კომობაა (განშტოება). გაქციაც აბალიშვილი ყოფილა გვარად.

განსახლება: ამჟამად აბალიშვილები ცხოვრობენ თიანეთში და თიანეთის რაიონის სოფელ ლიშოში.

ოდენობა: საქართველოში აბალიშვილთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 20 სულს შეადგენს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button