
მამიაური – ქართული გვარი
ფუძე: “მამია” – საკუთარი სახელი კაცისა.
მამიაური ეპომინური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის სახელი. გვარის სახელით ამავე ფუძისანი არიან: მამიაშვილები, მამაიაშვილები, მამინაშვილები, მამისაშვილები და სხვები. საუბარი ეხება გვარსახელთა ფუძეების მსგავსებას და არა გვარმოდენილობათა სისხლით ნათესაობას.
ძირი: ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ მამიაური ორძირიანი გვარია.
ბუდე: მამიაურთა ერთი ბუდე-პირველსაცხოვრისი ფშავში ყოფილა, ხოშარის თემში, ხოლო მეორე ბუდე მამიაურთა, სხვა მოდენილობის, ისევ ფშავის არაგვის სათავეებში, უკანაფშავის თემი ყოფილა. აქ მამიაურებს სოფელ ელიაგზაში უცხოვრიათ. როგორც მთხრობელები აღნიშნავენ, ხოშარელი და ელიაგზელი მამიაურები ერთმანეთს არ ენათესავებოდნენ. ამჟამად ფშავში მამიაური აღარავინ დარჩენილა, ბარად წასულან. ნაწილი პირიქითა ხევსურეთში გადასულა – სოფელ ხახაბოში.
წარმომავლობა: ზოგი მთხრობელის თქმით, მამიაურთა გვარი ფშაველ გოგოლაურთა შტო-ნაყარი გვარია. ზოგის თქმით, მამიაურნი გოგოლაურთა თემში შეფიცულნი არიან მხოლოდ, წარმომავლობით კი სხვანი არიან. ეს კი მართალია, რომ ხახაბოელ მამიაურებს ძმობა ჰქონდათ ასევე გოგოლაურთა თემში შეფიცულ ხოსიაურებთან, მინდიკაურებთან და ხახიაურებთან. მამიაურთა ქალის დაიასაგან მომდინარეობს თურმე მიღმახეველი ხევსურების დაიაურების გვარი.
შთამომავლობა: მამიაურები თავისუფალი მთიელი მეთემეები იყვნენ.
ხსენება: 1750 წელს, ივლისში, მეფე ერეკლე “ქართლითა და კახეთით ორსავ საერისთაოთი თუშეთს ამობრძანდა. სულ ფშაველნი და ხევსურნი იქ იყვნენ”. მეფე მსაჯულად დაჯდა. მოისმინა სადავო საქმეები. სხვებს შორის გაირჩა ერთი მხრივ ფშაველ-ხევსურთა და მეორე მხრივ ფშავ-ხევსურეთის და თიანეთის მოურავის, მეფის სახლთუხუცესის, თავად გრიგოლ ჩოლოყაშვილის სასისხლო საქმე. მოდავეთა შორის იხსენიება მამიაური შალვა. საქმე შერიგებით და პირობის წიგნის მიცემით დასრულდა.
1873 წლის აღწერით, უკანაფშავის სოფელ ელიაგზაში მამიაურები სხვებთან შედარებით ყველაზე მეტნი ყოფილან.
მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის მამიაურთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ – მეფის ალმის მპყრობელთა სადროშოში.
განსახლება: ამჟამად მამიაურთა ერთი კომლი შემორჩა ხევსურეთის სოფელ ხახაბოში. ფშავის ელიაგზიდან არიან ჩამოსახლებულნი ახმეტის სოფელ საკობიანოში და საგარეჯოს სოფლებში კოჭბანსა და გომბორში. ფშავის სოფელ ხოშარიდან მამიაურები შირაქის სოფელ ქვემო ქედში ჩასახლებულან (ესენი თავს გაბიდაურთა თემის ფშავლებად მიიჩნევენ). მამიაურები ცხოვრობენ შირაქის სოფელ გამარჯვებაში, მცხეთის რაიონის სოფელ კოტორაანთკარში, თიანეთსა და თბილისში.
ოდენობა: საქართველოში მამიაურთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 120 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი მამიაურთა!